ყველა ადამიანს შემოქმედისგან რაიმე ნიჭი აქვს მიმადლებული, თუმცა ზოგიერთ თვისებას ის ნიჭად ვერც კი აღიქვამს... თუ რა სწავლება აქვს ეკლესიას ნიჭთან დაკავშირებით, გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- უმთავრესი ნიჭი, რაც უფალმა ადამიანს მისცა, არის თავისუფალი ნება და აქედან გამომდინარე ეძლევა შემდეგ ყველა ნიჭი. ადამიანს რომ თავისუფლება არ ჰქონდეს, მას არავითარი ნიჭი არ მიეცემოდა, ისევე როგორც ცხოველებს - მათ არ შეიძლება რაიმე ნიჭი ჰქონდეთ.
უფალი ყველას განსხვავებულ, კონკრეტულ ნიჭს აძლევს, მაგრამ მათი გამოყენება და განხორციელება ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული - შეგვიძლია კეთილი საქმეების საკეთებლად გამოვიყენოთ ან ბოროტად, თავის სასარგებლოდ და მოყვასის საზიანოდ.
- რა მიზეზით ეძლევათ ადამიანებს კონკრეტული ნიჭები?
- უფალი ყველაფერს მრავალფეროვნად იქმს, ამის ნიმუში მთელი სამყაროა. ორი ერთნაირი რამ სამყაროში ფაქტობრივად არ არსებობს. ადამიანებიც გასაკუთრებული, კონკრეტული ნიჭებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ვიცით, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან ქრისტეს სხეული. ისევე როგორც ადამიანის სხეული შედგება სხვადასხვა ნაწილისგან, ყველა ნაწილს კი თავისი დანიშნულება აქვს, ასევე ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილებს, ეკლესიის წევრებსაც აქვთ თავ-თავიანთი დანიშნულება. უფალს სურს, ეკლესიის წევრი ყველა ადამიანი იყოს, მას წარწყმედისთვის ხომ არავინ შეუქმნია, ყველა შექმნა სიკეთისთვის და ცხონებისთვის, ამიტომ ყველას აძლევს შესაბამის, კონკრეტულ ნიჭებს, რომ ქრისტეს მისტიკურ სხეულში - ეკლესიაში ყველამ თავისი ადგილი დაიკავოს და დედამიწაზე თავისი საქმე აკეთოს, რათა უფრო ადვილად აღესრულოს ცხონების საქმე. ყველამ რომ ერთი საქმე აკეთოს, შეუძლებელი იქნებოდა იმ საქმეების აღსრულება, რაც დედამიწაზე უნდა აღესრულოს. მარტო ტვინი რომ იყოს ადამიანი, აზროვნების გარდა ვერაფერს გააკეთებს.
თანაც ადამიანური აზროვნება უფალთან მიმართებაში მაინც შეზღუდულია და ამიტომაც არ შეიძლება ერთ ადამიანში იყოს დატეული ყველაფერი. სწორედ ამ მიზეზების გამო აძლევს უფალი ყველა ადამიანს სხვადასხვა კონკრეტულ ნიჭს. ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ შეძლებს იმას, რასაც დედამიწის ყველა მცხოვრები ერთად.
- ზოგიერთი გამორჩეულად ნიჭიერი იბადება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღვთისგან ზოგიერთს მომეტებულად ეძლევა კონკრეტული ნიჭი?
- მართალია, მაგრამ მთავარია, თვითონ როგორ გამოიყენებ მათ. შესაძლოა კაცს ბევრი რამის ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ ზარმაცი იყოს და მისი ნიჭიერება ფუჭად გაიბნევა. სწორედ შრომისმოყვარეობის შემდეგ გამოჩნდება, რომ ის ნიჭიერია. უფალი წინასწარ ჭვრეტს ყოველი ჩვენგანის უნარს და შესაძლებლობას და შესაბამისად აძლევს კონკრეტულ ნიჭს, რათა მათთვის ეს იოლად გამოსაყენებელი და საცხოვნებლად ადვილი იყოს. უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი თითოეულისთვის იმ გარემოსა და იმ დროს არჩევს, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება მისი ცხონება. ჩვენ ამ გარემოსა და ამ დროში იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ყველაზე ადვილად ამ პირობებში მივაღწევთ სულის ცხონებას, ღმერთთან მისვლას, მაგრამ საკითხავია, იყენებს თუ არა ადამიანი ამ პირობებს.
- ბოროტ სულს თუ შესწევს ძალა, რომ ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს ადამიანს?
- ბოროტი სული ვერანაირ ნიჭს ვერ მისცემს ადამიანს, მას ამის ძალა არ შესწევს. ადამიანს ნიჭი მხოლოდ ღვთისგან ეძლევა. უფალი კი ყველა ადამიანს კეთილად ქმნის, ამიტომ არ შეიძლება ბოროტების კეთების ნიჭი მისცეს, ნიჭის კეთილად ან ბოროტად წარმართვა, გამოყენება ადამიანის თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს. არსებობენ ფსიქიკურად აშლილი ადამიანები - ეშმაკისგან შეპყრობილები. ასეთ დროს ადამიანს ყველაფრის ნიჭი ერთმევა და არც თავისუფალი ნება აქვს. ესეც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ეშმაკს არავითარი ნიჭის მიცემის უნარი არ შესწევს, მაგრამ შეუძლია ნიჭი უკეთურებისკენ მიდრიკოს, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანიც მორჩილად დაჰყვება და არ შეებრძოლება საცთურს. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ადამიანს ღვთისგან მრისხანების, სიძულვილის თუ სხვა მსგავს თვისებათა ნიჭიც ეძლევა იმისთვის, რომ სძულდეს საკუთარი ცოდვები და ბოროტი სული, ხოლო თუკი მოყვასზე მრისხანებს და სძულს იგი, გამოდის, რომ მრისხანებისა თუ სიძულვილის ნიჭს ბოროტად იყენებს.
- ნიჭისა და შრომისუნარიანობის გამო განდიდებულს ხშირად ამპარტავნება ეუფლება.
- ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭი მისი კუთვნილება არ არის და შესაძლოა ერთ დღეს წაერთვას. თუ არ ერთმევა, ისევ ღვთის მოწყალების გამო; როდესაც მხოლოდ თავის თავის განსადიდებლად იყენებს ნიჭს და არა ღვთის სადიდებლად, მას ბოროტად იყენებს და სულს იღუპავს. ვინც ღვთისგან ბოძებულ ამა თუ იმ ნიჭს კეთილად, ღვთის სათნოდ იყენებს, მაინც განდიდდება, მაგრამ ეს განდიდება საკუთარ თავს კი არა, უფალს უნდა მიაწეროს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ღვთის შეწევნით შეძლო და დიდებაც მას კი არა, უფალს ეკუთვნის. ამ გზით ამპარტავნებაში ჩავარდნასაც ავიცილებთ. როდესაც რაიმე სიკეთეს აღვასრულებთ, ვთქვათ, მონანი ვართ უხმარნიო, ბრძანებს უფალი. არ აჯილდოებენ დარაჯს იმის გამო, რომ თავისი სადარაჯოდან არაფერი დაკარგვია, რადგან ეს მისი მოვალეობაა, ამის გამო ხელფასს უხდიან, მაგრამ თუ რაიმე დაეკარგება, სჯიან. ასევე, ღვთისგან მოცემულ ნიჭებს თუ ღვთის სადიდებლად გამოვიყენებთ, ჩვენი სულის სასარგებლო გახდება და ამით მივიღებთ სასუფეველს, მაგრამ თუ არ გამოვიყენებთ, დავისჯებით.
გავიხსენოთ, რას ეუბნება უკან დაბრუნებული ბატონი მონას, რომელსაც ერთი ტალანტი მისცა. მან ფული ბატონს დაუბრუნა და უთხრა: ვიცოდი, რომ მრისხანე კაცი ხარ. იმკი იქ, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდესო. ბატონი ეუბნება: ბოროტო და უგუნურო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. ამანაც არ შეგაშინა. შენი ვერცხლი სავაჭროზე უნდა დაგედო და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდიო. ე.ი. შენ შენი გასაკეთებელი გაგეკეთებინა, მოსამკელს კი მე მოვიმკიდი, შენ რატომ ზრუნავდი, მე ვიზრუნებდი ამაზეო. ანუ თუკი სხვა ადამიანების მიზეზით დაეკარგებოდა მას ეს ტალანტი, არ მოეკითხებოდა, მაგრამ მან ტალანტი ფუჭად დაკარგა და ამიტომაც მოეკითხა. ასევე ფუჭად კარგავს ყველა ადამიანი ღვთისგან მიცემულ ტალანტს, ნიჭს, როდესაც მას ღვთის საქმეთა აღსასრულებლად არ იყენებს.
- გამართლებულია თუ არა, კაცმა ღვთისგან რაიმე განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭის მოცემა ითხოვოს?
- როდესაც წმინდა მამებს ღვთისგან რაიმე განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭი ეძლეოდათ, დავუშვათ, წინასწარმეტყველების ან კურნების, უფალს სთხოვდნენ, განგვაშორე ეს ნიჭიო, რადგან თვლიდნენ, რომ მათი სულისთვის უკეთესი იქნებოდა, ეს არ ჰქონოდათ, რადგან სულიერი საბრძოლველიც ემატებოდათ და უნდა დაეთრგუნათ ამპარტავნება, რომელიც ამ საქმეთა აღსრულების შემდეგ იჩენდა თავს. თუკი ადამიანი ღვთის წინაშე დგას და ითხოვს რაღაცის ნიჭებს, ის მას ღვთის სადიდებლად კი არა, საკუთარი თავის განსადიდებლად ითხოვს. უფლის სწავლების თანახმად კი, ადამიანმა უპირველესად სულიერი უნდა ითხოვოს და მიწიერი თავისთავად მიეცემა.
- მართალია, წმინდა მამები უფალს შესთხოვდნენ, განეშორებინა გამორჩეული ნიჭები მათთვის, მაგრამ რატომ ეძლეოდათ გამორჩეული ნიჭები?
- წმინდა მამები, წმინდა და მართალი, ჭეშმარიტად ღვთივსათნო ცხოვრებით სულიერების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ, სწორედ მაღალი სულიერების გამო ეძლეოდათ მათ გამორჩეული ნიჭები, რათა ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მათ შემთხვევაში იმის საშიშროება არ იყო, რომ ესა თუ ის გამორჩეული ნიჭი სულის საზიანოდ იქნებოდა გამოყენებული, რადგან დაძლეული ჰქონდათ ყოველგვარი საცდური, იცოდნენ, როგორ ებრძოლათ ამპარტავნებასთან. თითოეული მათგანი სულიერ სრულყოფილებას ზიარებული თუ არა, მიახლოებული მაინც იყო. ამის შემდეგ ეძლეოდათ ეს ნიჭები ღვთის განსადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ. როდესაც სხვა ადამიანები დაინახავდნენ, რა უბოძა უფალმა ღვთისმოსავ ადამიანს, თვითონაც დაიწყებდნენ ღვთის დიდებას ან პირადად მათ განდიდებას. წმინდა მამებს იმის ძალაც ჰქონდათ, რომ ეს ადამიანები უფალთან მიეყვანათ. ერთ-ერთ წმინდა მამას ჰკითხეს, - ასე რომ განგადიდებენ, ეს შენზე არ მოქმედებსო? მან ეს ადამიანი საფლავთან მიიყვანა და უთხრა, - აგინეო. შემდეგ საფლავის ქება უბრძანა. ამის შემდეგ კი ჰკითხა, - გიპასუხა რამეო? არაო. წმინდა მამამ მიუგო: ზუსტად ასევე მკვდარი უნდა ვიყოთ გინების მიმართაც და ქების მიმართაცო. აი, რატომ ვერ ეხებოდა წმინდა მამების გულს ეშმაკი.
ადამიანს რომ არ ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, აირჩიოს და აღასრულოს ის, რაც კარგი და სათნოა, მაშინ კეთილი საქმეების სანაცვლოდ ღვთისგან ბოძებული ჯილდოც არ ჩაითვლებოდა სამართლიანად, რადგან ეს იქნებოდა აუცილებლობიდან გამომდინარე. ასეთი საქმეების სამაგიეროდ ბერი გამოქვაბულში განდეგილობით, ლოცვითა და მარხვით უძღვნის თავს ღმერთს, რისთვისაც უფალი დიდ მადლსა და წყალობას მიაგებს და მისი სული ცხონდება, მაგრამ როდესაც დამნაშავეს ბნელ საკანში გამკეტავენ და შეიძლება დღეების განმავლობაში საზრდელიც არ მისცენ, ის ამის გამო სულიერ სარგებელს ვერ მიიღებს. ე.ი. შესაძლოა ორმა ადამიანმა ერთი და იგივე საქმე გააკეთოს, მაგრამ ერთმა შეიძინოს სულიერი სარგებელი და მოიპოვოს ღვთის წყალობა, მეორემ კი ვერა. ბერი, თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, საკუთარი სურვილით იყო გამოკეტილი გამოქვაბულში, შეეძლო, წასულიყო, მაგრამ არ მიდიოდა. დამნაშავისთვის კი საკანში გამოკეტვა აუცილებლობის შედეგი იყო, თორემ წავიდოდა. თუ ადამიანი ქველ საქმეებს თავისი ნებით აღასრულებს, მას ეს მადლად შეერაცხება, მაგრამ თუკი იმის გამო აკეთებს, რომ სანაცვლოდ გადასახადი შეუმცირდეს ან სხვა სახის პირადი სარგებელი ნახოს, მადლად არ შეერაცხება და ვერც ღვთის ჯილდოს მიიღებს. ასევე ფუჭი და უსარგებლოა სულისთვის მოწყალების გაცემაც, თუკი გვენანება, თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე მაინც გავცემთ.
- მაგრამ კეთილი საქმეები მთლად ფუჭად მაინც ხომ არ ჩაივლის?
- საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კეთილი საქმეები არის სულიერი საქმეების აღსრულება, რომელნიც აღმოცენებული უნდა იყვნენ სარწმუნოებაზე. მიწიერი ქველმოქმედება შეიძლება შევადაროთ ხის ფოთლებს. ფოთოლი აუცილებელია იმისთვის, რომ ხემ ნაყოფი გამოიღოს და ნაყოფი იყოს დაცული. ნაყოფი კი შეიძლება შევადაროთ სულიერ სიკეთეებს. თუ ხემ ნაყოფი არ გამოიღო, მარტო ფოთლები რის მაქნისია? ადამიანი როცა მოიპოვებს ნაყოფს, ამით უფალს განადიდებს. მიწიერი საქმეები კი სულიერ საქმეებში გასაძლიერებლადაა საჭირო. შესაძლოა ის იყოს ქველმოქმედი, მაგრამ მრისხანე, ამიტომ ქველი საქმეები ვერ შეეწევა. მიწიერმა კეთილმა საქმეებმა ადამიანი უნდა მიიყვანოს თავმდაბლობამდე, მორჩილებამდე, მოყვასის სიყვარულამდე, მარხვამდე, ლოცვამდე... სულიერი ქველი საქმეების გარეშე, მიწიერი კეთილი საქმეები მკვდარია.
ღვთის სადიდებლად უპირველესად იმის გამო უნდა გამოვიყენოთ ნიჭები, რომ ჩვენ ვცხონდეთ, თორემ ეს უფალს არ სჭირდება.
- ზოგიერთი ადამიანი, მართალია, ეკლესიურად არ ცხოვრობს, მაგრამ ბუნებით არის თავმდაბალი, მორჩილი და სხვა სათნოებებით შემკული. ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით რა უნდა ვიცოდეთ?
- ესეც ხომ უფლისგანაა მიცემული და თუკი ამ ნიჭებს უფალს არ უძღვნის და მათი მეშვეობით რწმენამდე ვერ მივა, მაინც დაკარგულია.
- სულიწმინდის ნიჭებთან დაკავშირებით რა უნდა ვიცოდეთ?
- სულიწმინდის ნიჭებიც, ისევე, როგორც ნებისმიერი კონკრეტული ნიჭი, ღვთისგან, ყოვლადწმინდა სამებისგან ეძლევა ადამიანს ისევ და ისევ სულის საცხონებლად, თუკი, რა თქმა უნდა, კეთილად წარმართავს მათ. სულის საცხოვნებლად ყველაზე მეტად გამოსადეგია სულიწმინდის პირველი ნიჭი - სიბრძნე. წმინდა ბასილი დიდი ამბობდა, რომ ყველაზე დიდი სიბრძნეა განსჯის უნარი, ანუ სიბრძნით განსჯის უნარი. ბევრი მმარხველი, მლოცველი და მღვიძარე მინახავს, რომელიც დაცემულა და განშორებია უფალს, მაგრამ არც ერთი განსჯის უნარის მქონე არ მინახავს დაცემული, ასეთი ადამიანი არასოდეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, - ბრძანებდა წმინდა მამა.
შესაძლოა ადამიანი იყოს ბრძენი, მაგრამ თუ ამ ნიჭს მხოლოდ მიწიერ საქმეებს მოახმარს, სულიერ სარგებელს ვერ მიიღებს. ასეთი ადამიანი, თუკი უფალი უკანვე არ მიიღებს მისგან ამ ნიჭს, თავის განსადიდებლად გამოიყენებს. შესაძლოა მატერიალური ან სხვა ამქვეყნიური კეთილდღეობის მოსაპოვებლადაც გამოიყენოს. ეს მიანიშნებს, რომ არ იყენებს სიბრძნეს იმ დანიშნულებით, რის გამოც სულიწმინდისგან მიეცა: "წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერებაი იგი მეცნიერთაი შეურაცხ-ვჰყო. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომაძიებელი იგი ამის სოფლისაი? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამისა სოფლისაი?" - ბრძანებს პავლე მოციქული ამსოფლიურ სიბრძნესთან დაკავშირებით.
- სულიწმინდის მეორე ნიჭი არის ნიჭი გონიერებისა, ანუ ღმერთის საიდუმლოთა ნებულობის გულისხმისყოფისა.
- გონიერ კაცს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, მაგრამ თუ მის გონიერებაში არ არის ღვთისმოშიშება, ღვთის მცნებათა აღსრულება, მისი გონიერება შეიძლება გამანადგურებლად და დამანგრევლადაც კი იქცეს. ყველა დიქტატორი სწორედ ამ ნიჭის წყალობით მოვიდა სათავეში, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ეს ნიჭი ღვთისა და მოყვასის, ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს და არა იმისთვის, რომ უფალი შეეცნოთ და თავისი გონიერება ღვთივსათნო საქმეებისთვის მოეხმარებინათ. ამიტომაც იქცეოდა ხოლმე მათი გონიერება დამანგრევლად და გამანადგურებლად.
- სულიწმინდის მესამე ნიჭი არის ზრახვა. მასზე რას გვეტყვით?
- ზრახვა ნიშნავს რჩევის მიცემას. თუკი ადამიანი კეთილად, ჭეშმარიტად ანუ იმ დანიშნულებით გამოიყენებს ამ ნიჭს, რისთვისაც მიეცემა სულიწმინდისგან, ხელს შეუწყობს კაცთა სულის ხსნას - ე.ი. ვისაც რჩევის მიცემის ნიჭი აქვს მოცემული, მათთვის, რომლებმაც არ იციან, როგორ აკეთონ ესა თუ ის საქმე, მასწავლებლად იქცევა ხოლმე. ამდენად, ამ ნიჭით დაჯილდოებული კეთილ რჩევას მისცემს სხვებს, თავისთან ერთად მათი სულის ცხონებასაც უწყობს ხელს, ვინც რჩევისთვის მიმართავს და მის კეთილ განზრახვას აღასრულებს.
- "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასაო", - ბრძანებს დავით ფსალმუნთმგალობელი. როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები?
- ნეტარია, ვინც არ აჰყვება, არ ითვალისწინებს უღმრთოთა - ანუ იმ ადამიანთა განზრახვას, რჩევას, რომელიც ამ ნიჭს ბოროტად, არაკეთილგონივრულად იყენებს, ადამიანებს არაღვთივსათნო ზრახვებს, რჩვებს აძლევს.
- სულიწმინდის მეოთხე ნიჭია ძლიერება. რა იგულისხმება მასში?
- კეთილად გამოყენებული ძლიერება ადამიანს ეხმარება, სრული სიმტკიცე და სიმხნევე შეინარჩუნოს რწმენაში, წინ აღუდგეს სხვადასხვა საცდურსა და განსაცდელს: "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით", - მოგვიწოდებს წმინდა წერილი. მოწამეებს სულიწმინდისგან ჰქონდათ ძლიერების ნიჭი, თორემ რომ არა ღვთის მადლი, იმ ტანჯვა-წამებას, რომელიც მათ გადაიტანეს, ვერა კაცი ვერ გაუძლებდა. ე.ი. ისინი განძლიერებულნი იყვნენ სულიწმინდის მადლით და ხორციელი ტანჯვა არად მიაჩნდათ იმ რწმენასთან მიმართებაში, რასაც ისინი აღიარებდნენ და იცავდნენ. სულიწმინდა კი იმის გამო აძლევდა მათ ამ ნიჭს, რომ უფალი შეიყვარეს და არ უარყვეს, მიუხედავად მძიმე ტანჯვა-წამებისა.
- სულიწმინდის მეხუთე ნიჭი მეცნიერება, მცნობელობაა.
- სწორედ ამ ნიჭით აქვთ ადამიანებს შეცნობილი ყველა სწავლება. მცნობელობის ნიჭის მქონეთა მეშვეობით სხვა ადამიანებსაც განეცხადებათ ეს სწავლებები. მცნობელობა, ცოდნა, მეცნიერება იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ შეცნობილ იქნეს ღვთის ნება და საღმრთო სჯული. თუკი ამ ნიჭს საამისოდ არ გამოიყენებ, ანუ არ შეეცდები, მისი მეშვეობით შეიცნო ღვთის ნება და საღმრთო სჯული, ფუჭად დაკარგავ მას. შესაძლოა ადამიანს თვითონ ჰქონდეს ჭეშმარიტად შემეცნებული ღვთის ნება და საღვთო სჯული ამ ნიჭის მეშვეობით, მაგრამ თუ ამ ნიჭით ადამიანებსაც აძლევს სარგებელს, მათ ასწავლის იმას, რაც მისთვისაა ბოძებული ღვთისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იძენს სულიერ სარგებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარხავს და ფლავს უფლისგან ბოძებულ ტალანტს.
- რა იგულისხმება სულიწმინდის მეექვსე ნიჭში - ღვთისმსახურებაში?
- ღვთისმსახურებაში არა მხოლოდ მღვდელმსახურება, არამედ ზოგადად კეთილმსახურება იგულისხმება. ღვთის მსახური არის ყველა ღვთის მოშიში და ღვთის მცნებათა აღმსარებელი. მღვდელმსახური კი ადამიანი ხელდასხმით ხდება და მღვდელმსახურებით აღასრულებს ღვთისმსახურებას. ე.ი. ღვთისმსახურება არის ფართო ცნება, რომელშიც შედის მღვდელმსახურება. ღვთისმსახური კი არის ყველა ღვთისთვის სათნო, წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები. მწყურვალს რომ წყალი დავალევინოთ, ესეც ღვთისმსახურებაა.
- სულიწმინდის მეშვიდე ნიჭია ღმრთისმოშიშება. როგორ უნდა იყოს გამოხატული შიში ღმრთისა?
- თუკი ადამიანი ღვთისმოშიშებით არ იყენებს ღვთისგან ბოძებულ ამა თუ იმ ნიჭს, მისი ბოროტად გამომყენებელია, რადგან ნიჭს იყენებს მიწიერი, ხორციელი საქმეებისთვის და არა სულისთვის. ღვთისმოშიშება კი უნდა იყოს არა ისეთი, როგორიც მონებს აქვთ ბატონების მიმართ, არამედ როგორც ბავშვს აქვს მშობლებისადმი. სწორედ ამგვარ სიყვარულზე დაფუძნებულ შიშს გულისხმობს ღვთისმოშიშება. ვისაც ღვთისადმი ასეთი შიში აქვს, მის მცნებებსაც დაიმარხავს და აღასრულებს. უფალი აკი ბრძანებს: "უკუეთუ ვისმე უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნესო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი