სქემარქიმანდრიტი სერაფიმე - უდიდეს პასუხისმგებლობას და შემწეობასაც ვგრძნობ 13 წმინდა ასურელი მამის წინაშე
მცხეთის რაიონში, სოფელ ქანდაში მდებარე ცამეტი ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი,
უნიკალურია თავისი მსახურებით, რადგან მსახურება არამეულ, ანუ ქრისტეს ენაზე აღევლინება. მთელს მსოფლიოში ერთადერთი მონასტერია, სადაც მარლთმადიდებლური წესით ანუ იოანე ოქროპირის მსახურება სრულდება. მონასტრის წინამძღვარია სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი). მამა სერაფიმეს მონასტერში ვესტუმრე. მონასტრის ეზოში 13 წმინდა ასურელი მამის და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებია, სადაც ყოველდღიურად, მონასტრული ტიპიკონით აღესრულება ღვთისმსახურება. ამ მადლიან ტაძარებს მრევლი დღითიდღე ემატება. საკმარისია მამა სერაფიმეს ხმატკბილი გალობა მოისმინო, რომ სურვილი გიჩნდება კვლავ გახდე ამ მადლის მიმღები.
-2013 წელს ავაშენეთ 13 წმინდა ასურელი მამის სახელობის ტაძარი,-მიამბობს მამა სერაფიმე. ღვთისმშობლის მიძინების მცირე ტაძარში ვერ ვეტეოდით და ავაშენეთ ასურელი მამების სახელზე ტაძარი. აქვე დავაარსეთ წმინდა ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი. იცით, რომ ამ სოფელში ასურელები ცხოვრობენ, მოძღვარიც ასურელი ყავთ. გარშემო ასურელი მამების დაარსებული მონასტრები გვაკრავს. იქით არის წმინდა ისე წილკნელის მონასტერი, წმინდა იოანე ზედაზნელის, წმინდა შო მღვიმელის, მათ შუაშია ჩვენი მონასტერი.
-მამაო, როგორ დააფუძნეთ ასურელი მამების სახელობის მამათა მონასტერი?
-უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2010 წელს მოვედი სოფელ ქანდაში. მონასტრის ეზოში მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა ტაძარი და მცირე ზომის მშენებარე შენობა იდგა, რომელიც ნაკურთხიც არ იყო. ტაძარს გარშემო რკინის გალავანი ჰქონდა... პირველი სართული კარკასი იყო ბლოკებით აშენებული. მოვედი თუ არა მონასტრის კეთილმოწყობისთვის მაშინვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. დავაარსე კითხვა-პასუხი მოძღვართან. მოძღვრისა და ახალგაზრდების შეხვედრა ეკლესიის ეზოში ხდებოდა. ასე ნელ-ნელა შემოვიკრიბე ასურელი მრევლი. ქანდაში ძირითადად ასურელები ცხოვრობენ. აქაურები ელოდებოდნენ მოძღვარს. ის ნაწილი ელოდებოდა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა, რომელთაც იცოდნენ რა არის აღსარება, ზიარება, ეკლესიური ცხოვრება. ძირითადი ნაწილი ჩემს დროს ისწავლეს. ამისთვის ღმერთს დიდება . დღეს უკვე ფაქტიურად ყველა დადის ეკლესიაში. გასული წლის 20 მაისს, უწმინდესი მობრძანდა ქანდაში, რამაც ძალიან გაგვახარა და გავნუგეშა. უწმინდესმა მაშინ მეორე ჯვრით დამაჯილდოვა. ახლა ვარ სქემარქიმანდრიტი. ისე გვეცხოვროს, რომ აქ რომ მივიღებთ ხარისხს, იქ არ მოგვხსნან. ჯილდო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ნუგეშია. ამავე დროს რთულია მისი ზიდვა. რამდენი ხარისხიც არ უნდა მომემატოს მაინც ის მღვდელმონაზონი სერაფიმე ვიქნები.
- ადამიანურად ხომ გიხარიათ?
- როგორ არ მიხარია, მითუმეტეს როცა ეს ხდება უწმინდესის ხელით. ძალიან მიყვარს უწმინდესი, გენიოსი ადამიანია. ხშირი ურთიერთობა მაქვს მასთან.
- უწმინდესის დარიგებიდან რა გახსნდებათ?
- იყავით თავმდაბალნი და ცხონდებით. როცა უწმინდესმა მღვდლად მაკურთხა ვკითხე, -თქვენო უწმინდესობავ, როგორ უნდა გავძლიერდემე? მიპასუხა: -იყავით მშვიდ და მდაბალ გულითა და ცხონდებითო. ეს რჩევა მომცა უწმინდესმა. ტაძრის მშენებლობის დროს ყველაფერს უწმინდესს ვუთანხმებდი. ტაძარი ქანდელების უანგარო ფიზკური შრომით და თანადგომით აშენდა. სოფლის ხალხმა ააშენა, ერთად ავაშენდეთ 13 ასურელი მამის ტაძარი. რამდენიმე მეცენატი გვყავდა, ერთ-ერთი იყო გოდერძი ოსიპოვი, ზაალ ილიაევი და გიორგი ხოშაბაევა. ის გარდაიცვალა, ჩვენ მას გოგლიკოთი მოვიხსენიებდით.. ტაძრის მოხატულობაზე თენგიზ ხოშაბაევა დამეხმარა. ჩვენი ასურელები მუშობდნენ მთელი დღის განმავლობაში. ესეც შრომა და შეემოწირულობაა.
- რამდენ ხანში აშენდა 13 ასურელი მამის ტაძარი?
- 9 000 ბლოკია და 9 000 უფალო შემიწყალენი ითქვა. 30 000 აგურია და ამდენჯერვე ითქვა უფალო შემიწყალე. ხუთ თვეში აშენდა ტაძარი თავისი მოპირკეთებით. ეს არის ერთსულოვენება და ერთად ყოფნა. ტაძარი მოხატა ბორჯომელმა ხატმწერმა დავით ჯინჭვალაძემ. ხატწერა აკრილით და ოქროს ფირფიტებით არის შესრულებული. ჩვენ მოგვწონს ასეთი მოხატულობა, ღმერთს დიდება.
- როგორია სამონასტრო ცხოვრება?
- ლოცვა აქ არასდროს არ წყდება. ტაძარში ყოველთვის ლოცვაა. 24 საათის განმავლობაში ფსალმუნებე ვკითხულობთ. ამავე დროს გვაქვს მწუხრი, ცისკარი, ათთორმეტთა ფსალმუნის კითხვის წესი, ისესოს ლოცვა თავისი მეტანიებით. დილით, 5.30 ვიწყებთ ლოცვას. ამ მხრივ დატვირთულები ვართ. ფიზკური სამუშაო ბევრი არა გვაქვს. ძირითად დროს ლოცვას ვუთმობთ.
მონასტერში სულ ხუთნი ვცხოვრობთ. ისინი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ვისთანაც ერთად გავიზარდე. ღმერთმა მოიყვანა ჩემთან. ერთ-ერთი მათგანი კახაბერი 42 წლისაა.მე 37 წლის ვარ. ერთ დღეს მასთან მივედი და ვუთხარი, იყო დრო შენს თვალწინ ვიზრდებოდი, იქნება ის დრო მოვიდა, რომ თუ ღმერთის წყალობა იქნება ჩემს თვალწინ დაბედემეთქი.
- მონასტერში რას საქმიანობთ?
- ვქსოვთ ტყავის სკვნილებს. წმინდა სერაფიმ საროველის სკვნილს ვეძახით. ყველაფერი კეთდება ხელით. ყოველ ჩამონათვალ ბურთულაში ქაღალდზე დაწერილი იესოს ლოცვაა ჩადებული. ძირითადად თავს ამით ვინახავთ. მომლოცველები ბევრია, ჩვენ არ ვყიდით სანთელს, სანთელი უსასყიდლოდ გაიცემა. ტრაპეზს დღეში ორჯერ მივირთმევთ, გინდა მარხვა იყოს გინდ არა ერთიდაიგივეს ვღებულობთ. საქარგი მანქანა გვაქვს. ჩვენი მრევლი ქარგავს გარდამოხსნას, შესამოსელს.
- მამაო, როგორ აღნიშნავთ ტაძრის დღესასწაულს?
- ტაძრის დღესასწაულს ადრე ღამისთევით ვხვდებოდით, ახლა ვეღარ ვატარებთ. ხალხის სურვილია დილით ჩამოვიდნენ და მსახურებას დაესწრონ. სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან ასურელები და ამ დღეს ერთად ვხვდებით. იშლება დიდი ტრაპეზი. შარშან, 20 მაისს 13 ასურელი მამის ხსენების დღეს უწმინდესიც ბრძანდებოდა.
- როგორც წარმოშობით ასურელს, 13 ასურელი მამის ცხოვრება პასუხისმგებლობას გმატებთ?
-ამაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია. ამ წმინდა მამების მეშვეობით შეიქმნა სამონასტრო ინსტიტუტი. 13 ასურელი მამის სახელობის ყველა მონასტერი მქონდა მოლოცვილი გარდა მათი წინამძღვრის, წმინდა იოანე ზედზნელის მონასტრის. ძალიან მიჭირდა ასვლა, თითქოსდა მისი ნაწილი ვიყავი. ისიც ჩემი წინამძღვარია. მრევლი მეუბნებოდა- ავიდეთ მოვილოცოთ. ძალიან მერიდებოდა იქ ასვლა. მერე მრევლთან ერთად ფეხით ავედი. რა თქმა უნდა XXI საუკუნის ბერი განსხვავდება VI საუკუნის ბერისგან. თვითონ ცხოვრებაც განსხვავდება, მაგრამ სტიმული გაქვს იმის, რომ ვეცადო ისევ ვიცხოვრო, როგორც მოციქულ პავლე იძახის-მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესი.
წმინდა იოანე ზედაზნელის მონასტერში რომ მივედი სირცხვილის გრძნობა დამებადა. მივედი ცოდვებით სავსე ადამიანი, ბერი, ასურელი, უწმინდესის დადგენილი ასურელთათვის და შენდობა ვთხოვე, ისეთი არ ვარ როგორიც უნდა ვიყოთქო. ვთხოვე, შევედრებოდა უფალს ჩემი გამოსწორებისთვის. ნეტავ ყველამ მივაღწიოთ ასეთ მადლს, რაც მამები ატარებდნენ, მიუხედავათ იმისა რომ ეხლა სხვა დროც არის სხვა ეპოქაც. უდიდეს პასუხისმგებლობას და ამავე დროს უდიდეს შემწეობასაც ვგრძნობ ამ წმინდა მამების წინაშე. თქვენ რა გგონიათ განსცდელები არ მაქვს? როგორ არ მაქვს, მაგრამ ასურელი მამების შემწეობით განსაცდელებისგან გამოვდივართ.
20 მაისს, ტაძრის დღესასწაულზე ველოდებით სტუმრებს ერაყიდან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა იონას. მამაო, ეპისკოპოსის მარ კონსტანტინოსის სულიერი შვილია. (მარ კონსტანტინოსი ახლახან გარდაიცვალა).
უწმინდესის ლოცვა- კურთხევა შეეწიოს სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქარვთველო განსაცდელისაგან, ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო. მისი ძალით და მადლით დაგვიბრუნოს ყველა ის მიწა-წყალი, რომელიც ჩვენია და წართმეულია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი