შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია.
თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს ამ კითხვებზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ. ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: ,,ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენ თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისგან, გათავისუფლდით ცოდვისგან და სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო - მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხლე" (რომ. 6, 16-23).
თავისუფლების შესახებ გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.
- ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელი. ღვთის ხატად ყოფნაც, პირველ რიგში, ხომ პიროვნულ, თავისუფალ და ზნეობრივ არსებად ყოფნას ნიშნავს?
- რასაკვირველია, ადამიანებს შეიძლება გააჩნდეთ თვითნებური წარმოდგენები და სცადონ ღვთის გარეშე ახსნან ეს, მაგრამ ისინი ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდიან იმ ფაქტებთან და მოვლენებთან, რომლებიც უხვად გვხვდება ჩვენს გარშემო.
უფალი, მოსე წინასწარმეტყველის პირით, გვაუწყებს, რომ ადამიანი შექმნა მან თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამები განმარტავენ, ხატება ადამიანისა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც თვისებებით მასში აისახა ღვთის თვისებები. უპირველესად, ღმერთი სულია და ადამიანს მიანიჭა სული; ღმერთი შემოქმედია და შემოქმედების ნიჭი (შესაბამისად, გონიერება, მეტყველება და ა. შ.) მიანიჭა ადამიანს; ღმერთს აქვს თავისუფალი ნება და ადამიანსაც მიანიჭა ის.
ღმერთში თავისუფალი ნება ერთობაშია სიბრძნესთან, ჭეშმარიტებასთან, სიყვარულთან, მოწყალებასთან. ღმერთში თავისუფალი ნება მუდამ სიკეთისკენ არის მიმართული, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ემსახურება სიკეთეს, რადგან მან თავისუფალი ნება არასწორად გამოიყენა ანუ ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებით დაარღვია ერთობა უფალთან და, შესაბამისად, მისი ყველა სულიერი ძალა გაუკუღმართდა და ცოდვისკენ მიიდრიკა ადამიანი. ადამიანის თავისუფალი ნება ხშირად ემსახურება ეგოისტურ მიზნებს. ის არ ითვალისწინებს მოყვასის მდგომარეობას, უფრო სწორად, ვერ ითვალისწინებს, რადგან ადამიანი მოაკლდა სიყვარულს და ამდენად, ვერ იტევს სხვა ადამიანების საფიქრალს. დღეს ადამიანს, ბუნებრივია, უნდა სიკეთე, მაგრამ ის ესმის ეგოისტურად - სიკეთე ჰგონია მხოლოდ ის, რაც მისთვის არის კარგი. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი არის თავის თავში აღდგენა იმ პირვანდელი მდგომარეობისა.
- მამაო, სამოთხის მცნებაც კაცს ხომ თავისუფალი ნების გამოსაცდელად მიეცა?
- დიახ. უფალმა სამოთხეში, შუაგულ ბაღში დარგო ორი ხე: კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე და ცხოვრების ხე (იგივე სიცოცხლის ხე). სიცოცხლის ხე - ესაა ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან. ღვთისგან არის სიცოცხლე, ღმერთია ცხოვრება და მის გარეშე ცხოვრება ამაოა. ხოლო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე არის ზნეობრივი კანონი, რომელიც ღმერთმა დაუდგინა სამოთხეში ადამიანს. ზნეობრივი კანონით გამოიცდება ადამიანის თავისუფალი ნება - შეასრულებს იმას, რაც უფალმა ასწავლა, თუ საპირისპიროდ იმოქმედებს. ამიტომაც დასაწყისშივე ითქვა, რომ ამ ხის ნაყოფი ადამიანმა არ უნდა მიიღოს, არ უნდა დაარღვიოს ღვთის მცნება. რადგან უფალმა უთხრა, ამ ხის ნაყოფი არ ჭამოო, არ უნდა ეჭამა. რა არის კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი? სრულ სიკეთეში მყოფი ადამიანი ცდილობს შეიმეცნოს, რა არის ბოროტება - ის, რაც უფალს არ შეუქმნია და რაზედაც ღმერთმა უთხრა, არაკეთილია შენთვის ამის შეცნობაო. ბოროტის შეცნობა ხდება ერთადერთი გზით - ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებით, ღმერთისგან დაშორებით. ასეთი გზა შემეცნებისა ადამიანისთვის საზიანოა. ასე რომ, სამოთხეში უკვე ყველაფერი აქვს მიცემული ადამიანს და რჩება შესაძლებლობა, რომ ღვთის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. უფალი თავისუფალ ნებას არ ართმევს ადამიანს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფალმა დაცემისთანავე განაგო ადამიანის ხსნა, რადგან წერია სახარებაში, ისე შეიყვარა ღმერთმა ეს ქვეყანა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა მისი ხსნისთვის. ეს განუზომელი სიყვარული უფლისა არის საფუძველი ჩვენი გადარჩენისა, მაგრამ არა ჩვენს გარეშე. თუ უფლის სიყვარულმა, მოწყალებამ, კაცთმოყვარებამ არ აღძრა ჩვენში საპასუხო სიყვარული და დავრჩით უგულისხმო, მაშინ იმ ცხოვრების ხის ნაყოფს ვეღარასოდეს მივიღებთ.
- მამაო, მართლმადიდებლობაშიც ხომ უმთავრესი სწორედ ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრა ანუ სინერგიაა?
- ხსნის შესახებ უფალი ორ სიტყვას ეუბნება მოწაფეებს. როდესაც შეეკითხებიან მას მოციქულები - ვინღა ცხონდებაო? უფალი პასუხობს, კაცთათვის ეს შეუძლებელია და ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელიაო. მეორე სიტყვაში ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა იძულებით მიიღწევა და ვინც თავს აიძულებს, მოიპოვებს მას. ესე იგი, ღვთის გარეშე ვერ მოიპოვებ სასუფეველს, მაგრამ შენც თუ არ ეცადე, უფალი მოძალადე არ არის, რომ ძალით შეგიყვანოს სასუფეველში. საკუთარი თავის იძულება გულისხმობს ღვთის მცნებებით ცხოვრებას, თავშეკავებას, საკუთარი ნების შეზღუდვას, ღვთის ნების ძიებას და მის აღსრულებას, ანუ მცდელობას ღმერთთან ერთობის აღდგენისა. ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა აუცილებელია. ღვთის ნება არის ყველა ადამიანის გადარჩენა, მაგრამ გადარჩება ის, ვინც თავისი თავისუფალი ნებით უფალთან ერთობაში მოვა.
- სამწუხაროდ, ხალხში გავრცელებულია აზრი ბედისწერის გარდაუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე, რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ...
- ეს შეხედულება გამოწვეულია უმეცრებით, ღვთის შეუცნობლობით, წმინდა წერილის შეუცნობლობით, წმინდა მამათა სწავლა-დარიგებების უცოდინრობით. ეს არის მოკლე და სწორხაზოვანი აზრი, რომელიც კონკრეტული ფაქტის მიღმა ვერაფერს ხედავს. თუკი ადამიანი ამბობს, რომ თავისუფალი ნება აქვს, მაშინ როგორღაა შეზღუდული მისი ნება ბედისწერით?! არ არის წინასწარ განსაზღვრული, დაწერილი, შენ რა გელის. უფალმა, როგორც ყოვლისმცოდნემ, იცის, რა შეემთხვევა ადამიანს. მან შეიძლება გააფრთხილოს ის ამის შესახებ. მაგრამ ეს მოხდება არა იმიტომ, რომ უფალმა თქვა, არამედ უფალმა განჭვრიტა, ჩვენ რას ვიზამთ, როგორ მოვიქცევით. უფალი ყოველივეს წინასწარ ჭვრეტს, მაგრამ ყველაფერს წინასწარ არ განსაზღვრავს. უფალი ჭვრეტს იმასაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მას წინასწარ არ განსაზღვრავს, რათა არ შეზღუდოს ადამიანის თავისუფალი ნება.
გაიხსენეთ მაცხოვრის ლოცვა გეთსემანიის ბაღში. უფალი ამბობს, მამაო, თუ შესაძლებელ არს, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ შემდეგ დასძენს, არა, ვიცი, ამისთვის მოვედი და იყოს ნება შენი. რა გამოდის? განწირული იყო მაცხოვარი?! არა, მაგრამ სულიერი მდგომარეობა ადამიანებისა ისეთი იყო, რომ ისინი ამ ცოდვას ჩაიდენდნენ, უფალს ჯვარს აცვამდნენ. სწორედ ადამიანთა ასეთი დაცემული მდგომარეობის გამო მათი ცოდვების ტვირთვა, გამომხსნელი სიკვდილი და ძლევამოსილი აღდგომა იყო საჭირო. მაცხოვარი არა მარტო ტანჯეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. უფალმა კი ეს ყველაფერი დაითმინა, მიუტევა და ბრწყინვალე აღდგომით დააგვირგვინა კაცობრიობის გამოხსნა. აქედან ჩანს, რომ უფალმა ისევ სიკეთით განაგო და ადამიანს მისცა საშუალება ხსნისა. ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს მიაწერს ბედისწერას. ხსნის გზა მოცემულია, კარი გახსნილია. შეგიძლია შეხვიდე ან არ შეხვიდე ამ კარში. ქრისტიანობა მარადიულობისკენ უკვლევს გზას ადამიანს, ფატალისტი კი იზღუდება მხოლოდ სიკვდილით. ფატალისტისთვის სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს. ფატალისტი ამავე დროს მატერიალისტია, რომელსაც მოჩვენებითად აქვს რაღაც პრეტენზია ყველაფრის ცოდნის; თან ავრცელებს ქვეყანაზე სასოწარკვეთილი ადამიანის წარმოდგენებს: უიმედობას და უმოქმედობას. ესეც ეშმაკეულობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
- თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს - დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ, იმიტომ რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე. მამაო, რას ნიშნავს სულიერი თავისუფლება?
- სულიერი თავისუფლება არის თავისუფლება ცოდვებისგან, ბოროტებისგან. შინაგანი ცხოვრება მორწმუნე ადამიანისა მიმართულია აქეთკენ, რომ არჩევანის დროს შეძლოს კეთილის, სიმართლის არჩევა. მაშინ არის ადამიანი თავისუფალი, როცა შეუძლია სძლიოს დაცემულ ბუნებას. ადამიანს კი ჰგონია, რომ რაც სურს, იმას აკეთებს, მაგრამ ამ დროს ის დაცემული ბუნების კარნახით იქცევა. ერთი შეხედვით შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ღვთისადმი მონება არის გზა თავისუფლებისკენ და თვითნებური ქმედება არის გზა ცოდვისადმი მონობისკენ. არჩევანი ადამიანმა უნდა გააკეთოს.
- უფალი გვასწავლის: "ვისაც აქვს მცნებანი და იცავს მათ, ყოველთვის თავისუფალია, რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება". სამწუხაროდ, დღეს ბევრს თავისუფლება ღვთის მცნებებისგან გათავისუფლება ჰგონია...
- ღმერთისგან ვინც გათავისუფლდა, ის დაემორჩილა ეშმაკს. ღვთის გარეშე ცხოვრება არის ბოროტის მსახურება. თუ ადამიანმა უზენაესის წინაშე თავი არ დაიმდაბლა, მისი სიტყვა არ ისმინა, მაშინ ის მის ადგილზე საკუთარ ნებასა და სიტყვას აყენებს, ანუ ამპარტავნებას ზრდის თავის თავში. ის არის მართალი, საზომი ჭეშმარიტებისა და ზოგადად, ყველაფრისა, ამგვარად, ხდება ეგოცენტრიკი... ამ დროს ამ ცხოვრებაშიც კი ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენი ნებით არ მოვსულვართ ამქვეყნად და ჩვენი ნებით ვერც მივდივართ ამ ქვეყნიდან. ვინც სცადა თავისი ნებით გასულიყო ამ ქვეყნიდან, ბოროტის ხელში აღმოჩნდა, მასში სრულიად გაქრა სიყვარული უფლისა, მოყვასისა და საერთოდ, ყველა ქმნილებისა; საკუთარი თავის გარდა მას აღარავინ ახსოვს. ასეთი უკიდურესი ჩაკეტვა საკუთარ თავში ნიშნავს სულიერ სიკვდილს. ამიტომ ღვთის გარეშე თავისუფლებაც - ეს უკვე სულიერი სიკვდილია. მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება. უფალი ბრძანებს: ,,შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" ანუ ღვთის შემეცნება ზრდის გონებას, ანათებს გულს და სიკეთისკენ განაწყობს ადამიანის ნებას, რჩება მხოლოდ ერთი - იძულება საკუთარი თავისა, რომ ამ გზით იარო.
- სამწუხაროდ, თანამედროვე დედები თავისუფლად ზრდიან შვილებს, არ ზღუდავენ მათ, რადგან სურთ, უკომპლექსონი და თავისუფალნი გაიზარდონ.
- ეს თავსმოხვეულია ათეისტური იდეოლოგიით, რომ ჭამე, სვი და გაიხარე ამ ქვეყანაზე. ამ იდეოლოგიას დღეს მასმედიის, კინოხელოვნების თუ ლიტერატურის საშუალებით თავს ახვევენ მთელ მსოფლიოს. ცხადია, ამ დედებს ჰგონიათ, რომ ისინი პროგრესულები იქნებიან, თუკი ამ ყველაფერს თუთიყუშებივით გაიმეორებენ. მათ დაკარგეს შემოქმედებითი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ყველაფერი, რასაც გთავაზობენ, შეიძლება კარგი არ იყოს. თავისუფლება მუდმივი თვითკონტროლი დაMმისი საშუალებით ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. ჭეშმარიტი თავისუფლება ზნეობრიობის საფუძველია. ხშირად ამბობენ, ცხოვრება წინ წავიდაო. რით წავიდა წინ? იმით, რომ ადამიანი უფრო დაცემულ მდგომარეობაშია?! მაშინ უკან წასულა ცხოვრება. კონდენციონერი, მაცივარი, კომპიუტერი, თვითმფრინავი, ხელოვნური თანამგზავრი და ა. შ. არ არის ცხოვრების წინსვლა. ეს ტექნიკური პროგრესია. საკითხავია, სულიერი და ზნეობრივი პროგრესი გვაქვს თუ დეგრადაცია. ტექნიკური პროგრესით მოხიბლულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თვითონაც განიცადეს პროგრესი.
- თავისუფლების დამახინჯებული გაგება არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი დღეს მოზარდებში ასე გახშირებული კრიმინალური შემთხვევებისა. ბავშვებს ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, მათ შორის სხვისი სიცოცხლის ხელყოფისაც...
- ჩვენს შემთხვევაში ცოტა უფრო რთულადაა საქმე. რასაკვირველია, ცოდვისკენ მიდრეკილება უშვებს იმას, რომ მან ხელყოს სხვისი თავისუფლება, ღირსება და სიცოცხლეც კი. პირველი მკვლელობა - კაენის მიერ ძმის მოკვლაა. მაგრამ დღეს ამ ქმედებამ სოციალური ასპექტიც შეიძინა. შესაძლებელია იმ მსოფლმხედველობამ ხელი შეუწყო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. ამ ცნობიერების ნაყოფის გავრცელებით, ანუ ძალადობის ამსახველი ფილმებით, ლიტერატურით, ცოცხალი მაგალითებით სრულიად გაუფასურდა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა, უნიკალურობა, ღირსება და, შესაბამისად, უკვე საკუთარი სიცოცხლისაც. ვინც კლავს სხვა ადამიანს, ის ჯერ თავის თავში კლავს ადამიანს, საკუთარ თავს შეურაცხყოფს. ერთი ასეთი ადგილია წმინდა წერილში: კაენის ერთ-ერთი შთამომავალი ლამექი, რომელსაც შვილმა გამოუჭედა იარაღი, წარმოთქვამს: ჭაბუკი მოვკალი ჩემდა საგვემებლადო, მაგრამ იქვე დასძენს, თუ კაენის მკვლელს შვიდგზის მიეზღვება, ლამექის მკვლელს სამოცდაათჯერ შვიდგზისო. ანუ იმით ამაყობს, რომ მის მკვლელს უფრო მეტი მიეზღვება, შეგუებულია იმას, რომ მასაც მოკლავენ, რადგან თვითონ ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ ნუგეშად ის აქვს, რომ ის უფრო მეტად დაისჯება, ვიდრე ლამექი. ძალადობის პროგრესირება იწვევს ადამიანში ასეთ გაუკუღმართებულ ცნობიერებას. იმის მაგივრად, შენი თავი გეცოდებოდეს, რომ იღუპები და სხვასაც ღუპავ, კიდევ ხარობ იმით, შენი მკვლელი როგორ დაიღუპება...
- მამაო, რელიგიური თავისუფლება (იგივე აღმსარებლობის თავისუფლება) ხომ არ ნიშნავს ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფებების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას?
- იურიდიულად ასე ესმით, რომ ყველა თანაბარია. უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ რადგანაც ყველა ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, ყველა მათგანში არის რელიგიური გრძნობა, განცდა იმისა, რომ ხილულის გარდა უხილავიც არსებობს. მაგრამ განსხვავება ის არის, რელიგიური გრძნობიდან ღვთის შემეცნებამდე მიდის თუ არა ადამიანი, ან როგორ მიდის. ამიტომ ყველა ადამიანი რაღაცნაირად თანაბარია რელიგიური გრძნობის მასში არსებობით, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება ღვთის შემეცნებით. იურიდიულად განიხილება ცალკე აღებული პიროვნება; თითოეული პიროვნება ღვთის ხატად არის შექმნილი და თანაბარია, მაგრამ საკითხავია, ყველა მართალია თუ არა ღვთის წინაშე. აქ უკვე იურისპრუდენციის საზღვრები მთავრდება, ამას განაგებს უფალი. ადამიანური საწყისის დონეზე მართალია მსჯელობა, რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლება აქვს, მაგრამ ყველა სარწმუნოების გაიგივება - ურწმუნოებაა. სულ ერთი არ არის, რომელი ღმერთი გვწამს - გამოგონილი თუ ჭეშმარიტი. ჭეშმარიტი სარწმუნოება ადამიანს მიმართავს მარადიული ცხოვრებისაკენ, თვითშემოქმედი რელიგიები კი გარკვეულწილად წარმოადგენენ კერპთაყვანისმცემლობას, რადგან იქ გაკერპებულია ამა თუ იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ვიწრო სუბიექტური წარმოდგენები, რომლებსაც არ აქვთ კავშირი უფალთან ან სასუფეველთან. ამ თვალსაზრისით, მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით, სულ ერთი არ არის, რომელი აღმსარებლობის იქნება პიროვნება, საზოგადოება თუ ერი.
- თანამედროვე მსოფლიოში ბევრს საუბრობენ ე. წ. სქესობრივი უმცირესობების უფლებების დაცვაზე...
- ადამიანის უფლება არის მოიპოვოს სასუფეველი. ადამიანის ბუნებითი მოწოდება, მეუღლეობა, უფლისგან არის კურთხეული და მისი გაუკუღმართება ცოდვის შედეგია. არც ერთ საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში არ ჰქონია გამართლება გაუკუღმართებულ ურთიერთობებს. ეს შეიძლება მხოლოდ წარმართულ სამყაროში ყოფილიყო, მაგალითად, ვიცით სოდომ-გომორის ამბავი, ასევე გვიანდელ ელინისტურ ხანაში და სპარსეთის სამეფოს დაცემის დროს ჰქონდა ამ ცოდვას ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველთვის ქვეყნისა თუ ერის გახრწნისა და დაცემის პერიოდში ხდებოდა, რაც ნიშანია ამ ქვეყნის თუ ერის ღვთისგან სრული განშორებისა. აქ ისევ არის ლაპარაკი თავისუფლების არასწორად გამოყენებაზე, ცოდვის გამრავლებისკენ მიმართულ ქმედებაზე.
- მამაო, ბევრს საუბრობენ ასევე სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ალბათ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირზე მომდგარი ყველაფერი ვთქვათ...
- ენაზე მოგვადგება ის, რაც თავში გვაქვს. თუ ადამიანი დაცემულია, მას თავშიც შესაბამისი აზრები ექნება. უფალი ამბობს, ყოველ ნათქვამ სიტყვაზე მოგვეკითხება პასუხიო. არსებითი ისაა, რომ, როდესაც საკუთარი სიტყვის სიმართლეში ხარ დარწმუნებული, გასარკვევია, რა არის ამ დარწმუნების საფუძველი: შენი წარმოდგენები თუ ღვთის სიტყვა; შენი სიტყვა ღვთის სიტყვასთან ერთობაშია თუ სრულიად თავისუფალია მისგან და უკიდურესი სუბიექტური წარმოდგენის ერთ-ერთი ფორმაა. ასე რომ, სიტყვის თავისუფლება არასწორადაა გაგებული. თუ ჩვენ გვავიწყდება პასუხისმგებლობა, მაშინ ამგვარი თავისუფლების უკან უგუნურება დგას, ხოლო თუკი ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, მაშინ ჩვენივე პასუხისმგებლობა განსაზღვრავს, რა ვთქვათ, როდის და რა ფორმით.
- მამა გიორგი, რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?
- მძიმე დროა და გვმართებს სულიერი სიფხიზლე. საზომად ცხოვრებისა და ღირსებისა გვაქვს ღვთის სიტყვა, წმინდა წერილი. ამ საზომით განსაზღვრეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგიფაროთ, შეგიწყალოთ და გაცხონოთ.