აღზრდა თავისებური ხელოვნებაა, მის დასაუფლებლად კი არცთუ ისე რთული წესების შესრულებაა საჭირო, რომელნიც მშობელს არაერთი პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.
1) ნუ ავავსებთ პატარას დაუმსახურებელი ქათინაურებით. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ მსგავსი ქება, უმეტესწილად, ბავშვის აუტანელი საქციელის მიზეზად იქცევა ხოლმე, პატარას უჩნდება კითხვა: - მართლა ასეთი ,,საოცარი, საყვარელი და შეუდარებელია?" და უარყოფითი საქციელით ცდილობს, საწინააღმდეგო დაამტკიცოს. ბავშვები მშვენივრად გრძნობენ გადამეტებული ხოტბის სიყალბეს და უმალ თავიანთი ჭეშმარიტი ნატურის გამოვლენას ცდილობენ.
ქება რომ გულწრფელი და სწორად აღსაქმელი იყოს, საჭიროა, იგი პატარის ქცევისაკენ მივმართოთ და არა მისი პიროვნებისაკენ. მსგავსი ფრაზები: - ,,ისეთი ყოჩაღი და დამჯერი ხარ, რა გვეშველებოდა უშენოდ?", ,,ყოჩაღ, როგორ მეხმარები!", ან ბებიების შეძახილები ბავშვის განსაკუთრებულობაზე, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. პატარა ხომ შინაგანად გრძნობს, რომ არც ისე იდეალურია, როგორადაც სახავენ, ამიტომ ან ნეგატიური საქციელით ცდილობს საკუთარი არც ისე იდეალური ,,ნატურის" გამოვლენას, ან მთლად უარესი: - თავადაც არაგულწრფელი ხდება და ისეთი სიტუაციებისაკენ ისწრაფვის, სადაც იოლად შეძლებს ხოტბის მოსმენას. ასეთი ბავშვი კი, რაღა თქმა უნდა, მომავალში პატივმოყვარე ეგოისტად იქცევა.
თუ პატარის ქება გსურთ, მაგალითისთვის, სახლის მილაგების გამო, ნუ იჩქარებთ, მის სიყოჩაღეს გაუსვათ ხაზი, - ეცადეთ, ოთახის სისუფთავეზე გააკეთოთ აქცენტი და აღნიშნოთ, თუ რა კარგია მილაგებულ სახლში ყოფნა. შემდგომში ის უცილობლად ეცდება, გასიამოვნოთ.
დავუშვათ, მისი ნახატი მოგეწონათ, ნუ უწოდებთ პატარას ,,ნამდვილ მხატვარს", რამაც, შესაძლოა, იმის შიშით დაანაღვლიანოს, ვაითუ, მომდევნო ნამუშევარი ასეთი წარმატებული აღარ გამოუვიდეს.
ამ შემთხვევაში, უკეთესია, ნახატზე გავამახვილოთ ყურადღება: - ,,რამხელა სახლი დაუხატავს, მის გარშემო რა მშვენიერი ყვავილებია, არც ცხოველები დავიწყნია, ხესაც რამდენი ვაშლი აბია!"
მსგავსი მოქმედებით პატარის შემოქმედებისადმიც გამოიჩენთ ინტერესს და მისთვის საზიანო შეფასებებსაც აარიდებთ თავს.
ჩვენი კომენტარები ბავშვს საკუთარ შესაძლებლობათა განსაზღვრაში უნდა დაეხმაროს. თუ შვილი კარადის გადაადგილებაში მოგეხმარათ, იმის ნაცვლად, რომ ძალა შეუქოთ, სჯობს, აღნიშნოთ, თუ რა მძიმე იყო კარადა და რა რთული მისი ადგილიდან დაძვრა, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ეს მაინც მოახერხეთ...
ბავშვი თავადვე გაიაზრებს, რომ ძლიერია და თქვენ ის გჭირდებათ.
ლექსის შეფასებისას ნუ ვუწოდებთ პოეტს, უმჯობესია, მისი ლექსისადმი გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება.
2) არ შეიძლება ბავშვის ქება ჩვეულებრივი მოქმედებებისას, თითქოსდა საოცრება ჩაიდინა. ამ თემას კარგად განმარტავს ჟან ლედლოფი წიგნში ,,მემკვიდრეობითობის პრინციპი": - ,,თუ ბავშვმა რაიმე სასარგებლო გააკეთა, მაგალითად, თავისით ჩაიცვა, ძაღლს აჭამა, მინდვრის ყვავილთაგან თაიგული შეკრა... ნუ გაიოცებთ და ნუ იტყვით: ,,ნახეთ, რა გააკეთა?! თანაც თავისით"... ეს ძალზე ატკენს გულს... ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისით ბევრი რამის კეთება ძალუძს, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ამიტომ ნამდვილად არ ღირს უადგილო ქებით მას თავგზა ავუბნიოთ.
3) არავითარ შემთხვევაში არ წაახალისოთ ფულით. ადამიანის საქციელი მაშინ არის წარმატებული, როდესაც გულის კარნახით, გულწრფელად მოქმედებს. თუ ბავშვი საქმის სანაცვლოდ ფულს გამოელის, მისი ქმედება საძირკველშივე ,,ფულის კეთებად" იქცევა.
დაბოლოს, დავფიქრდეთ, თუ რა არის სინამდვილეში პატარისთვის უმთავრესი. სიტყვიერი ქების გარდა ხომ არსებობს კეთილი მზერა, ნაზი შეხება, ჩახუტება, თამაშები, ურთიერთობა... ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ნდობა და სიყვარული ემყარება...
ირინა ბელომაზის ნაშრომზე დაყრდნობით მოამზადა
მანანა ტუაევამ
მანანა ტუაევამ