მღვდლის შვილები
ხშირად გვესმის, რომ ქრისტიანული ოჯახი მცირე ეკლესიაა. ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რაც შეიძლება მშობელმა შვილს დაუტოვოს, სულიერი ცხოვრებაა.
ადრეული ასაკიდანვე ჩაყრილი კეთილი საძირკველი, საეკლესიო მსახურებაზე ხშირი დასწრება (თუნდაც პატარას ჯერ კიდევ არ ესმოდეს, რა ხდება ტაძარში), სიყვარულით აღსავსე ოჯახური ატმოსფერო, მშობლების მაგალითი და ლოცვა წუთისოფლის ძნელად სავალ გზაზე ბავშვს მოსალოდნელი გაორებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილებისგან იფარავს. ქრისტიანულ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი აქვთ. მაგრამ აქ ერთი პრობლემაც იჩენს ხოლმე თავს, რის შესახებაც მონაზონი მაგდალინა წერს: "ზოგიერთ მართლმადიდებელ ოჯახში (და არცთუ იშვიათად - სასულიერო პირთა ოჯახებშიც) ბავშვები მეტისმეტად არიან გაჭყეპილები ღმერთსა და ეკლესიურ საქმეებზე საუბრებით. მათ შეიძლება ზრდილობის გამო მოგვისმინონ, მაგრამ სინამდვილეში სრულებით აღარ აინტერესებდეთ ღმერთის შესახებ საუბარი. უფრო მეტიც: ისინი იღლებიან და სურთ, დაისვენონ მისგან. ასეთი ბავშვებისგან ხანდახან მეტისმეტ ასკეტურობას მოითხოვენ და მეტისმეტად მძიმე ტვირთს ჰკიდებენ. არადა, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომელთაც უზრუნველი გართობა და მხიარულება სჭირდებათ. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი ამქვეყნად. "ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან" (ლუკა 12:48). ეს ბავშვები ამ სამყაროში ცხოვრობენ და იბრძვიან ფასეულობათა საკუთარი სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ბავშვობაში მიღებული სარწმუნოების გასათავისებლად, სახარებისეული იდეალების დროის სულისკვეთებისგან დასაცავად. ბრძოლა კი ადვილი არ არის. ამიტომ ვუსურვოთ მათ, რომ ყველა საქმეში გამოეძიებინოთ ნება ღვთისა და შესაბამისად წარემართოთ ცხოვრება, რადგან მხოლოდ უფლის ნების აღსრულებას შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერების მონიჭება".ქაშვეთის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ალექსი ადამაშვილს, ტკბილი, მეგობრული ოჯახი აქვს. 16 წლის მარიამისა და 13 წლის საბას ცხოვრება, საქმიანობა და ინტერესები მშობლების ლოცვით, მზრუნველობით, თანადგომითა და მფარველობით არის გარემოცული.
მარიამი იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული გოგონაა. იგი ორჯერ გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მარიამს ლექსებისა და ჩანახატების რამდენიმე კრებული აქვს გამოცემული. სულ ბოლო, "წვიმის ჩურჩული", ერთი წლის წინ წავიკითხე და უნებურად ედიშერ ყიფიანის სიტყვები გამახსენდა: "გოგონა თვითონ ჰგავდა სიმღერას, შთაგონების წუთებში შექმნილს..." 16 წელიც ხომ ის ასაკია, როცა ყველაფერში პოეზიას ხედავ, მძაფრად აღიქვამ სიკეთეს, სილამაზეს, ტკივილს... მარიამი საკუთარ სათქმელს, საკუთარ ხმას ეძებს, მიუყვება ათასჯერ განვლილ გზას და ათიათასჯერ ნაფიქრს ისევ ფიქრობს. მიაჩნია, რომ "ეს ქვეყანა ცხოვრობს მუსიკით, რომელიც კაცობრიობას გაჩენის დღიდან სდევს თან". ამიტომ უსმენს ქარს, მტკვრის სულის ხმას, წვიმის ჩურჩულს... შემოდგომის ყვითელ ფოთლებში ეძებს იმ სითბოს, ადამიანის გულს მალამოდ რომ დაედება.
მარიამის სარკმლიდან დანახული ცხოვრება მისი ჩანახატებივით მშვენიერია. "ქვეყანას ნათელი ადგას", "მთვარე დედოფალივით დაბრძანდება თავის სამფლობელოში"... "ყოველ დილით გადავყურებ ბუნების სამყაროს და მგონია, რომ ცხოვრების სილამაზის საიდუმლოს ამოხსნის საშუალება მეძლევა". მის აუმღვრეველ, ბავშვურ გულს აშფოთებს, რომ ამ წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში გვერდიგვერდ არსებობენ "სიყვარული, ძალადობა, სისასტიკე, ბედნიერება, გაზაფხული, სიძულვილი..." ასეა მოწყობილი სამყარო, რომელშიც ძნელია დარჩე გულუბრყვილო, გულღია არსებად, მაგრამ... მარიამი მაინც ოცნებობს წმინდა სიყვარულზე, რომლის ღირსიც თურმე უნდა გახდე: "ვეძებ სიყვარულს, ყველასთვის უცხოს, ნაზსა და ლამაზს..." - და დასძენს, რომ "ცხოვრება განსაზღვრული, იდუმალი დროა, რომლის განმავლობაშიც ღმერთთან შესახვედრად ვემზადებით".
მარიამს განზრახული აქვს, თეატრალურ ინსტიტუტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძოს სწავლა. მის ცხოვრებაში სულ ახლახან დაიხურა უმშვენიერესი ფურცელი - მოწაფეობის განუმეორებელი პერიოდი, რომელიც, ყველა ბავშვივით, უკვე ენატრება, თუმცა წინაც ხომ არაერთი ლამაზი წუთი ელის, რადგან სჯერა, რომ "სადაც დასასრულია, იქ დასაწყისიც იქნება აუცილებლად".
- მარიამ, როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და მამას?
- მამა არასოდეს თრგუნავს ჩემს ნებას, არ მართმევს იმას, რაც თავისუფალი პიროვნების აუცილებელი ნაწილია. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბოლომდე მასზე დამოკიდებული არ დავრჩე. მკაცრ ცენზურას არ გვიწესებს, გულღია ურთიერთობა აქვს ჩვენთან. ზოგჯერ მისი მხოლოდ გამომეტყველებაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ არასწორად მოვიქეცით.
მამას ოქროს შუალედის პოვნის უტყუარი ალღო აქვს - არც სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არც გადამეტებულად გვზღუდავს. უკიდურესობაში არასოდეს ვარდება. ცდილობს, სინდისის გრძნობა აღზარდოს ჩვენში. სასტიკ უარს არაფერზე მეუბნება. შეუფერებელს ისედაც არაფერს მოვთხოვ. იგი მენდობა, ამიტომაც უფრო გახსნილი ვარ მასთან და უფრო მეტად ვისმენ მის რჩევებს. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებია: "არაფერია უფრო ჭკუის სასწავლებელი, ვიდრე გიყვარდეს და უყვარდე". თუ რამე შემეშალა, მშვიდად და სიყვარულით მიხსნის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევას მასწავლის, მაგრამ არჩევანის გაკეთების საშუალებას მე მაძლევს... ერთხელ ერთ გოგონას უკითხავს ხანშიშესული ქალბატონისთვის: როგორ ვიცეკვოო? მას კი უთქვამს: იცეკვე ისე, რომ ეს სიხარულს განიჭებდეს, მაგრამ იხარე ისე, რომ როცა შინ დაბრუნებული შენს ოთახში შეხვალ, შეგეძლოს დადგე უფლის ხატის წინაშე და მადლობა შესწირო მას და არა ისე, რომ მისი შეხედვა გრცხვენოდესო. მამა ცდილობს, ჩემი ეკლესიური ცხოვრება ჭეშმარიტი იყოს და არა ხელოვნური. სულ იმას გვეუბნება, რომ საეკლესიო მსახურებაზე დასწრება დამამძიმებელი მოვალეობა კი არ უნდა იყოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმრთისგან დახმარების მიღების საშუალება. მას არასოდეს ენანება დრო ჩემთვის. გულწრფელად აინტერესებს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ანდა ვფიქრობ (ეს, რა თქმა უნდა, სულში ჩაძრომას არ გულისხმობს). ჩემი მეგობრები ხშირად გვსტუმრობენ. მამა ყველას ყურადღებითა და კეთილგანწყობით ანებივრებს, ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. ჩემი მეგობრებიც არასოდეს იბოჭებიან მასთან ურთიერთობისას. მრევლთანაც ისეთი ურთიერთობა აქვს, რომ თითოეულ მის სულიერ შვილს შეუძლია, თამამად უთხრას, რაც აწუხებს. თუმცა მრევლმა ისიც კარგად იცის, რომ არ უნდა გადასცდეს მოძღვარსა და მრევლს შორის არსებულ ზღვარს. მე არავისთვის არასოდეს მომიხვევია თავს ჩემი რწმენა. ეს არც ხელმეწიფება (რადგან არც ჩემი რწმენაა სრულყოფილი) და არც ვისურვებდი, ასე იყოს, რადგან ჩვენ ყველას გვსურს, ღმერთი გვიყვარდეს, გვწამდეს თავისუფლად. თანაც სიყვარული, ლოცვა და პირადი მაგალითი გაცილებით ქმედითია, ვიდრე სიტყვები.
- მარიამ, შენს ლექსებზე რას გვეტყვი, როდის დაიწყე წერა?
- ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი. დედაჩემი ფილოლოგია, ხშირად მიკითხავდა ლექსებს, ჰოდა, მეც მომინდა დამეწერა. პირველი ლექსი დედას მივუძღვენი. ჩემი ლექსების პირველი მკითხველი და შემფასებელიც ის არის. ჩემს ლექსებში ჩემი თაობის პრობლემები და საფიქრალია გამოთქმული. ყოველი ლექსი ჩემი სულის ბიოგრაფიაა და თითოეულს თავისი ადგილი უკავია ჩემს გულში.
არის წუთები, როცა სიტყვები გონებაში არ მიჩერდებიან. მეც იძულებული ვარ, ისინი თეთრ ფურცლებზე გადმოვიტანო და ყველას გავუმხილო, რაც ჩემს გულში ტრიალებს. ყველა ადამიანს აწუხებს შიში საკუთარი თავის ვერთქმისა. ჩემი პოეზიაც ამ შიშის დაძლევის მცდელობაა. ყველა ჩემი ლექსი თუ ჩანახატი ჩემი დიდი ოცნების პატარა ნაწილია. ჩემს გონებაში გაზრდილი, შემდეგ კი ლექსად ან მხატვრულ ფრაზებად გადმოღვრილი ჩემი შემოქმედება ადამიანთა სულამდე ჩაღწევას ცდილობს და არა შეფერადებულ ფრაზათა მიღებას.
საბა თბილისის I გიმნაზიის IX კლასში სწავლობს. ფეხბურთელია. თამაშობდა "ოლიმპის" გუნდში მამუკა ფანცულაიას ხელმძღვანელობით და თბილისის ჩემპიონიც გახდა. ამის შემდეგ მისით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, ასე რომ, მომავალი წლიდან საბა "დინამოს" აკადემიაში განაგრძობს სწავლას და ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობაზე ითამაშებს.
საეკლესიო დღესასწაულებზე საბა სტიქარით იმოსება და მამას ღვთისმსახურებაში ეხმარება.
- მამა ყოველთვის დიდ დროსა და ყურადღებას მითმობს. ეკლესიაში უფრო მკაცრია, ვიდრე შინ. მას არაფერს ვუმალავ, თუმცა ვიდრე მე ვეტყვი, თვითონვე ხვდება. საოცრად მგრძნობიარეა. მე და მამა ძმაკაცებივით ვართ. არ მზღუდავს, მაგრამ მღვდლის შვილობა, თავისთავად, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ვგრძნობ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვარ და ვცდილობ, ჩემი საქციელით ქრისტიანის ღირსება არ შეურაცხვყო. მამა მკაცრად არასოდეს მსჯის, მეგობრულად, ტკბილი სიტყვით შემაგონებს. ისე მექცევა, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ, იმედი გავუცრუო. უამრავი მეგობარი მყავს და ჩვენს შორის არავითარი ბარიერი არ არის. მამაჩემი ცდილობს, აღზარდოს ჩვენში თავგანწირვა ეკლესიის, ოჯახის, სამშობლოს, მეგობრების მიმართ. თავისი სიტყვით, ლოცვითა და პირადი მაგალითით მამხნევებს, ნათელი მომავლის რწმენას მინერგავს.
მამას ძალიან უყვარს ფეხბურთი. მეც ფეხბურთელობას ვაპირებ. მამა უდიდეს სტიმულს მაძლევს. მე ვამაყობ მისით და მინდა, ისეთი ვიყო, რომ მანაც იამაყოს ჩემით. ყველაზე მეტად კი უფლის მიმართ ვგრძნობ მადლიერებას იმის გამო, რომ მორწმუნე ოჯახში გავიზარდე.
ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი უგრეხელიძის ქალიშვილი მარიამი და იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი სხირტლაძის ქალიშვილი ნანა საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები არიან. ამ სკოლაში ძირითადად სასულიერო პირთა შვილები სწავლობენ. აქ ზნეობრივი ატმოსფერო შედარებით სუფთაა და ყურადღება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებზე არ არის გამახვილებული. თავიანთი ნიჭიერებით, ყოფაქცევითა და სიბეჯითით ეს გოგონები მართლაც რომ თითით საჩვენებელნი არიან.
მარიამ უგრეხელიძე:
- გადარბენა და ისევ გადარბენა - აი, ეს არის მამაჩემის ცხოვრების რიტმი. რა თქმა უნდა, მისი კარგად მესმის და თანავუგრძნობ, მაგრამ ამ თანაგრძნობის გამოხატვისთვის დროს ვერ ვპოულობ, რადგან მამაჩემი სულ ტაძარშია, სულ მრევლთანაა და ჩვენთვის - ჩემთვის და ჩემი უმცროსი დებისთვის - მხოლოდ საღამოობით იცლის.
მამა მკაცრი, მაგრამ საყვარელი მოძღვარია. მართალია, მე მის მრევლს არ ვეკუთვნი, მაგრამ მის სამწყსოში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, რომელიც მამაჩემზე აუგს იტყვის. ეს იმიტომ, რომ მამას ძალიან უყვარს თავისი მრევლი.
ბევრი მიიჩნევს, რომ მე უნდა ვიყო ზედმეტად წყნარი და მშვიდი; რომ არ შეიძლება ისე ვიქცეოდე, როგორც ჩემი თანატოლები. არადა, მეც მათნაირი ვარ; ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ მღვდლის შვილად მოავლინა ამქვეყნად. არცთუ იშვიათად მეკითხებიან: როგორია მამაჩემი სახლში, რას აკეთებს, როგორ გვეპყრობა და ა.შ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ის ჩემთვის უწინარეს ყოვლისა მამაა, რომელიც მიყვარს და მეყვარება. ვამაყობ, რომ გიორგი უგრეხელიძის, სასულიერო პირის შვილი ვარ, თუმცა მღვდლის შვილობა არ არის მსუბუქი ტვირთი.
ნანა სხირტლაძე:
- სანამ პატარა ვიყავი, ვერ ვგრძნობდი, რა არის რწმენა. დრო რომ გავიდა და გავიზარდე, შევისწავლე "ქრისტიანული სარწმუნოება", დავიწყე ლოცვა, მართლმადიდებელ ეკლესიაში ვთქვი აღსარება და ვეზიარე... ჩემდა გასაკვირად, თითქოს ახლაღა გავაცნობიერე, რომ თვითონვე ვიყავი მღვდლის ქალიშვილი. ამ გრძნობამ სიამაყით, პასუხისმგებლობის გრძნობით, მღვდლის მსახურებისადმი განსაკუთრებული ინტერესით ამავსო. დავიწყე დაკვირვება, თუ როგორ ცხოვრობს ჩემი მშობელი, როგორი ურთიერთობა აქვს მოწაფეებთან, მრევლთან და უბრალო მორწმუნეებთან, როგორ ანთებს სანთელს, რა ლოცვებს კითხულობს და ა.შ. დავრწმუნდი, რომ მღვდლის ოჯახი სიმშვიდითა და მიმტევებლობით განსხვავდება ჩვეულებრივი საერო ოჯახისგან. ვგრძნობ, რომ მღვდლის შვილობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ვცდილობ, რაიმე არ შემეშალოს, რათა ჩემი შეცდომით სხვა ბავშვი არ დავაბრკოლო. ვცდილობ, ჩემებურად შევასხა ხორცი იმ სწავლებას, რომლის მსახური და მქადაგებელიც მამაჩემია.