"მარხვის მორწმუნეები" და "ზოგადად მორწმუნეები"
უკვე რამდენიმე წელია, ტაძრები სავსეა ხალხით, წირვა-ლოცვაზე დაგვიანებულები ხშირად გარეთაც რჩებიან. გაჩნდა ადამიანთა ახალი კატეგორია - მრევლი. ეს ის ხალხია, ვინც უფლის სიყვარულით, მის სადიდებლად იკრიბება ეკლესიაში.
ალბათ, დამეთანხმებით, რომ სულ სხვაა არაეკლესიური ადამიანების ურთიერდამოკიდებულება და სხვა სიწრფელე იგრძნობა მრევლის წევრებს შორის. რა გასაკვირია - მათ ხომ უზენაესი აკავშირებთ.გვესაუბრება თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელი (ბოტკოველი).
- მამაო, იქნებ, საუბრის დასაწყისშივე განვმარტოთ, რა არის მრევლი.
- მრევლი იმ ადამიანთა ერთობლიობაა, ვინც ეკლესიური წესით ცხოვრობს და საკუთარ თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს. განკერძოებული ეკლესია არ არსებობს, ეკლესიას მრევლი წარმოადგენს. თავისთავად ტაძარი ადგილია, სადაც ადამიანები ღვთის სადიდებლად იკრიბებიან. შემდეგ მის შიგნით ყალიბდება სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ეკლესია არსებობს და ასრულებს თავის მისიას.
- ნურავინ იტყვის, მე პავლესი ვარ, მე - აპოლოსიო, გვაფრთხილებს პავლე მოციქული, მაგრამ ჩვენ თავს მაინც ამა თუ იმ მოძღვრის მრევლს ვუწოდებთ. შეცდომა ხომ არ არის ეს, მოძღვრის მრევლად ვითვლებით თუ ტაძრისად?
- ამა თუ იმ მოძღვრის მრევლობა ძალიან პირობითი თქმაა და მთლად სწორად არ გამოხატავს ამ ცნების მნიშვნელობას. ადამიანები საკუთარ მოძღვარზე არიან ორიენტირებულები და ეს გამოთქმაც აქედან მომდინარეობს. როცა გვეკითხებიან, უფრო მართებული იქნება, ის აღვნიშნოთ, რომელი ტაძრის მრევლი ვართ და შემდეგ დავაკონკრეტოთ, რომელია ჩვენი მოძღვარი. ასე ამბობენ იმ ტაძარში მოსიარულენიც, სადაც რამდენიმე მოძღვარი მსახურობს.
- მრევლში სავსებით განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს. რა ნიშნით შეიძლება მისი წევრების დაყოფა?
- მრევლის თითოეულ წევრს აქვს რაღაც თავისებურება, რაც მას სხვებისგან განასხვავებს, თუმცა არის ისეთი ნიშნებიც, რომელთა მიხედვითაც მრევლში რამდენიმე ჯგუფის გამოყოფა შეიძლება. ერთნი უფრო აქტიურები არიან, შედარებით აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევიან, მეორენი - პასიურები. ხუმრობით მრევლს მარხვის მორწმუნეებად და ზოგადად მორწმუნეებად ვყოფ ხოლმე - ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ მარხვის პერიოდში ადამიანები შესამჩნევად აქტიურდებიან და ტაძარიც უფრო მეტად არის სავსე, ვიდრე ხსნილში.
დიფერენციაცია იმ მორწმუნეებს შორისაც შეიმჩნევა, რომლებიც სისტემატურად დადიან ეკლესიაში - არიან უფრო მეტად აქტიურები, ისინი არასოდეს აცდენენ შაბათ-კვირის წირვა-ლოცვას. თუმცა ყოველი დღის მსახურებას ვერ ესწრებიან, რადგან სხვა საქმეებიც აქვთ, - ვერც დავავალდებულებთ, რომ ყოველდღე ეკლესიაში იყვნენ, - მაგრამ, უფლის მცნებისამებრ, კვირაში ერთ დღეს ღმერთს უთმობენ.
მრევლის უფრო დიდი ნაწილი ხანგამოშვებით დადის ეკლესიაში. ორ, სამ კვირაში ერთხელ ახერხებს წირვაზე დასწრებას. ასეთ ადამიანებს აქვთ სუბიექტური, შესაძლოა, ობიექტური მიზეზებიც და მათიც კარგად მესმის. მით უმეტეს, დღეს ისეთი დუხჭირია ცხოვრება, თქმაც მიჭირს, რომ წირვა-ლოცვას აუცილებლად დაესწრონ. ის კი არა, მინახავს ხალხიც, ვისაც ტრანსპორტით სიარულის საშუალებაც არ აქვს და ამიტომ ვერ მოდის ტაძარში.
"მარხვის მორწმუნეების" უმეტესობა მარხვის ბოლო დღეებში გამოჩნდება ხოლმე, ცდილობს, დიდ დღესასწაულებზე მაინც არ დარჩეს უზიარებელი. მათაც აქვთ გასამართლებელი მიზეზები. ვცდილობთ, მრევლის ასეთ წევრებს ინდივიდუალურად მივუდგეთ.
- თუ შეიმჩნევა მრევლში ინტელექტუალური განსხვავება?
- ინტელექტუალური თვალსაზრისით განსხვავება უდავოდ დიდია. არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ეკლესიას შემეცნებითად, ცნობიერად უკავშირდებიან. ფაქტობრივად, ჩვენი დახმარების გარეშეც მოიძიებენ ლიტერატურას, კითხულობენ და კარგადაც ერკვევიან სარწმუნოებრივი ცხოვრების თავისებურებებში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს სიხარულსა და კმაყოფილებას იწვევს. ზოგიერთი მეტ-ნაკლებად ადევნებს თვალყურს პერიოდულ პრესას და ეკლესიაში შემოსულ ბროშურებს კითხულობს, ამის იქით აღარ მიდის. სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც ვერც ამას ახერხებენ, მხოლოდ დილა-საღამოს ლოცვებითა და პირჯვრის წერით იფარგლებიან. ეს რეალობაა, რომელსაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ და ვეცადოთ, თანდათანობით ეს ხალხიც ჩავრთოთ აქტიურ ცხოვრებაში, რაც აუცილებელია.
ყველას, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მინდა ერთი რამ შევახსენო: ადამიანი, რომელიც მორჩილებს უფალს, რა თქმა უნდა, სათნოა ღვთისათვის, მაგრამ ასეთი ადამიანი უფლის მონად იწოდება; ხოლო ის, ვისაც აქვს შემეცნებითი სარწმუნოება, მეგობარია უფლისა. ერთ-ერთ ეპისტოლეში ამაზე პავლე მოციქულიც საუბრობს, როდესაც სარწმუნოებით სარწმუნოებას ახსენებს - ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა ცდილობდეს, ყოველდღე რაღაც შეიძინოს, ყოველდღე წარემატებოდეს ამ მიმართულებით. პატრიარქიც გვეუბნება - ერთი დღეც არ დატოვოთ ისე, წიგნთან არ გქონდეთ შეხება, თითო ფრაზა მაინც ამოიკითხეთ წმინდა წერილიდან, შეიძლება დაგამახსოვრდეთ, შეიძლება, არა, მაგრამ წმინდა წერილთან კონტაქტი დიდ სარგებლობას მოგიტანთო.
სხვათა შორის, კლიმენტი ალექსანდრიელსაც შესანიშნავი ნაშრომი აქვს ცოდნისა და რწმენის თაობაზე. კარგად განმარტავს, როგორია უბრალოდ მორწმუნე ადამიანი და როგორია ცოდნით გამდიდრებული სარწმუნოება.
უფლის მონობასა და მეგობრობას შორის დიდი სხვაობაა და, რა თქმა უნდა, სჯობს, მეგობრები ვიყოთ, ვიდრე მონები, თუმცაღა ხშირად უფლის მონობაც სანატრელია.
- მრევლში გაცნობილი ადამიანები ძალიან უმეგობრდებიან ერთმანეთს. რა დატვირთვა აქვს ამ ურთიერთობას?
- მრევლთან საუბრისას ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ფასეულია ეკლესიაში შეძენილ ადამიანებთან ურთიერთობა.
მრევლში დამეგობრებულებს ხშირად ყოფით ცხოვრებაშიც უწევთ ერთად ყოფნა. ასეთ მეგობრებს, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა დრო რჩებათ სხვა ურთიერთობებისათვის. ხშირად ტრაპეზობენ ერთად, მათი აზროვნება მსგავსია, ერთი საზრუნავი აქვთ, ერთი საკითხის გარშემო ტრიალებენ. ეკლესიასთან ურთიერთობა, ეკლესიური ცხოვრება ყოფით ურთიერთობებსაც უადვილებთ.
ამგვარად, გარდა იმისა, რომ ეკლესია ღვთის სახლია და იქ მის სადიდებლად ვიკრიბებით, უამრავ მეგობარსაც ვიძენთ და ეკლესიური ცხოვრება ამ ნიშნითაც ძალზე ფასეულია. უნდა ნახოთ, როგორ გვიხარია ერთად ყოფნა, როცა მომლოცველობით მოგზაურობას ვაწყობთ, რა საოცარი ერთსულოვნება და მეგობრობა იგრძნობა. ეს ეკლესიური ცხოვრების შენაძენია.
- ხშირად ეს მეგობრობა დანათესავებით, ნათელმირონობით გრძელდება...
- მართალია, ასეც ხშირად ხდება, ნათელმირონობით უნათესავდებიან ერთმანეთს. ეს სასიხარულოა და სწორიც არის. უნდა ვეცადოთ, ჩვენს შვილებს ისეთი ნათლიები მივუჩინოთ, რომლებიც ეკლესიასთან ახლოს არიან, ერკვევიან სარწმუნოებრივ საკითხებში. ვაითუ რაღაც შეგვეშალოს; ხოლო თუ ეკლესიური ადამიანები გვეყოლება გვერდით, ისინი დაგვეხმარებიან შეცდომის გამოსწორებაში.
- რა მოვალეობა ეკისრება მრევლს ეკლესიის, თვით მრევლის, მოძღვრის მიმართ?
- ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ხშირად ჰგონიათ, მოძღვარი განყენებულია მრევლისაგან. ეს შეცდომაა. უბრალოდ, მოძღვარი ჩვენზე მეტად არის გათვითცნობიერებული რელიგიურ საკითხებში და ამიტომაც ხდება მისი გამორჩევა. ის იღებს შესაბამის განათლებას სემინარიასა თუ აკადემიაში, ჩვენზე უკეთესად ერკვევა რელიგიურ საკითხებში. თეოლოგიური მომზადების გარდა ის იღებს ხელდასხმას, რაც მადლს და უფლებას აძლევს, მასწავლებლად, წინამძღვრად დაგვიდგეს. მოძღვარი ხშირად ცნება "მასწავლებელთან" იდენტიფიცირდება, რადგან მასაც იგივე დატვირთვა აქვს: მან სულიერ საკითხებში უნდა გვიწინამძღვროს. როგორც მასწავლებელი - ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, ისევე გვასწავლის მოძღვარი საღვთო სჯულს. მასწავლებლის მიმართ ხომ არ გვიჩნდება პრეტენზია, რატომ გვასწავლისო, რადგან ვგრძობთ, რომ მან ჩვენზე მეტი იცის. შეიძლება, მოძღვარი ჩვენზე ახალგაზრდა იყოს, მაგრამ სულიერ საკითხებში მეტი ცოდნა ჰქონდეს; მით უმეტეს, თუ მოძღვარი ხანდაზმულია და დიდი გამოცდილება აქვს, უნდა მივენდოთ და მისი რჩევა თუ მითითება მორჩილებით მივიღოთ.
მოძღვრისა და მრევლის გამიჯვნა სწორი არ არის, მოძღვარი იგივე საზოგადოების წევრია, ისიც ტაძრის მრევლია, იგივე პრობლემები აწუხებს, იგივე მიზანი აქვს, რაც დანარჩენებს. უბრალოდ, ის ჩვენს შორის გამორჩეულია, მას უფრო მეტი დაავალა ღმერთმა.
მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა მიეცა დიდად, დიდადვე მოხადონ მას" - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებაო. აშკარად ვხედავთ, რომ მოძღვარს პასუხისმგებლობა დიდი აქვს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მას ტვირთი შევუმსუბუქოთ. არ არის არც ერთი კერძო თუ საზოგადო მსახურება, სადაც ეკლესიის მეთაურს ან ადგილობრივ მღვდელმთავარს არ იხსენიებდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ტვირთი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენც ყოველდღიური ლოცვით შევეწევით ამა თუ იმ სასულიერო პირს. როცა მოძღვარს ლოცვებში ვიხსენიებთ, მისთვის დაკისრებული ტვირთის ზიდვაში ვეხმარებით.
სხვა უფლება-მოვალეობანი მრევლს არ აქვს, მისი წევრები არაფრით არიან ვალდებულნი. უბრალოდ, ყურადღებიანნი უნდა იყვნენ მოძღვრის მიმართ და კარგი იქნება, თუ ყურადღებას გამოიჩენენ იმ ტაძრის მიმართაც, რომელშიც დადიან. პატრიარქს უყვარს ხოლმე თქმა: ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებსო. ტაძარი ღვთის სახლია, ღვთის სახლი კი ყველასია; არც ჩემია ეკლესია, სადაც ვმსახურობ, არც ჩემი წინაპრების ყოფილა და არც შთამომავლებისა იქნება. ეკლესიაში მსახურება დროებითია, დღეს ერთი მსახურობს, ხვალ სხვა იმსახურებს. ამიტომ ტაძრის შეწევნა, მის მიმართ ყურადღება, მასზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა, დაწყებული მრევლით, დამთავრებული მოძღვრით, ეპისკოპოსით თუ პატრიარქით.
- ეკლესიაში მოსიარულეებს თითქოს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გარშემომყოფების მიმართ, უფრო სწორად, საზოგადოება მრევლის წევრებისადმი უფრო მომთხოვნია, ჰგონიათ, რაკი კაცი ეკლესიაში დადის, წმინდანივით უნდა ცხოვრობდეს. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?
- სამწუხაროდ, ხდება ასეთი რამ. ხშირად ეკლესიური ადამიანი ოჯახშიც კი შეზღუდულია და დაუმსახურებელ საყვედურებს იღებს, ხოლო თუ გაბედა და ამ საყვედურზე პროტესტი გამოხატა, უკვირთ და აუცილებლად მიუთითებენ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება, მაგრამ მრევლს ვურჩევ, მოითმინონ. "ვინც მოითმენს, ის მოიგებსოს" პრინციპით იხელმძღვანელონ. შეიძლება, ეს ძნელი იყოს, მაგრამ უფრო სწორია.
- ეკლესიური ხალხი გარეგნულადაც გამოირჩევა, თითქოს რაღაცით ერთმანეთსაც ჰგავს, მოძღვარსაც. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს?
- ვერ გეტყვით, რომ გარეგნულად ემსგავსებიან ერთმანეთს, მაგრამ საქციელში ნამდვილად ვამჩნევ მსგავსებას, თითქოს ერთ ყალიბზეც აზროვნებენ. მოძღვარსაც გააჩნია, რაღაცით მასაც ემსგავსებიან; უფრო მშვიდ მოძღვართან მყოფი ადამიანები სიმშვიდით გამოირჩევიან, აქტიურ, ემოციურ მოძღვართან მყოფები თვითონაც ასეთები არიან. როგორც ჩანს, ხალხი რაღაცნაირად ბაძავს მოძღვარს. კარგის მიმბაძველობა ცუდი არ არის. თუ შევამჩნიეთ, რომ ესა თუ ის თვისება მისასალმებელია, რატომაც არ უნდა მივბაძოთ?
- ერთი შემთხვევა გამახსენდა: ჩემმა არაეკლესიურმა მეგობარმა იეღოველები ასე მოიგერია - წადით ეკლესიაში, შეხედეთ, როგორი ნათელი სახეები აქვთ იქ ადამიანებს, მერე სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით, სად არის ჭეშმარიტებაო.
- ვინც წირვა-ლოცვის შინაარსი იცის, ჩართულია მასში და განიცდის, რაც იქ ხდება, რა თქმა უნდა, მასზე აუცილებლად აისახება ღვთიური მადლი. ან როგორ შეიძლება, არ აისახოს! ამ დროს უდიდესი რამ ხდება ტაძარში, იმ ხალხს კი, ვინც ამას ვერ შეიცნობს, ძალიან უჭირს ეკლესიაში ყოფნა და მსახურების დამთავრებას მოუთმენლად ელიან (არ ვგულისხმობ ხანდაზმულებს, ვისაც ფეხზე დგომა ფიზიკური უძლურების გამო უჭირს). თუ ადამიანი კარგად გააცნობიერებს წირვა-ლოცვის მნიშვნელობას, დაღლილობის შეგრძნებაც ნაკლებად ექნება, რადგან იქ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება ერთიანი ჯაჭვია, რომელსაც კულმინაციამდე მივყავართ. ეს კულმინაცია ტაძარში ჩვენს მიერ შეწირული ღვინისა და პურის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქცევაა. როცა ადამიანი ამას გრძნობს, ცნობიერად ეკიდება, სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად განიცდის და ეს ყოფიერებაზეც აისახება. ეს განწყობა ადამიანს ტაძრიდან გასვლის შემდეგაც მიჰყვება.
- რამდენად მნიშვნელოვანია მრევლისთვის მოძღვარი, შესანიშნავად ვიცით, მაგრამ მოძღვრისთვის რას ნიშნავს მრევლი?
- შემიძლია ვთქვა, რომ მოძღვარი ძალიან კარგად გრძნობს მრევლს. ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო აქტიურია მრევლი, მღვდელიც მით უფრო მოწესრიგებული და მობილიზებულია. როცა მრევლი არ აწუხებს მოძღვარს, არაფერს ეკითხება, არ სთხოვს სულიერ საზრდოს, მოძღვარიც ინერტული ხდება და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ეს კი ტრაგედიაა მოძღვრისათვის, რადგანაც აქ ის განვითარებას წყვეტს.
მოძღვრობა, თავისთავად, დიდი ტვირთია. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მოძღვარი განიცდის, დროის დეფიციტია. მას აღარ რჩება დრო საკუთარ თავზე სამუშაოდ, მხოლოდ თუ აიძულებ, რომ ისევ წიგნებს ჩაუღრმავდეს. ჩემი მოძღვარი მეგობრებისაგან ხშირად გამიგია, რომ სემინარია-აკადემიაში სწავლის შემდეგ წიგნებს მოსწყდნენ, რადგან დიდია მრევლის მოთხოვნილება კერძო მსახურებებზე. ხოლო როცა მრევლი აქტიურობს, მოძღვარი, უნდა თუ არა, იძულებული ხდება, ყოველი წირვისთვის, ყოველი მსახურებისთვის მოემზადოს, მრევლი გაგრძნობინებს, რომ რაღაც ახალი უნდა უთხრა, ეს ახალი კი თავისთავად არ მოვა. სხვათა შორის, დღევანდელი სამღვდელოებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ეკლესიის ძალისხმევა აქეთაც არის მიმართული. ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა გზას ვეძებთ, დაუსწრებელი ფაკულტეტების შექმნა იქნება ეს თუ სხვა საშუალებები.
მოძღვრისთვის, გარდა იმისა, რომ თეოლოგიური განათლებაა საჭირო, აუცილებელია იმ ყოველდღიურობასთან ადაპტირებაც, რომელშიც უწევს ყოფნა. ის უნდა ერკვეოდეს ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაში, გარკვეული თვალსაზრისით - პოლიტიკაშიც... უნდა იცოდეს, რა ხდება მის გარშემო. მრევლი ყოველდღიურად ვითარდება და მოძღვარს არ აქვს უფლება, სადღაც ჩარჩეს და მხოლოდ იმით შემოიფარგლოს, რასაც ეკლესიური ცნობიერება გვაძლევს. მოძღვარს უფრო ფართო დიაპაზონის აზროვნება უნდა ჰქონდეს.
- მაგრამ როცა მოძღვარს ძალიან დიდი მრევლი ჰყავს, განვითარებისთვის საჭირო დროის ნაკლებობას თავი რომ დავანებოთ, მრევლსაც ხომ არ აკლდება ყურადღება?
- პირადად მე მომხრე ვარ, მოძღვარს განსაზღვრული, რეგლამენტირებული რაოდენობის მრევლი ჰყავდეს. ვიცი ძალიან ცუდი პრეცედენტები, როცა მოძღვრები მრევლში უსაზღვრო რაოდენობის ხალხს იღებდნენ და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ სულ არ იცოდნენ მათი ასავალ-დასავალი, არც კი იცნობდნენ მათ. ეს არ არის ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრება. როცა არ შეგიძლია, ამდენ ხალხს უხელმძღვანელო, სრულებით არ არის სირცხვილი, სხვასთან გაგზავნო. თუკი არ გცალია, სჯობს, მრევლი საიმედო ხელს ჩააბარო, ვიდრე ყველა მიიღო და, ფაქტობრივად, უპატრონოდ დატოვო.
რაკი ტაძრის წინამძღვარი ვარ, მეც ბევრი მთხოვს, მისი მოძღვარი ვიყო. ხშირად არ მაქვს დრო, ადამიანს საჭირო ყურადღება მივაქციო, მას კი შეიძლება საათობით სჭირდებოდეს მოძღვართან ყოფნა. მიღებაზე უარს არ ვეუბნები, მაგრამ ვურჩევ, სინჯოს ურთიერთობა მეორე მოძღვართანაც, რომელსაც დროც მეტი აქვს და უფრო ხშირადაც არის ეკლესიაში. შეიძლება, გული დასწყდეს, რომ ვერ მიიღე, მაგრამ საერთო ჯამში მისთვის ასე აჯობებს.
- მრევლი დღითიდღე იზრდება, რაც გარკვეულწილად სასულიერო კადრების პრობლემასაც ქმნის, მაგრამ რაოდენ სასიხარულოა, როცა ამბობენ, რომ არც ერთი სხვა ქვეყნის ტაძრებში არ არის ამდენი ახალგაზრდა, რამდენიც ჩვენთან. რისი შედეგია ეს და რის იმედს გვაძლევს?
- ის, რომ მრევლმა აშკარად იმატა და თანაც, როგორც აღნიშნეთ, უმეტესობა ახალგაზრდაა, ეს ეკლესიის მეთაურის დამსახურება გახლავთ. მისი დიდი ავტორიტეტი, მისი პიროვნული ნიშან-თვისებები ბევრწილად განაპირობებს ხალხის ეკლესიაში მოსვლას. რა თქმა უნდა, არიან სასულიერო პირებიც - მღვდელმთავრები, მღვდლები, - რომლებიც ცდილობენ, უწმინდესს მხარში ამოუდგნენ და საზოგადოება ეკლესიაში დააბრუნონ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირად მაგალითს. რაც უნდა დიდი მქადაგებლური ნიჭით, მჭევრმეტყველებით გამოვირჩეოდეთ, მთავარი მაინც პირადი მაგალითია. ათწლეულების განმავლობაში სამღვდელოების რეპუტაცია ისე იყო შერყეული, რომ მის აღდგენას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ, ამის მიუხედავად, დღეს რელიგიური ცხოვრების საოცარი ბუმია. ასეც უნდა ყოფილიყო, რომ არა სამოცდაათწლიანი პერიოდი, რომელმაც მძიმედ მოსაშუშებელი ჭრილობა მიაყენა საზოგადოებას და ნდობის მექანიზმი მოსპო. მისი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დამთავრებული არ არის ეკლესიის მშენებლობა, რომ უკვე მრევლითაა სავსე. სასულიერო პირებზე მზარდ მოთხოვნილებას ეკლესია შეიძლება ვერც კი აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალისხმევა სასულიერო სასწავლებლისკენ არის მიმართული. ხშირად გაისმის, რომ კადრები არ არის საკმარისი ან იმ დონეზე მომზადებული, რომელსაც საზოგადოება ითხოვს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ თხუთმეტი წელია, რაც ეკლესიამ ლეგალურად დაიწყო არსებობა. აქამდე მას, შეიძლება ითქვას, იატაკქვეშეთში უწევდა მოღვაწეობა. თხუთმეტი წელი კი საღვთისმეტყველო აზროვნებისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ძალიან ცოტა დროა. იმ ავადსახსენებელ სამოცდაათ წელიწადს ცარიზმის პერიოდსაც თუ მივათვლით, გამოდის, 200 წლის მანძილზე ანგრევდნენ ჩვენს ეკლესიას... ყოველთვის ვცდილობ, ხალხს კარგად ავუხსნა ეს. ჩვენ გვესმის მათი ტკივილი, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველას საეკლესიო ხარისხი მიანიჭო და მოუმზადებელი სასულიერო პირები მიუშვა მრევლთან? თანდათანობით ყველაფერი მოგვარდება, ჩვენ შევძლებთ ფეხზე დადგომას, საქართველოს ეკლესია აუცილებლად დაიბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ყოველთვის ეკავა საზოგადოებაში და მომავალსაც კეთილ საფუძველს შეუქმნის.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი