გვესაუბრება იყალთოს ფერისცვალების მონასტრისა და თელავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე:
-"ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარივყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა".
მთელი გულით უნდა გვწამდეს, რომ იესო ქრისტე უფლის მხოლოდ შობილი ძეა და ყოველ მის მცნებას, ერთგულად ვასრულებდეთ, არამედ ბაგითა და საქმით ყველგან და ყოველთვის უნდა აღვიარებდეთ მას ხალხის წინაშე მათივე საცხონებლად, რადგან ცხონება მაცხოვრისადმი რწმენის გარეშე შეუძლებელია. პავლე მოციქული ამბობს, უფლის მხოლოდ საკუთარ გულში აღიარება და განუცხადებელი რწმენა არასრულყოფილი, მხოლოდ ნახევარი გულით რწმენაა და აქ არ არის უფლისადმი ერთგულება. გაორებულ გულს არ ძალუძს, საკმარისად უყვარდეს უფალი, ქრისტიანისათვის უღირსი საქციელი ჭეშმარიტების ღალატია.
"მცირესა ზედა ერთგულებით მოიხვეჭება მრავალსა ზედა ნდობა". ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.
მცირესა ზედა ერთგულიც მრავალსა ზედა ერთგულებთან ერთად იქნება დადგინებული უფლის სიხარულში. უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
წმინდა წერილში მათეს სახარება გვეუბნება, მცირედმნიშვნელოვნად ნუ მიიჩნევ იმასაც კი, რომ მცირესა ზედა ერთგულ იყო (მთ, 25, 21). არა ასპარეზის სირთულით იზომება უფლის წინაშე ჩვენი დამსახურება, არამედ - მისდამი სიყვარულისა და ერთგულების საზომით, რითაც ყოველი ჩვენთაგანი ემსახურება მას, სულ ერთია, დიდი იქნება თუ მცირე. - მიწიერი გაგებით.
ერთგულების ნათელი მაგალითია მენელსაცხებლე დედები, რომელთა ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის მესამე კვირას აღნიშნავს. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები... პატივი, რომელსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ. ქალებმა ბოლომდე უერთგულეს მაცხოვარს. როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს.
დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის. გარიჟრაჟზე ღვთისმოსავ დედებს წინ მარიან მაგდალინელი მიუძღვოდა. მენელსაცხებლე დედებს მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. ასეთი გაბედული მისვლით მათ გამოიჩინეს მაცხოვრისადმი დიდი ერთგულება. იგი თავდადების ტოლფასია სულის ცხონებისათვის, რომელიც ასოცირდება მარადიულ ცხოვრებასთან.
***
ადამიანმა დაკარგა რა ღმერთთან ურთიერთობა, ის სამოთხესაც მოაკლდა. ცოდვით დაცემის დროიდან, ადამიანში ცოცხლობს სამოთხისეული ცხოვრების დაბრუნებისადმი სწრაფვა. თავისი განკაცებით, ქრისტემ ყოველ ადამიანს ღმერთთან ურთიერთობის მოპოვებისა და სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა მიანიჭა. ახლა ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, მთელი სიცოცხლის მანძილზე მოღვაწეობას და ღმრთის მცნებათა დაცვას უნდა ეცადოს, რათა ღმრთის მადლს ეზიაროს, ცხონდეს და კვლავ სამოთხეში შევიდეს.
მაშასადამე, სამოთხე, საუკუნო ცხოვრებაა.
ქრისტემ თქვა: "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა" (მათე 25.46). საუკუნო ცხოვრება, სამოთხისეული ნეტარებითი ცხოვრება იგივე სიყვარული და ერთგულებაა ქრისტეში, რომელშიც ყველა ნეტარებითი ტკბობაა.
წმინდა წერილში მრავალი ადგილია, სადაც საუკუნო ცხოვრებაზეა საუბარი. ამ მხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია მაცხოვრის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. ქრისტე ეუბნება სამარიტელ დედაკაცს: "რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდეს უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ". მაგრამ მაინც რა არის ცოცხალი წყალი? ეს არის ღვთის სასუფევლის ხარება, ქადაგება, მოძღვრება იესო ქრისტესი. ვინც ამას ისმენს, მის სულს წყურვილი უქრება, რადგან ამ მოძღვრების მოსმენა შეეთვისება იესო ქრისტეს, როგორც სამყაროს გამომსყიდველისადმი რწმენას ბადებს. ეს რწმენაა, სწორედ ცოცხალი, ულევი და მარადიულ ცხოვრებაში გამდინარე წყლის სათავე, რადგან ამგვარი რწმენის ნაყოფი საუკუნო, მარადიული ცხოვრება, მარადიული ნეტარებაა. ცხადია, რომ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება მიწიერი წარმატებების ფართო გზით შეუძლებელია, იქ ადამიანი მხოლოდ ჯვრის მტვირთველობის ვიწრო გზით შევა. მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება, წინასწარმეტყველის სიტყვით, არის შრომა და ავადმყოფობა, მწუხარება და დარდი ის სხვა არაფერია, თუ არა შეუსვენებლი ტვირთვა ჯვრისა.
წმინდა ეფრემ ასური გვეუბნება: "უშრომელად განათლებას ან რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ შეიძენ, ასევე შეუძლებელია გულმოდგინების გარეშე ადამიანისათვის სათნოების ჩვევათა მოხვეჭა. კეთილი სურვილები მხოლოდ მაშინ ხდება ჩვენთვის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. საუკუნო ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია სულის უკვდავებასთან.
ისმის შეკითხვა: თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი?
- ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: "ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე" (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო. იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა.
უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად ქრება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ სატანჯველი. მაგალითად, წიგნში "სიბრძნე სოლომონისა" ვკითხულობთ: "მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა" (სიბრ. 3,1) და "მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ" (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება.
ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა. გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა "განგიმზადოს თქუენ ადგილი", რათა "სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ" (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა" (ლკ. 23,43). ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. "რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული.
ღმერთი ჩვენს გულს წმენდს, ჩვენს სულს წმენდს ჩვენივე სარწმუნოებიდან გამომდინარე. უფლის მცნებების შესრულება არის გზა მარადიული ცხოვრებისაკენ. ვინადიან ჩვენი სხეულიდან გასვლა გარდაუვალია, ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ? უეჭველია, რომ მარადიული ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც არსებობს. ეს ხანმოკლე სიცოცხლე უფალმა მარადიული ცხოვრებისათვის მოსამზადებლად მოგვანიჭა. ამ ჭეშმარიტებას უჩვენებს იესო მდიდარ ყმაწვილს, რომელიც ეკითხება მაცხოვარს: "რაი კეთილ ვქმნე, რაითა მაქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი", მაცხოვრის პასუხია, რომ ყმაწვილმა დაიცვას მცნებები, რაზეც დაფუძნებულია მთელი ზნეობრივი კანონი,ხოლო მდიდარი ყმაწვილის ისტორია გვასწავლის, რომ მიწიერი საუნჯისადმი მიჯაჭვულობა ადამიანისათვის დამღუპველია. მსგავს შემთხვევაში საუკუნო ცხოვრება, უფალთან დამკვიდრება მიუღწეველი ხდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი