მამა პაისი მთაწმინდელი:
დედობრივი სიყვარული
- წმინდა მამაო, ერთხელ გვითხარით, სიყვარული ზრდის და ამწიფებს ადამიანსო.
დედობრივი სიყვარული
- ის, რომ უბრალოდ გიყვარდეთ ვინმე, ძალიან ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვაროთ. დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარს შვილები. ოღონდ შვილები გამოკვებოს და მშიერიც კი დარჩება. მაგრამ ამ დროს განცდილი სიხარული იმ სიხარულზე მეტია, მისი შვილები რომ გრძნობენ. ბავშვი ხორციელად იკვებება, დედა კი - სულიერად.
ზოგიერთი გოგონა დილის ათ საათამდე იძინებს, რადგან იმედი აქვს, საუზმეს დედა მოუმზადებს. საქმის გაკეთება გოგონას ეზარება. უნდა, ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს, ემსახურებოდნენ. მშობლებთან პრეტენზიები აქვს, თვითონ კი უსაქმურობით ტკბება. მის ქალურ ბუნებაში დაფარული სიყვარული არ ვითარდება, რადგან გამუდმებით გვერდით უდგანან მშობლები, და-ძმები. მაგრამ, როგორც კი დედა ხდება, რაც მეტს მუშაობს, მით მეტად ივსება ძალებით, რადგანაც მასში უკვე გაუჩერებლად მუშაობს სიყვარული. ადრე ჭუჭყიანი საქმის გაკეთება ზიზღს გვრიდა და საათობით იბანდა ხელებს სურნელოვანი საპნით. ახლა კი, როდესაც მისი პატარა შარვალში ჩაისვრის და მისი გამოცვლა უწევს, აღარც ზიზღს გრძნობს. ადრე, როდესაც აღვიძებდნენ, ბუზღუნებდა. ახლა, როდესაც მისი ბავშვი ტირის, მთელი ღამე ფხიზლობს და ეს სულაც არ უჭირს. ის ზრუნავს თავის ჩვილზე და ხარობს, რადგან უკვე ბავშვი აღარ არის, მასში თავგანწირვა და სიყვარული გაჩნდა.
დედა უფრო თავგანწირული და მოყვარულია, ვიდრე მამა, იმიტომ, რომ მამას არ ეძლევა იმდენი ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს, რამდენიც დედას. დედა შვილებთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე მამა. მაგრამ სულსა და გულს თუ შვილებს აძლევს, მეტად ივსება კიდეც მათგან. მამას იმდენი წვალებაც არა აქვს შვილებისაგან, რამდენიც დედას და მათგან არც ისე ივსება, ამიტომ მისი სიყვარული ნაკლებად ძლიერია, ვიდრე დედისა.
არაერთი ატირებული დედა მთხოვს, - მამაო, ილოცე ჩემი შვილისათვისო! იცით, როგორ იტანჯებიან ისინი?! ძალიან ცოტა მამაკაცისაგან მოისმენთ, - ილოცე, ჩემი შვილი გზას ასცდაო. დღესაც ერთმა ქალმა თავისი რვა შვილი მომიყვანა. საბრალო, როგორი კანკალით უბიძგებდა წინ თავის პატარებს, რათა რიგრიგობით მოსულიყვნენ და კურთხევა მიეღოთ. ამგვარად მოსული მამის ნახვა დიდი იშვიათობაა. თვით რუსეთიც დედებმა გადაარჩინეს. მამის ალერსი, თუკი მასში ღვთის მადლი არ ურევია, მშრალია, ხოლო დედის ალერსს, თვით ღვთის გარეშეც, თავისი სიტკბო აქვს. ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას, მაგრამ ეს სიყვარულიც მამისადმი დედობრივი სიყვარულისა და სინაზის ძალით ყალიბდება.
დედობრივი გამძლეობა
- წმინდა მამაო, წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ეგინელი ერთ-ერთ წერილში მონაზვნებს მოუწოდებს, არ დაავიწყდეთ, რომ ისინი ქალები არიან, მიბაძონ ღირს დედებს და არა ღირს მამებს. რატომ ამბობს ამას წმინდა მღვდელმთავარი, იქნებ იმიტომ, რომ ქალებს გამძლეობა აკლიათ? - ქალებს აკლიათ გამძლეობა?! განცვიფრებული ვარ მათი გამძლეობით! მათ ხომ შვიდი სიცოცხლე აქვთ! ქალის სხეული შესაძლოა, მამაკაცისაზე სუსტი იყოს, მაგრამ უფრო ძლიერი გული აქვს. როდესაც გულით მოქმედებს, მამაკაცსაც ჯობნის. მამაკაცს ხორციელი ძალა აქვს, მაგრამ დედაკაცისნაირი გული, არ გააჩნია. კატას ვაკვირდებოდი, რომელიც ჩემთან, სენაკში, თავის კნუტებთან ერთად მოვიდა: ისეთი გამხდარი იყო, ნეკნებს დაუთვლიდი! ერთხელ ჩემს ეზოში ქოფაკი შემოვარდა. ხვადმა კატამ, კურდმა, მაშინვე მოკურცხლა, ძუ კი საომრად მოემზადა. მზად იყო, ძაღლს შებმოდა. გავოცდი: საიდან აღმოაჩნდა ამდენი სიმამაცე?! ის თავის კნუტებს იცავდა!
დედა იტანჯება, იქანცება, მაგრამ ვერც ტკივილს გრძნობს და ვერც დაღლილობას. საკუთარ თავს შრომას აიძულებს, რადგანაც უყვარს შვილები, ოჯახი, ყოველივე ამას სიხარულით აკეთებს. დღე და ღამ მხართეძოზე წამოწოლილი ადამიანი უფრო იღლება, ვიდრე იგი. მახსოვს, როდესაც პატარები ვიყავით, დედაჩვენი იძულებული იყო, წყალი შორიდან ეზიდა, სადილ-ვახშამი გაეკეთებინა, გაერეცხა, მინდორში ემუშავა, ჩვენ, შვილებიც არ ვასვენებდით. როდესაც ერთმანეთში ვჩხუბობდით. მის აურაცხელ საქმეს განსჯაც ემატებოდა, მაგრამ ამბობდა, - ეს ჩემი მოვალეობაა, ყველაფერი უდრტვინველად უნდა ვაკეთოო. ამ სიტყვებში კეთილ აზრს ატანდა, მას უყვარდა ოჯახი, შვილები და ამიტომ საქმე და საზრუნავი ძალას არ აცლიდა. ყველაფერს გულით, სიხარულით აკეთებდა.
რაც მეტი დრო გადის, დედას მით უფრო უყვარს ოჯახი. ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფრო მეტი დაჟინებით სწირავს თავს მსხვერპლად, რათა შვილიშვილების გაზრდაც შეძლოს. ძალა დაეშრიტა, მაგრამ ყველა მოვალეობას გულით ასრულებს. მისი ძალა ქმრისასაც აღემატება და იმ ძალასაც, ახალგაზრდობაში რომ ჰქონდა.
- ქალები ავადმყოფობაშიც გაცილებით ცივსისხლიანები არიან, ვიდრე მამაკაცები.
- დედა ძალიან ხშირად მდგარა ავადმყოფი შვილის სარეცლის წინ. იცის, რა არის ავადმყოფობა, ახსოვს, მის პატარას რამდენჯერ აუწია სიცხემ და რამდენჯერ დაუვარდა. უამრავი სხვადასხვა სცენა აქვს ნანახი: მაგალითად, ბავშვი, რომელიც იხრჩობოდა, ან გონებას კარგავდა, როგორ მოიყვანა გონს ლოყაზე ხელის შემორტყმით. მამაკაცს ეს ყოველივე არ უნახავს და არ იცის. ამიტომ, როდესაც გაიგებს, ბავშვს სიცხემ აუწია, ან ფერი დაკარგაო, დაფეთებული ყვირის, - ბავშვი იღუპება! რაღა უნდა ვქნათ, რა გვეშველება?! სასწრაფოდ ექიმს დავურეკოთო!
ოჯახური მეურნეობა და დედის სულიერი ცხოვრება
- როგორ უნდა მოაგვაროს დიასახლისმა საკუთარი საქმეები ისე, რომ დრო ლოცვისთვისაც დარჩეს, როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს ლოცვასა და სამუშაოს შორის? - ქალებმა საქმეში ზომა არ იციან. საქმესა და საზრუნავს ახალ-ახალ საქმეს და საზრუნავს უმატებენ ხოლმე. რამდენადაც ქალებს მდიდარი გული აქვთ, ისინი მარჯვედ აწესრიგებენ საკუთარი სულის "საშინაო მეურნეობას", მაგრამ სანაცვლოდ გულს ათასგვარ წვრილმანზე ხარჯავენ. დავუშვათ, გვაქვს ულამაზესი ორნამენტებით შემკული ფუჟერი, ეს შემკულობა მას, რა თქმა უნდა, ხელს არ უშლის თავისი დანიშნულების შესრულებაში. ქალები გამყიდველს ემუდარებიან, - ასეთი და ამნაირზოლიანი მინდაო. ყვავილი თუა დახატული, სიხარულით ცას წვდებიან. სწორედ ამგვარად ფლანგავს ქალი თავის პოტენციალს. ძალიან იშვიათად შეხვდები მამაკაცს, მსგავს რამეს ყურადღებას რომ აქცევდეს. ხშირად ვერც კი ამჩნევს, მისი მაგიდის ლამპა შავია თუ ყავისფერი, ქალი კი პირიქით. ის ლამაზ ნივთს გულის ნაწილს უძღვნის, მეორე ნაწილს მეორე "სილამაზეს" ჩუქნის და ყოველივე ამის შემდეგ ქრისტესთვის რაღა დარჩება? მთქნარება და დაღლილობა ლოცვის დროს! რაც უფრო შორდება ქალის გული ლამაზ ნივთებს, მით მტკიცედ უახლოვდება ქრისტეს. ხოლო თუკი გული ქრისტეს მიუძღვნა, მაშინ უდიდეს ძალას იძენს. რამდენიმე დღის წინ შევხვდი ქალს, რომელიც მთელი არსებით ქრისტეს ეკუთვნოდა, როგორ ელავდა მასში რაღაც ტკბილი ნათება! ყოველგვარ საქმეს გულმხურვალედ აღასრულებდა. წარსულში კეთილი ერის ქალი იყო, მისი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე აინთო ნაპერწკალი. მოიშორა ოქროს სამკაული და ძვირფასი ტანსაცმელი. დღეს ის საოცარი უბრალოებით ცხოვრობს. იღვწის, სულიერად მუშაობს საკუთარ თავზე. საოცარი თავგანწირვითაა აღსავსე მისი ყველა მოქმედება! მოშურნე და მიმბაძველია წმიდანებისა. იცით, რამდენს ლოცულობს სკვნილზე, როგორ მარხულობს, რამდენ დროს უთმობს ფსალმუნის კითხვას?!. მოღვაწეობა დღეს მის საკვებად იქცა.
- წმინდა მამაო, ერთმა დედამ მითხრა, ფიზიკურად ძალიან სუსტი ვარ და მეტისმეტად ვიღლები. საკუთარი საქმეების კეთებასაც კი ვერ ვასწრებ და არც ლოცვისთვის მრჩება დროო.
- ლოცვისთვის დრო რომ დარჩეს, ცხოვრება უნდა გაამარტივოს. უბრალოების დახმარებით დედა შესაძლოა, დიდად წარემატოს. მხოლოდ მაშინ შეუძლია თქვას, დავიღალეო, როდესაც თავისი ცხოვრება კი გაამარტივა, მაგრამ საქმეს მაინც ვერ ასდის, რადგანაც ბევრი შვილი ჰყავს. მაგრამ თუკი უამრავ დროს კარგავს სახლ-კარის ისე მოსაწყობად, რომ ხალხი გააკვირვოს, სათქმელი აღარაფერია. ზოგიერთი დედა, იმიტომ, რომ ყველა ნივთი თავის ადგილას იდოს, თავის პატარებს ნებას არ აძლევს, ადგილიდან დაძრან სკამი ან ბალიში. ასეთი დედები ბავშვებს ყაზარმული დისციპლინით ცხოვრებას აიძულებენ და ამის გამო ბავშვები მთლად ნორმალურები ვერ იზრდებიან. ბავშვების სულში შიში სახლდება და სწორედ ამ შიშის გამოა, რომ ასეთი დისციპლინით ცხოვრობენ. ერთხელ აღმოვჩნდი ოჯახში, სადაც ბევრი ბავშვი იყო. ძალიან მახარებდნენ ეს პატარები თავიათი ბავშვური ანცობით, რომელსაც ახშობდა ერული წესრიგი, მათ რომ მოუწოდებდა: "ყველა ნივთი თავის ადგილას"! ეს წესრიგი უდიდესი უწესობაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს ძალ-ღონეს აცლის.
დედებისთვის უმჯობესი იქნება, თუკი მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობენ. დაე, ქრისტეზე ელაპარაკონ მათ, წმინდანთა ცხოვრება წაუკითხონ. ამასთანავე, დედა საკუთარი სულის განწმენდაზეც უნდა ზრუნავდეს, რათა სულიერად ანათებდეს. დედის სულიერი ცხოვრება შეუმჩნევლად, უხმაუროდ, შვილების სულებსაც დაეხმარება. ამგვარად, მისი შვილებიც სიხარულით იცხოვრებენ და თვითონაც ბედნიერი იქნება, იმიტომ, რომ მასში ქრისტე იქნება დავანებული. თუკი დედას იმის დროც კი არ ექნება, რომ "წმინდაო ღმერთო" წაიკითხოს, როგორ იკურთხებიან მისი შვილები?
- როგორ უნდა მოიქცეს დედა, თუ მას ბევრი შვილი ჰყავს და ბევრი საზრუნავიც აქვს?
- განა არ შეუძლია, საქმის კეთებისას ილოცოს? მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. ცელქობის გამო გაწყრომას რომ დაგვიპირებდა, იწყებდა ლოცვას: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც ღუმელში პურს გამოსაცხობად შედებდა, დედა წარმოსთქვამდა: "სახელითა იესო ქრისტესითა და ყოვლაწმიდისა ღვთისმშობელისათა". ცომს ზელდა, თუ კერძს ამზადებდა, გამუდმებით იესოს ლოცვას აღასრულებდა. ამგვარად იკურთხებოდა თავადაც და იკურთხებოდა ის საჭმელი და პური, რომელსაც ამზადებდა, იკურთხებოდნენ ამ საკვების მიმღებნი.
რამდენ დედას, წმინდა ცხოვრებით რომ ცხოვრობდა, შვილებიც წმინდა და უმწიკვლო ჰყოლია! გავიხსენოთ წმინდა ბერის, ჰაჯი-გიორგის დედა. ამ კურთხეული დედის რძეც კი ყრმა გაბრიელის (ასე ეძახდნენ ერში ჰაჯი-გიორგის) მოღვაწეობას შეეწეოდა! ამ ქალმა ორი შვილი შობა, რომლებიც შემდეგ ქალწულებაში ცხოვრობდნენ, მეუღლეებს ერთმანეთი და-ძმასავით უყვარდათ. ჰაჯი-გიორგის დედა ბავშვობიდანვე მოღვაწეობრივი სულით გამოირჩეოდა, მისი და კი მოღვაწე მონაზონი იყო. იგი ხშირად ნახულობდა მონაზონ დას, ხშირად მიდიოდა მასთან შვილებთან ერთად. გაბრიელის მამაც ღვთისმოსავი იყო. ის ვაჭრობდა და უმეტეს დროს მოგზაურობდა. დედა უბრალოდ ცხოვრობდა, ამაო საზრუნავზე დიდ დროს არ ხარჯავდა, თან მიჰყავდა თავისი ვაჟი და სხვა ქალებთან ერთად ღამისთევის ლოცვაზე დადიოდა. მსახურებები ზოგჯერ გამოქვაბულში აღესრულებოდა, ზოგჯერ - სხვადასხვა სამლოცველოში. ამიტომ იყო, რომ შემდეგში მისმა შვილმა სიწმინდის ამ საფეხურს მიაღწია.
დედის კურთხევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუკი დედას სიმდაბლე და ღვთის შიში აქვს, ოჯახში ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. მე ვიცნობ ახალგაზრდა დედებს, სახე რომ უბრწყინავთ, თუმცა მათ არავინ ეხმარება. როდესაც ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა, ყოველთვის ვხვდები, თუ როგორ მდგომარეობაში არიან მათი დედები.
მრავალშვილიანი ოჯახები
მრავალშვილიანი ოჯახები ღმერთს განსაკუთრებით უყვარს და მათზე განსაკუთრებულად ზრუნავს. დიდ ოჯახებში ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის უფრო მეტი კეთილსასურველი შესაძლებლობა ეძლევათ. - ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები სწორად ზრდიან მათ. მრავალშვილიანი ოჯახის ერთი ბავშვი მეორეს ეხმარება. უფროსი გოგონა მხარში უდგას დედას, მომდევნოები პატარებს ადევნებენ თვალყურს და ასე შემდეგ. ანუ, ასეთი ბავშვები ერთმანეთისთვის სდებენ თავს და თავგანწირვისა და სიყვარულის ატმოსფეროში ცხოვრობენ. უმცროსს უყვარს უფროსი და პატივს სცემს მას. ეს სიყვარული და პატივისცემა მრავალშვილიან ოჯახებში ბუნებრივად წარმოიშობა. ამიტომ, თუკი ოჯახში იზრდება მხოლოდ ერთი, ან ორი ბავშვი, მშობლებმა მათ აღზრდას აუცილებლად უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციონ. როგორც წესი, ასეთ ოჯახებში მშობლები ცდილობენ, რომ მათ არაფერი მოაკლონ. ასეთ ბავშვებს აქვთ ყველაფერი, რასაც კი მოისურვებენ და ამიტომ სრულიად უსუსურები არიან. მდიდარი მშობლების ერთადერთი ქალიშვილი უზრუნველია. მოახლე დროულად უშლის სუფრას, მიხედავს მის ოთახს, ყოველგვარ საქმეს გააკეთებს. ეს მოახლე თავისი შრომის საზღაურს იღებს, მაგრამ, ამავე დროს, სათნოებასაც აღასრულებს - ამგვარი შრომით სხვებისათვის სიკეთე მოაქვს. მაშინ, როდესაც გოგონა, რომელსაც იგი ემსახურება, თავგანწირვის ყოველგვარ უნარს მოკლებულია. ის დაუმთავრებელ ადამიანად რჩება. მე ვურჩევ ყმაწვილებს, მრავალშვილიანი ოჯახების ქალიშვილებზე დაქორწინდნენ. გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვები გაცილებით თავგანწირულნი არიან, გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ მშობლებს. ხოლო ფუფუნებაში გაზრდილნი ასეთები იშვიათად გამოდიან.
თუმცა, მრავალშვილიანი ოჯახების მარტო ბავშვებს კი არა, მშობლებსაც უაღრესად მდიდარი გული აქვთ. მახსოვს, რომ ოკუპაციის დროს მეზობლად პატარა ბავშვი ობლად დარჩა. ერთმა ღატაკმა კაცმა შეიბრალა ობოლი და თავის ათ შვილთან ერთად გაზარდა. და იცით, რა საოცარი წყალობა მიანიჭა შემდეგ ღმერთმა ამ ადამიანს? განა ღმერთი შეუწევნელად დატოვებს იმას, ვისაც ამგვარი ღვთისმოსაობის გამოვლენა ძალუძს?
მრავალი შვილის პატრონი შესაძლოა, თავდაპირველად ბევრ სირთულეს შეეჯახოს, მაგრამ მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს. ერთხელ, ერთი ექვსშვილიანი ოჯახის პატრონმა მთხოვა მელოცა, რომ ღმერთს მოელბო მისი ბინის პატრონების გულები, რათა მათი ოჯახი ქუჩაში არ დაეტოვებინათ. საუბედუროდ, არიან ისეთი მეპატრონეები, რომლებიც სახლს მიაქირავებენ ოჯახს, სადაც ცხოვრობს ორი ადამიანი და ხუთი ძაღლი ან კატა, მაგრამ არ სურთ, ბინა მისცენ მრავალშვილიან ოჯახს - ვაითუ, ბავშვებმა რამე გააფუჭონო. ამ საბრალო მრავალშვილიან მამას ძალა გამოეცალა. ერთმა მეპატრონემ სახლიდან გამოაგდო, მეორემ უარი უთხრა ბინის მიქირავებაზე. ოჯახის სარჩენად მუხლჩაუხრელად შრომობდა, ბინის ქირაზეც კი არ ევაჭრებოდა მეპატრონეებს, ოღონდ კი ნება მიეცათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ეცხოვრა ერთსა და იმავე სახლში და წანწალისგან დაესვენა. როდესაც ეს შევიტყვე, გული მეტკინა და დავამშვიდე, - ნუ განიცდი, ღმერთი ზრუნავს შენს შვილებზე, ის ხომ შემოქმედია, რომელიც ბავშვებს ყველაზე მთავრს - სულს ანიჭებს მაშინ, როდესაც შენ მეუღლესთან ერთად, როგორც ღვთის თანაშემოქმედები, მხოლოდ სხეულებს აძლევთ მათ. შესაბამისად, ღმერთი თქვენზე გაცილებით მეტად ზრუნავს თქვენს შვილებზე". ორ-სამ თვესაც არ გაევლო, რომ კაცი გახარებული მოვიდა ჩემთან და მითხრა: - დიდება უფალს! მან მე სახლი მომცა და კიდევ ბევრი ფულიც დამრჩაო და მიამბო: "სოფელში ვაპირებდი დაბრუნებას. გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი. ლატარიის ბილეთების გამყიდველი მომიახლოვდა და ბილეთის ყიდვა შემომთავაზა. მე, რამდენადაც ქრისტიანი ვარ, ლატარიის ბილეთებს არ ვყიდულობ, ამიტომ უარი ვუთხარი. მაგრამ მერე ვიფიქრე, ალბათ ძალიან უჭირს-მეთქი, მოვუხმე, ერთი ლატარიის ბილეთის ფული მივაწოდე, თუმცა, ბილეთის აღებას არ ვაპირებდი. მაგრამ გამყიდველი ღვთისმოსავი ადამიანი გამოდგა და მხოლოდ ფულის აღება არ მოინდომა. ამან ძალიან ამაღელვა და რადგან მისი დახმარება მსურდა, დავყაბულდი. თანაც ვიფიქრე: - ცოტა მაინც გავახარო ეს კაცი, მე კი, თუ ჩემს "ტიპიკონს" მცირედ დავარღვევ და გავღიზიანდები კიდეც, არაფერი დაშავდება-მეთქი. და აი, ჩემს მიერ ნაყიდი ლატარიის ბილეთი ბედნიერი აღმოჩნდა. ძალიან დიდი თანხა მოვიგე, ვიყიდე სახლი და იმისთვისაც დამრჩა, რომ ბავშვებს აღზრდა მივცე. გავიგე, სადაც ცხოვრობდა ლატარიის ბილეთების გამყიდველი, შეუმჩნევლად მივედი მის სახლში და საფოსტო ყუთში კონვერტით კარგა მოზრდილი თანხა ჩავუგდე. ვიცოდი, მისთვის ეს ფული ხელში რომ მიმეცა, არ აიღებდა. საოცარი საქმეა, როგორ მოქმედებს ღვთისმოსავ ადამიანებში საღვთო სიყვარული!