შესაწირი
შესაწირი
უფალი შეიწირა ისე, რომ თვითონ იყო შემწირველი, შეწირული, შემწყნარებელი და მიმცემელი
ზეცა დედამიწაზე - ასე უწოდებენ საღვთო ლიტურგიას ეკლესიის მამები. ქრისტიანული სწავლებით, ამ დროს დედამიწაზე მთელი ზეციური დასი ჩამოდის, თვით უფალი იკვლება, ნაწილდება და ეძლევა მორწმუნეებს. წირვისას უხილავად ერთიანდება ცა და მიწა, ანგელოზთა და წმინდანთა დასი და ჩვენ, უბრალო მორწმუნენი. ადამიანებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ის, რასაც ვერ ღებულობენ თვით ანგელოზებიც კი - სისხლი და ხორცი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საღვთო ლიტურგიაზე თვით უფალი იწირება მსხვერპლად ნიშნად იმ დიდებული მსხვერპლშეწირვისა, რომელიც ღმერთმა 20 საუკუნის წინ აღასრულა. უფლის მიერ გაღებული მსხვერპლი იყო ურთულესი და უმძიმესი. მან აიტანა ტანჯვა, შეურაცხყოფა და, როგორც ტურინის სუდარის გამოკვლევებით ვლინდება, შოლტით მიყენებული ასზე მეტი ჭრილობა... ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ ჩვენგანს ევალება, თავადაც გაიღოს მსხვერპლი ღვთისა და მოყვასისათვის და მიართვას ის უფალს შესაწირად, ცოდვათა მისატევებლად. მართალია, ჭეშმარიტი, ყველაზე დიდი მსხვერპლი ღვთისათვის შემუსვრილი, დამდაბლებული გულია, მაგრამ არსებობს შესაწირის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც ისევ და ისევ ქრისტიანის მიზანს, ცხონებას ემსახურება.

ქრისტესმიერ მსხვერპლშეწირვაზე, მის წინასახეებზე, ადამიანთა პირად მსხვერპლზე და შესაწირის ფორმებზე გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.

- მამაო, როდიდან დაიწყო მსხვერპლშეწირვა და შესაწირის რა ძირითადი სახეები, ფორმები იყო ძველ აღთქმაში?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, თუ რატომ გახდა საჭირო მსხვერპლის შეწირვა და როდის დაიწყო ეს მსახურება. პირველი მსხვერპლშეწირვა მოხდა კაენისა და აბელის მიერ, ანუ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ. ადამიანს დაცემამდე მსხვერპლის შეწირვა არ სჭირდებოდა. ადამი ჭვრეტდა უფალს, უფალი მოდიოდა მასთან და ეს იყო მეტად უშუალო ურთიერთობა. ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც უნდა შეეწირა ადამს, ეს იყო მცნების დაცვა - არ მიეღო კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფი. ეს იყო, გარკვეულწილად, თავისუფალი ნებით საკუთარი თავის შეზღუდვა უფალთან ერთობისათვის, რადგანაც ადამისთვის უფალთან ყოფნა, ურთიერთობა იყო უფრო ძვირფასი, ვიდრე რაღაც სხვა, მაგალითად, ხის ნაყოფი. მაგრამ ადამი მაინც ჩავარდა ცოდვაში და მისმა ბუნებამ შეიძინა ახალი თვისებები, რასაც ჩვენ პირველქმნილი ცოდვის შედეგებს, დაცემულ ბუნებას ვუწოდებთ. დაცემის შემდეგ მოხდა იმ სულიერი ძალების გაუკუღმართება, რომლითაც ღმერთმა ადამიანები დააჯილდოვა. ამიტომაც უფალთან ურთიერთობისათვის ადამიანს განსაკუთრებული ქმედება სჭირდებოდა. საჭირო იყო რაღაც ახალი ფორმა. სწორედ ეს კულმინაციური მომენტი უფალთან ურთიერთობისა გამოიხატა მსხვერპლშეწირვით. ადამიანი თავის შრომის ნაყოფს, მის საუკეთესო ნაწილს, პირველ ნაყოფს, სწირავს უფალს და ამით გამოხატავს მზადყოფნას დაუთმოს უფალს ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

...აბელმა და კაენმა უფალს ძღვენი მიართვეს, მაგრამ ისინი არსობრივად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. აბელი სწირავს საუკეთესოს, პირველშობილ და ნასუქ ცხვარს, იმას, რაც რჩეული იყო მის ფარაში. უფლისათვის სათნოა ეს ძღვენი. მაგრამ არსებობს მეორე სახე მსხვერპლის შეწირვისა, მსხვერპლი, რომელიც არ არის სათნო უფლისათვის - მსხვერპლი კაენისა. ეს იყო მოვალეობის მოხდის მიზნით გაღებული, მხოლოდ გარეგნული ქმედება, რათა გამოჩენილიყო, რომ მან რაღაც გააკეთა. კაენი არ ფიქრობს იმაზე, არის თუ არა ეს ღვთისათვის სათნო. ამიტომაც უფალი ასეთ მსხვერპლს არ იწირავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან არსებობს მსხვერპლშეწირვის ორი სახე: ღვთისათვის სათნო, მისაღები - აბელის მსხვერპლი და მეორე - მსხვერპლი კაენისა, რომელსაც უფალი არ იწირავს.

- შეწირვა მერეც გაგრძელდა?

- დიახ. ღმერთს მსხვერპლს სწირავს ნოეც. წარღვნის დამთავრების შემდეგ "ყოვლად ნაყოფებად" სწირავს ის მსხვერპლს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე იყო სხვადასხვა სახის მსხვერპლი. ძველ აღთქმაში არის მსხვერპლი სინანულისა, შენდობისა, ცოდვათა მიტევებისა, სამადლობელი, სავედრებელი ან სადიდებელი. შესაბამისად, ისინი ადამიანთა სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.

შეწირვა სხვადასხვა სახით ხდებოდა. შეიძლებოდა შეეწირათ ზვარაკი ან კრავი, ვაცი ან მტრედის ხუნდები. ასევე შესაწირად ითვლებოდა ხმიადები - უცომო პური, ადამიანის შრომის ნაყოფი.

- რამდენად აუცილებელი იყო მსხვერპლის შეწირვა მოსახლეობისათვის?

- არსებობდა ყოველდღიური და დღესასწაულებზე შესაწირი მსხვერპლი. შესაბამისად, დადგენილი იყო შეწირვის წესი თითოეული ადამიანისათვის. რადგანაც უფალი ყველასათვის არის, ამდენად, ყველა ადამიანს საზოგადოსთან ერთად კერძო მსახურება ჰქონდა ღვთის წინაშე - მცნებების დაცვა, პირადი ლოცვები და აუცილებლად მონაგების მეათედის შეწირვა ტაძრისათვის. ანუ შესაწირის გაღება და მსხვერპლის შეწირვა იყო აუცილებელი ნებისმიერი ადამიანისათვის. ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც ებრაელები აღთქმულ ქვეყანაში დაბრუნდნენ, ყველა ტომს გამოყოფილი ჰქონდა მიწა სამუშაოდ, გარდა ლევის ტომისა. ამ ტომის წარმომადგენლები ძველი აღთქმის ტაძარში მსახურობდნენ და გათავისუფლებულნი იყვნენ სამუშაოებისაგან, რათა დრო და ძალა ღვთისმსახურებისათვის დაეთმოთ. ისინი ცხოვრობდნენ ყველა ტომიდან ტაძრისთვის შეგროვილი შესაწირით - სამსხვერპლოს მსახური სამსხვერპლოდან იღებდა წილს.

- რისთვის იყო საჭირო მსხვერპლი, ხდებოდა თუ არა ამით ცოდვათა სრული გამოსყიდვა?

- ამ სახით ცოდვათა შენდობა, რა თქმა უნდა, არ ხდებოდა, პირუტყვის სისხლით ვერ გამოისყიდებოდა ადამიანი. ადამიანი აღმატებულია ყველა ქმნილებაზე, აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო შეეწირა თავის ცოდვაზე აღმატებული მსხვერპლი. ადამიანის შეწირვა კი, ცხადია, არ შეიძლებოდა, რადგანაც კაცის კვლა ცოდვაა. შესაბამისად, არც შენდობა ხდებოდა. ეს ყველაფერი იყო წინასახე იმ მომავალი მსხვერპლისა, რომელიც გამოისყიდდა ადამიანებს, მაუწყებელი იმ მსხვერპლისა, რომელიც გაიღო თვით უფალმა, მან, ვინც იყო აღმატებული ადამიანზე და ვისაც შეეძლო ცოდვათაგან გამოხსნა.

ქრისტესმიერი მსხვერპლშეწირვის წინასახეს ვხვდებით აბრაამის ცხოვრებაში. აბრაამი დიდი შიშით, რიდით და სიყვარულით ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, როგორი არჩევნის წინაშე დააყენა ის ღმერთმა - მას უნდა შეეწირა საკუთარი შვილი, ერთადერთი და ყველაზე საყვარელი ნანატრი ძე, რომელსაც მთელი არსებით ელოდა. აბრაამი დათანხმდა ამ შესაწირს. ამითYგამოჩნდა მისი უდიდესი მორჩილება ღვთის ნებისადმი. ეს იყო თავდადება აბრაამისა და ისააკის მხრიდანაც. ღმერთმა გამოსცადა ისინი. აბრაამის საქციელში გამოჩნდა, თუ როგორი უნდა იყოს ღვთისადმი შეწირული ჭეშმარიტი მსხვერპლი - საუკეთესო, რჩეული. ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ადგილი უფალს უნდა ეკავოს, მის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს მთელი მისი ცხოვრება. ის ყველაფერს ისევ და ისევ ღვთის გულისათვის, მისი სიყვარულითა და მისი წმინდა ნებისადმი მორჩილებით უნდა აღასრულებდეს.

აბრაამისა და ისააკის საქციელი იყო წინასახე მაცხოვრის მსხვერპლშეწირვისა. როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ისე შეიყვარა უფალმა ეს სოფელი, რომ ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მას. მამა სწირავს შვილს. სწირავს მას კაცობრიობის გამოსახსნელად უდიდესი სიყვარულისა და სიკეთის ნიშნად.

- ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი უდიდესია, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რისთვის იყო საჭირო ადამიანთა გამოხსნისათვის თვით უფლის განხორციელება? რატომ იყო აუცილებელი შეწირვის ეს სახე?

- მოგეხსენებათ, ადამიანი ცოდვით დაეცა, რადგან ისმინა მაცდურის. მაცდური ადამიანზე აღმატებული სულიერი ძალაა. ადამიანს თავად არ შეეძლო მისი ტყვეობიდან გათავისუფლება. მაცხოვარი ამბობს, როგორ შეძლებს ვინმე სახლიდან რამეს წაღებას, სანამ სახლის პატრონს არ შეკრავსო. რადგან ადამიანი დაემორჩილა ეშმაკს, ბოროტზე აღმატებული ძალა იყო საჭირო ადამიანის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. აღმატებული მსხვერპლი იყო საჭირო აღმატებული ბოროტების დასამარცხებლად. ამიტომაც უფალი თვითონ მოვიდა ამ ქვეყანაზე, რათა გამოეხსნა ცოდვა თავისი სისხლით, რომელიც ყველაზე წმინდაა და დათრგუნავდა ბოროტებას. უფალი შეიწირა ისე, რომ თვითონ იყო შემწირველი, შეწირული, შემწყნარებელი და მიმცემელი. უფალი სწირავს, თვითონ იწირება, თავად შეიწირავს ამას და თავად მიაგებს ხსნას. ანუ ღვთის მიერ აღესრულება სრული მოქმედება.

უფალმა გამოხატა თავისი თავმდაბლობა, და ამით მოგვიწოდა, ჩვენც დავმდაბლებულიყავით. იმ დროს ყველაზე დამამცირებელი ფორმა სიკვდილით დასჯისა იყო ჯვარცმა, ამ ფორმით მხოლოდ მონებს აწამებდნენ. უფალმა კი სწორედ ეს სასჯელი მიიღო და საკუთარი მხრებით იტვირთა დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება. მისი შობა ბაგაში იმის მომასწავებელი იყო, რომ ის დაბადებისთანავე ხდებოდა იმპერატორის ქვეშევრდომი, "სახე მონისა მიიღო". უფალი ტვირთულობს ყველაზე დამამცირებელს. თუ არა სიმდაბლით, თუ არა ღმერთის განხორციელებით, თუ არა აღმატებული მსხვერპლით, თუ არა მამისადმი მორჩილებით, სიყვარულით, ადამიანთა გამოსხნა, ღმერთთან მიახლება შეუძლებელი იყო.

- რამ შეცვალა ძველი აღთქმის მსხვერპლი ახალ აღთქმაში?

- მას შემდეგ, რაც აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ბუნებრივია, ძველი აღთქმის მსხვერპლი განქარდა, რადგანაც წინასახე იქცა რეალობად. ამ რეალობამ კი გააუქმა ძველი აღთქმისეული მსხვერპლი. ახალ აღთქმაში სისხლიანი შესაწირის ნაცვლად უფალმა მის მოსახსენებლად უსისხლო მსხვერპლის შეწირვა დაადგინა - სერობაზე პური და ღვინო აკურთხა, აქცია ისინი თავის სისხლად და ხორცად და მოციქულებს მოუწოდა - ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდაო. ამიტომაც, ამ უსისხლო მსხვერპლის აღსრულება ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. უსისხლო მსხვერპლით ჩვენ ვხდებით გოლგოთისა და, შესაბამისად, აღდგომის თანამონაწილენი. უსისხლო მსხვერპლი აღესრულება ყოველ საღვთო ლიტურგიაზე, სადაც იშვება, იკვლება და აღდგება უფალი ჩვენი გულისთვის.

- ლიტურგია ქრისტესმიერი მსხვერპლის მხოლოდ გახსენება, სიმბოლური გამოხატულებაა?

- არა, ამ დროს ხდება არა მარტო გახსენება, არამედ ზუსტად იმის აღსრულება, რაც მოხდა I საუკუნეში. გვახსოვს მოციქულთა სიტყვები - უფალი გუშინ და დღეს და იგი თავადი არსAუკუნისამდე. შესაბამისად, უფალს შეუძლია, ის, რაც აღასრულა საუკუნეების წინ, აღასრულოს ახლაც. ამიტომაც, როგორც მაშინ აღასრულა სერობა, ახლაც ასე აღასრულებს. ლიტურგიისას ჩვენ ვთხოვთ უფალს, რაც მაშინ აღასრულა, ახლაც გააკეთოს, რადგანაც მას ძალუძს ეს, რამეთუ ის იგივეა უკუნისამდე. ეს ფორმა ლოცვისა მეორდება ყოველი მსახურების დროს - მარილის კურთხევისას ვიხსენებთ, თუ როგორ აკურთხა უფალმა მარილი ელისე წინასწარმეტყველის ლოცვით და ვთხოვთ, ახლაც ასე აკურთხოს; სახლის კურთხევისას - იმას, თუ როგორ აკურთხა ქრისტემ ზაქეს სახლი და ა.შ. ასევეა საღმრთო ლიტურგიის დროსაც. ჩვენ ვიხსენებთ საიდუმლო სერობას და ეს არ არის მარტო გახსენება. ამ დროს ხდება იგივე, რაც მოხდა საუკუნეების წინ და ვხდებით თანამონაწილე საიდუმლო სერობისა.

- ანუ ტარიგი, რომელიც იწირება, არის თავად ქრისტე?

- დიახ. გამოხსნისათვის თვით უფალი იწირება. ამიტომ ამ პურმა (სეფისკვერმა) უნდა შეიძინოს თვისობრივად ქრისტეს ბუნება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მთლიანად ვიხსენებთ - დაწყებული შობიდან, ჯვარცმამდე, აღდგომამდე და ამაღლებამდე - საღვთო ისტორიას. ასე ხდება წირვისას. ამიტომ ტარიგის ამოკვეთა გამოხატავს შობას და ამავე დროს, უფლის ჯვარცმასაც. სეფისკვერიდან ნაწილის აღმოყვანებით გამოვხატავთ შობას, თუმცა ტარიგის კვეთის ლოცვებით ვიხსენებთ მსხვერპლშეწირვას. სანამ ეკურთხება, ჩვენ ვევედრებით უფალს, ლოცვებს აღვავლენთ, რომ რასაც ჩვენ ახლა ვიხსენებთ და რაც მან აღასრულა, როდესაც ამ ქვეყანაზე მოვიდა, დღესაც აღასრულოს. რათა "შენთან ვიყოთ, შენი ვიყოთ და შენმიერ ვიყოთ, შენ ჩვენ შორის და ჩვენ შენთან".

- შეიძლება თუ არა, რომ ძღვენი არ შეიწიროს? დამაბრკოლებლად იქცეს რაიმე გარემოება, მაგალითად, მღვდლის ცოდვილობა?

- მამათა ცხოვრებაში მართლაც არის აღწერილი შემთხვევები, როცა შემწირველის სულიერი მდგომარეობა ყოფილა დამაბრკოლებელი საიდუმლოს აღსრულებაში, თუმცა ეს მხოლოდ ამ დიდებული საიდუმლოს სიწმინდის წარმოსაჩენად მომხდარა. საიდუმლო სერობაზე იყო იუდაც, მაგრამ ძღვენი მაინც შეიწირა. იუდამ სასჯელად მიიღო ძღვენი, ხოლო დანარჩენებმა - საკურნებლად. ანუ დამაბრკოლებელი ეს შეიძლება იყოს მხოლოდ იმ მღვდლისათვის, ვინც დიდ ცოდვაშია და მას არ ინანიებს. ასეთი მსახურისათვის ზიარება იქნება სასჯელი და არა საკურნებელი, თუმცა კი პური და ღვინო სისხლად და ხორცად მაინც გარდაიქცევა.

ზიარებისას განსაკუთრებული განწყობა უნდა გვქონდეს. ღვთის მოშიშებით, ღვთისადმი სიყვარულით, სინანულით, სიმდაბლით, სასოებით ღვთის მოწყალებისა და სახიერებისადმი უნდა მივეახლოთ ბარძიმს. "რათა არა სასჯელად, არცა დასასჯელად გვექმნას ზიარება წმიდათა საიდუმლოთა, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა".

- ადამიანს მსხვერპლის გაღება ყოველდღე უხდება. ესეც (თუ მას ღვთივსათნოდ ვიტანთ), გარკვეულწილად, ღვთისადმი შესაწირია. რაში უნდა გამოიხატოს ჩვენი მსხვერპლი?

- პირადი ლოცვა, ქველმოქმედება, მონაწილეობა მსახურებაში, სარწმუნოებით ცხოვრება - ეს ხსნის საწინდარია. ლოცვა შესაწირის სახეა. დილა-საღამოს ლოცვა, ჩვენი პირადი ლოცვები თუ საზოგადო ღვთისმსახურება ჩვენს მიერ ღვთისადმი აღვლენილი შესაწირია. მაგრამ ეს, ცხადია, არის მინიმუმი. ადამიანს უნდა ჰქონდეს ლოცვითი განწყობა, განცდა ღვთის ახლოს, მასთან ყოფნისა. უნდა შეგვეძლოს ყველა საქმეში, ყველა ქმედებაში ღვთის დანახვა, მისი ცნობა, ჭვრეტა. ღვთის მოშიშება უნდა გვქონდეს, რათაAარ დავკარგოთ უფალი. და თუ არასწორად მოვიქცევით, მაშინვე სინანულით გამოვისყიდოთ ჩვენი დანაშაული. ჩვენი მსხვერპლი ის იქნება, თუ ღვთივსათნოდ ვიცხოვრებთ, თუ შევეწინააღმდეგებით ჩვენს ვნებებს, ცოდვილ ბუნებას და უფლის მცნებათა დაცვით წარვმართავთ ჩვენს ყოფას; თუ ავიტანთ უსამართლობას, მოვუთმენთ მოყვასს, განსაცდელების დროს ღვთის გმობას არ მოვეცემით და ა.შ. ერთი სიტყვით, თუ ვიცხოვრებთ ქრისტიანულად და განვიწმენდთ ცოდვილ გულს. როგორც ამბობს დავით მეფე: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული".

- მსხვერპლის გაღება ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობისას გვიწევს. თუმცა მოთმინების სათნოება ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაპოვებელია...

- უფლისა და ადამიანების სიყვარულისთვის მოყვასის წყენის დათმენა მართლაც ღვთისადმი გაღებული შესაწირია. თუმცა მოთმინება, ისევე როგორც მსხვერპლშეწირვა, არის ორი სახის: არის მოთმინება "კბილთა ღრჭენით", და ეს არ არის ღვთისათვის სათნო, და არის მოთმინება, როცა ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც არასწორად იქცევა, პირველ რიგში თავის თავს აზიანებს, რომ მას გონიერება დააკლდა და შენ რომ განრისხდე, მასავით უგუნური იქნები. როცა გაიხსენებ ღვთის მიერ შენთვის დათმენილ ათასგვარ შეურაცხყოფასა, ცილისწამებას, მაშინ დადუმდები, დაითმენ. ეს არის ჭეშმარიტი მოთმინება. კონფლიქტიდან ერთი გამოსავალია - ვიღაცამ უნდა გაიღოს მსხვერპლი, ვიღაცამ უნდა მოითმინოს, უნდა აპატიოს.

- სარწმუნოებისათვის თავგანწირვას ვხვდებით სხვა რელიგიებშიც. რა ძირითადი, არსობრივი განსხვავება შეიძლება იყოს მოწამესა და, მაგალითად, კამიკაძეს შორის? რატომ ითვლება თავგანწირვის ერთი სახე სიწმინდედ, მეორე კი ფანატიზმად?

- მოწამე ზრუნავს და ეწამება ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, მოყვასის სიყვარულისათვის, მისი გადარჩენისა და ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის. მე არ ვაკნინებ და უარვყოფ სხვა რელიგიის აღმსარებელთა უდიდეს თავგანწირვას, მაგრამ რისთვის ხდება ეს თავგანწირვა და რა არის მისი მიზანი, ეს სხვა საქმეა. მათი ქცევა მიმართულია ნგრევისაკენ. მოწამის ქმედებას საფუძვლად სიყვარული უდევს, ისინი კი ბოროტებას და სიძულვილს ემყარებიან. კამიკაძე არა მარტო თავს წირავს, არამედ სხვასაც კლავს - რა სიკეთესა და სწორ ქცევაზე შეიძლება ლაპარაკი?

- აქედან გამომდინარე, ყველანაირი მსხვერპლი ღვთისათვის მოსაწონი არ არის?

- ცხადია. ჩვენ კაენისა და აბელის მსხვერპლზე ვისაუბრეთ. ეს სახეები შესაწირისა დღესაც არსებობს. ღმერთს ჩვენგან არანაირი შესაწირი არ სჭირდება, გარდა შემუსვრილი გულისა, ყველაფერი ხომ ღვთის ქმნილებაა, ღმერთი თავად არის სისავსე. რადგან უფალმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისად და რადგან უფალი სიყვარულია, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან უნდა იყოს მხოლოდ სიყვარულით. მხოლოდ სიყვარულის მსხვერპლი შეიძლება იყოს საუკეთესო. რაც შენთვის მნიშვნელოვანი, აღმატებულია, ის უნდა შესწირო უფალს.

- მონაზვნობა, თავისი არსით, ღვთისადმი საკუთარი თავის სრულ შეწირვას გულისხმობს...

- დიახ. ეს სრული მსხვერპლშეწირვაა. მონაზონი მკვდარია ამ სოფლისათვის და ის მხოლოდ ღვთის გულისათვის არსებობს. მაგრამ ეს აღთქმა მონაზვნობისა, სამწუხაროდ, ხშირად ირღვევა. ირღვევა არა მარტო საქმით, არამედ შინაგანადაც, ამპარტავნების, ხიბლის, მრისხანებისა თუ სხვა ცოდვათა გამო. ამიტომაც ასეთ დროს ყველაზე მძიმე ადამიანისათვის არის ის, რომ თუმცა მან გადადგა ნაბიჯი სრული შეწირვისათვის, მაგრამ მაინც ვნებებს, ცოდვებს ეწირება. გარეგნულად სხვა ჩანს, შინაგანად კი სხვა მდგომარეობა აქვს. მონაზვნის, ისევე როგორც ნებისმიერი ერისკაცის, ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან. ბრძოლით ყველაფერი მიიღწევა. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირი, კონკრეტული საქმით იქნება აღსრულებული, ქცევით თუ შინაგანი განწყობით, იყოს აბელის მსხვერპლი და არა კაენისა.

- რამდენად მართებულია ცხვრის დაკვლა და მისი შეწირვა? თუ ეს მხოლოდ ძველი დროის გადმონაშთია?

- ფსალმუნში წერია: "აღუსრულე უფალს აღნათქუმაი შენი". რასაც აღუთქვამ, ის უნდა აასრულო. შენი ნებაა, რას აღუთქვამ, მთავარია, რა გულით იქმ ამას და რამდენად აასრულებ დანაპირებს. თუ რას შესწირავ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რა თქმა უნდა, შეიძლება ცხვრის შეწირვაც, მაგრამ ეს მეგობრების დაპურებისა და ნაყროვანების საბაბად არ უნდა იქცეს. ასეთი უწესო საქციელი ღვთის მიერ არ შეიწირება. შესაწირი უნდა იყოს გაცემა და არა განცხრომა.

- ხშირად ნაყროვანების ბუდედ მიცვალებულთა ქელეხები და ე.წ. ორმოცებიც ხდება ხოლმე. რეალურად როგორი უნდა იყოს ეს დღეები?

- მიცვალებული, პირველ რიგში, სულია. ამიტომ აუცილებელია, მას უპირატესად სულიერი საზრდო მივცეთ - ლოცვებში მოხსენიება, წირვის დაყენება, მოწყალების გაღება... ძალიან კარგი იქნება, თუ მიცვალებულის სახელზე მშივრებს დავაპურებთ. ამიტომაც, თუ გვსურს, მიცვალებულს მართლაც შევეწიოთ, უნდა ვეცადოთ, სუფრაზე გაჭირვებულნი მოვიწვიოთ.

- შესაწირის ერთ-ერთი სახე მოწყალების გაღებაა. რამდენად აქვს მოწყალების გაღებისას მნიშვნელობა რაოდენობას?

- ამის შესახებ პასუხს სახარება იძლევა. გახსოვთ ალბათ იგავი ქვრივ ქალზე, რომელმაც ყველაზე მცირე შესაწირი გაიღო, მაგრამ უფალმა სწორედ ის შეიწირა, რადგანაც ეს იყო იმ ქალისთვის უკანასკნელი, ყველაზე ძვირფასი. ამიტომაც რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რა გულით აკეთებ ამას.

- რამდენად აუცილებელია შესაწირის გაღება იმისთვის, ვისაც თავად უჭირს?

- ამქვეყნად, ვერ იტყვი, ვინაა ყველაზე გაჭირვებული. რაც არ უნდა დიდი გასაჭირი გვქონდეს, აუცილებლად მოიძებნება ჩვენზე გაჭირვებული, რომელსაც, გვევალება, რომ დავეხმაროთ. არ არის აუცილებელი მხოლოდ ფულადი დახმარება, საქმით ან სიტყვითაც უნდა ვანუგეშოთ, რაც ხშირად მეტია ხოლმე.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვის ვაძლევთ მოწყალებას?

- აქ საქმე ორგვარადაა. ერთი მხრივ, 12 მოციქულის სწავლებაში "დიდაქეში" წერია, შენი მოწყალება გაოფლიანდეს შენს ხელში, ვიდრე გადაწყვეტ, ვის მისცეო. ანუ ადამიანმა უგულისხმოდ არ უნდა გაიღოს მოწყალება. ვისაც სჭიდება, იმას უნდა მივცეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მოწყალების აქტიურ ფორმაზე, როცა ადამიანი თავად გადაწყვეტს ამას და ამიტომ ეძებს გაჭირვებულს, რათა დაეხმაროს. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთბაშად ათეული მათხოვარი რომ მოგადგება, ბუნებრივია, იმის რჩევას ვერ დაიწყებ, მართლა სჭირდება თუ არა მას ეს თანხა. ამიტომ ჯობია, უხმოდ მივცეთ. მე პირადად, თუ შევამჩნიე, რომ ადამიანი ნასვამია, ან სხვა რაიმე ამდაგვარი, თანხით არ ვეხმარები, ფულს არ ვაძლევ. თუ მეტყვის, პური არ მაქვსო, წავალ და ვუყიდი. თუ იტყვის, - შენ ფული მომეცი და მე თავად ვიყიდიო, - ამ დროს უკვე გასაგებია, რაც უნდა. ლოთობაში ადამიანს არ დავეხმარები.

- მოპარული, არასწორი გზით ნაშოვნი ფულის შესაწირად გამოყენება თუ შეიძლება?

- ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ნანობს თავის შეცდომებს და გამოსწორებას ცდილობს, იმას ვეღარ უბრუნებს, ვისაც წაართვა და ამ თანხას შესაწირად გასცემს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამის მაგალითი ზაქეა. როცა უფალი მასთან სახლში მივა, ზაქეში ფერისცვალება ხდება, გადაწყვეტს, თავისი ცხოვრება გამოასწოროს და უფალს ეუბნება, - ოღონდ არ წახვიდე ჩემი სახლიდან, არ დამტოვო და ვისაც დავაკელი, უსამართლოდ მოვექეცი, მას ოთხმაგს მივაგებო. ადამიანი უნდა ეცადოს, პირველ რიგში, ვისაც დააკლო, მას მისცეს, მაგრამ ამის საშუალება თუ არ არის, შეიძლება შესაწირად გასცეს. ისე კი, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ერთგვარი ინდულგენციაა და არასწორი ცხოვრების, პარვის შემთხვევაში ჩვენს მიერ გაღებული ფული ცოდვებს შეგვინდობს რეალური გამოსწორების გარეშე, ეს არასწორია. ასეთი შესაწირი არ შეიწირება.

- რამდენადაა აუცილებელი, რომ შესაწირი მივცეთ მღვდელს სხვადასხვა მსახურების აღსრულების დროს?

- ეს არის საპასუხო ძღვენი, რომელიც შენი მადლიერების გამომხატველი უნდა იყოს. როგორც ვცდილობთ რაღაცით მადლობა გადავუხადოთ მკურნალს ხორციელი კურნებისთვის, ისე უნდა ვეცადოთ, მღვდლის (უფრო სწორად, ეკლესიის) მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს. უფალი ამბობს, "უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო", მეორეგან კი - "ღირს არს მუშაკი სასყიდლისაო". ამიტომაც შესაწირი მღვდლისადმი უნდა იყოს ნებაყოფლობითი. თუ ამის საშუალება არა გვაქვს, ამის გამო არავინ დაგვძრახავს. მთავარი ჩვენი გული და დამოკიდებულებაა. მღვდელს მრევლი არჩენს. სასულიერო პირისთვის მთავარია, სწორად, წმინდა გულით ემსახუროს უფალს, ასეთ შემთხვევაში მან იცის, რომ უფალი არ დატოვებს და ყოველთვის გამოუჩენს გადარჩენის გზას.

ღმერთმა დაგლოცოთ და შეიწიროს თქვენი მსახურება. ამინ.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat