ოჯახში მართლაც ბევრი საზრუნავია
როდესაც ვინმეს წყვილის დაქორწინებას ვატყობინებთ, ვამბობთ - ოჯახი შექმნესო.
ე.ი. ოჯახად იწოდება ცოლი და ქმარი, რომლებიც შემდეგ "შვილთა სხმით" მრავლდებიან. ცოლ-ქმრის გვერდით, ერთ ჭერქვეშ მათი მშობლები, ზოგჯერ და-ძმანიც ცხოვრობენ. ყველანი ერთ ოჯახად იწოდებიან და არიან კიდეც. ადამიანი ოჯახში პოვებს სითბოს, სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას: "კაცი, გარკვეული თვალსაზრისით, კმაყოფილი შეიძლება მარტოც იყოს, მაგრამ ოჯახის წევრებთან ერთად სიხარული გაცილებით ძლიერია... ვისაც ოჯახური ბედნიერება არ განუცდია, შეიძლება ითქვას, მას ბედნიერება საერთოდ არ განუცდია", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ოჯახური სიმშვიდისა და ბედნიერების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ქრისტიანული წესით, ჯვარდაწერილ მეუღლეთა მიერ შექმნას და ოჯახური ცხოვრების მართებულად, სწორად წარმართვას, რაც ისევ და ისევ ქრისტიანულ მცნებებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა ბესარიონ მშვილდაძე: - რა არის ქრისტიანული ქორწინების უმთავრესი მიზანი და რამდენად აუცილებელია დაქორწინება, ოჯახის შექმნა ყველა ადამიანისათვის?
- ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებიდან ქრისტიანებს მიცემული აქვთ ორი გზა: ქორწინება და ქალწულობა, რაც ბერ-მონაზვნობას, უქორწინებლობის აღთქმას გულისხმობს. თუმცა ქალწულობის გზა, ანუ ოჯახის შექმნის, დაქორწინების საკუთარი ნება-სურვილით უარყოფა იმისათვის, რომ ადამიანმა ღმერთს მიუძღვნას თავი და ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მსახურებაში გაატაროს, უფლისგან ბოძებული განსაკუთრებული მადლისმიერი ნიჭია. ის მხოლოდ ეკლესიის რჩეულ წევრებს ეძლევათ. ღვთისაგან ორივე გზა კურთხეულია, მაგრამ, ცხადია, ადამიანმა ის უნდა აირჩიოს, რომელიც მის პირად, სულიერ მდგომარეობას შეესაბამება. მეუფე ანტონი თავის ეპარქიის სამწყსოს ხშირად მოძღვრავს - ვისაც ბერ-მონაზვნობა არ სურს, აუცილებლად უნდა დაქორწინდესო. შესაძლოა ოჯახის შექმნა ზოგიერთ ადამიანს მძიმე ჯვრად ეჩვენება, მაგრამ ეს ტვირთი ყველამ უნდა ზიდოს, რადგან ქორწინება ღვთის მიერ დადგენილი კანონია კაცთა მოდგმის გასამრავლებლად - შვილების გასაჩენად და მათ ქრისტიანულად აღსაზრდელად. ქორწინების საიდუმლოს აღსრულების დროს იკურთხება მომავალ მეუღლეთა ოჯახური ცხოვრება და გამოითხოვება მადლი მათი წმინდა ერთსულოვნებისთვის, შვილთა კურთხეული შობისა და ქრისტიანული აღზრდისთვის. ამის გარდა, ქორწინება დადგენილია მრუშობის ცოდვის თავიდან ასაცილებლად. პავლე მოციქული ბრძანებს: "ხოლო სიძვისათვის კაცად-კაცსა თავისი ცოლი ესვინ და თითოეულსა თავისი ქმარი ესვინ" (I კორინ. 7,8).
- გამოდის, რომ ოჯახის შექმნაზე, დაქორწინებაზე უარის თქმით ადამიანი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება კიდეც ღვთის ნებას, მაგრამ ოჯახური საზრუნავი ხომ ძალზე რთულია და ზოგიერთი სწორედ მას არიდებს თავს...
- ოჯახური საზრუნავი მართლაც ძალზე რთულია, რადგან ადამიანმა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზეც - მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობაზე და სხვა პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იზრუნოს, მაგრამ ქორწინებისადმი ასეთი დამოკიდებულება მცდარი და ეკლესიისთვის მიუღებელია. ოჯახის შექმნაზე შეგნებულად უარის თქმით ადამიანი უარყოფს ღვთის მიერ დადგენილ ქორწინების კანონს. ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე ვერ აღასრულებენ იმ მიზანს, რისთვისაც ისინი შექმნა ღმერთმა - გამრავლებისა და ქვეყნის აღვსებისთვის. ამასთანავე, ღვთისაგან ნაკურთხი და დაკანონებული მეუღლეობა არის ადამიანის მთელი ცხოვრების საფუძველი, გარანტი მისი ამქვეყნიური სიმშვიდის, ბედნიერებისა და მარადიული, ზეციური ნეტარებისაც.
ოჯახში მართლაც ბევრი საზრუნავია, მაგრამ პრობლემები გადაულახავი და დაუძლეველი არ არის. განა დაუქორწინებლებს საზრუნავი და პრობლემები არა აქვთ? ისინი მარტოდმარტო უნდა გაუმკლავდნენ საზრუნავსაც და მწუხარებასაც. მარტო არიან სიხარულშიც. ოჯახთან ერთად დარდსაც ადვილად უმკლავდება ადამიანი და სიხარულსაც უფრო მეტად შეიგრძნობს. თანაც დაუოჯახებელის ხვედრი ხანდაზმულობისას მარტოობაა. ოჯახური ცხოვრება და საზრუნავი კი ადამიანს განამტკიცებს, ძალას მატებს და აცილებს უსაქმურობას, სიზარმაცეს. ამასთანავე, ოჯახზე ზრუნვას მოაქვს ბედნიერება, რადგან საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას გვანიჭებს.
- რას უნდა მიაქციონ უპირველესად ყურადღება ოჯახის შექმნამდე მომავალმა მეუღლეებმა, რათა მათი ქორწინება მართალი იყოს ღვთის წინაშე და ოჯახური სიმტკიცე შეინარჩუნონ? ზოგჯერ ხომ ოჯახს ანგარებით ან მხოლოდ ხორციელ სიყვარულზე დაყრდნობით ქმნიან.
- ოჯახის შექმნამდე, პირველ ყოვლისა, მომავალმა მეუღლეებმა კარგად უნდა გამოიძიონ, ხომ არ არის მათ შორის ხორციელი ან სულიერი ნათესაური კავშირი. გასათვალისწინებელია სულიერი მდგომარეობაც - სასურველია საცოლეც და საქმროც ეკლესიის წიაღიდან იყვნენ, რადგან მაშინ ოჯახი გაცილებით მტკიცეა და მართლაც იქცევა მცირე ეკლესიად. წყვილმა კარგად გაიცნოს ერთმანეთი, შეისწავლონ ერთმანეთის თვისებები და ხასიათი, რათა დარწმუნდნენ, შეძლებენ თუ არა ერთად ცხოვრებას და ცხონებას. კარგი იქნება, თუკი გვეცოდინება, როგორი ოჯახიდანაა მომავალი მეუღლე. თუკი ოჯახს ღვთისმგმობ ან არაღვთივსათნო საქმეებით მცხოვრებ ადამიანთან შევქმნით, ცხადია, საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. ასევე არ უნდა შევქმნათ ოჯახი ანგარებითა და მხოლოდ ხორციელ სიყვარულსა და ფიზიკურ სილამაზეზე დაყრდნობით, რადგან ეს ყველაფერი წარმავალია. იოანე ოქროპირს დავესესხები: "ვინც მდიდარი ცოლი შეირთო, მან ქალბატონი უფრო შეიძინა, ვიდრე ცოლი. უმჯობესია ოჯახის შექმნა ისეთ ქალთან, რომელიც შენი თანასწორია ანდა უფრო ღარიბი. მისი სახით შევიძენთ დამხმარესა და შემწეს, რადგან სიღარიბე ქალს იმისთვის განაწყობს, რომ გაუფრთხილდეს ქმარს, დაუჯეროს მას და დაემორჩილოს, და მოსპოს ყოველგვარი საბაბი უთანხმოებისა, სიამაყისა და შეურაცხყოფისა, და საპირისპიროდ, ერთსულოვნების, მშვიდობის, სიყვარულისა და თანხმობის კავშირად აქციოს ქორწინება". რაც შეეხება მხოლოდ ხორციელ სიყვარულზე დაყრდნობით ქორწინებას, წმინდა ოპტელი ბერი იეროსქემმონაზონი მაკარი წერს: "მრავალთა გამოცდილებიდან აშკარაა, რომ ვინც ვნების გამო ქორწინდება, ბედნიერებას ძნელად და იშვიათად თუ პოვებს, რადგან ვნებანი დაცხრებიან და სიყვარულიც დაიკარგება". სიყვარულის გარეშე კი ოჯახური ცხოვრება, ოჯახური ბედნიერების მოპოვება შეუძლებელია. სულიერი სილამაზე და სიწმინდე კი ნამდვილად იქცევა ოჯახის სიმტკიცის, სიხარულისა და ბედნიერების გარანტად.
ბუნებრივია, ოჯახის, მით უფრო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა, რჩევა-მითითება და კურთხევა უნდა სთხოვონ სულიერ მოძღვარს. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების კურთხევასაც: "მოიხსენე, ღმერთო, გამზრდელნი ამათნი და მშობელნი, რამეთუ ლოცვითა მშობელთათა დამტკიცნების საფუძველი სახლთა", - წარმოითქმის ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას ერთ-ერთ ლოცვაში. აქედან ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს მშობლების კურთხევას.
- როგორი უნდა იყოს ოჯახი იერარქიული თვალსაზრისით - ვინ უნდა უხელმძღვანელოს ოჯახს და როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ოჯახის წევრებს შორის? რა ვალდებულებები აკისრიათ მათ ერთმანეთის მიმართ?
- რადგან ოჯახი, ქრისტიანული მოძღვრებით, იწოდება მცირე ეკლესიად, მასშიც, ისევე როგორც ეკლესიაში, უნდა დავიცვათ ურთიერთობათა იერარქია. თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, ამიტომ მცირე ეკლესიად წოდებული ოჯახის თავი, ხელმძღვანელი უნდა იყოს უფლის მორჩილი, ღვთივსათნო ცხოვრების მიმდევარი მამა. მისდამი მორჩილება ოჯახის წევრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ევალებათ, თუკი იგი მათგან უფლის ნების საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც არ ეგების დაპირისპირება, არამედ ღვთისმსახურის რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ. სხვა შემთხვევაში საჭიროა ოჯახის თავისადმი მორჩილება, თუნდაც ის დროებით ან საერთოდაც უმუშევარი იყოს და ვერ ახერხებდეს ოჯახის რჩენას, რადგან, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა გვმოძღვრავს: "ქორწინება არ არის ეკონომიკური ცნება, არამედ სულიერი". მორჩილება კი გულისხმობს ურთიერთშეთანხმებით, სიყვარულით მორჩილებას და არა მორჩილებას მონური შიშით.
ოჯახური ბედნიერების, სიმშვიდის, სიხარულისა და სიმტკიცის მოსაპოვებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა ცოლსა და ქმარს შორის, აღასრულებენ თუ არა ერთურთის მიმართ დადგენილ ვალდებულებებს. ქრისტიან მეუღლეებს მოეთხოვებათ ერთმანეთის სიყვარული - არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერიც, რადგან თუ სიყვარული არ არსებობს, შეუძლებელია ოჯახური სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვება, ზოგჯერ ოჯახის შენარჩუნებაც კი. "ქრისტიანი მეუღლესთან შეერთებული უნდა იყოს ქრისტეში", - ამბობს წმინდა დედოფალი ალექსანდრა. წმინდა პავლე მოციქულის შეგონებით, ცოლ-ქმრის ურთიერთობა და სიყვარული ეკლესიის მიმართ ქრისტესმიერ სიყვარულს უნდა ჰგავდეს. ცოლი მოვალეა იცხოვროს ქმრის საამებლად, მოწიწებით ექცეოდეს მას, მასთან ერთად ინაწილებდეს ოჯახის საზრუნავს - ცხოვრების ტვირთს, უბიწოდ დაიცვას საქორწინო სარეცელი. ქმარი ვალდებულია იზრუნოს ცოლზე, უყვარდეს ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და "თავი მისცა მისთვის". არ მოეპყროს მკაცრად, თუ რაიმე ნაკლი აქვს, სიყვარულით მიუთითოს. მანაც უბიწოდ შეინახოს საქორწინო სარეცელი. ცოლიც და ქმარიც აუცილებლად უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს, ნებისმიერი საკითხი ურთიერთშეთანხმებით, საბოლოოდ კი სულიერი მოძღვრის რჩევის გათვალისწინებით გადაჭრან. ამასთანავე, წმინდა იოანე ოქროპირი ცოლ-ქმარს ურჩევს, სინაზე, ყურადღება, პატივისცემა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, არ აჰყვნენ ჭორებს, წვრილმანებს, რათა ასეთი უგუნურებით საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ ბედნიერებას და სიცოცხლე არ მოუშხამონ ერთმანეთს.
შვილების მიმართ მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრიათ. შვილები ხომ სწორედ მშობლებმა უნდა ასაზრდოონ და აღზარდონ, აქციონ ჭეშმარიტ ქრისტიან პიროვნებებად - პირადი მაგალითით და მოძღვრის რჩევის გათვალისწინებით. აღზრდის საშუალებად შეიძლება გამოიყენონ სწავლება, რჩევა-მითითება, შეგონება, თუ საჭირო გახდა, დასჯაც, მაგრამ ფიზიკური დასჯა - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. შვილები უფრო შეგონებით, საყვედურით, დატუქსვით უნდა დასაჯონ. მშობლები ასევე გულწრფელად უნდა ლოცულობდნენ უფლის წინაშე შვილების კეთილდღეობისთვის, უნდა ლოცავდნენ და აკურთხებდნენ მათ ყოველ კეთილ საქმეს და წამოწყებას. მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს.
მშობლების და ოჯახში მცხოვრები უფროსების მიმართ თავიანთი მოვალეობები აქვთ შვილებსაც. ისინი მორჩილად, მაგრამ არა მონური მორჩილებით, უნდა დაჰყვნენ უფროსების ნებას, პატივი სცენ მათ და იზრუნონ მათზე ხანდაზმულობის ჟამს. ეს ღვთისაგან დადგენილი პასუხისმგებლობაა, თუმცა დღეს შვილებიც, ცოლ-ქმარიც და ოჯახის სხვა წევრებიც ნებით თუ უნებლიეთ ხშირად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რის გამოც ისჯებიან კიდეც სხვადასხვა განსაცდელის მოვლინებით.
- რაოდენ ღვთივსათნოდ და ქრისტიანული წესების დაცვითაც არ უნდა ცხოვრობდნენ ოჯახის წევრები, მათი ყოველი დღე მაინც არ იქნება წარმატებული, ვერ ასცდებიან პრობლემებს და განსაცდელებს.
- მაგრამ თუკი ოჯახის წევრები ჭეშმარიტად ღვთის რწმენითა და იმედით ცხოვრობენ, ჰყავთ სულიერი მოძღვარი და მისი მეშვეობით იცნობენ ღვთის ნებას, მათ არც პრობლემებისა და განსაცდელების წინაშე წარეკვეთებათ სასო, რადგან იციან, რომ ეს უფლისგანაა და უფალივე შეეწევათ და დაეხმარებათ მის დაძლევაში. იმ ოჯახებში კი, სადაც მიწიერ საზრუნავებზე მიჯაჭვული ადამიანები ცხოვრობენ, მართლაც უჭირთ პრობლემების გაძლება, მიწიერზე გადაჭარბებული ფიქრი კი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, "აწუხებს ჩვენს სულს, სპობს მის სასიცოცხლო ენერგიას და ხელს უშლის, ამაღლდეს ღვთის სასოებამდე". თუკი ღვთის რწმენა და იმედი არა გვაქვს, გულწრფელად არ ვლოცულობთ, განსაცდელთა დაძლევაც გაგვიჭირდება.
- როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის მორწმუნე წევრი, განსაკუთრებით ქალი, თუკი მის გვერდით არაეკლესიური ადამიანები ცხოვრობენ და უშლიან ტაძარში სიარულს თუ სხვა ეკლესიური წესების აღსრულებას?
- ასეთ შემთხვევაში სასურველია, ქალმა საკითხი მოაგვაროს მოძღვრის რჩევითა და კურთხევით. ხშირად ოჯახის ერთ მორწმუნე წევრს მთელი ოჯახი მიუყვანია ეკლესიის წიაღში, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მორწმუნე ადამიანს მართებს მოთმინება, მორჩილება და ლოცვა უფლის წინაშე.