რამდენიმე წელია, რაც ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში "ყოველთა დედოფლის" ანუ "პანტანასას" სასწაულმოქმედი ხატის ასლია დაბრძანებული.
საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს.
ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.
"პანტანასას" ხატის ჩამობრძანების შემდეგ ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება - ადამიანები სულიერი და ფიზიკური სნეულებების განკურნებას შესთხოვენ. ხშირია შემთხვევა ამ ხატზე ლოცვით ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნებისა. ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
მარიამი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც "პანტანასას" ხატის კანდელიდან ზეთის ცხების შემდეგ კურნება მიიღო. "მამა გიორგიმ ღვთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთი მაცხო; მე ეს ზეთი ხელისგულზე ვიცხე, სადაც კანქვეშ გამაგრებული ბურთულები მქონდა. ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ბურთულები უკვალოდ გაქრა".
ვ. ქართველიშვილი: - ჩემს ძმას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. "ყოველთა დედოფალს" მის გადარჩენას ვევედრებოდი. ოპერაცია გაუკეთეს. მეტასტაზები არ აღმოაჩნდა. ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
- ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო, - თქვა მამა გიორგიმ.
მოძღვრის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: - ჩვენი ტაძრის მრევლის - ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმთა და ავადმყოფთა ერთმა ჯგუფმა (ათასზე მეტი კაცი) წერილობით სთხოვა მონასტრის იღუმენს ხატის ასლის დაწერა. ათონზე ხატის ასლის შექმნას შეუდგნენ.
- ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს.
- როცა გავიგეთ შესაწირი თანხის ოდენობა, ძალიან შევწუხდით; მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა კვიპროსელი მდიდარი ადამიანი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
- რამდენწლიანი ისტორია აქვს "პანტანასას" ხატს და რომელია მისი პირველი სასწაული?
- ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ვათოპედის მონასტრის საერთო სალოცავის სვეტთანაა დაბრძანებული. თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიუახლოვდა, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს სინანულის ცრემლებით მოუნანიებია ბერების წინაშე დანაშაული, ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ დაარწმუნა ახალგაზრდა, შეეცვალა ცხოვრების წესი და ღვთისმოშიში გამხდარიყო.
- ამ ხატის რამდენი ასლი არსებობს?
- ამ ხატის ერთ-ერთი ასლი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ, ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნების შესახებ, რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის "მოწყალების საზოგადოების" თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში), მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით "ყოველთა დედოფლის" ხატის ასლი რუსეთისთვის შეიქმნა. 1995 წელს ხატი რუსეთის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი ბრძანდებოდა, სურნელებით აივსო. ამჯერად "პანტანასას" ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია. ხატის კიდევ ერთი ასლი კი საქართველოში, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში ბრძანდება.
"პანტანასას" ხატთან ლოცვით დღეს მრავალი ადამიანი იკურნება. რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში ერთ ადამიანს ავტოავარია მოუხდა, ხევში გადავარდა. აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. მის მშობელს დასიზმრებია ქალი - მე პანტანასა ვარ, ვათოპედში ვცხოვრობ. შენი შვილი კარგად იქნებაო. მეორე დღეს საავადმყოფოში მისულს შვილი შედარებით უკეთ დახვედრია. რამდენიმე ხანში გაუწერიათ კიდეც საავადმყოფოდან. დედამ უამბო შვილს სიზმარი. ყმაწვილმა მოიძია ტელეფონების წიგნში ვათოპედის მონასტერი. ბერებმა უპასუხეს. ახალგაზრდა კაცმა ბერებს უთხრა, - იქნებ პანტანასას სთხოვოთო. ბერები გაკვირვებულები დარჩნენ - ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიაო. მერე საუბარში ყმაწვილს უთქვამს, პანტანასას წყალობით გადავრჩიო.
ადამიანებს სასწაულები ეძლევათ ცხოვნების გზაზე დასაყენებლად, რომ საკუთარი ცხოვრება სულიერი გახადონ და შინაგან ღვაწლს მიაპყრონ გულისყური. ეკლესიური ცხოვრებით - ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით ადამიანი ხომ ცხოვნებამდე მიდის. წმინდა ნაწილების და წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ ალბათ უნდა მოხდეს თითოეულის სულიერი ფერისცვალება. კარგად უნდა გააცნობიერონ ის ღვაწლი, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრებით წმინდანობას მიაღწიეს. ასეთივე ცხოვრებით უნდა განიმსჭვალოს ნებისმიერი ქრისტიანი. პავლე მოციქული ამბობს: "მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა". ამგვარად იმკვიდრებს ადამიანი მარადიულობას. ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, რომ სიმდაბლე - არის სინას მთა, სადაც ადამიანს უფალი ეცხადება. როცა ადამიანი მდაბლად ცხოვრობს და თვლის, რომ უღირსია ამ ყველაფრისა, ამით იწმინდება და, სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, იღებს საოცარ ნიჭებს - სიწმინდეს აღწევს.
რამდენიმე ამბავს გავიხსენებ წმინდა მამათა მაკურნებელ ძალაზე.
წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სხეული მირონმდინარეა და დღესაც მრავალ სასწაულს აღასრულებს. თურქების შემოსევების დროს თურმე წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილებს შემოატარებდნენ ქალაქს და მოულოდნელად მტერი უკან ბრუნდებოდა. იგივე ითქმის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელზე. მისი ხსენების დღეს, 25 დეკემბერს შემოატარებდნენ ქალაქს მის უხრწნელ წმინდა ნაწილებს და მტერი პირს იბრუნებდა.
კლიმენტი რომის პაპი ღვთის გულისთვის აწამეს და მისი მოკვეთილი თავი შავ ზღვაში გადააგდეს. მისი ხსენების დღეს, 7 დეკემბერს საოცრება ხდებოდა: ყოველ წელიწადს ტალღებს გამოჰქონდა წმინდანის თავის ქალა. ხალხი ემთხვეოდა და მერე ტალღებს უკან შეჰქონდა. ხალხი ამით კურნებას იღებდა.
წმინდა იოანე ოქროპირის თავის ქალას უხრწნელი ყური აქვს. ამ ყურში წმინდა პავლე მოციქული მას წმინდა წერილის განმარტებებს კარნახობდა. დღესაც უხრწნელად ინახება. გერონდა ეფრემმა ქალაქ სანდში, მეტოქიონში ჩაიტანა იოანე ოქროპირის თავის ქალა. როცა მას სურათი გადაუღეს, ფირზე გამოისახა ადამიანი უხრწნელი, ხორციელი სახით.
სერბულ მონასტერში სიმონ მირონმდინარის საფლავიდან ვაზია ამოზრდილი. გარდაცვალების წინ სიმონმა შეწუხებულ სულიერ შვილებს უთხრა: არასდროს დაგტოვებთ. ჩემი საფლავიდან ამოვა ვაზი და უშვილოთ შვილს მისცემსო. დღესაც ხდება ეს სასწაულები. მრავალი შემთხვევაა, როცა ვაზის ნაყოფი ჩამოვიტანეთ და ადამიანებს, რომლებიც სასოებდნენ ღმერთს და განსაკუთრებულად ლოცულობდნენ წმინდა სიმონ მირონმდინარის წინაშე, მართლაც მიეცათ შვილები. ვათოპედში ღვთისმშობლის სარტყელია, რომელიც ზონრებით იკვრება. არის შემთხვევები, როცა ამ ზონრის ტარების შემდეგ ცოლ-ქმარს შვილი ეძლევა. ღვთისმშობლის სარტყელს ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებსაც აკრავენ და ბევრი განკურნებულა კიდეც.
შარშან, აღდგომის დღესასწაულზე, მაკედონიის ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ელადის ეპისკოპოსს ღვთისმსახურებაზე მღვდლის გამოგზავნა სთხოვეს. მან უარი უთხრა - ამდენი კადრი არ მყავსო. აღდგომა რომ თენდებოდა, მსახურების ჩასატარებლად ვიღაც ეპისკოპოსი მოვიდა. ხალხი აზიარა, მერე ნათლობა, ჯვრისწერა ჩაატარა. ხალხმა მადლობით გაისტუმრა ეპისკოპოსი. სამადლობელი წერილიც გაუგზავნეს ელადის ეპისკოპოსს, მღვდლის მაგივრად ეპისკოპოსი რომ გამოუგზავნა. მან - არავინ გამომიგზავნიაო. ხალხი გაოცებული დარჩა - მეუფეს ჯვრისწერის და ნათლობის მოწმობებზე ხელი აქვს მოწერილიო. ნახეს - მოწმობებზე წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელს ჰქონდა ხელი მოწერილი, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ გარდაცვლილიყო. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ცოცხალია და ადამიანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სულიერ ცხოვრებას მარადიულობაში. ჩვენს ცხოვრებაშიც ყოფილა შემთხვევები - ამა თუ იმ წმინდანს შემწეობა და კურნება უბოძებია.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, მეორე მსოფლიო კრებაზე რამდენიმე კატეგორიის ქრისტიანები ვიხილე. პირველნი - ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ეკლესიას ებრძოდნენ, მეორენი - კბილებით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მესამენი წყევლიდნენ ქრისტიანებს და გამარჯვებულს ემხრობოდნენო. უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია არის უტყუარი. სულიწმინდის მადლი ტრიალებს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ცხონებისთვის.
წინათ ჩვენში ასეთი ტრადიცია იყო: როცა ტაძარში სიწმინდეს გამოაბრძანებდნენ, ადამიანები კვირაობით იდგნენ რიგში, რათა მისგან კურნება მიეღოთ. წმინდა მამები და დედები ნებისმიერი ადამიანის წინაშე მარადიულად არიან მეოხნი. ეს ნიშანი სოფლის დასასრულამდე გაგრძელდება, რაც უტყუარი ქადაგებაა საქმით და ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობაშია შენახული რჯული, რომელიც უფალმა დაგვიტოვა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი წმინდანი ჰყავს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მათი ღვაწლი და ყოველთვის გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "მობაძავ ჩემდა იქმენით". მართლმადიდებელი სარწმუნოება დღეს ჩვენგან თავგანწირვას არ მოითხოვს, მოითხოვს მხოლოდ შინაგანი ცხოვრების სწორ წესს. შევეცადოთ, ჩვენი ცხოვრებით სულიერი ღვაწლი მაინც გავაძლიეროთ.
- მამაო, თქვენს ტაძარში ბევრი სიწმინდე ინახება. კარგი იქნება, თუ მკითხველს გავაცნობთ მათ.
- ტაძარში დაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, ხატებში ჩაბრძანებულია კლიმენტი რომის პაპის, საბა განწმენდილის, ქეთევან დედოფლის და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები. გარდა ამისა, სპეციალურად გაკეთებულ სანაწილეში მოთავსებულია წმინდა ნაწილი ევდოკიმე ვათოპედელისა, რომელიც გერონდა ეფრემმა შემოგვწირა, ღრუბული, რომელსაც ძმარში ასველებდნენ და ჯვარცმულ მაცხოვარს მიაწვდიდნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის ძაფი, იოანე ნათლისმცემლის მარჯვენა ხელის ნაწილი, რომელიც ქრისტეს თავს შეეხო, წმინდა გიორგის მუხლის და თითის ნაწილი (მეუფე დიმიტრიმ გვაჩუქა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით), წმინდა დიდმოწამე მარინეს მარჯვენა ხელის ნაწილი, ქეთევან დედოფლის ნეკნის და მარჯვენა ხელის ნაწილი, ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილი, კვირიკესა და ივლიტას წმინდა ნაწილი, წმინდა მინას უხრწნელი სისხლი, იმ ლოდის ნაწილი, რომელიც მაცხოვრის საფლავიდან აღდგომის ღამეს ანგელოზებმა გადააგორეს, ზაქეს ლეღვის ხის ნაწილი, დიმიტრი თესალონიკელის მირონი, სერაფიმ საროველის ხელთათმანი, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩის ნაწილი, წმინდა ანდრიანეს და ნატალიას წმინდა ნაწილები, მამა პაისი ათონელის მაისური და საფლავის მიწა, ათი ნიტრიელი მამის ნაწილები, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაწილები. ღმერთმა გამოგვიჩინა ეს სიწმინდეები და მადლობა ღმერთს ამისთვის.
ნებისმიერ დროს შეუძლია ადამიანს ამ სიწმინდეებთან მიახლება. ყველას შეეწიოს სიწმინდეთა მადლი და უფლის წყალობა არ მოგვაკლოს ღმერთმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი