ლოცვაზე ქცევის წესებზე გვესაუბრება მირქმის სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი ლაზარე (ვარდოსანიძე).
- რა მნიშვნელობა აქვს სანთელს? მსახურებისას როდის უნდა დავანთოთ ის?
- სანთელი ახალი აღთქმიდან მოდის. ეს გახლავთ უფლისთვის შესაწირი უსისხლო მსხვერპლი. მისი დანთება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა უმეტესად სახარების კითხვისას ანთებენ და ამით განსაკუთრებით ამაღლებულ განწყობას გამოხატავენ. ვიტყოდი, რომ მორწმუნეებს სანთლის დანთებისას ყურადღება მართებთ. ზოგჯერ ადამიანი მსახურებაში მთელი გულისყურით არის ჩართული, უსმენს საღვთო სიტყვებს და ყველაფერს გულით ეთანხმება. ასეთ დროს მას უმნიშვნელო მოძრაობაც კი უფანტავს გონებას და ლოცვას სწყვეტს. ხშირად იციან სანთლის გადაწოდება, შუა მსახურებაში რომელიმე ხატთან დანთება და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, ცოდვა არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საქციელით გარშემო მყოფნი არ დავაბრკოლოთ, მათი ყურადღება არ მივიქციოთ, ლოცვაში ხელი არ შევუშალოთ. უმჯობესია, სანთელი შევინახოთ და ლოცვის შემდეგ დავანთოთ.
- აუცილებელია თუ არა სახარების კითხვის დროს სანთლის ანთება? ზოგს მისი შეძენის საშუალება არ აქვს. რომ ვერ აანთოს, ცოდვად ჩაეთვლება?
- ცხადია, არც ერთი ეკლესიის მსახური და, მით უმეტეს, უფალი ადამიანს არ განურისხდება იმის გამო, რომ მას სანთლის შეძენის საშუალება არ აქვს. მთავარი სანთელი არ არის. მთავარია, რა გულით მივდივართ ეკლესიაში, რა განწყობით ვდგავართ და ვუსმენთ ღვთისმსახურებას. უფალი ჩვენგან მხოლოდ შემუსვრილ გულსა და სულს ითხოვს. "მოდით, - ამბობს ის, - ჭამეთ ხორცი ჩემი და სვით სისხლი ჩემი, საუკუნო ცხოვრების მსურველნო, რათა ამით გახდეთ ღმერთშემოსილნი, ეშმაკთა განმდევნელი, ზეციური მამის საყვარელნი ძენი, ყოვლისმპყრობელი სამების მკვიდრნი". ამა ხორცისა წილ განმართლდა ადამი. ამა სისხლის გარეშე ვერც აარონი შეაღწევდა ცათა სასუფეველში. თუკი ჩვენ გულშემუსვრილებისა და სულშემუსვრილების შემდგომ არ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ვერ დავიმკვიდრებთ სასუფეველს და ვერც ზეციური მამის ძენი შევიქმნებით. სანთლის დანთება მხოლოდ შინაგანი განწყობის გამოხატულებაა და არა აუცილებლობა, რომელსაც ყოველ ლოცვაზე მექანიკურად ვასრულებთ.
- რა მნიშვნელობა აქვს მოსახსენიებელს?
- იმ ხალხს, რომელიც დედამიწაზე დარჩა, დიდი მოვალეობა აკისრია. მათ შეუძლიათ, ილოცონ არა მარტო საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, არამედ გარდაცვლილთათვისაც. სწორედ ამას ემსახურება მოსახსენიებლის შეგზავნა საკურთხეველში. წირვაზე თითოეული ამ ადამიანის სახელი იკითხება, მღვდელი ლიტურგიაზე მათთვის ღვთისგან წყალობას გამოითხოვს. ამიტომ მოხსენიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გაგახსენებთ ლიტურგიის ერთ მონაკვეთს: როდესაც ზიარება მთავრდება, მღვდელი ბარძიმს საკურთხეველში შეაბრძანებს და ტრაპეზზე დაბრძანებული ფეშხუმიდან სეფისკვერიდან ამოკვეთილ ნაწილებს, ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის და სხვა, ჩააბრძანებს ბარძიმში, სადაც უფლის სისხლი და ხორცია მოთავსებული. ამ დროს (ჩაბრძანებისას) მღვდლის მიერ იკითხება ლოცვა: "მიუტევე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთანი პატიოსნითა სისხლითა შენითა და მეოხებითა წმიდათა შენთათა". მორწმუნე ყოველი წირვისას უნდა აგზავნიდეს საკურთხეველში მოსახსენებელს. ამას დიდი მადლი აქვს.
- იქ ყველას ჩაწერა შეიძლება?
- ადრე მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს წერდნენ, მათ, ვინც ეკლესიურად, აქტიურად ცხოვრობდა, თუმცა დღეს უკვე არაეკლესიურებსაც წერენ. ეს გასაგებია - წირვაში მოხენიებით ხომ ადამიანებს მიეტევებათ ცოდვები და ეძლევათ უფლის მადლი, ძალა ეკლესიური ცხოვრების დაწყებისა. შესაბამისად, მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს ისინიც, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ისინიც, ვინც ღვთის სახლამდე ვერ მოდის. მთავარია, ადამიანი მონათლული იყოს და სხვა აღმსარებლობას არ მისდევდეს. გარდა ამისა, არ შეიძლება თვითმკვლელების ჩაწერა, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს გამონაკლისი: თუ დადგინდა, რომ ადამიანი თვითმკვლელობისას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, პატრიარქის კურთხევით ხდება მისთვის წესის აგება, პანაშვიდის გადახდა და წირვაში მოხსენიება. არსებობს საგანგებო ჯგუფი, რომელიც იკვლევს თვითმკვლელობის შემთხვევებს და ადგენს, დასაშვებია თუ არა გარდაცვლილისთვის მღვდელმსახურების ჩატარება, კერძოდ, წესის აგება.
- ზოგჯერ მორწმუნეები ტაძარში თავად არ მიდიან და მოსახსენიებლებს სხვებს ატანენ. რამდენად მართებულია ეს?
- დღეს მრავალი არაკეთილსინდისიერად აღასრულებს თავის მოვალეობას ღვთის წინაშე. მოსახსენიებლის შეგზავნა არ უნდა ხდებოდეს მოვალეობის მოხდის მიზნით. ბევრი გაუაზრებლად აკეთებს ამას და ჰგონია, რომ ამით აღასრულებს ყველაფერს, რაც ქრისტიანს ევალება, რომ მისი ამქვეყნიური მოვალეობა მხოლოდ სახელების ჩამოწერაა. ეს არასწორია. ცხადია, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და წირვას ვერ ვესწრებით, კარგი იქნება, მოსახსენიებელი მაინც შევაგზავნოთ, მაგრამ ასე უმეტესად სხვა მიზეზით იქცევიან ხოლმე. დაუშვებელია, სიზარმაცის გამო ღვთისმსახურებას დავაკლდეთ, იმ იმედით, მღვდელი მაინც მოგვიხსენიებსო. უფალი უპირველესად ჩვენს გულს უყურებს და არა ჩვენს საქმეებს. 50-ე ფსალმუნში, რომელსაც სინანულის ფსალმუნი ეწოდება, დავით მეფსალმუნე ამბობს: "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". ისიც კი, რომ ადამიანი დაძლევს სიზარმაცეს და მოვა ეკლესიაში, მას და მისი ახლობლების სულებს ძალიან წაადგებათ.
- როდის უნდა აღვასრულოთ დიდი მეტანია?
- არსებობს საეკლესიო ცხოვრების ეტაპები, როცა მეტანიას განსაკუთრებით აღასრულებენ, ან, პირიქით, სრულიად არ სრულდება. დიდი მეტანია, მუხლმოდრეკა არ შეიძლება კვირა დღეს, საუფლო დღესასწაულებზე, შობიდან ნათლისღებამდე და აღდგომიდან სულთმოფენობამდე. დანარჩენ დღეებში მისი აღსრულება სავალდებულოა. იჩოქებენ მსახურებაზე სახარების კითხვისას, კიდევ - როცა მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: "შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის", ასევე, იჩოქებენ "მამა ჩვენოს", ზოგჯერ - "ღირს არსის" და სხვა ლოცვების დროსაც. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მეტანია არ არის ფიზკულტურა; ეს შინაგანი მდგომარეობის გარეგნული გამოხატულებაა. ამ დროს ადამიანი ქედს იხრის უფლის წინაშე, მის ფერხთქვეშ ვარდება და შეწყალებას ითხოვს.
- თუ დავინახეთ, რომ ადამიანმა ისეთ დღეს დაიჩოქა, როცა არ შეიძლება, ვუთხრათ თუ არა ეს?
- თუ დავინახეთ, რომ მორწმუნე რაღაცას უმართებულოდ აკეთებს, უმჯობესი იქნება, ლოცვის დამთავრებას დაველოდოთ და მერე ვუთხრათ - შევამჩნიე, ასე და ასე მოიქეცი, მგონი, ეს არ არის სწორი და იქნებ მოძღვარს ჰკითხოო. ასეთ დროს ტონს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენც მასავით არ ვიცოდით ბევრი რამ. შენიშვნის მიცემისას ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, თუ როგორ განწყობაზეა ეს ადამიანი. თუ ვატყობთ, რომ გაღიზიანებულია, აჯობებს, არაფერი ვუთხრათ, რათა სულ არ დაშორდეს ეკლესიას, მით უმეტეს, თუ ის, რაც მან გააკეთა, დიდი დანაშაული არ არის.
პატერიკებში მოთხრობილია ასეთი ამბავი: ერთი დედაკაცი შევიდა ეკლესიაში, დადგა ამბიონზე და უფალს თავისი სიტყვებით ევედრებოდა. უეცრად მას ერთ-ერთი სტიქაროსანი მივარდა და ჩხუბი დაუწყო, ახლავე ჩამოდი ძირს, აქ ასვლა არ შეიძლება, დაისჯებიო. მსახურმა ქალი იმდენად შეაშინა, რომ ის ეკლესიიდან გაიქცა. ამ დროს სტიქაროსანს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ეს რა ჰქენი, 25 წელი დავდევდი ამ ქალს, რომ ტაძარში მომეყვანა, შენ კი ერთი ხელის მოსმით გააგდეო. მათეს სახარებაში კი უფალი ბრძანებს: "და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულისა ზღვისასა". ამიტომ შენიშვნის მიცემისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ახალმოსული არ დავაბრკოლოთ.
- რატომ არ შეიძლება დღესასწაულზე მუხლმოდრეკა?
- მეტანია სინანულის, გლოვის ნიშანია, დღესასწაულებზე კი ქრისტიანის გული სიხარულით უნდა იყოს სავსე.
- თუ მეტანია არ შეიძლება, მაგრამ მრევლმა დაიჩოქა ან, პირიქით, არავინ იჩოქებს, არადა, მუხლმოდრეკაა აღსასრულებელი (ზოგჯერ მეტანიას ხელს ხალხის სიმჭიდროვეც უშლის), როგორ მოვიქცეთ? იქნება თუ არა ცოდვა წესის დარღვევა?
- ეს ცოდვა არ იქნება. თუ წესისამებრ მოვიქცევით, მაგრამ ამით რამდენიმე ადამიანს ლოცვას მოვწყვეტთ, ცხადია, მართლები არ ვიქნებით. როცა მეტანია არ შეიძლება, მაგრამ ხალხი დაიჩოქებს, დასაშვებია, ჩვენც მოვიყაროთ მუხლი ან პირიქით. ღვთისმსახურებისას ჩვენი ქცევა თვალში საცემი არ უნდა იყოს.
- აუცილებელია თუ არა ხატზე მთხვევა? ზოგჯერ, როცა მორწმუნე ლოცვაზე დაიგვიანებს, ხატთან სამთხვევად მიდის და უხერხული ვითარება იქმნება.
- ვეცადოთ, ხატებს ლოცვის დასრულების შემდეგ ვემთხვიოთ, რათა, ისევ და ისევ, ყურადღება არ მივიქციოთ.
- აუცილებელია თუ არა, ზიარებისას ბარძიმს ან ზეთისცხებისას მოძღვარს ხელზე ვემთხვიოთ?
- მთხვევა შეიძლება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია, რა განწყობით ვემთხვევით. უნდა ვიცოდეთ, რომ პატივს მივაგებთ არა პიროვნებას ან ჭურჭელს, არამედ უფალს, რომლის სახეც ეს პიროვნებაა და რომელიც ამ ჭურჭელშია.
- არსებობს თუ არა რაიმე ლოცვა, რომელიც მსახურებისას უნდა ვიკითხოთ?
- დადგენილია, რომ წირვის შუაში, მაშინ, როდესაც იგალობება საგალობელი "რომელი ქერუბიმთა", - მორწმუნენი 50-ე ფსალმუნს კითხულობენ. ეს მომენტი ღვთისმსახურებაში ძალიან მნიშვნელოვანია - ამ დროს დედამიწაზე მთელი ზეცა ჩამოდის, ამიტომ ადამიანს სინანული სჭირდება, რაშიც 50-ე ფსალმუნი ეხმარება. მსახურების სხვა მომენტებში კი ამა თუ იმ ლოცვის თქმას სჯობს მედავითნეს, მგალობლებს ვუსმინოთ. თუ გონება მაინც გვეფანტება, წმინდა მამები გვირჩევენ, გულში იესოს ლოცვა წარმოვთქვათ.
- ზოგჯერ წირვაზე ზიარებისწინა ან დილის ლოცვას კითხულობენ. რამდენად სწორია ეს?
- ეს, ჩემი აზრით, სიზარმაცისა და უცოდინრობის ბრალია. ღვთისმსახურება იმდენად დიდი რამაა, რომ შეუძლებელია, მას გულით უსმენდე და თან სხვა ლოცვებს კითხულობდე. ზიარებისწინა ლოცვების კითხვისას ხომ უნდა გაიაზრო, ჩაუკვირდე წარმოთქმულ სიტყვებს! ამის გაკეთება კი, მარტო როცა ხარ, მაშინაც ძნელია, არამცთუ ღვთისმსახურების დროს. უბრალოდ, ზოგიერთ მორწმუნეს ეზარება შინ ლოცვა და მათ წირვის დროს წარმოთქვამს, ისიც - მოვალეობის მოხდის მიზნით. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა წირვაზე სხვა ლოცვის კითხვა არ შეიძლება. თუ ძალიან გვიძნელდება ზიარების ლოცვის თქმა, შეიძლება, გავყოთ ის, მაგრამ ეს საღვთო ლიტურგიის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
- ზეთისცხების შემდეგ ხშირად ეკლესიიდან გადიან, ხანდახან შინაც კი მიდიან ხოლმე, წირვაზე კი ჟამნობის შემდეგ შედიან...
- ამგვარი ტენდენცია მართლაც შეიმჩნევა, თითქოს ზეთისცხების შემდეგ ლოცვა მთავრდებოდეს. არადა, ზეთისცხების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია. მინდა, ერთი რამ აღვნიშნო: არც წირვაში და არც ლოცვაში არაფერია ზედმეტი, უსარგებლო, ისეთი, რაც არ გვჭირდება და არ წაგვადგება. ეს მსახურება ჩვენზე ბრძენმა ხალხმა შექმნა, მათი სახით ის უფალმა დაგვიდგინა. ამიტომ დაუშვებელია, საკუთარი შეხედულებისამებრ განვსაზღვროთ, რას დავესწროთ და რას არა.
- შეიძლება თუ არა, ლოცვისას გალობას ავყვეთ?
- აყოლა შეიძლება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ჩვენი გალობით სხვა არ შევაწუხოთ. თუ უფალს მთელი გულით ვუგალობთ, ცხადია, ის ამას დაგვიფასებს.
- შეიძლება თუ არა მსახურებისას დაჯდომა?
- თუ ადამიანი ავად არის და ფეხზე დგომა არ შეუძლია, ცხადია, უნდა დაჯდეს. ზოგჯერ ჯანმრთელი ადამიანიც იღლება და ძალ-ღონის მოსაკრებად ჩამოჯდება ხოლმე. ეს ცოდვა კი არა, ლოცვისთვის მზადებაა. არის მსახურებაში ზოგიერთი ადგილი (მაგალითად, ცისკარში კანონების კითხვის დროს), როცა შეიძლება მოვისვენოთ. მაგრამ ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს ოდნავ დავიღლებით თუ არა, იმწუთში სკამისკენ უნდა გავიქცეთ. უფლისთვის უნდა დავიღალოთ კიდეც. ის კი არა, წმინდა მამები ამბობენ, ეცადეთ, ლოცვის დროს მუხლიც არ ჩახაროთო. ასე რომ, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნა, უმჯობესია, მთელი მსახურების განმავლობაში ფეხზე ვიდგეთ. უფალი ჩვენგან გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლს შეიწირავს და ასწილად მოგვაგებს.
- აუცილებელია თუ არა წირვაზე მობილური ტელეფონის გამორთვა?
- ეს დღევანდელი საზოგადოების სენია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ წირვის ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, როცა მღვდელი მთელი გულით არის ჩართული მსახურებაში, მობილურს დაურეკია. ეს ხელს უშლის მრევლსაც და მღვდელსაც. მრავალი განკითხვაშიც ვარდება. ამიტომაც ღვთისმსახურებაზე ყოფნისას მობილურის გამორთვა აუცილებელია.
- თუ ლოცვაზე დავიგვიანეთ, შეიძლება, ვეზიაროთ?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნით დავიგვიანეთ და რა იყო დაგვიანების მიზეზი. ასეთ დროს მღვდელს უნდა დავეკითხოთ; ის გადაწყვეტს, გვაზიაროს თუ არა.
- წირვას აუცილებლად უზმოდ უნდა დავესწროთ?
- უთუოდ. მით უმეტეს, თუ ვეზიარებით. წინა ღამის 12 საათის შემდეგ არც ჭამა შეიძლება რამისა და არც დალევა. სეფისკვერი უზმოზე უნდა მივიღოთ.
- ზიარების შემდგომი ლოცვა წირვის დასრულებისთანავე უნდა წავიკითხოთ?
- წირვის შემდეგ უმეტესად მედავითნე კითხულობს ხოლმე ზიარების შემდგომ ლოცვებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ ეს ლოცვები უნდა წავიკითხოთ ღვთისმსახურების დამთავრებისთანავე და არა შინ რამდენიმე საათის შემდეგ.
- შეიძლება თუ არა, მოუნათლავი წირვას დაესწროს?
- მოუნათლავი შეიძლება დაესწროს წირვას გარკვეულ ეტაპამდე. სახარების შემდეგ მღვდელი ამბობს კათაკმეველთა (მოუნათლავთა) კვერექსს. ამ კვერექსის შემდეგ მოუნათლავმა ტაძარი უნდა დატოვოს. ხელახლა შემოსვლა მას მხოლოდ ზიარების შემდეგ შეუძლია.
- შეიძლება თუ არა ანალოღიის წინ გავლა?
- ანალოღიის წინ გავლა არ შეიძლება მსახურების დროს, როცა აღსავლის კარი ღიაა.
- პირჯვრის გადაწერისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- პირჯვრის წერისას უნდა დავიცვათ მთავარი წესი: ჯვრის ზედა ნაწილი შედარებით მოკლე უნდა იყოს, ქვედა კი - გრძელი. ბევრი დაუდევრად იწერს პირჯვარს და ამობრუნებულ ჯვარს გამოსახავს, ეს კი არასწორია.
- ამბიონზე ასვლა შეიძლება?
- ამბიონზე ასვლის უფლება აქვთ მხოლოდ ღვთისმსახურებს: მღვდლებსა და სტიქაროსნებს. ერთადერთი შემთხვევა, როცა მამაკაცი და ქალი ამბიონზე ადიან, არის ჯვრისწერის საიდუმლო. მის დასასრულს ნეფე-პატარძალი ამბიონის ხატთან მიდის და მომავალი ოჯახისთვის ლოცულობს. სხვა შემთხვევაში კურთხევის გარეშე ამბიონზე ასვლა, ისევე როგორც საკურთხეველში შესვლა, აკრძალულია.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე