როდესაც იცი, რა არის ღვთის ნება და როგორ და სად უნდა იპოვო იგი, მაგრამ მისი მიღება არ გსურს, დემონურ მდგომარეობას ეზიარები...
მხოლოდ განწმენდილი გული არჩევს, რაში მდგომარეობს საკუთარი და ღვთის ნება, რომ მას დაეთანხმოს
რა არის სინერგია? რატომ უნდა სურდეს ადამიანს საკუთარი ნების ღვთის ნებისკენ მიმართვა და მასთან შერწყმა, ჩვენ ხომ თავისუფალ არსებებად შეგვქმნა განგებამ? საიდან უნდა მივხვდეთ, რა სათნოეყოფა უფალს ან რატომ არ გვისრულდება უფლისადმი აღვლენილი ყოველი სათხოვარი? ხშირად ხომ ღვთის ნებას შეგნებულად იმ მიზეზით არ გამოვიძიებთ, რომ პასუხისმგებლობას ავარიდოთ თავი?
წუთისოფელი თითქოს ზღუდეა ჩვენსა და უზენაესს შორის და ისე გვიახლოებს, როგორც დედამიწის მიზიდულობის ძალა - ფიზიკურ სხეულს. თუ ღმერთი და მისი ნება ამიერ სოფელში ისეა დაფარული, როგორც გამოცანა, სანაცვლოდ, დემონური ძალები მასში აშკარად მოქმედებენ და ჩვენს ნებას ზეცისგან განაშორებენ.
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
- მამა გიორგი, როგორ უნდა თანხვდეს ადამიანის ნება ღვთისას, ან რა გზა უნდა განვლოს ჩვენმა სულმა, რომ ღვთის ნება გამოიძიოს, ის სურდეს, რაც შემოქმედს ესათნოება?
- მოდით, იმით დავიწყოთ, რომ მართლმადიდებლობა ის არეალი და ცოდნის საუნჯეა, რომლის მეშვეობითაც ყველა კითხვაზე შეგვიძლია პასუხის მიღება. ეს განსაკუთრებით ყოფიერების ფუნდამენტურ საკითხებს ეხება.
ადამიანისთვის მთავარი ღვთის სასუფევლის ძიებაა. კაცმა ბედნიერებას და სინერგიას რომ მიაღწიოს, საკუთარ თავს გულწრფელად უნდა გამოუტყდეს: სურს თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოების შესწავლა და თუ სურს, უნდა შეისწავლოს ქრისტიანული დოგმატიკა, ლიტურგიკა, მორალური და შედარებითი ღვთისმეტყველება და თეოლოგიის სხვა დარგები.
- გამოდის, ამ პროცესში ცოდნაც მნიშვნელოვანია...
- რაღა თქმა უნდა. ამასთან, შემეცნება ინტელექტუალურთან ერთად პრაქტიკული პროცესიცაა, როდესაც იგი ღვთისმსახურებასა და მის პრაქტიკულ გამოცდილებაში მონაწილეობს. ეს უტყუარი გამოვლინებაა ადამიანის ღმერთთან მიახლოებისა და მორჩილებისა. რაც მეტად დავიცავთ მცნებებს, მით მეტად დაგვიცავს უფალი. თუმცა, სამწუხაროდ, კაცის ნება ხშირად არ თანხვდება ღვთისას, რაც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ცხოვრებაზეც აისახება. თუ ღვთისმსახურებაში ცოცხალ მონაწილეობას მივიღებთ, ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრება უაზრობაა, რომ წილი არ გვიდევს განღმრთობაში, - სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების საზრისი.
ყველა ვსვამთ კითხვას: რანი ვართ, საიდან მოვდივართ ან საით მივექანებით? სწორი პასუხი კი მაშინ მოგვეცემა, როდესაც კითხვას სწორად დავსვამთ და პასუხსაც სწორად გამოვითხოვთ ღვთისგან. პასუხი ამ კითხვებზე მართლმადიდებლობაშია მოცემული, მაგრამ ყველაფერს შესისხლხორცება სჭირდება.
ღვთისმეტყველება - მხოლოდ ინტელექტუალური შრომა როდია, კაცს რომ გაამედიდურებს და გააამპარტავნებს, არამედ მისი დახმარებით უნდა ვისწავლოთ სწორი ცხოვრება და მართალი აზროვნება.
ქრისტე ადამიანს სრული ძალებით აღადგენს. ამიტომ ეცვა ჩვენთვის ჯვარს, დასთხია სისხლი და ეწამა. მას ჩვენთვის არაფერი ენანება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი თავად არ იჩენს ინიციატივას და არ სურს განკურნება. ამისათვის მას ნებაყოფლობითი თანხმობა და გაცნობიერებული აუცილებლობა, ანუ სწორი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი კი იმისკენ მიდის, რომ კაცმა თავისუფალი ნება სწორად გამოიყენოს. სამყარო ილუზიად კი არა, ისეთად უნდა აღიქვას, როგორიც სინამდვილეშია. ამისათვის ის მადლი უნდა შეისისხლხორცოს, რომელსაც ზიარება იძლევა.
ადამიანისთვის მთავარი მართლმადიდებლური სწავლების კარგი ცოდნაა, როდესაც ავსა და კარგს ერთურთისგან განარჩევს და იცის, რა დააბრკოლებს და რა დაეხმარება უფლის ნებასთან თანხმობაში. ასეთი კაცი ბრძენია და, როგორც ერთ-ერთი ფილოსოფოსი გვაუწყებს, სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულება შენივე არაადეკვატურობის წინააღმდეგ, ანუ იმის წინააღმდეგ, რაც შენ არაადეკვატურსა და არასწორს გხდის, უფალი კი მუდამ მიანიშნებს, თუ რა არის სწორი და მართალი.
- ხშირად შურისძიებით აღვსილ ადამიანს შეუძლებლად ეჩვენება უფლის ნებასთან თანხმობა...
- ბევრს აინტერესებს, რა არის ღვთის განგებულება, რისი ბოლომდე გაგებაც შეუძლებელია; აიტერესებთ, რატომ წვალობს მართალი ადამიანი და რატომ "ხარობს" ბოროტი; რატომ არის მართალი ღარიბი და ვიღაც ამორალური - მდიდარი, ან არსებობს თუ არა მარადიული, რასაც შეიძლება დაეყრდნო, რადგან ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი წარმავალი და ამაოა. ამასთან, ნათქვამია: "ნათესავი წავალს, ნათესავი მოვალს, ქვეყანა ჰგიებს უკუნისამდე" (ეკლესიასტე). რაშია ამ სიტყვების აზრი, ვინ გაგვამხნევებს, ვინ გვცემს ნუგეშს? ან ვინ შეგვეწევა იმ გამოუვალ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენივე დაცემული ნებისა და სისუსტეთა გამო ვვარდებით ხოლმე? ვინ მოგვანიჭებს ცხოვრების ძალას, რომ სიკვდილისთვის სამზადისში შეგვეწიოს? რაღა თქმა უნდა, ამ ყოველივეს ღმერთი იძლევა და ამ კითხვებზე პასუხები მართლმადიდებლობას აქვს, პასუხი კი იმას მიეცემა, ვისაც სწამს, ხოლო ურწმუნო ამას ერთ-ერთ ალტერნატიულ ინფორმაციად ჩათვლის, ცხოვრების ამა თუ იმ შემთხვევაში თავმოსაწონებლად რომ გამოიყენებს.
- სინერგიის უმაღლესი გამოვლინება - ადამიანის განღმრთობაა...
- ღვთისმეტყველების თეორიული და პრაქტიკული მისია ადამიანის თეოზისი ანუ განღმრთობაა, რომ მის არსებაში მომზადდეს დადებითი ნიადაგი მარცვლის დასათესად. მზე ყველასთვის ანათებს, მაგრამ ნაყოფს ყველა ვერ იმკის. ასევეა მადლიც. საჭიროა, ადამიანი გარკვეულ პასუხებამდე მივიდეს.
ტექნოკრატიულ საუკუნეში ძალზე იმატა ნევროზებმა, აგრესიულობამ, თვითმკვლელობამ, ნარკომანიამ, კრიმინალმა... ამის ფონზე კი გაიზარდა სულიერი უვიცობა და იკლო ადამიანებს შორის სიყვარულმა. ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებმა ღვთისმეტყველება არ იციან. კაცობრიობა სულიერ წყურვილს განიცდის, თუმცა მატერიალურად არც ისე ღარიბია. ადამიანმა მართალი და სწორი წარმოდგენები დაკარგა. საერთოდ, ავადმყოფობა - კარგის გადაგვარება და გამრუდებაა უვიცობის გამო. დამნაშავეობის აღსაკვეთად და დეჰუმანიზაციის მძიმე პროცესის გადასალახად დამსჯელ კანონთა შემოღება კი არ არის გამოსავალი, არამედ ეკლესიური, სარწმუნოებრივი ცოდნის მიცემა. როდესაც იცი, რა არის ცხოვრების საზრისი, ღვთის ნება და როგორ და სად უნდა იპოვო იგი, მაგრამ მისი მიღება ძალით არ გსურს, დემონურ მდგომარეობას ეზიარები, - ხოლო როდესაც ითხოვ და მოგეცემა, ეს სხვაა.
ადამიანისთვის მთავარია, ღვთის ხატება მაქსიმალურად მიუახლოოს ღვთის მსგავსებას. ხატება - მოცემულობა და პოტენციური შესაძლებლობაა ამ მსგავსების მაქსიმალურად მოსახვეჭად.
ადამიანი ქრისტეს მსგავსებით ქრისტე კი არ ხდება, არამედ მადლით მიემსგავსება ღმერთს, სულიერად იხვეწება. ადამიანის ბუნება კი მარად ადამიანის ბუნებად რჩება, ქმნილება - ქმნილებად, შემოქმედი კი შემოქმედად.
ღმერთი მარადიულად მიახლოებადი და შემეცნებადია, მაგრამ მარადიულად და დაუსრულებლად შეუმეცნებადი. ადამიანი მუდმივად განღმრთობადია, ღმერთსა და ადამიანს შორის მანძილი კი მუდმივად გადაულახავი, მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულით - უსასრულოდ გადალახვადი. ამისათვის კაცმა საკუთარი ნება უნდა გამოიყენოს. შესაძლოა, მოძღვარმა გზა უჩვენოს, კარიბჭესთან მიიყვანოს, მაგრამ შესვლა და ნაბიჯის გადადგმა, ამ ნების რეალიზება და ღვთის ნებასთან თანხვედრა თავად უნდა შეძლოს. ეს აქ, მიწაზევე უნდა მოხდეს, რომ ეს მოძრაობა ზეცაშიც გაგრძელდეს. ამისთვის კი მუდმივად უნდა ვებრძოლოთ არასწორი არჩევანისკენ მიდრეკილებას. ეს ადამიანის თავისუფალი ნების შეთქმულებაა ცოდვის წინააღმდეგ, ანუ უფლისადმი სიყვარულისა და მორჩილების გამოხატვა მცნებების მთელი გულით აღსრულებით.
უნივერსალური პრინციპები - ღვთის მცნებებია, რომლებსაც უნდა დავეყრდნოთ, თუ გვსურს, რომ ჟამგრძელნი ვიყოთ და სულიერ სიმწიფესა და სინერგიას მივაღწიოთ. ღვთის კანონთა დარღვევა ადამიანს ან საზოგადოებას თვითგანადგურებამდე მიიყვანს. განადგურება კი თითქოსდა საკუთარ თავზე იყრის ჯავრს. ყოველი ცრუ და ბოროტი საკუთარი თავის მხვერპლი ხდება. რეალობა რეალობად რჩება და ადამიანმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს იმ კანონებისადმი, რომლებზეც ვისაუბრეთ, რათა ღვთაებრივ ნებასთან ჰარმონიამდე მივიდეთ.
ჩვენი გონება უფაქიზესი სულიერი ორგანოა, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რომ მუდამ ღვთის ნებას მიჰყვებოდეს და სიბრძნეს თესავდეს. სიბრძნე უცილობლად მოგვცემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას - ზოგჯერ უარყოფითს, ტანჯვასთან დაკავშირებულს, მაგრამ, საბოლოოდ, დადებითს, ასე რომ, თანდათან ხდება ტრანსფორმაცია ჩვენი მდაბალი ინსტინქტებისა და ემოციებისა მაღალ სანოებებად. მხოლოდ რეალობამ იცის რეალობა, მხოლოდ პიროვნება იცნობს პიროვნებას და მხოლოდ განწმენდილმა სინდისმა შეიძლება აღიქვას ჭეშმარიტება, ღვთის ნება და ქიმერებისგან გათავისუფლდეს, რადგან ჭეშმარიტება - რეალობის აღქმის სისავსეა.
- სინერგიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუქცევთ ღვთის ნების გაგებას...
- ვდგებით რა ყოველდღიური დიდი თუ მცირე ალტერნატივების წინაშე, აუცილებლად მივდივართ ღვთის ნების გაგების პრობლემამდე და იქამდე, თუ რა არის ღვთის განგებულება ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ღვთის ნების გაგება კი გულის განწმენდას მოითხოვს, რადგან მხოლოდ განწმენდილი გული არჩევს, რაში მდგომარეობს საკუთარი და ღვთის ნება, რომ მას დაეთანხმოს.
უამრავი ადამიანი თავის დაცემულ ნებას ღვთის ნებად აღიქვამს და ცურავს რა ამ ფენომენალური ყოფიერების ზედაპირზე, ადგილზე ტრიალებს, ეჩვენება, რომ წინ მიიწევს და თავისი მცდარი წარმოდგენები რეალობა ჰგონია.
სულიერი ცხოვრება სიყვარულის იმანენტურობას და იმასაც გულისხმობს, რომ ღმერთი ჩვენს პიროვნებასთან იმაზე ახლოა, ვიდრე თავად ვართ საკუთარ თავთან. ამის შეგრძნება ადამიანის სარწმუნოებრივი გამოცდილების საბოლოო დისცილაციას ნიშნავს, რამაც, შეუძლებელია, ადამიანს ქრისტეს მადლისმიერი გასხივოსნება არ მოუტანოს. სული საღვთო რეალობას შეიგრძნობს და ეს უზარმაზარ ძალებს ანიჭებს - სულიერი სისუსტეები ქრება, პოზიტივი მატულობს, ადამიანი გარემოს აგრესიულად აღარ აღიქვამს და და აღარც იმ ირაციონალური სამყაროს "წყვდიადში" უჭირს გადაბიჯება, სადაც ყოველდღიური ბრძოლა უწევს მდაბალ ინსტინქტებთან, ამპარტავნებასა და სხვა დიდ თუ მცირე ნაკლოვანებებთან.
ვინც ეძიებს, ის პოვებს და ვინც ითხოვს, მიეცემა. საღვთო სჯული უნდა იყოს ჩვენი სახელმძღვანელო და დასაყრდენი, რათა ეკლესიის მოძღვართა შეწევნით სწორად წარვმართოთ საკუთარი თავისუფალი ნება და მუდამ სიკეთე ავირჩიოთ. რამდენადაც ვწყდებით შემოქმედს და მის ნებას, იმდენად ვშორდებით საკუთარ თავს და სულიერ რეალიებს. ჩვენ შექმნისთანავე მოწოდებულნი ვიყავით, საკუთარ თავში ხილული და უხილავი ღვთის მადლით გაგვეერთიანებინა და განგვეღმრთო ყოველი, ჩვენ კი უფალთან კავშირი დავკარგეთ და სამყაროც მტრად გვექცა, სამოთხის რეალობიდან გამოვვარდით და არსებობისთვის ბრძოლა ვიწყეთ, რაშიც ძალადობა იგულისხმება. სამყაროსთან ამგვარი ურთიერთობები იქცა ტექნოკრატიული ცივილიზაციის დასაბამად, როდესაც ადამიანმა დაკარგა ბუნებრივი კავშირი უზენაესთან, ხოლო ვინც ქრისტეშია და ეკლესიურად ცხოვრობს, ხვდება, რომ ჰარმონიული ურთიერთობა უნდა დაამყაროს ღმერთთანაც და საკუთარ თავთანაც.
ტექნოკრატიული ცვლილებებით, ეკოლოგიური კატასტროფებით კაცთა მოდგმა ტანჯულ, მოწამლულ სიცოცხლეს იმკის, რაც ღვთისგან გაუცხოებამ გამოიწვია. თანამედროვე ადამიანი, ფაქტობრივად, ტექნოკრატიული ცვლილებების წნეხქვეშ იმყოფება და ზოგჯერ როგორც პიროვნება არსებობას წყვეტს, მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობას ეძიებს, მარიონეტივით მოძრაობს და ღვთის მცნებებს ვერასოდეს აღასრულებს, თუ არ მოიქცა. მან, შესაძლოა, ბევრი რამ იცოდეს ქრისტიანობის შესახებ, მაგრამ მარჯვენა ლოყაში რომ გაარტყან, მარცხენას არ შეუშვერს, არც შეუნდობს ვინმეს, რადგან მანქანას შენდობის უნარი არ გააჩნია. ადამიანი დიდი მექანიზმის ბრმა ჭანჭიკი კი არა, ქმნილების გვირგვინია. ამიტომ, ძალისაებრ ჩვენისა, გვევალება, არ მოვწყდეთ ღმერთს და მის ჭეშმარიტებებს და ისე ვიცხოვროთ, როგორც უფალი გვასწავლის.
მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ "სასუფეველი ცათაი იიძულების", ანუ სასუფევლის დასამკვიდრებლად ძალისხმევა გვმართებს. თუ ადამიანის ნება სინერგიაშია ღვთის ნებასთან, ამას ცხონების ძალა ენიჭება, ღვთის ნების გარეშე კი ცხონება არ ძალგვიძს.
მართლმადიდებლობა არის მეცნიერება სიწმინდისა, ხელოვნება წმინდა ცხოვრებისა, რის წყალობითაც ადამიანი იმას აღწევს, რასაც ეკლესია ავალდებულებს. თუ თავისუფლების მოხვეჭა გვსურს, ჭეშმარიტება უნდა შევიმეცნოთ, რომელიც ცოდვათაგან გვათავისუფლებს და სიკეთისა და ბოროტების გაცნობიერებაში გვეხმარება, ფასეულობებს ერთურთში არ აღრევს, რადგან მთავარია, სიცოცხლისა და სიკვდილის გზები განვასხვაოთ ერთურთისგან და ღვთისკენ ვიდოდეთ. ყოველივე მხოლოდ გონებით კი არა, მთელი სულიერი ძალებით და ეკლესიურ ცხოვრებაში რეალური მონაწილეობით უნდა გავაცნობიეროთ. ამღვრეულ გულსა და გონებაში ძალზე ჭირს ღვთის ნების ამოცნობა. ეს ხოლოდ განწმენდილ გულს შეუძლია. მართლმადიდებლური ასკეტიკა სწორედ ღვთის ნების გამორჩევას და სულიერ ცხოვრებაში მის სწორ რეალიზაციას მსახურებს. უფალი არაფერს გვაძალებს, თუმც კი ყოველივეს ჭვრეტს და სიკეთისკენ მისდრეკს.
- ღვთის შემეცნებასა და სინერგიაზე საუბრისას რამდენად გასათვალისწინებელია ადამიანის შესაძლებლობები?
- უცილობლად გასათვალისწინებელია. ნათქვამია, რომ თუ უფლის ხილვა და შემეცნება გსურს, ჯერ შენი პიროვნება და ის მაჩვენე, თუ რამდენად სწორად წარმართავ თავისუფალ ნებას და რამდენად გსურს უფლის ნებასთან თანხმობაში ყოფნა, რამდენად მარხულობ, ლოცულობ ან რა ხარისხით განიწმენდ გულს, რადგან რამდენადაც განიწმინდები, იმდენად იღებ და აღიქვამ ღვთის მადლსა და ნებას. მე უფალს გაჩვენებ და შეგამეცნებინებ, მაგრამ შენც მიჩვენე შენი ადამიანობა და რწმენის ხარისხი და დამიდასტურე, რომ სულიერი თვალი ახელილი გაქვს და შენს გულისხმას, გულისყურს, გულის ინტუიციას და ხედვას ძალუძს უფლის ხილვა და მის ნებასთან თანხმობა. ღვთაებრივი სიყვარული მხოლოდ მაშინ განივრცობა ადამიანში, თუ იგი ღვთის მცნებებს შეგნებულად აღასრულებს. მონას ან, თუნდაც, ბიორობოტს სიყვარული არ შეუძლია. მონას ეშინია და ვერც დაქირავებული და სასყიდლით დადგენილი მიიღებს ღვთაებრივ სიყვარულს. იგი მხოლოდ შვილს, ძეს ძალუძს, ხოლო ვინც ოდენ საკუთარ ნებას და ძალებს ეყრდნობა, ბრძოლის დაწყებამდე დამარცხებულია. როგორც მამები ამბობენ, კაცმა თავისი ქმნილი ბუნება ღვთაებრივ, ხელთუქმნელ ნიჭებსა და ენერგიებს უნდა შეუერთოს.
გზა განღმრთობისა - ეკლესიაში პირადი ღვაწლით და ქრისტესკენ მუდმივი ჯვრისმტვირთველობითი ზეაღსვლით იწყება. ადამიანი მხოლოდ "თვითობა" (ეგო) როდია. იგი ადამიანად მაშინ შედგება, როდესაც ამ ეგოცენტრიზმს სძლევს, რაც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მის წმინდა საიდუმლოებებში, იერარქიაში, კანონიკურ წყობაში, მსოფლმხედველობაშია შესაძლებელი.