ადამიანმა მადლი რომ მიიღოს, უპირველესად ალბათ მისი დანახვაც უნდა შეძლოს.
ხშირად გვესმის ხოლმე - რა მადლიანი ადგილია, რა მადლიანი ადამიანიაო.
უფლისგან ბოძებულს ადამიანი სიყვარულით, მადლიერებით აკეთილშობილებს - ამ ყველაფრის დამნახავს კი სურვილი გიჩნდება, თავადაც მიიღო და სხვებსაც გაუნაწილო ეს მადლისმიერი გრძნობა და მუდამ უფლის დიდებაში იყო. ყოველივე კეთილი და მადლიანი ხომ უფლისგან მოდის.
ათონის წმინდა მთის - ამ მადლიანი სავანის შესახებ ბევრი რამ თქმულა, მაგრამ სულ სხვაა, როცა იქაურობას თავად მოილოცავ და გახდები მონაწილე და მიმღები წმინდა მთაზე დავანებული სიწმინდეების მადლისა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ ათონის მთაზე, ქართველი ბერების ლოცვა დღემდე უწვეტად მიმდინარეობს და ჩვენც მადლით გვავსებს და გვაძლიერებს.
წმ.პანტელეიმონის მონასტერი
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ქართველ ბერს, ერმოლაოსს (ჭეჟია)"კარიბჭის" მკითხველი მისივე წერილებიდან უკვე კარგად იცნობს. მამა ერმოლაოსი საქართველოდან ჩასულმა მისმა წლების უნახავმა მეგობარმა, სამების ლავრის დიაკვანმა გურამ ოთხოზორიამ მოინახულა. მამა გურამი ათონის მთაზე მოღვაწე სხვა ქართველ ბერებსაც შეხვდა. მოილოცა უამრავი სიწმინდე, წმინდა ადგილები და მადლით აღვსილი დაბრუნდა სამშობლოში. მამა გურამს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე.
- ათონი ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა. მეც არ ვიყავი ამ მხრივ გამონაკლისი და მუდამ მქონდა სურვილი, მომელოცა ათონის წმინდა მთა, იქაური სიწმინდეები, - ამბობს მამა გურამი - მადლი მიმეღო და ახლობლებისთვის გამეზირებინა, ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ხომ ნამდვილი ქრისტიანობა მადლის მოქმედებით იწყება, ადამიანი რაც უფრო მეტ მადლს მოიხვეჭს, მით მეტად შეუძლია იყოს სიყვარულის გამცემიც. ათონის წმინდა მთის მოლოცვა ჩემი უახლოესი მეგობრის, ბერი ერმოლაოსის სიახლოვემ გადამაწყვეტინა.
ღვთის შეწევნით ძალიან მარტივად და ადვილად მოხდა ყველაფერი. ათონზე გამგზავრებამდე უწმინდესთან მივედი ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დიდი სიხარულით მაკურთხა უწმინდესმა, მეუფე დანიელმა, ჩემმა მოძღვარმა - მამა ბარსანოფმა. ღვთის შეწევნით კეთილი ადამიანების დახმარებით ფინანსურადაც შემეწყო ხელი. მამა ერმოლაოსის გვერდით წმინდა პანტელეიმონის მონასტერში ერთი თვე ვიცხოვრე.
ათონზე ყველა მონასტერი არის თავისებურად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, რადგან ყველა მონასტერს ისეთი სიწმინდეები აქვს, რომელიც განუმეორებელია და ამას ერთბაშად ადამიანი ვერც დაიტევს.
დოქიარის მონასტერი
გამგზავრება
დედაქალაქიდან სალონიკამდე ავტობუსით წავედი. ღამე სალონიკში ჩემი ახლობლის, ეკა დარბაიძის სახლში გავთენე. მეორე დილით, 9 საათზე გადიოდა გემი ათონის მიმართულებით. ჩემდა გასაოცრად, გემი წასული დაგვხვდა. ვეღარ გამეგო რა მექნა. უკან ხომ არ დავბრუნდებოდი. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სასტუმროში გამეთენებია. როცა ღვთის ნებაა ყველაფერი ხსნილია. აღმოჩნდა, რომ გამოღმა, მამა ერმოლაოსთან მიდიოდნენ სტუმრები და ათონზე ნახევარ საათში უნდა გამგზავრებულიყვნენ. მათი დახმარებით მივედი წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. მე და მამა ერმოლაოსს ერიდან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იგი 15 წლის უნახავი მყავდა.
ათონზე სამი ნახევარკუნძულია. მონასტრები ზღვის ნაპირს მიყვება. პირველია ზოგრაფის მონასტერი. მერე მოდის პანტელეიმონის, სიმონა პეტრას, გრიგორიუსის მონასტრები. ყველა მონასტერს საკუთარი ზღვის სანაპიროები აქვს. მეორე მხარეს არის ივერონის მონასტერი.
***
ათონზე დღემდე უწყვეტად არის შენარჩუნებული იესოს ლოცვის პრაქტიკა. იესოს ლოცვის ტრადიცია ისიხაზმთან არის დაკავშირებული. ისიხაზმი კი მყუდროებას, სიმშვიდეს, დადინჯებას ნიშნავს. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ვინც მყუდროების და დადინჯების საიდუმლო დაიტია ეს იყო ღვთისმშობელი და სწორედ ამიტომ არის, რომ ათონის მთა ღვთისმშობლის მფარველობაშია..
იოსებ ვათოპედელი
მდუმარება, გონების გულში ჩასვლა და აქედან უკვე მოსმენა - ესაა ლოცვის საიდუმლო. მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ისიხასტი და იესოს ლოცვის მცოდნე გახლავთ წმინდა მამა, სილუან ათონელი. რომლის კელია წმინდა პანტელეიმონის მონასტერშია და თქვენს მონა-მორჩილს მქონდა ბედნიერება მისი მოლოცვისა. ამ დიდ კოლპლექსში 20-30-იან წლებში, როცა წმინდა სილუან ათონელი მოღვაწეობდა ექვსი ათასი ბერი ცხოვრობდა.
ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ათონზე დღესაც მოღვაწეობენ ქართველი ბერები-მამა ერმოლაოსი, მამა ისააკი, მამა გრიგოლი და კიდევ სხვა ქართველი სასიქადულო ბერები, რომელთა გულში დადენილი ცრემლებით ირწყვება ჩვენი სულის ხრიოკი, რათა მალე წალკოტად იქცს და არასოდეს გაუდაბურდეს.
მამა ერმოლაოსისგან გავიგე, რომ დაახლოებით 100 ბერია ათონის მთზე, რომელსაც ვერავინ ნახავსო. თურმე ისინი წირვა-ლოცვაზეც იშვიათაც ჩნდებიან. იქ სხვა პრაქტიკაა, სხვა წესია და არ ექვემდებარება ჩვეულებრივ რიტმს, რომელიც მონასტერშია დაწესებული.
შუაში - ბერი პაისი ათონელი
კვირაში ერთხელ ჩამოდიან და ეზიარებიან. ადრეც ხომ იყვნენ მეუდაბნოე მამები, არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, რას აკეთებდნენ. ამ მამებს დღესაც თავიანთი ლოცვის სისტემა აქვთ. მამა ერმოლაოსის ლოცვა საკუთარი თვალით ვნახე. არ უნდოდა მას ამის თქმა, მაგრამ მერე თვითონაც დათანხმდა, იმიტომ, რომ ამის ცოდნა ჩვენ გვჭირდება. იესოს ლოცვის პრაქტიკა ერთეულებს აქვთ. ამას ყველა ნატრობს, ბერის პირველი მიზანი ის არის, რომ მასში ამუშავდეს იესოს ლოცვა. ის კი არ არის საკმარისი, რომ დაიჭირო სკვნილი 100 ან 50-იანი და ისე ილოცო, ამას ყველა გააკეთებს, მთავარია შესვლა იმ მდგომარეობაში, როდესაც დროის განცდა იკარგება. მამა ერმოლაოსს აქვს ხუთი თუ ექვსი ათასიანი სკვნილი. სადაც იგი ძირითადად მუშაობს და ასრულებს მორჩილებას, იქ არის პატარა გორგოლაჭი, რომელსაც ორი-სამი მეტრი მანძლის მოშორებიდან მამაო ატრიალებს. ერთ საათში ათას ცალს ითვლის და ექვსი საათი მისთვის ექვსი წუთივითაა დრო ისე მალე გადის.. იესოს ლოცვის უფრო დიდი, 12 საათიანი პრაქტიკაც არსებობს.
***
წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან ივერონში გავემგზავრე. მოვილოცე ათანასეს ლავრა და სიმონა პეტრას მონასტრებიც. პირველად მივედი სიმონაპეტრას ბერძნულ მონასტერში. სიმონა პეტრას ტერიტორიაზე გამოყოფილია ცალკე სკიტი. ამ მონასტერში 80 წლის განმავლობაში ქართველების წირვა-ლოცვა შეწყვეტილი იყო. ღვთის წყალობით, ამ ტერიტორიაზე გამოიყო სკიტი ქართველებისთვის. ამ მონასტერში ოთხი ქართველი ბერი: მამა გრიგოლი, მამა ეგნატე, მამა მალაქია და მორჩილი დავითი მოღვაწეობს და აღდგენილია სრული მონასტრული ტიპიკონი. მამებს თავიანთი ბოსტანიც აქვს შემოღობილი, ასევე სასტუმრო, მისაღები. უსათნოესი ბერები არიან. ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზნი. მათთან ღამე დავრჩით. ერთადერთი პრობლემა აქვთ, რომ ეს ადგილი ჯერჯერობით იურიდიულად გაურკვეველია.
მონასტერში ჩვენი სტუმრობა მორჩილმა დავითმა ახარა მამებს. მამა დავითის თვალები არ დამავიწყდება - რომ დაგვინახა, როგორ გაუხარდა. ქართველი მამების გამომცხვარი პური მივირთვით. ქართველი მამები მონასტრული ტიპიკონის მიხედვით ღამის სამ საათზე დგებიან და დილის 8-9 საათადე აგრძელებენ მსახურებას.. მამებს დავემშვიდობეთ და სიმონა პეტრას მონასტრადან სამი კილომეტრი გავიარეთ დაფნში, საიდანაც წავედი კარიესში. კარიესიდან 708 კმ. ივერონამდე ფეხით წავედი. ისე, გადაადგილება შეგიძლიათ როგორც ქვეითად ასევე მანქანებით..
საოცრად მადლიანი ადგილია, საკუთარ თავთან მარტო რჩები. სიმშვიდეა, სიწყნარე. ივერონში ღამე მონასტერში დავრჩით. მსახურებები ყველა მონასტერში განსხვავებულია. ივერონში ბერძნული მსახურებაა. ძალიან მომეწონა ბერძნული მსახურება. ივერონიდან გეზი ათანასეს დიდი ლავრისკენ ავიღეთ. მოგეხსენებათ, რომ ათანასე დიდი დედით ლაზი იყო. მისი ღვაწლით დაფუძნდა ივერონის ქართველთა მონასტერი. ეს ორი მონასტერი იყო ყველაზე წამყვანი. ყველაზე ძლიერი.
მამა ერმოლაოსი და მამა გურამ ოთხოზორია
ათანასე დიდის ლავრაში ქართველი ბერის, მამა ისააკის სანახავად წავედი. მამა ისააკს ისეთივე მადლი აქვს მოხვეჭილი, როგორც ათონზე მოღვაწე სხვა ქართველ მამებს. მამა ისააკი ცალკე ცხოვრობს და აბსოლუტურად დაკავებულია იესოს ლოცით. საკუთარი კელიის მისასვლელი ბილიკიც კი წაუშლია, რომ მისკენ სავალი გზა მიუგნებელი იყოს. ძალიან ძნელი მისგნებია. მამა ისააკს წინასწარ დავურეკეთ. მან იცოდა ჩამოსული რომ ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა. ბერების ცხოვრება სულ სხვაა, მათი სამყარო სრულიად განსხვავებულია.
მოვილოცე ასევე ზოგრაფის მონასტერი. ამ მონასტერშიც ორი ქართველი ბერი, მამა გაბრიელი და მამა ანტონი მოღვაწეობს. ღამე ამ მონასტერშიც გავათენე. გვიანობამდე ვსაუბრობდი მამა გაბრიელთან. გავიხსენეთ საქართელოს ამბები. მამა გაბრიელი ზოგრაფის მონასტრის მთავარი მეპურეა, პურს აცხობს.
წმინდა ილარიონ ქართველის სენაკის მოლოცვამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მამა ერმოლაოსი ხუთი წელი ეძებდა ამ ადგილს. მადლობა ღმერთს, რომ მიაკვლია..
წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან რამდნიმე კილომეტრშია წმინდა გიორგის სახელობის ჯვრის ფორმის ტაძარი. წმინდა გიორგის ტაძარი თურმე ტყეში იყო ჩაფლული, არაფერი ჩანდა. მამა ერმოლაოსმა წერილობითი წყაროებიდან გადმოცემით იცოდა, წმინდა ილარიონის სენაკის და ტაძრის მდებარეობა. ტაძარში წმინდა გიორგის სახელზე პარაკლისი წავიკითხეთ.
ლაშქრობა ათონის მთის მწვერვალზე ყველა ადამიანის უდიდესი სურვილია. კალულია, ასე ჰქვია ადგილს, საიდანაც იწყება მწვერვალზე ასვლა. 10 კილომეტრია ზღვის დონიდან და გზა ასე აღმა-აღმა მიდის. ვიდრე მწვერვალზე ავალთ ქვევით ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. მწვერვალზე ამსვლელები იქ ღამეს ათენებენ. ათონის მწვერვალზეც ტაძარია. ღვთის წყალობით მივიღე იქაც მსახურებაში მონაწილეობა. წირვაზე საქართველოს დროშა ვაკურთხეთ, რომელიც ათონის მწვერვალზე აღმართულ ჯვარზე ავიტანეთ. ზიარება მივიღეთ, ჯვარი აღვმართეთ და მერე ქვევით ჩამოვედით.
***
პანტელეიმონის მონასტერში ჩვენი დროით დილით სამის ნახევარზე ირეკებოდა ზარი. ლოცვაზე სამ საათზე მივდიოდით. ყოველი ზიარების წინ აღსარება უნდა თქვა. მონასტერს თავისი იღუმენი და მოძღვარი ჰყავს. მოძღვარია მამა მაკარი. მონასტრის წინამძღვარი კი 98 წლის იღუმენი იერემია. მონასტერში წმინდა პანტელეიონის თავის ქალა ინახება, ასევე წმინდა ანდრია მოციქულის ფეხის ტერფი და კიდევ მრავალი სიწმინდე. ყველაზე მნიშვნელოვანია მონასტერის საძვალე. ათასზე მეტი თავის ქალაა იქ მოთავსებული. თავის ქალის ძვალი რაც უფრო ყვითელია, მით უფრო სიწმინდესთან არის ახლოს.
ჩემი ათონზე ჩასვლის მიზანი იყო რწმენით და მადლით უფრო მეტად გავძლიერებულიყავი. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. სამშობლოში რომ ჩამოვედი, უწმინდესს მადლობა ვუთხარი, ხატიც ვაჩუქე. მამა ერმოლაოსმა უწმინდესისთვის სპეციალურად შეუკვეთა. უფალი შეგვეწევა კიდევ, რისი გაკეთებაც მომავალში გვინდა. რაც უფრო მეტ მადლს ვიხვეჭთ, უფრო მეტად შეგვიძლია სხვებზე გავცეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი