თუ არ ვიქნებით მშობლების მორჩილნი, მადლიერნი,
პატივისმცემელნი, ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ
არ გვიყვარს უფალი ჩვენი
"პატივ ეც დედასა შენსა და მამასა შენსა, რათა კეთილგეყოს და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - ვკითხულობთ ათ მცნებაში.
მშობელთა პატივისცემა ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა. ადამიანი სამყაროს პირველად მშობლებით ეცნობა, მათდამი რიდი უჩნდება და ეს მოკრძალება მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა გაჰყვეს თან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლი აკურთხა - ყოველდღე დედ-მამისგან დალოცვა ითხოვეთ. ჩათვალეთ, ასეთ დროს თვით უფალი და დედა ღვთისმშობელი გლოცავენო. პატივისმცემელნი, ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ
არ გვიყვარს უფალი ჩვენი
გვესაუბრება ვაკის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი მიქაელი (წულუკიძე).
- მამაო, როგორ განმარტავს ეკლესია ამ მცნებას?
- ძალიან ძნელია მცნებათა დანომვრა, მაგრამ მათ ნუმერაციას, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როცა მოსემ სინას მთიდან ათი მცნება ჩამოიტანა, ისინი თიხის ორ ფიცარზე ეწერა. ცხადია, შეიძლებოდა თითო ფიქალზე 5-5 მცნება ყოფილიყო, მაგრამ პირველი ოთხი მცნება ერთ ფიქალზე ეწერა, დანარჩენი ექვსი კი - მეორეზე. ამას თავისი დატვირთვა აქვს. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მცნებები უფალს, მის თაყვანისცემას ეხება, მეხუთიდან კი ადამიანების ქცევას, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. კაცთა შორის მცნებები სწორედ მშობელთა პატივისცემით იწყება. უფალმა დედ-მამის უსიყვარულობა ისეთ დიდ ცოდვებზე წინ დააყენა, როგორებიცაა: კაცის კვლა, პარვა, მრუშობა, ქურდობა და ა.შ. ამიტომ ამ საკითხზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს.
ძველ აღთქმაში, მოსეს რჯულში, ამ მცნების სხვანაირ ინტერპრეტაციას ვხვდებით: წყეულ იყოს, ვინც პატივს არ სცემს დედ-მამასო. დაუკვირდით, მარტო ის კი არ არის დანაშაული, მშობელს რომ რაიმე დავუშავოთ, ვავნოთ, არამედ ისიც კი, თუ მას სათანადო პატივს არ მივაგებთ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ვინც ხილული ვერ შეიყვარა, ის ვერასოდეს შეძლებს უხილავის შეყვარებასო. ჩვენ, ყველა, ოჯახებში ვიბადებით. ბავშვს, პირველ რიგში, ურთიერთობა აქვს მშობელთან. გარესამყაროს, ადამიანებს პირველად მშობლებით ეხება. ამიტომაც ზუსტად მშობელთა პატივისცემით, მორჩილებით არის შესაძლებელი ღვთის მორჩილების, მისი მცნებების სწავლა და აღსრულება.
- უფრო რომელი სათნოებების აღსრულებით მოვიპოვებთ მშობელთა პატივისცემას?
- მცნებათა აღსრულებისთვის, უპირველესად, კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული მათი არსი და მნიშვნელობა. ხშირად ადამიანები თავს იმშვიდებენ - ღმერთს ვუყვარვართ, მოწყალეა და ყველაფერს გვაპატიებსო. ეს მართლაც ასეა, ღმერთი სიყვარულია, ის ყველაფერს შეგვინდობს, მაგრამ შეუნდობს მხოლოდ შეწყალების, პატიების მთხოვნელთ.
ამ მცნების აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი მორჩილებასა და მადლიერებას ენიჭება. ბავშვს მორჩილება სულსა და გულში ბუნებრივად უნდა ჰქონდეს გამჯდარი. აქ მშობელსაც ძალიან დიდი როლი აკისრია. დედ-მამამ შეიძლება შვილს ძალიან ბევრი რამ მისცეს, მაგრამ თუ არ მისცემს უფლის სიყვარულს, მორჩილებას, ძალიან გაუჭირდება, ბავშვს ამ მცნებების აღსრულება მოსთხოვოს. მშობელი უნდა იყოს ბავშვის მაგალითი. დაუშვებელია, ეს მცნება მხოლოდ მოზარდ თაობაზე განვავრცოთ, ის ეხება ყველას, რამეთუ ჩვენ ყველანი ვართ შვილები, გვყავს მშობლები და მათი მორჩილება, პატივისცემა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
ყველაზე იდეალური მორჩილება არის სიყვარულით მორჩილება, როცა არ არის გავლებული ზღვარი, თუ ვინ არის უპირატესი - უფროსი თუ უმცროსი, რადგან მოზარდი იზრდება და დგება დრო, როცა მშობლებს უტოლდება აზროვნებით, შემეცნებით, ცნობიერებით და ა.შ. როცა ადამიანი ბავშვობიდან მორჩილია, ეს მორჩილება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. შემდეგ უკვე თვითონ ხდება შვილებისთვის მორჩილების მაგალითი. მორჩილება უწყობს ხელს ოჯახის ნორმალურ ცხოვრებას. ყველას თავისი საქმე აქვს, ყველამ იცის მოვალეობა და ცდილობს, ძალისაებრ შეასრულოს ის. მაგრამ ამ სათნოებათა აბსტრაქტულად წარმოდგენა რთულია. მორჩილება წარმოიშვება მაშინ, როცა ოჯახში რაღაც პრობლემაა, როცა საჭიროა ერთ-ერთი მხარე მეორეს დაემორჩილოს. ასეთ დროს, თუ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, შვილი მშობლებს უნდა დაემორჩილოს. სწორედ მშობელთა მორჩილება, მორჩილება მათი, ვინც გვშვა, არის უფლის მორჩილების პირველი ეტაპი, საწყისი. მშობელიც მაქსიმალურად უნდა ეცადოს, შვილს ინდივიდუალობა, დამოუკიდებლობა არ წაართვას და ცოდვის გარდა, არაფერში შეზღუდოს.
- თქვენ მადლიერებაც ახსენეთ.
- ჯვრისწერის სამოციქულო იწყება პავლე მოციქულის სიტყვებით - ყველაფრისთვის ვმადლობდეთ ღმერთსო. ეს გრძნობა უდიდესია, ჩვენ ყველაფერი მადლობით უნდა ვაკეთოთ. დღეს ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, დრტვინვა, საყვედური, რომ მათ ცუდი განათლება მისცეს ან კარგად არ აცვიათ, ცუდი ოჯახი აქვთ და ა.შ. ეს ყველაფერი, უპირველესად, სწორედ მადლიერების საწინააღმდეგოა. როცა ადამიანი ბავშვობიდან რაღაცით უკმაყოფილოა და ამის მიზეზს სხვებში ეძებს, არსებობს მისი მანკიერებად ქცევის და ყველასა და ყველაფრის მიმართ უმადურობის სერიოზული საფრთხე. უმადურობა ადამიანის სენია, შეიძლება მას ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ მაინც უმადური იყოს. ჩვენ ხომ პრობლემების გამოგონების და მერე სხვებზე გადაბრალების დიდოსტატები ვართ.
მშობლებთან ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია უფალთან ურთიერთობასთან. ასე რომ, თუ არ ვიქნებით მშობლების მორჩილნი, მადლიერნი, პატივისმცემელნი, თუ არ გვეყვარება ისინი, ეს ნიშანი იქნება იმისა, რომ არ გვიყვარს უფალი ჩვენი.
- ალბათ ეს მცნება სულიერ მშობელზეც უნდა განვავრცოთ. აქედან გამომდინარე, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს აღმსარებელს მღვდლის მიმართ?
- აღმსარებელს სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პირველ რიგში უფალთან. მე ყველას, ვინც მეუბნება, მინდა თქვენი სულიერი შვილი ვიყოო, ვახსენებ, რომ ისინი ტაძარში მოდიან არა ჩემთან, არამედ უფალთან. ეს კარგად უნდა გავიაზროთ და მღვდელს არ უნდა მივანიჭოთ იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე აქვს. მოძღვარი არის ჩვენი უფალთან შუამდგომელი და უფლის ნების ჩვენამდე მომტანი. მოძღვარი სთხოვს მრევლს მორჩილებას, ტაძარში სიარულს იმიტომ, რომ უფლის ნებაა ასეთი. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მოძღვრის, წინამძღვრის მორჩილი ადამიანი მხოლოდ მაშინ არის, თუ ის უფლის მორჩილია.
- მამაო, უფალი ამბობს, თქვენი წინამძღვარი მხოლოდ ღმერთიაო. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები?
- ეს სწორედ ის არის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენ ყველას გვყავს ერთი წინამძღვარი - უფალი, მაგრამ ცხადია, ამით მღვდელს მადლი, აზრი არ ეკარგება. კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ: მაცხოვარი მოციქულებს იმასაც ხომ ეუბნება, სასუფევლის კლიტეებს მოგცემთ და რაოდენიც შეკრათ ქვეყანაზე, კრული იყოს და რაოდენიც გახსნათ, ხსნილი იყოს ზეცაშიო? მან ხომ ხილულ ადამიანს ამხელა ძალა, უფლება მიანიჭა. ამ სიტყვებში სწორედ ის იგულისხმება, რომ ჩვენ მღვდელი უნდა გამოვიყენოთ უფალთან მისასვლელად და ჩვენს გულებში მოძღვარმა ღმერთზე უპირველესი ადგილი არ უნდა დაიკავოს.
- რა ურთიერთობა ჰქონდა მაცხოვარს თავის მშობელთან?
- გავიხსენოთ უფლისათვის ყველაზე მძიმე წუთები. ჯვარცმის დროსაც კი მისი უკანასკნელი თხოვნა, კურთხევა დედა ღვთისმშობელს ეხებოდა. მან იოანეს უთხრა, - აჰა, დედა შენი, მარიამ. მას კი - აჰა, შვილი შენიო. ეს საოცრებაა. როცა ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში ხვდება, ყოველთვის საკუთარ თავსა და გადარჩენაზე ფიქრობს. ქრისტემ კი დედაზე იფიქრა და საყვარელი მშობელი საყვარელ მოწაფეს ჩააბარა. სწორედ ეს არის შვილის მიერ მშობლის სიყვარულის საოცარი, მისაბაძი მაგალითი.
მაცხოვარი სახარებაში ამბობს, რომ ზეციური მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა. მას გააჩნდა მამის სიყვარული და საოცარი მორჩილება. გეთსამანიის ბაღში ლოცვისას მამას ეუბნება, - თუ შესაძლებელია, ამაცილე ეს განსაცდელიო, ბოლოს კი დასძენს, - არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენი ნებააო.
აი, როგორ მორჩილებას გვაჩვენებს ზეციური მამის წინაშე და როგორ ზრუნავს ღვთისმშობლისადმი.
- ზოგჯერ მშობლები შვილებს ტაძარში სიარულს, ლოცვას აძალებენ.
- ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. არ შეიძლება შვილს უფალი დავაძალოთ ან ღმერთით დავაშინოთ. დაუშვებელია, ვაიძულოთ შვილი, აღიაროს ესა თუ ის ცოდვა. ადამიანი აქამდე დამოუკიდებლად უნდა მივიდეს. დაძალებით შვილები საერთოდ ტოვებენ ეკლესიას.
- ხშირად, როცა ადამიანები ეკლესიურად იწყებენ ცხოვრებას, ოჯახში დაბრკოლებები ექმნებათ. როგორ მოვექცეთ ურწმუნო მშობლებს და რამდენად ვართ მოვალენი, მოვიყვანოთ ისინი ტაძარში?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა: თუ მოხვდი უფალთან, მაშინ უფრო მეტად უნდა გიყვარდეს მშობლები, უფრო უნდა გტკიოდეს გული და წუხდე მათ გამო. ახალმოსულები ხშირად ურწმუნო მშობლებს "მიტინგებს" უმართავენ ხოლმე. ნათესავებს მოუწოდებენ, იარონ ეკლესიაში. თან ამას მენტორული ტონით აკეთებენ. ავიწყდებათ, ცოტა ხნის წინ თვითონაც მათნაირები რომ იყვნენ. ქრისტიანმა ჩხუბით და კონფლიქტით კი არა, თავისი პირადი მაგალითით უნდა მოიყვანოს მშობლები ეკლესიამდე.
ზოგჯერ შეიძლება მორწმუნეს რაღაცის დათმობაც მოუწიოს. მაგალითად, მომაკვდავი დედა შინ მარტო არ უნდა დავტოვოთ და ეკლესიაში არ უნდა გავიქცეთ. ასეთ დროს დედის მოვლა იგივე ლოცვაა. მაგრამ ერთიცაა, რომ ეს გაცდენა არ უნდა გახშირდეს. თუ დედ-მამა ჩვენი ასეთი ქცევით სარგებლობს და არასერიოზულ მიზეზებს იგონებენ ჩვენს შინ დასატოვებლად, მათი მორჩილება არ მოგვეთხოვება, რადგან უფალი უპირატესია.
რაც შეეხება მოქცევას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელს მოეკითხება უფლისაგან შვილების ცოდვა, მაგრამ შვილს მშობლის ცოდვა არ მოეკითხება. თუმცა ფსალმუნში ვკითხულობთ: "ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ". ნებისმიერი ადამიანის მოქცევა ჩვენი ვალია, მით უმეტეს, მშობლის. ყველანაირად უნდა ვეცადოთ მათ ეკლესიაში მოყვანას, ოღონდ ეს დიდი სიფრთხილით და მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავაკეთოთ.
- შეიძლება მშობელს არ ვეჩხუბოთ, მოვითმინოთ, მაგრამ ასეთ დროს გონებაში ძალიან ცუდი აზრები მოგვივიდეს. როგორ ვებრძოლოთ მათ?
- თუ გულს ვერ ვაკონტროლებთ, ჯობს საქმით მაინც მოვთოკოთ თავი. გონებას რაც შეეხება, ეს ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება არა მარტო მშობლის, არამედ სხვათა მიმართაც. თუმცა აჯობებს, შვილმა დედ-მამას გულახდილად უთხრას ის, რასაც მათზე ფიქრობს და გულში არ განიკითხონ ერთმანეთი.
- ბავშვს მშობლები ხშირად სჯიან ხოლმე. უმეტესად შვილებს მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ მოექცნენ.
- უნდა შეგვეძლოს ჩვენი შეცდომების დანახვა, მათი აღიარება. ოჯახში უთანხმოება გარდაუვალია. როცა ბავშვი ისჯება, უნდა ფიქრობდეს, რატომ დასაჯეს. თუ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, მშობელს აუხსნას საქმის ვითარება. თუ დამნაშავე მართლაც დედ-მამაა, მათაც უნდა სთხოვონ შვილს პატიება, რადგან უსამართლოდ დასჯა ბავშვზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
- ზოგჯერ შვილებს უჭირთ მშობლის პატიება და იბუტებიან.
- გაუგებრობა ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ დროს გაბუტვა, შინიდან გაქცევა და ა.შ. ყოვლად დაუშვებელია. პეტრე მოციქული უფალს ეუბნება, თუ მოყვასმა დღეში შვიდჯერ შემცოდა, შვიდჯერვე შევუნდობო. უფალი კი პასუხობს, - შვიდჯერ კი არა, 70-გზის შვიდჯერო. დიდი შეცდომაა, როცა მშობელი შენდობას გვთხოვს და არ შევუნდობთ.
როცა ძალიან პატარას სჯი, ცხადია, ვერ ხვდება თავის დანაშაულს, - ჯერ საამისო აზროვნება არ აქვს, - მაგრამ დგება კუთხეში და დიდი, ცრემლიანი თვალებით გაბუტული იყურება. თუმცა საკმარისია დაუძახო - შვილო, მოდიო, რომ იმ წუთში გაგიღიმებს და გულში ჩაგეკვრება. მივბაძოთ მათ. უფალი ამბობს, თუ ბავშვებივით წმინდა არ იქნებით, სასუფეველში ვერ შეხვალთო.
- საზღვარგარეთ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შვილი თუ ფიქრობს, რომ მშობელი არასწორად მოიქცა, შეუძლია უჩივლოს.
- მე ეს ამ მცნების დარღვევად მიმაჩნია. ასე აღზრდილი თაობა უფლისგან ძალიან შორს იქნება.
- ქორწინებისას მშობლების კურთხევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- იმიტომ, რომ ოჯახი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოლ-ქმრითა და მათი შვილებით. ის მოიცავს წინაპრებსა და შთამომავლობასაც. ამიტომ ოჯახის შექმნა ყველას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ჯვრისწერის ლოცვებში მღვდელი ამბობს: - ლოცვითა მშობელთათა დაემტკიცოს საფუძველი სახლისაო.
როცა მშობელი გვაკურთხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი გვაკურთხებს. ამიტომაც კურთხევის გარეშე ქორწინება არ შეიძლება. როცა მშობელი შვილს არ აკურთხებს, გასარკვევია, რა არის ამის მიზეზი. შეიძლება შვილის რჩეულს მართლაც ჰქონდეს რაიმე სერიოზული ნაკლი, მაგრამ ზოგჯერ დედ-მამის წინააღმდეგობა უსაფუძვლოა ხოლმე. მაგალითად, სარძლო თუ სასიძო სათანადო განათლების ან გარეგნობისა არ არის. ხშირად დაწუნების მიზეზად ეკლესიურობასაც კი ასახელებენ. ამ დროს მშობელი არასწორად იქცევა. მაგრამ თუ, მაგალითად, სასიძო ან სარძლო სერიოზული ან უკურნებელი სენით არის დაავადებული ან რაიმე სხვა მიზეზია, მაშინ მშობელმა შვილს ყველაფერი უნდა აუხსნას. მერე მისი ნებაა, მიიღებს თუ არა მშობლის რჩევას. დაძალებით დაქორწინება ყოვლად დაუშვებელია. თუ შვილი არ გაითვალისწინებს რჩევას, უნდა ილოცონ მისთვის.
- ხშირად იმიზეზებენ, თავის რჩენის საშუალება არ ექნებათო...
- ჩვენს წინაპრებს რომ ამისთვის ეყურებინათ, ალბათ დღეს აქ არ ვიქნებოდით. ცხადია, როცა მამაკაცს ცოლი მოჰყავს, ოჯახის რჩენაც უნდა შეძლოს. მაგრამ ხანდახან ასე არ ხდება. მთავარია, ეს უსაქმურობისგან არ მომდინარეობდეს.
- მშობლის კურთხევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაზვნობისასაც. წმინდა იოანე ოქროპირი დედის თხოვნას დაემორჩილა და მის გარდაცვალებამდე ბერად არ აღიკვეცა.
- მონაზვნობის მსურველი სულიერ მოძღვარსაც უნდა შეუთანხმდეს.
მშობლები ცოდონი არიან, მით უმეტეს, კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილნი. ფიქრობენ, რომ მონაზვნობით შვილი უკვდებათ, აღარ ეყოლებათ შთამომავლობა. გარკვეულწილად, ეს ასეცაა - ბერი კვდება ამ სოფლისთვის. მაგრამ ამ შეგრძნებებს შორის დიდი სხვაობაა. მთავარი კი ისაა, რომ თვითონ მორწმუნეს ჰქონდეს სწორი დამოკიდებულება. თუ ეს ასე იქნება, ისინი შთამომავლობასაც დატოვებენ. წმინდა ანტონი დიდს, მაკარი დიდს, ეფრემ ასურს შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა მათი ეპოქის არც ერთი ადამიანის, ვინც შვილი გააჩინა, სახელი არ ვიცით, წმინდანების სულიერი შვილები კი დღესაც არსებობენ.
- მამაო, ზოგჯერ ბავშვს ჰგონია, რომ მშობლებს მასზე მეტად მისი და ან ძმა უყვართ.
- ეჭვიანობა საშინელებაა. მაგრამ თუ თავს ვერ ერევა, შეუძლია ეს მშობლებსაც უთხრას და, რაც მთავარია, ილოცოს. ზოგს შეიძლება უცნაურადაც კი მოეჩვენოს ყველაფერზე, ილოცონ-მეთქი, რომ ვამბობ. ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ სრულად არ ვართ ქრისტიანები. მართლმადიდებლისთვის ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტი იარაღი ლოცვაა.
- რამდენად სწორია მოხუცთა თავშესაფარში მშობლის ჩაბარება?
- მოხუცთა თავშესაფრების არსებობა საზოგადოების კრიზისზე მეტყველებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვკითხო: როგორ შეაფასებენ მშობელს, რომელიც დავრდომილ შვილს ვერ უვლის, დრო არა აქვს ან, უბრალოდ, ჯანმრთელი შვილი ჰყავს, მაგრამ ეზარება მისი გაზრდა და უპატრონო ბავშვთა სახლში აბარებს. ეს ალბათ ყველას შეაშფოთებს. მაგრამ მშობელს განა ცოტა ამაგი აქვს ჩვენზე? განა იმის ღირსია, რომ მოხუცებულობაში ვუღალატოთ? მერე ჩვენც ასევე მოგვექცევიან ჩვენივე შვილები. წმინდა კვიპრიანეს ცხოვრებაში აღწერილია ასეთი შემთხვევა: კართაგენში სახადი გავრცელდა, რომელიც მუსრს ავლებდა მოსახლეობას. შეშინებულ წარმართებს დასნეულებული ახლობლები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და მიუსაფრად ტოვებდნენ. საბრალოებს ქრისტიანები უვლიდნენ. თვითონ იხოცებოდნენ, მაგრამ სხვებს უპატრონოდ არ ტოვებდნენ. აი, ასეთი უნდა იყოს ქრისტიანი. ჩვენ კი, არათუ სხვების, ღვიძლი მშობლების მოვლაც კი არ გვსურს. მოხუცთა თავშესაფარში მშობლის ჩაბარება დაუშვებელია.
- დიდი პროლემები ექმნებათ შვილად აყვანილებს...
- თუ მათ წაკითხული აქვთ შვილად აყვანის ლოცვა, ისინი უკვე ღვთის წინაშე ამ მშობლების შვილად ითვლებიან. გასაგებია ამ ადამიანთა გულისტკივილი და ნაღველი, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილად ამყვანნი ბევრ რამეზე წავიდნენ, ბევრი იტანჯეს და ეს ბავშვებმა უნდა დააფასონ, მიიჩნიონ ისინი ღვიძლ მშობლებად, რადგან მხოლოდ გაჩენა არაფერია, მთავარი გაზრდა და აღზრდაა. მათ აქვთ უფლება, უყვარდეთ ბიოლოგიური მშობლები (თუ იციან ვინაობა). ვისთან დარჩება ბავშვი, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მან უნდა შეძლოს ბიოლოგიური მშობლის პატიება (თუ მისი მხრიდან სინანული იგრძნო) და ვინც აიყვანა, მისი ამაგის დაფასება.
- ზოგი უპატრონო ბავშვთა სახლში იზრდება. ასეთები სულ ცდილობენ, დიდ წარმატებას მიაღწიონ, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცონ. ჰგონიათ, რომ ნებისმიერ წარმატებას მათი მშობლები გაიგებენ და შვილით იამაყებენ.
- თუ ასეა, ძალიან კარგია. მათ აქვთ მშობლის მონატრება, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი. ღმერთი ამ სიყვარულს, ტკივილს აუცილებლად შეუწირავთ. მინდა ვუთხრა მათ, რომ მაქსიმალურად ეცადონ, არ გაბოროტდნენ. ყველას მშობელი, პირველ რიგში, უფალია. ყოველმხრივ თანავუგრძნობ მათ და თუ ისინი ყველაფერს მოითმენენ, უფალი ასწილად და ათასწილად მიაგებთ.
- მამაო, საუკუნეების მანძილზე გრძელდება ბრძოლა თაობათა შორის. რას იტყოდით ამის შესახებ, რა არის დღევანდელი ახალგაზრდობის მთავარი პრობლემა?
- თაობათა დაპირისპირება მუდამ იქნება. იცვლება მოდა, გემოვნება, ურთიერთობის ფორმები, ინტერესთა სფერო, მაგრამ არსებობს მარადიული ფასეულობები და თუ მშობლებიც და შვილებიც ამ ფასეულობებზე არიან აღზრდილნი, თაობათა დაპირისპირება ნაკლებ მტკივნეული იქნება. მთავარია, ჩვენ ეს მარადიული ფასეულობები არ დავივიწყოთ. ნუ გვეგონება, რომ მართლმადიდებლური სიყვარულითა და რწმენით სავსე საქართველოში ვცხოვრობთ. გასულმა ორმა საუკუნემ ისეთი დიდი ზიანი მოგვაყენა, რომ, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ახლა მოქცევის სტადიაშია. დღეს ადამიანები იღებენ განათლებას, საზღვარგარეთაც კი სწავლობენ, მაგრამ დაბრუნებულნი დროს შუღლის გაღვივებასა და უაზრო კონფლიქტებში ხარჯავენ.
მე-19 საუკუნეში პეტერბურგში განათლებამიღებული ქართველები ერთმანეთს ღვთისა და მშობლის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ, ერთიანნი, ერთსულოვანნი იყვნენ საქვეყნო საქმეებში და თქვენ ვერ ნახავთ ამ საკითხებზე ვერც ერთ პუბლიკაციას, დღევანდელის მსგავსი ღვარძლით რომ იყოს სავსე. ისინი საქართველოს, უფლის სიყვარულით იყვნენ გულანთებულნი - ილია მართალი, აკაკი წერეთელი, ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი), ნიკო მარი, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ რობაქიძე, მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე... მწერლები, მოღვაწეები...
დღეს შეიძლება ადამიანს მშობელმა მისცეს განათლება, ყველაფრით უზრუნველყოს, მაგრამ თუ უფლის მცნებები არ მისცა, პირადი, მერკანტილური ინტერესებით სავსე საკუთარ კეთილდღეობას შესწირავს ყველაფერს. სამწუხაროდ, დღეს მთავარია "მე" და არა "ჩვენ"...
დღეს მოდაშია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქრისტიანობაზე, ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე საუბარი, მაგრამ ღვთის რჩეულობა საქმითაც უნდა დავამტკიცოთ. რატომ არ ვართ ახლა წელში გამართულნი, რატომ ვერ ვიმარჯვებთ სიძნელეებზე? იმიტომ, რომ გვაკლია ის შემართება, რომელიც ქართველს 10-20-ჯერ მეტ მტერზე ამარჯვებინებდა. დღეს ცნობიერებაში გარდატეხა ხდება. ვშიშობ, რომ მიმდინარეობს მარადიულ ფასეულობათა გადაფასებაც და ეს ელემენტარულით იწყება. საზოგადოებიდან ეკლესია გაძევებულია. თურმე არ შეიძლება, სკოლაში ხატი ეკიდოს. მათ მაგიერ ალბათ იქნება მსახიობების, ფეხბურთელების სურათები.
საბერძნეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა. მისი კონსტიტუცია მწრამსით იწყება. სკოლებშიც ასწავლიან და ეს სრულებით არ უშლის ხელს მათ განვითარებას. ჩვენ არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ იმას, რომ საქართველო მართლმადიდებლობამ, რწმენამ გადაარჩინა, ვერავინ უარყოფს და ახლა უნდა ვკრათ ხელი ეკლესიას?
ჩვენი სენი ის არის, რომ არაფერს ვაკეთებთ. ნებისმიერი ბერძენი რომ გააჩეროთ, თუნდაც ეკლესიური არ იყოს, მაინც იცის სარწმუნოების ანაბანა. ჩვენთან კი ასეთი ასიდან ერთი თუ შეგხვდათ, დიდი საქმეა. ეს ხომ იგივე ჩვენი ისტორიის უცოდინრობაა. და სწორედ ამ უცოდინრობით სარგებლობს მტერი... თანაც ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. განათლების სისტემის რღვევა დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. გვინდა ძლიერი ქვეყანა ავაშენოთ, მაგრამ არ გამოგვივა, რადგან საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი სკოლიდან, ჩვენი ოჯახიდან, ჩვენი ცხოვრებიდან უფალი გავაძევეთ. მალე თანაგრძნობა, სიყვარული, პატივისცემა, პატიოსნება აბსტრაქტულ ცნებებად გვექცევა. დღეს საქართველოში არაჯანსაღი სიტუაციაა. ახალგაზრდები დასცინიან ეკლესიას და აგინებენ საკუთარ დედას. ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს ეს ცოდვა. ჩვენი გადარჩენის შანსი მხოლოდ ის არის, რომ მოვიდეს ახალი თაობა, რომელიც შეძლებს ძირეული გარდატეხის მოხდენას, დავიწყების პირას მდგარი მარადიული ფასეულობების აღდგენას. მათ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ.
დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ მშობელთა პატივისცემით უფალი სიკეთესა და დღეგრძელობას გვპირდება. სიკეთე უფლის მადლია, დღეგრძელობა კი მარადიულობას გულისხმობს. ინებოს ღმერთმა, მოგვანიჭოს მადლი, ძალა, გაგვაძლიეროს და სასუფეველში მარადიულ ნეტარებაში დაგვამკვიდროს. ამინ.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე