თესლი კეთილი - სიტყვაში განსხეულებული ღვთაებრივი ენერგია
თესლი კეთილი - სიტყვაში განსხეულებული ღვთაებრივი ენერგია
მთესველის გონიერებაა საჭირო, რომ კეთილი თესლი არ დაიღუპოს
თესლი კეთილი - სიტყვაში განსხეულებული ღვთაებრივი ენერგიაა, რომელიც ცეცხლივით აღწევს გულში, გარდასახავს გაგონილსა და გააზრებულს და ცოცხალ, გულისმიერ ცოდნად აქცევს. მასშია ცხოვრება და ცოდვით მომკვდარ ადამიანებს იგი ხელახლა შობს მარადიული სიხარულისთვის. ამ წმინდა სიტყვის მიმღებნი და მუშაკნი შობილ არიან "არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა..." (1 პეტრე 1,23). ხოლო ცხოვრების სიტყვა, როგორც სული, ბრმათათვის შეუღწეველი კრეტსაბმელის მიღმა რჩება ხოლმე.

დღეს ამგვარი თესლი იშვიათად პოულობს ნოყიერ ნიადაგს, ხშირად ჩვენში მოსმენით შემოდის, გონებით განისჯება, გულს ოდნავ ეხება, რომელიც მყისვე აისხლეტს, რადგან უკვე გაქვავებულია, შემდეგ კი ენის მეშვეობით გარეთ გამოდის...

როგორ უნდა მივიღოთ და მოვექცეთ ამ დიდ წყალობას? სად ვთესოთ და სად მოვიმკოთ მისი ნაყოფი?

გვესაუბრება ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამა თეოდორე, რას ნიშნავს "თესლი კეთილი"?

- თესლი სიცოცხლის სიმბოლოა, ნიადაგი კი შესაძლებლობა ამ სიცოცხლის აღორძინებისა და როდესაც სახარებისეული ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ, სიცოცხლის, სიცოცხლესთან - სიკეთის, სიკეთესთან კი ჭეშმარიტებისა და უფლის ასოციაცია გვიჩნდება.

სიცოცხლეზე, სიკეთეზე, უფლისკენ სწრაფვასა და თესლისა და მთესველის სიმბოლოზე საუბრისას აშკარად იგრძნობა ადამიანური აქტიურობა. თესლს ხომ მთესველი სჭირდება, კეთილი თესლის ხსენებისას კი სხვაგვარი - უკეთური ნაყოფის მომტანი ბოროტი თესლიც იგულისხმება.

კეთილ თესლთან დაკავშირებულ იგავებზე საუბრისას ორი ადგილი გვახსენდება სახარებიდან: პირველი - როდესაც ღვთის სიტყვა სხვადასხვა ნიადაგზე დაეცემა და მეორე - როდესაც მიწად შთავარდნილ კეთილ თესლს ბოროტი კაცი ზედ ღვარძლს დაათესავს.

უზენაესისგან მომდინარე სიტყვა, რომელიც ღვთაებრივ ენერგიასა და სულიწმინდის მადლს ატარებს, მუდამ კეთილია. ღმერთი უშურველად გვაძლევს ყველაფერს, რათა კაცმა დანიშნულებისამებრ იცხოვროს და გააცნობიეროს, რომ მარადისობის მოქალაქეა.

ღვთაებრივი ენერგია ადამიანს განწმენდს და აღამაღლებს, მაგრამ იგი უპიროვნო ძალა როდია; მისი მიღება ყოველთვის ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობებს, ჩვენს ღვაწლსა და ქმედებებს ემყარება, ამიტომ კეთილ თესლზე საუბრისას, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანის იმ დოზით აქტიურობა იგულისხმება, რა ოდენობის ნიჭსაც ფლობს იგი ან რა ინტენსივობითაც მიეცა ეს სიკეთე: ორი ტალანტის პატრონს ორი უნდა ემრავლებინა, ხუთისას კი ხუთი. უფალი ყველას იმას აძლევს, რისი დატევნაც შეუძლია, მაგრამ სანაცვლოდ იმასაც სთხოვს, რისი გაცემის უნარიც აქვს.

- ხშირად ვწუწუნებთ: სიკეთეს კი ვთესავთ, მაგრამ ნაყოფს ვერ ვიმკითო. უნდა ველოდოთ კი რაიმეს?

- ეს საკითხი სიღრმისეულ განმარტებას მოითხოვს: მოდით, ვიკითხოთ: რას ნიშნავს სიკეთე? ალბათ, გსმენიათ ასეთი გამოთქმა: წმინდა მამებმა საკუთარი ცოდვები გამოიტირესო, ერთ-ერთი მათგანი კი ბრძანებს: ღვთის წინაშე ჩემი სიკეთენი ყარსო. რა იგულისხმება ამაში? კაცი, რომელიც სიღრმისეულად ჭვრეტს საკუთარ თავს, ხედავს, რომ ყოველგვარ გარეგნულ კეთილ საქციელში, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, შხამიც ძევს. ჩვენი ბუნება სიამაყეს, თვალისა და ხორცის გულისთქმას ეფუძნება და რაც უნდა ვისწრაფოთ უანგარო სათნოებისკენ, ეს ღვარძლი მაინც მუდამ თან გვდევს.

გარდა ამისა, არსებობს ბოროტი სული, რომელსაც იმაზე მეტი საზრუნავი არ გააჩნია, ადამიანს ექიშპოს და ამით უფალს ეწინააღმდეგოს, ამიტომ ჩვენ მიერ აღსრულებული ყოველი სიკეთე უცილობლად ატარებს ბოროტებასაც, და, საერთოდაც, გასარკვევია, რამდენად არის იგი სიკეთე.

უგუნურად აღსრულებული კეთილი საქმე ბოროტებად გადაიქცევა, ანუ სიკეთის ქმნას გონიერება სჭირდება, რაშიც განსჯის უნარი არ იგულისხმება. ერთმა სულიერმა შვილმა მიამბო, როგორ დაინახა ტაძარში ჭიანჭველა და იმის შიშით, ვინმეს შემთხვევით ფეხი არ დაედგა, გარეთ ქვაზე დასვა. მაგრამ უეცრად საბრალო მწერი თურმე მთლად გაწითლდა და მოძრაობა შეწყვიტა: ქვა მზეზე ისე გაცხელებულიყო, ჭიანჭველა შეიწვა. აი, ადამიანური სიკეთის მაგალითიც, რომელსაც მწერის გადარჩენაც კი არ შეუძლია!

ჩემს სამღვდელო და სამრევლო პრაქტიკაში ხშირად მინახავს, რაოდენ უგუნურ სიკეთეს სჩადიან მშობლები შვილებისთვის, ნაყოფად კი ბოროტებას იღებენ. თესლი, რომელიც კეთილი გვგონია, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს ასეთი. ხოლო თუ მაინც კეთილ ნაყოფს გამოიღებს, მადლიერებას ველით სანაცვლოდ.

მადლიერება - საღვთო კანონია და სამყარო ამ კანონით უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ როგორც კი სხვებს ვთხოვთ მადლიერებას, ვცდებით: ადამიანები მასაც ისევე ვერ აღასრულებენ, როგორც დანარჩენ საღვთო კანონებს. სხვებს კი იმას ვერ მოსთხოვ, რაც თავად არ ძალგიძს.

და კიდევ ერთი: უმადურობა ყველა შემთხვევაში გულსატკენია, მაგრამ თუ უკუგებას ვითხოვთ და ტკივილის გარდა იგი გულში სხვა მოძრაობებს - წუწუნს, უკმაყოფილებასა თუ განხეთქილებებს იწვევს, იმის ნიშანია, რომ ჩვენი ინტერესი ამა სოფელს აღარ სცილდება, თორემ თუ ნამდვილ სიკეთეს ვიქმთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ნაყოფი მუდამ ზეცაშია და იგი ქრისტესთან წილნაყარია. უფალი ხომ ბრძანებს: უჩემოდ არა სათნოების ქმნა არ ძალგიძთო. თავად ფაქტი, რომ ჩვენ მიერ აღსრულებულ სიკეთეზე არაქრისტიანულად ვრეაგირებთ, იმის ნიშანია, რომ ეს სიკეთე კი არა, ანგარებიდან, სიამაყიდან და გულისთქმებიდან მომდინარე საქციელია. ადამიანის ცხოვრების ერთადერთი მიზანი - უფალია, სხვა დანარჩენი კი - ის ზურგჩანთა, რომელშიც ის ალაგია, რამაც ღმერთამდე უნდა მიგვატანინოს თავი ხორციელად და სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, თუ კაცის ქმედება უფალთან არის წილნაყარი, ბედნიერებისთვის ეს სავსებით საკმარისია, და არამცთუ საკმარისი, სწორედ ეს გახლავთ მიზანი.

ლოცვასთან დაკავშირებით კი გეტყვით: შესაძლოა, კეთილსაც შევთხოვდეთ უფალს, მაგრამ ამ სათხოვარზე აღმატებული თავად ის ფაქტია, რომ უფლის წინაშე ვდგავართ ამ დროს. ნებისმიერი სათხოვარი ყოველთვის მეორეხარისხოვანია და თუ ეს არ ვიცით და ანგარება გვამოძრავებს, ეს ლოცვა კი არა, უკეთეს შემთხვევაში, რელიგიურ გრძნობათა დაკმაყოფილებაა.

მოდით, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ: ვთქვათ, მავანი ლუდომანიით (თამაშის მანიით) არის შეპყრობილი. თუ ვინმეს ასეთის მატერიალური დახმარების სურვილი გაუჩნდა, ვურჩევ, ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთოს, რადგან სხვაგვარად სტიმულს მისცემს და კვლავაც ამ ცოდვისთვის განაწყობს. დასაწყისში, შესაძლოა, კაცი ფულის გამო თამაშობდეს, მაგრამ შემდეგ - მხოლოდ ვნების გამო. დოსტოევსკი ერთ-ერთ მოთხრობაში "მოთამაშე" მართლაც გენიალურად აღწერს მოთამაშის ფსიქოლოგიას. ასეთნი ხშირად სულიერად მკვდარნი არიან.

ჩვენი ქმედება მხოლოდ მაშინ იქნება სიკეთე, თუ იგი ღვთისკენ გვიბიძგებს.

ეს ყველაფერი ყოველთვის ხისტად არ ჩანს და ზოგჯერ მართლაც არ იცი, თუ რამდენად მართებულია შენი გადადგმული ნაბიჯი და შენგან დაგდებული თესლი დაეცემა თუ არა ნოყიერ მიწას. ამ დროს ადამიანს სიბრძნეც სჭირდება, უფლის შემწეობაც, ლოცვაც, მოძღვრის ან მეგობრის რჩევაც და გარკვეული გამოცდილებაც. სულიერი ცხოვრება სულაც არ არის მარტივი და ძალზე ხშირად არჩევანის გაკეთება არა თეთრსა და შავს, არამედ შავსა და უფრო შავს შორის გვიწევს. თან იმის გარჩევა, რომელია მათგან უფრო მუქი, ადვილი როდია.

გარდა ამისა, მთესვარის გონიერებაა საჭირო, რომ ეს მარცვალი ამაოდ არ დავარდეს და არ დაიღუპოს.Uუფალი ამბობს: ნუ დაუყრით მარგალიტს ძაღლსა და ღორს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილ სიკეთეს ადამიანის სულის ენერგია მიჰყვება, ეს ენერგია კი შეუძლებელია, უქმად დაიხარჯოს.

- რას ვთესავთ დღეს ჩვენი ცხოვრებით? როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები, როგორ ჩავდოთ და გავაღვივოთ მათში კეთილი თესლი?

- ოჯახში კარგი შვილი რომ აღიზარდოს, რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს: პირველ რიგში, ოჯახი ღვთის დიდებით უნდა ცხოვრობდეს, რადგან მისი მიზანი უფლისკენ სწრაფვაა. მეუღლეები ამ გზაზე ერთმანეთს უნდა შეეწეოდნენ; მათი ცოლქმრობა, ფიზიკური ერთობა და შვილიერება მათი სულების ღვთისკენ სწრაფვის შედეგი და ნაყოფი უნდა იყოს. და კიდევ: ცოლსაც და ქმარსაც ის მინიმალური სიბრძნე უნდა ჰქონდეს, რომელიც სხვა არსების აღსაზრდელად არის საჭირო. შესაძლოა, კარგი ქრისტიანი იყო, მაგრამ მასწავლებლად არ ივარგო. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩამკვდარი აქვთ მშობლის ინსტინქტი. იმისთვის, რომ კარგი ქმარი იყო, ოდენ ღვთისკენ სწრაფვა საკმარისი არ არის. ოჯახის წარმართვა არა მხოლოდ მატერიალურად უნდა შეგეძლოს, სულიერი პასუხისმგებლობაც უნდა იკისრო, გარკვეულ საკითხებში სიმტკიცეც გამოიჩინო და მამობისა და დედობის ნიჭი გქონდეს.

რას ნიშნავს კაცი ქრისტიანი და ქალი ქრისტიანი?

კაცი ქრისტიანი რაინდია, კლდე, ღვთის გულმხურვალე მორწმუნე.

ასეთივე მხურვალე რწმენა და ფაქიზი სული უნდა ჰქონდეს ქრისტიან დედასაც, შვილებს არ უნდა ახსოვდეთ დედა არამლოცველი. დედამ გოგონას კდემამოსილება უნდა ასწავლოს, მამამ ვაჟს - რაინდობა. ასეთ ოჯახში, ვფიქრობ, კარგი შვილები აღიზრდებიან, თუმცა, გამოვტყდები, მსგავსი ოჯახის დასახელება თავადაც გამიჭირდება.

მაშ, როგორ უნდა აღვზარდოთ კარგი შვილი? მას თუ ცუდ სკოლაში მივაბარებთ, სადაც არც დირექტორი ვარგა, არც პედაგოგები და არც სასწავლო პროგრამა, რაღა გასაკვირია, თუ უკეთურ ნაყოფს მოვიმკით?! მაგრამ თუ მაინც კარგი გამოვა, დიდება უფალს! ასევეა ოჯახიც. ისიც ხომ სკოლაა. თუ არც მშობლები გივარგა, არც და-ძმა, ხოლო აღმზრდელად ტელევიზორი გიდგას, ცხადია, კარგს არაფერს უნდა ელოდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდი დედები და მამებიც არსებობენ. ქრისტიანობა ხომ მოვალეობის სწორად შესრულებაა. როდესაც ოჯახსა და ბავშვთა აღზრდაზე გვაქვს საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც ხშირად უმოქმედოა და ოდენ უფლის წყალობაღა გვრჩება.

თუ ვატყობ, რომ ამა თუ იმ ოჯახის შექმნას კეთილი ნაყოფი არ მოჰყვება, ამ საქმეში ვერავითარ მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან ოჯახი თვითმიზანი კი არა, იმ ზურგჩანთის შემადგენელი ნაწილია, ოაზისამდე მისასვლელად რომ გვჭირდება. ოჯახი, როგორც რეალობა, უფალთან მისასვლელადაა საჭირო და თუ გაამართლა, მარადისობაშიც ერთად ვიქნებით.

როდესაც მეკითხებიან, როგორ ადამიანთან შევქმნა ოჯახიო, ვურჩევ, - ქრისტიანთან-მეთქი, მაგრამ იქვე დავძენ ხოლმე: ეკლესიური ადამიანი ქრისტიანს არ ნიშნავს-მეთქი.

ამას წინათ ერთ ადამიანზე მითხრეს, - მისი მამა ცოლს სიტყვიერად შეურაცხყოფსო. მოდით, ვნახოთ, თუ რა ნაყოფი მოჰყვა ამას: - მოზარდობის ასაკს მიღწეული შვილი დედამისს ხელს არტყამს, ამ ყველაფრის შემხედვარე მამა კი დგას და ლოცულობს. განა ის ქრისტიანია? რაღა თქმა უნდა, არა.

ცხადია, არაეკლესიური ქრისტიანობა არ არსებობს, მაგრამ მხოლოდ ეკლესიურობა არაფრის გარანტიას არ იძლევა. ეკლესია იძლევა საშუალებას, რომ ადამიანი ქრისტიანი იყოს, მაგრამ გარდა ამისა, მას სხვა რამეც სჭირდება.

ისევ იგავს მივუბრუნდეთ: რადგან გადაგდებული მარცვალი, თესლი წმინდა წერილში ღვთის სიტყვაა, იკვეთება მოძღვრის პასუხისმგებლობის მომენტი, რომელიც თესავს ამ მარცვალს. მოძღვარნი თანამუშაკნი არიან უფლისა, მათ ქრისტეს თანამემკვიდრეობა ელით მომავალ ცხოვრებაში.

სიტყვა განივთებული ღვთაებრივი ენერგიაა, რომელიც მოგვეცა და გვაქვს ვალდებულებაც და ძალაუფლებაც, გავცეთ იგი. მაგრამ თუ ამას უხარისხოდ აღვასრულებთ, სასტიკად დავისჯებით. რა შემთხვევაში აღვასრულებთ უხარისხოდ? როდესაც ღვთისმსახური თავისი გულით თანამონაწილე არ ხდება ამ საღვთო ენერგიისა. სასულიერო პირი ამ მარცვალს, პირველ რიგში, ლიტურგიისას, წირვა-ლოცვისას და უფლის სიტყვის ქადაგებისას განავრცელებს. მღვდელი აქტიური თანამონაწილე უნდა იყოს საღვთო საიდუმლოებებისა და ეცადოს, მრევლიც მათ აქტიურ თანამონაწილედ აქციოს.

საზოგადო ღვთისმსახურებას - წირვა-ლოცვას, ღვთის სიტყვის ქადაგებასაც და პირად ცხოვრებასაც სჭირდება ლოცვის ცოდნა და კიდევ - განათლება. სწავლა სიბერემდეო, თითქოს სწორედ მღვდელზეა ნათქვამი, რომელიც მონანული, ანუ საკუთარი უღირსების დამნახავი უნდა იყოს და თუ ეს ასეა, ეკლესიის სიტყვა, მართლაც, როგორც თესლი კეთილი, ისე გავრცელდება და მუდამ მოძებნის გულებს, კეთილ ნიადაგად რომ დახვდებიან და თავის მხრივაც განამრავლებენ.

- მამა თეოდორე, ზემოთ ტალანტები ახსენეთ. ესეც ხომ თესლი კეთილია? რა ელის მას, ვინც უგუნურ მონასავით განმრავლების ნაცვლად დაამიწებს ამ ნიჭებს?

- უფალი პირდაპირ ბრძანებს, თუ როგორ განარისხებს მსგავსი საქციელი და რა სასჯელი ელის ამის მოქმედს.

რწმენის ნიჭი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მაგრამ თუ კაცი ამ ნიჭს არ უფრთხილდება, - უპირველესად, სულიერ ცხოვრებას ვგულისხმობ, - სასტიკად დაისჯება. ერთ გულმხურვალე ქრისტიანს ვიცნობ, რომელმაც სასულიერო აკადემიაც დაასრულა, მაგრამ, როგორც მითხრეს, სასულიერო პირად იმ მიზეზით არ ეკურთხება, რომ თურმე სუფრა, თამადობა და ცოტა ღვინის სმა ჰყვარებია. თუ ამას ცნობიერად იქმს, მისი სახით უძვირფასესი სასულიერო პირი გვეკარგება. ეს ხომ დანაშაულია?!

- კეთილი თესლის გამზრდელი - ღმერთია, თუმცა ხშირად საკუთარი "სიკეთეების" უფრო გვეიმედება და სარწმუნოებისადმი მერკანტილური დამოკიდებულება გვახასიათებს... ამ ბოლო დროს თითქოს განელდა ის მგზნებარება, რომელიც მრევლში რამდენიმე წლის წინ შეიმჩნეოდა. რა არის ამის მიზეზი?

- ამა სოფლის სული უტევს ეკლესიას, ეს სული კი გულგრილობის, გულარხეინობისა და უსიყვარულობის სულია. ეკლესია ხომ მწირობს ამ წუთისოფელში.

ჩემს სულიერ შვილებსა და მრევლში გულგრილობას რომ ვაწყდები, ფაქტია, მაგრამ ამის დინამიკა რამდენადაა უკუსვლისა და განგრილებისკენ მიმართული, მართალი გითხრათ, ნაკლებ მიფიქრია. ეს პრობლემა, რაღა თქმა უნდა, არსებობს და უფრო მეტად, მამაკაცებში, რადგან ისინი, როგორც წესი, დედაკაცებზე მეტად გულგრილნი არიან ხოლმე ეკლესიისადმი.

ლოცვა და ღვაწლი რატომ გვბეზრდება, იცით? იმიტომ, რომ ღმერთთან ერთობის განცდა არ გვაქვს. ბევრი, მათ შორის ეკლესიის წევრი, მრავალ წელიწადს ისე განლევს, ამ ერთობას ვერც გრძნობს. ეს განცდა კი, თუ მზარდი არ არის, იმის ნიშანია, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ, ანუ არასწორად ვსუნთქავთ. ამიტომ, თუ მრევლმა ლოცვა არ იცის, ეს, უპირველესად, სასულიერო პირებს მოგვეკითხება, რადგან მათ ლოცვა ჩვენ უნდა ვასწავლოთ. ვილოცოთ, ვილოცოთო, კი გავიძახით, მაგრამ როგორ უნდა ვილოცოთ? გადის ხუთი, ათი და მეტი წელიწადი, მაგრამ როგორებიც ვიყავით, ხშირად ისეთებადვე ვრჩებით, ლოცვაც გვბეზრდება და ღვაწლიც. მაგრამ სუნთქვა ხომ არ გვბეზრდება? როგორ შეიძლება, ღმერთით ვსუნთქავდეთ და იგი მოგვბეზრდეს?

სწორედ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვასწავლით მრევლს ლოცვას და თუ არ ვასწავლით, მათ საიდან ეცოდინებათ? ვიკითხოთ: რატომ არ ვასწავლით? იმიტომ, რომ თავად არ ვიცით, რადგან ტრადიციებსა და ფესვებს ვართ მოწყვეტილნი. მაგრამ ღმერთმა ხომ იცის ეს და ამის სასწავლებლად წიგნებიც მოგვცა? ისიც ხომ ცხადია, რომ თუ ვეცდებით, უცილობლად დაგვეხმარება? მაგრამ, როგორც ჩანს, ვზარმაცობთ.

არის კი ჩვენი მონასტრები ლოცვის სკოლა? ისინი ტიპიკონის, გარეგნული მსახურების, ღამისთევის, მორჩილებისა და მეურნეობის სკოლები კია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გულისხმობს, რომ ისინი ავტომატურად ლოცვის სკოლებიცაა. შეიძლება, მონასტერში ყველაფერი იყოს, მაგრამ არ იყოს ყველაზე მთავარი - ლოცვა. უმისოდ კი ყველაფერი ბუტაფორიაა. ეს ნიშნავს, რომ თესლი კეთილი ცუდ ნიადაგზე დაეცა და ყვავმა ანუ ეშმაკმა შეჭამა. გამოდის, შეიძლება ბერებიც ვიყოთ, მონოზვნებიც, ყოველივე დავალაგოთ, აღვაშენოთ, ვბრწყინავდეთ კიდეც, მაგრამ თვალები მაინც ჯოჯოხეთში აგვეხილოს, რადგან ღმერთთან ურთიერთობა არ ვიცოდით.

- მამა თეოდორე, ადამიანებს, გარდა განყენებული, თეორიული დამოძღვრისა, პრაქტიკული რჩევებიც სჭირდებათ. ამის დეფიციტს, სამწუხაროდ, ბევრი გრძნობს დღეს, უამისოდ თითქოს უფესვო ხეს ემსგავსება ხოლმე და ბოლოს სულიერად კვდება... ქრისტიანობა ხომ სიყვარულია და არა მშრალი კანონების სკოლა.

- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს მასწავლებელი სულიერი ცხოვრებისა და ლოცვისა, ან ვინ უნდა მოგვცეს პრაქტიკული რჩევები? როგორც ზემოთ ვთქვით, სასულიერო პირებმა. სად იზრდებიან ისინი? რაღა თქმა უნდა, სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, რომელიც საგანმანათლებლო და ლოცვის სკოლა უნდა იყოს. საკმარისი არ არის, ოდენ მეცნიერებაში განვისწავლოთ. ძველად ღვთისმეტყველება მონასტრებში ისწავლებოდა. ამ ყველაფრისადმი დასავლურმა, კათოლიკურმა მიდგომამ ჯერ რუსეთში შეაღწია, იქიდან კი ჩვენში. სამწუხაროდ, მომავალი მღვდელი იმგვარ გარემოში იზრდება, რომ იქ ვერც ლოცვას სწავლობს და ვერც სულიერებას იძენს. გასაგებია, რომ ეს ყოველივე ტაძარში უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ხომ შეიძლება, ამაში სემინარია-აკადემიაც დაეხმაროს და საამისოდ რაღაც ფორმები მოიძებნოს? შესაძლოა, მავანმა ამის გამო განმიკითხოს და თქვას - მაშინ თავად შემოგვთავაზოს მზა რეცეპტიო, მაგრამ რომ ვიცოდე, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ახლავე ვიტყოდი. მე, უბრალოდ, პრობლემას ვაფიქსირებ.

ძალიან კარგი პედაგოგები და რექტორი მყავდა აკადემიაში, მეუფე იოანე გამრეკელი, იმ დროს - პროტოპრესვიტერი გიორგი, უაღრესად სულიერი და განათლებული ადამიანი, მაგრამ თავად სისტემაა პრობლემური. სასულიერო განათლება სქოლასტიკურს კი არა, მონასტრულ მიდგომას მოითხოვს. შედეგად, იქიდან ხშირად გამოდის მღვდელი, რომელმაც, ფაქტობრივად, არაფერი იცის, გარდა ტიპიკონისა, საცეცხლურის ქნევისა და, უკეთეს შემთხვევაში, მშრალი ღვთისმეტყველებისა. ადამიანები კი ჩვენთან მშრალი დოგმატიკის მოსასმენად კი არა, სულის გადასარჩენად მოეშურებიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat