თითოეული ადამიანი ღვთის სამსჯავროზე თავისი საქმეებით რომ წარდგება, თეორიულად თითქოს ეს ყოველივე კარგად ვუწყით, მაგრამ ხშირად კეთილი საქმეების სანაცვლოდ დროს ფუჭად და ერთმანეთის ძიძგილაობაში ვკარგავთ.
სხვის ჭირს არაფრად ვაგდებთ და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილებს მხოლოდ ჩვენი თავი გვახსოვს. არადა კეთილ სიტყვასთან ერთად კეთილი საქმეების ქმნას ხომ დიდი მადლი ახლავს? შეუძლებელი არაფერია, მთავარია ღვთისკენ ნაბიჯი გადავდგათ და კეთილსინდისიერად ვადიდოთ უფალი. მადლის შეძენის შემდეგ კი კეთილი საქმეების კეთების სურვილიც მოვა.
ხშირად ჩვენს გვერდით ისეთი ადამიანები ტრიალებენ, ვისი ცხოვრებაც, საქმიანობასთან ერთად, ნაკლებად თვალშისაცემია. "კარიბჭის" მკითხველი რამდენჯერმე შეხვდა კვიპროსში მოღვაწე ქართველ მოძღვარს, დეკანოზ ზაქარია ფერაძეს. მამა ზაქარიასთან საუბარი მუდამ მრავლისმთქმელი და სიახლეებით სავსეა. მოძღვარი საქართველოში ყოფნის დროს დავიმარტოხელე.
- მამა ზაქარია, ჩვენი საუბარი ყოველთვის გარკვეულ თემას შეეხება ხოლმე და თქვენს შესახებ არც კი გვისაუბრია. როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?
- მამაჩემის მორწმუნეობა პირჯვრის წერა იყო. ჩვენს ოჯახში მუდამ მზადდებოდა საკურთხი, ქრისტეს აღდგომას დიდი სიხარულით ვხვდებოდით, მაგრამ მაინცდამაინც არ ვუღრმავდებოდი ამას. მამამ არც თვითონ იცოდა იმდენი, ჩემთვის რომ ესწავლებინა, არც ჩვენთან, ზესტაფონში იყო ეკლესია.
უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს რომ ვაბარებდი, ზოგად განათლებაში გასაუბრება კარგად გავიარე. რექტორმა, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, მითხრა, - სტუდენტი რომ გახდები, უთუოდ ვიმეგობროთო. გამოცდის ბოლოს მკითხეს, - რა არის შენი ცხოვრების მიზანიო. ალალად ვუპასუხე, - საქართველოს დამოუკიდებლობა-მეთქი. ამას რა მოჰყვებოდა, მოგეხსენებათ.
მუდამ ვეძებდი ღმერთს. მამის გარდაცვალებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს არსებაში. ერთ დღეს საოცარი ამბავი მოხდა: სახარება ჩამივარდა ხელში.
მეგობრებთან ერთად ყირიმში ვიყავი. ქუჩაში ერთმა მოხუცმა გამაჩერა, - მორწმუნეს გავხარო. რა თქმა უნდა-მეთქი, - ამპარტავნულად მივუგე. მთავარი ისაა, როგორ ცხოვრობ, გაქვს თუ არა რწმენა, გულით ატარებ თუ არა ჯვარსო. საუბრის ბოლოს ორი ბიბლია გამოიტანა, ერთი ჩემს ახლობელს მისცა, მეორე მე და მითხრა, - მღვდელი გახდები, ეს წიგნი კარგად შეისწავლეო.
ჩემი პირველი მოძღვარი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლდათ. დიდი ამაგი აქვს ჩემზე ახლა უკვე მეუფე სპირიდონს (აბულაძე). 1991 წლის 21 სექტემბერს დიაკვნად მაკურთხა აწ გარდაცვლილმა მეუფე კონსტანტინემ (მელიქიძე). ორი თვის შემდეგ მღვდელი გავხდი.
ჯერ ხარაგაულში გამამწესეს მოძღვრად, შემდეგ ხულოში, სადაც სასულიერო სასწავლებელში ვმოღვაწეობდი, მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, მისი რექტორიც ვიყავი. მერე გადამიყვანეს ქობულეთში, სადაც ასევე არ არსებობდა მრევლი და წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალებაც არ გვქონდა. უფლის შეწევნით და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქობულეთში აშენდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. აქაც ვწირავდი და ლექციებსაც ვკითხულობდი ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ცოტა ხნის შემდეგ მისი რექტორიც გავხდი.
- მამაო, რა გაკეთდა აჭარაში ხალხის მოსაქცევად?
- შეძლებისდაგვარად მოსახლეობაში ვქადაგებდით. ვნათლავდით ხალხს. ერთ დღეს დაახლოებით 200 ადამიანი მოვნათლეთ ქობულეთში. წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც მტკიცედ ვიდექით სასულიერო პირები და მოსახლეობას მოვაქცევდით. ბათუმის ეპარქიაში მეუფე იობის მოღვაწეობის დროს უამრავი ადამიანი მოინათლა, მეუფე დიმიტრის დროს გაძლიერდა ეს პროცესი. მათი ლოცვა-კურთხევით მრავალი შეუდგა ქრისტეს გზას.
დროთა განმავლობაში საზღვარგარეთ დაიწყო ხალხმა გადინება, რამაც მოითხოვა იქ სასულიერო პირის დანიშვნა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, რვა წელია კვიპროსში ვმსახურობ და კარგად ვიცი, ქართულ ეკლესიას რა დიდი მისია აკისრია უცხოეთში. ქართული მართლმადიდებლური ტაძრის დახმარებით მრავალი ქართველი ინარჩუნებს ქართულ სულს, ტრადიციებს. მოგეხსენებათ, რომ ეკლესიაშია თავმოყრილი ჩვენი კულტურა, ტრადიციები. უფლის შეწევნით დავამყარეთ ურთიერთობა კვიპროსში მცხოვრებ ქართველებთან. დღეს ჩვენი მრევლი ხუთი ათასი კაცია.
კვიპროსში სამი ეკლესია გვაქვს. დედაქალაქში ქართული მართლმადიდებლური ტაძარია. ვწირავდით წმინდა პავლეს ეკლესიაში. ლიმასოლში წმინდა მამის ტაძარია, პახუში - წმინდა გიორგის სალოცავი. ღალიაში თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უცხოეთში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ხელისუფლებამ დააფინანსა. კულტურის სამინისტროს და კვიპროსში ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით სამუშაოები მალე დასრულდება. ღალია მცირე მოცულობის სამონასტრო კომპლექსი გვეგონა, დაახლოებით გელათის მონასტრის მსგავსი ყოფილა.
ღალიის მონასტერთან ერთად არის კიდევ წმინდა ნიკოლოზის ქართული ნაეკლესიარი, ცოტა მოშორებითაა წმინდა გიორგის ნაეკლესიარი. კვიპროსის თურქულ ნაწილში იყო ორი ქართული ეკლესია, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ.
კვიპროსის ქართველობასთან ერთად დიდ დღესასწაულებს ეკლესიაში ღამისთევის ლოცვით აღვნიშნავთ ხოლმე. ქართველების დახმარებით სამი საკვირაო სკოლა დავაარსეთ. ბავშვები ძირითადად სწავლობენ იმ საგნებს, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული. მისი მიზანია პატარებს გავუღვივოთ საქართველოს, სარწმუნოების სიყვარული. სადაც ქართული ეკლესიაა, იქ პატარა საქართველოა. თუ ტაძარში ამ მიზნით შემოვა ადამიანი, მაშინვე დაუბრუნდება საკუთარი - ქართული ფესვები. გიორგი ფრანგიშვილმა სამოცკაციანი მგალობელთა გუნდი დააარსა. ქართული საგალობლებით ბევრი კვიპროსელიც დაინტერესდა. ხშირად ვიკრიბებით ასევე ქართული სუფრის გარშემო.
მადლობა ღმერთს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით არსებობს დასავლეთ ევროპის ეპარქია, რის წყალობითაც მრავალი ქართველი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მალე გაიხსნება ეპარქია ამერიკაში. დარწმუნებული ვარ, ქართველებთან ერთად მრავალი ამერიკელი დაადგება ქრისტეს გზას.
- ბრძანეთ, ეკლესიას უდიდესი მისია აკისრია ერის გადარჩენაშიო. ეკლესიაში მოღვაწე საერო და სასულიერო ადამიანების დახმარებით მრავალი კეთილი საქმე კეთდება.
- მართლაც, ერის გადარჩენის უმთავრესი ალაგი დედა ეკლესიაა. მხოლოდ ეკლესიას ვერ მოერევა ბჭენი ჯოჯოხეთისანი. ღვთისგან დაცული ერთადერთი ადგილი არის ჩვენი ეკლესია, სადაც ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიის შვილები ვართ, იქ არის ერთადერთი ხსნა, მადლი და ნუგეში. საქართველოს განსაცდელების ჟამსაც კი არასდროს უღალატია ეკლესიისთვის. უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მომავალშიც მრავალ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ერისა და ეკლესიის სადიდებლად. ქართველ ხალხს ეკლესიის საშუალებით შეუძლია სულის და ხორცის გადარჩენა, რამეთუ უფალი არის ყოვლისშემძლე, ყოვლის მპყრობელი. მას მატერიალურთან ერთად სულიერი სიმდიდრეც აქვს. ეკლესიურად მცხოვრები ღვთისგან ყოველმხრივ დაცული იქნება. ეს წარსულის გამოცდილებითაც კარგად ვუწყით. როცა ჩვენი მეფეები სულიერად ძლიერები და ეკლესიურები იყვნენ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ ერეოდა. დაივიწყებდნენ თუ არა უფალს, მაშინვე განსაცდელები მოდიოდა. ყოველი ადამიანი აუცილებლად უნდა გახდეს ეკლესიის წევრი. ჩვენი ცხოვრების მიზანი ჩვენი სულის ხსნა - ღვთის წინაშე პირნათლად წარდგომა და სასუფევლის დამკვიდრებაა. ქართველმა ადამიანმა უდავოდ უნდა დაივიწყოს მავნე ჩვევები - ბილწსიტყვაობა, განკითხვა, საშინელი დაპირისპირებები ადამიანებს შორის. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ღვთის სწავლებას. იოანეს სახარებაში უფალი ბრძანებს: ჩემს შვილებს ერთმანეთის სიყვარულით ვცნობო. სიყვარულს თუ გავაძლიერებთ, აღარც შური იქნება და აღარც დაპირისპირებები. სიყვარული უფალთან ურთიერთობით მოიპოვება. უფალი ბრძანებს, თუ ჩემი გზით ივლით, ვერავინ მოგერევათ, თუ არ ივლით, თქვენი სახლებიდან აღგყრითო.
- მამაო, როგორ ვაქციოთ სიტყვა საქმედ?
- როცა ადამიანი ისწავლის სწორ ეკლესიურ ცხოვრებას, ამას აუცილებლად საქმეც მოჰყვება. უფალი გვასწავლის, რომ მხოლოდ რწმენა არ არის ცხონების გზა. კეთილი საქმეებიც უნდა ვაკეთოთ. ეს არის ორი ფრთა, ურომლისოდ ყოფნა შეუძლებელია. როგორც ჩიტი ვერ გაფრინდება ცალი ფრთით, ასევე ადამიანი ცალი ფრთით ვერ შევა ცათა სასუფეველში. ერთია რწმენა, მეორე კი უანგარო საქმეები. თუ ადამიანს ორივე ექნება, ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს.
ყოველი ადამიანი ლოცვა-კურთხევით უნდა იწყებდეს საქმეს, მაშინ ყველაფერი კეთილად წარიმართება. რაც უფალს არ მოეწონება, არ უნდა ვაკეთოთ, რაც უფალს მოეწონება და მისთვის სათნო იქნება, მხოლოდ იმ საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი. მთელი საქართველოს ერსა და ბერს ვუსურვებ ღვთით ცხოვრებას. ერიც და ბერიც ეკლესიის გამაერთიანებელი უნდა იყოს და საქართველოს ვერავითარი ძალა ვერ მოერევა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი