თაბორის ნათება
თაბორის ნათება
ეს იყო შეუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი ანუ ნათელში გამოცხადებული თავად უფალი
თაბორის ნათება - უჩვეულო, თვალისმომჭრელი ნათელი, რომელმაც მაცხოვრის ფერისცვალების ჟამს გაანათა თაბორის მთა, იყო გამოვლინება ღვთაებრივი, მარადიული, შეუქმნელი ნათლისა. თაბორის მთაზე ფერისცვალებით იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი დიდება და ბრწყინვალება აჩვენა.

თაბორის ნათების, მაცხოვრის ფერისცვალების ხილვის ღირსი სამი მოციქული - პეტრე, იოანე და იაკობი შეიქმნა. წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი ფერისცვალების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ბრძანებს: "აღვიდეთ სულითა, აზრით და გულით მთასა ზედა თაბორისასა და მუნვე ვიხილოთ უფალი გაბრწყინებული". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული უფლის ხილვისა, რომელიც ზეციურ თაბორზე - ღმრთის სასუფეველში ელის.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის წმინდა თამარ მეფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- მაცხოვრის ფერისცვალება დროში რეალურად მომხდარი სასწაულია, რომელიც უფალმა თავის მოციქულებს უჩვენა. ჯვარცმამდე რამდენიმე ხნით ადრე, როგორც სახარება მოგვითხრობს, მაცხოვარმა მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იოანე და იაკობი - ზებედეს ძენი, მათთან ერთად ავიდა მაღალ მთაზე და ფერი იცვალა. მისი სახე მზეზე უფრო ბრწყინვალე გახდა, სამოსელი კი თოვლზე უსპეტაკესი. ამ დროს უფლის წინაშე წარდგნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომლებიც მაცხოვარს იმ ვნებების შესახებ ესაუბრებოდნენ, იერუსალიმში რომ მოელოდა. ირგვლივ ყოველივე ღრუბელმა დაფარა და ისმა ხმა ზეცით: "მაგისი ისმინეთ".

მაგრამ ეს სასწაული - ფერისცვალება არ არის მხოლოდ დროში ერთჯერადად მომხდარი ისტორიული ფაქტი, არამედ ყოველწლიურად გამეორება იმ საღმრთო სასწაულისა, საკვირველი მოვლენისა, რომელსაც ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულით განვადიდებთ, ვიხსენიებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულზე, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ფერისცვალების დღესასწაულის დღეს კი სრულიად მოწმენდილ ცაზე უთუოდ გამოჩნდება ღრუბელი და მთელი დღესასწაულის განმავლობაში ადგას თაბორის მთას. არადა, ამ დროს ისრაელში უნალექო პერიოდია, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ციდან წვეთიც არ ჩამოვარდება. როგორც ცნობილია, ფერისცვალებისას, როცა მაცხოვარი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, ღრუბელი დაადგა თავს, რადგან საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს.

როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაული, ცხადია, ფერისცვალებაც ყოველწლიურად მეორდება თავისი მადლით; ესა თუ ის საღმრთო სასწაული, რომელთაც საეკლესიო დღესასწაულებით განვადიდებთ, ყოველწლიურად აღესრულება, მათში მონაწილეობით კი ქრისტიანები საღმრთო სასწაულსა და მის მადლს საკუთარ თავზე განიცდიან.

- იმ უჩვეულო, თვალისმომჭრელი ნათლის შესახებაც ვისაუბროთ, რომელმაც მაცხოვრის ფერისცვალების ჟამს გაანათა თაბორის მთა...

- ეს იყო უფლის ნათება, შეუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი - ნათელში გამოცხადებული თავად უფალი. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: უფლის არსი ადამიანისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ღვთის ენერგიებით ანუ ღვთის ნათლით უფალთან კავშირის მიღწევა შეიძლება - უფალთან კავშირი ღვთის ენერგიებთან კავშირით გვაქვს და არა არსობრივად. არსობრივად ღმერთის შეცნობა კაცთათვის შეუძლებელია.

არსებობს შექმნილი ნათელიც. ის ორი სახისაა - ხილული ანუ მიწიერი და უხილავი ანუ ზეციური. მიწიერია მზის ნათელი, ცეცხლის სინათლე, ყველაფერი ის, რასაც ფიზიკური, ხორციელი თვალით ვხედავთ, ზეციური ნათელი კი ანგელოზები არიან. ანგელოზებიც შექმნილი ნათელია, მაგრამ არანივთიერი.

- საზოგადოდ, როგორ უნდა გვესმოდეს სიტყვა "ნათელის" მნიშვნელობა?

- თუკი ამ სიტყვას საღმრთო ნათელზე ვამბობთ, ის დაუსაბამო და დაუსრულებელ, შეუქმნელ საღმრთო ენერგიას, ღვთიურ ნათელს ნიშნავს, რომელიც მარადის უფალშია, მაგრამ თუკი ბიბლიის დასაწყისში მოხსენებულ სიტყვა "ნათელს" განვმარტავთ, - ეს არის შექმნილი ნათელი, რომელიც უფალმა თავისი დიდებით, მრავალმოწყალებითა და სიყვარულით ქმნა. შექმნილ ნათელს არავითარი საერთო არა აქვს შეუქმნელ, ღვთიურ ნათელთან, გარდა იმისა, რომ სწორედ საღმრთო ნათელი იქმნა მიზეზი შექმნილი - ხილული თუ უხილავი ზეციური ნათლისა. მოციქულებმა თაბორზე ხელთუქმნელი, ღვთიური ნათელის ნაწილი იხილეს.

- რატომ ჩათვალა მაცხოვარმა საჭიროდ, თავისი ღვთაებრივი დიდება, საღმრთო ნათელი სწორედ მთაზე გამოევლინა?

- ამას მიწიერი მიზეზიც ჰქონდა და სულიერიც. დედამიწაზე ყოფნის ჟამს განკაცებულ უფალს მუდამ თან ახლდნენ ადამიანები. გავიხსენოთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის დაპურების სასწაული, ეშმაკეულთა და დავრდომილთა კურნების შემთხვევები... სწორედ ადამიანთაგან განსარიდებლად აირჩია მაღალი მთა ფერისცვალების - ამ უდიდესი სასწაულის მოსახდენად. სამად სამი მოციქულიც, ერთი მხრივ, იმის გამო გაიყოლა, რომ დანარჩენი მოწაფეები დაბლობზე დარჩენილიყვნენ, რათა ადამიანებს თვალში არ მოხვედროდათ, არ ეგრძნოთ, რომ იესო ქრისტე მათ შორის არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მთის, სიმაღლის სულიერ მნიშვნელობას, მისი არჩევით მაცხოვარმა მიგვანიშნა, რომ ადამიანი ამქვეყნიურზე უნდა ამაღლეს, ავიდეს სულიერების მთაზე ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, სინანულით... რათა გახდეს ღირსი საღვთო ნათლის, უფლის ბრწყინვალების ხილვისა.

- სწორედ ღვთაებრივი ნათლის ხილვისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი.

- ამის მისაღწევად, როგორც ვთქვით, ადამიანი "სულიერების მთაზე" უნდა ავიდეს, მაგრამ არა თვითნებურად, არამედ ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილებით. ვინც ამქვეყნიურობას მოსცილდება, მაქსიმალურად შეიზღუდავს თავს მიწიერ სიამეთაგან, ეცდება ცოდვილი ჩვევების დათრგუნვას და იგლოვებს ჩადენილ ცოდვათა გამო, მოახერხებს კიდეც სულიერების მთაზე ასვლას, იქ ასული კი საღმრთო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნება. მარადისობაში გადასული მას განუშორებლად იხილავს.

- მადლმოსილ მოღვაწეთა, უმაღლესი სულიერების მქონე მამათა ცხოვრებაც ხომ დასტურია იმისა, რომ ადამიანი მიწიერ ცხოვრებაშივე შეიძლება გახდეს ღირსი ღვთიური ნათლის ხილვისა?..

- ეს მოღვაწენი ღირსნი შეიქმნენ ღვთის დიდების, უფლის ნათლის ხილვისა ღვთისთვის დაუღალავი მოშურნეობით, იმით, რომ მიწიერებას მოსცილდნენ და თავიანთ თავზე ამაღლდნენ - "ხორცითა ანგელოზნი" შეიქმნენ, როგორც ამას წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიმართ წარმოთქმულ ლოცვებში ვკითხულობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხორცშივე ანგელოზებრივად მოღვაწეობდნენ. წვრილი ძაფიღა აკავშირებდათ მიწასთან. ხორცი ხელს აღარ უშლიდათ ამ ნათლის მოპოვებაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ხორცი ტანჯოს ან რაიმე ზიანი მიაყენოს - ის სულის საცხოვნებლად უნდა გამოიყენოს, თორემ როცა სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება, სულის ცხონების შესაძლებლობა აღარ დარჩება, სული თავის თავს ვერ იცხონებს. სწორედ ხორცის სულის საცხონებლად გამოყენებას მიაღწიეს წმინდა მამებმა და "სულიერების მთაზე" ავიდნენ.

- სახარებაში ნახსენები არ არის იმ მთის სახელი, სადაც უფალმა მოწაფეების წინაშე ფერი იცვალა. საინტერესოა, რატომ არის მაცხოვრის ფერისცვალების ადგილად მიჩნეული სწორედ თაბორის მთა?

- თაბორი გალილეის ცენტრში - იერუსალიმის უძველეს მიწაზე მდებარეობს. მართლაც, სახარება არ მოგვითხრობს, რომელ მთაზე იცვალა ფერი მაცხოვარმა, მხოლოდ წერია, რომ: "წაიყვანა იესომ მოწაფეები პეტრე, იაკობი და იოანე და ავიდა მათთან მაღალ მთაზე..." გალილეაში კი, სადაც ფერისცვალება მოხდა, ყველაზე მაღალი თაბორის მთაა, მის მახლობლად მხოლოდ დაბლობები გვხვდება. ამას გარდა, მართალია, ქრისტიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილს, მაგრამ ასევე დიდმნიშვნელოვანია წმინდა გადმოცემაც, რომელიც, ჯერ კიდევ მოციქულთა ხანიდან მოყოლებული, ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. პირველი საუკუნეებიდანვე არსებობს გადმოცემა, რომ მაცხოვრის ფერისცვალება სწორედ თაბორის მთაზე მოხდა.

- სახარებიდან ვიცით, ვიდრე მაცხოვარი ლოცულობდა, მოწაფეებს ჩაეძინათ. რამ მოჰგვარა მათ ძილი?

- თაბორის მთა საკმაოდ მაღალი და კლდოვანია. ვიდრე იქამდე მიხვალ, კარგა მანძილი უნდა გაიარო. ამჟამად მთაზე მსუბუქი ავტომობილით ასვლაც ხერხდება, მაგრამ იმ პერიოდში ამისთვის ძალზე დიდი დრო სჭირდებოდათ. რადგან თაბორზე ასვლა დიდ შრომასა და ჯაფას მოითხოვდა და მოწაფეები ფიზიკურადაც დაღლილები იყვნენ, ერთი მხრივ, სწორედ ამან მოჰგვარათ ძილი. თუმცა ეს საღმრთო განგებულებითაც მოხდა. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ადამიანმა პირდაპირ რომ იხილოს უხილავი, მიღმიური სამყარო, - კეთილი სამყარო იქნება ეს - უფლისა და ზეციური ანგელოზებისა თუ დაცემული, - ერთ შემთხვევაში სიხარულით, მეორეში კი შიშით სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება. ასეთი შემაძრწუნებელი რომ არ ყოფილიყო მოციქულთათვის ფერისცვალების - ამ უდიდესი სასწაულის - ხილვა, უფალმა მათ ძილი მოჰგვარა, რათა მათი გონება დამძიმებულიყო, შემზადებულიყო ამ სასწაულის სახილველად. ის დროც, მთაზე ასვლას რომ მოახმარეს, მოციქულთა ფერისცვალების სასწაულის ხილვისთვის შემზადებას სჭირდებოდა.

- მაცხოვარს თორმეტი მოწაფე ჰყავდა, მან კი თაბორის ნათების ხილვის ღირსად მხოლოდ სამი მათგანი - პეტრე, იოანე და იაკობი ჩათვალა. რატომ სწორედ ისინი?

- უფალმა მოციქულთაგან ისინი გამოარჩია, ვინც ყველაზე მეტად იყო მიმღები და სულიერად დამტეველი ამ სასწაულისა. სადღესასწაულო ტროპარს მოვიშველიებ: "უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი, ძალისაებრ მათისა..." რაოდენი "ძალ ედვათ", რამდენის დატევნაც შეეძლოთ, უფალმა იმ დოზით გამოუმჟღავნა, გამოუცხადა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება და ბრწყინვალება და არა სრული სისავსით. ღვთის ბრწყინვალების სრულყოფილად დატევნა არათუ ხორცში მყოფ ადამიანს, თვით ანგელზოებსაც არ ძალუძთ.

KARIBCHE

თაბორის მთა

მოციქულები იესო ქრისტეს მხოლოდ ხორციელი, ფიზიკური თვალით უყურებდნენ, უყურებდნენ როგორც ადამიანს, ამიტომ უფალმა ინება, მათთვის თავისი ღვთაებრიობაც გამოეცხადებინა. თან გააფრთხილა - არავის უთხრათ, ვიდრე ძე კაცისა არ ამაღლდებაო. აქ იგულისხმება არა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ზეცად ამაღლება, არამედ ჯვარცმა. იესო პეტრეს, იოანესა და იაკობს აფრთხილებს, თაბორის ნათების, ფერისცვალების შესახებ დანარჩენ მოციქულებს ჯვარცმის შემდეგ უთხრან, რათა სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ იმის გამო, რომ ის, ვისაც ისინი მხსნელს უწოდებდნენ, ვისიც სჯეროდათ, სწამდათ, რომ მთელ კაცობრიობას იხსნიდა, დასაჯეს და მოკვდა. სწორედ ჯვარცმის შემდეგ უნდა განემტკიცებინა სამ რჩეულ მოციქულს დანარჩენები იმაში, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, რაც მანამდე ნანახი ჰქონდათ. მოციქულთაგან სწორედ ისინი გამოარჩია და კიდევ მეტად განამტკიცა, ვისაც ყველაზე მტკიცედ სწამდა მაცხოვრისა. პეტრე სარწმუნოებით უპირატესი გახლდათ მოციქულთა შორის (გავიხსენოთ იესო ქრისტეს პეტრე მოციქულის მიმართ ნათქვამი სიტყვები: "სვიმონ-პეტრე, შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი..." "კლდეში" სწორედ პეტრე მოციქულის რწმენა იგულისხმება ძე ღვთისას მიმართ), იოანე სიყვარულითაა უპირატესი, იაკობი კი მოწამებრიობით გამორჩეული. სახარებიდან ვიცით, როდესაც სამარიტელების სოფელმა არ შეიწყნარა მაცხოვარი, იაკობმა და იოანემ სთხოვეს უფალს - მოგვეცი ნება, ვთქვათ და ზეციდან ცეცხლი გარდამოვა და დაწვავს მათო. ამის გამო ეწოდათ მათ ძენი ქუხილისანი. აი ასეთი მოშურნენი იყვნენ ისინი უფლის სარწმუნოებაში.

- ფერისცვალებისას მოსე და ილია წინასწარმეტყველის გამოჩენასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ძველი აღთქმის პერიოდში არც ხატები არსებობდა და არც სხვა რამ, რისი მეშვეობითაც მოციქულები მოსე და ილია წინასწარმეტყველთა ცნობას შეძლებდნენ. არც მაცხოვრის წინაშე წარმდგარ წინასწარმეტყველებს მიუმართავთ მათთვის, ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, მხოლოდ უფალთან საუბრობდნენ, როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის, მომავალი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. მათ წინაშე რომ მოსე და ილია იდგნენ, მოციქულებმა საღმრთო განგებულებით, სულიწმინდის მადლით გახსნილი გონებით შეიცნეს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თაბორის მთაზე რატომ მაინცდამაინც მოსე და ილია წინასწარმეტყველების მოვლინება ინება ღვთის განგებულებამ და არა სხვა რომელიმე წინასწარმეტყველისა? მოსემ სჯული მისცა ერს, მან გამოიხსნა ისრაელი. ელია კი, პირველი უპირველეს წინასწარმეტყველთა შორის, არ გარდაცვლილა, ცოცხლად, ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად. მოსემ ხორციელი სიკვდილი განიცადა, ელიას კი ის არ განუცდია. უფალი ამით კიდევ ერთხელ გვასწავლის, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მკვდართა, ღვთის წინაშე ცოცხალი და მიცვალებული ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

მოსე - მხსნელი და სჯულმდებელი ისრაელისა და ელია - უდიდესი წინასწარმეტყველთა შორის - ეს ორი პიროვნება მოვიდა და თაყვანს სცემდა იესოს, ქრისტედ წოდებულს. ამასთან, მოციქულებმა იხილეს, როგორ გაბრწყინდა მაცხოვარი. აქედან დაასკვნეს, რომ მათი მოძღვარი იყო არა უბრალო ადამიანი, ან წინასწარმეტყველი, ან თუნდაც მესია, მხსნელი, რომელსაც ებრაელები მოელოდნენ, არამედ - განკაცებული ღმერთი.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა თაბორის მთაზე გამოჩენა იმასაც მიანიშნებდა, რომ რასაც ძველი აღთქმა გვასწავლიდა, ახალი აღთქმა, ახალი აღთქმის მომცემელი - უფალი იესო ქრისტე აგვირგვინებს, იგი თავადაა ჩვენი მაცხოვნებელი და მომცემელი ორივე აღთქმისა.

- რატომ არის ხაზგასმული, რომ მოსე და ილია წინასწარმეტყველები მაცხოვართან მისი მომავალი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ საუბრობდნენ?

- მაცხოვარი ამის შესახებ ყოველთვის ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს, მაგრამ მათ არ ესმოდათ ჯვაცმისა და აღდგომის მნიშვნელობა, რომელთა გარეშეც ადამიანთა გამოხსნა და დახშული სასუფევლის კარის გახსნა არ მოხდებოდა. ამ უდიდესი სასწაულის დროს, როცა თავად მოციქულებზეც სულიწმინდა იყო გარდამოსული, მათ შეეძლოთ უფრო მეტად შეეგრძნოთ და შეემეცნებინათ თაბორის მთაზე მოსმენილი სწავლება ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ, ჩასწვდომოდნენ მათ არსსა და მნიშვნელობას.

- "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ", - გაისმა ხმა ზეციდან თაბორის ნათებისას. როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა? ზეციდან ეს სიტყვები მაცხოვრის ნათლისღების ჟამსაც გაისმა, როცა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო განცხადდა...

- ფერისცვალებისას ეს სიტყვები მოციქულებისთვის იყო დანიშნული, რომლებსაც შემდგომ სხვებისთვის უნდა ემცნოთ და შეემეცნებინათ. მართალია, იგივე სიტყვები მაცხოვრის ნათლისღების დროსაც გაისმა, მაგრამ იმ დროს ადამიანები სულიერად მზად არ იყვნენ მათ აღსაქმელად, მათ შორის - არც მოციქულები. ნათლისღებისას შესაძლოა იქ მხოლოდ ანდრია და იოანე ყოფილიყვნენ, რადგან ისინი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები გახლდნენ. ამასთან, მაშინ ზეციდან ხმა კი გაისმა და განცხადდა ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო, მაგრამ ადამიანები მომზადებულნი არ იყვნენ მის მისაღებად. ხოლო როცა იგივე სიტყვები მოციქულებს ესმათ, რომლებიც მაცხოვრის მოწაფეები გამხდარიყვნენ და მის მიერ აღსრულებული სასწაულებიც ენახათ, ზეციური სიტყვები მათთვის უკვე გაცილებით დიდმნიშვნელოვანი იყო. ნათლისღებისას ზეცით გარდამოსული სიტყვები მოსამზადებელი იყო, ფერისცვალების ჟამს ნათქვამი კი - გვირგვინი. სიტყვებით - "მაგისი ისმინეთ" ღმერთმა მიგვანიშნა, რომ იესო ქრისტეს, განკაცებული უფლის სწავლების გარდა სხვა სწავლება არ მივიღოთ.

- საერთოდ, რატომ ინება მაცხოვარმა ფერისცვალება, ღვთაებრივი დიდებისა და ნათლის ადამიანთა წინაშე გამოვლინება?

- ამის უპირველესი მიზეზი ის იყო, რომ მოციქულთათვის თავისი ღვთაებრიობა ეჩვენებინა. უკვე დამდგარიყო დრო, როცა მათ უფრო მეტი უნდა გაეგოთ იესო ქრისტეს შესახებ, თავისი ფერისცვალებით კი უფალმა არა სიტყვით, არამედ საქმით აჩვენა მათ თავისი ღვთაებრიობა.

- თითოეულმა საკუთარ თავზე უნდა განიცადოს სულიერი ფერისცვალება, რათა სული იცხონოს, თუმცა სასიკეთო ცვლილება ზოგჯერ "ბოლო ჟამს" ხდება. ეს ხომ არ აბრკოლებს ადამიანის ცხონებას?

- ნათლობისას კაცს პირველქმნილი, ადამისეული ცოდვა მიეტევება, მაგრამ პირველმშობელთა შეცოდების შედეგად დაცემული მისი ბუნება ცოდვისკენ მიდრეკილი რჩება. სულიერი ფერისცვალება არის სწორედ ის, რამდენად მივდრეკთ ჩვენს ბუნებას უფლისკენ, განვაშორებთ ცოდვას. სულიერი ფერისცვალების მისაღწევად თვითონ ადამიანმა უნდა იღვაწოს, ისწრაფოს ღვთისკენ.

მთავარია, როგორ სულიერ სიმაღლეზე მყოფნი შევალთ ღვთის სასუფეველში, როგორი ფერით წარვდგებით უფლის წინაშე, თორემ ფერისცვალებამდე როგორ ვიცხოვრეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, კაცმა მთელი ცხოვრება ღვთის დიდებაში გაატაროს, მაგრამ სიკვდილის წინ უარყოს უფალი და წარწყმდეს. შესაძლოა პირუკუც მოხდეს - მთელი მიწიერი ცხოვრება ღვთის ნების საწინააღმდეგოდ განვლოს, სიკვდილის წინ კი სიტყვით თუ საქმით აღიაროს უფალი. ასეთი ადამიანი აუცილებლად ცხონდება. მაგრამ რადგან არ ვიცით, როდის დაგვიდგება ამა სოფლიდან განსვლის ჟამი, ამიტომ მუდამჟამს მზად უნდა ვიყოთ უფლის წინაშე წარსადგომად - მთელი ცხოვრება ღვთის დიდებით უნდა გავატაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat