მანკიერ თვისებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა ამაოდმეტყველება, - "სიტყვათა შენთაგან გამართლდე
და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო", - ბრძანებს უფალი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ამაო, უქმად ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება, ღვთისთვის სათნო მეტყველების სანაცვლოდ კი უფლის წინაშე გავმართლდებით...
დეკანოზი პეტრე გიორგაძე:
- რა სწავლება აქვს ეკლესიას ამაოდმეტყველებასთან დაკავშირებით?
- უფლის მესამე მცნება გავიხსენოთ: "არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა", ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად უფლის სახელის ამაოდ ხსენებას უნდა მოვერიდოთ, მაგრამ აქ თითოეული სიტყვის ამაოდ წარმოთქმაზეცაა საუბარი, ზოგიერთმა უფლის სახელის სათნოდ, კეთილად წარმოთქმაც ზედმეტად და შემაწუხებლად იცის, რომელიც, როგორც ამ მცნებიდან ჩანს, არასათნოა ღვთისთვის, ესეც კი ამაოდმეტყველებად გვეთვლება. აქედან გამომდინარე, წარმოვიდგინოთ, რაოდენ მძიმე ცოდვაა ამაოდმეტყველება, სიტყვების ამაოდ დახარჯვა. არსებობს მცირე და დიდი ცოდვები. რატომღაც ადამიანები ხშირად თვლიან, რომ ამაოდმეტყველება ერთ-ერთი მცირე ცოდვაა. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამაოდმეტყველებას ამგვარად განმარტავს: "ამაოდმეტყველება არის სასთუმალი, რომელზეც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება, ამაოდმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმომქმნელი უჯერო სიცილისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, გამფანტველი ძილისა, გამანადგურებელი გულითადობისა და შელახვა ლოცვისა", აქედან ჩანს, რამდენ ცოდვას წარმოქმნის ამაოდმეტყველება. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, თვით უფალი სიტყვად იწოდება, სიტყვით შექმნა ადამიანიც და მასაც მისცა სიტყვის ძალა, ადამიანი არის შემოქმედი, მსგავსი და ხატება უფლისა, მის სიტყვასაც მისცა ეს ძალა. როდესაც ადამიანი ცოდვით დაეცა და განუდგა უფალს, მისმა სიტყვამ ძალა დაკარგა, თუმცა სიტყვას მაინც შემორჩა ძალა, მაგრამ ადამიანი რაც მეტად გადავა ამაოდმეტყველებაში, უქმადმეტველებაში, ცუდადმეტყველებაში, სიტყვა თანდათანობით თავის ძალას კარგავს, იცრიცება ძალის მოქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ადამიანის გამო, ადამიანის მიზეზით ხდება, რომელმაც თავის სიტყვას ძალა დააკარგვინა. პირი სულის კარიაო, - ამბობენ მამები, - თუ ბევრს ვსაუბრობთ, სითბო გადის სულიდან.
- ამაოდმეტყველება სხვადასხვა სახისაა, უფრო გავრცელებულია განკითხვა, არ არსებობს ადამანი, რომელსაც ეს ცოდვილი ჩვევა, სხვათა ცოდვებზე და ნაკლოვანებებზე საუბარი, არ ახასიათებდეს. რატომ იზიდავს ადამიანს განკითხვა და საერთოდ, რატომ მიეცა სხვათა ცოდვებისა და ნაკლოვანებების დანახვის უნარი?
- უფალმა ადამიანს მისცა სულიერი და მატერიალური ხედვა, სულიერი ხედვით ადამიანი საკუთარ ცოდვებს ხედავს, ხოლო მატერიალური, გრძნობითი ხედვით - სხვის ცხოვრებას, სხვის ნაკლოვანებებსა და ცოდვებს, რასაც ხშირად სხვათა ცხოვრების და ნაკლოვანებების განსჯაში იყენებს. ნათქვამია, ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი თავის შეცდომებზე, უგნური ვერც სხვის ცოდვებს ხედავს და ვერც თავის შეცდომებსო. სხვის შეცდომებს იმის გამო ვხედავთ, რომ შეფასების უნარი გვქონდეს, დავინახოთ, რა ცუდად ჩანს, რა ცუდად აისახება ადამიანში არსებული ცოდვები და ნაკლოვანებები, ასევე იმის გამო, რომ ჩვენს თავშიც ვეძიოთ ის ცოდვილი ჩვევები და ნაკლოვანებები, რომელთა გამოც სხვას განვიკითხავთ და არა იმისთვის, რომ სხვათა ნაკლოვანებების განსჯა, განკითხვა დავიწყოთ. განკითხვის უმთავრესი მიზეზი ამპარტავნება და უსიყვარულობაა. როგორც უფალი ამბობს, ადამიანი ხშირად საკუთარ თვალში დირესაც ვერ ამჩნევს, სხვის თვალში კი ბეწვის დანახვაც უკვირს. ზოგჯერ გვეუბნებიან, მე სიმართლის თქმა მიყვარს, როდესაც ვხედავ, ადამიანი სცოდავს, უთუოდ უნდა ვუთხრა, ვერ დავითმენო. როდესაც ადამიანის ქმედება არ მოგეწონება, მხილება შეიძლება, შეიძლება ადამიანმა ადამიანს მიუთითოს, უთხრას, მაგრამ ამას აუცილებლად სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად და არა მრისხანება და სიძულვილი. ამას კი განსჯის უნარი სჭირდება. თუ განსჯის უნარი არ გაქვს, როგორც მამები გვირჩევენ, უმჯობესია, დადუმდე და უფალს ევედრო, შეეწიოს ცოდვით დაცემულ მოყვასს, შენთვის კი ითხოვო განსჯის ნიჭი, რათა შესძლო, ხვალ და ზეგ მოყვასს უმკურნალო. უფალი ნიჭს მისცემს ადამიანს, გავიხსენოთ, რამხელა ნიჭები მისცა უფალმა მეთევზეებს და უბრალო ადამიანებს. თუ გულწრფელად ვითხოვთ, ჩვენც მოგვეცემა.
"არ განიკითხო, რათა არ განისაჯოო", ამბობს უფალი, ძალიან ბევრი პატერიკი გვასწავლის, როგორ ართმევს განკითხვა ადამიანს სულიერ ძალას, როგორ შრეტს სულიერად, ძალიან მძიმე ცოდვაა. დღეს ჩვენ არა ვართ ჭეშმარიტი მლოცველები, ჭეშმარიტი მოწყალენი, მმარხველები... ეს არ შეგიძლია? მაშინ არ განიკითხო და არ განიკითხები, - ეს არის უმოკლესი გზა ცხონებისკენ. ერთი შეხედვით, თითქოს ადვილია, მაგრამ როცა დაუკვირდებით, უძნელესი სწორედ ენის დაკავება, სიტყვის შეკავებაა. მამები ამბობენ, უფალმა ენას ორი ბარიერი გაუჩინა, - კბილები და ტუჩები, მაგრამ ენა მაინც არღვევს ორივესო.
- როგორ ვებრძოლოთ ამ ცოდვას?
- ამ ცოდვის დაძლევა შეუძლია მას, ვინც გულწრფელადაა შემდგარი ღვთის გზაზე, ვისაც მართლა აწუხებს შინაგანად, ვინც ფიქრობს, ვინც იცის, რაოდენ მძიმე ცოდვაა განკითხვა და როგორ გადადის ადამიანი ამ ცოდვიდან სხვა ცოდვებში - სიძულვილში, მრისხანებაში, უსიყვარულობაში... ბოროტიც აძლევს ადამიანს სხვადასხვა ენერგიას. როდესაც ადამიანი განკითხვის ცოდვის სიმძიმეს ხვდება, შინაგანად მძიმდება. უფალს უნდა, რომ ჩვენი ენერგია ქადაგებაში და სიკეთის კეთებაში წავიდეს, ჩვენ კი, უმეტეს შემთხვევაში, სულიერად დასნეულებულნი ვბარდებით უფალს და ვთხოვთ, გვიპატრონე, უფალო. უფალი კი შეგვეწევა და გვიწვდის ხელს, მაგრამ ჩვენც უნდა ვეცადოთ, სულიერად არ დავსნეულდეთ, არ დავკნინდეთ, არ დავვარდეთ, ჩვენი ენერგია ღვთის მსახურებასა და ღვთის სიტყვის გავრცელებას შევალიოთ, ჩვენი ბაგეები იმას ამბობდნენ, რაც ღვთისთვის სათნოა. უფალიც ამბობს, ვინც ჩემთვის, სახარებისთვის თავი დადოს, მან ცხონება მოიპოვოსო, შეიძლება ადამიანმა სრულად ვერ დასძლიოს ცოდვა, მაგრამ მცდელობა არ უნდა დააკლოს.
- ამაოდმეტყველების კიდევ ერთი სახე, ერთ-ერთი გამოვლინებაა უქმადმეტველება, - ჭორაობა, კამათი, უსარგებლო საუბრები... უმეტესწილად, ადამიანებს ლოცვისთვის წუთების დათმობაც უძნელდებათ, უქმადმეტყველებაში კი საათებიც შეუძლია გაატაროს...
- ადამიანი მოექცა, ვთქვათ, სარწმუნოებაზე, შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას, შეიმოსა ახალი სიყვარულით, სათნოებით და სურს, რაც ღვთის შესახებ შეიტყო, მეგობრებსაც აუწყოს. როცა ხვდება მეგობართა წრეში და იწყებს საუბარს, თუ შეატყობს, რომ მათ ეს საუბარი არ აინტერესებთ, უნდა შეწყვიტოს, თუ არ შეწყვეტს, ეს უქმადმეტყველებაში ეთვლება. შესაძლოა შემდეგ ეს საუბარი განკითხვაში გადაიზარდოს, იმ ადამიანებმა განკითხვა დაიწყონ. თუკი ადამიანს ეს ეთვლება უქმადმეტყველებად, წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმედ ვცოდავთ, როდესაც საათობით ვსაუბრობთ უქმად, თუნდაც სხვას არ განვიკითხავდეთ, უქმი მეტყველებით სიტყვა იცრიცება, ეს სულსაც აზიანებს და სხეულსაც. "ბრიყვი მრავლისმეტყველებით შეიცნობაო", ნათქვამია ზირაქის სიბრძნეში, ამაო და უქმი მეტყველებით ბრიყვებს ვემსგავსებით. ზოგი ამბობს, ამ გზით განვიტვირთე, პრობლემები, ტკივილი მავიწყდებაო. ასეთი საქციელით ნარკომანებს ვემსგავსებით, იმ ნარკომანსაც სტკივა, აწუხებს... მიიღო წამალი და გაიყუჩა ტკივილი. ამას იწვევს უპირველესად, ამპარტავნება, ღვთის შიშის უქონლობა, მოუწესრიგებელი და თავშეუკავებელი ცხოვრება, ამას მოჰყვება უსაქმურობა, პატივმოყვარეობა, ნაყროვანება და მრავალი ვნება, წარმოიდგინეთ, ღვთისთვის როგორი დასანახი ვართ ამ დროს. რა არის ჩვენი ფუნქცია, რა გვევალება ღვთის წინაშე და ამ დროს როგორები ვჩანვართ ზემოდან.
- მამები ამბობენ, რომ თავად საღვთისმეტყველო საკითხებზე ბევრი საუბარიც კი უქმადმეტველებად გვეთვლებაო... ზოგჯერ ლოცვაც კი ამაოდმეტყველებად, უქმადმეტყველებად შეიძლება გვექცეს...
- საღვთისმეტყველო საუბარი ამაოდმეტყველებად იმ შემთხვევაში გვექცევა, თუ აუდიტორია, სიტყვის დამჭერი არ არის. თუ ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის დაიშრიტები და ვიღაცისთვის ეს საინტერესოა, რა თქმა უნდა, ამაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, მაგრამ თუ ადამიანებს ჩვენი ღვთისმეტყველური საუბარი არ აინტერესებთ, უნდა გაჩუმდე. სადაც მოთხოვნილებაა, საჭიროც კია დაუღალავი ქადაგება.
რაც შეეხება ლოცვას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი ლოცვა, შეიძლება ლოცვები საათობით იკითხო, მაგრამ უყურადღებოდ, ან ითხოვო ის, რაც სულისთვის სასარგებლო არ არის, ეს ამაოებად გვეთვლება. ლოცვისთვის სულიერი ფონი უნდა შეიქმნა. ერთ-ერთმა ათონზე მოღვაწე ბერმა მითხრა, იესოს ლოცვის წასაკითხად სულიერი ველი რომ შევიქმნა, შემოვიდეს ჩემში და გავემზადო იესოს ლოცვისთვის, ფსალმუნთა ოცი კანონის წაკითხვა მიხდებაო. როდესაც ლოცვითი კანონის შესასრულებლად დგები, უნდა აიძულო თავი. უფალი აუცილებლად შეხედავს შენს მცდელობას და შეგეწევა. არსებობს დაუდევარი ლოცვაც, როდესაც თან კითხულობ, თან მიწიერ საქმეებს აკეთებ, ან მიწიერ ფიქრებზე ხარ გადართული. ეს უპატივცემულობის გამოხატულებაა.
ნებისმიერი სახის ამაოდმეტყველება ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა დაკნინებულია. ადამიანმა ყოველდღიურად უნდა გააანალიზოს თავისი ცხოვრება, საკუთარ თავში ეძიოს ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაზე იფიქროს. თუ სისტემატურად ვლოცულობთ, ვკითხულობთ სულიერ ლიტერატურას, უკვე მოთხოვნილებაში გადადის ყოველივე, მაგრამ რასაც მცონარებითა და იძულებით აკეთებ, გიჭირს ამის აღსრულება. ამის მიხედვით შეიძლება გავზომოთ, დავინახოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რა გვაქვს გამოსასწორებელი საკუთარ თავში, ვის ვეკუთვნით - უფალს თუ წუთისოფელს, რამდენია ჩვენში ღვთის და რამდენი - წუთისოფლის, რამდენ დროს ვუთმობთ უფალს და რამდენ ხანს წუთისოფლის საზრუნავებს. სამწუხაროდ, ხშირად უმეტესი დრო წუთისოფლის საზრუნავებს ეთმობა, იმდენი ვიფიქრეთ წუთისოფელზე, რომ ვეღარ ვიტევთ, ადგილი აღარ დაგვრჩა სულიერი საკითხებისთვის. უამრავი ეკალ-ბარდია ჩვენს სულში და მათ მოშორებაზე უნდა ვიზრუნოთ, შესაძლოა, სრულად ვერ მოვიკვეთოთ, მაგრამ ვეცადოთ მაინც.
- ბილწსიტყვაობასა და ავსიტყვაობაზე რას გვეტყვით?
- სამწუხაროდ, ამაოდმეტყველების ეს სახეები მართლაც ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ბოროტმა ყველასთვის შექმნა რაღაც ულუფა, - ქალებისათვის ჭორაობა, განკითხვა, წყევლა, მამაკაცებისთვის - უხამსი, უწმაწური სიტყვები, გინება... ადამიანში, რომელიც ბილწსიტყვაობით, ავსიტყვაობით, წყევლით და ფიცით შეურაცხყოფს სიტყვას, ვერასოდეს დაისადგურებს სულიწმიდის მადლი. ბილწსიტყვაობის ყველაზე საშინელი ფორმაა, როდესაც ქალები იწყებენ გინებას, ეს დედაკაცის აზროვნებას ანგრევს, ქალის კდემამოსილება, სინაზე იკარგება, შანსი აღარ რჩება ამ ნიჭის მოქმედებისთვის, რომელიც უფალს ყველა ქალში აქვს ჩადებული, რომლითაც ქალი გამოირჩევა. ბილწსიტყვაობა არა მარტო ადამიანის სულს ანგრევს, ოჯახშიც შეაქვს დამანგრეველი ემოციები, მერე ბავშვებიც ბაძავენ ამას. ბილწსიტყვაობა სულიერი სიმახინჯეა და ერთ-ერთი მძიმე ფორმაა ამაოდმეტყველებისა. იგივე შეიძლება ითქვას წყევლაზეც, რაც, სამწუხაროდ, ბევრი ქალისთვისაა დამახასიათებელი. წყევლას დამანგრეველი ძალა აქვს. იგი ორი სახისაა, უნებური და შეგნებული, ცხადია, მოქმედებაც განსხვავებულია. როგორც გულით ლოცვას აქვს გაცილებით დიდი ძალა მადლის მისაღებად, ასეთივე დიდი ძალა აქვს შეგნებულ წყევლას, მაგრამ ორმაგად უარყოფითად მოქმედებს მაწყევარზე, თავისი წყევლა უკანვე უბრუნდება. შემდეგ, როდესაც ადამიანს ცხოვრება აერევა, ყველაფერი რთულდება, უკვირს, რატომ მოხდა ასე, როდესაც საქმით უკეთურება არ ჩაუდენია, მაგრამ თუ სანაცვლოდ იმდენი ავსიტყვაობა, წყევლა, გინება უთქვამს, ეს ამის შედეგია. ნათქვამი არც ერთი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება, ამაოდმეტყველებით ეშმაკს უფლებას ვაძლევთ, რომ შესახლდეს ჩვენს სულში, ყოველი წყევლის, გინების თუ სხვა სახის ამაოდმეტყველების შემდეგ, ბოროტის მოქმედების არეალი იზრდება. ადამიანები, რომლებიც ამაოდმეტყველების ცოდვებით არიან განმტკიცებულები, განსაკუთრებით გინების, წყევლის, განკითხვის, უკვე სახეზეც აესახებათ თავიანთი შინაგანი მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან შინაგანად. ძალიან დიდი ღვაწლი სჭირდება ადამიანს, რომ ებრძოლოს ამ ცოდვას, ამას შეიძლება წლებიც დასჭირდეს. ათი წელიწადი რომ აშენო, ერთი სიტყვით შეიძლება დაანგრიო... სინანულით და განუწყვეტელი ძიებით ყველაფერი დაიძლევა, სინანულის ძალით, სინანულის ვედრებით, უფლისადმი ვედრებით როგორმე სასწაულებრივად უნდა გაიმართლოს თავი. ეს მხოლოდ ღვთის წყალობას, ღვთის სასწაულს შეუძლია, სინანულთან და უფლისადმი ლოცვა-ვედრებასთან ერთად ამ სასწაულის მოლოდინში უნდა იყოს ადამიანი, ამის იმედი უნდა ჰქონდეს. როგორ მიაღწევს ამას, რა ხარისხით შევა მასში სინანული, ეს თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, თუმცა უფალი უნუგეშოდ არავის ტოვებს. საკუთარი თავისPგამოსწორება ბილწსიტყვაობისა და ავსიტყვაობის, განკითხვისა და უქმადმეტყველების დაძლევით უნდა დავიწყოთ, თუ ამას მოვახერხებთ, ნაკლები პრობლემები გვექნება მოსაგვარებელი სულიერების გზაზე. ამ ცოდვილი ჩვევების მოკვეთის შემდეგ ჩვენს სულში, ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და თავმდაბლობა შემოდის. ეს სათნოებები კი საწინდარია სულიერი წარმატებისა. მამები ამბობენ, - ამაოს გამო ჩვენ ვმეტყველებთ ღრმად, ანუ ბევრს, ხოლო სიღრმისეულზე ვმეტყველებთ ამაოდ, ძალიან ცოტა ვიცით ამის შესახებო. ეს ყველაზე მეტად ესადაგება ჩვენს დღევანდელ ყოფას - სულიერი ცოდნაც ზედაპირული გვაქვს და აზროვნებაც ზედაპირული ვისწავლეთ. დღევანდელი ყოფა, ათასგვარი პრობლემა, გასართობი, საცდურები ცოდვისკენ გვიბიძგებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნუგეშიც გვაქვს და ყველანაირი სულიერი სნეულების წამალი არსებობს. მთავარია, ვეძიოთ, ვინც ეძიებს გზებს, პოულობს კიდეც. სულიერი ნუგეშის მიღების და ყოველგვარი პრობლემის დაძლევის გზა ეკლესიაში დაგვხვდება, მთავარია, იქამდე მივიდეთ. რატომ გვჭირდება ეკლესია? - იმისათვის, რომ უფლის მადლმოსილება მოვიპოვოთ და ვცხონდეთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი