მშობლების პატივისცემასა და სიყვარულზე ათი მცნების მეხუთე მცნება გვეუბნება: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ
და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". მშობლისადმი სიყვარული და პატივისცემა თითქოს ბუნებრივი და თანდაყოლილი გრძნობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანი იმდენად სუსტია, რომ უფალმა მცნებაში მოგვცა ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივი მოვალეობა. მშობლებისადმი პატივისცემა არა მარტო ვალია ჩვენი, არამედ სარგებელიც. მათგან მოგვეცა ცხოვრება და მათდამი პატივისცემით ვიდღეგრძელებთ. მშობელი ყველას უყვარს. მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვსცეთ მის შეხედულებებს, გვახსოვდეს, რომ მას მეტი გამოცდილება აქვს. განუზომელია მშობლის ამაგი. რამდენი რამ გადაუტანიათ ჩვენ გამო, როგორი სიფრთხილით გვატარებდა მუცლით დედა, როგორი მტანჯველი ტკივილით გვშვა, რამდენი უძილო ღამე გაუტარებია ჩვენს სასთუმალთან; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამა, რათა უზრუნველი ცხოვრება გვქონოდა. მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების მიმართ; უმცროსები უფროსების მიმართ აუცილებლად უნდა განიცდიდნენ პატივისცემას, მადლიერებას და მორჩილებას. უფროსები პატარებისადმი სიყვარულს უნდა ავლენდნენ, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ მათ. როდესაც უმცროსი პატივს სცემს უფროსს და უფროსს უყვარს უმცროსი, მშვენიერი ოჯახური ატმოსფერო იქმნება.
ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება იყო მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების ნიმუში - შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს. მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. ასე იყო აბრაამის, ისააკის, იაკობის დროს. მშობლების ფენომენი და მისი პატივისცემა ყოველთვის, ყოველ ეპოქაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, შვილი მშობელს ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ თუკი მშობლის მოთხოვნა ღვთის მცნებებს, ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში მორჩილება აღარ შეიძლება. ღვთის საწინააღმდეგო საქმეში მშობლებისადმი მორჩილება არ შეიძლება, თუმცა უნდა რჩებოდეს მშობლებისადმი სიყვარული, პატივისცემა და სურვილი იმისა, რომ მშობელიც დადგეს ჭეშმარიტების გზაზე.
დროის შესაბამისად, ადამიანიც მუდმივად იცვლება და ეს ცვლილებები, სამწუხაროდ, ყოველთვის უკეთესობისკენ არ არის მიმართული. დროში ცვალებადობა ხშირად იმდენად მკვეთრია, რომ სხვადასხვა თაობას უჭირს ერთმანეთის გაგება. შვილებს არ ესმით მშობლებისა, მშობლებსაც უჭირთ შვილების გაგება. თაობებს შორის ურთიერთგაგება არის ღვთის წყალობა და ღვთის ლოცვა-კურთხევა. ხშირად შვილები ვერ უგებენ მშობელს და ფიქრობენ, რომ მისგან დამოუკიდებლად უკეთ შექმნიან საკუთარ ბედნიერებას.Aახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ მათ მეტი ესმით, ვიდრე მშობლებს. მშობლებისა და შვილების კონფლიქტის შესანიშნავი მაგალითია სახარებისეული იგავი უძღები შვილისა. უმცროსი შვილი მივიდა მამასთან და უთხრა, მიეცა მისთვის თავისი წილი, რათა ცალკე ეცხოვრა. მამა უსრულებს თხოვნას და ისიც მიდის უცხო ქვეყანაში, სადაც მეძავობაში სრულებით აბნევს მთელ თავის ქონებას. დაბოლოს, იქამდე დაეცა და ისე გაღარიბდა, რომ იძულებული გახდა, ერთ შეძლებულს მოსამსახურედ დადგომოდა და კოლტი ემწყემსა. სახარების მიხედვით, ისე უჭირდა, რომ ღორების სალაფავიც კი ენატრებოდა. და აი, ასეთ განსაცდელში მყოფს ახსენდება მამის სახლი და შინ დაბრუნებას გადაწყვეტს - ვეტყვი მამაჩემს, რომ აღარ ვარ ღირსი ვიყო მისი შვილი და მიმიღოს მე, როგორც ერთ-ერთი მისი მსახურთაგანიო. განსაცდელმა, რომელიც საკუთარი უგუნურებით თვითონვე მოიწია, გამოაფხიზლა და სინანულში ჩააგდო. მართლაც, ბრუნდება მამასთან. მამა კი ყოველდღე ელოდება თავის დაკარგულ შვილს; იმ დღესაც, ეტყობა, გული უგრძნობდა, ჩვეულებისამებრ, გაჰყურებდა გზას უმცროსი ვაჟის მოლოდინში. ძონძებში გახვეული რომ დაინახა, იცნო, გაეგება, დიდი სიხარულით და სიყვარულით მოეხვია. შვილმა უთხრა: "არ ვარ ღირსი, მეწოდებოდეს შენი შვილი, მიმიღე, როგორც ერთი მსახურთაგანი". მამა კი გულში იკრავს და იღებს მას, როგორც საყვარელ შვილს, უახლოეს ადამიანს. უბრძანებს მოსამსახურეს, მოიტანონ ბეჭედი და უკეთებს მას შვილს, რითაც უბრუნებს შვილობის პატივს, მოსავს საუკეთესო ტანსაცმლით, უკლავს "ზვარაკსა ჭამებულსა" და იწყება ზეიმი! ხარობს მამა, რადგან შვილი დაკარგული იყო და გამოჩნდა, მკვდარი იყო და გაცოცხლდა!
ეს იგავი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ შვილებს მშობლების პატივისცემას ასწავლის, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობას სინანულზე მიუთითებს.
როგორ უნდა უყვარდეთ შვილებს მშობლები მას შემდეგ, რაც საკუთარ ოჯახებს შექმნიან? სახიერმა ღმერთმა ყველაფერი ბრძნულად მოაწყო. ცოლი და ქმარი ერთმანეთს ისეთი სიყვარულით უკავშირდებიან, რომ საკუთარ მშობლებსაც კი ტოვებენ. რომ არა ეს სიყვარული, ადამიანები საკუთარი ოჯახების შექმნას ვერ შეძლებდნენ. მამა პაისი ბრძანებს, რომ მშობლების ამოცანა დასრულებულია, როდესაც შვილები ოჯახს შექმნიან, ან როდესაც მონაზვნობის გზას აირჩევენ. ამ წუთიდან შვილები მშობლებისადმი ორი რამის მოვალენი არიან, უდიდესი პატივისცემისა და ისეთი სიყვარულისა, როგორსაც ზოგადად უნდა განიცდიდეს შვილი მშობლისადმი. "მე იმის თქმა არ მინდა, რომ ცოლსა და ქმარს თავიანთი მშობლები არ უნდა უყვარდეთ, - დასძენს მამა პაისი, - მაგრამ პირველ ყოვლისა ერთმანეთისადმი უნდა ჰქონდეთ უდიდესი სიყვარული და მხოლოდ ამის შემდეგ უყვარდეთ მშობლები. მეუღლეებს ერთმანეთი იმდენად ძლიერად უნდა უყვარდეთ, რომ მათი სიყვარული ნაპირებიდან გადმოდიოდეს. მეუღლეების ერთმანეთისადმი სიყვარული იმდენად კეთილშობილური უნდა იყოს, რომ თითოეული მათგანი მეორის მშობლებზე რაც შეიძლება, მეტად ზრუნავდეს. "თუკი ქმარი პატივს სცემს სიდედრს და სიმამრს, ეს მის ღირსებაზე ლაპარაკობს. ისევე, როგორც ქალის ღირსებაზე მეტყველებს მისი სიყვარული და პატივისცემა დედამთილის მიმართ, რომელმაც ქვეყნად მოავლინა მისი ქმარი და ახლაც სწორედ მისი ქმარია მისი ცხოვრების სიხარული და ბედნიერება. თუკი ცოლსა და ქმარს ასეთი აზრები და გრძნობები აქვთ, ეს მათი შვილების სულების აღზრდაზეც უჩუმრად დადებითად მოქმედებს".
ყოველთვის უნდა შევეცადოთ, მშობლის დალოცვა და კურთხევა მივიღოთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ხშირად ეხება ხოლმე ამ საკითხს ქადაგებებში. იგი გვირჩევს, რომ მშობლებს ყოველდღიურად დავალოცვინოთ თავი. ყოველ დილას და საღამოს მორჩილებით მივიდეთ მათთან, დავიჩოქოთ, ხელზე ვემთხვიოთ და ლოცვა-კურთხევა მივიღოთ მათგან. ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას თავისი შვილები. უფალი უმადურ შვილებს ხშირად მათი შვილების უმადურობით სჯის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი