მშობლის კი არ უნდა ეშინოდეს, კრძალვა და რიდი უნდა ჰქონდეს
მართალია, ბავშვის დასჯა უფროსებისთვისაც და პატარებისთვისაც საკმაოდ მტკივნეული და უსიამოვნო პროცესია, მაგრამ არც დაუსჯელობა ეგების
- მხოლოდ დაყვავებით, მოფერებითა და თამაშით ბავშვის კეთილზნეობრივი აღზრდა შეუძლებელია. "ის მამები, რომლებიც შვილთა ზნეობასა და მოკრძალებულობაზე არ ზრუნავენ, შვილისმკვლელები და მათზე უარესნიც არიან, რადგან საქმე სულის დაღუპვასა და სიკვდილს ეხება. როცა ხედავ უფსკრულისაკენ გაჭენებულ ცხენს, აღვირს ამოსდებ, ყალყზე შეაყენებ, ხშირად ურტყამ კიდეც, რაც სასჯელია, მაგრამ სასჯელი ხომ გადარჩენის დედაა. ასევე მოექეცი შვილებს, თუ შესცოდავენ. შეკარი ცოდვილი, სანამ ღვთის წყალობას არ მიიღებს. არ დატოვო გახსნილი, რომ ღვთის რისხვით მეტად არ შეიკრას. თუ შენ არ შეკრავ, მას უდავოდ ჯაჭვები ელის", - შეაგონებს მშობლებს წმინდა იოანე ოქროპირი. აქედან ნათლად ჩანს, რომ სასჯელი სიყვარულის გამოხატულებაცაა, მშობელი ხომ იმიტომ სჯის შვილს, რომ კარგად აღზარდოს, სამაგალითო პიროვნებად ჩამოაყალიბოს, მასში ცუდი თვისებები აღმოფხვრას და სწორი, მართებული მოქცევა ასწავლოს. დასჯას იგივე მიზანი აქვს, რაც სარეველების ამოძირკვასო, ბრძანებენ წმინდა მამები. როგორც ვხედავთ, მართლმადიდებლური სარწმუნოება არ კრძალავს ბავშვის დასჯას, მაგრამ მშობლებმა და უფროსებმა ისიც უნდა იცოდნენ, რა მიზეზით, როგორი საქციელის ჩადენის გამო დასაჯონ ბავშვი, მიმართონ თუ არა ფიზიკურ დასჯას. ამ და ბავშვის დასჯასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა გაბრიელ დარჯანია. - როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, თუკი დასჯას დროულად გამოვიყენებთ, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. მაინც რა შემთხვევაში უნდა დავსაჯოთ ბავშვი?
- დასჯის უმთავრესი მიზანია, ბავშვი მიხვდეს, რომ უმართებულო საქციელი ჩაიდინა, მიხვდეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. თუმცა ზოგჯერ ბავშვები უსამართლოდ და არაკეთილგონივრულად ისჯებიან. ზოგიერთი მშობელი სასტიკადაც კი სჯის ბავშვს, თუკი უნებლიეთ, შემთხვევით გაუფუჭდება რამე. ეს არ არის სწორი. ასეთ დროს უფროსები მიყენებულ ზარალზე გაცილებით მეტად ნაღვლობენ, ვიდრე ბავშვის სულიერ მდგომარეობაზე. ბავშვი არც მაშინ უნდა დავსაჯოთ, თუ დაეხმარება ადამიანს, რომელთანაც მშობლებს კარგი ურთიერთობა არ აქვთ, დაეხმარება ღარიბ მეგობარს ან შეურაცხყოფისათვის თანატოლს სამაგიეროს არ გადაუხდის. გაუმართლებელია პატარას დასჯა, თუკი ისე ვერ სწავლობს, როგორც მისი ნიჭიერი თანატოლები; მაშინაც, თუ მისი ქცევა არ მოგვწონს. ასეთ დროს, უპირველესად, უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს. დასჯა იმ შემთხვევაშიც არაკეთილგონივრულია, როდესაც ბავშვი შეიგრძნობს და გულწრფელად განიცდის დანაშაულს და პატიებას ითხოვს. უნდა ავუხსნათ, რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება მის მიერ ჩადენილ არაკეთილზნეობრივ საქციელს. მაგრამ თუ ბავშვი ხშირად უმიზეზოდ ჭირვეულობს, ჯიუტობს, მიუხედავად გაფრთხილებისა და შეგონებისა, მაინც იყენებს უხამს და უწმაწურ სიტყვებსა და გამოთქმებს, უხეშად და უპატივცემულოდ ექცევა უფროსებს, დაუკითხავად იღებს რაიმეს ან სხვა, აშკარად უმართებულო საქმეებს სჩადის, დასჯა აუცილებელია.
- მაგრამ დასჯის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - სიტყვიერი გაფრთხილება, მკაცრი მზერა, ტკბილეულის, თამაშის ან ისეთი რამის აკრძალვა, რაც ბავშვს განსაკუთრებით უყვარს, ოთახში გამოკეტვა, კუთხეში დაყენება... მშობლები ხშირად ფიზიკურადაც სჯიან შვილებს. რამდენად მისაღებია და როდის უნდა მივმართოთ დასჯის ამ ფორმას აღზრდის პროცესში?
- ცემა დასჯის ყველაზე მკაცრი და სასტიკი სახეა, ამიტომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ - თუკი ბავშვი განსაკუთრებით მძიმე ცოდვას ჩაიდენს; მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, შეგნებულად და ჯიუტად იმეორებს იმავე დანაშაულს... თუმცა შეგახსენებთ - ფიზიკური დასჯა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, მას შემდეგ, რაც ბავშვს გულდასმით ავუხსნით, რაც დააშავა და რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს. ხშირ ფიზიკურ დასჯას სიკეთე არ მოაქვს - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ ბავშვი მიეჩვია, რომ გამუდმებით ამ ხერხით სჯიან, მის უგულებელყოფასაც დაეჩვევა და მაშინ ყველაფერი ამაო და ფუჭი იქნება. ამასთან, ხშირი ცემა პატარას ფსიქიკას აზიანებს, რადგან ბავშვი, რომელსაც ნებისმიერი დანაშაულის გამო ფიზიკურად სჯიან, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სასჯელი მოელის, ეს კი მისი ფსიქიკის მოშლას იწვევს. აღზრდის ასეთი მეთოდი ხშირად ბავშვს სასტიკ, უგულო და ბოროტ ადამიანად აყალიბებს.
დასჯის სხვა სახეები - მკაცრი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა, კუთხეში დაყენება - შედარებით ლმობიერია და შეგვიძლია უფრო თამამად გამოვიყენოთ, თუმცა სისტემატური ხასიათი არც მათ უნდა მიეცეს. ხუთ-ექვს წლამდე პატარები მკაცრი შენიშვნით ან კუთხეში დაყენებით უნდა დავსაჯოთ, მოზრდილებს კი შეიძლება დროებით ავუკრძალოთ ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ. თუ შვილს თავიდანვე სწორად ვზრდით, მისთვის ჩვენი გულგრილი დამოკიდებულებაც დიდი სასჯელის ტოლფასი იქნება, თვითონვე მიხვდება და ეცდება დანაშაულის გამოსწორებას, აღარ ჩაიდენს ისეთ საქციელს, რომელმაც მშობელს გული ატკინა.
- მართალია ფიზიკურ დასჯას უკიდურესად უნდა ვერიდოთ, მაგრამ თუკი მაინც საჭირო გახდება დასჯის ამ ხერხის გამოყენება, რა ასაკამდე შეიძლება მივმართოთ?
- მხოლოდ და მხოლოდ გარდატეხის ასაკამდე. თორმეტი წლიდან ბავშვი ყველაზე მგრძნობიარეა. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც ნელ-ნელა გამოდის ბავშვობის ასაკიდან და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს, უყალიბდება ფსიქიკა. გარდატეხის ასაკში განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები ყველაზე ძლიერ აღიბეჭდება მის გონებასა და არსებაში და მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.
- ეს ხომ იმას არ ნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში უარი ვთქვათ დასჯის სხვა მეთოდების გამოყენებაზეც...
- მაგრამ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს ვერც თავის ნებაზე მივუშვებთ. თუ დააშავებს, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ - რჩევა-დარიგება მივცეთ, შევაგონოთ. ამ პერიოდში, საზოგადოდ, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული საკითხი სულიერი მოძღვრის მითითებისაებრ გადავჭრათ.
- ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ორ წლამდე პატარას არც არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს შეაგნებინებ, ამიტომ მის დასჯას საჭიროდ არ მიიჩნევს.
- ეს მცდარი შეხედულებაა. ბავშვი ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ორი-სამი წლის ასაკამდეა და ყველაზე მეტ მავნებლურ საქციელსაც ამ პერიოდში სჩადის - ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ამტვრევს, თანაც მშვენივრად ესმის, რომ ცუდად იქცევა. ამიტომაც არის, რომ ჩუმად, დაფარულად ცდილობს ასეთი საქმეების კეთებას - შეგნებული აქვს, რომ სასჯელი არ ასცდება. ასე რომ, მისი დასჯა არათუ უშედეგო არ არის, აუცილებელიც კია - შენიშვნა მივცეთ, კუთხეში დავაყენოთ, ტკბილეული ავუკრძალოთ. თუმცა სისტემატური ხასიათი არც ამ მეთოდებით დასჯას უნდა მივცეთ. რაც შეეხება ფიზიკურ დასჯას, გავიმეორებ, რომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ, მაგრამ თუკი ბავშვის ცემა მაინც მოგვიხდება, არამც და არამც არ შევეხოთ მის თავსა და სახეს - ამას სასტიკად კრძალავს ყველა წმინდა მამა.
- ზოგიერთი მშობელი ცხელ გულზე ხშირად ემუქრება შვილს, შემდეგ კი მუქარას აღარ ასრულებს.
- უმჯობესია, მუქარისაგან თავი შევიკაოთ, რადგან მშობელი ხშირად მართლაც ვერ ახერხებს გაბრაზებულ გულზე დანაპირების შესრულებას. ბავშვი მუქარას უკვე არასერიოზულად უყურებს, მეტიც - ყურადღებასაც კი აღარ აქცევს. შესაძლოა, დავემუქროთ, რომ არ შევუსრულებთ თხოვნას და არ ვუყიდით ამა თუ იმ ნივთს, მაგრამ თუკი შემდგომში პატარა კეთილგონივრულად მოიქცევა, თანაც დაჟინებით არ მოითხოვს სურვილის შესრულებას, შეიძლება ვაპატიოთ კიდეც და სურვილი შევუსრულოთ, თუმცა აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს თავისი კეთილგონივრული საქციელის სანაცვლოდ დაიმსახურა.
- შეიძლება თუ არა სიტყვიერი დასჯისას უფლის სახელის გამოყენება? უფროსები ხშირად უმეორებენ ხოლმე პატარას: "ღმერთი დაგსჯის", "უფალი განგირისხდებაო"...
- ასეთი რამ არამც და არამც არ უნდა ვთქვათ. შესაძლოა გავაფრთხილოთ, შენი საქციელი ღმერთს, მფარველ ანგელოზს არ მოეწონებაო და თან ავუხსნათ, რატომ. თუკი უფლის სახელით დავაშინებთ, ეს უფლის მიმართ ბავშვის გულისწყრომასა და გაღიზიანებას გამოიწვევს.
- უნდა ვერიდოთ თუ არა საღამო ხანს, ძილის წინ ბავშვის დასჯას?
- თუკი ბავშვის ცუდი საქციელი ზღვარს გადავა, შენიშვნა მივცეთ და დავარიგოთ, დასჯის უფრო მკაცრ მეთოდებს კი არ მივმართოთ. საღამო ხანს, მით უფრო - ძილის წინ, მიღებული შთაბეჭდილებები და განცდილი ემოციები განსაკუთრებით მძაფრად ებეჭდება ბავშვს გონებაში და ძილის დროს ხშირად სიზმრის სახით ნახულობს. თუკი ძილის წინ მკაცრად დავტუქსავთ ან სხვა მკაცრი მეთოდით დავსჯით, წყენა და გაღიზიანება ძილის დროსაც გაჰყვება და მისთვის თავის გართმევა გაუჭირდება. ადვილი შესაძლებელია, მშფოთვარე, კოშმარული სიზმარიც კი ნახოს. თუკი ეს არაერთხელ განმეორდა, პატარას ფსიქიკა დაუზიანდება. ზოგიერთი მშობელი იმის გამოც კი სჯის ბავშვს, რომ დაძინება უჭირს. ასეთი რამ გაუმართლებელია. უფროსს ნებისყოფა არ ჰყოფნის და ეზარება, ბავშვს პატარა ზღაპარი მაინც წაუკითხოს. ერთი სული აქვს, როდის დააძინებს, რომ თავის საქმეებს მიხედოს. არადა, ძილის წინ წარმოთქმული ლოცვა და წაკითხული კეთილი ზღაპრები ბავშვს მშვიდ და უშფოთველ ძილს მიმადლებს.
- ბრძანეთ, რომ როდესაც ბავშვი აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, ნანობს მას და პირობას დებს, აღარ დავაშავებო, დასჯა საჭირო აღარ არის. როგორ მოვიქცეთ იმ შეთხვევაში, თუკი, პირობის მიუხედავად, იმავე საქციელს კვლავ გაიმეორებს?
- აუცილებლად უნდა დავსაჯოთ. შესაძლოა, ზოგს მიაჩნდეს, რომ ბავშვი არც იმ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ დაუსჯელი, როცა გრძნობს და განიცდის თავის დანაშაულს. მაგრამ დასჯის უმთავრესი მიზანი ხომ ისაა, რომ დამნაშავემ დანაშაული შეიგნოს და სინანულის გრძნობა გაუჩნდეს. თუკი ეს სასჯელის გარეშეც მოხდა, დასჯა რაღა საჭიროა? ამ დროს დარიგებაც საკმარისია.
- მისაღებია თუ არა ბავშვის სხვების თანდასწრებით დასჯა?
- შეიძლება შენიშვნა მივცეთ და მივუთითოთ, რომ არასწორად იქცევა. თუ მის ცუდ საქციელს, იმის გამო, რომ ამას სხვების თანდასწრებით სჩადის, უყურადღებოდ დავტოვებთ, ბავშვს ამპარტავნებას გავუღვიძებთ და დაუსჯელობის სინდრომიც ჩამოუყალიბდება - იფიქრებს, მოწმეების წინაშე მაინც არ დამსჯიანო და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
ხშირად სხვების თანდასწრებით ბავშვს შენიშვნას თვალების დაბრიალებით აძლევენ. თუ ბავშვი თვალების ბრიალით ჩერდება, აშკარაა, რომ წნეხის ქვეშაა და მშობლის ეშინია. მას მშობლის კი არ უნდა ეშინოდეს, კრძალვა და რიდი უნდა ჰქონდეს. ეს კი თვითონ მშობელმა უნდა დაიმსახუროს. როცა ბავშვს უფროსის რიდი აქვს, მისთვის ლმობიერი შენიშვნაც - შვილო, ასე არ ვარგა, ეს რატომ გააკეთეო - საკმარისია, რომ დანაშაული იგრძნოს, თანაც ასეთი შენიშვნები გაცილებით ქმედითია, ვიდრე ბავშვის თვალების ბრიალითა და ცემით დასჯა.
- ხშირად ბავშვები ტირილითა და ჭირვეულობით ცდილობენ თავიანთი ნების გატანას. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
- ხშირად ტირილისა და ჭირვეულობის მიზეზი უბრალო კაპრიზი ან სიჯიუტეა. ასეთ დროს არ უნდა დავუთმოთ - თუკი ბავშვი დაინახავს, რომ ამ გზით მისი ნება-სურვილი სრულდება, ჭირვეულობა ჩვევად ექცევა და მოზრდილობისასაც ჯიუტი და თავნება იქნება. თუ სიმკაცრეს არ გამოვიჩენთ, ნურც მოვეფერებით და ნურც სურვილს ავუსრულებთ. უმჯობესია, იტიროს. როცა მიხვდება, რომ ამ ხერხით ვერას გახდება, თვითონვე გაჩერდება.
- წმინდა მამები გვირჩევენ, გაბრაზებულ გულზე ბავშვის დასჯას ვერიდოთ. არადა, მშობლების უმეტესობა სწორედ ასეთ დროს სჯის შვილს.
- ბოროტი და არაწმინდა სული ყველანაირად ცდილობს, განარიდოს ადამიანი ღვთისკენ სავალ სათნოებებს - სიმშვიდეს, თავმდაბლობას... როცა ბავშვი რაიმეს აშავებს, ბოროტი ცდილობს, მშობელს სიმშვიდე დაუკარგოს და ხშირად ახერხებს კიდეც ამას. გაბრაზება, როგორც წესი, მრისხანებასა და სისასტიკეში გადაიზრდება ხოლმე. ამ დროს დასჯა მშობლების ვნების გამოვლინებად იქცევა. ამავდროულად, უმიზნო, უსამართლო და უსაფუძვლოცაა, რადგან ბავშვს კეთილისა და ბოროტის გარჩევას კი არ ასწავლის (რაც კეთილგონივრული დასჯის მიზანია), მის გულისტკივილს, ზოგჯერ კი გაბოროტებასაც იწვევს. მრისხანებაში მყოფი ადამიანი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერასოდეს შეძლებს. უფალი ხომ ბრძანებს: "გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმრთის სიმართლესო".
- ასეც ხდება ხოლმე - ვინმეზე გაბრაზებული ან ამა თუ იმ ცხოვრებისეული პრობლემით გაღიზიანებული მშობელი შვილზე იყრის ჯავრს. ამ შემთხვევაში ბავშვი ხომ უმიზეზოდ ისჯება?
- ასეთი რამ წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია. თუკი უფროსს პრობლემა აქვს, ბავშვმა რა დააშავა, მისი ბრალი ხომ არ არის? ეს ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს. ვინც ასე იქცევა, უდიდეს დანაშაულს სჩადის, უპირველესად კი კაცთმოყვარეობის მცნებას არღვევს.
- როგორ მოვიქცეთ დასჯის შემდეგ?
- თუ შევატყობთ, რომ პატარამ სასჯელი მიიღო - დანაშაული გააცნობიერა და უკეთ მოქცევას ცდილობს, სითბო უნდა დავანახოთ, შეიძლება შევაქოთ კიდეც და საჩუქარიც გავუკეთოთ, რათა დასჯას შედეგად ბავშვის მშობლისგან გარიყვა არ მოჰყვეს და პატარამ არ იფიქროს, რომ სამუდამოდ დასჯილი დარჩა. მაგრამ თუკი არ მიიღებს სასჯელს, დასჯის შემდეგ ჭირვეულობს, გვემალება ან სხვა სახის ახალ დანაშაულს სჩადის, არ დაუშვათ, რომ თავისი ნება გაიტანოს, თუმცა არამც და არამც არ გავაკეთოთ ეს ყვირილითა და ჩხუბით. ასეთ შემთხვევაში ბავშვის დასანახად შეიძლება გულგრილობაც გამოვიჩინოთ, მაგრამ მის მიმართ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ისე კი, სასურველია, მსგავს სიტუაციებში რჩევა სულიერ მოძღვარს ვთხოვოთ.
- ზოგი მეტისმეტად ლმობიერად ექცევა შვილს, შენიშვნასაც კი არ აძლევს. ზოგი ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს - სასტიკად სჯის მცირე დანაშაულის გამოც კი. რას გვასწავლის ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ზომაგადასული ლმობიერებაც და სიმკაცრეც მხოლოდ ზიანის მომტანია. მშობლები ორივე შემთხვევაში სცოდავენ: "უგუნური სიმკაცრეცა და სირბილეც დასაგმობია. პირველ შემთხვევაში ახალგაზრდები მიშვებულნი, თავნებანი და ბუნებით ყოველგვარი ცუდისაკენ მიდრეკილნი ხდებიან და დაღუპვისთვის არიან განწირულნი. მეორე უკიდურესობას მწუხარება, გაღიზიანება და ნაღველი მოაქვს. ყველგან სამეუფო - შუალედურ გზაზე სვლაა საქები. ამიტომაც ღვთისმოსავ მშობლებს შუალედური გზის არჩევა ეგებით", - გვმოძღვრავს ერთ-ერთი წმინდა მამა.