- რით საზრდოობდნენ ბერები?
- წმინდა ეპიფანე ეგვიპტელ მონაზონთა შესახებ წერდა: "ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს ყოველგვარ ხორცეულზე - ოთხფეხზე, ფრინველზე, თევზზე, კვერცხსა და ყველზეც კი; ზოგი - მხოლოდ ოთხფეხზე, ხოლო ფრინველისა და სხვათა მიღებას არ იკრძალავს; ზოგიერთი ფრინველისგანაც თავს იკავებს, თუმცა ყველსა და თევზს ჭამს; ზოგი თევზსაც ერიდება და მხოლოდ ყველს სჯერდება. ზოგი პურსაც არ ეკარება, ზოგიერთი კი ხის ნაყოფსა და მოხარშულ საკვებსაც არასოდეს იხმევს". თუმცა სტუმრად ყოფნისას ბერები შეთავაზებულ ხორცეულზე უარს არ ამბობდნენ. მაგალითად, ილარიონ დიდს ეპიფანესთან სტუმრობისას სადილად ფრინველი მიართვეს. მან შეჭამა და დასძინა, მას შემდეგ, რაც ბერი გავხდი, დაკლული არაფერი მიჭამიაო. ერთხელ სკიტის რამდენიმე ბერი, მათ შორის პიმენიც, ესტუმრა ერისკაცს, რომელმაც სადილად ხორცი შესთავაზა. პიმენის გარდა სადილი ყველამ მიირთვა. სადილის შემდეგ უხუცესებმა ჰკითხეს, რატომ მოიქცა ასე. "თქვენ ჭამდით, მაგრამ არავინ ცდუნებულა, - მიუგო პიმენმა, - ხოლო მე რომ მეჭამა, მრავალ ჩემთან მომსვლელ ძმას სძლევდა ცდუნება და იტყოდნენ: "პიმენი ხომ ჭამდა ხორცს, რატომ არ შევჭამოთ ჩვენც?"
ამგვარად, ბერები მხოლოდ სტუმარმასპინძლობის ადათის პატივისცემით იხმევდნენ ხორცს, ისიც - მაშინ, როცა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამით ვინმესთვის ცდუნების მიზეზად არ იქცეოდნენ. სხვა დროს კი მათ საზრდოს წარმოადგენდა ხმიადი, მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. შეჭამანდს ოსპისგან ამზადებდნენ, იშვიათად უმატებდნენ ზეთსა და თაფლს. დამარილებული თევზი და რბილი პური ფუფუნებად ითვლებოდა. ღვინის სმა ბერებს არ ეკრძალებოდათ, თუმცა ათანასე დიდი დრაკონტესთვის მიწერილ წერილში კიცხავდა მათ, ვინც ღვინოს სვამდა.
დღის ცხრა საათამდე - მანამდე, სანამ ლოცვასა და ფსალმუნებს არ აღავლენდნენ - ბერებს ჭამაც და სმაც აკრძალული ჰქონდათ. ზოგი საღამომდე მარხულობდა, თუმცა გამოცდილი უხუცესები ურჩევდნენ, საკვები ცხრა საათზე მიეღოთ, რათა საღამოსა და ღამის კანონის შესრულება არ გასჭირვებოდათ. ოთხშაბათსა და პარასკევს, როგორც წესი, არაფერს ჭამდნენ.
გირვანქა ხმელი პური, რამდენიმე კოვზი ოსპის ფაფა და მწვანილი, რომელსაც დღეში ერთხელ გეახლებოდნენ, რა თქმა უნდა, ფრიად ზომიერი საკვები იყო. ზოგიერთი პურის მიღებისგანაც თავს იკავებდა. მაკარ ალექსანდრიელი აღტაცებით იხსენიებდა ტავენის ბერებს, რომლებიც ორმოცდღიანი მარხვისას მოხარშულ საზრდოს არ იღებდნენ. თავად მას შვიდი წლის მანძილზე მოხარშული არაფერი უჭამია, მხოლოდ ახალი მწვანილითა და ბოსტნეულით იკვებებოდა. ერთხელ შეიტყო, რომ ერთი ბერი დღეში გირვანქა პურის გარდა არაფერს ჭამდა. გაახმო პური, ჩადო ქილაში და წესად აქცია, არ ეჭამა იმაზე მეტი, რასაც ხელით ერთ ჯერზე ამოიღებდა. მთელი სამი წელი იქცეოდა ასე.
ამბა ილია ახალგაზრდობისას კვირაში ერთხელ ჭამდა, ხოლო მოხუცებულობის ჟამს დღეში მხოლოდ სამ უნცია პურსა და სამ ლეღვს იღებდა.
მოხარშულ საკვებს მრავალი უხუცესი ეკრძალებოდა. მაგალითად, ამონი ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე მხოლოდ უმი საზრდოთი იკვებებოდა და გარდა პურისა, ცეცხლზე მომზადებულს არაფერს ეკარებოდა. მოსე სკიტელი, რომელიც მთელი დღე მუშაობდა და 50 ლოცვას ასრულებდა, მხოლოდ 12 უნცია პურს ჭამდა, ხოლო აპოლოსი ოდენ მწვანილით საზრდოობდა. იყო ერთი უხუცესიც, რომელმაც გადაწყვიტა, 40 დღე წყალი არ დაელია, თანაც ამ ხნის მანძილზე ყელზე წყლით სავსე ჭურჭელი ჰქონდა ჩამოკიდებული.
- ზემოთ ბერების სტუმართმოყვარეობა ახსენეთ...
- მონაზონთა მკაცრ წესს დაქვემდებარებულ ცხოვრებას ხშირად არღვევდა სტუმრების მოსვლა. ამიტომაც სენაკში უსიტყვოდ ყოფნა სამონაზვნო ღვაწლის წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს პირობად მიიჩნეოდა. "იჯექი სენაკში, - ამბობდა მოსე, - სენაკი ყველაფერს გასწავლის", - ხოლო მაკარი ბრძანებდა: "გაექეცი ხალხს, იჯექი შენს სენაკში, იტირე ცოდვები, ნუ შეიყვარებ ხალხთან საუბარს და გადარჩები". თუმცა რაკი ახალგაზრდებსა დაAნაკლებად გამოცდილებს უხუცესთა დარიგება სჭირდებოდათ და თავად უხუცესთათვისაც აუცილებელი იყო ერთმანეთთან ურთიერთობა, ძალაუნებურად უხდებოდათ ერთმანეთის მონახულება. გარდა ამისა, ეგვიპტეში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი მწირი ჩადიოდა. თვით ეგვიპტელი ბერებიც დადიოდნენ სხვა სავანეების მოღვაწეთა ცხოვრების შესასწავლად, დარიგების მისაღებად. ზოგჯერ კი მატერიალური საჭიროება აიძულებდათ, შორ გზას დასდგომოდნენ. სტუმარმასპინძლობის ადათს ყველგან იცავდნენ. კინოვიებში მომსვლელთათვის სავანის ბჭესთან განსაკუთრებული სასტუმროები ეწყობოდა. ნიტრიის მთაზე, ეკლესიის გვერდით, იყო სასტუმრო, სადაც მწირები ორი-სამი წლის განმავლობაშიც კი ცხოვრობდნენ. მათ შეეძლოთ, ერთი კვირა უსაქმოდ ყოფილიყვნენ, მერე კი მიუთითებდნენ, სად ემუშავათ - ბაღში, სამზარეულოში თუ საცხობში. საპატიო ხალხს წიგნებს აძლევდნენ წასაკითხად, მაგრამ ექვს საათამდე მათ ვინმესთან საუბარი ეკრძალებოდათ. მოგზაურებს ყველა სენაკში შეეძლოთ შესვლა - დარწმუნებულები იყვნენ, მათ ყველგან გულისხმიერად მიიღებდნენ. მწირი ყოველი ბერისთვის ძვირფასი სტუმარი იყო.
სტუმარმასპინძლობის წესის თანახმად, სენაკში შესვლისას მწირი მილოტს იხდიდა და ლოცვას აღავლენდა. ამასობაში მასპინძელი წყალს ამზადებდა, ფეხებს ბანდა მოსულს და სატრაპეზოდ იწვევდა. სტუმარს სთავაზობდნენ საუკეთესოს, რაც კი გააჩნდათ: პურს, ბოსტნეულს, ოსპის ფაფას, თუ ჰქონდათ, ღვინოსაც. მასპინძელი პატივისცემის ნიშნად სტუმარს სთხოვდა, ლოცვა აღევლინა და ტრაპეზი დაელოცა. ხშირად სტუმარი ამ პატივს მასპინძელს უთმობდა.
სტუმრის მოსვლის გამო ბერები დღის ნებისმიერ დროს იხსნილებდნენ. ერთ უხუცესს, რომელმაც სტუმრების გამო მარხვა დაარღვია, უთხრეს: "გვაპატიე, რომ წესის დარღვევა გაიძულეთ". მან კი მიუგო: "მივიღო სტუმართმოყვრულად და გავუშვა მშვიდობით - აი, ჩემი წესი". ერთმა ბერმა ასეთი რამ თქვა: "ვინც ჭამა სიყვარულის გამო, მან ორი მცნება შეასრულა: უარყო საკუთარი ნება და მოყვასის მიმართ სიყვარული გამოიჩინა".
მწირთა გამასპინძლებითა და მათთან ტრაპეზის გაყოფით ბერები თავიანთ მარხვასა და ღვაწლს ფარავდნენ. მმარხველი სტუმარიც ხშირად უერთდებოდა მისთვის შეთავაზებულ ტრაპეზს. "თუ ვინმესთან მიხვალ, - ამბობდნენ მამები, - არ გაამჟღავნო შენი ცხოვრების წესი, ხოლო თუ მისი დაცვა გსურს, შენს სენაკში იჯექი".
სტუმრებთან ძმებს ზოგჯერ საერო თუ ყოფით თემებზეც უხდებოდათ საუბარი, თუმცა რამდენადაც სტუმარმასპინძლობის წესი საშუალებას აძლევდათ, ცდილობდნენ, ასეთი საუბრები შეეკვეცათ. განსაკუთრებით ერიდებოდნენ ერეტიკოსებთან ბაასს, თუმცა სტუმრობაზე უარს არც მათ ეუბნებოდნენ.
მამებს არ უყვარდათ თავიანთი სულიერი საგანძურის მათთვის ჩვენება, ვინც სულისთვის საზრდოს არ ეძიებდა, მაგრამ როცა სულიერი ნუგეშის მიღების მსურველნი ბრძენ უხუცესთან მიდიოდნენ სტუმრად, საუბარი ისე გაიტაცებდათ ხოლმე, ზოგჯერ ჭამაც კი ავიწყდებოდათ.
თუ მწირი ღამის გასათევს ითხოვდა, კუთხეში უშლიდნენ ჭილოფს (თვით მასპინძელს მეორე კუთხეში ეძინა). საღამოს ლოცვაში მონაწილეობა, თუ თავად არ მოისურვებდა, სტუმრისთვის სავალდებულო არ იყო.
თუ რომელიმე მონაზონს ნათესავი ქალი ეწვეოდა, მიღებაზე უარს არ ეუბნებოდნენ, თუმცა საუბრისას ერთმანეთისგან შორიშორს ისხდნენ.
ორმოცდღიანი მარხვის დროს მრავალი ბერი სენაკის კარს კეტავდა და სტუმრებს არ იღებდა, თუმცა ერთხელ ასეთი რამ მოხდა: ძმა, რომელიც ვნებებს ებრძოდა, ორმოცდღიანი მარხვის მეორე კვირას პიმენთან წავიდა. არ ეგონა, თუ კარს გაუღებდნენ, მაგრამ პიმენმა მიიღო ის და უთხრა: "მთავარი ხის კარის დახურვა კი არ არის, არამედ ენისაო".
- ვინ უვლიდა ბერებს ავადმყოფობის დროს?
- ბერები მორჩილებითა და მოთმინებით იტანდნენ მძიმე ავადმყოფობას, მაგრამ არც ექიმის დახმარებაზე ამბობდნენ უარს. ნიტრიის მთაზე თავიანთი ექიმები ჰყავდათ, ხოლო სკიტში საავადმყოფოც კი ჰქონდათ მოწყობილი. თუ გაიგებდნენ, რომელიმე ძმა ავად გახდაო, თავს ევლებოდნენ და ცდილობდნენ, მისი ყველა სურვილი შეესრულებინათ. ერთხელ ერთ ავადმყოფ ბერს თათარა უნატრია. მაკარი დიდი თავად წასულა ალექსანდრიაში და ძმისთვის ნუგბარი მოუტანია. მოხუცი და უსინათლო ბერებისთვის საზრდო სენაკში მიჰქონდათ და თავადვე აჭმევდნენ.
როცა რომელიმე საწუთროს ესალმებოდა, ძმები მის სარეცელთან იკრიბებოდნენ, რათა მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები გაეგოთ. დიდ პამვას სიკვდილის წინ უთქვამს: "მივდივარ ღმერთთან ისე, თითქოს არც კი დამეწყოს მისი მსახურება". აგათონი ასეთი სიტყვებით გამოთხოვებია სულიერ ძმებს: "როგორც შემეძლო, ვშრომობდი უფლის მცნებათა შესასრულებლად, მაგრამ მე ადამიანი ვარ; როგორ უნდა მივმხვდარიყავი, სურდა თუ არა ჩემი საქმეები ღმერთს?! ვიდრე უფლის წინაშე არ წარვდგები, არა მაქვს ამის კადნიერება, რამეთუ ადამიანური სამსჯავრო სხვაა, ხოლო ღვთის სამსჯავრო - სხვა", - და ითხოვა, მეტი აღარაფერი ეთქვათ მისთვის. დიდი არსენი კი თურმე ამბობდა: "არავის მისცეთ ჩემი ნეშტი; ფეხზე თოკი გამოაბით და სოროში წაათრიეთ". როცა მისი აღსასრული მოახლოვდა, ძმებმა დაინახეს, რომ არსენი ტიროდა. "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" - უკითხავთ ბერებს. "მართალია. ნამდვილი შიში მუდამ თან მდევდა მას შემდეგ, რაც ბერი გავხდი", - მიუგო თურმე არსენმა.
ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ნინო ჩარგეიშვილი