კერპთაყვანისცემა
იყო დრო, როცა კერპმსახურებას ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული. აურაცხელი ქრისტიანის სისხლი დაღვრილა კერპთაყვანისცემასთან ჭიდილში... დღეს ისინი ცათა სასუფეველში მკვიდრობენ და ჩვენთვის ლოცულობენ.
"მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა", - ნათქვამია მრწამსში.
კერპების გაღმერთება რომ უდიდესი ცოდვაა, ყოველმა ჩვენგანმა იცის, მაგრამ ვართ კი თავისუფალნი ამ ცოდვისგან?! ერთი შეხედვით, არც ოქროს ქანდაკებებს ვცემთ თაყვანს და არც ციურ მნათობებს განვადიდებთ, მაგრამ მაინც...
გვესაუბრება ვაკის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (ჯიბუტი).
- მამაო, როგორ მიეცა კაცობრიობას რჯული და კონკრეტულად ათი მცნება?
- კაცობრიობისთვის ათი მცნების მიცემა ძველი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ფაქტობრივად, ამით ჩაეყარა საფუძველი საღვთო რჯულს, საღვთო რჯული კი ადამიანისთვის გზამკვლევია ცათა სასუფევლისკენ, რომლის მნიშვნელობაც ათასწლეულების განმავლობაში არ შემცირებულა, დღეს კი უფრო გვჭირდება ამ მცნებებით ხელმძღვანელობა, მათი დაცვა, რათა დღევანდელ სირთულეებით აღსავსე ცხოვრებაში არც მარჯვნივ გადავუხვიოთ და არც მარცხნივ, არამედ ღვთის ჭეშმარიტ გზაზე ვიაროთ. ღვთის მცნებები შეიძლება ბუნების კანონებს შევადაროთ. ბუნების კანონები უსულო ბუნებას, მატერიას აწესრიგებენ, ხოლო საღვთო მცნებები ზნეობრივ საფუძველს აძლევენ ადამიანის სულს. განსხვავება ის არის, რომ მატერია მკაცრად ემორჩილება ბუნების კანონებს, ადამიანი კი თავისუფალია ზნეობრივი კანონის მორჩილებისაგან. ადამიანის თავისუფლება ღვთის დიდი წყალობაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, სულიერად გაიზარდოს და სრულყოფას მიაღწიოს, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობასაც აკისრებს. ბუნების კანონები დროებითია, ისინი სამყაროსთან ერთად შეიქმნა და მასთან ერთადვე დაასრულებს არსებობას, ზნეობრივი კანონები კი მარადიულია. მათი საფუძველი შემოქმედმა თვით ადამიანის სულში ჩადო. ეს საფუძველი სინდისია, რომელიც გვკარნახობს, რა არის ცუდი და რა - კარგი.
თავად ათი მცნება კი კაცობრიობამ ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე მიიღო, მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველმა ებრაელი ხალხი ეგვიპტის ტყვეობიდან იხსნა. სინის მთასთან ებრაელებმა უფალს მორჩილება აღუთქვეს. მაშინ შემოქმედმა მოსეს უბრძანა, ერი რჯულის მისაღებად მოემზადებინა. ებრაელებმა მარხვითა და ლოცვით დაიწყეს მზადება. მესამე დღეს უფალმა მოსეს ათი მცნება მისცა, 40 დღის შემდეგ კი ეს მცნებები ქვის ორ ფილაზე ამოკვეთილი გადასცა და უბრძანა, ისინი აღთქმის კიდობანში შეენახათ, რათა მარადიულად დაეცვათ ხსოვნა იმ აღთქმისა, რომელიც უფალსა და ებრაელ ერს შორის დაიდო.
- საიდან იღებს სათავეს კერპთაყვანისმცემლობა?
- ბაბილონის გოდოლის უშედეგო მშენებლობის შემდეგ, როცა ღმერთმა ენები შეურივნა, ხალხი მთელ დედამიწაზე მიმოიფანტა. ადამიანებმა თანდათან დაივიწყეს შემოქმედი, ღმერთებად ციური სხეულები, ბუნების მოვლენები, მცენარეები, ცხოველები, ცეცხლი მიიჩნიეს და ქვის, ხისა თუ ლითონისგან მათი გამოსახულებების შექმნა, მათი თაყვანისცემა და მსახურება დაიწყეს. ასე წარმოიშვა კერპთაყვანისცემა.
წარმართული რელიგიური შეხედულებები ორი ტაპისაა. ერთია ნატურალიზმი - ბუნების მოვლენებისა და საგნების გაღმერთება, მეორე - პნევმატიზმი, სულის გაღმერთება. ამ ორი ტიპიდან არც ერთი არ გვხვდება სუფთა სახით, რელიგია ყოველთვის მათ ნაზავს წარმოადგენს. პირველ ტიპს მიეკუთვნება ფეტიშიზმი - გაღმერთება უსულო საგნებისა, რომლებსაც ზებუნებრივ თვისებებს მიაწერენ, საბაიზმი - ციური მნათობების გაღმერთება და თაყვანისცემა, ზოოლატრია და ზოოთეიზმი - ცხოველთა გაღმერთება. ამ ორ ტიპს ასევე მიეკუთვნება ტოტემიზმი - წმინდა წინაპარი ცხოველის, ტომის მამამთავრის რწმენა. მეორე ტიპი მოიცავს ანთროპომორფიზმს - ადამიანისა და მისი სულიერი თვისებების გაღმერთებას. მას მიეკუთვნება შამანიზმი - რწმენა განსაკუთრებული თვისებების მქონე ადამიანთა არსებობის, ადამიანებსა და ღვთაებებს შორის მათი შუამავლობის შესახებ, და შედარებით განვითარებული ბერძნულ-რომაული წარმართული შეხედულებები; ბრაჰმანიზმს, რომელიც ცდილობს გაათავისუფლოს ღმერთის იდეა გრძნობითი წარმოდგენებისგან და აღამაღლოს იგი უფრო მეტად სულიერ გაგებამდე და ანიმატიზმს - უპიროვნო ძალის რწმენა, რომელიც თითქოს ბუნებაში მოქმედებს და გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
- ებრაელებში თუ იყო ეს კერპთაყვანისმცემლობა გავრცელებული?
- თითქმის მთელი ძველი აღთქმა არის ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობასა და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემას შორის. ქრისტეს შობამდე ერთადერთი სარწმუნოების მიმდევარი ებრაელები ზოგჯერ ივიწყებდნენ ღმერთს და კერპების განდიდებას იწყებდნენ. ჯერ კიდევ სინის მთაზე იდგა მოსე და უფლისგან რჯულს იღებდა, როცა ებრაელები აარონს, მოსეს ძმას, კერპის გაკეთებას სთხოვდნენ. აარონს მცირე ყოყმანის შემდეგ ჩამოუსხამს ოქროს ხბო, რის გამოც ებრაელებს შეუძახიათ: აი, ისრაელო, შენი ღმერთები, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო.
ებრაელებმა აღთქმულ ქვეყანაში შესვლის შემდეგაც დაივიწყეს შემოქმედი და მეზობელ ხალხთა ღმერთებს დაუწყეს განდიდება. ზოგიერთი მეფე თავად ხდებოდა კერპმსახური და საკერპოებს მართავდა, რითაც სასტიკი სასჯელი დაიტეხა თავს.
- რა მდგომარეობა იყო საქართველოში გაქრისტიანებამდე? დღემდე ხომ არ შემორჩენილა რომელიმე წარმართული წეს-ჩვეულება?
- საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კერპმსახურების სხვადასხვა სახე გახლდათ გავრცელებული, თუმცა არსებობდა საერთოქართული ღვთაებებიც. ჩვენში, განსაკუთრებით - საქართველოს მთიანეთში, გავრცელებული დღეობები და ხატობები მეტწილად წარმართულია. ქართლ-კახეთში დღემდეა შემორჩენილი წეს-ჩვეულება, როცა გვალვასა თუ ავდარში საგანგებოდ გაკეთებულ თოჯინას ან ამორჩეულ ქალს სოფელ-სოფელ სარიტუალო სიმღერით დაატარებენ და ბოლოს წყლით ასველებენ. ისტორიკოსების მოწმობით, ეს სიმბოლური რიტუალი ღრუბელთბატონისთვის ადამიანის შეწირვის წარმართული ადათის გადმონაშთია. ასევე წარმართულია ფართოდ გავრცელებული ჭიაკოკონობა, რომელიც ავი სულების რწმენას უკავშირდება.
ქართულ მატიანეებში შემონახულია ცნობები ქართულ წარმართულ პანთეონში ახალი ღვთაებების გაჩენის შესახებ. არან ქართლის მეფის ძემ აზომ მცხეთაში მოიტანა უძველესი კერპები გაცი და გაიმი. ფარნავაზს ტახტზე ასვლის შემდგომ არმაზის კერპი აღუმართავს, საურმაგს - აინინას კერპი, მირვანს - დანინასი, ფარნაჯომს - ზადენისა.
საქართველოში კერპმსახურების ბატონობას წერტილი დაუსვა მოციქულთა სწორის ნინოს ქადაგებამ და ღვაწლმა, მაგრამ წარმართობის გადმონაშთები არაეკლესიურ ხალხში დღესაც ცოცხლობს. წმინდა მამა გიორგი მთაწმინდელი გვაფრთხილებს: "სახელსდებანი იგი საწარმოთა კერპთანი, რომელნი მათ ღმერთად შერაცხეს, რომელნიმე - მამათა და რომელნიმე - დედათა, სრულიად მოისპენ - დიოს, ანუ აპოლოს, ანუ არტემის, ანუ გოჩი და გაცი და ბადაგონ და არმაზ ანუ რომელ იგი წნეხსა ყურძნისასა ბილწისა მის დიონისეს სახელს იტყვიან... ესე ყოველნი საეშმაკო არს და მოისპენ ქრისტიანეთაგან".
- აქედან გამომდინარე, რას კრძალავს მცნება "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი..."? როგორია მისი არსი?
- უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს: "ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებების მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი სიმდიდრეა. ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი. ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია. სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს".
- მაშ, კერპმსახურება მხოლოდ ქანდაკებების გაღმერთებას არ გულისხმობს?
- დიახ. დღეს ჩვენში კერპი კლასიკური სახით არსად დგას; კერპთაყვანისმცემლობა ფარული გახდა. მასობრივად არის გავრცელებული მისი შეფარული, შენიღბული, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ფორმები.
ბევრი ვერც კი აცნობიერებს, რომ ამა თუ იმ არაქრისტიანული ქმედებით, ცრურწმენით, რიტუალის შეუგნებელი აღსრულებითაც კი არღვევს ამ მცნებას.
თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა ნივთთა თაყვანისცემის ცოდვაშია ჩაფლული. ფართო მნიშვნელობით, კერპია არა მხოლოდ ცრუ ღმერთის გამოსახულება, სტიქია თუ ბუნების მოვლენა, არამედ ყველა და ყველაფერი, ვისაც და რასაც უფალზე წინ ვაყენებთ.
- თუმცა თანამედროვე ადამიანისთვის არც მნათობთა თაყვანისცემაა უცხო...
- მართალი ბრძანდებით, დღეს ასტროლოგიური პროგნოზები ისეთივე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როგორიც არის ამინდის პროგნოზი ან სპორტის სიახლენი, არადა, ასტროლოგია გარკვეული აზრით მნათობთა გაღმერთების მცდელობაა, მისი პროპაგანდა კი, ფაქტობრივად, კერპმსახურების პროპაგანდაა.
- თამბაქოს წევაც კერპმსახურებად ხომ არ ითვლება?
- თამბაქოს წევა, ისევე როგორც სხვა მავნე ჩვევები, შეიძლება კერპთაყვანისმცემლობად ჩაითვალოს, რადგან, გავიმეორებ, კერპია ყველაფერი, რასაც უფალზე წინ დავაყენებთ და მასზე მეტად მივაგებთ პატივს.
მწეველებმა ალბათ არც იციან, საიდან მოდის თამბაქოს წევის ჩვეულება.
როცა ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტზე დადგა ფეხი, შეხვდა ადგილობრივ ინდიელებს, რომლებსაც პირში ჩიბუხები ჰქონდათ გაჩრილი და ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდნენ. თამბაქოს წევა ინდიელთა რელიგიური რიტუალების ნაწილი იყო, ისინი ამ კვამლით თავიანთ ღვთაებებს უკმევდნენ გუნდრუკს. ბიბლიიდან ვიცით, რომ "ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან". ასე რომ, როცა დღეს ქრისტიანი ეწევა, ამით ბოროტს ახარებს.
- სექტანტები, ცრუქრისტიანები ხშირად გვდებენ ბრალს კერპმსახურებაში - მათი აზრით, წმინდანთა თაყვანისცემა კერპთა თაყვანისცემაა...
- როგორც ყოველთვის, სექტანტები აქაც ცდებიან. ბიბლია ხომ გვეუბნება (და ეს სექტანტებსაც სწამთ), რომ ადამიანებს ძალუძთ, ერთმანეთისთვის ილოცონ, ლოცვით შეეწიონ ერთმანეთს. ამავე დროს ბიბლია გვასწავლის, რომ ადამიანის სული უკვდავია, იმ ქვეყნად კი მარადიული ცხოვრებაა. ამგვარად, თუ ჩვენ ლოცვით ერთმანეთს ვეხმარებით, განა არ შეუძლიათ ღვთის წინაშე მდგომ წმინდანებს, ჩვენთვის მლოცველნი და მავედრებელნი იყვნენ? მათ ხომ თავიანთი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით უფლისგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს, მათ თხოვნას უფრო არ შეისმენს ღმერთი?
სექტანტებს არც ის მოსწონთ, რომ ხატებთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით. სინამდვილეში ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც ხატზეა გამოსახული. აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი სარკმელია ზეცისა.
- უფლის მთელი გულით, გონებითა და სულით შეყვარება ძნელია. უფალზე წინ უმეტესად ახლობლებს ვაყენებთ ხოლმე...
- მართალი ბრძანდებით. ხშირად ადამიანს დედ-მამა, და-ძმა, მეუღლე ღმერთზე მეტად უყვარს. ასეთი დამოკიდებულება ღვთისთვის სათნო არ არის. ადამიანების მიმართ ჩვენი სიყვარული სწორედ ღვთის სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. მაშინ იქნება ეს სიყვარული ნამდვილად ჯანსაღი, ქრისტიანული.
არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს აღმერთებენ, ქრისტეს გზას კი არ ასწავლიან, არამედ ამქვეყნიური სიამისკენ უბიძგებენ. შვილის დაღუპვა მშობლისთვის მძიმე განსაცდელია. ბევრი ვერ ახერხებს მის გადალახვას, სასოწარკვეთილებას ეძლევა, თავს იკლავს ან დარდით ცოცხალ მიცვალებულს ემსგავსება, ან კიდევ მეორე უკიდურესობაში ვარდება და გარდაცვლილს აკერპებს. რა თქმა უნდა, გარდაცვლილის სულისთვის უნდა ვიზრუნოთ, საფლავის მოვლა-პატრონობაც აუცილებელია, მაგრამ ეს ადამიანს ცხოვრების მიზნად არ უნდა ექცეს. მეტისმეტი გლოვით მიცვალებულებსაც ვაწუხებთ. არავინ უნდა დაიკავოს ჩვენს გულში ღმერთის ადგილი. უნდა გვახსოვდეს, რომ უპირატესი უფალია.
- ზოგჯერ მრევლი ტაძარში მოძღვრის გულისთვის დადის. რას იტყოდით ამ ტენდენციის შესახებ?
- მართლაც არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოძღვრის მრევლი მეტისმეტად არის მიჯაჭვული თავის მოძღვარს და სხვას არ ცნობს. რა თქმა უნდა, ეს უმართებულო დამოკიდებულებაა, მოძღვრის გაკერპებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ქრისტეს ვეკუთვნით და არა რომელიმე მოძღვარს.
დასასრულ, მინდა გავიხსენო ჩვენი პატრიარქის სიტყვები: "მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთის მსასოებელნი". ნუ დაგვავიწყდება ნურც პავლე მოციქულის გაფრთხილება: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს!" გვახსოვდეს, რომ ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია, რომ ყველანი უფლის ქმნილებანი ვართ. მაშ, დავუთმოთ მას ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი, ინებოს ღმერთმა, ჩვენი გულები მისი მყუდრო ნავსაყუდელი გამხდარიყოს.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე