სასჯელი მწარე წამალია, რომელიც დაღუპვისგან გვიხსნის
სიტყვა "სასჯელში" უმართებულო საქციელის სანაცვლოდ მოწევნული მსჯავრი, განაჩენი მოიაზრება. არსებობს ადამიანური სასჯელი და ღვთის სასჯელი, რომელსაც ცოდვისმქმნელობის სანაცვლოდ ვიმსახურებთ.
ადამიანური სასჯელისგან განსხვავებით, ღვთის სასჯელი ყოველთვის სამართლიანია. უფალი ხომ ყოვლადმართალია, მართლმსაჯულია, პავლე მოციქულის სიტყვებით, "მიაგებს კაცად კაცსა საქმეთა მათაებრ". უნანელ ცოდვილთ კი საბოლოოდ ღვთის უმკაცრესი სასჯელი ელით - მარადიული სატანჯველი, რომელსაც შინაგანად ყველა ადამიანი უფრთხის. მიუხედავად ამისა, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების წყალობით, მაინც ხშირად ვეცემით ცოდვით. კაცთმოყვარე და გულმოწყალე უფალი სიცოცხლის ბოლომდე გვაძლევს სასჯელის არიდების შესაძლებლობას, უპირველესად - გულწრფელი სინანულით ცოდვათაგან განწმენდის გზით. მთავარია, დავფიქრდეთ, მუდამჟამს გვქონდეს ხსოვნა ხორციელი სიკვდილისა და უფლის სამსჯავროსი...გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ზაქარია მარგალიტაძე:
- სასჯელის მიზეზი ცოდვაა. ცოდვა კი შედეგია უღმერთო ცხოვრებისა. ოდითგანვე ასეა განწესებული - სჯულიერ ცხოვრებას ღვთის წყალობა, სიმშვიდე, უშფოთველობა სდევს თან, უღმერთო ყოფას და ცოდვათა მოურიდებლობას კი აუცილებლად მოჰყვება სიბილწე, ხრწნილება და სულიერი სიკვდილი, რომელიც ხშირად ხორციელ სიკვდილს გვაახლოებს.
- პირველი ცოდვით დაცემა ზეცაში მოხდა, ღვთის ნებას პირველად ერთ-ერთი მთავარანგელოზი შეეწინააღმდეგა, შესაბამისად, მასზე მოიწია ღვთის პირველი სასჯელიც...
- ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა თავდაპირველად ცა და დედამიწა შექმნა. ცაში ანგელოზთა სამყარო იგულისხმება. ანგელოზები უსხეულო, გონიერი არსებები არიან. მთელი სამყაროს მსგავსად, ღმერთმა ისინიც სრულყოფილნი შექმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში სამყაროში ღვთაებრივი წესრიგი შეიცვალა. ამის მიზეზი ანგელოზთა სამყაროს ცოდვით დაცემა გახდა - ერთ-ერთი მთავარანგელოზი გაამაყდა და ღმერთს გაუყადრა თავი, მისი სულიერი ვექტორი ღვთაებრივ სიყვარულსა და სიმართლეს ასცდა და უდიდესი თავისმოყვარეობით განიმსჭვალა. სწორედ უკიდურესი თავისმოყვარეობა - ეგოცენტრიზმია ის საშინელი ბაცილა, რომელმაც ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია და საბოლოოდ მთელი სამყარო შეცვალა, მასში ღვთაებრივის საპირისპირო თვისებები შემოიტანა: თავისმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, სიძულვილი, ტკბობისმოყვარეობა... ეს იმ ცოდვით დახუნძლული ხის ფესვებია, რომლისგანაც ყოველგვარი უკეთურება აღმოცენდა.
- დედამიწაზე უფლის სასჯელის პირველი გამოვლინება ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა იყო, რაც პირველმა ადამიანებმაც ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედების - ცოდვის ჩადენის სანაცვლოდ დაიმსახურეს. კიდევ რა შედეგები მოჰყვა პირველქმნილ ცოდვას? რა სახის მსჯავრი მოიწია კაცობრიობამ? ადამში ხომ ყველა ადამიანმა შესცოდა.
- ადამიანი მოგვიანებით შეიქმნა - შესაქმის მეექვსე დღეს. საოცარი კეთილქმნილების გამო მას ქმნილებათა გვირგვინს უწოდებენ. მთელი სამყარო ღვთის საოცარი შემოქმედებაა, რომელიც გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ადამიანი ყველასა და ყველაფრისგან გამორჩეულია თავისი უკვდავი სულითა და შინაგანი ფსიქიკური ცხოვრებით. თავდაპირველად სამოთხეში ადამიანი სრულ ნეტარებაში ცხოვრობდა, რომლის მიზეზიც ღმერთთან ერთობა და ღვთაებრივი მადლი იყო. მაგრამ ვერც მან შეინარჩუნა ბედნიერი ცხოვრება, ისიც, მთავარანგელოზის მსგავსად, მოიხიბლა, ღვთის მცნება დაარღვია და ბოროტების ნაღველი იგემა. დაცემა საშინელი აღმოჩნდა - ადამიანებმა დაკარგეს მადლი და აღმოჩნდა, რომ დაკარგეს ყველაფერი: სიხარული ნაღველით შეიცვალა, უზრუნველობა - შფოთით, ჰარმონია - ქაოსით, სამოთხე - ექსორიით; უცხო ქვეყანაში ადამიანის ბუნება დანაწევრდა, უსაშინლესი ვნებების ტირანიას დაემორჩილა და ცხოვრებისეული იდილია არსებობისთვის ყოველდღიურმა უმძიმესმა შრომამ შეცვალა.
- წარღვნაზეც ვისაუბროთ, ესეც ხომ ღვთის სასჯელი იყო. საინტერესოა, რატომ გადარჩა მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი? რატომ არ დაისაჯნენ ისინიც?
- წარღვნა კაცობრიობაზე უსჯულოებისთვის მოვლენილი სასჯელი იყო. ის, ბიბლიური ქრონოლოგიით, დასაბამიდან 2262 წელს მოხდა. იმხანად ცხოვრობდა მართალი ნოე, რომელიც ადამიდან მეცხრე თაობა გახლდათ. ადამის ძენი სულ უფრო მეტად შორდებოდნენ მამამთავრის სარწმუნოებას და სინანულით გაჯერებული მართალი ცხოვრების წესს. იძალა კაენის დაწყევლილი მოდგმის ზნე-ჩვეულებებმა. ადამიანები ორგულნი, მემრუშენი, კაცისმკვლელნი, უღმერთონი შეიქმნენ. ნოეს ოჯახიღა დარჩა ღვთის მცნებების ერთგული, სულიერ უდაბნოში მარტოდმყოფი ოაზისივით. უფალმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ უსჯულოებისთვის - ნოეს უბრძანა, გადაეცა ადამიანებისთვის, თუკი არ შეცვლიდნენ თავიანთ ცხოვრებას, მსოფლიო წარღვნას მოუვლენდა. თან დიდი კიდობნის აშენება დაავალა, რომელშიც ოჯახთან ერთად თავს შეაფარებდა. ასი წელი აშენებდა ნოე კიდობანს და ასი წელი ქადაგებდა სინანულს. უფალიც ასი წლის განმავლობაში ელოდა ადამის ძეთა შემობრუნებას, მაგრამ ამაოდ. ადამიანები საბოლოოდ შეიპყრო უგუნურებამ და ხორცის სიამემ. ნოეს კი დასცინოდნენ, როგორც შლეგსა და შეშლილს. უფლის სიტყვების აღსრულების ჟამს ცამ პირი იცვალა, შეიძრა ქვეყანა და დედამიწა ნიაღვარმა დაფარა. ნოეს ოჯახის გარდა ყველა განადგურდა და ახალ კაცობრიობას დასაბამი დაედო ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისა და იაფეტისგან.
- გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლის მშენებლობაც. ენათა აღრევაც ხომ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო.
- წარღვნის შემდგომ ადამიანები ღვთის მოშიშებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. კაცობრიობა კვლავ დაუბრუნდა უღმერთო ცხოვრებას. ენათა განბნევის წინა პერიოდში ძალზე გავრცელდა ჯადოქრობა, მაგია. ადამიანი ღვთისმბრძოლმა იდეებმა შეიპყრო - ამის გამოხატულება გახლდათ ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. ღმერთმა მათ ენები აურია, რათა ერთმანეთის ვეღარ გაეგოთ. ბაბილონის გოდოლის მშენებლობა შეჩერდა, ადამიანები კი მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ.
- ძველი აღთქმის პერიოდში ერთადერთი ისრაელი იყო ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული, ამიტომაც იწოდებოდა უფლის რჩეულ ერად, თუმცა რჩეულზეც ხშირად მოიწეოდა ღვთის მსჯავრი. რა იყო ამის მიზეზი?
- ერებად ჩამოყალიბების შემდეგ მსოფლიოს ხალხებმა დაკარგეს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა, ხელით შექმნილი კერპების თაყვანისცემა იწყეს, და მხოლოდ ისრაელი დარჩა ერთგული მამამთავართა საწმუნოებისა - ჭეშმარიტი ღმერთისა. თუმცა, მიუხედავად ღვთისმოსავი ბუნებისა, რჩეულ ერსაც ჰქონდა მანკიერი მხარე - დანარჩენი კაცობრიობის მსგავსად, ხშირად მიიქცეოდნენ კერპთმსახურებისა და უზნეო ცხოვრებისკენ, ამით განარისხებდნენ უფალს და კარგავდნენ კიდეც მის მადლს. ცოდვათა გამო სასჯელად მოვლენილ მრავალ განსაცდელს შორის იყო ორი დიდი გადასახლება და ტყვეობა - ღვთის დაშვებით, ჯერ ასურელებმა, შემდეგ კი ეგვიპტელებმა ისრაელის მთელი მოსახლეობა ტყვედ გახიზნეს. მაგრამ თუ ისრაელი შეცოდებას მოინანიებდა, უფალი კვლავ უბრუნებდა დაკარგულ მადლს - სასჯელს წყალობა ცვლიდა. რჩეული ერის ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყვანა და აღთქმული ქვეყნის დამკვიდრება ნიშანია ღვთის მრავალმოწყალებისა, მისი უდიდესი სიყვარულისა დაცემული ადამიანებისადმი.
- სწორედ კაცთა უსაზღვრო სიყვარულის გამო მოვიდა უფალი დედამიწაზე და დაითმინა უსამართლოდ დადებული მსჯავრი...
- უფალმა ადამიანებს მამამთავრები, წინასწარმეტყველები, მართლები მოუვლინა, რათა ამ გზით დაეშრიტა მათი მეტისმეტი უკეთურება, მაგრამ ცოდვა და უსჯულოება თუნდაც მცირედით უკუქცეულიც კი რომ ვერ იხილა, ცანი მოდრიკნა, ქვეყნად ჩამოვიდა, ადამიანი გახდა და ჩვენი შეცოდების სასჯელი იტვირთა. უფალი ჩვენი სიყვარულის გამო იშვა მონის (ადამიანის) სხეულში. დაითმინა დევნა, ყვედრება, შური, სიძულვილი, სამსჯავრო, ჯვარცმა, - მაგრამ ისე, რომ ღვთაებრივ ბუნებას არ შეხებია კნინება. ამით კი კაცთა მოდგმას უდიდესი სიყვარული და სოლიდარობა გამოუცხადა, მათი გამოხსნისთვის არნახული მსხვერპლი გაიღო.
- რა სახის სასჯელი შეიძლება დავიმსახუროთ ღვთისგან ცოდვისმქმნელობის სანაცვლოდ? აქვს თუ არა მნიშვნელობა ცოდვის სიმძიმეს?
- დასჯა უფლისთვის თვითმიზანი არ არის; ის ცოდვის პირდაპირი შედეგია. ასე რომ არ იყოს, ადამიანები ცოდვას არ მოერიდებოდნენ, გამოსწორებაზე არ იზრუნებდნენ. სასჯელი სინდისის ქენჯნით იწყება, მაგრამ თუკი ის სინანულში არ გადაიზრდება, სხვადასხვა განსაცდელი დაგვატყდება თავს, რათა გამოვფხიზლდეთ, ღვთისკენ მივაპყროთ მზერა და ცოდვილი მდგომარეობიდან გამოვიდეთ. სასჯელი მწარე წამალია, რომელიც დაღუპვისგან გვიხსნის, უფლის დიდი წყალობაა. მაგრამ თუკი ადამიანს სინანული არ აქვს, განსაცდელი თანდათან მძაფრდება. ის, შესაძლოა, გამოვლინდეს ოჯახური კონფლიქტებით, ოჯახის წევრთა ავადმყოფობით, ხელმოცარულობით, მძიმე ნერვული აშლილობით... როცა კაცი მძიმე ცოდვით სცოდავს, სინანული კი არ გააჩნია, მძიმე სნეულებით, ზოგჯერ კი უეცარი სიკვდილითაც შეიძლება დაისაჯოს.
გულწრფელი სინანული, რომელიც ცხოვრების გამოსწორებას იწვევს, ერთადერთი საშუალებაა სასჯელის თავიდან ასაცილებლად. ქმედითი სინანულის შემთხვევაში ადამიანს უმძიმესი ცოდვაც კი მიეტევება. სასჯელის აცილება სავსებით შესაძლებელია, თუკი ადამიანი მოინდომებს და მართალი ცხოვრების წესს შეიყვარებს.
- რას გვეტყვით პირადი სამსჯავროს შესახებ?
- ეკლესიის სწავლებით, ადამიანის გარდაცვალებას პირადი სამსჯავრო მოჰყვება, რომელზეც უფალი მცნებების მიხედვით განგვსჯის. რადგან ადამიანი გონიერი არსებაა, პასუხისმგებელიცაა თავის ქმედებებზე. თავის მხრივ, შემოქმედმა ყოველივე იღონა: მოგვცა გონება, სინდისი, ავ-კარგის გარჩევის უნარი, მოგვმადლა სჯული, წმინდა ეკლესია, საიდუმლოებები, - მაგრამ თუკი ღვთისგან ბოძებულ ტალანტს მიწაში ჩავფლავთ, უფალს ზურგს შევაქცევთ, ბოროტებას ავირჩევთ, სიკეთეს კი გავთელავთ, იმას მივიღებთ, რასაც მთელი ცხოვრება ვეტრფოდით და ვესწრაფოდით - თუ ცოდვილი ცხოვრებით ვიცხოვრებთ და შეცოდებებს არ შევინანებთ, ჩვენი ხვედრი ჯოჯოხეთი იქნება, მაგრამ თუკი ცხოვრებას ცოდვებთან ბრძოლაში, ქრისტეს ძიებაში, რწმენითა და სინანულით დავასრულებთ, ღვთისგან შენდობას და გამართლებას მივიღებთ. პირველი - პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობა უფლის მეორედ მოსვლამდე გასტანს. მას ეკლესიისა და დედამიწაზე დარჩენილი ახლობლების ერთობლივი გულმხურვალე ლოცვა თუ შეცვლის.
- ბრძანეთ, თუკი ადამიანი მოინდომებს და მართალი ცხოვრების წესს შეიყვარებს, სასჯელის არიდებას შეძლებსო. ეს კი ეკლესიასთან სიახლოვით, მისი ჭეშმარიტი შვილობით მიიღწევა. თუმცა ზოგჯერ ვთვლით, რომ ეკლესიურად ვცხოვრობთ, სინამდვილეში კი ეკლესიურობა მხოლოდ გარეგნული და მოჩვენებითია, და ამას თვითონაც ვერ ვაცნობიერებთ. ალბათ ვერც ასეთი ეკლესიურობით მივიღებთ ღვთის მადლსა და წყალობას.
- თავიდან ძნელია, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ, ეკლესიური ცხოვრების დაწყება სულაც არ ნიშნავს, რომ სრულყოფილნი ვართ, მაგრამ არასოდეს დავკმაყოფილდეთ საკუთარი სულიერებით, შევეცადოთ, გამუდმებით, თუნდაც ნელ-ნელა, ვიზრდებოდეთ სათნოების საქმეში. მაშინ არ დაგვემუქრება სტაგნაცია, გარეგნულით დაკმაყოფილება.
- რა დანიშნულება აქვს ეპიტიმიას - საეკლესიო სასჯელს?
- გონივრულად შერჩეული ეპიტიმია ცოდვასთან ბრძოლაში გვეხმარება. მამები გვირჩევენ: ყოველი აღსარების შემდეგ აღმსარებელს სულ მცირე ეპიტიმია მაინც დაადე, რათა პასუხისმგებლობა იგრძნოსო. საეკლესიო სასჯელის მეშვეობით სული განიკურნება, მაგრამ ეპიტიმია არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი - ასეთი სასჯელი შედეგს ვერ მოიტანს, პირიქით, საზიანოა სულისთვის.
- რას ეყრდნობა ეკლესია, როცა ადამიანს სასჯელს უნიშნავს? ზოგიერთი ცოდვას ჩაიდენს და ეპიტიმიას თვითონვე იწესებს.
- ეკლესიას სახელმძღვანელოდ ბასილი დიდისა და იოანე მოწყალის "საეპიტიმიო კანონი" აქვს, რომელიც "სჯულის კანონშია" შესული, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ იერარქსა და გამოცდილ მოზღვართან შეთანხმებითაა მიზანშეწონილი. ეპიტიმიის თვითნებურად დანიშვნა დაუშვებელია.
- რამდენი სახის საეკლესიო სასჯელი არსებობს?
- სასჯელი მრავალგვარია, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ყველაზე მკაცრი სასჯელი კი ანათემა - ეკლესიიდან განკვეთაა, რომელიც ადამიანს უმძიმესი ცოდვის, ერესში ჩავარდნის გამო მიესჯება. მძიმე სასჯელია ზიარებიდან განყენებაც.
უკვე აღვნიშნეთ, რომ საეკლესიო სასჯელის უმთავრესი დანიშნულება ადამიანის ცოდვისგან განწმენდა და გამოსწორებაა. ის ისე უნდა შეირჩეს, რომ პიროვნების სულიერ წინსვლას შეუწყოს ხელი. ამიტომ მან, ვისაც სასჯელის დაწესება ხელეწიფება, უაღრესად ფრთხილად, დიდი განსჯის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
- ბრძანეთ, ზიარებიდან განყენება ერთ-ერთი მკაცრი საეკლესიო სასჯელიაო. მაგრამ უღირსად ზიარების გამოც ხომ შეიძლება დავისაჯოთ? ზოგჯერ ადამიანი მძიმე ცოდვას მალავს, არ აღიარებს ღვთისმსახურის წინაშე და ამ გზით ხდება "ღირსი" ზიარებისა...
- ზიარებიდან განყენება ადამიანზე ზრუნვითაა განპირობებული. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "ბევრია თქვენში სნეული უღირსად ზიარების გამოო". მოძღვარი, რომელიც კაცთმოთნეობისა და უდარდელობის გამო განუწმენდლად აზიარებს მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვაში მყოფთ, ეცრუება მათ. ასეთ ზიარებას სულიერი წინსვლა არ მოჰყვება, მაზიარებელი კურნების ნაცვლად სნეულებაში დაემკვიდრება. მოძღვარი ვალდებულია, სულიერ შვილთან ერთად იშრომოს, იღვაწოს სისუსტეების დასაძლევად და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს უფლება უფლის სისხლისა და ხორცის ზიარებისა.
- ძველად მორწმუნეებს გაცილებით მკაცრი და ხანგრძლივი საეკლესიო სასჯელი ედებოდათ, დღეს კი წმინდა ეკლესია იკონომიის, შერბილებული წესების გამოყენებით მოქმედებს. რა არის ამის მიზეზი?
- ბასილი დიდი სიმკაცრით გამოირჩეოდა, რადგან მისი მოღვაწეობის ხანაში ადამიანებს მეტი მიეცათ და მეტიც მოეთხოვებოდათ. ამ მართლაცდა ოქროს ხანაში ეკლესიას ათასობით წმინდანი განამშვენებდა. მე-5-6 საუკუნეებში მოღვაწე მამამ იოანე მოწყალემ შედარებით შეამსუბუქა ბასილი დიდის კანონები. იმხანად ბევრს მიაჩნდა, იოანე დაანგრევს ეკლესიასო, მაგრამ ასე არ მოხდა. წმინდა მამამ დროის შესაბამისი რეფორმა ეკლესიასთან შეთანხმებით განახორციელა. ეს მთელი ეკლესიის გადაწყვეტილება იყო, სულიწმინდის მიერ დამოწმებული. წმინდა ეკლესიას მინიჭებული აქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება.
- საერო სასჯელზე რას გვეტყვით? როდის ასრულებს საერო სამართალი თავის დანიშნულებას?
- როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართალს ერთი სათავე აქვს - უზენაესი, ღვთაებრივი სამართალი. ასე ესმოდათ ძველი აღთქმის პერიოდში, ასევე ესმოდათ ბიზანტიასა და ძველ საქართველოში. დღემდე შემორჩენილი ძველი საერო თუ სასულიერო სამართლის ძეგლებიდან ნათლად ჩანს, რაოდენ მჭიდრო კავშირი არსებობდა ამ ორ სფეროს შორის იმ პერიოდში. სეკულარიზაციამ და საერო და სასულიერო ხელისუფლების გაუცხოებამ მათი დაშორება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, სამართლის არსი იგივე დარჩა.
დანაშაული უცილობლად უნდა ვზღოთ. დასჯა დამნაშავისთვისაც აუცილებელია, რათა მას სინანული დაეუფლოს და გამოსწორებაზე დაფიქრდეს. ამგვარად, სამართლის დანიშნულება, ერთი მხრივ, ბოროტების შეზღუდვაა, მეორე მხრივ კი ადამიანის გამოსწორებაზე ზრუნვა. თუ ორივე პირობა სრულდება, სამართალიც ასრულებს თავის დანიშნულებას.
რადგან ნებისმიერი სამართალი უზენაესი სამართლიდან იღებს სათავეს, ამიტომ სამართალი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, მასვე უნდა შეესაბამებოდეს. უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება იმ ადამიანებსაც, ვინც დედამიწაზე სამართალს აღასრულებს, რამეთუ ამ საქმის აღსრულება სიბრძნისა და კაცთმოყვარეობის გარეშე შეუძლებელია.
- ხშირად ერთმანეთსაც გამოვუტანთ ხოლმე განაჩენს...
- განაჩენის გამოტანა ურთულესი საქმეა. კანონმა ადამიანს სამართლის ინდივიდუალურად აღსრულების უფლება ჩამოართვა და მისი გაინსტიტუტება მოახდინა. ამით სუბიექტივიზმი შემცირდა. იმასაც აღვნიშნავ, რომ სამართალი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა აღსრულდეს, რათა უსამართლობის შემხედვარე პიროვნებას არ გაუჩნდეს სურვილი, თვითონვე გამოუტანოს შემცოდეს განაჩენი.
- უფლის საბოლოო სამსჯავროს შესახებ რას გვეტყვით?
- ჩვენს ცხოვრებას ჰქონდა დასაწყისი, ამიტომ უეჭველად ექნება დასასრულიც. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ცხოვრება მიზეზშედეგობრივია და ცოდვა უკუგების გარეშე არ რჩება, ეს კი დაგვაფიქრებს, უფლის წინაშე ღირსეულად წარსადგომად მოვემზადოთ.