ბუნება გადაშლილი წიგნია, ამ წიგნის ერთი ყდა ცაა, მეორე კი მიწა და ადამიანებმა მისი კითხვა უნდა ისწავლონ
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, კაცთმოყვარე და სახიერმა უფალმა სიტყვით ქმნა, არარსიდან არსად აქცია და მეუფედ ადამი დაუდგინა. ჩვენი ფიზიკური სხეულიც ბუნების განუყოფელი ნაწილია.
ბუნების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა, იგია ჩვენი მასაზრდოებელი და გამომზრდელი, რომელსაც ჩვენმა საოცარმა ენამ მრავლისმეტყველი სახელი - "დედამიწა" - უწოდა.ჟურნალის სტუმარია ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა იაკობი (უშიკიშვილი).
- ყველამ იცის, რომ ადამიანს ბუნების გარეშე ცხოვრება არ ძალუძს, მაგრამ რისთვის შექმნა ის უფალმა, თავდაპირველად რა დანიშნულება ჰქონდა მას?
- დასაბამიდან ღმერთმა ქმნა ცანი და ქვეყანა, ექვს დღეში განამზადა ხილული და უხილავი სამყარო და მეექვსე დღეს, როგორც მეუფე ამ სამყაროსი, შექმნა ადამიანი. როგორც მამები ამბობენ, ეს ყველაფერი უფალმა თავისი სახიერების გამო შექმნა, რათა "ნამეტნავი თავისი სიხარულისა და ნეტარებისა რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა". ეს ქმნილებები ქმნილებათა შორის, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ამ ნეტარებისა და სიხარულისათვის, იყვნენ ანგელოზები ზეცაში და ადამიანები მიწაზე. ადამიანისთვის შეიქმნა ეს ბუნება და ეს სამყარო - ცანი, ვარსკვლავნი, მზე, მთვარე, სტიქიები - მიწა, ჰაერი...
- ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ბუნებაში გასვლა რომ არ უყვარდეს. სხვა საკითხია, როგორ ვახერხებთ ამას დღევანდელ დატვირთულ ცხოვრებაში. რამდენად აუცილებელია ადამიანისთვის ბუნებასთან კონტაქტი?
- ბუნებისგან დაშორებამ ადამიანი თითქოს თავის ფესვებს მოსწყვიტა. ხშირად დეპრესირებულებს ბუნებასთან ურთიერთობას ურჩევენ - მიწაზე ფეხით სიარულს, ხის ნაყოფის მოკრეფას, ხის ქვეშ დადგომას, წყალთან კონტაქტს. ბუნებასთან ურთიერთობა ფსიქიკას აწყნარებს. მეცნიერულად არის დამტკიცებული ადამიანზე მწვანე ფერის დამამშვიდებელი მოქმედება. ბუნებასთან კონტაქტი აჩქარებს სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების პროცესებს.
ადამიანი თვითონ მიწაა, მიწისაგანაა შექმნილი. ამიტომაც არსებობს ეს მიზიდულობა. მიწანი ვართ და მასთან ახლოს უნდა ვიყოთ. კარგი იქნება, თუ ადამიანი როგორმე შეიქმნის პირობებს, რომ ცოტათი მაინც მიუახლოვდეს თავის დედას - მიწას, იმას, რაც სამოთხეში ჰქონდა. ბუნებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მან შეიძლება შეგვაცნობინოს ღმერთი. წმინდა ბარბარეს იმ წარმართულ, კერპთაყვანისცემის პერიოდში არვინ ჰყავდა მქადაგებელი და უფალი ბუნებაზე დაკვირვებით იპოვა. ამგვარად, ბუნება ის წიგნია, სადაც იკითხება ღმერთი. იგი ბევრ სულიერსა და ხორციელს აძლევს ადამიანს. შეხეთ, კურნების რამდენი მადლი აქვს მოცემული მცენარეებს!
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენგანს ევალება განღმრთობა - გვევალება, გავხდეთ ვითარცა ღმერთი, დავუბრუნდეთ ადამისეულ მდგომარეობას. ამის მაგალითი უამრავია. გახსოვთ ალბათ, შიო მღვიმელს მგელი ემსახურებოდა, იოანე ზედაზნელმა დათვი დაიმორჩილა და გადმოცემით, ამ მთაზე ეს მხეცი დღემდე არავის ვნებს..
- მაშ, სიმართლეა, რომ ამბობენ, ცხოველებს კეთილი ადამიანები უყვართო?
- ნამდვილად, ღირსი მამის, გერასიმეს ცხოვრებაში აღწერილია, რომ მან დიდი სიწმინდის გამო ლომი მოათვინიერა და გაზარდა, შემდეგ კი გაუშვა. გარკვეული ხნის შემდეგ ლომი დაბრუნდა, მაგრამ მამა გერასიმე გარდაცვლილი დახვდა. თავის კეთილისმყოფელს რომ ვერ მიაგნო, აღრიალდა. წაიყვანეს მამებმა და წმინდა გერასიმეს საფლავი აჩვენეს. ლომმა კი მის სამარეს თავი იქამდე ურტყა, სანამ არ მოკვდა.
ის კი არა, მცენარეებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ისინიც გრძნობენ ადამიანს. წყალზეც ჩაატარეს ცდა - "მოასმენინეს" საგალობელი, კლასიკური მუსიკა და მძიმე მუსიკა, შემდეგ მიკროსკოპით გადაიღეს. აღმოჩნდა, რომ ცვლილებები მოლეკულებზე აისახა: ძალიან ლამაზი ფორმა მიიღეს გალობამოსმენილმა მოლეკულებმა, შედარებით მდარე, მაგრამ არანაკლებ ლამაზი - მათ, რომლებმაც კლასიკური მუსიკა მოისმინეს, ხოლო მძიმე მუსიკამ ისე არია ისინი, ვერ გაიგებდით, რა ხდებოდა.
მამები ამბობენ, რომ ერთ ბილწ სიტყვას შეუძლია, უზარმაზარი ატმოსფერო დაანაგვიანოს. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაუკვირდეს, რამდენად ცოდვილია, რამდენს აფუჭებს თავისი სიტყვით.
- სახარებაში უფალი გვასწავლის, თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გექნებათ, მთებს გადადგამთო. რა ძალაუფლება მისცა ღმერთმა ადამიანს ბუნებაზე?
- ერთხელ ღირს მამა მარკოზ თრაკიელთან მივიდნენ და სახარების ამ ადგილის განმარტება სთხოვეს. იმ დროს, როდესაც სახარებას კითხულობდნენ, მთამ გრუხუნი დაიწყო. დადექი, მთაო, შენ არ გეუბნებიო, - შეაჩერა წმინდა მარკოზმა.
მართლაც ემორჩილებოდნენ მთები წმინდა მამებს. ამგვარად, ღმერთმა ადამიანს ბუნებაზე ძალაუფლება მისცა, მაგრამ მას შემდეგ კაცი დაიმცრო. ის, რაც ცოდვამ დააკარგვინა კაცობრიობას, წმინდა მამებმა თავიანთი სიწმინდით დაიბრუნეს. განა ჩვენში არ იყვნენ ასეთი წმინდანები, განა არ შეეძლოთ მთების შეძვრა? იყვნენ, შეეძლოთ კიდეც, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობდა.
იმის დასტურად, რომ ბუნება ადამიანს ემორჩილება, წყლის კურთხევის სასწაულიც კმარა: როდესაც მღვდელი აკურთხებს წყალს, იგი უხრწნელი და უკვდავი ხდება, ბუნებით კი წყალი ხრწნადია.Eესეც ცხადყოფს, რამხელა ძალაუფლება აქვს ადამიანს ბუნებაზე.
- ბუნება აღარ არის ისეთი, როგორიც თავდაპირველად შეიქმნა. ავიღოთ, თუნდაც დინოზავრები, რომელთა არსებობა-არარსებობის საკითხი ბევრისთვის ძალზე საინტერესოა. რას ამბობს მათ შესახებ ეკლესია?
- ფაქტია, რომ დინოზავრები არსებობდნენ, ნაპოვნია მათი ჩონჩხები, აგერ, სათაფლიაშიც აღმოჩნდა დინოზავრის ნაფეხური, გამოქვაბულებში პოულობენ მათ გამოსახულებებს... დინოზავრები ცხოველთა სამყაროსთან ერთად შეიქმნენ, იმ ექვს დღეში, და ადამიანების თანადროულად ცხოვრობდნენ. არსებობს ქრისტიანული მოსაზრება, რომ ისინი წარღვნის დროს განადგურდნენ. მეცნიერებს ეკლესიისაგან განსხვავებული აზრი აქვთ - მათი თვალთახედვით, დინოზავრები ადამიანამდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ, მათი გადაშენება კი შესაძლოა გამყინვარების, მეტეორების ცვენის ან ძუძუმწოვრების ბრალი ყოფილიყო, რომლებმაც მასობრივად გაანადგურეს დინოზავრის კვერცხები. ასე რომ, ისინი არსებობდნენ, მაგრამ გადაშენდნენ. ისევე, როგორც ცხოველთა მრავალი სხვა სახეობა.
- რა ცვლილება განიცადა დედამიწამ წარღვნის შედეგად, რა განსხვავებაა დღევანდელ და წარღვნამდელ ბუნებას შორის?
- როგორც ამბობენ, წარღვნამდე არ არსებობდა მაღალი მთები და კონტინენტები. ალპები წარღვნის შემდეგ წარმოიშვა, ერთ-ერთ მთაზე ზღვის წყალმცენარეები აღმოაჩინეს, რამაც წარღვნის არსებობა დაადასტურა, კონტინენტებიც წარღვნის შემდეგ გაიყო.
თუ განვიხილავთ ადამიანს, როგორც ბუნების ნაწილს, დავინახავთ, რომ მანაც განიცადა ცვლილება. წარღვნამდე კაცნი ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ - ნოეს 600 წლისას ეყოლა პირველი შვილი, მათუსალამ 969 წლამდე მიაღწია. წარღვნის შემდეგ კი აბრაამის 175 წელიც უკვე დღეგრძელობად ითვლებოდა.
- მამაო, შესაძლებელია თუ არა, ცვლილებები განეცადათ ცოცხალ ორგანიზმებს, ანუ არის თუ არა რაიმე მისაღები ევოლუციური თეორიიდან?
- ევოლუცია, პირდაპირი გაგებით, ღვთისა და მისი შემოქმედების უარყოფაა. მას რომ დავუჯეროთ, სიცოცხლე არაცოცხალიდან წარმოიშვა. ეს სიცრუეა. მილიონობით სწავლული ცდილობდა, ამ თეორიის სამართლიანობა დაემტკიცებინა, მაგრამ დღემდე არ დადასტურებულა არც ერთი ემპირიული ფაქტით, მეცნიერული აღმოჩენით. უბრალოდ, ეს თეორია ძალიან აძლევდათ ხელს ათეისტებს, ამიტომაც იყო ის პოპულარული კომუნისტურ ქვეყნებში. ფაქტობრივად, მეცნიერულად "ამტკიცებდნენ", რომ ღმერთი არ არსებობს. თუ ჩვენ პატიოსნად და ობიექტურად შევისწავლით ბუნებას, დავრწმუნდებით, რომ იგი აბსოლუტურ თანხმობაშია ბიბლიის სწავლებასთან. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ბიბლიისა და ბუნების საშუალებით ღმერთი კაცობრიობას საკუთარ თავს განუცხადებს. თუმცა შეიძლება, მივიღოთ მიკროევოლუცია იმ გაგებით, რომ ცვლილება მოხდეს უკვე არსებული სახეობის ფარგლებში, გარემო პირობების გამო გარკვეულმა ინდივიდებმა სპეციფიკური თვისებები შეიძინონ, ძლიერები გადარჩნენ და ა.შ. მაგრამ მწერისაგან რომ სპილო წარმოიქმნას, რასაც ისინი ამბობენ, შეუძლებელია.
- თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ გახშირდა მსოფლიოში სტიქიური უბედურებები, რასაც უამრავი ადამიანი ეწირება, ბევრიც უსახლკაროდ რჩება. მაგრამ ვიცით, შემთხვევით არაფერი ხდება. როგორ უნდა აღვიქვათ ეს კატაკლიზმები და რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ?
- ამ ყველაფრის მიზეზი არის ცოდვა და ღმერთისაგან განდგომა. ბუნების კანონზომიერებანი უშუალო კავშირშია ადამიანის ცოდვებთან. როდესაც უსჯულოება იმატებს და ადამიანი ღმერთს ივიწყებს, შემოქმედი მას ბუნების მეშვეობით სჯის. ასე იყო წარღვნამდეც, როდესაც დედამიწაზე საშინელი ცოდვები გამეფდა; წარღვნის მიზეზი ცოდვა გახლდათ.
დღევანდელი კატაკლიზმებიც ჩვენი ცოდვებისა და დაუდევრობის გამოძახილია. არის ცოდვა და მოდის სასჯელი. თვითონ ქმნილება - ადამიანი ცდილობს გარდაქმნას ბუნება, რაც შეიძლება მეტი გამოჰგლიჯოს მას. თავისი ცხოვრების წესით ის ებრძვის ბუნებას, იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის, და ამ მომხმარებლური დამოკიდებულების გამო ხშირად კატაკლიზმებს და ათასგვარ უბედურებას იმკის. მაგრამ ამ ყველაფრის ანუ ღვთისაგან დაწესებული ჰარმონიის დარღვევის მიზეზი მაინც ცოდვაა. ღირსი მამა სერაფიმე საროველი ბრძანებს, რომ ადამი არ ექვემდებარებოდა ღვთის მიერ შექმნილ არც ერთ სტიქიას: ვერც წყალი დაახრჩობდა, ვერც ცეცხლი დაწვავდა, არც მიწას შეეძლო მისი უფსკრულში შთანთქმა, ვერც ჰაერი ვნებდა თავისი მოქმედებით. პირიქით - ყველაფერი მას ემორჩილებოდა, როგორც ღვთის რჩეულს, ყველა ქმნილების მეფესა და პატრონს. მაგრამ ბუნებისადმი გაუკუღმართებული დამოკიდებულებით დაკარგა ადამიანმა მასზე ხელმწიფება და ისიც დაუპირისპირდა კაცობრიობას.
- სად არის გამოსავალი?
- გამოსავალია ცოდვისაგან გათავისუფლება, ღვთისაკენ სვლა. ადამიანმა უნდა შეიცვალოს ბუნებისადმი დამოკიდებულება. დაწერილია, რომ ბუნება მოსავლელად გააჩინა ღმერთმა, ადამიანი მას ისე უნდა მოეკიდოს, როგორ ღვთის ქმნილებას ეკადრება.
- ამგვარად, ბუნების გაფრთხილება თავად უფლისაგან მოცემული კურთხევაა?
- რა თქმა უნდა. უფალმა ადამიანს დედამიწა იმთავითვე მოსავლელად ჩააბარა, ჩვენც უნდა გავუფრთხილდეთ მას, უფალი მოგვიწოდებს, გვებრალებოდეს ყველა ქმნილება და საჭიროების გარეშე ფოთოლიც არ მოვწყვიტოთ. სწორედ ბუნების მიმართ უდიერი მოპყრობა იწვევს წყალდიდობებს, მეწყერებს, ოზონის შრის გარღვევას და მრავალ სხვა უბედურებას. მაგალითად, ოზონის ხვრელის გაფართოების გამო ადამიანზე ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება ძლიერდება, რაც სიმსივნეების, კანის დაავადებების მიზეზად იქცევა. ამრიგად, ყველაფერი ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებას შეუძლია ადამიანის გარეშე არსებობა, ადამიანს კი ბუნების გარეშე - არა.
რატომ ითვლება თვითმკვლელობა ან ჯანმრთელობის განადგურება ცოდვად? იმიტომ, რომ ადამიანი ანადგურებს, რაც ღმერთმა მისცა. ბუნებაც ღმერთის შექმნილია და რა უფლებით ვანადგურებთ? დაწერილია, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება, ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდება ღვთის ნების გარეშე. უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყოველივე ღვთისაა, მისი მოცემულია და მათ მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება გვმართებს.
- მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს?
- ზომიერება გვმართებს. ღირსი სილუანი გვასწავლის, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, უნდა ვისარგებლოთ ბუნების სიკეთით, გამოვიყენოთ საკვებად, რადგანაც ყოველივე ადამიანისთვისაა შექმნილი.
- მონადირეობას შეიძლება სხვადასხვა მოტივი ჰქონდეს. როდის არის ნადირობა დასაშვები?
- საკვების მოსაპოვებლად ნადირობას არავინ კრძალავს, მაგრამ მონადირეობა არ უნდა იქცეს აზარტად, გართობად. ადამიანი გასართობად არ უნდა ხოცავდეს ღვთის ქმნილებებს.
ერთსაც გავიხსენებ: სჯულის კანონით, მღვდელს არა აქვს უფლება სისხლის დაღვრისა, მაგრამ იქვეა მითითებული, რომ დიდი გაჭირვების, შიმშილის ჟამს მას შეუძლია ამ კანონის დარღვევა.
- თუმცა ზოგიერთი ხორცის ჭამაზე საკუთარი სურვილით ამბობს უარს. როგორ უყურებს ეკლესია ვეგეტარიანელობას?
- ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, მისი გადასაწყვეტია, მიიღოს ასეთი საზრდო თუ არა, მაგრამ დაუშვებელია, ხორცი შეიზიზღოს ან მისი ჭამა რელიგიის დარღვევად მიიჩნიოს. ბიბლიაში კარგად ჩანს, რომ ხორცის ჭამა, ცხოველის დაკვლა ცოდვა არ არის, ის კი არა, უფალი თავად აწესებდა სამსხვერპლო შესაწირავის რაოდენობასა და სახეობას. ძველ აღთქმაში შეწირული ხორციდან განსაზღვრული ნაჭერი მღვდელმსახურსაც ეკუთვნოდა.
სხვაა, თუ ადამიანი რამე აღთქმას დადებს ღვთის წინაშე. პატრიარქი ჰყვებოდა ერთ შემთხვევას: ქალს შვილი უკვდებოდა და დიდუბის ეკლესიაში ხორცისაგან თავის შეკრძალვის აღთქმა მისცა უფალს. მისი შვილი გამომჯობინდა და დედაც, აღთქმისამებრ, აღარ გაკარებია ხორცს.
ხშირად ამბობენ, რომ უხორცოდ ადამიანი ვერ გაძლებს, რომ მისი მიღება ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მამები უამრავ წელიწადს ცხოვრობდნენ ხორცის გარეშე და თუ ზოგიერთ ფაქტს მოვიშველიებთ, მისგან თავის შეკავება, პირიქით, უკეთესიცაა. თუმცა ეს ისევ და სიევ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მისი გადასაწყვეტია.
- ბევრი ცხოველთა სიბრალულის გამო ხორცს არ ჭამს.
- ასეთი სიბრალული არასწორია. ღმერთზე სახიერი და მოწყალე ვიღაა, მასზე მეტი სიბრალულის უნარი ვის აქვს? ზოგი ამბობს, ცხოველი მეცოდებაო, ამ დროს კი თავისივე ოჯახის წევრს სიტყვით ანადგურებს.
- მამაო, ვიცით, რომ ვარსკვლავები და მთელი ხილული ცაც უფალმა შექმნა, ისინიც ჩვენი გარემომცველი სამყაროს ნაწილები არიან. ამავე დროს დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარულია ასტროლოგია. მისი მიმდევრები ხშირად სვამენ შეკითხვას - თუ ეკლესია უარყოფს ასტროლოგიას, რატომაა გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები სვეტიცხოვლის კედელზეო? რას გვეტყვით ამის შესახებ, რა არის მისაღები ასტროლოგიიდან და რა - მიუღებელი?
- როგორც ცნობილია, არსებობს ზოდიაქოს თორმეტი თანავარსკვლავედი. ისინი მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. ძველი ელინები მიიჩნევდნენ, რომ ეს ვარსკვლავები ადამიანის ბედს განსაზღვრავდნენ, გავლენას ახდენდნენ ერების ისტორიაზე, ომებზე. იოანე დამასკელი წერს, რომ ვარსკვლავები ადამიანზე ვერარა გავლენას ვერ ახდენს; მათ შეიძლება იმოქმედონ ჰავის სინოტივესა თუ სიმშრალეზე, ქარებზე... მაგრამ არა ადამიანზე, რადგანაც ღმერთმა მას თავისუფალი ნება და არჩევანი მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კაცის ბედს ვარსკვლავები წყვეტენ, მისი თავისუფლება შელახულია.
შეიძლება, ზოგიერთმა ისიც თქვას, რომ მზე, მთვარე, ვარსკვლავები მოქმედებენ ადამიანის განსხვავებული ტემპერამენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ჩვევებიც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ისინიც ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება.
რაც შეეხება სვეტიცხოველს, მის სამხრეთ კედელზე მართლაც ეკლიპტიკაზე განლაგებული ვარსკვლავთა ჯგუფებია გამოსახული. დისკოს ცენტრში მაცხოვარია, გარშემო ანგელოზთა დასით, მის გარშემო განფენილი ფრესკა აპოკალიფსს ასახავს. ბერძნული წარწერა კი ფსალმუნის სიტყვებს გვახსენებს: "აქებდით უფალსა ცათაგან... აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი". ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას აქვს ცოდნა ვარსკვლავების, პლანეტების შესახებ, მაგრამ, როგორც ბრძანებს ერთ-ერთ ინტერვიუში მამა ბიძინა (გუნია), ჩვენ ყავას ვაღიარებთ, მასზე მკითხაობას კი - არა; ვარსკვლავები და ზოდიაქოს ნიშნებიც არსებობს, მაგრამ ვარსკვლავთმრიცხველობა ეკლესიისაგან დაგმობილია.
- ცივილიზაციამ თანამედროვე ადამიანი ძლიერ ჩამოაშორა ბუნებას, რაც უნდა აისახებოდეს კიდეც მის ხასიათზე. თქვენ მთაშიც გიხდებოდათ მოღვაწეობა და დაკვირვების საშუალებაც გექნებოდათ. რა განსხვავებაა ბუნებაში გაზრდილ და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს შორის?
- განსხვავება მართლაც არის. სოფლებში მეტია ჰუმანურობა, სილაღე, სითბო, სისუფთავე, თითქოს ეს ყველაფერი ადამიანებს ბუნებისგან გადმოეცათ. თვითონ ბუნებასაც მეტად უფრთხილდებიან, აკვირდებიან. ბუნება და ადამიანი მუდმივ ურთიერთკავშირში არიან.
ბეტონის ცივ კედლებში გამომწყვდეული ხალხი კი თითქოს უფრო გულგრილი, ხისტი, უხეში, დათრგუნულია. ქალაქებში მეტი ავადმყოფობაა, მეტი უძლურებაა, ბუნებაში მყოფთა შორის - უფრო ნაკლები.
- წეღან თქვენც შეგვახსენეთ, რომ წმინდა ბარბარემ ბუნების ჭვრეტით იპოვა ჭეშმარიტი ღმერთი. ამგვარად, ბუნების მშვენიერებას ადამიანის შემოქმედამდე მიყვანა შეუძლია. როგორ ხდება ეს?
- ღმერთის შემეცნების სხვადასხვა გზა არსებობს: გამოცხადებითი, როცა ვიღაცას უფალი ეცხადება და თავის თავს შეაცნობინებს; ქადაგების მეშვეობით, როდესაც ადამიანი ქადაგების მადლით მოექცევა; ბუნებაზე დაკვირვებით... მამები ამბობენ, რომ ბუნება გადაშლილი წიგნია. მაკარი დიდი ბრძანებს, ამ წიგნის ერთი ყდა ცაა, მეორე კი მიწა და ადამიანებმა მისი კითხვა უნდა ისწავლონო. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, ადამიანები ჩვენგან სასწაულებს ითხოვენ, მაგრამ რად უნდათ, როცა მათ ირგვლივ სულ სასწაულებია; მარტო გაზაფხული რამხელა საოცრებააო.
მთავარია, ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს ბუნებასთან, ფიქრობდეს, ხოლო ვისაც ფიქრი, დაკვირვება და ჩაღრმავება შეუძლია, ის მიხვდება, რომ შეუძლებელია, ასეთი ჰარმონია და კანონზომიერება შემთხვევითი იყოს - ბუნებაში არაფერი მეორდება, ყველაფერი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. ამას თუ დაუკვირდება კაცი, აუცილებლად იპოვის ღმერთს. მთავარია, ბუნების კითხვა ვისწავლოთ, ვეძებოთ; ვინც ეძებს, პოულობს.
ღმერთმა დალოცოს ყველა ღვთისმოყვარე, ღმერთისა და სულიწმინდის მადლის მაძიებელი. ადამიანის მიზანი უნდა იყოს, დაუბრუნდეს სამოთხისეულ მდგომარეობას, მოიპოვოს სულიწმინდის მადლი და მის სადგურად იქცეს. ღმერთმა თქვენს მკითხველს, სრულიად საქართველოს, ერსა და ბერს შეაძლებინოს, რომ მათი გული ყოფილიყოს ღვთის საყდარი და მასზე უფალი დაბრძანებულიყოს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი