ხცისის - ამ მართლაც უძველესი სოფლის მშვენებას წარმოადგენს ათას ორ წელს აშენებული უნიკალური ტაძარი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
ეს ტაძარი იოანე ნათლისმცემლის სახელზეა აგებული. ის სოფლის სამხრეთით, ტყეში, ნათლისმცემლის ფერდობზე მდებარეობს. მეორე, მახლობელ ფერდობზე კი ყორანქედის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია. მათ შორის პატარა ნაკადული - ხციურა ჩაედინება. ძველი სოფელი, დღევანდელისაგან განსხვავებით, სწორედ ამ ორ ფერდობს შორის ყოფილა გაშენებული და მას წვიმეთი რქმევია. წვიმეთი ხცისის ძველი სახელწოდებაა. ხცისის მოლოცვისას იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს გავესაუბრე. გთავაზობთ ინტერვიუს იღემუნ იობთან (გეგეშიძე):-მამაო, გთხოვთ გაიხსენოთ როგორ დაიწყეთ მონასტრული ცხოვრება?
-ძამის ხეობაში, ქოზიფას მამათა მონასტერში 1999 წლის 14 ოქტომბერს მოვედი. მაშინ მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) გახლდათ. იმ პერიოდში ქოზიფა ძამის ხეობაში ერთადერთი მამათა მონასტერი იყო, სადაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. მონასტერში მისვლის შემდეგ ძალიან მალე, დაახლოებით სამ-ოთხ თვეში, მორჩილად შემმოსეს. 2000 წლის მარტში კი ბერად აღვიკვეცე. 2003 წლის აგვისტოდან ექვსი თვის განავლობაში ქოზიფაში მწირველი მღვდელი ვიყავი. ქოზიფადან მუხილეთში მომიწია გადასვლა. შემდეგში ვწინამძღვრობდი წრომის საკათედრო ტაძარს, ასევე ხცისის იოანე ნათლისმცემლის მამათა მოანსტერს. გარკვეული პერიოდი ბანის მამათა მონასტრის წინამძღვრიც ვიყავი. დაახლოებით ოთხი წელი ვმსახურობდი კონფლიქტის ზონაში: სოფელ წაღვში, ბროუსაში, კლდისწყაროში. ამჟამად კვლავ ხცისის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ.
-რამ გადაგაწყვეტინათ ბერული ცხოვრება?
-ძალიან ძნელია რომ გითხრათ, რამ გადამაწყვეტინა ბერული ცხოვრება. ჩემი ნათესავების გავლენამაც მიბიძგა ამ გზისკენ. ბებიაჩემის ბიძაშვილი, მამა გიორგი ხაბეიშვილი ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩემს ახლობლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ეკლესიური ცხოვრება. რამდენჯერმე ზარზმის მონასტერშიც დავრჩი. ბოლოს კი გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. მონასტერში ასვლისას არ მქონდა ბერობა გადაწყვეტილი, ეს თავისთავად მოხდა. ერთი კვირით ბეთანიაშიც ვიყავი სტუმრად. საცხოვრებლად კი ქოზიფაში დავრჩი.
-ამ ეპარქიაში როგორ მოხვდით? არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილი) ურთიერთობაც გაიხსენეთ...
- უწმინდესი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იყო ჩამოსული. მას თან ახლდა მეუფე იობი. ვუთხარი ჩემს ყოფილ მოძღვარს ჩემი მონასტრული ცხოვრების სურვილის შესახებ და ასეთი რამ მითხრა, მეუფე იობს აქვს მონასტრები, თუ სურვილი გაქვს ვეტყვი და თან წაჰყევიო. მეუფე იობმა ეს რომ გაიგო, თქვა, მანქანით მივდივარ და ახლავე გამომყვესო. ასე მოვედი რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქოზიფას მონასტერში. წინამძღვართან, მამა შიოსთან (ხარძეიშვილი) ოთხი წელი ვიცხოვრე. მამა შიო ჩემი მოძღვარი იყო, ბერად მან აღმკვეცა. მამა შიო მეუფის მოძღვარიც იყო. ზოგჯერ არის ხოლმე ისე, რომ არ შეიძლება მოძღვარი სულიერ შვილს აბარებდეს აღსარებას და პირიქით. ამიტომ მამა შიომ გადაწყვიტა ჩემთვის ჩაებარებინა აღსარება. გარკვეული დროის შემდეგ უკვე ჩემი სულიერი შვილი იყო. მე მეუფე იობის სულიერი შვილი ვიყავი. მამა შიო განსაკუთრებული ადამიანი იყო, პიროვნულად ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე, მლოცველი. საოცარი მეხსიერება ჰქონდა. ზეპირად იცოდა თითქმის ყველა საიდუმლო ლოცვა, მწუხრი თუ ცისკარი. ვაკვირდებოდი ხოლმე მედავითნეობის დროს თუ ვინმეს რაიმე ეშლებოდა, რომელიმე ფსალმუნი იქნებოდა ეს თუ ტროპარ-კონდაკი, იმასაც ხვდებოდა. თავისი შესაძლებლობებით გამორჩეული ადამიანი იყო.
-როგორია მონასტრული ცხოვრების წესი?
- ცხისის მოანსტერი ოდითაგნვე, ძირითადად, გადამწერი მონასტერი იყო, სადაც ლიტერატურას თარგმნიდნენ ქართულიდან ბერძნულად და ბერძნულიდან ქართულად. შესაძლოა სხვა ენებზეც. ძირითადად ინტელექტუალურ სამუშაოს ასრულებდნენ. მდებარეობაც ისეთია, რომ ახლოს სოფელიც ვერასდროს იქენებოდა. მონასტრის ტიპიკონი ასეთია: მსახურებას ღამის სამ საათზე ვიწყებთ. გვაქვს შუაღამიანი, ცისკარი. დღესასწაულებზეც ვწირავთ. საღამოს არის მწუხრი, სერობა. საღამოს ლოცვის მერე ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე. მონასტერში ძირითადად ექვსი წევრი ვართ. მონასტერში ბიბლიოთეკაც გვაქვს.
იოანე ნათლისმცემლის ტაძარი დანგრეული იყო. მისი სრული აღდგენა 2009 -2010 წლებში მოხდა, თუმცა საძვალე ჯერ არ აღუდგენიათ. ჩვენით აღდგენის უფლება არ გვაქვს. ძეგლთა დაცვამ სრული წესების დაცვით უნდა აღადგინოს. ჯერ არქეოლოგიურადაც არ არის შესწავლილი. ამ მხრივ სამუშაოები მონასტერში არ ჩატარებულა.
-მამაო, ერის ადამიანების ცხოვრებაში ყვლაზე მეტად რა პრობლემას ხედავთ?
-საერო ცხოვრებაში პრობლემას ყველაფერში ვხედავ. პრობლემა ალბათ თვითონ ჩვენშია, ისევე როგორც ყველა ადამიანში. როგორც სახარებაშია, ქვეყანა თავის ლოგიკური აღსასრულისკენ მიდის, რასაც აპოკალიფსი ჰქვია. ამიტომაც გროვდება ამდენი უარყოფითი და ცუდი რამ ადამიანებში. წმინდა მამათა დარიგებებს რომ ვკითხულობდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ოდესმე საჯარო გახდებოდა უზნეობა და სხვა მისთანები. მეგონა თითქოს ეს ერთი კვირა გაგრძელდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ მართლაც ისეთი რაღაცეები ხდება, რასაც ვერ წარმოვიდგენდით. უკვე იმის დროა, რომ ცოტა მეტად გავძლიერდეთ, უფრო მეტი ვილოცოთ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და მეტად მოვემზადოთ, მაგრამ ეს იას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდ ჩავიქნიოთ და ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვათ. ალბათ უფრო მეტი ურთიერთგაგება და სიყვარული გვმართებს. ერთმანეთს გევრდით უნდა ვედგეთ როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. მატერიალურადაც ცოტათი შევიცვალეთ, აღარავის დახმარება არ გვინდა და მარტო საკუთარზე ვზრუნავთ. დღეს თუ გვაძლევს ღმერთი, ხვალაც მოგვცემს. ცოდვა ცხოვრების წესიც კი გახდა. ზოგიერთი ამაყობს კიდეც ამით. და ისე ჩანს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად თავისუფლები არიან და ზნეობრივად მაღლა დგანან. დღეს ვინც ღვთის მცნებებს იცავს, ეროვნული ტრადიციებით ცხოვრობს და შენარჩუნებული აქვს ოჯახური ღირსება, გმირად ითვლება. ჭეშმარიტ მორწმუნეებს ჩაკეტილ სივრცეში მაცხოვრებელ ადამიანებს გვეძახიან. გასათვალისწინებელი მომენტია, რომ ცოდვით მაცხოვრებელი ადამიანი ყოველთვის ცუდად ამთავრებს თავის ცხოვრებას. აუცილებელია სულიერი და მორალური ღირებულებების დაცვა. თუ ყველაფერი გაუბრალოვდება, ჩვენი ცხოვრებაც გაუბრალოვდება. ადამიანი თავისი ცხოვრების აზრს დაკარგავს და პირუტყვს დაემსგავსება. მისი სული იქნება გაცხოველებული. იმას, რისთვისაცაა დაბადებული, რომ დაიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, ვერასდროს მიაღწევს. თუ არ იბრძოლებს ადამაინი სასუფევლის დამკვიდრებისთის, მის ცხოვრებას აზრი არ ექნება. სახარებაში წერია: ჯობდა ასეთი ადამიანი საერთოდ არ დაბადებულიყოო. მადლობა ღმერთს, რომ მონასტერში ცხოვრების სურვილი ბევრს აქვს და იზრდება სულიერი ცხოვრება.
-ხშირად გვსმენია, რომ დღეს გამოცდილი სულიერი მოძღვრების ნაკლებობაა...
-გამოცდილი სულიერი მოძღვარი რომ მოძებნოს ადამიანმა, თვითონაც, სულიერ ცხოვრებაში ცოტათი გამოცდილი მაინც უდნა იყოს. ასეთ მოაზროვე ადამიანებს ვურჩევ, ჯერ ვინც ჰყავთ მოძღვრები მათგან მიიღონ სულიერი გამოცდილება. მერე პერიოდულად უფალი გამოუჩენს. თუ უფრო მეტად დასჭირდება გაძლიერება, უფალი გამოუჩენს ისეთ ადამიანს, ვისგანაც შეძლებს მეტი სულიერი გამოცდილების მიღებას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოში ბევრი კარგი და ღირსეული მოძღვარია... ჩვენი ადამიანური გადასახედიდან არის კარგი და ცუდი, ჩვენ ხომ არ ვიცით ღვთის წინაშე ვინ როგორია?! თუ ადამიანს უნდა სულიერად იცხოვროს, ერთი პატარა სოფლის გაუნათლებელი მოძღვარიც ეყოფა. ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვართ და ვერ შევძლებთ, რომ ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, როგორც პირველ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. ცხოვრება იმდენად დაჩქარებულია და ისე სწრაფად მიდის პროცესები, რომ ვერ დავეწევით მათ. შეუძლიათ მონასტერში იცხოვრონ ლოცვით, მარხვით, მორჩილებით მიიღონ მადლი და უფალი გაუხსნით გონებას. მიიღებენ იმ აუცილებელ სულიერ საზრდოს, რაც მათ სჭირდებათ. ადამიანს სურვილი უნდა გააჩნდეს. თუ ადამიანს სურვილი აქვს, ყველაფერს მიაღწევს. თუ ვერ მიაღწევს, უფალი იმ მცდელობასაც შეუწირავს და მიღწეულად ჩაუთვლის. ხშირად ადამიანებს სხვისი ღვაწლის დანახვა გვიჭირს და იოლად განვიკითხავთ მათ. ერთმანეთს მხოლოდ გარდაცვალების მერე დავაფასებთ ხოლმე.
-დიდი მადლობა მამაო საუბრისთვის. დაგვლოცეთ..
-ძირითადად თქვენი ჟურნალები გვაქვს და იმას ვკითხულობთ. მადლობა, რომ აკეთებთ ამ ჟურნალს, ერთგვარი ნუგეშია ყველა მორწმუნესათვის. შეიძლება ყველა მოძღვარს პირადად ვერ ვნახულობდეთ და არ ვიცნოდეთ, მაგრამ ჟურნალის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი მოძღვრის ქადაგება და ნათქვამი წავიკითხოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და შეგიწიროთ თქვენი ღვაწლი. იზრუნეთ სხვებისთვის და ჩვენც ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ბოლოჟამის პერიოდში ერთმანეთი გავაძლიეროთ.