- წმინდაო მამაო, როგორ შეუძლია ადამიანს დღესასწაულის სულიერად შეგრძნობა?
- იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმინდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთის განცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული, ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად, ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ. ერისკაცნი ესწრაფვიან, ქრისტეშობის არსს ღორის მწვადებით ჩასწვდნენ, აღდგომისას - ბატკნის, ხოლო ყველიერისას - კანფეტების მეშვეობით. ჭეშმარიტი ბერები კი ყოველდღიურად განიცდიან საღვთო მოვლენებს და გამუდმებით ხარობენ, ყოველ კვირაში ისე ცხოვრობენ, როგორც ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი სწორედ დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს, ანუ ქრისტეს ვნებებს განიცდიან. ყოველ კვირას აღდგომის დღესასწაულს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ხვდებიან. რა, განა აუცილებელია ვნების შვიდეულს ველოდეთ, ქრისტეს ვნებები რომ გავიხსენოთ?! თუ ერისკაცთათვის აუცილებელია სააღდგომო ბატკანს ელოდნენ იმისათვის, რომ მიხვდნენ, რას ნიშნავს: "ქრისტე აღსდგა?!" რა თქვა ქრისტემ?! "იყვენით განმზადებულ!" და არა - "მოდი, ახლა მომზადება დაიწყეთ". იმ წუთიდანვე, როდესაც ქრისტემ ბრძანა: "იყვენით განმზადებულ", - ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით ბერი გამუდმებით მზად უნდა იყოს. ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს და განიცდიდეს საღვთო მოვლენებს.
ყოველი დღესასწაულის მოვლენათა გამოძიებისას ადამიანი ბუნებრივად განიცდის მას და ღვთისმოსაობით ლოცულობს. ამასთანავე, ჩვენი გონება გამუდმებით ამ სადღესასწაულო მოვლენათა შორის უნდა იმყოფებოდეს და ღვთისმოსაობით მივდევდეთ ტროპარების შინაარსს. როცა კაცის გონება საღვთო აზრებითაა დატვირთული, განიცდის წმინდა მოვლენებს და ამგვარად იცვლება. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი რომელიმე წმინდანზე ვფიქრობთ, ვთქვათ, იმაზე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, ან იმაზე, ვისი ხსენებაც აღესრულება, ჩვენი გონება ცოტა უფრო შორს მიდის. მიდის ცაში. როდესაც წმინდანებზე ვფიქრობთ, წმინდანებიც ფიქრობენ ჩვენზე და გვეხმარებიან. ამგვარად უმეგობრდება ადამიანი წმინდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედოა. ამგვარად, მას, ვინც მარტო ცხოვრობს, იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმინდანებსა და მთელ სამყაროსთან.
იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასწაულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს ლოცვის გარდა სხვა არაფერი არ უნდა გააკეთოს. საბრალო ერისკაცნი ვნების შვიდეულში საერო საქმეებით არიან გართულნი, ხოლო დიდ პარასკევს ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ: "იბედნიერე!", "იდღეგრძელე!" ასე არ შეიძლება! მე დიდ პარასკევს ჩემს სენაკში ვიკეტები ხოლმე. ანგელოზებრივი სახის შემოსვის შემდეგ ახალაღკვეცილი ბერი - დიდსქემოსანი ერთი კვირის განმავლობაში დაყუდებული უნდა იყოს. ეს დაყუდების დღეები მეტად ეხმარება მას შემდგომში - ღვთის მადლი უვსებს სულს და ხვდება, რა აღსრულდა მასზე. ასეთივე დიდი სარგებელი მოაქვს დაყუდებას დღესასწაულებზე. სადღესასწაულო დღეებში გვეძლევა ხელსაყრელი შემთხვევა, ცოტა დავისვენოთ, წავიკითხოთ და ვილოცოთ. ამ დროს აუცილებლად გვეწვევა რაიმე კეთილი აზრი, ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, გარკვეულ დროს იესოს ლოცვას მივუძღვნით და ყოველივე ამის საშუალებით დღესასწაულის საღვთო მოვლენებს ჩავწვდებით.
თუკი ჩვენ, ბერები, როგორც საჭიროა, ისე არ მოვეკიდებით დღესასწაულებს, მაშინ რაღა უნდა ქნან ერისკაცებმა?
რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ! როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლებას ახალი სტილით დღესასწაულობდნენ, წმინდა მთაზე ყურძენი მოჰქონდათ იმ დროს, როდესაც ჩვენ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას. თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. იგივე ხდებოდა, თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხეტყე მოჰქონდათ. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო. მაგრამ წმინდა მთაზე ფიქრობდნენ: "რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?" ბერები ამჯობინებდნენ, დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხეტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოჰკლებოდნენ და კაცთა სულებიც ეცდუნებინათ.
დღეს კი... ერთი დღესასწაულის წინა დღეს რომელიღაც სავანეში მოვხვდი. ბერები ტვირთავდნენ ყურძენს. შემდეგ ძმები მის დასაწურად შეკრიბეს. საღამოს ღამისთევა მეორე დღისთვის გადაიტანეს. არადა, ეს ხომ დიდი დღესასწაული იყო! საჭიროების შემთხვევაში კანონი შეიძლება შევავიწროვოთო, - თქვეს. მეორე სავანეში დამწვარი შენობის აღსადგენად კვირა დღეებშიც კი მუშაობდნენ.
მერე რა - ხელახლა დაიწვება. ამას ხომ ერისანნი ხედავენ და ამბობენ: - დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ დღესასწაულებსო.
- წმინდაო მამაო, თუ დღესასწაულზე, ღამისთევის შემდეგ დაღლილობით თვალები გვეხუჭება, შეიძლება ამ დროს ხელსაქმე ვაკეთოთ და იესოს ლოცვა შევასრულოთ?
- განა მეტანიებს ვერ შევასრულებთ? ძილის განდევნაში ხელსაქმეზე მეტად მეტანიების შესრულება გვიშველის.
- კვირაობით? თუ მონაზვნის წესი წაკითხული გვაქვს, მაინც არ შეიძლება, რომ, მაგალითად, სკვნილები მოვქსოვოთ?
- რატომ უნდა ქსოვო, რატომ არ გინდა, რომ სულიერად გაძღე ამ დღეს? საუბედუროდ მონასტრებშიც კი რაღაც ერული სული გამეფდა. გავიგე, რომ ზოგიერთ მონასტერში დიდ დღესასწაულებზე და კვირაობით ნაშუადღევის შემდეგ ბერები მორჩილებაზე მიდიან. შეიძლება იფიქრო, შვილები შიმშილით ეხოცებათ ან სახლს საჯარო ვაჭრობით უყიდიან, რაღაც დიდი გაჭირვება ადგათო. სხვა საქმეა არქონდარიკში, სამზარეულოში მუშაობა. იქ მორჩილება კვირასაც უნდა შეასრულო და დღესასწაულზეც. ამ ნაწილს ხალხის გარეშე ვერ დატოვებ.
ზოგჯერ, როდესაც ჩემთან სენაკში თევზი მოაქვთ, მომტანს ვეუბნები: - აიღე და წადი-მეთქი. მონასტერში დღესასწაულზე თევზის მომზადებას თუ გადაჰყვებით, ამ დღესასწაულისგან რაღა სიხარულს მიიღებთ? გახსოვთ მამა მინა, წმინდა ანას სკიტიდან? ერთ კვირა დილას მეთევზემ თევზი მიუტანა ტაძრის დღესასწაულისთვის - ახალი თევზი მოგართვით, წმინდაო მამაოო. გაუკვირდა ბერს, - დღეს ხომ კვირაა, როდის დაიჭირეო. ამ დილითო. გადაყარე, - ურჩია მამა მინამ, - ეგ დაწყევლილი თევზია. თუ გინდა დარწმუნდე, ერთი ცალი კატას მიუგდე, ნახავ, რომ არ შეჭამსო. და მართლაც, კატამ ზიზღით ზურგი შეაქცია ნობათს! აი, როგორი გულისხმიერება ჰქონდათ ჩვენს მამებს!
თუ რაიმე გაჭირვებაა, მაშინ ბერები სკვნილზე ლოცვას აძლიერებენ. ღმერთი გონებას გაუნათლებს ვინმეს და მონასტერს ას დრაქმას შესწირავს. ბერის საქმე ლოცვაა, ვიღას მოვთხოვოთ ღმერთზე მინდობა, თუ ის ჩვენ თავად არ გვექნება, ერის ადამიანებს?! თუ ბერი თავის ცხოვრებას ღმერთს მიანდობს, ღმერთი აუცილებლად მოუსმენს. თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ვიყავი, იღუმენს ერთი კელიის მორჩილი ჰყავდა. მისი მოვალეობა ძმათა შეკრებისთვის დარბაზის მომზადება იყო. როცა ის ავად იყო ან რაიმე სხვას ავალებდნენ, მის მორჩილებას მე ვასრულებდი. ეს კაცი სიმკვირცხლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თუმცა საღვთო ლიტურგიაზე ბოლომდე რჩებოდა, თავის საქმეს მაინც უმკლავდებოდა. მე უფრო მკვირცხლი ვიყავი და დარბაზის მოსამზადებლადაც ლიტურგიის დამთავრებამდე გავდიოდი, საქმე მაინც ყოველთვის საწინააღმდეგოდ შემომიბრუნდებოდა ხოლმე. ხან ყავადანს გადავაბრუნებდი და ყავას დავღვრიდი, ხან ფინჯანი მიტყდებოდა, ხან წყლიანი ჭიქა მივარდებოდა ხელიდან... ის კაცი კი ლიტურგიის დასრულებამდე ტაძარში იდგა, პირჯვარს გამოისახავდა და სჯეროდა, რომ ღმერთი შეეწეოდა. თუ გალანძღავდნენ (იმის გამო, რომ მორჩილებაზე ადრე არ წავიდა), სიმდაბლით იღებდა. ამ ბერს სიმდაბლე ჰქონდა და ამიტომ ორმაგ სარგებელს იღებდა.
ბერისთვის საქმე და საზრუნავი პირველ ადგილზეა, ხოლო ლოცვა - მეორეზე, მისთვის მუშაობაა უფრო მნიშვნელოვანი და არა ლოცვა. ეს კი ამპარტავნებისა და ღვთის უსიყვარულობის ნიშანია. საქმე, რომელიც სრულდება, მაგრამ სულიერად ძარცვავს შემსრულებელს, კურთხეული არ არის. თუ ყურადღებას უპირველესად სულიერებას მივაპყრობთ, ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს. თუ ბერები დღესასწაულებს ისე არ მოვეკიდებით, როგორც საჭიროა, ერის ადამიანებმა რაღა ქნან? თუ ჩვენ არ შევასრულებთ სულიერ მოვალეობებს და შემწეობას წმინდანებს არ შევევედრებით, ვინღა შეევედრება მათ? ასე რომ, ჩვენ სიტყვით კი ვამბობთ, რომ ღმერთზე ვართ მინდობილნი, მაგრამ სინამდვილეში მისი ნდობა არ გვაქვს. თუ ბერულად შემოსილნი პატივს არ ვცემთ წმინდა კანონებს, ყველაფერს ვთელავთ და ვარცხვენთ, რაღა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?
ადამიანები დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მუშაობენ და მათ უბედურება დაატყდებათ ხოლმე თავს.
წესისამებრ, დღესასწაულის წინა დღეს მწუხრამდე ან კვირა დღეს ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ და დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ან დღესასწაულის დღეს ან წინა საღამოს რაიმე უმნიშვნელო საქმეს გააკეთებს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთი მსუბუქი სამუშაოც კი დიდი გონიერებით უნდა შევასრულოთ. ძველ დროში თვით ველზე მომუშავე გლეხებიც კი, როდესაც მწუხრის ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისთვის იყვნენ შეკრებილნი. წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვსა თუ სხვა ხელსაქმეს. და ღმერთიც აკურთხებდა მათ. ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისთვის უცხონი გახდნენ, გამომუშავებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ. ერთხელ ერთმა მამამ მითხრა: "ჩემი შვილი ხშირად ავადმყოფობს, ექიმებმა ვერ გაიგეს, რა ემართება". კვირაობით ნუღარ იმუშავებ და კარგად გახდება-მეთქი. მართლაც მომისმინა, კვირაობით მუშაობა შეწყვიტა და მისი შვილი გამოჯანმრთელდა.
ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს, კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გამოსავალს ყველა სიტუაციიდან მონახავ. ხოლო თუ ამგვარი გამოსავალი მცირეოდენ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული, ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ეს ადამიანები მიიღებენ, გაორმაგდება. ზოგიერთს ეს არ ესმის და კვირაობით და დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიასაც კი არ ესწრებიან. საღმრთო ლიტურგია განწმენდს ადამიანს. თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმინდება?
***
სარკის მამათა მონასტრის იღუმენი გიორგი (ედილაშვილი):- უფალმა ადამიანების სულის საცხოვნებლად ეკლესიაში შვიდი საიდუმლო დააწესა. წირვა - ეს არის უდიდესი ზეიმი მიწაზე. აქ ხდება მიწიერი ცხოვრების გამეორება, მისი ქადაგება. პირველად შობაა, როდესაც კვეთა ხდება უფლის მიერ, მისი ქადაგება სახარებისა, შემდეგ აღგომა და ამაღლება. ეს არის ძალიან დიდი მადლის მატარებელი, სულიწმინდა გარდამოდის და ყველა ადამიანი, ვინც სარწმუნოებით დაესწრება წმინდა წირვას, მისი სული გრძნობს შვებას, სიმსუბუქეს, სისავსეს. ეს მართლაც დიდი წყალობაა უფლისა. ზიარება უდიდესი საიდუმლოებაა. საიდუმლო სერობის დროს უფალმა პური ხორცად გარდააქცია და ღვინო სისხლად. ასე ხდება ყოველ წირვაზე. როდესაც ადამიანი სინანულით ეზიარება, ის საკურნებელია სულისა და ხორცისა, საგზალია საუკუნო ცხოვრებისა. მახსენდება სახარებისეული იგავი, როდესაც 12 წლის სისხლმდინარე დედაკაცი ვერაფრით განიკურნა და უფალს სამოსელზე შეეხო. მან მაშინვე კურნება მიიღო. თუ სარწმუნოებით უფლის შესამოსელზე შეხებით განიკურნა ეს ადამიანი ამდენი ტკივილისგან, რაოდენ დიდი კურნება ექნება ადამიანს, სინანულით რომ მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს. თუ სულიერად იცხოვრებს ადამიანი, პირველ რიგში, მადლობა უნდა შესწიროს უფალს ყველაფრისთვის, განვლილი ღამისთვის და როცა დაღამდება, ასევე მადლიერებით უნდა იყოს აღვსილი იმის გამო, რომ უფალმა მას კიდევ ერთი დღე აჩუქა გამოსწორებისთვის, უფლის შეცნობისთვის, სრულყოფისთვის, ცოდვების მიტევებისთვის. "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ყველა ადამიანი ცოდვილია და ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვებშია.
როგორც ყველა მონასტერს, ჩვენც გვაქვს მონასტრული ტიპიკონი. დილით ოთხ საათზე გვაქვს ცისკრის ლოცვები, შემდეგ მოდის წირვა. ცხრა საათზე ტრაპეზია, რასაც მოსდევს მორჩილებები. სხვადასხვა საჭიროებისთვის ვშრომობთ. ოთხის ნახევარზე ზარი მოგვიხმობს ტაძარში, ოთხ საათზე კი იწყება მეცხრე ჟამნი, მწუხრი. ტრაპეზი გვაქვს, შემდეგ სერობა. მერე პირად კანონებ ვასრულებთ. ყოველ დღესასწაულებზე და კვირაობით ღამისთევით ვწირავთ.
როგორი ძალაც გვაქვს, როგორი რწმენა და მოშურნეობაც, ისე ვემსახურებით უფალს. კარგი იქნება, უფრო მეტი რომ გვქონდეს.
დღესასწაულებზე მონასტერში ფიზიკურად არ ვმუშაობთ, უქმე გვაქვს, რათა შევიგრძნოთ დღესასწაულის სიდიადე. ადამიანი ამქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ უფალი შეიცნოს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ჭამოს და სვას. ასე ხომ პირუტყვებიც იქცევიან. ჩვენ ყველასგან, პირუტყვებისგან და სხვა არსებებისგან, იმით განვსხვავდებით, რომ უკვდავი სული გვაქვს. ვართ ჭეშმარიტი ღვთის აღმსარებელნი და გვაქვს გზა მოცემული ღვთისგან, რომ ვცხონდეთ, გადავრჩეთ, უფალთან მივიდეთ. სოლომონ ბრძენი ამბობს, ყველაფერი მქონდა - ქონებაც, სიმდიდრეც და ყველაფერი დრომ წაიღოო. ამბობს: "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს". ჩვენ ამაოებაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რათა შევიცნოთ უფალი და ვემსახუროთ.
***
სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ჩამოდიხართ, გვეხმარებით და ცდილობთ სხვადასხვა სასულიერო თემებზე ხალხს განმარტებები მისცეთ.
ეკლესია არის ქრისტეს ხორციელი სხეული მიწაზე. უფალმა დააწესა ეკლესიური შვიდი საიდუმლო. უფალმა შვიდი საიდუმლო დაამატა ძველი აღთქმის ათ მცნებას. მას არ გაუუქმებია ძველი აღთქმის მცნებები, უბრალოდ, ადამიანური, უფრო ჰუმანური გახადა. ეკლესია ხორციანი, სისხლიანი მსხვერპლშეწირვიდან უფალმა უსისხლო მსხვერპლშეწირვამდე მიგვიყვანა თავისი სიმბოლური მნიშვნელობით, ღვინითა და პურით.
გარდა შვიდი საიდუმლოსი, უფალმა ცხრა ნეტარებაც აუხსნა კაცობრიობას, ასწავლა საუფლო ლოცვები, მათ შორის "მამაო ჩვენო" მთასა ზედა ქადაგებისას. ამ ცხრა ნეტარებას ეკლესია განიხილავს იმ ანგელოზთა ცხრა დასის მიხედვით, წმინდანთაAცხრა დასის მიხედვით, რომლებიც უფლის გარშემო სუფევს. ესენი არიან წმინდა წინასწარმეტყველნი, წმინდა მღვდელმთავრები, წმინდა მოციქულნი, წმინდა მოწამენი მართლები - ღირსი და ღმერთშემოსილი მამები და დედები. ეს რაოდენობა ანგელოზთა დასთან ერთად ცხრა დასს შეადგენს. უფალმა ადამიანთა კატეგორიებზე მიუთითა, მათ შორის დაასახელა - მშვიდნი, კეთილისმყოფელნი, მოწყალენი...
მაცხოვარმა თანდათანობით დღესასწაულებსაც ჩაუყარა საფუძველი. "დღესასწაული" ქართული სიტყვაა და მიგვითითებს სასწაულ, ლამაზ და აღმატებულ დღეზე. დღესასწაულთა შორის პირველად მიიჩნევა ღვთისმშობლობა. მოგეხსენებათ, 14 სექტემბერს იწყება ინდიქტიონი ანუ საეკლესიო ახალი წელი და დღესასწაულთა რიგს იწყებს ღვთისმშობლობა. შემდგომი დღესასწაულები გახლავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ღვთისმშობლის ხარება, როდესაც ეუწყა, რომ დედა ღვთისმშობელი მუცლად იღებდა სულიწმინდისგან იესოს, მხსნელს. ამის შემდეგ მოდის დღესასწაულები - იესო ქრისტესთან დაკავშირებული. დღესასწაულთა რიგს ისევ ამთავრებს ღვთისმშობლის მიძინება, გარდაცვალება. ღვთისმშობლის შობა სექტემბერში აღინიშნება და საკითხავებში მითითებულია, თუ როგორი იყო წინასწარმეტყველება, როგორ უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი.
საუფლო დღესასწაულები ღამისთევით სრულდება. შობას და ნათლისღებას განსხვავებული მსახურებებია. მათ წინ უძღვის გარკეული ჟამნობა, რომელსაც დიდი სერობის ჟამნი ჰქვია. ამ დროს ძირითადად ძველი აღთქმიდან იკითხება ფსალმუნები. ეკლესია ხუთ პურს აკურთხებს ნიშნად უფლის ქმედებისა, სასწაულისა, რომელმაც ხუთი პურით ხუთი ათასი დააპურა. ამ მსახურებას აქვს ასევე ღვინო, ხორბალი და ზეთი. პურის კურთხევის დროს სამღვდელოება გამოდის საკურთხევლიდან და შუაგულ ტაძარში ტაბლაზე დებს ხუთ პურს, ღვინოს და ხორბალს. შესაბამისი ლოცვებით იკურთხება პური და აღესრულება დღესასწაულის ტროპარი, გალობა. პურის კურთხევის დროს საცეცხლურით ხდება შემოვლა. ხორბალი სიცოცხლეს განასახიერებს, ხორბალი ცოცხალი ორგანიზმია და სულს განასახიერებს. მიცვალებულის თავთან იმიტომ დებენ ხორბალს, რომ ცოცხალი არსებაა. ზეთი და ღვინო იმიტომ ახლავს პურის კურთხევას, რომ ადამიანებისთვის საკურნებლად იყოს. სახარებიდან ვიცით, როდესაც ავაზაკები ერთ-ერთ კაცს თავს დაესხნენ, მას ყურადღება არ მიაქცია ლევიტელმა. სამარიტელმა გამოიარა (სამარიტელნი ებრაელებისთვის საძულველნი იყვნენ). შეუხვია მას წყლულები, დაასხა ხელზე ზეთი და ღვინო. ზეთი და ღვინო საკურნებელია და ამიტომ არის პურის კურთხევის დროს. ეკლესია ზეთს შვიდგზის ზეთისცხების დროს იყენებს, საკურნებლად რომ იყოს სულისა და ხორცისა. პურის კურთხევაზე იკითხება ლოცვები. ამას ეწოდება ლიტია, რაც ბერძნულად გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. თითოეულ მუხლს მრევლი პასუხობს ოცდაათჯერ "უფალო, შეგვიწყალეს" თქმით. პურის კურთხევის დროს არის ჩართული ეს მსახურებები. ყველა ლოცვაში იმ წმინდანის შესახებაა საუბარი, რომლის ხსენებასაც ვდღესასწაულობთ.
ვინაიდან ძველი ქართულით აღესრულება მსახურება, ხშირად საჭირო ხდება განმარტება, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ადგილი. ამას ცალკე განმარტავს ხოლმე ქადაგებაში მღვდელი. შემდეგ მსახურება გადადის დიდი ცისკრის მსახურებაში. ცისკრის მსახურებას წინ უძღვის ექვსი ფსალმუნის კითხვა, რომელსაც მედავითნე ან დიაკვანი აღასრულებს. მონსატრებში ასეთი წესი იყო - ამ დროს შუქს გამორთავდნენ ხოლმე. ამას თავისი ახსნა აქვს. მედავითნე ექვსფსალმუნების წაკითხვისას განასახიერებს უფლის ანგელოზს. ექვსფსალმუნების თხუთმეტწუთიანი კითხვის დროს მღვდელი საკურთხეველში, ამბიონზე კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რაც მეორედ მოსვლის სამსჯავროს განასახიერებს. ამ დროს მრევლი ვალდებულია ფეხზე იდგეს ან მუხლმოყრილი იყოს და გულისყურით უსმენდეს ლოცვას. როგორც ეკლესია გვასწავლის, იმ თხუთმეტწუთიანი ინტერვალის განმავლობაში მოხდება კაცობრიობის განსჯა მეორედ მოსვლისას. როდესაც მთავრდება ექვსფსალმუნება, ამ ლოცვებს უძღვის მოკლე ან გრძელი კვერექსები. თუ მღვდელი მარტო მსახურობს, ის კითხულობს, თუ დიაკვანი მსახურობს, მაშინ მღვდელი ამბობს მხოლოდ ასამაღლებელს და დიაკვანი კვერექსის მუხლებს. ამ ფსალმუნთა წაკითხვისას შუქი კვლავ ინთება, ვინაიდან დღესასწაულია და ვამბობთ დიდ კვერექსს, მას ეკლესია მშვიდობიან კვერქსს ეძახის. მუხლობრივად ითქმება ლოცვები უფლის სადიდებლით, ყოვლადწმინდა სამების სადიდებლით, ბოლოს მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლით. თერთმეტი ლოცვისგან შედგება მშვიდობიანი კვერექსი.
ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის, რომ უფრო მივეახლოთ უფალს. საუფლო დღესასწაულები განსაკუთრებულია დედაეკლესიაში და გვახსენებს უფლის დედამიწაზე ყოფნის დროს შესრულებულ სასწაულებს. უფალმა ჩვენთვის ყველაფერი დაითმინდა, რათა ეჩვენებინა, რომ ადამიანები მარტო არ ვართ და უფლის მფარველობას ვგრძნობთ. უფალმა თავისი აღთქმა ძველ აღთქმაში შეასრულა იესო ქრისტეს მოვლინებით. ამას სჭირდება გულთან მიტანა. მოვალეობის მოხდის მიზნით, გაურკვევლად იქ ყოფნა არ ეპატიება ქრისტიან მრველს და თუ ვერ ვგებულობთ, აუცილებელია ღვთისმსახურს ვკითხოთ, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მსახურების თითოეული ადგილი. ამას აქვს თავისი გააზრებული და კანონზომიერი ფორმა, რომელიც გვაუწყებს განსაკუთრებული დღესასწაულის არსებობას.
მრევლი მარხულობს იმისთვის, რომ ნაკლები იფიქროს სხეულზე და უფრო მეტი - სულზე. ადამიანს რაც უფრო მეტი ენერგია დასჭირდება ხორციელი საზრდელის გადასამუშავებლად, ამ დროს სული უფრო მეტად მოსვენებულ მდგომარეობაშია და მეტი გულისყური რჩება უფალსა და საკუთარ სულზე. ნებისმიერ საუფლო დღესასწაულზე მრევლი უნდა ეზიაროს მაცხოვრის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლს. თითოეულმა ჩვენგანმა მთელი მონდომებით უნდა შეიგრძნოს დღესასწაულის არსი. უფალი უხილავია, უხილავად მყოფობს მსახურებებზე ანგელოზებთან ერთად და განგვაძლიერებს, შეგვეწევა და ნებისმიერი განსაცდელიდან დაგვიხსნის.
მონასტერში უფრო სრულად აღინიშნება დღესასწაულები. მონასტერში ყველა კვირა დღესასწაულია და ამიტომაც ღამისთევით აღინიშნება. ღამისთევა რატომ არის განსაკუთრებული მსახურების წესი? მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ქრისტიანები დევნილები იყვნენ და ჩვენი სულიერი წინაპრები მიტოვებულ მღვიმეებში ემალებოდნენ მდევნელთა თვალს, იკრიბებოდნენ საღამოობით მსახურებაზე წასასვლელად. მათ თან მიჰქონდათ პური და ღვინო. მონასტერში მსახურება საღამოს იწყება. დღესასწაულებზე მთელი ღამით საძმო ყველა ფსალმუნს გალობით აღასრულებს. მონასტერში სრულად იკითხება კანონი. მონასტრის წევრები თვითონ არიან მედავითნეები, სტიქაროსნები, დიაკვანი, მღვდელმსახურიც. მგალობლებიც მონასტრის წევრები არიან.
მე თვითონ მონასტერში მივიღე ინფორმაცია და სწავლება. მას შემდეგ ღამისთევაზე უკეთესად ვგრძნობ თავს. ეკლესია გვასწავლის - ადამიანის ენერგია ღამისთევისას იშრიტება, ძნელია ფეხზე დგომა, სამაგიეროდ, სული ხარობს და უფრო მეტ მადლს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი მსახურების დროს. მაშინ როცა ადამიანთა უმრავლესობას სძინავს, მონასტერში ბერ-მონაზვნები მსახურებენ. ამით აღდგება წესი იმ მსახურებისა, რომელიც ქართულ ეკლესიას ჰქონდა წლების განმავლობაში.
სოფელ სანებელში წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე მამათა მონასტერი ჯერჯერობით ორი წევრისგან შედგება. გვაქვს იმედი, რომ სხვასაც გაუჩნდება სურვილი და ჩვენთან ერთად განადიდებს უფალს. ჩვენს ეპარქიაში წმინდა ნიკოლოზის მონასტერი ყინწვისშია, მეორე იქნება სოფელ სანებელში. გვწამს, რომ წმინდა ნიკოლოზი შეგვეწევა მშენებლობის დასრულებაში. უფლისა და მისი შემწეობის დიდი იმედი გვაქვს.
წმინდა ნიკოლოზის მეოხება არ მოეშალოს ჩვენს ქვეყანას. მადლობას ვუხდი თქვენს რედაქციას ჩვენს მონასტერზე ზრუნვისთვის. იმედი გვაქვს, რომ "კარიბჭის" დახმარებით ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი შეეწიოს სანებლის წმინდა ნიკოლოზის მშენებარე მონასტერს.
უფალმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.