გვესაუბრება სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლავრენტი (ბუზიაშვილი).
- მამაო, როგორ შევიცნოთ ღმერთი? როგორ მივიდეთ მისი არსებობის რწმენამდე?
- წმინდა პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: ყოველი ხილული უხილავის შესახებ მოწმობს, ყოველი უხილავი კი ქმნილებათა ხილვით შეიცნობაო.
ყველა ადამიანს, სჯულიერია ის თუ წარმართი, აზროვნების უნარი გააჩნია. როგორც მოციქული ამბობს, ღვთის შემეცნების საუკეთესო გზა ბუნებაზე დაკვირვებაა. თუ გონებით ჩავუკვირდებით იმ წესრიგს, სამყაროში რომ სუფევს, დავინახავთ საოცარ კანონზომიერებას, რომელიც თავისთავად მეტყველებს უზენაესის არსებობაზე. ასე რომ, რაკი ადამიანებს მინიჭებული აქვთ გონება, ვალდებულნი არიან, ინდივიდუალურად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არსებობს. რაც უფრო ყურადღებიანნი ვიქნებით ამ გზაზე, მით უფრო იოლად შევძლებთ, დავუახლოვდეთ შემოქმედს და ჭეშმარიტი ღმერთი ვაღიაროთ.
- რა არის წმინდა სამება? როდის შეიტყო კაცობრიობამ მის შესახებ?
- წმინდა სამება არის ის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ. ძველ აღთქმაში ისრაელის ერმა იცოდა, რომ არსებობდა სამყაროს შემოქმედი, უხილავი მამა, ყოვლადწმინდა სამება კი განცხადდა ახალ აღთქმაში, მაცხოვრის განხორციელებიდან 30-ე წელს: გახსოვთ, რომ როცა იესომ იორდანეში ნათელ იღო, თავზე მტრედის სახით სულიწმინდა დაადგა, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ". ასე რომ, მამა ხმით განცხადდა, სულიწმინდა - მტრედის სახით, ძე კი - ხორციელად.
აქვე გეტყვით, რომ მამის ამ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: მოსემ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა და სჯულისმდებელმა, ხალხს დაუბარა, რომ ღმერთი მოავლენდა თავის ძეს, გარეგნულად ადამიანის მსგავსს, და ეს ძე იქნებოდა მესია, მხსნელი, რომლისაც უნდა ესმინათ. და აი, უფალმა ხალხს სწორედ მოსეს სიტყვებით განუცხადა ჭეშმარიტება - ეს არის ის, ვინც მოსემ იწინასწარმეტყველა, მაგისი ისმინეთო.
წმინდა სამება, ერთარსება, სამპიროვანი ღმერთია. მამა, ძე და სულიწმინდა თანასწორია, არც ერთი მათგანი დანარჩენებზე აღმატებული არ არის და არც ერთი არ მოქმედებს დამოუკიდებლად - სადაც ძეა, იქ არის მამაც და სულიწმინდაც.
- სულიწმინდაზე საუბრისას წმინდა მამები ხშირად ახსენებენ სიტყვა "ცხოველმყოფელს". რას ნიშნავს ეს?
- სულიწმინდის მადლი წმინდა საიდუმლოებათა მეშვეობით მოგვენიჭება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სულგრძელობა, მარხვა, მოთმინება, სარწმუნოება... ეს სათნოებანი კი იმ სულში წარმოიშობა, სადაც სულიწმინდა შედის. ასე რომ, როცა განვიკითხავთ, ვამპარტავნობთ ან სხვა ცოდვას ვჩადით, სულიწმინდას ჩვენს სულში შესასვლელ კარს ვუხშობთ.
ცხოველმყოფელობა ძალზე ფართო ცნებაა. ის არ გულისხმობს სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ ბიოლოგიური თვალსაზრისით; ამ ტერმინით მოიაზრება სულიერი ცხოვრების მინიჭების უნარი, რომლის მიღება სულიწმინდის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სულიწმინდა მარტო არასდროს მოქმედებს, მასთან ყოველთვის არიან მამა და ძე. ეს ჩვენს დოგმატიკაში არაორაზროვნად არის ნათქვამი.
- საზოგადოდ, რა მნიშვნელობა აქვს დოგმატებს?
- დოგმატები საღვთო, უცილობელი ჭეშმარიტებები გახლავთ, რომლებიც ადამიანს თანდათანობით ეხსნება რწმენის გზაზე. ზოგიერთი შეიძლება ყოველდღე ამბობდეს "მრწამსს", მაგრამ ერთხელაც არ დაუკვირდეს, რას ამბობს და ნაბიჯითაც ვერ წაიწიოს წინ, მათ კი, ვისაც ნამდვილად სურს ჭეშმარიტების შეცნობა, უფალი მას აუცილებლად გამოუცხადებს. ერთი კია - ჩვენ სრულიად უნდა მივენდოთ ამ სწავლებას და კირკიტი, ჩაძიება არ უნდა დავიწყოთ. თავის დროზე ყველაფერი მოვა, ყველაფერს გავიგებთ.
ზოგი დავობს, დავობს, ჭეშმარიტებამდე კი ვერ მიდის. ამას ეკლესიაში შუღლი და განხეთქილება უფრო შეაქვს. ჭეშმარიტება კამათში კი არა, სიყვარულში, ურთიერთგაგებაში იბადება, ასეთი განხეთქილებები კი ზოგ შემთხვევაში მთელ ერს მწვალებლობაში აგდებს.
- რა არის დრო უფლისთვის?
- დრო და სივრცე ღვთის ქმნილებებია. მათ არ გააჩნიათ თავისთავადი არსებობა, ისინი არსებობენ ჩვენთვის, უფლისთვის კი - არა. მისთვის ერთია წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა დრო, როცა ღმერთი არ იყო.
- ეს ადამიანისთვის ძნელი გასაგებია...
- ეს სავსებით ბუნებრივია. ღმერთი იმდენად დიდია, იმდენად მაღალი, რომ წარმოუდგენელია, ადამიანმა მისი დიდებულების სრულად შეგრძნება შეძლოს.
- რა მნიშვნელობა ჰქონდა მაცხოვრის განხორციელებას, რისთვის იყო ეს საჭირო?
- როცა უფალმა პირველი ადამიანები დაცემის შემდეგ სამოთხიდან გააძევა, ძის მოვლინებაც აღუთქვა, რომელიც გველს თავს გაუსრესდა და კაცთა მოდგმას დაკარგულ სამოთხეს დაუბრუნებდა. ამ ძეს ელოდა ჯერ ადამი, შემდეგ - მისი მოდგმა, ამ ძეზე წინასწარმეტყველებდა ძველი აღთქმის ყველა მამამთავარი და ეს ძე იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
- რატომ გახდა საჭირო ამდენი ხნის ლოდინი?
- ძველი აღთქმა იყო მზადება მესიის შესახვედრად. კაცობრიობა უნდა მომწიფებულიყო, რომ კაცად მოსული ღმერთის აღიარება, მისი შეცნობა შეძლებოდა. იმ დროს, როცა ქრისტე ხორციელად იშვა, კაცობრიობა უკვე ელოდა მესიას, გრძნობდა, რომ მისი მოსვლა შორს არ იყო.
- რატომ გახდა აუცილებელი ღვთის განკაცება კაცობრიობის გამოხსნისთვის?
- ჯვარცმამდე პირველი ცოდვა გამოსყიდული არ იყო, ამიტომ სასუფევლის კარიც დახშული გახლდათ. მართალთა სულები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. საჭირო იყო წმინდა, უცოდველი მსხვერპლი, რომელსაც ადამის პირველი ცოდვა უნდა გამოესყიდა. და აი, ასეთი უცოდველი მსხვერპლი იშვა, რომლის შობის ღამესაც ანგელოზებმა ადამის მოდგმას ახარეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". სხვათა შორის, ეს სიტყვები უმეტესობას არასწორად ესმის. ბევრს ჰგონია, რომ აქ ლაპარაკია ამქვეყნად მშვიდობის დამყარებაზე. სინამდვილეში კი ამ სიტყვებში სულ სხვა აზრი დევს: "მაღალთა შინა (ე.ი. ზეცაში) დიდება" უფლის მიწაზე გარდამოსვლით მოხდა; "ქვეყანასა ზედა მშვიდობა" - რა არის, ვინ არის მეუფე მშვიდობისა? - უფალი. ე.ი., "ქვეყანასა ზედა მშვიდობა" ამქვეყნად მაცხოვრის მოსვლას ნიშნავს, რითაც მან ადამიანებს შორის სათნოება დაამკვიდრა, რამეთუ თვითონ არის სათნო ერთადერთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცთა შორის მოვიდა სათნოება, უფალი ჩვენი.
- რატომ გახდა აუცილებელი თვით ჯვარცმა? ღმერთს ხომ შეეძლო, ერთი სიტყვით ექმნა, რაც სურდა?
- შეეძლო, მაგრამ ეს არ იქნებოდა სრულყოფილი გამოსყიდვა. პირველი ცოდვა კაცს უნდა გამოესყიდა, თანაც უთუოდ უცოდველი ხორცის მსხვერპლად გაღებით. ერთადერთი უცოდველი კაცი კი მაცხოვარი იყო. გარდა ამისა, ჯვარცმის გარეშე ვერ მოხდებოდა ადამიანის სულიერი ზრდა, შეგნებული განვითარება. ადამიანებს უნდა სცოდნოდათ, თუ რა გაიღო უფალმა მათი გამოხსნისათვის. ასეთ შემთხვევაში მათი ჯანსაღი ნაწილი შეუდგებოდა უფალს და ნებაყოფლობით გაივლიდა გოლგოთას.
- მართლმადიდებლური სწავლებით, უფალს ჰქონდა როგორც ღვთაებრივი, ასევე ადამიანური ბუნება. ჯვარცმა რომელი ბუნებით მოხდა?
- უფალი, რა თქმა უნდა, ჯვარს ეცვა და გარდაიცვალა როგორც კაცი.
- უფლის ადამიანური ბუნება ისეთივე იყო, როგორიც ჩვენია?
- იესოს ჰქონდა ყველაფერი ადამიანური, გარდა ცოდვისა. ის ჩვეულებრივ განიცდიდა დაღლილობას, მწუხარებას, შიმშილს და ა.შ.
- ეს თვისებები ყველაზე უკეთ ალბათ გეთსამანიის ბაღში ლოცვის დროს გამოჩნდა...
- გეთსამანიის ბაღში ლოცვა იესოსთვის უზომოდ დაძაბული, წარმოუდგენლად რთული იყო. სახარება მოგვითხრობს, რომ ლოცვისას მისი ოფლი სისხლის წვეთებივით ეცემოდა მიწაზე. არსებობს ცნობები, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანებს ძლიერი ზეწოლის, ნებისყოფის მეტისმეტი დაძაბვისას კაპილარები დასკდომიათ. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაში იყო ქრისტეც, რომელსაც თავი კაცობრიობისთვის უნდა შეეწირა.
მაცხოვარმა თავისი ლოცვით მოგვცა მაგალითი, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა რწმენის გამო დიდი მსხვერპლის გაღება გვიწევს: არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთილებას, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი და ვთხოვოთ ღმერთს, ყველაფერი ისე განაგოს, როგორც სურს, რამეთუ მან ერთადერთმა უწყის, რა არის ჩვენთვის უმჯობესი.
- ეშმაკმა იცოდა, რომ ქრისტე მესია იყო?
- სატანა ამპარტავნებით გახლდათ დაბრმავებული. ის გრძნობდა, რომ ქრისტე ღვთის ძე იყო, მაგრამ ამის ბოლომდე გააზრება ვერ შეძლო, რადგან ამპარტავნება ცნობიერებაშიც კი ვერ იტევს სხვის შესახებ დიდ წარმოდგენას, თუნდაც ეს წარმოდგენა რეალური იყოს.
- რას გვეტყვით ზიარების შესახებ?
- ზიარებით უფალმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი გვიბოძა. წმინდა მამები ამბობენ: ღმერთი ადამიანთან რომ მისულიყო და ნებისმიერი ნატვრის აღსრულება აღეთქვა, მაშინაც კი ვერ გაბედავდა კაცი იმის თხოვნას, რაც ახლა ზიარებით გვეძლევა - ეს თვით იესო ქრისტეა. იგია, ვინც უნაწილებს და ვინც ნაწილდება. ჩვენ კი ზიარებას არასწორად ვეკიდებით. ოდნავ სერიოზული წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს ამ საიდუმლოზე. ეს ხომ უფალთან ურთიერთობაა. უღირსად ზიარება იმდენად დიდი დანაშაულია, რომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიძლება სიკვდილის მიზეზადაც კი გვექცეს. ასე რომ, "რომელი უღირსებით ჭამს და სუამს, დასასჯელად თავისა თავისასა ჭამს".
- ზოგი მიიჩნევს, რომ უფალი სასტიკია, რადგან გვსჯის...
- ეს საკითხი მხოლოდ იმიტომ წარმოიშვა, რომ ადამიანი ხორციელად, მიწიერად აზროვნებს, ღმერთი კი - სულიერად. ჩვენ წარმავალი ღირებულებებითა და მიზნებით ვმოქმედებთ, ღმერთი - წარუვალი, მარადიული ღირებულებებით. პატარა ბავშვსაც ხომ სასტიკი ეჩვენება მშობელი, რომელმაც, იმის შიშით, რომ არ დამხრჩვალიყო, მდინარეზე სათამაშოდ არ გაუშვა ან გაციებულს ნაყინი არ აჭამა, ან წვიმაში გარეთ გასვლა აუკრძალა... ასევეა ადამიანიც, რომელიც ვერ ხედავს თავისი ხორციელი ცხოვრების სულიერ შედეგებს და ღმერთს ჰყვედრის. უფლის განგება ისე უნდა მივიღოთ, როგორც ინდივიდუალური წამალი.
- ღვთისადმი უმადურებასაც ხშირად გამოვხატავთ...
- უმადურობა იმითაა ყველაზე ცუდი, რომ როცა ადამიანი რაიმე სიკეთისთვის მადლობას არ სწირავს უფალს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დაინახა ეს სიკეთე. თუ ვერ ხედავ, რომ ღმერთი შეგეწევა, ე.ი. რწმენის გზაზე არ დგახარ და თუ ყოველთვის ასე მოიქცევი, რწმენის გზაზე ვერასოდეს წახვალ წინ, ე.ი. ღმერთს ვერ მიუახლოვდები, ხოლო თუ ვერ მიუახლოვდი - დაიღუპები.
- ღმერთი სიყვარულიაო, ბრძანებს იოანე მოციქული. ამასთანავე, უფალი გვაფრთხილებს, რომ ის, ვინც ვინმეს ან რამეს მასზე მეტად შეიყვარებს, ვერასოდეს გახდება მისი ღირსი...
- უფლის სიყვარული ყველგან და ყველაფერში ჩანს. იოანე მოციქული, რომელსაც სიყვარულის მოციქულს უწოდებენ, ამბობს: ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია; ვისაც უყვარს წუთისოფელი, მასში არ არის მამის სიყვარული, რამეთუ წუთისოფელი გადადის, ხოლო ღმერთი მარადიულია. იაკობ მოციქული კი წერს, წუთისოფლის სიყვარული ხომ ღვთის მტრობააო. ასეთ ხალხს ის "მრუშებს" უწოდებს, ვინაიდან სჯულის შეცვლა ღალატის ტოლფასია: ადამიანის სული სასძლოა, მაცხოვარი - სიძე; ჩვენ წუთისოფლის მეუფესთან მივდივართ.
ნუ ვიფიქრებთ, რომ უფალი სიძულვილისკენ გვიბიძგებს. აქ საუბარია იმაზე, რომ ღმერთს ჩვენს გულში პირველი ადგილი უნდა ეკავოს. ღვთისა და ადამიანთა სიყვარული ორი მთავარი სათნოებაა, დანარჩენები კი მათზეა დამოკიდებული.
- უფალი ამბობს, "იყვენით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". დაცემული ანგელოზის სურვილიც ხომ ის იყო, ღმერთს მიმსგავსებოდა. რით განსხვავდება ერთმანეთისგან იესოს მცნება და სატანის მისწრაფება?
- დაცემულ ანგელოსს სურდა ღმერთობა ღვთისაგან სრული განდგომის საშუალებით და არა ის, რომ მიმსგავსებოდა ღმერთს. ეშმაკს არ ჰქონდა მორჩილება. ადამის შეცდომაც ეს გახლდათ. ხე ცნობადისა მისთვის იყო შექმნილი, უბრალოდ, მან დროზე ადრე, უფლის ბრძანებამდე განიზრახა მისი ნაყოფის ჭამა. მან აირჩია სრულყოფილებისკენ მიმავალი არასწორი გზა აირჩია. როგორ შეიძლება, ღმერთთან მისი გვერდის ავლით, მისგან უარყოფილი მოღალატის დახმარებით მიხვიდე? ეშმაკი ცდილობს, დაასწროს უფალს და რაც მან განიზრახა, ადამიანს ადრე გააკეთებინოს. ჩვენც, ჩვენი სულმოკლეობით, იოლად ვებმებით ამ მახეში. მორჩილება კი სულის გადარჩენისთვის ბრძოლისას მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე