კაცობრიობის ისტორია სიტყვის ისტორიაა
სიტყვას ბევრი რამ შეუძლია. სიტყვით ლოცულობენ და სიტყვით განიკითხავენ, სიტყვით ქადაგებენ და სიტყვით გმობენ... ჩვენ კი, სამწუხაროდ, სიტყვებს ხშირად ქარს ვატანთ.
გვესაუბრება იღუმენი დოსითეოზი (ბოგვერაძე), რომელიც "კარიბჭის" ამ ნომრის გამოსვლისას ალბათ უკვე ბელგიელ მრევლს უქადაგებს საღვთო სიტყვას.
- სიტყვაზე საუბრისას, უწინარეს ყოვლისა, იოანე ღვთისმეტყველის სახარების დასაწყისი გვახსენდება: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთ იყო სიტყვა იგი". რას ნიშნავს ეს?
- ძველ ბერძნულ ლექსიკონში სიტყვა "ლოგოსს" ორმოცზე მეტი განმარტება აქვს, რაც მის ღრმა მნიშვნელობაზე მიუთითებს. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მისი ადამიანისეული განმარტება, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც სახარებაშია გაცხადებული, რადგან სხვაა ადამიანური ხედვა და მისი წვდომის შესაძლებლობები და სხვა - გამოცხადება თვით ღმერთისაგან.
კაცობრიობის ისტორია სიტყვის ისტორიაა. იოანე ღვთისმეტყველის თანახმად, მთელი სამყარო ლოგოსური შესაქმეა. სიტყვით შეიქმნა სამყარო, სიტყვით გაცხადდა ღმერთი და სიტყვაა ის, რაც ჩვენს შიგნით ცხოველსმყოფელობს. სამყარო იმ ძალის მიერ შეიქმნა, რაც უფლის ნათქვამ სიტყვაში იდო: "და თქვა უფალმა, და იქმნა, და იყო სახიერ".
საღვთო სიტყვით უფალი გვამცნობს საკუთარი თავის ან იმის შესახებ, რაც უნდა იცოდეს კაცობრიობამ. საღვთო სიტყვაა წმინდა წერილი, სახარება, რომელიც წმინდა ტრაპეზზე გვიდევს. ის საღვთო საუნჯეა, სიცოცხლის მომნიჭებელი, კარი სამოთხისა.
სხვათა შორის, ადამისა და ევას ცოდვით დაცემაც სხვა არაფერია, თუ არა სიტყვის ღალატი. ადამს ნაბრძანები ჰქონდა, არ ეჭამა ნაყოფი ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. ამგვარად, ადამმა სცოდა სიტყვას, რომელიც მას მცნებად ჰქონდა მიცემული და რომლის დაცვაც გახლდათ საწინდარი იმისა, რომ მას სამოთხეში წარმატებული სულიერი ცხოვრებით ეცხოვრა და საღვთო დიდებაში შესულიყო.
- ღვთის სიტყვის ძალაზე უკვე ვისაუბრეთ. რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვას?
- ადამიანის სიტყვა საღვთო სიტყვის ანარეკლია, რამდენადაც ადამიანი თვით არის ხატი უფლისა და იმავ სიტყვით შეიქმნა. ხატება ღვთისა გულისხმობს თავისუფალ ნებას, უკვდავ სულს და შემოქმედებითი აზროვნების უნარს, რაც, თავის მხრივ, სიტყვიერ აზროვნებას ითვალისწინებს. ცხადია, ადამიანის სიტყვასაც აქვს შინაარსი და ძალა. "ამაოდ ნუ იმეტყველებ, - ამბობს მოციქული, - განა შესაძლებელია, ერთი და იმავე წყაროდან ტკბილი წყალიც მოედინებოდეს და მწარეც?" - და გვასწავლის, ენას ლაგამი ამოვდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ენაზე მომდგარ ყველა სიტყვას არ მივცეთ გასაქანი, კეთილი სიტყვისკენ ვისწრაფოდეთ და არა ავისკენ, უარყოფითი ძალის მატარებლისკენ.
- წმინდა მამები გვარიგებენ, რომ ბავშვი კი არ დავაშინოთ: "წაიქცევი, ჩამოვარდებიო", - არამედ გავაფრთხილოთ: "არ წაიქცე, არ ჩამოვარდე".
- წმინდა წერილშიც ვხვდებით და წმინდა მამებიც საუბრობენ სწორი ფიქრის, სწორი მეტყველების სათნოებაზე, იმაზე, რომ სიტყვას მართებული დანიშნულება მივანიჭოთ, ხოლო ამაოდ მეტყველებას ვერიდოთ. ეს ძნელია, მაგრამ ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს, ქრისტეს გზის მადლმოსილებით გაცხადებული ცხოვრების წესი დაამკვიდროს საკუთარ თავში.
გონებაში დაბადებულ ყველა სიტყვას არ გამოვთქვამთ, მაგრამ გამოუთქმელი სიტყვაც სიტყვაა, ამიტომ თავშეკავება უწინარესად სწორედ ფიქრში გვმართებს. თუ ფიქრში თავს არ ვიკავებთ, მაშინ იმ სიტყვის დადებითი თუ უარყოფითი ძალა, რომელიც ჩვენში ბრუნავს, ჩვენს ცხოვრებაზეც აისახება, აისახება ჩვენს პიროვნებაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ფიქრში სიფრთხილე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია.
რაკი ყოველ სიტყვას აქვს ძალა, მეტად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს და რას გამოთქვამს ადამიანი.
- "სიტყვათაგან შენთა განმართლდე და სიტყვათაგან შენთა დაისაჯოო", - გვასწავლის მაცხოვარი. სააქაო ცხოვრებაში დასჯა იგულისხმება თუ საიქიოში?
- სააქაო და საიქიო პირობითი ცნებებია. სინამდვილეში ეს ერთი მარადიული ცხოვრებაა, ღვთისაგან შექმნილი ერთიანი სამყარო, რომელშიც ადამიანი სხვადასხვა საფეხურს გაივლის. სული მარადიულია. ამ სოფელში სტუმრები ვართ, მსხემები. სოფელი ებრძვის ადამიანს, აქ მისი ადგილი არ არის, ეს ქვეყანა მისი დროებითი სამყოფელია და არა ფუფუნებისა თუ ნეტარების ადგილი. ამა სოფლად თუ ვერ შევძელით საღვთო სიყვარულის შემეცნება, ვერც იმ სოფელში შევძლებთ.
თუ სიტყვას განვიხილავთ როგორც ცხოვრებას, რადგანაც ცხოვრება შინაარსია, რომელიც სხვაგვარად არ ცხადდება, თუ არა სიტყვით, - მაშინ მაცხოვრის ის სიტყვები, ზემოთ რომ მოვიხმეთ, ასე უნდა გავიგოთ: ჩვენი ცხოვრებით დავისჯებით და ჩვენი ცხოვრებით განვმართლდებით.
- სიტყვის ძალა განსაკუთრებით ქადაგებისას ვლინდება. მრავალი მორწმუნე გულწრფელად ცდილობს არაეკლესიურად მცხოვრები ახლობლების მოქცევას. აქვს თუ არა ქადაგების უფლება საერო პირს? ხომ არ სჯობს, ვერიდოთ ამას, რათა, სექტანტების მსგავსად, ხალხის გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ?
- საღვთო სიტყვის ქადაგებისას საღვთო მადლმოსილება ადამიანთა ცნობიერებამდე გასაგები ენით მიგვაქვს. ყოველი კაცი მოვალეა, რწმენისმიერი სიხარული სხვასაც გაუზიაროს. საღვთო სიტყვა სიყვარულით იქადაგება, ამიტომ იგი არასდროს გამოიწვევს უარყოფით დამოკიდებულებას. თუ ადამიანი უკეთური ძალის მიერ არ არის შეპყრობილი, ეს სიტყვები მალამოდ, სითბოდ, ნეტარებად მოეფინება გულზე, აღავსებს, განაძლიერებს და განამტკიცებს. მაგრამ დიდი სულიერება გვჭირდება, რომ სიტყვა ბრძნულად და დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ. სულიერება კი ცოტაა ჩვენში. თუმცა დღესაც არიან მამები, რომლებიც დიდ სიყვარულსა და მადლს ატარებენ. მინახავს, მისი უწმინდესობის ქადაგებისას როგორ მოსდის ცრემლი მრევლს და მიგრძნია, რომ მათ შორის უფალი სუფევს. ქადაგება, ზიარების დარად, ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი აღმატებული მომენტია. ზიარების მეშვეობით ქრისტე ჩვენში უხილავად შემოდის, ხოლო ქადაგებისას ეს შემეცნების საშუალებით ხორციელდება.
შეიძლება, არაფერი თქვა, მაგრამ საკუთარი ცხოვრებით, პირადი მაგალითით ქადაგებდე.
- სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არსო, გვმოძღვრავს იაკობ მოციქული. აქვს თუ არა ჩვენს სიტყვას ძალა, განურჩევლად ჩვენი განწყობისა?
- ნუ დაგვავიწყდება: ვერც ერთი ჩვენგანი იმდენად ვერასოდეს სათნოეყოფა უფალს, რომ ღირსი შეიქმნეს ღვთის სიტყვის ქადაგებისა. რაც უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ადის ადამიანი, მით უფრო ცოდვილი ჰგონია თავი. წმინდანები ზეცად მიჰყავდათ ანგელოზებს, ისინი კი ცრემლით ითხოვდნენ უფლისგან ცოდვათა შენდობას. ჩვენც ცოდვილნი და უღირსნი ვართ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი გვაძლევს, განგვწმენდს და აღაშენებს ჩვენში. ევქარისტიულ საიდუმლოებაში არის ასეთი სიტყვები: "შენთა შენთაგან შენდა შემწირველნი". ამიტომ, თუმცაღა არ ვართ ღირსნი საეკლესიო სწავლების ქადაგებისა, ამით საღვთო სიტყვის მადლმოსილებას არაფერი აკლდება, რადგან ეს მადლი ღვთისაგან მოედინება. ღმერთია ამ მადლის მბოძებელიც, მოქმედიც და შემწირველიც. უფალი კი ჩვენს მცდელობასაც შეიწირავს, რადგან იგი უფრო მოწყალეა, ვიდრე მომკითხველი.
- სიტყვით ადამიანები ვესაუბრებით ერთმანეთს და უფალს, მაგრამ ლოცვა მხოლოდ სიტყვები არ არის. როგორია ჭეშმარიტი ლოცვა?
- როგორც მამები ამბობენ, ღმერთთან შეხვედრა ლოცვით ხდება. სიტყვა, რომელიც ღმერთსა და ჩვენს შორის მოციქულობს, სინერგიის ანუ საღვთო ენერგიისა და ადამიანური ნების შეხვედრის ერთადერთი შესაძლებლობაა.
არსებობს მდუმარებაში ლოცვაც - მჭვრეტელობა, შინაგანი საუბარი ღმერთთან. ასეთი ურთიერთობა სუფევდა ღმერთსა და ადამს შორის. სამოთხეში არ იყო საჭირო ის, რაც დღეს გვჭირდება. არც მაშინდელი სიტყვა ჰგავდა დღევანდელს. ის უფრო შინაგანი სიტყვა იყო. ამის მაგალითად წარმომიდგენია ინფორმაცია, რომელსაც ვისიმე შეხედვისას უსიტყვოდ ვიღებთ. ვთქვათ, სათნოება, რომელიც სულიერებით სავსე ადამიანისგან მოედინება. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის გამოუთქმელი სიტყვა.
- მაშ, როგორ სახელსდებდა ადამი ცხოველებს სამოთხეში?
- ცხოველთა სახელდება პირობითად არის ნათქვამი. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ხასიათისა და თვისებების შინაარსობრივი შეცნობა იყო. იმის შეცნობა, რაც უფალმა ჩადო ცხოველებსა თუ მცენარეებში.
- რატომ მიიჩნევენ მამები, რომ დუმილი ოქროა რჩეული?
- ისააკ ასური ამბობს, რომ არსებობს კატეხიზაციის საფეხური, ღვთისმეტყველების საფეხური და მჭვრეტელობის საფეხური. ღვთისმეტყველი ვერ დაიწყებს კატეხიზმოს ანბანით ფიქრს, ქადაგებას და სულიერ აზროვნებას, მჭვრეტელი კი ვერ დაუბრუნდება ღვთისმეტყველებისთვის საჭირო სიღრმეებში წვდომასო. ღმერთი საიდუმლოა. რაც უფრო ღრმად სწვდება წმინდანი ამ დიდ საიდუმლოს, მით უფრო მეტად დუმს. ამის მაგალითია ისიქასტი მამების მდუმარება.
ერისკაცს გაუჭირდება მდუმარების სათნოებაში ყოფნა, მაგრამ ის კი შეუძლია, ამაო და ზედმეტ საუბარს ერიდოს.
- რატომ მიიჩნევა ცოდვად ამაოდმეტყველება?
- ამაოდმეტყველება ისეთი მეტყველებაა, რომელიც მხოლოდ ამბიციას აკმაყოფილებს, ზოგჯერ - ცხადს, ზოგჯერ - შეფარულს. უქმ მეტყველებას სიკეთე არ მოაქვს. ამ დროს ან განიკითხავ ვინმეს, ან განსჯი.
ამაოდმეტყველება არც ისეთი დიდი ცოდვაა, როგორიც, მაგალითად, შური. თუმცა, როგორც ერთ პატერიკშია ნათქვამი, შეიძლება ერთი დიდი ლოდის - მძიმე ცოდვის - თავის ადგილზე დაბრუნება უფრო გაგვიადვილდეს, ვიდრე იმავე სიმძიმის წვრილი კენჭებისა - მცირე ცოდვებისა.
- ზოგ ადამიანზე იტყვიან, სიტყვამადლიანიაო. რას ნიშნავს მადლიანი სიტყვა?
- მადლიანია სიტყვა, რომელსაც საღვთო მადლი კაცის გულამდე მიაქვს. ასეთი სიტყვა უმთავრესად მადლმოსილ ადამიანს ეძლევა. მაგალითად, წინასწარმეტყველები საღვთო მადლმოსილებას ატარებდნენ. ზოგჯერ უბრალო ადამიანიც იტყვის მადლიან სიტყვას, თუმცა შესაძლოა, თავად ეკლესიური არც კი იყოს. ასეთ შემთხვევაში ის ჭურჭელია ღვთის ხელში. მას უფალი იყენებს, ვინაიდან ეს სიტყვა მთქმელსაც სჭირდება და გამგონსაც.
- რას ნიშნავს, კაცი სიტყვით მოკლა და სიტყვით აცხოვნო?
- როგორც ვთქვით, სიტყვას აქვს ძალა და თუ ამ ძალით ადამიანი ქრისტეს გზაზე დააბრკოლე, ეს ნიშნავს, რომ მოკალი იგი. ხშირად მცირედი შეცდომისთვის ადამიანს ლამის სასიკვდილოდ ვიმეტებთ... ერთი სულიერი შვილი მებოდიშებოდა - ქალი შარვლით შემოვიდა ტაძარში, ვერ მოვითმინე და ვაკადრე, რაც ეკადრებოდაო. ასე არ შეიძლება. ყველა, ვინც ეკლესიაში მოდის, მოდის ღვთით და ვალდებულნი ვართ, მივიღოთ იგი. ამის შემდეგ იწყება მისი ზრდა, მაგრამ ჩვენ კი არ ვზრდით, არამედ უფალი. ჩვენც, მოძღვრები, პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც გავესაუბრეთ, პასუხს ვაგებთ იმათზეც, ვინც უნდა მიგვეღო და არ მივიღეთ.
- რა ძალა აქვს დალოცვას და წყევლას?
- არ შეიძლება, ადამიანს ცუდი უსურვო. შეუსაბამოა, მშობელმა დაწყევლოს შვილი და ამავე დროს მისი სიკეთე სურდეს (სამწუხაროდ, ამგვარ დამოკიდებულებას ხშირად ვხვდებით ჩვენს სინამდვილეში). შესაძლოა, ეს ბოროტი გულით არ იყოს ნათქვამი, მაგრამ სიტყვას მაინც აქვს ძალა... უწმინდესი ხშირად გვთხოვს, დავლოცოთ ერთმანეთი. ეფრემ ასური ერთგან ამბობს: ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვლოცავთ, ვისთანაც ცუდი, ვფიქრობთ - მე არ დავწყევლი, ღმერთმა მიუზღოსო; აი, რაოდენ დაცემულები ვართ: ღმერთის იარაღად გამოყენება გვსურს, ნაცვლად იმისა, რომ ვთხოვოთ უფალს, შეეწიოს, დალოცოს, ფეხზე დააყენოს, გამოასწოროსო.
- ზოგჯერ სიტყვებზე მეტად ჩვენს განწყობას კილო მიანიშნებს. შესაძლოა, ადამიანი იმდენად სიტყვის მნიშვნელობით არა, რამდენადაც ტონით გავანაწყენოთ.
- ჩვენს შინაგან მოუმზადებლობას ყველაზე მეტად ინტონაცია ავლენს. შესაძლოა, აზრობრივად ჭეშმარიტებას არ ავცდეთ, მაგრამ შინაგანი სულიერების დეფიციტი ჩვენს კილოში გამომჟღავნდეს. კილოს საგანგებოდ შერჩევა არ არის საჭირო. უმჯობესია, ვიფიქროთ სულიერებაზე და სწორი ინტონაცია თავისთავად მოვა. თუმცა ყველა მოძღვარი ვალდებულია, ქადაგების დაწყებამდე დაფიქრდეს, რის შესახებ უნდა იქადაგოს და ამ საკითხის შესაფერისი განწყობა შეიქმნას, შესაფერისი სიტყვა, შესაფერისი კილო შეარჩიოს. საღვთო ჭეშმარიტების ადამიანამდე მისატანად ზოგჯერ სიმკაცრეა საჭირო, ზოგჯერ - სითბო, ზოგჯერ კი სიტყვაც არ არის საკმარისი - როგორც უძღები შვილი ჩაიკრა მამამ გულში, ისე უნდა გამოხატოს თავისი განწყობა მოძღვარმა.
- ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი ძალა აქვს მოძღვრის დალოცვას. როდის უნდა ავიღოთ კურთხევა მოძღვრისგან?
- არსებობს მოძღვრის ზოგადი ლოცვა-კურთხევა სულიერი შვილებისადმი, მაგრამ განსაკუთრებული საქმის დაწყების წინ სულიერი შვილი მოძღვრისგან საგანგებოდ უნდა იღებდეს ლოცვა-კურთხევას. ამით ის ითხოვს ღვთის შეწევნას. მრავალი ერისკაცი ყოველი წვრილმანის გამო ლოცვა-კურთხევას ითხოვს. კურთხევის აღებაც იოლია და გაცემაც, მაგრამ უმჯობესია (თუმცა კი რთული), შინაგანად სათნოეყო უფალს, თვითონვე ავარჯიშო გონება, ცნობიერება - რა ესათნოება და რა არა უფალს. სამწუხაროდ, ჩვენ გარეგნულ ცხოვრებას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე შინაგანს...
მონასტერში სულიერი შვილი მოძღვრის კურთხევით ცხოვრობს, ფიქრსაც კი მას უმორჩილებს. საერო ცხოვრებაში რთულია მოძღვართან ასეთი ურთიერთობა და არც არის საჭირო. ერში სამონასტრო წესით ცხოვრება ძნელია. ამიტომ მიდიოდნენ მამები მონასტერში, ზოგი - უდაბნოშიც კი. სულიერი წინსვლისთვის საერო ცხოვრებაშიც მრავალი საშუალებაა. ბოლოს და ბოლოს, შეინანე, რომ ვერ ცხოვრობ ისე, როგორც გსურს. რაც უფრო ღრმა იქნება ეს სინანული, მით მეტი მადლი მოგეცემა უფლისაგან.
- შეიძლება, ორმა ადამიანმა ერთი და იგივე რამ გვითხრას, მაგრამ ერთის ნათქვამი მივიღოთ, განვიცადოთ, მეორისა - არა...
- ეს იმაზეა დამოკიდებული, გულწრფელია თუ არა მთქმელი. გულწრფელობა სინანულისა და სიყვარულისაგან მოდის, მათ გარეშე ადამიანი ამპარტავნებას ვერ დაიცხრობს, იქ კი, სადაც ამპარტავნებაა, გულწრფელობა ვერ იქნება. თუ ვინმე ბოროტად სარგებლობს სხვისი გულწრფელობით, ეს მისი პრობლემაა. გულწრფელობა და სიმართლე მეგობრები არიან, სიმართლისმოყვარეობა კი ერთ-ერთი სათნოებაა ქრისტიანული ცხოვრებისა, მაგრამ სიმართლე უნდა გვიყვარდეს არა სიმართლისთვის, არამედ სიყვარულისთვის, დიდსულოვნებისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვინ გვესაუბრება.
- სიტყვით ადამიანის მხილებაც შეგვიძლია. როგორია მართებული წესი მხილებისა?
- მხილება დაუშვებელია, თუ არ არსებობს სიყვარული. სამართალი ამბობს: თუ არ გიყვარს, ნუ ამხელ, რადგან შენი უსიყვარულობა საკმარისია, რომ ბოროტმა ქამანდი მოგდოს და მცდარ გზაზე დაგაყენოსო. სიყვარულით ამხილე და თუ მხილებულმა მიიღო მხილება, მადლობდე უფალს, თუ არადა ჩათვალე, რომ ესეც ღმრთისგან არის დაშვებული.
- ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო, რუსთაველი ბრძანებს. მისაღებია თუ არა ქრისტიანისთვის ამ პრინციპით მოქმედება?
- "ვეფხისტყაოსანი" ჩვენთვის ლიტერატურული ფორმით გადმოცემული საღვთო სიბრძნეა... როცა ხედავ, რომ სათქმელი უნდა ითქვას, უნდა თქვა, ხოლო თუ ატყობ, რომ შენი სიტყვა უფრო მეტს დააშავებს, უმჯობესია, თავი შეიკავო. თუ არ გაქვს სიყვარული, ნურაფერს იტყვი. კარგია, როცა ადამიანმა იცის, რაზე შეიძლება ლაპარაკი და რაზე არა. ეს დიდი სიბრძნეა.
- აქედან გამომდინარე, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მასმედიას, როგორც სიტყვის გამავრცელებელს?
- მასმედია, როგორც თავისთავადი ობიექტი, არ არსებობს, იგი ადამიანის შემოქმედების ნაყოფია. კარგია, როდესაც კაცმა საკუთარი საქმე კარგად იცის, როცა მასმედია ემსახურება ადამიანის სულიერ აღმასვლას, მარადიული ღირებულებების - სიკეთის, სიყვარულის დამკვიდრებას. თუ ადამიანისთვის სასარგებლო საქმიანობაა მისი მიზანი, მაშინ უფრო ფრთხილად იქნება ისეთი სიტყვების ხმარებისას, რომლებიც აზიანებს ადამიანს. ჩვენს სინამდვილეში ძალიან მწვავედ დგას ეს საკითხი, არა მხოლოდ საერო კუთხით, არამედ სასულიერო თვალსაზრისითაც. საქართველოში შეფერხებულია საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარება, მას ნაკლებად უჭერს მხარს საზოგადოება, განსაკუთრებით - საგანმანათლებლო სისტემა. სასულიერო განათლების მქონე ადამიანები მხოლოდ ეკლესიაში არიან და ყველას არც აქვს საშუალება მასმედიაში მუშაობისა. მხოლოდ ამ პასუხისმგებლობის გრძნობა და სერიოზული დამოკიდებულება არ არის საკმარისი, ამას სპეციალისტების მომზადება სჭირდება.
- "კარიბჭეს" 3 წელი უსრულდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ჩვენი ჟურნალისადმი და რის შეცვლას ისურვებდით?
- ჩვენ რელიგიური ცხოვრების ტრადიცია თითქმის ორი საუკუნით გაგვიწყდა. ამ პირობებში, როცა ეკლესია ხელახლა იბადება, აღორძინებას იწყებს, სასულიერო ლიტერატურის, სასულიერო ჟურნალ-გაზეთების გამოცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სათუთი საქმეც არის. რა თქმა უნდა, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. ამ სამი წლის მანძილზე "კარიბჭემ" თავის დამკვიდრება მოახერხა, შეძლო საკუთარი მიმართულების შექმნა, მას ელის მკითხველი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "კარიბჭე" წარმატებული ჟურნალია და სწორ გზას ადგას, თუმცა ვისურვებდი, მომავალში პრობლემატიკა და თემატიკა კიდევ მეტად გაშლილიყოს. წარმატებებს გისურვებთ, ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
- დიდი მადლობა.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი