ქართულ სამონასტრო ცხოვრებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართული წყაროები სხვადასხვა პერიოდში ასამდე მოქმედ მონასტერს ასახელებენ. სამონასტრო აღმშენებლობის დასაბამი VI საუკუნეში სირიელი მამების საქართველოში მოსვლას უკავშირდება.
წმინდა მამები დროებით მცხეთის ახლოს, ზადენ გორაზე დაბინავდნენ. შემდეგ იოანე ზედაზნელი, მათი წინამძღოლი, აქვე დარჩა, ხოლო დანარჩენები მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ, რათა რელიგიის ცენტრები შეექმნათ და მონაზვნობის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი. მათ აქ 16-ზე მეტი მონასტერი ააშენეს: ზედაზნის, გარეჯის, შიომღვიმის, ალავერდის, მარტყოფის, ნეკრესის და სხვანი.
ბერები სამონასტროდ ისეთ გარემოს ირჩევდნენ, სადაც ასკეტური ცხოვრების, თავშეკავებული ყოფის საშუალება ექნებოდათ, სადაც ბუნება თავად მისცემდა მათ ბინასა და საზრდოს და სადაც მათი მოთხოვნილებები გარემოს შესაძლებლობებით იქნებოდა შეზღუდული. ამიტომაც ასურელმა მამებმა მონასტრების მშენებლობა უდაბურ, ხრიოკ ადგილებში დაიწყეს.
VIII-X საუკუნეებში ჩვენში სამონასტრო მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. მშენებლობა გაჩაღდა კლარჯეთში, ტაოსა და ქართლში. ამ წამოწყების თაოსანი გრიგოლ ხანძთელი იყო. მან ხუთი მონასტერი ააგო: სამი - მამათა და ორი - დედათა. ამდროინდელ ქართულ მონასტრებს უმეტესად საუცხოო მდებარეობა აქვს: მაღლობ, თვალწარმტაც, მშვენიერ ადგილებზეა აგებული და სრული მყუდროებით მოცული.
მაინც რა იყო მიზეზი, რომ ქართული მონასტრები ქალაქიდან მოშორებით არსებობდა? ალბათ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან განდგომისკენ სწრაფვა და სულის გადარჩენისთვის ბრძოლის წყურვილი. საერო ყოფის, ამაოებისგან მოშორებით ხომ ადამიანს მეტი საშუალება აქვს ასკეტური ცხოვრებისთვის.
მონასტერში ადამიანი ღვთის სიყვარულს მიჰყავს. აქ ის მარტოდმარტო რჩება ღვთის წინაშე და მისი გონება მხოლოდ ღვთის სათნო საქმეებით არის დაკავებული. მონაზვნობა საკუთარ თავსა და ღმერთთან განმარტოებაა; ამ მარტოობის საჭიროების გარეშე დარღვევა მონაზვნობის აღთქმის დარღვევა იქნებოდა. ამიტომ მონაზვნური ცხოვრების კეთილგონიერი წინამძღვრები და მასწავლებლები საგანგებოდ ასწავლიან მონაზვნად აღკვეცილებს განმარტოებით ყოფნას, აჩვენებენ, ერთი მხრივ, ამ განმარტოების მადლიან ნაყოფს და მეორე მხრივ - მისი დარღვევის უარყოფით შედეგებს.
ადამიანი თავად გრძნობს, სად არის მისი ადგილი. თითქოს უფალი მის გულს ხედავს და მოუწოდებს, საით წავიდეს. საკუთარი ნების უარყოფა და ღვთის ნებისაებრ ცხოვრება მონასტრული ყოფის უმთავრესი პირობაა. თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს ღვთის რჩეული, ესეც ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ბერ-მონაზონი მორჩილებით იღებს უფლის გადაწყვეტილებას.
მღვდელ-მონაზონი ეგნატე (კურტანიძე) ზემო სვანეთში რამდენიმე წელია მსახურობს. ის ვერც იქაურმა მკაცრმა ზამთარმა და ვერც მძიმე ყოფითმა პირობებმა ვერ დააბრკოლა, მიენდო ღმერთს და ბერული ცხოვრება სწორედ აქ დაიწყო, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს, განსაცვიფრებელი სილამაზის ბუნებით გამორჩეულ კუთხეში, სადაც შესანიშნავად არის შემონახული ეკლესიები, ხატები და ფრესკები. მხატვრობასთან ერთად სვანეთის ტაძრებმა ქართული ოქრომჭედლობის, ხელწერის, ჭედური ხელოვნების მრავალი ნიმუში შემოგვინახეს, რომლებშიც უდიდესი სულიერება და გასაოცარი მადლი იგრძნობა.
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას ორად ორი სასულიერო პირი ჰყავს. ერთ-ერთი მამა ეგნატეა. სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, სოფელ ლახუშტის მამათა მონასტერსაც უდგას სათავეში. მონასტერში არც ბერები არიან და არც მორჩილები; იქ მხოლოდ წინამძღვარი, მამა ეგნატე მსახურობს.
შესაძლოა, ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენიც იყოს ღვთის იმედად მყოფი, განმარტოებული ადამიანის ცხოვრება უზარმაზარ მწვერვალებს შორის, სადაც ზაფხული წელიწადში სულ რაღაც ორი თვე გრძელდება, ხოლო ზამთრისთვის მზადება ზამთრის მიწურულიდანვე იწყება. მრევლისა და ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ილარიონის (ქიტიაშვილის) მზრუნველობით, მამებიც მაშინ იწყებენ საზამთრო სარჩო-სანოვაგისთვის ზრუნვას. მათ კარგად იციან, რომ ღვთის შექმნილ ბუნების კანონებს წინ ვერავინ აღუდგება და დროს ღვთის სადიდებელ მსახურებაში ლევენ.
"ღერბეთ სილამეშდ" - ხშირად გაიგონებთ მორწმუნე სვანებისგან. ეს მათ ენაზე "უფალო, შეგვიწყალეს" ნიშნავს. სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობას ოდითგანვე ღრმა მოწიწება და დიდი სიყვარული აქვს ეკლესიებისა და სიწმინდეების მიმართ. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ სვანეთმა ამოდენა სულიერი განძი და სიწმინდე შემოგვინახა. როცა მამა ეგნატეს ვკითხე, ასეთ მკაცრ პირობებში როგორ ძლებთ-მეთქი, თავმდაბლად მიპასუხა:
- რა ვქნა, კი მიჭირს აქ ცხოვრება, მაგრამ იმდენი სიწმინდეა ამ კუთხეში, მათი დატოვება ნამდვილად გამიჭირდება.
როგორც ლატალის მკვიდრნი ამბობენ, ამ სოფელში 67 ტაძარი და ნატაძრალია. მათი უმეტესობა დანგრეულია. გარდა ამისა, ნატაძრალები ძნელად მისადგომია. ნამყოფი ვარ 16 ტაძარსა და რამდენიმე ნატაძრალში. ხუთ ტაძარში აღესრულება წირვა-ლოცვა. ერთ-ერთი ახალდაარსებული თანღილის მთავარანგელოზის მამათა მონასტერია, რომლის მოხატულობა IX საუკუნით თარიღდება. თანღილი სვანური სიტყვაა და პატარა უღელტეხილს ნიშნავს. ამ უღელტეხილით ორი სოფელი ერთმანეთს უკავშირდება. ადგილი ძნელად მისადგომია, სამანქანო გზიდან 40 წუთის სავალია საცალფეხო ბილიკით. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით აშენდა ორი სენაკი: ერთი - მეუფისთვის, მეორე - მორჩილთათვის. ვაპირებთ სატრაპეზოსა და სენაკების აშენებასაც. ეს ყველაფერი მრევლისა და სოფლის თანადგომით გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სოფლის მოსახლეობას. მარიამობის მარხვა მეუფემ მორჩილთან ერთად ამ მონასტერში გაატარა. გადაწყვეტილი აქვს, მარხვის განმავლობაში ამ მონასტერში იცხოვროს, მთავარანგელოზის ყველა დღესასწაულზე წირვა-ლოცვას მონასტერში აღვასრულებთ. მონასტრის მუდმივმოქმედება არ ხერხდება, რადგან ეპარქიაში სულ ორი მღვდელი ვართ და არც ბერები და მორჩილები გვყავს. სოფელ ლატალში არის XI-XII საუკუნის ტაძარიც, რომელიც იონა წინასწარმეტყველის სახელზეა აგებული. როგორც ვიცი, მისი სახელობის სხვა ეკლესია საქართველოში არ არის. ამ ტაძრის თითოეული ფრესკა ღვთიური მადლით აღგავსებს. ამ უბანსაც იენაში ჰქვია და წმინდანის სახელთან არის გაიგივებული. მესტიის მუზეუმში დაცულია XII საუკუნის ოთხთავი. მაცხოვრის ამაღლების ტაძარში არის დემეტრე I-ის (ბერობაში - დამიანეს) ფრესკა, სადაც მისი მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული. საქართველოში წმინდა დამიანეს ეს ერთადერთი ფრესკაა შემონახული. ტაძარი მოხატულია 1141 წელს. წირვა-ლოცვას ვატარებ სოფელ ბეჩოში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, რომელიც მეუფე ილარიონმა 2004 წელს, მიძინების დღესასწაულზე აკურთხა.
- მამა ეგნატე, გვიამბეთ, როგორ მოხვედით ტაძარში.
- დავიბადე და გავიზარდე დაბა სურამში. ვცხოვრობდი სამების (ღვთაების) ტაძართან. ბავშვობიდანვე ყოველ დილას ზარის რეკა ჩამესმოდა, რადგან ეს ტაძარი კომუნისტების პერიოდშიც კი მოქმედი იყო. მაშინ იქ მოღვაწეობდა ცნობილი მამა მიქაელი (ლომიძე). ბავშვობაში რელიგიასთან ჩემი კავშირი მხოლოდ აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე დასწრებით შემოიფარგლებოდა. რაკი ტაძარში ხალხმრავლობა იყო, ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ეზოში ვატარებდით. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ეკლესიური ცხოვრება უკვე აღარ იკრძალებოდა. 1996 წელს რუისისა და ურბნისის მღვდელმთავრად მეუფე იობი დაადგინეს. ამ წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. რაც უფრო ხშირად ვხედავდი სასულიერო პირებს, მით მეტად მიჩნდებოდა სურვილი, გავცნობოდი მათი ცხოვრების წესს. გადავწყვიტე მარხვის შენახვა, მარხვის მადლმა კი ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა. 1999 წელს სურამის ახალაშენებულ კვირაცხოვლობის ტაძარში, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, მამა სტეფანემ (კორინთელმა) ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარა და იმავე წელს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, სტიქაროსნად მაკურთხა.
2002 წელს მეუფე ილარიონი მესტიისა და ზემო სვანეთის ახალშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ღვთის ნებით, მას შემდეგ სვანეთში ვარ. ბერული ცხოვრების სურვილი მანამდეც მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება სვანეთში ყოფნისას მივიღე. 2003 წლის 2 აგვისტოს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (წინამძღვარი - დეკანოზი გიორგი ჩართოლანი) მეუფე ილარიონმა ბერად აღმკვეცა, ხოლო 10 აგვისტოს ამავე ტაძარში დიაკვნად მაკურთხა. 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქოზიფის მამათა მონასტერში მეუფე იობმა მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მღვდლად დამასხა ხელი. 2004 წლის 18 იანვარს მეუფე ილარიონმა სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად დამადგინა.
როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, არც ჩემს ოჯახს გახარებია ჩემი არჩევანი. მამა ბავშვობაში გარდამეცვალა, ჩემს აღკვეცას მესტიაში ჩემი ძმა ესწრებოდა. დედამ ბევრჯერ გამომიტირა, მაგრამ ბოლოს ჩემი თავი ღმერთს მიანდო და თქვა: იყოს ნება ღვთისაო. ღმერთმა ქნას, ყველანი მივენდოთ ღვთის ნებას ჩვენს არჩეულ გზაზე.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენც მუდამ ვგრძნობთ მის მფარველობას. ღმერთმა ინება, ღვთისმშობლის შობას სტიქაროსანი გავმხდარიყავი. სტიქარი ხომ სიმბოლურად უფლის კვართს განასახიერებს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე კი მღვდლად მაკურთხეს. მღვდელი ხომ სულიწმინდის მადლით აღივსება, რომლის მეოხებითაც უფალსა და ხალხს უნდა ემსახუროს. ეს ძალზე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს.
მიხდება მსახურება სოფელ ბეჩოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშიც. ამ სოფლის მოსახლეობამ მიამბო, რომ აქ მსახურობდა მამა გერმანე მემანიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს და ზეციურ იერუსალიმს შეუერთდა... ვინ იცის, კიდევ რამდენი წმინდანის ნაკვალევზე ვდგამთ ფეხს! მადლობა უფალს, მადლობა ღვთისმშობელს და მადლობა მეუფე ილარიონს.
მადლობა ჟურნალ "კარიბჭესა" და მის კოლექტივს. ღმერთმა დაგლოცოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი