რომ არა მოციქულები, დღეს ჩვენ ქრისტიანები არ ვიქნებოდით, ქრისტე არ გვეცოდინებოდა
"ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა", - ამბობს უფალი.
მარხვის გარეშე შეუძლებელია ბოროტის ძლევა და ადამიანის გადარჩენა... ახალი სტილით 4 ივნისს პატრეპავლობის მარხვა იწყება. ის ერთ-ერთია დიდ მარხვებს შორის (შობის, მარიამობის, აღდგომისა და პეტრეპავლობისა). როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთივსათნოდ შევინახოთ მოახლოებული მარხვა? გვესაუბრება ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი.
- როგორ გამოითვლება მარხვა?
- მოგეხსენებათ, წმინდა მოციქულ პეტრესა და პავლეს ხსენება ახალი სტილით 12 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს სრულდება მარხვაც - მისი დასასრული უძრავია. დასაწყისი მოძრავია და დამოკიდებულია აღდგომის დღესასწაულზე. აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება სულთმოფენობა. ეს დღე ყოველთვის კვირა დღეს ემთხვევა. სულთმოფენობის შემდგომი კვირა კი იწოდება ყოველთა წმინდათა კვირიაკედ. სწორედ ამ დღის შემდგომი ორშაბათიდან იწყება მარხვა. შესაბამისად, რაც უფრო გვიან არის აღდგომის დღესასწაული, მით მოკლეა მარხვა და პირიქით. აქედან გამომდინარე, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობამ შეიძლება ერთი კვირიდან 6 კვირამდე გასტანოს. წელს აღდგომა 8 აპრილს იყო, სულთმოფენობა - 27 მაისს, შესაბამისად, მარხვა 4 ივნისს დაიწყება.
მარხვის ხანგრძლივობამ არ უნდა დაამწუხროს ადამიანი. მისი დაცვა ჩვენივე კეთილდღეობისათვის, სულიერი წარმატებისთვის არის საჭირო. ამიტომაც, თუ მარხვა შედარებით დიდხანს მოგვიწია, არ უნდა დავიწუწუნოთ. მით უმეტეს, რომ დიდ მარხვასა და მარიამობის მარხვასთან შედარებით, უფრო მსუბუქია. ის, როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია. ამის კურთხევას ყოველი მარხვის წინ პატრიარქი იძლევა ხოლმე.
ეს მარხვა მოციქულთა სიცოცხლეშივე დადგინდა. მოციქულთა განწესება გვასწავლის, სულთმოფენობის შემდგომ ერთი შვიდეული იზეიმეთ და შემდგომ იმარხულეთო. ამავე მარხვის შესახებ საუბრობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი: "ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით... ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ". ასე რომ, ეს მარხვა თავად მოციქულების დაწესებულია. ოფიციალურად ის ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის საეკლესიო კრებებზე დაწესდა. თავიდან მისი ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირა იყო (ყოველთა წმინდათა კვირიდან ერთი კვირის განმავლობაში), ხოლო მას შემდეგ, რაც მოციქულთა ხსენება მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაწესდა (12 ივლისი), ეკლესიამ გადაწყვიტა, მარხვა სწორედ ამ დღემდე გაეგრძელებინა.
- რა უნდა ვიცოდეთ წმინდა პეტრესა და პავლეს შესახებ?
- წმინდა პეტრე მოციქული უფლის მოწაფე იყო მის სიცოცხლეშივე. გახლდათ მეტად მხურვალე და გულანთებული, მოშურნე სარწმუნოებაში, რის გამოც მას ქრისტემ კლდე, კეფა უწოდა. უფლის სიტყვებით, სწორედ ამგვარ გულმხურვალე სარწმუნოებაზე ანუ კლდეზე არის აშენებული ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერეოდიან. მიუხედავად პეტრე მოციქულის უფლისადმი დიდი სიყვარულისა, ის ჩავარდა უდიდეს ცოდვაში - უარყო ქრისტე, გაყიდა თავისი მოძღვარი, რადგან შეუშინდა უბრალო ქალის რისხვას. მართალია, მან სცოდა ისევე დიდი ცოდვით, როგორც იუდამ, მაგრამ ჯანსაღი სინანულით პეტრე მოციქულმა მიიღო შენდობა, უფალმა სამგზის უარყოფის შემდეგ სამგზისვე აღიარებინა თავისი სიყვარული. სწორედ ამით გამოჩნდა, რომ მან შეუნდო მოციქულს. პეტრე მოციქული არის სინანულის უდიდესი მაგალითი. ის სწორედ ცოდვათა განცდის და მათზე გლოვის შემდეგ გახდა მოციქულთა თავი.
პავლე მოციქულს არათუ არ სწამდა, დევნიდა კიდეც ქრისტესა და ქრისტიანებს. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ სასწაულებრივი ხილვის შედეგად გაქრისტიანდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი თავდადებული დამცველი გახდა. მას გაქრისტიანებამდე სავლე ერქვა, შემდეგ კი პავლე ეწოდა. პირობითად სავლეს პავლედ გარდაქმნა უნდა მოხდეს ჩვენს გულებშიც, ცოდვილი, დაცემული კაცი განღმრთობილით შეიცვალოს, უნდა მოხდეს შინაგანი ფერისცვალება. ეს მარხვა კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს ამ მოვალეობას.
ეს მარხვა პეტრეს და პავლეს დაწესებულია. ისინი მოციქულთა თავად იწოდებიან, ასე ვთქვათ, სხვა მოციქულებზე აღმატებულნი იყვნენ (მაგრამ ეს, ცხადია, არ აკნინებს სხვა მოციქულებს). რომ არა მოციქულები, დღეს ჩვენ ქრისტიანები არ ვიქნებოდით, ქრისტე არ გვეცოდინებოდა. სწორედ მათ გაავრცელეს ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის უპირატესნი კი პეტრე და პავლე იყვნენ, ამიტომაც დაადგინა ეკლესიამ ამ წმინდანთა ხსენების წინ მარხვა.
- ამ მარხვისთვის ტიბიკონში რაიმე ცვლილებები ხომ არ არის?
- სერიოზული ცვლილებები არ არის. მარხვის დროს არ ტარდება რაიმე განსაკუთრებული მსახურება, მაგალითად, პირველშეწირულის ლიტურგია, როგორც ეს იყო დიდი მარხვის დროს. პირად კანონშიც არ არის ცვლილებები. ფსალმუნები, დაუჯდომლები, პარაკლისები, დილა-საღამოს ლოცვები იკითხება ჩვეულებრივად. ჩვეულებისამებრ აღესრულება მეტანიებიც.
- ტარდება თუ არა ამ მარხვის განმავლობაში ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგება ან სხვა კონკრეტული მსახურებები?
- ნათლობა ადამიანის პირველი ნაბიჯია ეკლესიისკენ. ამიტომაც მას არაფერი უდგას წინ. შესაბამისად, მონათვლა შეიძლება ნებისმიერ დროს, მარხვასა თუ ხსნილში. ასევე წესის აგებაც. რაც შეეხება ჯვრისწერას, ამ მხრივ მარხვაში შეზღუდვაა. ჯვრის დაწერა შეიძლება მხოლოდ გახსნილების შემდგომ. საზოგადოებაში გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოს მაისში დაქორწინება არ შეიძლება, უბედურების მომტანიაო. ამიტომაც ბევრი მაისში თავს იკავებს და მერე, მარხვაში ქორწინდება. ეს უდიდესი ცოდვაა. უბედურების მომტანი სწორედ ის იქნება, თუ ახალდაქორწინებულები თავიანთ ოჯახს საფუძვლად ცოდვას დაუდებენ.
- რამდენად უნდა შეიცვალოს მარხვაში ლოცვითი კანონი?
- საზოგადოდ, მარხვა განსაკუთრებული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მაქსიმალურად უნდა მივმართოთ ჩვენი გული და გონება უფლისადმი. ამაში, ცხადია, ლოცვითი კანონის გაზრდა მეტად დაგვეხმარება. ქრისტიანი უნდა ეცადოს, დღის განმავლობაში არ დაივიწყოს უფალი და ბევრჯერ მიმართოს მას ლოცვით. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლოცვითი კანონის თვითნებურად გაზრდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. ქრისტიანი ხშირად გაუცნობიერებლად იღებს თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეუძლია. ამიტომაც ყველანაირი ცვლილება მოძღვართან უნდა შევათანხმოთ.
- ვინაიდან მარხვა უმეტესად ზაფხულშია, ამ პერიოდში ბევრი დასასვენებლად მიდის ხოლმე. ეს მარხვასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს. რა უნდა ვიცოდეთ დასასვენებლად წასულებმა?
- რა თქმა უნდა, დასვენება შეიძლება და ცოდვა ნამდვილად არაა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ხორციელი დასვენება არ ნიშნავს სულიერ დასვენებას. სულიერ უსაქმურობას არასდროს აკურთხებს ეკლესია. დასვენება არ გვათავისუფლებს მარხვისა და სულიერი ცხოვრებისაგან. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი, მას თან უნდა გაჰყვეს უფლის ხსოვნა და ხსოვნა იმისა, რომ შეიძლება სულ მალე უფლის წინაშე წარდგეს. არავინ ვიცით, როდის წავალთ ამ ქვეყნიდან. ასე რომ, დასვენება არ არის მიზეზი მარხვის დარღვევისა.
- რა შემთხვევაში ეხსნება ადამიანს მარხვა და როგორ უნდა მოხდეს ეს?
- იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სნეულია და მას ჯანმრთელობისათვის სჭირდება არასამარხვო საკვების მიღება, მას მოძღვარი მარხვას შეუმსუბუქებს და თუ საჭიროა, გაუხსნილებს კიდეც. ასევე, თუ მორწმუნე მეძუძურია ან ორსულად არის. მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არასამარხვო საკვები ესაჭიროება, მღვდელი ამის კურთხევას მისცემს. მაგრამ მარხვა არ არის მარტო საკვების შეზღუდვა, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ იმარხულოს არც თვალით, არც გულში, არც გონებაში, არ უნდა მიეცეს გემოთმოყვარეობას და ყველა სურვილი დაიკმაყოფილოს. მარხვა თავშეკავებაა, და ამიტომაც თავი ყველამ უნდა შეიკავოს. ის, ვინც არ მარხულობს, არასამარხვო საკვებს წამლად უნდა იღებდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანი მოძღვართან უნდა იყოს მაქსიმალურად გულწრფელი. მან ზუსტად უნდა აღუწეროს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა მღვდელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. გვახსოვდეს, რომ უფალი ყველაფერს ხედავს.
- როგორ მოვიქცეთ, თუ მარხვისას რაიმე წვეულებაზე მოგვიწია წასვლა. ზოგი მარხვას სირცხვილის გამო მალავს, ზოგი კი მარხვის აფიშირებას ეწევა.
- საერთოდ, მარხვის დროს უნდა ვეცადოთ, გართობებსა და წვეულებებს მოვერიდოთ. მაგრამ თუ აუცილებელია რაიმე წვეულებაზე წასვლა, ჯობს მარხვით არ ვიტრაბახოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სირცხვილის გამო მარხვა დავმალოთ და დავარღვიოთ. ვეცადოთ, დავიცვათ მარხვა, მით უმეტეს, დღეს ეს არ ჭირს. თუ მარხვა დავარღვიეთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვთქვათ აღსარება და, რაც მთავარია, კვლავ გავაგრძელოთ მარხვა. ბევრი ერთი დარღვევის შემდეგ აღარ მარხულობს. ეს არასწორია. მარხვის დარღვევა უდიდესი ცოდვაა, შესაბამისად, მისი გამოსწორება სინანულითა და ისევ და ისევ მარხვით შეიძლება. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ვთქვათ, ქუჩაში მიდიხართ და წუმპეში ჩავარდით, იქიდან აღარ ამოხვალთ?
- ბავშვების მარხვაზე რას იტყვით?
- ეს საკითხი ინდივიდუალურია. ზოგადად, 6-7 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს ვამარხულოთ. ბავშვებს ბავშვობა არ უნდა წავართვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველანაირი ეკლესიური წესისგან გავათავისუფლოთ.
- ზოგი ეკლესიაში მხოლოდ მარხვაში დადის. აქვს თუ არა ასეთ სიარულს აზრი?
- სამწუხაროდ, ამას სულიერებასთან საერთო არაფერი აქვს. ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ მარხვის განმავლობაში არ არის, ის მერეც გრძელდება. ქრისტიანობა იწყება ნათლობისას და მთავრდება ადამიანის გარდაცვალების დროს. ასე რომ, მარტო მარხვაში სიარულს აზრი არა აქვს. ადამიანმა უნდა იცოდეს მარხვაც, ხსნილში ცხოვრებაც და გახსნილებაც.
- ხშირად მარხვაში თუ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ თავშეკავებას, გახსნილებისას ვივიწყებთ ყველაფერს და ისევ ცოდვაში ვვარდებით. ეს ეხება ყველა სფეროს, მათ შორის საკვებსაც. როგორ უნდა გავიხსნილოთ ჯანსაღად, რომ მარხვის მთელი მონაპოვარი მეორე დღესვე წყალში არ ჩავყაროთ?
- ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. გახსნილებაც ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. მარხვის დამთავრება არ ნიშნავს გათავისუფლებას, ბორკილების მოხსნას. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ კვლავ მოგვეთხოვება სულიერი ცხოვრება.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე