საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
ასეა ამ შემთხვევაშიც. ჩემთვის საიდუმლოა, როგორ გარდაიქცევა პური და ღვინო თავად უფლის ხორცად და სისხლად, მაგრამ ეს საიდუმლო თავისთავად არსებობს, თუმცა კი გაუგებრად რჩება, - შენიშნავს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - ჩემს შემქმნელს, როგორც უზენაესს, ყოვლადძლიერს, უამრავი საიდუმლო აქვს. ჩემი თავიც, როგორც მისი ქმნილება, ჩემთვის საიდუმლოა. ღირსეულად დააფასე იესო ქრისტეს ის უდიდესი სასწაული, რომელსაც მის საღმრთო საიდუმლოში რწმენით ეზიარები. სასწაულია ცოდვით მომკვდარი გულის გაცოცხლება და დამშვიდება. ეს მით უფრო ცხადი ხდება, რაც უფრო ხშირად ეზიარები. ნუ ჩათვლი მას რაღაც ჩვეულებრივ ან ნაკლებმნიშვნელოვნად. მსგავსი ფიქრები ღვთის რისხვას დაგატეხენ თავს და ზიარების შემდეგ მშვიდობას არ მოგანიჭებენ. შიში და მოუსვენრობა ურწმუნოების შედეგია. ზიარებისას მათი გაჩენა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სიცოცხლეს განეშორები. ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას. "ბუნებაში უამრავი საიდუმლოა, რომლის გაგებაც გონებისთვის შეუძლებელია, მაგრამ ისინი არსებობენ.
ჰოი, რწმენავ! შენ თვითონ ხარ სასწაული!"
ამჯერად კი ერთი ხილული სასწაულის შესახებ მოგითხრობთ პატერიკონიდან;
უფლის ფერისცვალების დღესასწაულის დაწყებამდე, სოფელ ვისოკოეს ფერისცვალების ტაძარში ეპისკოპოსი ჩაბრძანდა. მწუხრის ლოცვა საღამოს 6 საათზე დაიწყო. მეუფე დილით ადრე დგებოდა და მეორე დღეს, როდესაც დილის 5 საათზე ბაღში სეირნობდა, მიუახლოვდა ღობეს, რომელიც მღვდლის ბაღს მეზობლის ეზოსგან ჰყოფდა. დაინახა ასამდე სკა. გონებაში შეაქო მეპატრონე და უფლისაგან მისთვის კურთხევა გამოითხოვა.
საზეიმო წირვის შემდეგ მღვდელმა ეპისკოპოსი მოკრძალებულ ტრაპეზზე მიიწვია. მეუფეს დილანდელი გასეირნება გაახსენდა და ისურვა გაეგო, ვისი საფუტკრე ესაზღვრებოდა მღვდლის ბაღს. მეფუტკრე აღმოჩნდა სოფლის მამასახლისი, რომელიც ამ ტრაპეზს ესწრებოდა.
- კარგ, სასარგებლო საქმეს აკეთებთ, - შეაქო მეუფემ.
- დაგვლოცე, მეუფეო, დიდი ხანია ასეთი მოსავალი არ გვქონია, - უთხრა მამასახლისმა და ძღვნად თაფლი მიართვა.
მეუფემ მადლობა გადაუხადა და ჰკითხა, რამდენი სკა ფუტკარი ჰყავდა.
- ასამდე, - უპასუხა მამასახლისმა, - თუმცა რაღაც შემთხვევის გამო ერთ-ერთი სკიდან თაფლი არ ამომიღია. ეპისკოპოსმა სთხოვა მეფუტკრეს, მოეყოლა რა იყო ამის მიზეზი.
- საკვირველი ამბავია, მეუფევ, არ ვიცი, როგორ გავბედო ამის მოყოლა, - უხერხულად დაიწყო მამასახლისმა, - ამ ზაფხულს პეტრე-პავლობის დღესასწაულის წინ, ჩემი ძმისწული მესტუმრა. "ეკლესიაში სიარული აუცილებელი არ არის", - ეუბნებოდა იგი ჩემს შვილებს, რითაც ძალზე აღაშფოთებდა მათ. იგი არც წმინდა ხატებს ცნობდა. ჩემმა რჩევა-დარიგებამაც ვერ გამოიღო ნაყოფი. დღესასწაულის მოახლოების წინა დღეებში ისიც კი თქვა, მე კი ვმარხულობ, მაგრამ ზიარებისას წმინდა ნაწილებს არ გადავყლაპავ და ნახავთ, როგორ მოვექცევი მათო". ვეუბნებოდით, ფიქრადაც ნუ გაივლებ ამგვარ მკრეხელობას, თორემ მამა ივანეს ვეტყვით ყველაფერს და არ დაგიშვებს ზიარებაზეო. ამ ნათქვამმა თითქოს შეაშინა და პირობა მოგვცა, წესიერად მოიქცეოდა. ჩემი შვილები თვალყურს ადევნებდნენ მას, და აი, პეტრეპავლობას, როგორც კი აზიარეს, უფლის სისხლი და ხორცი მართლაც არ გადაყლაპა, ეკლესიიდან გამოვიდა, საფუტკრისკენ გაემართა, წმინდა ნაწილები პირიდან გადმოაგდო და შინ გასწია. ჩემმა შვილებმა წმინდა ძღვენი შეაგროვეს და ერთ-ერთ სკაში მოათავსეს. ფუტკრები არ მიეკარნენ ამ სიწმინდეს. ყელაფერი მამა ივანეს ვუამბეთ. გვირჩია, გავჩუმებულიყავით. მეუფემ სოფლის მღვდელს მოუწონა საქციელი და შეეკითხა, თუ სცადე მკრეხელის შეგონებაო. მამა ივანემ უპასუხა, ამ შემთხვევის შემდეგ აღარ მინახავს, რადგან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს ჩამოქცეულმა ცეცხლმოკიდებულმა სახურავმა იმსხვერპლა და მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს მისი დანახშირებული სხეულიო.
- სამართლიანად დასაჯა იგი ღმერთმა, - შენიშნა ეპისკოპოსმა, - შენ ამბობ, რომ ამ სკიდან თაფლი არ ამოგიღია? - მიუბრუნდა მეუფე მამასახლისს, - გამოდის, რომ უფლის წმინდა ნაწილები ახლაც იქ არის!.. მამა ივანე, - ახლა სოფლის მღვდელს მიმართა მღვდელმთავარმა, - ხვალ, დილით, ვიდრე გავემგზავრებოდე, პარაკლისის დამთავრებისთანავე ლიტანიობით გავემართოთ იმ სკასთან წმინდა ნაწილების მისთვის საკადრის ადგილას - ბარძიმში დასაბრუნებლად.
მღვდელმთავარმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, დილით, პარაკლისის დასრულების შემდეგ, პროცესია ეკლესიიდან საფუტკრისკენ დაიძრა. მრევლი, სადღესასწაულო დიდებულებით, მშვიდად მიემართებოდა წმინდა ნაწილების მოსანახულებლად, რომელთაც წინ ეპისკოპოსი მიუძღვოდა ბარძიმით ხელში. როდესაც მამასახლისის ეზოში შევიდნენ და იმ სკას მიუახლოვდნენ, რომელშიც უფლის წმინდა ძღვენი იყო მოთავსებული, მუხლმოყრილმა დიაკვანმა პირჯვარი გამოისახა და სკის კარი გამოაღო. მუხლი მოიყარეს ეპისკოპოსმაც და ყველა იქ მყოფმა. ამ დროს, ღია კარიდან, თითქოს ვიღაცის მტკიცე ნებას ემორჩილებიანო, ფუტკრები გამოფრინდნენ, ორი არშინის სიმაღლეზე აფრინდნენ და ჰაერში ჯვარი გამოსახეს. და აი, დიაკვანი სკიდან იღებს რაღაც უფრო დიდს, ვიდრე ეს წმინდა ძღვენია, ისე რომ მას ლახვრის მოშველიება არც დასჭირვებია. იგი იღებს თეთრი ცვილისაგან ჩამოქნილ, სამლოცველოს ფორმის კიდობანს, რომელშიც სრულიად უხრწნელი წმინდა ნაწილები იყო მოთავსებული. აღტაცებისაგან ცრემლმორეულმა და გულაჩუყებულმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა და კიდობანს ემთხვია, რის შემდეგაც ამ ამბის ყველა მონაწილეს მიეცა სიწმინდეზე მთხვევის საშუალება. მთელი გზა, ვიდრე ეკლესიის კარიბჭემდე, ამ უდიდეს სიწმინდეს მრევლთან ერთად ფუტკრების გუნდიც მიაცილებდა, ჰაერში ფრენისას ისინი კვლავ ცოცხალი ჯვრის ფორმას ინარჩუნებდნენ.
დაბოლოს, რა ადგილი უნდა ეკავოს წმიდა ზიარებას ქრისტიანის ცხოვრებაში და რამდენად აუცილებელია ხშირი ზიარება მრევლისთვის?
გვესაუბრება თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სხირტლაძე.
- ვინც ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ცხოვრობს ქრისტიანულად, იგი არის ქრისტესთან და ქრისტე არის მასთან. ვისთანაც ქრისტე იმყოფება, მისი ცხოვრება ნათელია, მადლით სავსეა. ვინც არ ეზიარება - მადლს მოკლებულია, უმადლო სული კი კვდომისაკენ მიისწრაფვის.
რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეზიაროთ, რაც შეიძლება მეტად განვიწმინდოთ, მეტად ავმაღლდეთ, მივუახლოვდეთ ღმერთს. მხოლოდ უფალი კი არ უნდა მოდიოდეს ჩვენკენ, ჩვენც მისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ვინც სულიერად გაყინულია, ის იღუპება. ამიტომ თანმხვედრი, ორმხრივი უნდა იყოს მოძრაობა. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ეზიარება ადამიანი. წმინდა ზიარების მიღებისას განსაკუთრებით თავმდაბალნი უნდა ვიყოთ. არ შეიძლება ადამიანი გაღიზიანებული მიეახლოს წმინდა ზიარებას, ან ვინმესადმი ბოღმა, სიძულვილი ჰქონდეს გულში. ზიარება წრფელი, სუფთა, განწმენდილი გულით უნდა მივიღოთ.
თუ შენ ქრისტეში ხარ, თავისთავად ბუნებრივად უნდა იქმოდე სიკეთეს, თავისთავად უნდა გინდოდეს სიკეთის ქმნა. ღმერთმა ყველანი თავისუფალი შეგვქმნა და ამის გამო ვისჯებით კიდეც ზოგჯერ, ჩვენი თავისუფლება ჩვენვე გვსჯის. ცოდვას ჩავდივართ, თუმცა მონანიების საშუალებაც გვაქვს - ეკლესიის კარები ჩვენთვის მუდამ ღიაა, რათა მოვინანიოთ და კვლავ მივიღოთ დამსახურებული წყალობა ღვთისა - ზიარება. ზიარებისას ქრისტე შეიცნობა. თუ ღირსეულად ვეზიარებით, თუ შინაგანად განვიცდით ზიარებას, ქრისტეს შევიცნობთ, ქრისტეს დავინახავთ. ცხადია, არათვალხილულად, არამედ გულით, თუმცა იყვნენ წმინდანები, რომლებიც ბარძიმში ხილულად ხედავდნენ მაცხოვარს, როგორც ყრმას, ან როგორც ნათელს.
ხშირი ზიარება სასარგებლოა. ვინც ხშირად ეზიარება, ამბობს აღსარებას, ინანიებს ცოდვებს, მას ჭეშმარიტად სწამს ქრისტე. ასეთი ადამიანი კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვებს შეიცნობს და ნანობს, მაინც მხიარულია, რამეთუ ვისაც რწმენა აქვს, ის მხიარულიცაა. წმინდა მამები, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირი, ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი არ უნდა იყოს დაღონებული. თუ ქრისტიანი დეპრესიაშია, ნევროზი აქვს, დამძიმებულია და სხვასაც ამძიმებს, მაშასადამე, მისი სული დაავადებულია. მას არ სწამს ქრისტე, ან ისე არ სწამს, როგორც უნდა სწამდეს. ისე არ ლოცულობს, როგორც უნდა ლოცულობდეს ან ამპარტავნებაშია ჩავარდნილი. მოყვასის სიყვარული არა აქვს და სხვისი ხმის გაგონებაც არ უნდა. სიჯიუტე საშინელი ცოდვაა. ქრისტიანს გული მსუბუქი უნდა ჰქონდეს. ზოგჯერ საკუთარი თავის ატანის კულტურაც არა გავქვს. ადამიანს, რომელსაც ახასიათებს აგრესიულობა, ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე, მის სულში დიდი ნაპრალია გაჩენილი, საიდანაც უამრავი ბოროტება შემოდის.
ზიარება ღვთის მადლია, დაუსრულებელი წყალობაა, რომელიც ჩვენ არ დაგვიმსახურებია. ეს არის საჩუქარი ღვთისგან. ჩვენთვის უსასყიდლოდ მოცემული. დამსახურებით ჩვენ მხოლოდ სასჯელს ვიმსახურებთ. რატომ? - იმიტომ რომ ნათლობის შემდეგ, რომელიც წმენდს ადამიანს, უცოდველს ხდის, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველანი მაინც ვცოდავთ, რაც ღვთის მადლს განგვარიდებს. ნათლობა კი ისეთი მადლია, როცა ჩვენ აღარ გვემუქრება მადლის დაუბრუნებლად დაკარგვის საშიშროება და ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, ისევ დავუბრუნდეთ ღმერთს აღსარებითა და ზიარებით.
რაც შეიძლება ხშირად უნდა მივიღოთ სისხლი და ხორცი ქრისტესი. ზიარების მადლს ჩვენ ვიღებთ ჩვენი საზომისაებრ, ჩვენი სხეულის, ჩვენი ჭურჭლის საზომისაებრ, რამდენსაც დაგიტევთ იმდენს. თუმცა ევქარისტიის საიდუმლოში სულიწმიდის მადლი მთელი სისავსითაა მოცემული, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ზიარება, ხოლო ზიარებისთვის მომზადება - ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ღერძი. რაც უფრო მჭიდროდ არის ადამიანი დაკავშირებული ეკლესიური ცხოვრების ღერძთან, მით უფრო მტკიცეა პიროვნების ღერძი. ჩვენ ხშირად ვცოდავთ, ირღვევა ჩვენი თითქოსდა მადლმოპოვებული ცხოვრების სისავსე. ერთი პატარა შეცდომა და ეს წონასწორობა ირღვევა. ერთ შეცდომას მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე... ადამიანი ვარდება ცოდვაში და სულ სხვა გზით მიდის, ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე, რომ ეკლესიური ცხოვრების ღერძს შევუფარდოთ ჩვენი არსებობის ღერძი. ამისთვის ლოცვა, მტკიცე ქრისტიანული ცხოვრება გვმართებს, რაც მიიღწევა მოძღვრის რჩევით, საეკლესიო ლიტერატურის კითხვით და ხშირი ზიარებით, რომელიც წმენდს ჩვენს სულსა და ხორცს, ყველა ცოდვას კი წვავს და ფერფლავს.