როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მისი ცხოვრების საზრისს უნდა დავუკავშიროთ.
რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობა, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება არარსებობაში, სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებისას აშკარა ხდება რელიგიის უსაზღვრო უპირატესობა ათეიზმთან შედარებით; რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, რადგან იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ სიკვდილის პერსპექტივას გვიშლის თვალწინ.
ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას, თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, ამიტომ როდესაც მას სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, ბუნებრივია, სიცოცხლეს აირჩევს. განა ასე არ მოიქცევა ტყეში დაკარგული კაცი, რომელსაც ერთნი არწმუნებენ, რომ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს და სამუდამოდ იქ უნდა დარჩეს, ხოლო მეორენი გამოსავალსაც სთავაზობენ და გზასაც უჩვენებენ?
მაგრამ ბუნებრივი არჩევანის გაკეთებაში ადამიანს ხელს უშლის მითი, თითქოს ათეიზმი ლოგიკურად დასაბუთებული, ობიექტურად არგუმენტირებული, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რელიგიური მსოფლმხედველობა კი მხოლოდ სუბიექტურ განცდებსა და ლიტონ რწმენას ეფუძნება. ათეისტური პროპაგანდით მოწამლულ ადამიანებს და მათ მიერ აღზრდილ შვილებს სწამთ ამ მითის ჭეშმარიტება, სჯერათ, რომ მეცნიერებამ მართლა დაამტკიცა ღვთის არარსებობა, რომ ჭკვიანი ხალხი თავადაც მიხვდა ამას. ხშირად ასეთი ადამიანები მორწმუნისაგან ითხოვენ ან შინაგანად ელიან ღვთის არსებობის დამტკიცებას, რელიგიური მსოფლმხედველობის ლოგიკურობის წარმოჩენას.
რას ნიშნავს ღვთის არსებობის დამტკიცება? საერთოდ, რას ნიშნავს ვინმეს ან რამის არსებობის დამტკიცება? განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკურ თეორემასავით დაამტკიცო?
ღვთისმეტყველების პროფესორს ა. ოსიპოვს ასეთი იგავი მოჰყავს: მეცნიერი აუდიტორიას ჟირაფის არარსებობას უმტკიცებს. მისი არგუმენტები ასეთია: ა) იმის გამო, რომ ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, თავის აწევ-დაწევისას წნევის დიდი ცვალებადობის შედეგად აუცილებლად დაუზიანდება სისხლძარღვები და გული; ბ) თავდაცვის საშუალების (რქებისა და ეშვების) უქონლობის გამო ჟირაფი არსებობისათვის ბრძოლაში ვერ გადარჩებოდა. და როდესაც პროფესორმა აუდიტორიაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, რამდენიმე მსმენელი განაცხადებს, რომ ჟირაფი უნახავს.
ასე რომ, თუ გვინდა, ვინმეს ან რაიმეს არსებობა ვირწმუნოთ, ან თვითმხილველებს უნდა ვენდოთ, ან დავადგეთ გზას, რომელზეც ისინი მიგვითითებენ, რომ თავად ვიხილოთ.
ქრისტიანობას ღვთის მილიონობით თვითმხილველი ჰყავს. მათგან უმრავლესობა ღმერთს გულით ხედავდა - უფლის მათთან მყოფობას განიცდიდა. ეს განცდა და ხილვა იმდენად რეალური და ობიექტური იყო, რომ უმძიმესი ტანჯვა-წამებაც ვერ აიძულებდათ ღვთის უარყოფას.
ღვთის რეალურად, ობიექტურად ხილვის (განცდის) ღირსი ხდება სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. მაგრამ წმინდანთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ღმერთს მის ღვთაებრივ ენერგიებში ჯერ კიდევ სხეულში ყოფნისას ჭვრეტდნენ ხილულად. გარდაცვალებამდე ღვთის ამგვარად ხილვის ღირსნი გახდნენ წმინდა მოციქული პეტრე, იოანე, იაკობი და პავლე, წმინდა გრიგოლ ხანძთელი, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა სერაფიმე საროველი და სხვანი. ვის ეყოფა კადნიერება, მათ მოწმობაში ეჭვი შეიტანოს?!
მაგრამ თუ ვინმე მაინც გაკადნიერდება, ქრისტიანობა გვთავაზობს რეალურ გზას - წმინდა ეკლესიურ ცხოვრებას, გვაძლევს საშუალებას, შევამოწმოთ და თავად შევიგრძნოთ ღვთის არსებობა, განვიცადოთ უფალი, ანუ ვიხილოთ ღმერთი.
რას გვთავაზობს ათეიზმი? რომელმა დაამტკიცა ღვთის არარსებობა? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? მისი კვლევის საგანი ხომ ფიზიკაა და არა მეტაფიზიკა.
თუ ათეისტს ვკითხავთ, როგორ მიხვდა ღვთის არარსებობას, პასუხად დუმილს მივიღებთ.
ღვთის არარსებობის "თვითმხილველნი" არ არსებობენ. ათეიზმს არც ღვთის არარსებობის დამტკიცება შეუძლია და ვერც იმ გზას დაგვანახებს, ღვთის არარსებობაში რომ დაგვარწმუნებდა.
ათეიზმი არის რწმენა და რწმენათა შორის ერთადერთი, რომელსაც თავისი ნამდვილობის დამამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ გააჩნია.
შეიძლება დამტკიცდეს მოსაზრება, რომელსაც: ა) ობიექტური, რეალური ფაქტები და ბ) ამ ფაქტების შემოწმების გზა მოეპოვება. რელიგიას ორივე აქვს, ათეიზმს კი არც ერთი არ გააჩნია; რელიგია ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს, ათეიზმი კი - ვერც ერთს.
***
გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე).- ათეიზმის სინდრომი უდიდესი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორიაში. ყველა საუკუნეში, ყველა ეპოქაში არსებობდა და დღესაც არსებობს საფრთხე, რომელიც სრული გადაგვარებითა და განადგურებით ემუქრება ცოდვით დაცემულ სამყაროს. ეს არის ათეიზმის საფრთხე. ღმერთმა თავისი უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო სრული ბედნიერებისაკენ. ეს ბედნიერება კი ღმერთთან სიახლოვეში უნდა განეცადა. თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, უდიდესი ღირსებაა ყოველი ჩვენგანისათვის, თუმცა საბრალო ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ღვთის გარეშეც შეძლებდა ბედნიერების მიღწევას. აკრძალული ხილივით მომხიბვლელი გახდა ცოდვა ადამიანის ცხოვრებაში და მისი დაგემოვნების სურვილი დღესაც კლავს კაცთა მოდგმას. თითქოს ქმნილება აუჯანყდა თავის შემოქმედს, რადგან აღარ სურს მასთან ერთობა. სრულიად გამიწიერდა ზეცისაკენ მოწოდებული სულიერი არსება, რადგან დროებითზე გაცვალა მარადიული. უძღები შვილივით განეშორა ადამიანი თავის შემოქმედს, სრულიად გაღარიბდა და გაუბედურდა მისი ცხოვრება, რადგან ბედნიერების მსგავსად უბედურება მოუტანა ვნებათა ტყვეობაში გატარებულმა ცხოვრებამ.
ათეიზმის აღზევებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა XX საუკუნე. ხანა საყოველთაო უღმერთობისა, დრო, როდესაც სასტიკად იდევნებოდა რელიგიური გრძნობების ყოველგვარი გამოხატულება. ამ დროს გაიძარცვა და დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი. საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი უმოწყალოდ ანადგურებდა და დევნიდა სასულიერო პირებს. სასწავლო დაწესებულებებში კი ასწავლიდნენ, რომ თურმე ღმერთი არ არსებობს და რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოშობილი ევოლუციური ქმნილებაა. ადამიანური აზროვნება იმდენად დაბრმავდა, რომ ცხოველის დონეს გაუტოლა საკუთარი ღირსება. საბჭოთა იმპერიამ, ისევე როგორც რომის იმპერიამ, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა მართლმადიდებლობას და მისი სახით ქვეყნის შემოქმედს, მაგრამ სრულად დამარცხდა და განადგურდა მასთან ბრძოლაში.
დღეს ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და ფიზიკურად არავინ გვებრძვის, თუმცა მაინც არსებობს საფრთხე ათეისტური აზროვნებისა, თითქოს ეშმაკმა შეცვალა ბრძოლის მეთოდი, აშკარა, დაუფარავი ბრძოლიდან გადავიდა შეფარულ, მზაკვრულ ბრძოლაზე, რომელიც გულისხმობს ადამიანის სულიერ, ზნეობრივ გარყვნასა და გადაგვარებას. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ახასიათებს სრული გულგრილობა, უსიყვარულობა, უგრძნობელობა და სხვა ღირებულებების გაუფასურება. ისეთი საუკეთესო გრძნობები, როგორებიც არის სიყვარული, თანაგრძნობა, უმანკოება, მოკრძალება, დასაცინი ხდება.
ალბათ ისმის კითხვა, სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის ის, რომ უძღები, ცოდვილი ადამიანი დაუბრუნდეს თავის შემოქმედს, რადგან წყარო ბედნიერებისა უფალში უნდა ეძებოს ადამიანმა.
უკვე ორი ათასი წელია მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს, რომლის წიაღში სულიწმინდის მადლია დავანებული. როდესაც მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე თავის მოციქულებს საქადაგებლად აგზავნიდა, აკურთხა ისინი და უთხრა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელი ეცით მათ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. რომელმან ნათელ იღოს, ცხონდეს, რომელმან არა ნათელ იღოს, წარწყმდეს". დღემდე მართლმადიდებელი ეკლესია არის მადლის წყარო, რომელიც ადამიანებს მიენიჭებათ. სხვა ადგილას მაცხოვარი ბრძანებს: "თვინიერ ჩემსა არცა ერთისა რაისამე ძალგიძს ყოფად", რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში, სადაც ეზიარება ღვთიურ მადლს, რომელი მადლიც შემდგომში განაპირობებს ადამიანის სულიერ ზრდა-განვითარებას. სწორედ ამ ძალით შეგვიძლია ვებრძოლოთ ეშმაკს და მის მანქანებას.
- რა ახასიათებს მადლით შემოსილ ადამიანს?
- სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელობა, მოყვასისადმი თანაგრძნობა. ამ თვისებებით შემოსილი ადამიანი ყოველთვის არის სასარგებლო როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მოყვასისათვის. რა თქმა უნდა, მადლმოსილი ადამიანის ცხოვრებაშიც არსებობს განსაცდელები, რომლის წინააღმდეგაც მას უხდება ბრძოლა, მაგრამ იგი ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მას უხილავად მფარველობს უფლის მადლი, რადგან, როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, შესაძლებელია ღვთისთვის". ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს, რომ უფალი არის უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე, თუმცა ასევე ღვთაებრივი ბუნებისათვის არის დამახასიათებელი სამართლიანობა. სწორედ ამ სამართლიანობაზეა დაფუძნებული არსებობა სამოთხისა და ჯოჯოხეთისა. თუკი ადამიანი ცხოვრებაში აღასრულებს სათნოებებს და ცხოვრობს ღვთის სიყვარულით, ასეთი ადამიანი სამართლიანად იმსახურებს სამოთხეში დამკვიდრებას. ასევე, ცოდვილი ადამიანი თავისი უკანონო, უსიყვარულო და უღმერთო ცხოვრებით იმსახურებს ღვთისგან განშორებას. ანუ ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი, სადაც ღვთის მადლი არ არსებობს და ეს არის სამართლიანი განწესება ადამიანებისა, რომელთაც საკუთარი თავისუფალი ნება ბოროტების აღსრულებას მოახმარეს.
რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთის თემა მტკივნეულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის და ისმის კითხვა, - თუკი ღმერთი მოწყალე და კაცთმოყვარეა, როგორ შეიძლებოდა მას შეექმნა ადგილი, სადაც ადამიანები იტანჯებიან?Uუნდა აღინიშნოს, რომ ღმერთს ჯოჯოხეთი არ შეუქმნია, იგი ცოდვით დამძიმებულმა ადამიანებმა შექმნეს და სამართლიანობა მოითხოვდა, ასეთები მოუნანიებელი ცოდვების გამო აღმოჩენილიყვნენ მსგავს ადგილას. ეს ადამიანები, სამოთხეშიც რომ მოხვედრილიყვნენ, იქაც ვერ იქნებოდნენ ბედნიერნი, რადგან მათ ამ ქვეყანაზევე არ ახარებდათ და არ სურდათ ღმერთთან ურთიერთობა. ღვთის სამართლიანობიდან გამომდინარე აქაც დაცულია ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება.
სამოთხე კი არის ადგილი, სადაც ღვთის მადლი უსაზღვროდ იღვრება და იქ მოხვდებიან ადამიანები, რომლებსაც უსაზღვროდ უყვარდათ ღმერთი, ინანიებდნენ საკუთარ ცოდვებს და ამგვარად განიწმინდნენ სულიერად. ამგვარ ადამიანებს ღმერთი ჰპირდება: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ", აქედან გამომდინარე, ადამიანი თავად წყვეტს საკუთარ ხვედრს ცხოვრებაში. შევთხოვოთ უფალს, რომ ყველა ადამიანი ღირსი გახდეს სამოთხეში დამკვიდრებისა, სადაც არ არის არც ჭირი, მწუხარება და სადაც ყველა ერთხმად ადიდებს უფალს, რომელთა ნეტარებასაც არა აქვს დასასრული.
***
ეკლესიურ ადამიანს შეუძლია პირადი მაგალითით მოიზიდოს არაეკლესიური ან, პირიქით, დააბრკოლოს იგი. ის, რომ ეკლესიის წიაღში ვართ, არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თუ ადამიანმა ქრისტიანული სწავლება არ დანერგა საკუთარ ცხოვრებაში, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულად დააკმაყოფილებს ეკლესიურ მოთხოვნილებებს და მისთვის სრულიად გაუგებარია ეკლესიური სული. ეკლესიაში მისული ადამიანი უკავშირდება სულიერ მოძღვარს, რომელიც ვალდებულია, სულიერად აღზარდოს სულიერი შვილი. რა თქმა უნდა, დიდია ვალდებულება სულიერი მოძღვრისა, რომელმაც შეიძლება ის გამოხატოს სიტყვებში, რომელსაც პავლე მოციქული თავის მოწაფეს, ტიმოთეს სწერს: "ამხილე, შერისხე და ნუგეშინისეც ჟამსა და უჟამოსა". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ხშირად საჭიროა შერისხვაც და ნუგეშისცემაც. მოძღვარი არის ამ შემთხვევაში სულიერი მკურნალი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სულიერად დაავადებულ ადამიანს აძლევს მწარე წამალს, რომელიც მისი სულიერი გადარჩენისთვის აუცილებელია. მორწმუნე კი უნდა ცდილობდეს, სულიერი მკურნალის წინაშე იყოს აბსოლუტურად გულწრფელი, რათა მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოიღოს. მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა არის დამყარებული სიყვარულზე, ნდობასა და პატივისცემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ღმერთთან ჰარმონიულ ურთიერთობას და საშუალებას სასუფეველში დამკვიდრებისა.ღმერთმა დალოცოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც დედაეკლესიის წიაღში ცდილობს სულის ცხონებას.