კაცობრიობის მოლოდინი ახდა და იშვა ძე დაუსაბამო ემანუილ ღმერთი და კაცი... - ჩაგვესმის ეს სანუკვარი ანგელოზებრივი სიტყვები და ხარობს გული ჩვენი ამ უდიადესი მოვლენით.
მხსნელი ჩვენი დაიბადა სიმდაბლით - იშუა ბაგაში და სახე მწირობისა გვიჩვენა,- გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- უკვე ორი ათასი წელი შესრულდა, რაც სამყაროს მაცხოვარი განკაცებული ღმერთი მოევლინა. ქრისტეს მოსვლამდე სამყაროს ყველა ხალხი, გარდა იუდეველებისა, კერპთაყვანისმცემელნი იყვნენ.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღმოსავალეთში მოგვებმა პირველებმა შეიტყვეს, რომ ქრისტე იშვა, ვარსკვლავისაგან ისწავლეს ეს საღმრთო მეცნიერება. 14 ათეული წლის წინათ ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ბალაამი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ აკიაფდებოდა ვარსკვლავი იაკობისაგან. ამიტომაც არის გასაკვირი, რომ მოგვები ქრისტეს თაყვანისსაცემად აღმოსავლეთიდან მოვიდნენ: წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ მათ იცოდნენ და სწამდათ, რომ სწორედ იუდეაში მოევლინებოდა ქვეყანას მაცხოვარი და როგორც კი შეიტყვეს, რომ იგი დაიბადა, სასწრაფოდ მის თაყვანსაცემად გამოეშურნენ. ასტროლოგიაში არსებობდა უცნაური ვარსკვლავის ფენომენი და მისი გამოჩინება სწორედაც ღვთის განკაცების მომასწავებელი იყო. უფალმა ამით იზრუნა სწორედ წარმართ სწავლულებზე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ მეცნიერმა სწავლულმა მოგვებმა შორი და სახიფათო გზა გამოიარეს, რათა უფლისთვის თაყვანი ეცათ და ეხილათ მხსნელი სოფლისა. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთში ავაზაკთა უამრავი ბრბო დადიოდა და უდიდეს საშიშროებას უქადდა უწყინარ მოგვებს, მაგრამ აქ ჩვენ ვხვდებით ერთ უდიდეს მოვლენას - თავდადებას.
როდესაც მოგვები შევიდნენ იერუსალიმში, იკითხეს სად დაიბადა თქვენი მაცხოვარი: "ვითარცა ესმა ესე ჰეროდე მეფეს, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა". რატომ შეძრწუნდა ჰეროდე მეფე? მან იგრძნო, რომ დაიბადა მისი მეტოქე მეფობისა. მისმა მწირმა გონებამ საღმრთო მოვლენა ვერ განჭვიტა ჰეროდემ შეიტყო მოგვების შესახებ. იუდეველი ისტორიკოსების მოწმობით. ჰეროდე ეჭვიანი ბუნებისა იყო. მან სასიკვდილოდ შვილებიც კი გაიმეტა. ამით ის იცავდა სამეფო საზღვრებს. ჰეროდეს სამეფო ტახტი მითვისებული ჰქონდა მას, არ ეკუთვნოდა მეფობა უბრალოდ რომაელი იმპერატორის მიერ იყო დასმული იუდეველთა მეფობის ტახტზე. მზაკვარია ჰეროდე, შეკრიბა ყოველი მღვდელთმოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სად დაიბადა ქრისტე. ჰეროდეს სურდა მოეკლა ყმა, ის ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, რომ აღესრულებინა კაენისეული სისაძაგლე. უპასუხეს ჰეროდეს ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრედ წერილ არს. ზაკვრობა კაცთა ზედმიწევნით კარგად იციან ძველი აღთქმის სწავლულებმა ქრისტეს შობის შესახებ და ყოველი ის წინასწარმეტყველება, რომელიც ქრისტეს შეეხება.
***
მოგვნი მიდიან და თაყვანს სცემენ მაცხოვარს, ქედს მოიდრეკენ უფლის წინაშე და გახსნიან საუნჯეს, რომელიც მიართვეს ყრმა იესოს. ოქრო მური და გუნდრუკი. ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური როგორც კაცს. საოცარია ამ ძღვენის სიმბოლოები და მისი სიღრმე. ეს წმინდა ძღვენი დღეს წმინდა მთაზე ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. მდიდარია მართმადიდებლობა, მდიდარია თავისი სასწაულებითა და გარდამოცემის უტყუარობით, რომელიც მსოფლიო ისტორიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩავწვდეთ მის სიდიადეს ღვთაებრივი ნეტარების დაუსრულებელ სიტკბოებას ჩვენს ეკლესიას ჩვენს სიქადულს.
თანამედროვე ფიზიკოსმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის გზით აღმოაჩინეს ახალი სასწაული, რომ ღმერთმა ანუ ღვთაებრივმა ნაწილაკმა შექმნა კაცობრიობა. ისინი მეცნიერებით ცდილობდნენ, რომ აღმოეჩინათ ეს და აღმოაჩინეს კიდეც XXI საუკუნეში, მაგრამ ეს, ხომ უფალმა I საუკუნეში და მანამადე წინასწარმეტყველთა ბაგეებით ამცნო კაცობრიობას. ისაია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ ქალწული შობს ძეს დაუსაბამოს ემანუილ ღმერთი და კაცი მას ვადიდებდეთ და რომელმან შუა იმას ვნატრიდეთ. ეს ნათელი სიტყვები ისაიამ რამოდენიმე ათასეული წლის წინ იწინასწარმეტყველა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: მეცნიერ მოგვებს შორი გზა დასჭირდათ ღმერთთან მისასვლელი, ხოლო უბრალო მწყემსებს ანგელოზებმა ახარეს ქრისტეს შობა და მოკლე, უახლოესი გზით მივიდნენ უფლის განსადიდებლად. რაოდენ ღრმაა ამ უდიდესი საეკლესიო მამის ეს სიტყვები განჭვრეტილია მთელი კაცთა მოდგმის დაცემული ბუნება და გადმოცემულია ეს სიმხდალე, რომელიც ადამიანის ბუნებას ახლავს, ხოლო წინა პლანზეა წამოწეული უბრალო გულის, საღმრთო მეცნიერების საიდუმლოსთან თანაზიარების ნიჭი.
***
უბრალოებას ჩვენ შეიძლება ქრისტეს შობა ვუწოდოთ, რადგანაც უფალმა ამით დაგვანახა, რომ სიმდაბლითაა შესაძლებელი ქრისტესთან მისვლა. დამდაბლებული მაცხოვრი, ბაგაში შობილი კაცობრიობის გამომხსნელის მწირად მოვლინება დედამიწაზე სწორედაც წუთისოფლის ხსნაა. არ მოინახა ადგილი სადაც შეიძლებოდა შობილიყო ღმერთი და აი ბაგა სანუკვარი გახდა ჩვენთვის ამით უფალმა დაგვანახა, რომ მდაბალთ აცხოვნებს უფალი. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ ყველა დიდი საეკლესიო მამა, რომელთა კეფაზეც იდგა ეკლესიის სწალების მართალი გარდამოცემა სიმდაბლითა და სიმწირით ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ადგილი, სადაც შეიძლებოდა თავი მიედრიკა ქრისტეს რაინდებს. ათანასე დიდის ცხოვრება, ხომ საოცრებაა და თავდადების უდიდეს მაგალითს გვაძლევს. მაქსიმე აღმსარებელი, ხომ პირდაპირ გვეუბნება თავისი ცხოვრების წესით, რომ არაფერია ამქვეყანაზე იმაზე დიდი, ვიდრე სწორი სწავლების დაცვა და გავრცელება. წმინდანთა გულებში მაცხოვარი ყოველდღე იბადებოდა და ისინიც ყოველთვის კვდებოდნენ ქრისტესთვის. "მცნებასა ახალს მიგცემთ თქვენ, რაითა იყვარებოდეთ ურთიერთ არს, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდით ურთიერთ არს"(ინ.13, 34-35).
***
უფალი სიყვარულს გვასწავლის, ის ადამინისათვის დაიბადა. როგორც ღვთაებრივი მოციქული ბრძანებს: ხატი მონისა მიიღო. ღმერთს არ სჭირდებოდა განკაცება, ეს ადამინისათვის იყო საჭირო, რათა უფალი განკაცებულიყო და გამოეხსნა კაცობრიობა სისხლით და დაებრუნებინა ისევ მამისეულ წიაღში.
წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, როდესაც სახლიდან შორს მივდივართ სამოგზაუროდ, გზაზე სასტუმროებში ვათევთ ღამეს, რათა შევისვენოთ და ვცდილობთ, რომ მალე დავბრუნდეთ ოჯახში, რამეთუ იქ არის ჩვენი გული. წუთისოფელი სასტუმროა, ხოლო ოჯახი სასუფეველი. ჩვენი გული სწორედაც სასუფეველს უნდა ეკუთვნოდეს. იქ არის ნამდვილი და მარადიული სავანე მამისა, რომელიც უნდა გვიყვარდეს და გულს უნდა ვაჩვევდეთ ამის სიყვარულს.
წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: რატომ უწოდა მათე მახარებელმა შობა იესო ქრისტესი. ის მარტო იესო ქრისტეს გენიალოგიას კი არ შეიცავს, არამედ მთელ საღმრთო განგებულებას. ქრისტეს გენიალოგია უმთავრესია მთელ საღმრთო განგებულებაში და ის ყოველი ჩვენთვის მომადლებული სიკეთის საწყისად და საფუძვლად გვევლინება. ისევე, როგორც მოსე უწოდებს თავის პირველ წიგნს ცისა დამ მიწის დაბადებას. მაცხოვრის გენიალოგია წმინდა იოანე ოქროპირის თქმით არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის გადებული.
მაცხოვარი ბრძანებს: მოვედი არა რჯულის გასაუქმებლად, არამედ განსამტკიცებლად.
- რატომ ეწოდა იესო ქრისტეს დავითის ძე?
-წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს. არა იმიტომ, როგორც სხვები ფიქრობენ, რომ გენიალოგია აღმავალი ხაზით წარმოედგინა, რადგან ამ შემთხვევაში მათე მახარებელი ამბობს და რად მოიხსენია პირველი დავითი? რადგანაც ამ ადამიანის სახელი ყველას პირზე ეკერა, როგორც მის საქმეთა დიდებულების გამო, ასევე ეპოქის გამოც, რადგანაც აბრაამზე გვიან აღესრულა. თუმცა, ღმერთმა აღთქმა ორივეს მისცა, აბრაამის აღთქმაზე, როგორც უფრო ძველზე ნაკლებ ლაპარაკობდნენ, ხოლო აღთქმას, რომელიც დავითს მიეცა, როგორც არცთუ ისე დიდი ხნისას და ახალს, ყველა მოწმობდა, იუდეველები თავად ამბობდნენ: არა წიგნი იტყვის, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით,სადა იყო დავით მოვიდეს ქრისტე. არავინ უწოდებდა მაცხოვარს აბრაამის ძეს, არამედ დავითის ძედ იხსენიებდა. რატომაა, რომ დავითის შემდგომ ყველა მეფეს დავითის ძედ იხსენიებდნენ? იმიტომ რომ დავითი ყველაზე სახელგანთქმული და ძლიერი მეფე იყო: მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის.(4 მეფ.19,34)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წარმოშობის საკითხი მნიშვნელოვანია და ყურადსაღები: ქალწულისა მითხოვილსა ქმრისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისაგან დავითისა. (ლუკ.1,27) აქ აშკარად და ნათლად არის გადმოცემული, რომ ქალწული დავითის სახლისაგან და ტომისაგან იყო. ეს ამტკიცებს, რომ იოსებიც იმავე ტომისაგან იყო წარმომდგარი, არსებობდა ებრაელებში კანონი, რომ ცოლი საკუთარი ტომის გარდა სხვაგან არსად არ უნდა აერჩიათ.
როდესაც ქრისტე მაცხოვრის შობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, რომ არ ვისაუბროდ მარადის ქალწულზე. დედა ღვთისმშობელმა შუა ძე დაუსაბამო, რომელსაც თავად ზეცაც ვერ იტევს და დარჩა მარადის ქალწულად ზეციურ დედოფლად წოდებული და ამ დიდი სასწაულით მართამადიედებელთა ნუგეშად იქცა.
დიდია თავდადება წმინდა ოჯახისა, რომელმაც დევნულობა განიცადა და გაიქცა ეგვიპტეში, რათა ყმა იესო გადარჩენილიყო. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ მაცხოვარი შობილი არ არის დედის მუცლიდან და დევნას განიცდის, იტანჯება წმინდა ოჯახი. წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, ღვთისმშობელს ადამიანთა უბედურებისა და ცოდვებისაგან დახსნა ძალუძს, რაზეც ეკლესიის გამოცდილება მეტყველებს. მას შეუძლია ხსნა მოგვანიჭოს, შეევედროს ძეს თვისას-სამყაროს მხსნელს. წმინდა იოსებ ათონელი ბრძანებს. Yყველა წმინდანმა მრავალი ქება უძღვნა ღვთისმშობელს, მაგრამ მე, გლახაკმა, ვერ ვპოვე უფრო მშვენიერი და ტკბილი ქება, ვიდრე მისი მოწოდება და ყოველ წამს მოხმობა: დედაო ჩემო ტკბილო დედავ, დაე მიიღოს შენმა ხელებმა ჩემი სული და მათ გადასცენ იგი თავის შემოქმედს, მხოლოდ შობილ ძეს. სხვა არაფერი გვსურს, ჩვენო ტკბილო დედავ, თუ არა ღვთაებრივი აღგზნებისას მოტყინარე სიყვარულის სახმილში სულის განტევება, როცა გიზგიზებს ჩვენი სული და გონება ჩერდება და ქრის კეთილსურნელოვანი სუნთქვა სუსტ ნიავში და წყვდიადით იფარება, როცა გრძნობები ირინდება და მეფობს სასურველი წადილი, სიყვარული და სიცოცხლე, მუდამ ტკბილი იესო. აბა რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? ზეციური მეუფის მოვლინება მიწიერ მეფეებს არ სურს. მათ ჰგონიათ, რომ ქრისტე უფალი მიწიერ ტახტს დაიკავებს და დავითის მსგავსი მეფე შეიქმნება.
მას უპყრია ზეციური ტახტი და დიდება. როგორც წმინდა საბა იშხნელი ბრძანებს და მიმართავს კურაპალატს: შენ მიწიერთა მათ ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტეს ზეცისა ქვეყანისა და ქვესკნელთა...და იშუა თავად დავით მეფის ნუგეში და მისი წინასწარმეტყველება ახდა. უფალი მეფობს და იმეფებს მარადიულად, მხოლოდ მასში შეიძლება მარადიულად ვიცოცხლოთ ჩვენც, ადამინებმა, რადგანაც იზრუნა უფალმა თავისი განკაცებით ადამიანზე და გამოიხსნა იგი, რათა დაუსრულებელი ცხოვრება ჰქონოდა ადამის მოდგმას.. ადამმა შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა არ შეინანა. წმინდა იოანე ოქროპორი ბრძანებს, რომ ადამს უფლისთვის პატიება, რომ ეთხოვა მას აუცილებლად აპატიებდა ღმერთი, რადგანაც ყოვლადმოწყალეა თავისი ბუნებით. ახალმა ადამმა, ქრისტემ (მას ეკლესიის მამები ახალ ადამს განმაახკლებელს უწოდებენ) გამოიხსნა კაცობრიობა ამ უდიდესი ტანჯვისაგან. მართალნი ხარობდნენ ჯოჯოხეთში, როდესაც უფალი ჩავიდა იქ და აღმოიყვანა სული მართალთა. დავით მეფსალმუნე ბრძანებს, ჯოჯოხეთი წარმოცარიელდაო.
ბრძანებს უფალი: მოვავლენ ქვეყნად შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას(გამოს.8,11). და აი ქრისტე განკაცდა და დასრულდა სულიერი შიმშილი ადამის მოდგმისა. ვინც ჰგიებს ქრისტეში მას, არასოდეს შეემშიება და მოსწყურდება. დასრულდა საუკუნეების ტანჯული გზა ადამიანი რომ მიაბიჯებდა უფლის გარეშე. სად ვიქნებოდით ჩვენ? რა ელოდა კაცობრიობას? რომ არ განკაცებულიყო უფალი ეს კი ვიცით, რომ ის აუცილებლად განკაცთებოდა და ძველი აღთქმის ხალხი სწორედ ამ ნუგეშით ცხოვრობდა და მოელოდა მაცხოვარს, მეფური დიდების მქონეს. ზეციურ მეუფეს სხვა მეფური არამიწიერი კრიტერიუმები აქვს. ის მდაბლდება და სიმდაბლისკენ მოუწოდებს ყველას. ვერ იცნო მაცხოვარი ებრაელებმა, მაგრამ ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს გააზრებული ჰქონდათ თუ ვის აკრავდნენ ჯვარზე.
წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს, რომ ქრისტე უმაღლესი მღვდელმთავარია ეკლესიისა...ეკლესია, რომელიც ჩვენი გულია და დედაა სადაც ვიბადებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას ქრისტეში. ეკლესია ბაგაა, სადაც დაიბადება მაცხოვარი, ის ყოველთვის იბადება ჩვენთვის ჯვარს ეცმევა და აღდგება, აქ ამ დიდებულ ღვთიურ ტაძარში აღესრულება ეს დიდი სასწაული. ხარობს და ზეიმობს მოციქულთა ეკლესია. მოციქულებთან და წმინდანებთან ერთად დღეს ჩვენც ვუერთდებით ზეციურ სიხარულს და ანგელოზთა გალობას. ალილო ქრისტე იშუა ბეთლემსაო. დაე, ინებოს უფალმა, რომ ჩვენი გულებიც გახდეს ბაგა უფლისა და იქ დაიბადოს იესო ქრისტე, ღმერთკაცი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ შევამკო მაცხოვრის ბაგა უბრალოდ ვიტყვი: ინებოს უფალმა, რომ ვცხონდეთ და მარადის ანგელოზებთან ერთად განგვედიდებინოს მამა ძე და სულიწმინდა ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი