- ქრისტეს ეკლესიაში არის შვიდი საიდუმლო, ეს არის მადლმოსილი ქმედება, რომლის დროსაც ადამიანის თვალით უხილავად გადადის საღვთო მადლი. ამ საიდუმლოებებში პირველია ნათლისღების საიდუმლო. არის მირონცხების საიდუმლო, აღსარების საიდუმლო, ზიარების, ქორწინების, მღვდლობის საიდუმლო, ზეთის კურთხევის საიდუმლო. ამ შვიდ საიდუმლოთაგან არის რომელიმე აღმატებული? ერთმანეთზე აღმატებული ან დაქვემდებარებული არ არის. თანმიმდევრობის კუთხით კი პირველია ნათლისღების საიდუმლო. თუ ადამიანი ქრისტიანი არ გახდა, მაშინ მასზე სხვა საიდუმლოთა აღსრულება არ შეიძლება. ყველა მადლმოსილია და უფლის მადლის განზომვა ადამიანთათვის შეუძლებელია, ამიტომაც მათ შორის რაიმე უპირატესობა, დიფერენცირება ხარისხის მიხედვით არ შეიძლება. ნათლისღების საიდუმლო სათავეს იღებს მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ ნათელიღო იორდანეში, ანუ ეს ქმედება იყო, როცა იოანე ნათლისმცემელი გამოდის და დაიწყებს ქადაგებას. იგი უდაბნოში ცხოვრობდა და იზრდებოდა. 30 წლის გახდა იოანე. ამ ასაკზე ვამახვილებთ ყურაღებას იმიტომ, რომ ეს იყო ებრაელთა სჯულის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ 30 წლამდე ადამიანს არ შეეძლო სჯული განემარტა, ეწინასწარმეტყველა. 30 წლის ხდება რა იოანე, იწყებს მოწოდებას - "შეინანეთ, რადგანაც მოახლოებულია სასუფეველი ღვთისა". კი არ მოსულა, მოახლოებულია. იოანე არის სულიწმინდის მადლით განბრძნობილი ადამიანი, უფლის ნების სიტყვიერი გამომხატველი, უაღმატებულესი წინასწარმეტყველი. ამ შეფასებას თავად მაცხოვარი აძლევს. იოანე უფლის ნებას განაცხადებს, რომ მოსული არის უფლის ჟამი. მაშინ მაცხოვარი მიდის იოანესთან. იოანე მოუწოდებს, შეინანეთო, ანუ თქვენი ცოდვები განიშორეთ, რათა განამზადოთ გზანი უფლისანი და წრფელყვენით ალაგნი უფლისა. უფლის გზა ყველა ადამიანზე ინდივიდუალურია. ეს არის გზა, რომლითაცAადამიანი უნდა მივიდეს უფალთან. უფლის ალაგი არის ადამიანის გული. ღვთის მადლი დაივანებს ადამიანის გულში. თუ ადამიანის გული არ არის განწმენდილი ცოდვებისაგან, მაშინ მადლი ღვთისა მის გულში არ დაივანებს. ამიტომაც იოანე ამბობს: შეინანეთ, გაამზადეთ, განიწმინდეთ უფლის დასავანებელი ადგილი, თქვენი გულები. იოანეს გამოსვლას, მის ქადაგებას უამრავი ხალხი გამოეხმაურა, უამრავი ხალხი მიდის მასთან. აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და იოანე წყალში შთაფვლით აღასრულებს ნათლისღებას. იოანეს ნათლისღება და მოგვიანებით, სულიწმინდის მოფენის შემდეგ, ქრისტეს სახელით აღსრულებული ნათლისღება, სულიწმინდის მიფენაა. იოანეს ნათლისღება ამზადებს ხალხს უფლის მისაღებად, ხოლო ქრისტეს ნათლისღება - ეს არის მადლმოსილი სულიწმინდის გარდამომავალი საიდუმლო, რომლის დროსაც ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. ეს ცოდვა არის პირველქმნილი ცოდვაც და შეძენილიც.
ნათლისღების შემდეგ თავისუფალია ადამიანი ცოდვებისგან. ცოდვებისგან განთავისუფლება კი აღსარების საიდუმლოს საშუალებითაა შესაძლებელი.
როცა მაცხოვარი მიიყვანეს ტაძრად, 40 დღის იყო. ტაძარში მისულებს მხცოვანი სვიმეონი შეეგებათ, რომელმაც გულზე მიირქვა მაცხოვარი და ასეთი ლოცვები წარმოთქვა: "აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით". ჩემი ჟამი მოვიდა, ყველაფერი აღსრულდა, ახლა კი განმიტევე, გამიშვი, რომ გავიდე ამ სოფლიდანო. დღეს ნათლიას რომ ვეძახით, ძველქართულად მას მიმრქმელი ეწოდებოდა. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს ეკლესიაში.
ნაკურთხი წყალი
ყველაფერს ნათელი ეფინება, როცა იკურთხება წყალი. ნაკურთხი წყალი წლების განმავლობაში უხრწნელად ინახება. წყლის კურთხევის დროს სპეციალური ლოცვები იკითხება და წყალი უხრწნელ თვისებას იღებს. წყალი ჯვრის წყალში გავლებით იკურთხება, რომ ადამიანზე მეტი ღვთიური გავლენა მოახდინოს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, არჩევნების წინ რამდენიმეგზის მოხდა მთელი თბილისის კურთხევა. დავდიოდით საგალობლებით, საკმევლის კმევით და უფალს შევთხოვდით, სიმშვიდე ყოფილიყო. ღვთის შეწევნით, მართლაც ასე მოხდა. უზარმაზარი გავლენა იქონია პატრიარქის ლოცვამ და მისმა ბრძნულმა გადაწყვეტილებამ. უწმინდესი იმ პერიოდში განსაკუთრებით მოგვიწოდებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ლოცვა წაგვეკითხა, რომელიც "ქართლის ცხოვრებაშია" გადმოცემული.
ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ბრძენი, მლოცველი, მზრუნველია ჩვენი პატრიარქი. ღმერთმა მრავალჟამიერ სიცოცხლე მისცეს და მისი წინამძღოლობა არ მოაკლოს ჩვენს დედაეკლესიას.Eეკლესია ხომ კრებულია, ერთობაა და ჩვენი კრებული უწმინდესია. განამტკიცოს უფალმა. მივულოცავთ დაბადების 80 წლისთავს, აღსაყდრების 35 წლისთავს. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენი ძირძველი ქართული მიწები კვლავ შემოგვიერთოს. მივულოცავ სრულიად საქართველოს, საქრისტიანოს, "კარიბჭის" მკითხველს, მის გამომცემლებს - დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღვთის მადლი გადმოვიდეს თქვენზე, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.