-მეუფე ეფრემ, თანამედროვეობისგან რა უნდა მივიღოთ და რა არა?
-თანამედროვეობაში ბევრი რამ კარგია, რამაც შეიძლება ადამიანის განვითარებას კარგი სტიმული მისცეს, მაგრამ ამას ძალიან ბევრი უარყოფითი რამ მოყვება. წმინდა ანტონი დიდს ჰკითხეს: -რა არის ყველაზე დიდი სათნოება რაც ადამიანს სჭირდებაო? მან უპასუხა:-ეს არის გონიერება რომ გაარჩიო კეთილი და ბოროტი. მოდით აქედან დავიწყოთ. ხშირად აღრეულია, თეთრი და შავი და თუნდაც ისეთი ამაღლებული მცნება, როგოიც არის სიყვარული, ესეცკი დაამახინჯა თანამედროვეობამ და სიყვარულში სულ სხვა შინაარსი ჩადო. -თავისუფლება? ეს ღმერთმა აჩუქა ადამიანს, ამასაც დამახინჯებულად აწოდებენ. ხედავთ? როგორი მზაკვრული დროა, რომ სიტყვა ერთია, გესმის, მაგრამ მასში საპირისპირო შინაარსი იგულისხმება. ცოდვა, ასეთი ამაღლებული თვისების, სათნოების ხსენება ცოდვის გასამართლებლად უდიდესი მკრეხელობაა. სიყვარული უწოდო იმას, რაც გარყვნილებაა. თავისუფლება უწოდო იმას, რაც არის აღვირახსნილი ვნებების დაკმაყოფილება და ურჩობა ყოველგვარი ღვთიურის მიმართ. ღვთის გმობიდან დაწყებული ადამიანის შეურაცხყოფით დამთავრებული. ამიტომ ჩვენ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაყენოთ. რა არის სიყვარული? რა იგულისხმება? რა ვალდებულება აქვს? რა არის თავისუფლება? თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის თავისუფლებას. ეს არის ქაოსი, აღვირახსნილობა. თავისუფლება, პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა ღვთისა და მოყვასის წინაშე. რა არის თუნდაც ბედნიერება, კეთილდღეობა და სად უნდა ვეძებოთ. რა არის სიმაღლე, პირველობა. ყველა ადამიანში არის ჩადებული. როგორ უნდა ვიყო პირველი ან რაში უნდა ვიყო პირველი. ნუთუ ძალადობაა პირველობა და მიწიერი გავლენისა და ძალაუფლების მოპოვება. პირიქით, სიკეთის, სიყვარულის ქმნაშია. ურთიერთარს სიმძიმე იტვირთედ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ვინ ტვირთულობს? ყველას სურს, რომ თავად იყოს უზრუნველი და მას სხვები ემსახურონ. დაე, მთელი სამყარო ჩემი მსახური იყოს, დღეს ასე ფიქრობს ადამიანი. ამას რომ მიაღწიოს დიდი სიამოვნებით მიიღებს. ამიტომ ერთმანეთისგან უნდა ვიმოძრაოთ. წუთისოფელის ცდუნებები ჭაობში რომ მიგვათრევს ამას უნდა ვუთხრათ-არა! პირიქით, ჩვენი დასაწყისი და დასასრული უნდა ოყოს უფალი და მისი ნება, მისი მცნებები. ასე უცხოვრია ოდითგანვე ქართველ ადამიანს და ასე უნდა აღვზარდოთ დღევანდელი თაობა. სამწუხაროდ, ამასაც მოძველებურად მიიჩნევენ. მავანს ჰგონია, რომ მოძველებულია ეკლესიური ცხოვრება, ქრისტიანობა. თითქოს ადამიანმა რაღაც ახალი ცივილიზაცია აღმოაჩინა, არა. თვალი გავახილოთ, ეს არის დიდი სატყუარა. ეს ყველაფერი დიდი მახე და დიდი ილუზიაა. პირიქით, იქ არის ჩვენი ხსნა, სადაც უფალი მიგვითითებს. "მოვედით ჩემდა ყოველნი დამაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ". განსვენება, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული არის ღმერთში, ოღონდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით.
-მეუფე რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ სოციალურ ქსელებში ჩვენს ჩართულობაზე...
-სამწუხაროდ, სოციალური ქსელები უმართავი და უკონტროლოა. ინტერნეტი როგორ ითარგმნება, მსოფლიო აბლაბუდა ქსელი. მან ყველა და ყველაფერი დაიპყრო. ყველა ოჯახში შევიდა, თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროში შევიდა და ჩვენდა შეუმჩნევლად ისეთ დაავადებად იქცა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. არადა ეს დაავადებაა და დამოკიდებული ხდები. მნიშვნელობა არა აქვს რაზე ხარ დამოკიდებული და რა დაგღუპავს. სასმელი იქნება, ნარკოტიკი თუ სხვა რამ მიდრეკილება, მიჯაჭვულობა. ეს ამ დროის, XXI საუკუნის პრობლემაა. წინა საუკუნეების ადამიანებს ფიქრადაც არ მოუვიდოდათ ასეთი რამ, არადა ასეთი ხიბლით, თითქოს სარგებლიანობის შეპარვით შემოვიდა ეს ყველაფერი და ამაზე ადამიანი ცალსახად უარს ვერ ამბობს. აქაც ნებისყოფა და კონტროლია საჭირო. აქაც დაქვემდებარებაა საჭირო, რომ სულიერს, ქრისტიანულს დაექვემდებაროს სოციალური, მიწიერი, მატერიალური მოთხოვნილება თუ საქმიანობა. სული, როდესაც ძლიერია და წინ უძღვება ხორცს, ცხოვრებას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როდესაც პირიქით, ადამიანს სულიერი ცხოვრება ფეხქვეშ აქვს გათელილი და ყველაფერი მის ვნებებზე და პიროვნულ თუ ხორციელ მოთხოვნილებებზეა აწყობილი, აქ უკვე ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ჯოჯოხეთად იქცევა, იმატებს აგერსია, გაუტანლობა და ფაქტიურად ადამიანი ადამიანს სულიერად აღარ უყურებს. ადამიანის სული გაუხეშდა, გულგრილი გახდა, რადგან მიჯაჭულია ტექნიკურ, ინფორმაციულ სამყაროს და ადამიანს ადამიანი ავიწყდება. სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი ურთიერთობა და მხოლოდ ცივი ეკრანის მეშვეობით ხდება ადამიანებთან კავშირი. ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება კილომეტრების იქით. ეს რაღაც მომენტში მომგებიანია, თითქოს პროგრესია, სამაგიეროდ ცოცხალი ურთიერთობა დაიკარგა. სული სულს ვერ გრძობს, სითბო აღარ გადადის თვალებიდან, სიტყვით, მოფერებით, ნუგეშით. ჩვენს შორის შუამავალი გახდა არა სითბო, სიყვარული და მადლი, არამედ ცივი სამყარო, ეკრანი, ტექნიკა, ტელეფონი. თითქოს განვითარებამ უკან დაგვაბრუნა და მივსდევთ ამ სატყუარა ძაფს და ეს სადამდე მიგვიყვანს, სადამდე გაგრძელდება ეგრეთ წოდებული ადამიანის პროგრესული განვითარება? ეს არ უნდა ხდებოდეს სულიერების ხარჯზე. მატერია თავისთავად არ არის ბოროტება. მნიშვნელობა აქვს როგორ იყენებ. ღმერთმა შექმნა მატერიაც და გონებაც, ადამიანს ღმერთმა მისცა რაიმე ახალი რომ შექმნას და გამოიგონოს. ბუნებრივია ადამიანი განვითარებადი არსებაა, მაგრამ რა რის ხარჯზე? სულის ხარჯზე არ შეიძლება თუნდაც ტექნიკისა და ცხოვრების განვითარება.
დედა ეკლესია, ამ აბობოქრებულ ზღვაში არის როგორც ხომალდი, ნავთსაყუდელი, რომელსაც ადამიანები ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადაყავს. ჩვენ იქ უნდა შევიდეთ, იქ დავუგდოთ ხმა, რისკენ მოგვიწოდებს უფალი. უფალი გვეუბნება: "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". შევეცადოთ ყველა ადამიანში მოყვასი დავინახოთ. ადამიანმა ლოცვა უნდა თქვას გული რომ გაუთბეს და გაიაზროს ვინ არის ამ სამყაროში. რა უნდა აკეთოს იმ დღეს, მისი მოწოდებაა სიტყვით მაინც გასცეს სიკეთე. მადლი, სითბო გამოვიდეს მისგან და მისი დანახვა ადამიანებს კი არ სძულდეს, პირიქით უხაროდეთ. თითოეული ადამიანი ასე რომ ფიქრობდეს, ორი წუთით, დილით დაფიქრდეს საკუთარ თავზე. ჩემთვის მორიგი დღე იწყება და მოდი ეს დღე ჩემთვისაც და სხვებისთვისაც იყოს სითბოსა და სიყვარულის მომტანი და დაე, ვაპატიო სხვას. რაც არ უნდა განსაცდელი შემემთხვეს თავს მაქსიმალურად შევიკავებ. უფალო, მომეცი ძალა შენდობისა, მიტევებისა, სიყვარულისა. ეს ვთხოვოთ ყველამ. დაე ყველას ცხოვრებაში ყოველი დღე ასე იწყებოდეს. ვიმოძრაოთ ერთმანეთისკენ, არა ერთმანეთის საპირისპიროდ, არამედ ერთმანეთისკენ. ჩვენ დავინახავთ როგორი ბედნიერი და სამოთხისებრი გახდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენს ირგვლივაც ადამიანები ბედნიერები იქნებიან. ვფიქრობ, რომ დაუძლეველი არაფერია. ჩვენ ქართველებს გვაქვს ამის გამოცდილება, ამის ნიჭი. უბრალოდ ცოტა შემობრუნებაა საჭირო. ცოტა დაფიქრება და სინანულია საჭირო, რომ ვისაც გული ატკინე დაე, საღამოს გვეყოს იმის ძალა, რომ შენდობა ვთხოვოთ. საკუთარ თავში მაინც შევინანოთ.