თავად ქრისტიანებისათვისაც გახდა სულიერი შფოთვა დამახასიათებელი, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სინანულის გრძნობა არასწორად ვითარდება ადამიანში, რადგანაც ამ სულიერ მოვლენას თავად ადამიანი ფშვინვიერს ხდის და ის გადაყავს სულიერ შფოთში ანუ სასოწარკვეთილებაში
, სასოწარკვეთილება არასწორად განვითარებული სინანულის შედეგია. თავად იუდასაც ჰქონდა სინანული, მაგრამ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდა, ვერ იცნო ღმერთი და გადარჩენა თვითმკვლელობით ჩაანაცვლა,- გვესაუბრება ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.
შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა - ღაღადებდა იოანე წინასწარმეტყველი, მაგრამ ზოგიერთს ჰგონია, რომ სინანულს სიკვდილის წინ გამოხატავს და ცხონდება: წმინდა ტიხონ ზადონელი ბრძანებს: " სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
ეს ქვეყანა ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის ასპარეზიაო, ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჭეშმარიტებაში, მაშინ აუცილებლად უნდა ვერიდოთ შფოთსა და გაუკუღმართებულ შინაგან თვითკმარობას. ხშირ შემთხვევაში ხიბლისმიერია ადამიანის შფოთი. სარწმუნოებრივმა ხიბლმა იცის შინაგანი დაძაბულობა, რაც შემდგომში სულიერ აშლილობამდე მიდის. კეთილგონიერმა მოძღვარმა ეს უნდა დაინახოს და მაკურნებელი სულიერი სიტყვა უნდა უთხრას სულიერ შვილს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში არასწორი მოძღვრების ბრალია შინაგანი შფოთი და ხიბლი. არასწორ მოძღვრებაში იგულისხმება სულიერი სწავლების დამახინჯებული გადმოცემა. შფოთი შინაგანი ტანჯვაა, ჯოჯოხეთური ცეცხლის მწველი ენები ეხება ადამიანის სულსა და გონებას, იფანტება რწმენა და იწყება სულიერი მრისხანება სწორედ ამ დროს ადამიანის სული დემონური სულით ივსება და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან მის ირგვლივ მყოფი ადამიანებიც.
ფანტაზია, ილუზიური სამყარო, დემონები ასეთი გზით ხშირად აბრუებენ ადამიანს, რომელთაც სულიერი თვითკმარობა ახასიათებთ და საკუთარი მართლმადიდებლობა გააჩნიათ. ასეთები მრავლად არიან. მათი სულები მძიმე ტანჯვას განიცდიან, რადგანაც სული ფაქიზია, გონიერი და განიცდის ამ მძიმე სნეულებას, რომელიც მიზეზი ხდება შინაგანი შფოთისა. ადამიანი თითქოსდა ვერ ხვდება, რომ დასნებოვნებულია თვითკმარობით, მაგრამ მისი საქმეები აცილებულია ჭეშმარიტ მართმადიდებლობას. ამიტომ ხშირად განიკითხავენ მრევლს ათეისტები და ლიბერალები. მათ ჰგონიათ, რომ მართმადიდებლობა ასეთია, ანუ გაუკუღმართებული. თვითკმარ ადამიანს სიყვარულის დიდი ნაკლებობა აქვს, ის არ ღებულობს სულიერ რჩევებს და მითითებებს. მან ყველაფერი იცის და მიღწეული აქვს სულიერი განვითარების უმაღლეს საზომს. ამ დროს ისინი მოძღვარსაც ტოვებენ და ეკლესიის მიღმა რჩებიან. ანუ ისინი მხოლოდ ფიზიკურად არიან ეკლესიაში, ხოლო სულიერად ჯოჯოხეთში. ამგვარი დაცემის შემდგომი ეტაპი ფსიქიკური აშლილობაა.
როდესაც ცოდვებისაგან დატანჯული ადამიანი მიაშურებს ეკლესიას, ეკლესიის მამებმა უნდა ვანუგეშოთ მონანული. ცოდვათა მიტევებაზე უნდა გავუვლოთ ხაზი ადამიანს, რადგანაც მას აშფოთებს მისი ცოდვები და გამოსავალს ვერ ხედავს. გამოსავალი ქრისტეშია და ეს უნდა გავაგებინოთ მონანულს. გამართლებულია, როცა სიმშვიდით დახვდება აღმსარებელს მოძღვარი და ნუგეშს მისცემს, დაუყვავებ, რომ ის უკვე გადარჩენის გზაზე დგას და შინაგანი ტანჯვის გარეშე შეინანოს ღვთის წინაშე. რა უნდა ეშმაკს: ის, რომ ადამიანს დაურღვიოს შინაგანი სიმშვიდე და ცოდვიანი აზრებით გამოიყვანოს მდგომარეობიდან. საშველი არ არის - შენ დაიღუპები, რადგანაც ცოდვაში ცხოვრობ - ამ აზრს უღვივებს ეშმაკი მონანულად გამზადებულ კაცს და ტანჯავს მას. როცა ეკლესიაშიც იზოლაციონისტი მოძღვარი შეხვდება და შეუძახებს ეს რა გიქნია შე ცოდვილო და მას ასე ეტყვის: შენ არასოდეს გახდები ღირსი ზიარებისაო, აი ეს უკვე ნამდვილ ჯოჯოხეთს მიაახლებს მონანულს. ადვილი შესაძლებელია ადამიანმა ამ დროს ეკლესია დატოვოს. ზიარება დაცემულს სჭირდება და აღდგომა სწორედ ჩვენთვის განადურებული ადამიანისათვის მოხდა. არასოდეს არ უთხრათ ქრისტიანს, რომ შენ დაღუპული ხარ და არაფერი გეშველებაო, საშველი ქრისტეშია და ის შენთან კი არა, არამედ ქრისტესთან მოვიდა. ქრისტესთან მიმავალი სიყვარულის გზა ასწაველე, მოძღვარო.
წუთისოფელი ჯოჯოხეთის ნაწილი გახდა თავისი უგუნური უღმერთო ცხოვრების წესით. ეკლესია თავისუფლების კუნძულია ცოდვის ზღვაში ამოზიდული, მას საღმრთო თაფლი სცხია და მონანული ადამიანები, როგორც ფუტკრები ისე მიაშურებენ. ეკლესია ბედნიერების დაურღვეველი სასახლეა, სადაც ჭეშმარიტ ბედნიერებას ჰპოვებს ადამიანი, ეკლესია მორჩილებაა, რომელშიც თავისუფალი მორჩილების ჭეშმარიტი სწავლებაა დავანებული. დაე, შევუდგეთ დედამიწაზე არსებულ სასუფევლის შჭეშმარიტ ნაწილს და გავხდეთ მკვიდრნი წმინდა ეკლესიისა.
***
ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: "სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს. თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით აღვავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ. ბრძოლა მცირე არ არის, არც ერთ დღეში მთავრდება და ჩვენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელდება. ამიტომ მოდით ჩვენი იესოს უტკბესი სახელით აღვიჭურვოთ, რომ ეშმაკისთვის ჩვენს გულში ადგილი არ დარჩეს. მაგრამ იესოს ხსოვნა რომ გვქონდეს, ამისთვის დიდი გულმოდგინება, თავის იძულება, სარწმუნოება, იმედი, შეუპოვრობა, მოთმინება და დროა საჭირო."
თანამედროვე ადამიანს ნამდვილად აკლია მოთმინება. სულიერ ცხოვრებაში მყისიერ წარმატებას გვინდა მივაღწიოთ, მაგრამ დემონები მონღოლთა ურდოებზე უფრო მრავალნი და შეუპოვარნი არიან. ამიტომ არსებობს სულიერი ცხოვრების საომარი სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ეშმაკს - ეს იესოს ლოცვაა, მოუკლებელი ზიარება და მოთმინებაა. შინაგანი სიმშვიდის დასაცავად: უპირველეს ყოვლისა, გაუფრთხილდი გარეგან გრძნობებს და ერიდე თავისუფალ ქცევას. კერძოდ: ნურც მიმოიხედავ, ნურც ილაპარაკებ, ნურც ხელებს ამოძრავებ და ნურც თვითონ იმოძრავებ შფოთით, არამედ ყოველივე აღასრულე კეთილკრძალულებით და მშვიდად. როდესაც მიეჩვევი კეთილკრძალულ, მშვიდ ქცევას, ადვილად და ზედმეტი შრომის გარეშე დაიმკვიდრებ გულის სიმშვიდეს, რამეთუ, ვითარცა წმიდა მამები დაამოწმებენ, შინაგანი ადამიანი განწყობას გარეგანი ადამიანისაგან იღებს.
ქრისტიანმა უნდა დაიცვას სინდისი უმწიკვლოდ. სინდისის დაცვა შინაგანი კაცის განწმენდას ემსახურება, ამიტომ ეს პროცესი თავად განწმენდის პროცესად ითვლება და აღამაღლებს სულს სხეულზე. სიყვარულით განეწყვე ყოველი ადამიანის მიმართ და იცხოვრე ყველასთან თანხმობით, როგორც გვამცნო წმიდა მოციქულმა პავლემ: "უკეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით" (რომ. 12,18). მშვიდობისმყოფელობა შინაგან სიმშვიდეს გვანიჭებს, რამეთუ უფალი ბრძანებს ნეტარია ის, ვინც მშვიდობისმყოფელია. ანუ მარადიულ სასუფეველს მოიპოვებს მშვიდობისმყოფელი, რომელიც ამ საღმრთო წესრიგის მქადაგებელი იქნება. თუ ადამიანს შინაგანი მშვიდობა არა აქვს, ის მშვიდობისმყოფელი ვერ იქნება, რამეთუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მშვიდობა სულიერი მოვლენაა და არა გარეგნული - მოჩვენებითი.
არსებობს მოჩვენებითი მშვიდობა ანუ გარეგნული პოლიტიკური მშვიდობა, რომელიც ადამიანების ზნეობაზეა დამოკიდებული და ინტერესებზე, რამდენად აწყობთ მშვიდობა. ხშირ შემთხვევაში თანამედროვეებს ომი აწყობთ, რითიც საზრდოობენ და ასაზრდოებენ დემონურ ძალებს.
დექით სულის სადარაჯოზე, გულითადად დაიცავით შინაგანი ცხოვრების საღმრთო პრინციპები, რაც განღმრთობამდე მიგვიყვანს. არ არსებობს კრიზისი, რომელსაც არ ჰქონდეს გამოსავალი. გამოსავალი ქრისტეა და მასში ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი