დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.
დედა წუხს შვილების ცუდი საქციელის გამო, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. "უგუნური შვილი დედის სევდაა", - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი. დედა ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს, დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლები და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.
უცხო მხარეში სასწავლებლად გაგზავნილმა ნეტარმა ავგუსტინემ მეგობრების ცუდ მაგალითს მიბაძა და მანიქეველთა ცრუ სწავლება მიიღო. თავზარდაცემული დედამისი, მონიკა, დღე და ღამ ცხარე ცრემლით ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი შვილი, გადაერჩინა დასაღუპად განწირული მისი სული. უფალმა შეისმინა გულმოკლული დედის ვედრება და სასწაულებრივად მიიყვანა თავისთან ადამიანი, ვინც შემდგომში ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გახდა.
მონიკა სახეა ჭეშმარიტი ქრისტიანი დედისა, რომელმაც სიცოცხლე შვილების ქრისტეს ნამდვილ მსახურებად აღზრდას მიუძღვნა.
აი, როგორ იგონებს თავად ნეტარი ავგუსტინე დედას: "უფალო, შენ შენი ჭეშმარიტი მსახურის ცრემლებმა და მუდარამ შეგძრა. ის იმაზე უფრო ცხარედ დამტიროდა, ვიდრე დედა მკვდარ შვილს დასტირის ხოლმე, რადგან მე შენთვის მკვდარს მხედავდა. შენ შეისმინე, უფალო, მისი. შენ არ უგულებელჰყავ მისი ცრემლები, რომელნიც ღვარად ჩამოსდიოდა, როცა კი ლოცვას აღავლენდა ხოლმე შენდამი" (ნეტარი ავგუსტინე "აღსარება"). აი, როგორია რწმენით და სიყვარულით გაცოცხლებული დედის ლოცვისა და ცრემლის ძალა!
მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა.
ეს ბუნებრივიც არის. შვილი დედის გულის ქვეშ ჩაისახება და დიდხანს ცხოვრობს მასთან ერთად ორგანულად. არავის ეგონოს, რომ ეს ერთობლივი ცხოვრება წყდება შვილისაგან დედის გამოყოფის, ან თუნდაც შვილის ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ. განა შეიძლება ამის შემდეგ დედის გულმა ვერ იგრძნოს შვილის სულიერი თუ ფიზიკური გასაჭირი, ან არ გამოეხმაუროს მის სიხარულს?! მისი ბედნიერება ხომ შვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული.
არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე დედისა.
წიგნიდან "დედის ცრემლები"