ქრისტე მუდმივად გვავალებს არა მარტო იმას, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ჩაბმულნი, არამედ იმასაც, რომ გავიმარჯვოთ
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: "ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან.
თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ: 1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, 2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა, 3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ, 4) გამუდმებით ვილოცოთ". გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.
- რა არის უხილავი ბრძოლა?
- არსებობს რეალობის ორი მხარე - ხილული და უხილავი. სინამდვილის მეორე მხარე გულისხმობს იმას, რასაც ვერ ვხედავთ, და ზოგჯერ კარგია კიდეც, რომ ვერ ვხედავთ. საერთოდ, უამრავ რამეს ვერ ხედავს ადამიანი, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის უფრო არსებულია, რასაც ვერ ვხედავთ, ვიდრე ის, რასაც აღვიქვამთ. უხილავი ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილული. ბრძოლისას ადამიანი ვიღაცას ებრძვის, ან პირიქით, ვიღაც ან რაღაც ებრძვის მას. ე.ი. არსებობს დამარცხებულიც და გამარჯვებულიც. ბრძოლა, ძირითადად, მიმდინარეობს ადამიანის გულისთვის, სულისთვის, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ სულიწმინდის ტაძარი იყოს.
ხანდახან ადამიანზე ფიზიკურად ხორციელდება უხილავი ბრძოლა - სხეულებრივი უძლურებანი, ავადმყოფობები, რომლებიც ხილული სახით წარმოგვიდგება, ხშირად უხილავი ბრძოლის შედეგია. სწორედ უხილავი ბრძოლის შედეგია ის განსაცდელები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ერებიც. ეს ბრძოლა უხილავად მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად იწოდება, რადგან თითქმის ყოველთვის ის ხილულზე უფრო ხილულია.
უხილავი ბრძოლა სულიერი დრამაა, დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ადამიანზე სულიერი, ფსიქიკური, სამშვინველისეული, ხორციელი ზეწოლა ხდება.
- მამაო, როგორია ბრძოლა საკუთარ თავთან?
- ეს ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, ამიტომ მასში გამარჯვება, ალბათ, ყველა სხვა გამარჯვებისგან გამორჩეულია.
ადამიანმა საკუთარი თავის გამოსწორებისთვის ბრძოლა რომ დაიწყოს, პირველ ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს, რომ სცოდავს, ცოდვილია; ხშირად სწორედ ეს გვიჭირს ხოლმე. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სულის გადასარჩენად გამუდმებით ბრძოლაა საჭირო, ვურიგდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას, უფრო მეტიც, მას ბუნებრივადაც კი ვთვლით. ის, რაც ურწმუნოს ნორმალური მდგომარეობა ჰგონია, მორწმუნისთვის არანორმალურია.
ჩნდება კითხვა: რისთვის არის საჭირო სულიერი ბრძოლა? ჩვენი გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. სწორედ ჩვენი ხსნისთვის გაიღო მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი. ქრისტე მუდმივად გვავალებს არა მარტო იმას, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ჩაბმულნი, არამედ იმასაც, რომ გავიმარჯვოთ.
ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და მისი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას, გააჩნია საითკენ მიიდრიკება - სიკეთისკენ ანუ ღვთისკენ თუ ბოროტებისკენ. რომელ ნებასაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღმერთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღვასრულოთ.
უნდა ითქვას, რომ ჩვენში ჩადებულია რისკი არასწორი არჩევანისა. საკუთარ თავში იმდენ ნება-სურვილს აღმოვაჩენთ, რამდენი ძალა და მოთხოვნილებაც გვაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმებიან თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილების დათრგუნვა გვმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარვემატოთ, განუწყვეტლივ უნდა აღვუდგეთ ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა ვაიძულოთ, ანუ საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში.
- ადამიანს სამი ძირითადი მტერი ჰყავს: ბოროტი, წუთისოფელი და ხორცი...
- რა თქმა უნდა, კაცისთვის წუთისოფელი საცდურია. უფრო ზუსტად კი, სავსეა საცდურით. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ამა სოფლის ბოროტებას სამი საწყისი აქვს: სხეულებრივი ვნებები, თვალთახედვითი ცოდვა და ამქვეყნიური ამპარტავნება. თავისთავად, ღმერთმა კეთილად შექმნა ეს ქვეყანა, წუთისოფელი, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი რეალობის ჩვენეული აღქმაა დამახინჯებული. არსებული რეალობა თავისთავად ბოროტება არ არის, ჩვენ მიერ მისი ფუნქციის აღქმაა ზოგჯერ დაზიანებული. სამწუხაროდ, რეალობას ხშირად ისეთად კი არ აღვიქვამთ, როგორიც ჭეშმარიტად არის, არამედ ისეთად, როგორიც გვსურს იყოს. ამიტომ ჩვენი შეხება რეალობასთან ილუზიურია. როდესაც ადამიანს არასწორი, არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება აქვს, მისი გონება სინამდვილეს მცდარად აღიქვამს.
ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმინდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყველანაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. რაც შეეხება ხორციელ კმაყოფილებას და განცხრომას, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სხეული მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ. ხორციMღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარენი უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან.
ბოროტი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური მხარეებია.
- მამაო, რამდენად შეგვეწევა ლოცვა უხილავ ბრძოლაში?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერების ყველაზე ძნელად შესასრულებელი ფუნქცია ლოცვაა. იმისთვის კი, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტური იარაღი და საშუალებაა. ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა.
ყველა ლოცვა ლოცვა არ არის. მას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული. მოაკელით მას ყურადღება და ლოცვა აღარ იქნება; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღვლენილი. თუკი მას ღვთის წინაშე საუბრისა და დგომის განცდას მოვაშორებთ, არც ამ შემთხვევაში ჩაითვლება ლოცვად; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს.
ადამიანმა შესაძლოა ამქვეყნად ყველაფერი გადააგვაროს, მათ შორის - ლოცვაც, თავისი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ისიც სათნოების ნაცვლად ბოროტებად აქციოს. ამიტომ აუცილებელია, ვილოცოთ ყურადღებით, კეთილკრძალულებითა და სინანულით. მორწმუნეებს ვურჩევ, ხშირად აღავლინონ სამადლობელი ლოცვები ღვთის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ გაბოროტებული და დაბოღმილი გულით ლოცვა არ შეიწირება. შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებები და ისე მოვემზადოთ უფალთან სასაუბროდ - ლოცვისთვის. ლოცვის სასწავლებელი ადგილი კი ეკლესიაა, ხოლო მოძღვარი - ლოცვის მასწავლებელი.
ლოცვა საშუალებაა ყველა იმ სათნოების მოსახვეჭად, რომლებიც ჩვენზე გადმოევლინება დაუშრეტელი წყაროდან - უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულიდან. ლოცვის მეშვეობით უხილავი, სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას ვუთმობთ - ის ებრძვის მტერს ჩვენს ნაცვლად და ამარცხებს. მაგრამ ლოცვამ მთელი თავისი ძალა რომ გამოავლინოს, საჭიროა, მუდამ მყოფობდეს ჩვენში. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან იგი სულის შეუღწეველ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს და არც ამსოფლიურ ხიბლსა თუ ცდუნებებს. გულში ლოცვის არსებობა თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა ჩქარობდეს ქრისტიანი, გულში ლოცვა დაინერგოს და იზრუნოს, რომ იგი მუდამ მყოფობდეს მასში.
- რით უნდა შეიარაღდეს უხილავ სულიერ ბრძოლაში ქრისტიანი?
- ეკლესია გვასწავლის, როგორ უნდა წარვმართოთ უხილავი ბრძოლა, როგორ განვმტკიცდეთ სულით. ეკლესია სულიერადაც შეგვეწევა და ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს კურნავს.
ეკლესია მორწმუნე ქრისტიანებს "ქრისტეს მხედრებს" უწოდებს. გამოცდილმა მხედარმა კარგად იცის, რომ მის საბრძოლო მომზადებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ თვით მისი სიცოცხლეც. მორწმუნემ სულიერი სრულყოფის გზაზე საკუთარ თავს დაუძლურების ნება არ უნდა მისცეს.
უხილავ ბრძოლაში, პირველ ყოვლისა, იმ სიყვარულით უნდა შევიარაღდეთ, რომელსაც უფალი გვაძლევს. საზოგადოდ, მთავარი სათნოება ქრისტესმიერი სიყვარულია. სამი საღვთისმეტყველო სათნოება: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი ცოდნა და ქრისტესმიერი სიყვარული - არის ის, რაც ყველაზე ძლიერ იარაღს გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამი სათნოება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ასე შეიარაღებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს, მისი გულის კომპასი მუდმივად უფლისკენაა მიმართული.
უძლიერესი იარაღია ევქარისტიის წმინდათაწმინდა საიდუმლოც. იგი საიდუმლოთა შორის უმაღლესია, სულიერ იარაღებს შორის უძლიერესი და ბოროტის შემმუსვრელი. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე - მასში.
უხილავი, სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსვლის იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ ადამიანურ ძალებს კი არ ეყრდნობა, არამედ მფარველობისთვის თავი უფალს მიანდო და ეკლესიის მიერ სულიწმინდის მადლით აღიჭურვა.