ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით რუსთავის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სამლოცველოში, რომელიც წელს, 20 მაისს, ხუთი წლის გახდა. ვულოცავთ სამლოცველოს დაარსების მეხუთე წლისთავს და ვუსურვებთ მრევლის სიმრავლესა და წარმატებებს უფლისკენ მიმავალ ვიწროსა და ძნელად სავალ გზაზე.
გვესაუბრება სამლოცველოს წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე.
- საქართველოში წმინდა ცამეტი ასურელი მამის პირველი სამლოცველო რუსთავში გაიხსნა...
- ჩვენი ეკლესია 2004 წლის 20 მაისს გაიხსნა რუსთავში. რუსთავის მიტროპოლიტის მეუფე ათანასეს სურვილი გახლდათ, ეკლესიები რუსთავის ახალ დასახლებებშიც გახსნილიყო. მაშინ მე წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი. რადგან იმჟამად ტაძრის ასაშენებლად სახსრები არ იყო, გადავწყვიტე, თავდაპირველად სამლოცველო სახლი გამეხსნა რომელიმე ბაღის შენობაში. ქალბატონმა ლეილა გოგოლაურმა, 33-ე ბაღის გამგემ, რომელიც ჩემი მრევლი გახლავთ, გამოგვიყო რამდენიმე ოთახი, სადაც ტრაპეზი დაიდგა და უკვე მეხუთე წელია სრულდება წირვა-ლოცვა.
დრომ დაგვანახა, რომ საბავშვო ბაღის შენობაში ეკლესიის გახსნა გამართლებული იყო - დღეს ყოველ კვირის წირვაზე არანაკლებ 100 ყრმას ვაზიარებთ. ეს კი ჩვენი სამშობლოს ღვთიური ნათლით შემკობილი მომავალია.
ჯერ კიდევ ერისკაცობაში განსაკუთრებული სიყვარული მქონდა ასურელი მამების მიმართ. ხშირად დავდიოდი წმინდა დავით გარეჯელის მონასტერში, უცხოელი სტუმრები უპირველესად წმინდა იოანე ზედაზნელისა და წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მონასტრებში მიმყავდა. რაკი საქართველოში წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარი არ არსებობდა, გადავწყვიტე, სამლოცველო სახლი მათ სახელზე მეკურთხებინა.
- თქვენი გამომცემლობის მიერ გამოშვებულ წმინდა ცამეტი ასურელი მამის დაუჯდომლის ყდაზე გამოსახულია ხატი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ცამეტ ასურელ მამასთან ერთად...
- ამ ხატის შექმნა ჩემი იდეა იყო. საქართველო ხომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ამასთან, წმინდა ცამეტი ასურელი მამა სწორედ დედა ღვთისას კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში. წმინდა იოანე ზედაზნელს გამოეცხადა უბიწო ქალწული მარიამი და უბრძანა, აერჩია თორმეტი მოწაფე და მის წილხვედრ ივერიაში წასულიყო, რადგან იმჟამად ქართველებს შერყეული ჰქონდათ რწმენა - ერთი მხრივ, მონოფიზიტობა გვებრძოდა, მეორე მხრივ კი, მაჰმადიანები ცდილობდნენ მართლმადიდებლობის აღმოფხვრას. ხატზე გამოსახულია ასევე წმინდა სვიმეონ მესვეტე, რომელსაც გამომგზავრების წინ ეახლნენ ასურელი მამები და ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს მრავალმოღვაწე ბერისგან. აქედან გამიჩნდა იდეა, შემექმნა ხატი, რომელზეც ერთად იქნებოდნენ გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა სვიმეონ მესვეტე და წმინდა ცამეტი ასურელი მამა.
ამ ხატის გარდა ჩვენი ეკლესიის ყველა ხატი ხატმწერ ზურა მოდებაძის მიერ დაიწერა. ამჟამად იქმნება წმინდა ცამეტი ასურელი მამის კიოტი, რომლის ამალგამასაც 45-50 გრამი ოქრო და 4 კილოგრამი ვერცხლი მოხმარდება. კიოტი ოჯახებში იქნება დაბრძანებული მას შემდეგ, რაც ცამეტივე ასურელი მამის სახელობის ეკლესია-მონასტრებს მოილოცავს. ჩვენი ეკლესიის მნათის გიორგი ხანდოლიშვილის ინიციატივით, მრევლი ფეხით შემოივლის ამ წმინდა ადგილებს. ეს იდეა ალბათ სასჯელის იმ ფორმის წყალობით დაიბადა, ეპიტემიად რომ შემოვიღე - რუსთავის ეკლესიების ფეხით მოლოცვა. დასჯის ამ ფორმას მრევლი ხუმრობით მცირე კრუიზს უწოდებს, რადგან მარშრუტი გავზარდეთ: რუსთავი - სვეტიცხოველი, რუსთავი - ზედაზენი, რუსთავი - დავითგარეჯა და რუსთავი - შიომღვიმე. ახლა რუსთავი - მარტყოფს ვგეგმავთ.
- ოჯახებში ხატის გადაბრძანების ტრადიცია უკვე არსებობს თქვენს სამლოცველოში?
- 2003 წლიდან დავაბრძანებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს "შენ ხარ ვენახი". 2002 წელს თბილისის წმინდა პეტრე და პავლეს ეკლესიის წინამძღვარს, რუსთავში დაბადებულს და გაზრდილს, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს ვთხოვე, მისი ტაძრის ხატი "შენ ხარ ვენახი" რუსთავში ჩამოებრძანებინა მოსალოცად. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ხატის პირველი გამობრძანება ტაძრიდან. ამის შემდეგ მამა არჩილმა რუსთაველების სიძეს ირაკლი ცინცაძეს ამ ხატის მცირე ასლი დააწერინა და მაკურთხა, ახალი ხატი ოჯახებში გადამებრძანებინა.
ხატი 2004 წელს შეიმკო ვერცხლის პერანგით, რისთვისაც დიდი შემოწირულობა გაიღო როლანდ მგალობლიშვილის ოჯახმა. ღმერთმა შეუწიროს!
"შენ ხარ ვენახის" ხატი მრავალ სასწაულს ახდენს. ერთ-ერთი ბოლო სასწაული წელს მარტში მოხდა. ხატი გოგუაძეების ოჯახში მივაბრძანეთ. მათი პატარა თითქმის ვერ ხედავდა. მთელი ოჯახი ლოცულობდა ერთი კვირის განმავლობაში ხატის წინაშე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინა მათი გულმხურვალე ლოცვა-ვედრება და უდიდესი წყალობა მოიღო - ხატის წამობრძანებისას ბავშვს თვალი აეხილა. განუზომელია ყოვლადწმინდა მარიამის წყალობა!
- მამაო, წმინდა ცამეტი ასურელი მამის სამლოცველოს გამომცემლობა "გორგასალი" ვახსენეთ. გვესაუბრეთ მისი დაარსებისა და საქმიანობის შესახებ.
- გამომცემლობა "გორგასალი" მეუფე ათანასეს კურთხევით დავაარსეთ 1997 წელს. მაშინ რუსთავის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი, ამიტომაც ჩვენს გამომცემლობას "გორგასალი" ეწოდა. დაარსებიდან გამომცემლობის რედაქტორია დიაკონი იაკობ ჩიჩილიძე. თავდაპირველად გამოვეცით წმინდა ქეთევან დედოფლის, წმინდა შუშანიკისა და წმინდა დავით აღმაშენებლის პარაკლისები, ლოცვანი. პარაკლისებისა და ლოცვანის ტექსტებზე იმუშავა ციალა-მარიამ ანდღულაძემ. შემდეგ ეს ლოცვანი შევავსეთ და ხელახლა გამოვეცით - ლოცვები პირველად დაიბეჭდა საგალობლების ნოტებთან ერთად. ამით საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მიეცემოდათ საშუალება, საგალობლები ესწავლათ და სამ ადამიანს სამ ხმაში აღევლინა უფლის სადიდებელი უცხოეთის ცის ქვეშ. ჩვენს გამომცემლობაში დაიბეჭდა ასევე წმინდა ვახტანგ მეფის, მფარველი ანგელოზის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომლები, ლოცვანი და დაუჯდომელი მიცვალებულთათვის, აბორტგაკეთებული დედებისთვის. წმინდა შიო მღვიმელის დაუჯდომელიც გამომცემლობა "გორგასალმა" გამოსცა. მისი მთელი ტირაჟი და ბეჭდვის უფლება შიომღვიმის მონასტერს შევწირეთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ზაქარია-დავით ჭელიძეს, სტამბის დირექტორსა და სპონსორს.
მოგითხრობთ სასწაულს, რომელიც წმინდა შიო მღვიმელის დაუჯდომელს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ წმინდა შიო მღვიმელის მონასტერში რუსი მონაზვნები ჩამოვიდნენ. იქ შეხვდნენ ერთ ქართველ ქალს, რომელსაც წმინდა შიო მღვიმელის რუსული დაუჯდომელი გადასცეს და უთხრეს: იღუმენიამ შენთან დაგვაბარა, ეს დაუჯდომელი იკითხოსო. გავიდა რამდენიმე წელი და იგივე დედები მონასტერში ისევ შეხვდნენ იმავე ქალს და უსაყვედურეს: იღუმენიამ გადმოგცა, დაუჯდომელი დაგვიბრუნო, მაინც არ კითხულობო. ქალმა დაუჯდომლის ქსეროასლი დაიტოვა, რომელიც შემდგომ მცხეთის წმინდა ეკატერინეს რუსულ მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ნინო ბრეგვაძემ მოიძია. მისი მეშვეობით ითარგმნა წმინდა შიო მღვიმელის დაუჯდომელი, რომელსაც რედაქტირება ბატონმა ედიშერ ჭელიძემ გაუკეთა, ჩვენმა გამომცემლობამ კი დაბეჭდა. ასე შეიქმნა ქართულ ენაზე საგალობელი ამ უდიდესი მამისა, რომელმაც სიცოცხლეში სულიერების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ თავის სენაკში თვით დედა ღვთისა იხილა წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად.
გამომცემლობა "გორგასალმა" შექმნა ტროპარ-კონდაკთა კრებული, რომელიც საშუალებას აძლევს მრევლს, იგი საეკლესიო კალენდრად გამოიყენოს და ყოველდღე წაიკითხოს იმ წმინდანის ტროპარ-კონდაკი, რომლის ხსენებაც არის იმ დღეს. ამ წიგნის შედგენაში დიდი დახმარება გაგვიწია დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა.
დაიბეჭდა ასევე კრებული "ვის ვევედროთ ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს", მძღოლის ლოცვა, მგზავრის ლოცვა, "რატომ ვინათლებით?", წმინდა ლუკა ყირიმელის ცხოვრება და ლოცვების კრებული ოჯახის კეთილდღეობისთვის, რომელსაც დართული აქვს მეგრული, სვანური, იმერული "იავნანები". ჩვენი სახელოვანი წინაპრები შვილებს "ნანებზე" ზრდიდნენ. დღეს კი ჩვენმა დედებმა, სამწუხაროდ, დაივიწყეს ეს აკვნის სიმღერები. სრულიად რომ არ დაკარგულიყო და მათთვის, ვისაც სურს, წინაპართა წეს-ჩვეულებებს დაუბრუნდეს და შვილები ამ კეთილი ტრადიციით აღზარდოს, ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, ლოცვანისთვის "იავნანები" დაგვერთო. მათ მოძიებასა და შეკრებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნანა ვალიშვილს, ეთნომუსიკოლოგს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ედიშერ ჭელიძეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეს, რომლის გარეშეც, შეიძლება ითქვას, ჩვენს გამომცემლობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
- გასულ წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 75-ე და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაზე თქვენ მიერ წარდგენილმა ოქრომკედით ნაქარგმა გარდამოხსნამ სიგელი მოიპოვა...
- უკვე ოთხი წელია ჩვენს სამლოცველოში ფუნქციონირებს ქარგვის წრე, რომელსაც მანანა ყურაშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი შესრულებულია ეს გარდამოხსნა.
ტაძარს უკვე მრავალი სიწმინდე აქვს: ცამეტი ასურელი მამის სამლოცველოში ინახება 35 წმინდა ნაწილი. მათ შორის არის წმინდა გიორგის, წმინდა პანტელეიმონის, წმინდა შიო მღვიმელის, 14 000 ბეთლემელი ყრმის წმინდა ნაწილები. ეკლესიას ოპიზრების მსგავსი ოქრო-ვერცხლის სალიტანიო ჯვარი, 6 ბაირაღი, ოქრომკედით ნაქარგი დაფარნები, ოქრო-ვერცხლის სანაწილე აქვს.
- სხვა წრეებიც ხომ გაქვთ?
- სამლოცველოსთან არსებობს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "გორგასალი", რომელსაც ბადრი ბერაია ხელმძღვანელობს. პროფესიონალ მგალობელთა გუნდიც გვყავს, რომლის კონსულტანტიც პიანისტი გიორგი კილაძე გახლავთ, რეგენტი კი - ნანა ალანია.
ჩვენმა ეკლესიამ რუსთავში წინაპართა ტრადიცია - ალილო და ჭონა - აღადგინა. საბავშვო ბაღის პატარებთან ერთად შობას ალილოზე დავდივართ, აღდგომას კი ჭონაზე. შეგროვებული საკვები მიგვაქვს რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარში (დირექტორი - ქალბატონი ნელი დარაშვილი), რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მფარველობას ვუწევთ.
ვეწევით მეყვავილეობასაც. ამ საქმეს რუდუნებით უძღვება სოხუმიდან ლტოლვილი ინგა გაბუნია. ამჟამად ეკლესიას უკვე 120 დასახელების ქოთნის ყვავილი აქვს. დავიწყეთ სანერგე ზამთრის ბაღის მშენებლობაც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სამლოცველოს მრევლის წევრები არიან საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები ირაკლი ნატრიაშვილი, კახა უჩავა და ბიძინა სამხარაძე, რომლებიც ასე ვაჟკაცურად იცავდნენ აპრილში რუმინეთში მომხდარი გახმაურებული ინცინდენტისას საქართველოსა და ქართველობას.
სამწუხაროდ და საამაყოდაც, გვყავს აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირიც - ზაზა ფერაძე.
- მამაო, მღვდლობა რამ გადაგაწყვეტინათ?
- შეუცნობელია უფლის გზები! ახლაც კი არ ვიცი, როგორ მოხდა ჩემი მღვდლად კურთხევა. პროფესიით ფიზიკოსი, კომერციული საქმიანობით დაკავებული, უეცრად აღმოვჩნდი დედაეკლესიის წიაღში და, ღვთის წმინდა ნებით, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა - მღვდელი გავხდი.
დავით მეფსალმუნის პირით უფალი ბრძანებს: "ჭიმით და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი, ვინც შენ არა მოგეახლნეს". ღმერთთან მისვლის ორი გზა არსებობს: გონებით ან "აღვირით". მე, სამწუხაროდ, "აღვირით" ვარ მოსული - უშვილობამ მომიყვანა ტაძარში.
მუდამ ჩამესმის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვები, რომლებიც მაშინ მითხრა, როცა რუსთავის მიტროპოლიტმა ათანასემ მასთან წარმადგინა: "პატიოსნად ემსახურე დედაეკლესიას". ეს კურთხევა მუდამ მახსოვს და ვცდილობ, არ დავარღვიო.
სასულიერო ცხოვრების გზაზე ძალზე ბევრი რამ ვისწავლე მეუფე ათანასესგან. მას სიყვარულით "კოლორიტულ" მღვდელმთავარს დავარქმევდი.
- რატომ - "კოლორიტულს"?
- იმიტომ, რომ მეუფე მხოლოდ რჯულიდან კი არ ხედავს უფალს, არამედ ერიდანაც: ისე ლამაზად ჩაწნავს ხოლმე რჯულს ლიტერატურასთან, სახტად დარჩები! რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ილიას, ვაჟას შემოქმედებაში დაგანახებს უფლის ხელს, პოეტურად გადმოცემულ საღვთო კანონებს.
მღვდლებს ხშირად გამოცდასაც გვიწყობდა - საუბარში უეცრად ჩაურთავდა რომელიმე ლექსის სტროფს და ჩვენ უნდა გამოგვეცნო, რომელი ლექსიდან იყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვაბარებდით ამ გამოცდას...
- წმინდა ცამეტმა ასურელმა მამამ საქართველოში დააფუძნა მეუდაბნოეობის ყველა სახეობა: ბერობა, მესვეტეობა, მემღვიმეობა... თქვენს ეკლესიაში თუ გამოიზარდნენ მონასტრული ცხოვრების მსურველნი?
- ხუთ წელიწადში ჩვენმა ეკლესიამ უკვე გამოზარდა ერთი ბერი - ზაქარია (ბაქრაძე), რომელიც ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, მორჩილი ევდოკია გორდელაძე, რომელიც ბათუმის ეპარქიაში გახლავთ, სამორჩილე გიორგი ფრიდონიშვილი კი წმინდა დავით გარეჯელის მამათა მონასტერში ემზადება ბერობისთვის. შეეწიოთ მათ მოღვაწეობის ამ რთულ გზაზე წმინდა იოანე ზედაზნელი თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად, რომლებიც ჩვენი სამშობლოს აღმოსავლეთით აღმობრწყინვებული ვარსკვლავნი არიან.
- როგორ ცხოვრობს წმინდა ცამეტი ასურელი მამის ეკლესიის მრევლი?
- არსებობს ფსალმუნთა ოცზე მეტი ჯგუფი; მრევლი ტაძარში ყოველდღე 14 დაუჯდომელს კითხულობს, განსაკუთრებით ხშირად კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "შეუსმელი ბარძიმის" ხატისას, რომელიც მემთვრალეობისა და ნარკომანიის სენით დაავადებულთა შემწეა; აბორტგაკეთებული დედები აღავლენენ დაუჯდომელს დედა ღვთისას ხატის წინაშე, რომელიც მათი შემოწირულობებით დაიწერა; აგვისტოს ომის დროს 44 დღე 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი. ახლაც, აპრილში, პოლიტიკური დაძაბულობის დროს, მრევლი ისევ კითხულობდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელს საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად (ხელმძღვანელი - ქეთევან ნათენაძე).
ასე რომ, ლოცვით ერთმანეთს ვაძლიერებთ, ჩვენ ხომ ერთი დედაეკლესიის შვილები ვართ. ასე ვსწავლობთ სულიერ დაძმობასა და მამაშვილობას.
- ტაძრის მშენებლობის პერსპექტივა თუ არსებობს?
- უფლის წმინდა ნებითა და წმინდა ცამეტი ასურელი მამის შემწეობით, მალე დაიწყება ტაძრის მშენებლობაც. მართალია, 2003 წლიდან მოყოლებული, ეკლესიის ასაშენებლად გამოყოფილი ადგილი ქალაქის მთავრობამ რამდენჯერმე გამოგვიცვალა, მაგრამ, ღვთის შეწევნითა და ცურტაველი ეპისკოპოსის იოანეს აქტიური ჩარევით, ყველაფერი მოგვარდა - ადგილი გამოგვიყვეს, სპონსორიც გამოჩნდა და ტაძრის აშენება მალე დაიწყება.
- დაგვლოცეთ, მამაო...
- უფალმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე" და შეგაძლებინოთ ყოველი ადამიანის გულის კარზე დაკაკუნება, რათა გააღოთ ქართველთა გულები და ახაროთ უფლის სიტყვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი