როგორ არის წარმოდგენილი ფსალმუნებში ზებუნებრივი ნათელი და რა გზით არის შესაძლებელი მასთან მიახლება, ამ თემაზე გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.
- ფსალმუნთა ავტორი სულის სასოწარკვეთილსა და შეშფოთებულ მდგომარეობას ხშირად გამოხატავს შემდეგი სიტყვებით: "გარე მიაქციე პირი შენი ჩემგან და შევძრწუნდი" (ფსალმ. 29,7); "განმეგდებულ ვარ მე პირისაგან თვალთა შენთასა" (ფსალმ. 30, 22); "ვემსგავსე მათ, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა" და ა. შ. ღმერთის "პირის მიბრუნება" ადამიანისაგან ამ შემთხვევაში მეტაფორაა. რას გამოხატავს იგი?
- ღმერთი პირს მაშინ იბრუნებს ადამიანისგან, როდესაც უბედურების ჟამს მიატოვებს მას, რათა ცხადი გახდეს სიმტკიცე მოღვაწისა. ანტონი დიდს ეშმაკები დაესხნენ თავს და საშინლად გვემეს. როდესაც გონს მოეგო იგი, ღმერთს შესჩივლა: უფალო, სად იყავი მაშინ, რატომ მიმატოვე ასეთი განსაცდელის პირისპირო? - მაშინ უფლის ხმა გამოეცხადა მას, რომელმაც უთხრა: მე შენთან ვიყავი, ანტონი, და ვუყურებდი შენს მოთმინებასო. რამდენადაც პირის მიბრუნება ღვთის ნებას უპირისპირდება, ხოლო მღელვარება - სიმტკიცესა და ძლიერებას, ამდენად შეძრწუნება განსაცდელის ჟამს სულის უძლურებაა, რომელსაც ღვთისგან გაუცხოება წარმოშობს. ის, ვისაც უნათებს სახე უფლისა, მშვიდი და უშფოთველია და გამზადებული სიკეთისთვის, რადგანაც ნათქვამია: "განვემზადე და არა შევძრწუნდი" (ფსალმ. 118, 60). რას გულისხმობს წინასწარმეტყველი ამ სიტყვებში: "გამოჩნდა ნათელი პირისა შენისა უფალო" (ფსალმ. 4, 6)? - თუკი სხვები უბედურების ჟამს სასოს წარიკვეთენ, მე სხვაგვარად ვიქცევი, რადგან შენ გამომიჩნდიო. გამოჩენაში იგულისხმება რწმენა, რომელიც განდევნის სასოწარკვეთილების წყვდიადს. ეს რწმენა არის "ნათელი სოფლისა" - ქრისტე ("მე ვარ ნათელი სოფლისა").
მთელი ქვეყანა ცოდვითაა დაბნელებული, - ეუბნება მაცხოვარი თავის მოციქულებს: - თქვენ უნდა განანათლოთ იგი ჩემი სინათლით, ამიტომაც თქვენ ხართ "ნათელი სოფლისა". როგორც მზე აძლევს თავის ნათელს მთვარეს, ასევე უფალი ანათლებს მოციქულებს და იმათი მეშვეობით მთელ ქვეყანას, თავისი მადლის ნათლით ანათლებს ხალხებს. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს" (ფსალმ. 26, 1). ეს ის ნათელია, რომელიც ბრმებსაც განაბრძნობს. ეს ის ნათელია, რომელზედაც ფილიპემ უთხრა ნათანაელს: "მოვედ და იხილე." არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: "არსებობს სამი სახის ნათელი: პირველი - გრძნობადი ნათელი, რომლითაც ადამიანი აღიქვამს ფერებს, ხაზებს, ნაკვთებს, ანუ ხილული სამყაროს რეალიებს. ეს ნათელი ხელმისაწვდომია არა მარტო ადამიანისთვის, არამედ სხვა, უფრო ნაკლებად განვითარებული არსებებისთვისაც. მეორე - ინტელექტის, გონების, ჩვენი აზრების და წარმოდგენების ნათელი, რომელიც განსაკუთრებულ ინტენსივობას აღწევს ფილოსოფოსებთან, სწავლულებთან, მხატვრებთან და პოეტებთან. ეს არის ლოგიკური მსჯელობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის ნათელი, მშვინვიერი, შექმნილი ნათელი, რომლისთვისაც მიუწვდომელია მარადისობის რეალიები. მესამე - საღმრთო გამოცხადების, სულის, თაბორის ნათელი, ასკეტებისა და მოღვაწეების ნათელი, რომლის სუფევაში შეღწევა შეუძლებელია ლოგიზაციის ან განხურვებული წარმოსახვის საშუალებით. იგი ცხადდება ადამიანის წინაშე, ვითარცა ახალი სიცოცხლე, ვითარცა სულის მზერა, ღმრთის ჭვრეტა და ღმერთთან კავშირი. სული მას აღიქვამს, როგორც მყოფობის სავსებას, გნოსისის სავსებას და ბედნიერების სავსებას." მათ, რომელნიც შორს არიან ჭეშმარიტების სიტყვებისგან, ფსალმუნი მოუწოდებს შეცნობის გზით მიუახლოვდნენ: "მოვედით და იხილენით საქმენი ღვთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქვეყანასა ზედა." (ფსალმ. 45, 8). შემდეგ ამბობს: "მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, მე ვარ უფალი." როგორც ხორციელი თვალებისთვის დიდი სიშორე ბუნდოვანს ხდის დასანახ საგნებს, მიახლოება კი ნათლად შეაცნობინებს მაყურებელს დასანახს, ასევეა გონებრივ განჭვრეტათა დროსაც: ვინც ღმერთს არ მიუახლოვდება თავისი ცხოვრებით, იგი ვერ შესძლებს იხილოს უფლის საქმეები გონების წმინდა თვალით. ამიტომაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სათხოვარი უნდა იყოს: "ერთი ვითხოვე უფლისაგან... ხილვად ჩემდა მშვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი." (ფსალმ. 26, 4).
- უფლის პირის ხილვა მის დიდ წყალობას უკავშირდება, რომლის მიღების უტყუარი წინაპირობაც ადამიანის მიერ სიმართლისა და სიწმინდის დაცვა, ნათელი და სათნო ცხოვრებაა. ეს აზრია გამოხატული შემდეგ სიტყვებში: "ხოლო მე სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსა, განვსძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა." (ფსალმ. 16, 15); "და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმინდისაებრ ხელთა ჩემთასა, წინაშე თვალთა მისთა." (ფსალმ. 17, 24). მაინც ვინ არის ის "ნათესავი, რომელი ეძიებს ხილვად პირსა ღვთისა იაკობისსა" (ფსალმ. 23, 6)?

- ბიბლიიდან ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს არ ძალუძს იხილოს პირი უფლისა და ცოცხალი დარჩეს (გამოსვლ. 33, 20). რა იგულისხმება აქ პირში?
- ბასილი დიდის აზრით, აქ პირში განცხადებულად და ნათლად უნდა იგულისხმებოდეს მობრძანება უფლის სამსჯავროზე. "ამიტომაცაა ნათქვამი, - წერს იგი, - რომ თვალნი უფლისანი, რომელნიც ჯერ კიდევ შორიდან გვიმზერენ, მართალს უყურებს; ხოლო თვითონ პირი კი დედამიწაზე ბოროტების ყოველგვარი სახსენებლის აღმოსაფხვრელად გამოჩნდება. მაგრამ პირს ღვთისას ხორციელად ნუ წარმოიდგენ, რადგანაც ამგვარ შემთხვევაში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ წმინდა წერილში რაღაც შეუსაბამო ითქვა; კერძოდ ის, რომ თვალები განსაკუთრებით მართალთა ზედა ბრწყინავენ, ხოლო პირით საგანგებოდ უკეთურებისკენაა მიქცეული და ეს მაშინ, როცა არც თვალებია გარეშე სახისა და არც სახეა უთვალებოდ. ჩვენი ხორციელი გარსის უძლურების გამო ახლა შეუფერებელია ჩვენთვის ხილვა ღვთის დიდების გამოცხადებისა. ანგელოზებს კი, რომელთაც არა აქვთ საფარველი, მსგავსი ჩვენი ხორცისა, არაფერი უშლით ხელს, რომ განუწყვეტლივ უჭვრიტონ სახეს ღვთის დიდებისა. ამიტომ, რაჟამს აღდგომის ძენი გავხდებით, მაშინ ჩვენც ვიქნებით ღირსი მისი პირისპირ შეცნობისა; მაშინ მართალნი ღირსნი შეიქნებიან ღვთის პირის სიხარულით ჭვრეტისა, ხოლო ცოდვილნი - სამსჯავროსი, რადგანაც ღვთის სამართლიანი სამსჯავროს მიერ ყოველგვარი ცოდვა აღმოიფხვრება."
- რა დატვირთვა აქვს ცეცხლსა და სიბნელეს ფსალმუნებში?
- მაცხოვრის ერთ-ერთი ეპითეტია: "ცეცხლ განმლეველი". ფსალმუნში ვკითხულობთ: "ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდნენ და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდნენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდენ" (ფსალმ. 67, 3). ბიბლიიდან ვიცით, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ებრაელ ერს მიუძღოდა: დღისით აგრილებდა ღრუბლის სახით, ღამით კი ცეცხლის სახით უნათებდა გზას: "უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა." (ფსალმ. 77, 14). უფლის რისხვა არაერთხელ გამოვლინდა ცეცხლის სახით: "უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნეს იგინი, და ცეცხლმან შესჭამნეს იგინი." (ფსალმ. 20, 8). ერთი მნიშვნელობით ცეცხლი მოუნანიებელ ცოდვილებს ნთქავს; მეორე მნიშვნელობით კი ცეცხლი არის წმინდა სახარება, რომელიც შთანთქავს და განაქარვებს ეშმაკის ნებისმიერ ღონეს. რაც შეეხება სიბნელეს, მას არსი არა აქვს, ისევე როგორც ბოროტებას. უფალს ის არ შეუქმნია. სიბნელე არის მხოლოდ ნათლის მოკლება და სხვა არაფერი. სიბნელე არის უსჯულო ცხოვრება: "აღივსნეს სიბნელითა ქვეყანისათა სახლნი უსჯულოთანი" (ფსალმ. 73, 20). არსებობს სულიერი სიბრმავე, რომელსაც ნებაყოფლობით ირჩევს ადამიანი: "თვალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქვეყანად". (ფსალმ. 16,11). სულიერად ბრმები არიან ისინი, ვინც თავიანთი ნებით განშორდნენ და მოაკლდნენ სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს: "თვალ ასხენ და არა ხედვენ." ადამიანს აბრმავებს ცოდვები. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე მძიმე - ამპარტავნებაა, რომელიც მას ღმერთისგან აუცხოებს: "თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლენ." (ფსალმ. 17, 27). სულიერად დაბრმავებულ ადამიანებზე მეფსალმუნე ამბობს: "დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე" (აქ უფლის გულისწყრომის ცეცხლი იგულისხმება). არიან ადამიანები, რომელთაც არ სცნეს, "არცა გულისხმა-ჰყვეს" უფლის წყალობა, ამიტომ ისინი: "ბნელსა შინა ვლენან."(ფსალმ. 81, 5). სულიერ სიბნელეს განდევნის რწმენა და მუდმივი ხსოვნა იმისა, რომ უფალი უსაზღვროდ მოწყალეა: "წყალობა შენი წინაშე თვალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა." (ფსალმ. 25, 3). უფალია საწუთროს მიერ დაგებული ყოველგვარი მახისაგან გამომხსნელი: "თვალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი." (ფსალმ. 24, 15). ადამიანი ძლევასა და გამარჯვებას, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი თვალსაზრისით, ისევ და ისევ უფლის წყალობით აღწევს: "რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანა, და არცა მკლავმან მათმან იხსნა იგინი, არამედ მარჯვენემან შენმან, და მკლავმან შენმან, და ნათელმან პირისა შენისამან" (ფსალმ. 43, 3).
- დაბოლოს, მეფსალმუნე უფალს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩვენო შენ" (ფსალმ. 5, 3); "მასმინე მე განთიად წყალობა შენი, რამეთუ მე შენ გესავ". ფსალმუნის ეს სიტყვებია ჩართული "დიდება მაღალიანის" საგალობელში, რომელიც ცისკრის მსახურებაზე აღევლინება მას შემდეგ, როდესაც მღვდელი ხელაღპყრობით წარმოთქვამს: "დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი." რა დატვირთვა აქვს ღვთისმსახურების ამ ნაწილს?
- მღვდლის ამ სიტყვებს გადავყავართ ქრისტიანობის უძველეს ხანაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმას, რომ ძველად ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა მზის ამოსვლამდე. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით მადლობს ღმერთს ახალი დღის დადგომისა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისათვის. ხილული ნათელის ქვეშ მორწმუნენი გულისხმობენ სარწმუნოებრივ ღვთაებრივ ნათელსაც, რომელსაც ეზიარნენ იესო ქრისტეს წყალობით. "დიდება მაღალიანის" საგალობლით ანგელოზები და ადამიანები, ზეციური და ქვეყნიური ეკლესიები ადიდებენ ქვეყნიერების შემოქმედს. მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შესძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება. ამიტომ ჩვენც აღვაპყროთ სულიერი თვალები და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ვუღაღადოდ უფალს: "გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა, და საყოფელთა შენთა" (ფსალმ. 42, 3).