წმინდა მამათა მოძღვრებით, საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც კი შეიძლება მშობლებისგან მივიღოთ, ქრისტიანული აღზრდაა.
უფალმა სწორედ მშობლები განაწესა ბავშვის სულის მეთვალყურეებად, ამიტომ ვალდებულნი არიან, შვილს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ სულიერი საზრდოც მისცენ. დაუდევრობა ცოდვად შეერაცხებათ.
ბავშვი სწორად, ღვთისსათნოდ რომ აღვზარდოთ, უნდა ვიცოდეთ, როდიდან დავიწყოთ მის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა, როდიდან მივაჩვიოთ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობას, რა მეთოდები და საშუალებები გამოვიყენოთ აღზრდის დროს, რა სახის ლიტერატურა ვუკითხოთ. ამ და ბავშვის ქრისტიანულ აღზრდასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, ქვემო დიმის მთავარანგელოზთა ტაძრის მოძღვარი მამა გაბრიელ დარჯანია.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ქრისტიანულ აღზრდას?
- "ბავშვის სული ფაქიზია. როგორც ცვილზე ბეჭედი, ისევე აღიბეჭდება მასზე ნანახი და გაგონილი. დროთა განმავლობაში ის ან ბოროტებისკენ მიიდრიკება, ან სათნოებისკენ, ამიტომ თუ სული ცხოვრების კარიბჭესთანვე განვარიდეთ ბოროტებას და უკეთესი გზისკენ მივმართეთ, მომავალში ეს ჩვევად გარდაისახება, მის ბუნებად იქცევა და ისიც აღარ მიიდრიკება უარესისკენ, რადგან ჩვევა მას კეთილი საქმეებისკენ წარმართავს", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. "უკეთესი გზისკენ" მიმართული, ანუ ქრისტიანულად, უფლის რწმენითა და მისდამი კრძალულებით აღზრდა ადამიანს ქრისტიანულ სათნოებებში განამტკიცებს და ისიც ცხოვრებას კეთილმსახურებით, ღვთის მცნებათა დაცვა-აღსრულებით განლევს, სანაცვლოდ კი ღვთისგან მადლი და შეწევნა არ მოაკლდება, მისი ყოველი საქმე უზენაესი მეუფისგან იქნება კურთხეული. ამიტომაც შეაგონებდა წმინდა დავითი სიკვდილის წინ თავის ვაჟიშვილს: "თუ მოინდომებ, შვილო, იცხოვრო ღვთაებრივი კანონის თანახმად, მოულოდნელი არაფერი მოგივა, ყველა საქმე შენი სურვილისამებრ მოეწყობა და ყოველმხრივ დაცული იქნები; ხოლო თუ ამ შემწეობას განეშორები, არავითარი სარგებლობა არ გექნება მეფობისგან და ამ უდიდესი ძალაუფლებისგან, რადგან თუ ღვთისმსახურება არ გაგაჩნია, ის საგანძურიც, რაც გაქვს, სამარცხვინოდ გამოგეცლება ხელიდან, ხოლო თუ გაქვს, მაშინ ისიც მოგემატება, რაც არ გქონია". ამიტომ მშობლებმა ის კი არ უნდა დაისახონ ცხოვრების მიზნად, შვილებს მიწიერი სიმდიდრე და პატივი მოუპოვონ, არამედ ეცადონ, ბავშვობიდანვე გაამდიდრონ ისინი ღვთისმოსაობით, სიბრძნითა და ქრისტიანულ სათნოებათა მოხვეჭით.
- წმინდა იოანე ოქროპირის შეგონებიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე ზრუნვა ჩვილობიდანვე უნდა დავიწყოთ, თუმცა ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ ორ-სამ წლამდე ბავშვს არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს შევაგონებთ...
- ეს შეცდომაა. ბავშვის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა არამცთუ დაბადების, ჩასახვის დღიდანვე უნდა დავიწყოთ. როგორც დედა მაგდალინა შეგვაგონებს, თუ მშობლებს სურთ, იშვას სულიერი არსება, ისინი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდნენ, ხშირად ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ და იღებდნენ სხვა საეკლესიო სიწმინდეებს, მეტადრე - დედა, რათა მასთან ერთად ნაყოფიც განიწმინდოს. როგორც დედის მიერ მიღებული ხორციელი საზრდოთი საზრდოობს მუცლადმყოფი ნაყოფი ხორციელად, ასევე ასაზრდოებს მას სულიერად დედის მიერ მიღებული სულიერი საზრდო.
მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება, უნდა ვეცადოთ, ხშირად ვატაროთ ეკლესიაში და ეკლესიურ ყოფა-ცხოვრებას მივაჩვიოთ, ეს არის ყველაზე აღმატებული, რაც კი შეიძლება ბავშვის სულიერ, ქრისტიან არსებად ჩამოყალიბებისთვის გავაკეთოთ. "ისევე როგორც პირველი საკვები - ტემპერამენტზე, პირველი საგნებიც ძლიერ გავლენას ახდენს სულის ჩამოყალიბებაზე. განვითარების პროცესში მყოფი გრძნობა წარმოსახვისთვის პოულობს ობიექტებს. წარმოსახული საგანი ილექება მეხსიერებაში და, ასე ვთქვათ, სულის შემადგენელ ნაწილად იქცევა. დაე, გრძნობამ პირველი შთაბეჭდილებანი წმინდა საგანთა ჭვრეტისაგან მიიღოს. ხატისა და კანდელის შუქისგან - თვალმა, წმინდა საგალობლებისგან - სმენამ და სხვა. ჩვილს ჯერ კიდევ არაფერი ესმის იმისა, რაც მის თვალწინაა, მაგრამ მისი თვალი და სმენა მიმართულია მათკენ და ისინიც, იპყრობენ რა მის გულს, ამით განაშორებენ მისგან სხვა საგნებს... ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვილი განვარიდოთ ყველაფერს, რაც შებილწავს მის გონებას და შერყვნის სულს", - გვმოძღვრავენ ეკლესიის მამები.
როდესაც ბავშვი ჩვილობიდანვე ეკლესიის წიაღში იზრდება და საეკლესიო წესების შესაბამისად ცხოვრობს, იმ ასაკში, როდესაც აზროვნება უყალიბდება, უკვე იცის, რომ ეკლესიური ცხოვრება, რაც ღვთისმოშიშებით, კრძალულებით, სიყვარულით და მორჩილებით ცხოვრებას გულისხმობს, უმთავრესია. მასში ნაკლებად დაიბუდებს მანკიერებები და ცოდვილი ჩვევებიც: ამპარტავნება, შური, მრისხანება, სიზარმაცე, თავშეუკავებლობა, სიცრუე, სიჯიუტე და ა.შ.
- როგორ შევურჩიოთ სახელი ბავშვს? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?
- სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გაუწევს მას; უმჯობესია, იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის სხვა, მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმინდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და შევაჩვიოთ მის წინაშე ლოცვას. ცხადია, მშობლებმაც უნდა ილოცონ მის წინაშე, გამოსთხოვონ მეოხება, კურთხევა და შეწევნა თავიანთი შვილისთვის. მშობლების, განსაკუთრებით დედის ლოცვას, უდიდესი ძალა შესწევს.
როდესაც ბავშვი წმინდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას - მას თვალწინ ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიბაძოს მას.
- როგორ უნდა მოემზადოს ოჯახი ბავშვის დასახვედრად?
- შვილიერება ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, ამიტომ ოჯახმა უწინარეს ყოვლისა ის უნდა გააცნობიეროს, რაოდენ დიდი საჩუქარი ებოძათ ღვთისგან და საკადრისად მიეგებოს მას - სასურველია, ახალშობილის შინ მიყვანამდე სახლი მოძღვარს ვაკურთხებინოთ, ჩვენ კი ხშირად ვაპკუროთ ნაკურთხი წყალი ბავშვს და ყველა ნივთს, რომელსაც ის ეხება. დაბადებიდან მერვე დღეს ბავშვი ღვთის წინაშე წარსადგენად ეკლესიაში უნდა მივიყვანოთ. ამავე დროს მას ვარქმევთ სახელს და თუ სურვილი გვექნება, შეიძლება მოვნათლოთ კიდეც. საერთოდ, სასურველია, ახალშობილი მეორმოცე დღემდე მოინათლოს. ნათლობა ძალზე მნიშვნელოვანია - ამ დროს ჩვილს მიეტევება პირველქმნილი ცოდვა და იძენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მას ყოველგვარი უკეთურებისაგან დაიცავს და დაიფარავს. ამასთანავე, სწორედ ნათლობის, სულიერი შობის შემდეგ შეიძლება ბავშვის ზიარება, ეკლესიაში ტარება, ნაკურთხი წყლისა თუ სხვა საეკლესიო სიწმინდეების მიცემა და სხვა საეკლესიო წესების აღსრულება, რაც აუცილებელია მისი სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის.
როდესაც ოჯახში ახალშობილია, ოჯახის წევრები უნდა ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ გაღიზიანებისა და კამათისგან, განსაკუთრებით - ბავშვის თანდასწრებით. ცხადია, ეს გადაბმული ქეიფისგან თავის შეკავებასაც გულისხმობს. "ნუ იფიქრებთ, თითქოს მათ (პატარებს) არაფერი ესმით, არაფერი იციან. მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი იციან. ისინი მთელი არსებით ისრუტავენ ყველაფერს", - შეგვაგონებს არქიმანდრიტი ამბროსი.
- ზოგიერთი ახალშობილს, თითქოსდა ავი თვალისგან დაცვის მიზნით, გიშრის თვალს ან სხვა სახის თილისმას უკეთებს. თუ ბავშვი ჭირვეულობს ან ავადაა, შემლოცველ დედაკაცებს ალოცვინებენ. როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველივე ამის მიმართ?
- უკეთურობათაგან დასაცავად ბავშვს ჯვარი უნდა დავკიდოთ და არა თილისმა, ჭირვეულობისა და სნეულების დროს კი ეკლესიაში მივიყვანოთ და დავალოცვინოთ ღვთისმსახურს, რომელიც, თუ საჭირო იქნება, მის სახელზე საგანგებო მსახურებას - პარაკლისსაც აღავლენს. არავითარ შემთხვევაში არ შევალოცვინოთ შემლოცველ დედაკაცებს.
- ბავშვი მოინათლება თუ არა, იმ დღიდან უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ხშირად ვაზიაროთ უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვილობიდან ზიარებას?
- "რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და ჰსუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგომილ არს და მე მის თანა", - ბრძანებს უფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზიარების მიღებით ადამიანი თავად უფალს უერთდება, რომლის თანადგომის გარეშეც ვერც სულიერ და ვერც მიწიერ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მივაღწევთ. გარდა ამისა, ზიარება ადამიანს სჭირდება საკურნებლად და განსაწმენდად სულისა და ხორცისა. ნაზიარები ადამიანი ბნელი ძალების ზემოქმედებისგანაც არის დაცული და, რაც მთავარია, როგორც მაცხოვარი გვაუწყებს, ზიარება აუცილებელი პირობაა ზეციური სასუფევლის მოპოვებისათვის: "რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და ჰსუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო". ეს ყველაფერი ბავშვებსაც სჭირდებათ. წმინდა ძღვენის მიღება მათში ჩვილობიდან აღანთებს უფლის სიყვარულს, უბიძგებს სულიერი ცხოვრებისკენ და ხელს უწყობს მათში ქრისტიანულ სათნოებათა დამკვიდრებას.
- როგორ და რა ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვი ლოცვას?
- ბავშვები, განსაკუთრებით - პატარები, უფროსების, მით უფრო - საკუთარი მშობლების ცხოვრებას ისახავენ წესად. "პირადი მაგალითი გაცილებით უფრო ქმედითია, ვიდრე სიტყვები. სინამდვილეში სწორედ ის აძლევს ბავშვებს ღმერთისკენ მოქცევის ძალას", - შეგვაგონებს დედა მაგდალინა. თუკი ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები სისტემატურად აღავლენენ ლოცვით კანონს, თვითონაც გაუჩნდებათ ლოცვის სურვილი და მიბაძავენ მათ. ბავშვს პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ საუფლო ლოცვა - "მამაო ჩვენო". იგი სხვა ლოცვებზე გაცილებით ადვილი სასწავლია და პატარებს მისი დაზეპირება არ უჭირთ.
ლოცვასთან ერთად ბავშვი უნდა მივაჩვიოთ პირჯვრის გამოსახვას - როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, მისგან განიდევნება ბოროტი ძალა, დაცული და კურთხეულია მისი ყოველი საქმე და ნაბიჯი. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როცა რამისა შეეშინდება, პირჯვრის გამოსახვით დაიცვას თავი. ასევე, მივაჩვიოთ ჯვრის გამოსახვას საზრდელისა და სასმლის მიღების წინ, ძილის წინ და ძილის შემდეგ, როცა სადმე მიემგზავრება ან სადმე შესვლას აპირებს, რათა მისი ყოველი მოქმედება ჯვრის ძალითა და მადლით იყოს დაცული და კურთხეული. მოზრდილ ბავშვს შეიძლება წავუკითხოთ სპეციალური რელიგიური ლიტერატურა, სადაც ჯვრის მნიშვნელობა მისთვის გასაგები ენით არის გადმოცემული.
- ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს ლოცვის აღვლენაზე. გამართლებულია თუ არა დაძალება?
- "და ლოცვასაც ნუ მოახვევ ძალით თავს - შეიძლება მობეზრდეს. ურჩიე, ცოტა მაინც ილოცოს დილას და საღამოს; თუნდაც ლოცვა არ წაიკითხოს, შინაგანი მზერით მიმართოს ღმერთს, ძილის წინ მადლობა შესწიროს განვლილი დღისთვის, დილით შესთხოვოს მშვიდობიანი დღე - თუნდაც თავისი სიტყვებით მიმართოს, ოღონდ მართლა მიმართოს, ესეც საკმარისი იქნება", - ასეთ შეგონებას აძლევს მშობლებს წმინდა თეოფანე დაყუდებული. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ არც ტაძარში წასვლა და არც სხვა საეკლესიო წესების დაცვა-აღსრულება. ამას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოჰყვეს.
- რა ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვი მოძღვართან ურთიერთობას? რა ასაკიდან არის აუცილებელი აღსარების ჩაბარება?
- დედა მაგდალინას რჩევით, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რჩევა ჰკითხოს მოძღვარს და მის სიტყვას ისე დაემორჩილოს, როგორც ღვთისას. ამდენად, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ეტყვის ბავშვი მოძღვარს და რა ფორმას მიიღებს მათი შეხვედრები - მთავარია, ბავშვმა ისწავლოს მისდამი ნდობა. ჩვილიც კი შეიძლება მივაჩვიოთ ღვთისმსახურთან შეხვედრისას მისგან კურთხევის მიღებას. შემდეგ, როცა წამოიზრდება, თვითონვე მოისურვებს ამის გაკეთებას - ეცოდინება, რომ მოძღვართან შეხვედრისას, კრძალულების გამოხატვასთან ერთად, ლოცვა-კურთხევაც უნდა ითხოვოს, რასაც უდიდესი ძალა შესწევს - ღვთისმსახურისაგან ლოცვა-კურთხევის მიღებისას ხომ თავად უფლისგან ვართ კურთხეულნი და ჩვენზე ღვთიური მადლი გადმოედინება.
თუ ბავშვს სურს, შეუძლია, აღსარება შვიდი წლიდან ჩააბაროს, თუმცა ამ ასაკში მას გაცნობიერებული არა აქვს ცოდვები, ამიტომ აღსარების ჩაბარება აუცილებლობას არ წარმოადგენს - მისი უმთავრესი დანიშნულება ხომ ცოდვათა შეგრძნება და მათი მონანიებაა. თორმეტი წლიდან კი ეს აუცილებელია - ამ ასაკის ბავშვი უკვე ხვდება, რომელი საქციელი ეთვლება ცოდვად და შეუძლია, მოძღვართან ისეთი სულიერი კავშირი იქონიოს, როგორიც მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის უნდა არსებობდეს. ამავე დროს, თორმეტი წლიდან ბავშვს გარდატეხის ასაკი ეწყება და ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება სულიერ მოძღვართან ურთიერთობა. სწორედ მოძღვრისგან მიიღებს იმას, რასაც ამ პერიოდში ეძებს მისი სული.
- რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მარხვას?
- თუ ბავშვი ჯანმრთელია და თავადაც გამოთქვამს სურვილს, შეიძლება, სამი წლიდანაც მივაჩვიოთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაცვას, მაგრამ კი არ მოვთხოვოთ, არამედ შევთავაზოთ - ხომ არ ვიმარხულოთ-თქო. თუ ბავშვი სულიერ გარემოში იზრდება, თორმეტი წლისთვის მას უკვე გაცნობიერებული აქვს მარხვის არსი და მნიშვნელობა და იგი უფროსების შეგონების გარეშე შეუდგება მის დაცვას, თუმცა ამისთვის აუცილებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. ყოველი ბავშვისთვის, მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ სულიერი მამა განსაზღვრავს მარხვის საზომს.
- საჭიროა თუ არა ბავშვისთვის "წმინდა წერილის" კითხვა? საზოგადოდ, რა სახის ლიტერატურა ვუკითხოთ ბავშვებს?
- "გინდა მორჩილი შვილი გყავდეს? ბავშვობიდანვე უფლის სწავლებითა და მოძღვრებით გაზარდე. არ გეგონოს, საღმრთო წერილის მოსმენა ზედმეტი იყოს მისთვის. იგი იქ უპირველესად შენთვის სასარგებლო მცნებას ამოიკითხავს: პატივი ეც დედასა და მამასა შენსა", - გვმოძღვრავს წმინდა იოანე ოქროპირი. ამას გარდა, წმინდა წერილის კითხვით ბავშვი სხვა სარგებელსაც იძენს. როგორც წმინდა მამები შეგვაგონებენ, მისი კითხვისას ბავშვის სული აღინთება საღმრთო შურით; როცა მოსაგრეთა ღვაწლისა და მოწამეთა ტანჯვის შესახებ მოვუთხრობთ, მისი წარმოსახვა აღივსება წმინდანების ნათელი სახეებით, მეხსიერება სათნოებათა გამოცდილებით და ბრძნული შეგონებებით გამდიდრდება. ამდენად, წმინდა წერილის კითხვა არამცთუ საჭირო, აუცილებელიც არის, ხოლო ის, საღმრთო წერილის რომელი ადგილები ვუკითხოთ ბავშვს უპირველესად, როგორი ხანგრძლივობითა და რა პერიოდულობით, - სულიერ მოძღვართან უნდა შევათანხმოთ.
რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ჩვილს უმთავრესად ზღაპრებს და პატარა მოთხრობებს უკითხავენ, თუმცა მათი ყურადღებით შერჩევა გვმართებს, რათა ბავშვის სული არ დავაზიანოთ. მაგალითად, ბოლო დროს გახმაურებული საბავშვო რომანი "ჰარი პოტერი" აშკარად გმობს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც განადიდებს და თაყვანს სცემს წმინდა ეკლესია. ცხადია, მისი წაკითხვა ბავშვის სულზე დამანგრევლად იმოქმედებს. ასევე უნდა ვერიდოთ ისეთი ზღაპრებისა და მოთხრობების კითხვას, სადაც საუბარია ავსულებზე, დემონებზე, ბოროტებასა და სისასტიკეზე, ბავშვი უნდა მოვარიდოთ მსგავს მულტიპლიკაციურ და მხატვრულ ფილმებს, რადგან შესაძლოა მათგან მიღებული შთაბეჭდილებები მძაფრად ჩაებეჭდოს გონებაში და სიზმარშიც იხილოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შიში, გაღიზიანება თუ სხვა სახის არასასიამოვნო შეგრძნება. აქვე უნდა ითქვას, რომ მაზიარებელი ბავშვები თვითონვე ამბობენ უარს მსგავს ლიტერატურასა და ფილმებზე, რადგან მათში ღვთის მადლი მძლავრობს. პატარების სული უნდა გავამდიდროთ ალეგორიული და საეკლესიო ზღაპრებისა თუ მოთხრობების კითხვით, რომლებიც მათ სიკეთეს, სიყვარულსა და სხვა სათნოებებს ასწავლის.
- ბავშვებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: არსებობენ თუ არა ბოროტი სულები. როგორ ვესაუბროთ მათ ავსულებზე? გამართლებულია თუ არა ბავშვის დაშინება ავსულებით, როდესაც ის ჯიუტობს, ცელქობს, არ ჭამს ან არ იძინებს?
- როგორც დედა მაგდალინა შეგვაგონებს, ბოროტ სულებზე საუბრისას მეტისმეტი დაკონკრეტება დიდი შეცდომაა - შეუძლებელია, ბავშვმა მათი წარმოსახვა არ დაიწყოს. პატარას ძალზე მგრძნობიარე გული და გონება აქვს და შესაძლოა, შიში მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს. მოზრდილები შეიძლება გავაფრთხილოთ იმ საშიშროებაზე, რაც ეშმაკეულთა წარმოდგენას სდევს თან, მაგრამ პატარა ბავშვს გაფრთხილება არ უშველის, ამიტომ როდესაც პატარა ბოროტი სულების არსებობა-არარსებობაზე გვეკითხება, უბრალოდ, ვუთხრათ, რომ მათზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის და მისი გონება ქრისტესკენ, ანგელოზებისა და წმინდანებისკენ მივმართოთ. კარგი იქნება, თუ ბავშვს პირდაპირი მითითების გარეშე ვასწავლით დემონებთან "უხილავ ბრძოლას". მაგალითად, ვასწავლით ძილის წინ პირჯვრის გამოსახვას, "იესოს ლოცვის" წარმოთქმას.
- უფროსები ბავშვს ზოგჯერ უფლის სახელითაც აშინებენ - ცუდი საქციელის ჩადენისას ეუბნებიან, ამისთვის ღმერთი დაგსჯისო, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე ბავშვს ღვთის შიშს ჩაუნერგავენ.
- ღვთის ჭეშმარიტი შიშის - კრძალულების - ჩასანერგად ეს მეთოდი არასწორი და ეკლესიისთვის მიუღებელია. უფროსებს ან ეზარებათ, ან არ იციან როგორ აუხსნან ბავშვს მისი საქციელის უამართებულობა, ამიტომაც უფლის სახელით აშინებენ, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ბავშვს ღმერთის შესახებ არასწორ წარმოდგენას უქმნიან. შესაძლოა, ყოვლადმოწყალე უფალი პატარამ დესპოტად წარმოიდგინოს, რომელიც ცუდი საქციელის გამო მკაცრად დასჯის. უფლის ჭეშმარიტი შიშის ანუ კრძალულების შთაგონება სიყვარულითა და სითბოთი უნდა ხდებოდეს. როდესაც ბავშვი ცუდად მოიქცევა, შეიძლება ვუთხრათ: "უფალს ეს არ მოეწონება, ამით შენს მფარველ ანგელოზს აწყენინებ".
- სიყვარულთან, შეგონებასა და დარიგებასთან ერთად ბავშვის აღზრდისას ვერც დასჯას ავარიდებთ თავს. სასჯელს იგივე მიზანი აქვს, რაც სარეველების ამოძირკვას, - ბრძანებენ წმინდა მამები. მაგრამ როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, უფროსებმა უნდა იცოდნენ, რა მეთოდები გამოიყენონ და საერთოდ, რომელი საქციელისა და მანკიერი თვისების გამო დასაჯონ ბავშვი. რას გვეტყვით ამაზე? საზოგადოდ, მისაღებია თუ არა ბავშვის ფიზიკური დასჯა?
- როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, სასჯელის სახე და ზომა მისი სულიერი მდგომარეობის, ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. თუ ბავშვი ნანობს ჩადენილს, პატიებას ითხოვს და პირობას დებს, რომ მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენს, მისი დასჯა საჭირო არ არის. ასევე არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი უნებლიე საქციელის გამო - თუ შემთხვევით რაიმე გაუფუჭდა, ვერ სწავლობს ისე, როგორც მისი რომელიმე თანატოლი ან არ იცის საზოგადოებაში ქცევის წესები. ასეთ დროს დასჯა კი არა, დახმარებაა საჭირო. უმართებულოა ბავშვის დასჯა მაშინაც, თუ მას კარგი ურთიერთობა აქვს ადამიანთან, რომელთანაც მშობლებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ თუ ბავშვი შურიანია, ამპარტავანია, ჯიუტობს, ბილწსიტყვაობს და სხვა მანკიერ თვისებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს ავლენს, საჭიროა დავსაჯოთ. სასჯელად შეიძლება გამოვიყენოთ საყვედური, მკაცრი გაფრთხილება, თამაშის დროებით აკრძალვა, ოთახში ჩაკეტვა. უფრო პატარები შეიძლება კუთხეშიც დავაყენოთ. უმჯობესია, საყვედურსა და მკაცრ გაფრთხილებას დავჯერდეთ, მაგრამ თუ ბავშვზე შედარებით ლმობიერი მეთოდები არ მოქმედებს, დასჯის სხვა სახეს მივმართოთ. ცემა დასჯის ყველაზე მკაცრი სახეა, ამიტომ ყოველნაირად ვეცადოთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. მაგალითად, როცა ბავშვი ჯიუტად არ იშლის ცუდ ჩვევებს, განუწყვეტლივ ცრუობს, ქურდობს, ბილწსიტყვაობს და ა.შ. ფიზიკური დასჯისას არავითარ შემთხვევაში არ დავარტყათ სახესა და თავში. ამასთანავე, თუ ბავშვს ხშირად და ყველა უმართებულო საქციელის გამო ვცემთ, ის ამის უგულებელყოფასაც დაეჩვევა, სასტიკი და გულცივი გახდება.
არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის დასჯა გადაჭარბებული სიმკაცრითა და მრისხანებით - ეს უფრო მშობლების ვნების გამოვლინება იქნება. დასჯის მიზანი ბავშვის გამოსწორება უნდა იყოს, ამიტომ გაცხარებულ გულზე ამ მეთოდს ნუ მიმართავთ, რადგან "გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმერთის სიმართლეს"; უმჯობესია, როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, გადავდოთ დასჯა, ვიდრე გაბრაზება გადაგვივლიდეს.
წმინდა მამები, როდესაც ბავშვის აღზრდის საკითხს ეხებიან, გვირჩევენ, ნებისმიერ საკითხში ზომიერება ანუ სამეუფო, შუალედური გზა ავირჩიოთ, რადგან გადაჭარბებული სიმკაცრეც და ლმობიერებაც ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს.
- შესაძლოა, ბავშვი სულიერ გარემოში, ეკლესიურად იზრდებოდეს, მაგრამ მას ხომ არაეკლესიურ თანატოლებთანაც უხდება ურთიერთობა, ბაღში იქნება ეს, სკოლაში, ეზოში თუ სხვაგან...
- თუ ბავშვი ჭეშმარიტად სულიერ გარემოში იზრდება, მას ისიც ეცოდინება, რომელი დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოს, როდესაც არაეკლესიურ ქმედებათა წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ არც მშობლებმა უნდა მოადუნონ ყურადღება. უწინარეს ყოვლისა, ილოცონ უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა მიმართ და შვილების მავნე საერო ჩვევებისგან დაცვა შესთხოვონ.
- როდესაც ბავშვის აღზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები. როგორ ვიზრუნოთ მათ სულიერ აღზრდაზე?
- ბავშვის სულიერ აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და აღზრდისას წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა მოძღვართან შეთანხმებითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა გადავჭრათ. მით უფრო სჭირდებათ მოძღვართან ურთიერთობა ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს - მან ხომ, სულიწმინდის მადლით, ყველა ბავშვის ენა იცის, ხვდება, როგორ უნდა წარმართოს მათი სულიერი ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი