- როდესაც გრიგოლ ხანძთელი მღვდლობაზე წარადგინეს, მან ბრძანა: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". მართლაც, ხშირად მღვდელმსახურთა ყველაზე დიდი საცთური პატივია. თუ სიმდაბლე არ გააჩნია სასულიერო პირს, მაშინ მისი მსახურება საფრთხილოა. იგულისხმება სულიერი საფრთხე, რომელიც ემუქრება ამპარტავნებაში მყოფ მღვდელმსახურს.
უფალი შეგვაგონებს, - "თქვენა ხართ მარილნი სოფლისანი და უკეთუ განქარდეს მარილი, რაღამ დაამარილოს". ეს სიტყვები, მუდამ უნდა ტრიალებდეს ჩვენს გონებაში, რათა დაცული იყოს გული ჩვენი ამპარტავნებისაგან. ჩვენ ჭურჭელნი ვართ სწორედ იმ მადლისა, რომელიც მოგვეცა ხელდასხმის დროს.
საკუთარი თავის უარყოფით ჩვენ შევიძენთ მოყვასის სიყვარულს, რომელიც განგვინათლებს გულსა და გონებას. ღმერთში ცხოვრების სიტკბოებას შევიგრძნობთ და ნეტარებისაკენ სწრაფვის უნარს შევიძენთ. ამ შემთხვევეში ჩვენი გული დაცული იქნება ბოროტის მახისაგან, რომელსაც პატივისაგან მიღებული ფარული ამპარტავნება ემუქრება. აი, რას ამბობს თანამედროვეობის უდიდესი მონაზონი იოსებ ვათოპედელი: "ადამიანის ზეციურ ბუნებას ეკუთვნის ოთხი ენერგია (კეთილგონიერება, უმანკოება, სიმამაცე, სამართლიანობა), ხოლო მიწიერ გონებას - რვა (მზვაობრობა, უგუნურება, სისულელე, აღვირახსნილობა, თავხედობა, ლაჩრობა, აუცილებლობის უგულებელყოფა და ანგარებისმოყვარეობა). ჩვენი ღვაწლის მიზანია, შევცვალოთ ძველი ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნება, შევეწინააღმდეგოთ მიწიერი ენერგიების მოქმედებას. აი, როგორ შეგვაგონებს ეს უდიდესი მამა თავისი სწავლებით სულის განმტკიცებას. ამიტომაც პატივი და ღირსება ადამიანისათვის არის სწორედ ის, რომ ისწავლოს უფალთან ურთიერთობა და მიემსგავსოს მას. ჩვენ თუ მივბაძავთ ქრისტეს, მაშინ მოხდება ჩვენი სულის განთავისუფლება. მიწიერი პატივი და დიდება პასუხისმგებლობაში გადაიზრდება და ამით სასუფევლის მაძიებელ ქრისტიანს დავემსგავსებით.
წმინდა შუშანიკ დედოფალმა თავისი პატივი უარჰყო ანუ თვითუარყოფის უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. სიმდიდრესა და ფუფუნებას ქრისტეს სიყვარული ანაცვალა. დიდია ეს სულიერი მაგალითი და სწორედ რომ ქართველებს გვაქვს უდიდესი საუნჯე არა მარტო აგიოგრაფიული შედევრისა, არამედ ასევე სულიერი სანოვაგე და გამოცდილება. მართლმადიდებლობის დაცვა სწორედ დედოფალ შუშანიკისეულად უნდა აღვასრულოთ, რამეთუ ქრისტე ღმერთკაცი ჩვენთვის არის განკაცებული უპირველესი სიწმინდე და ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავარი, როგორც ამას იტყოდა წმინდა იუსტინე პოპოვიჩი.
მონაზონთა ღვაწლი ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებში ყველაზე აღმატებული და წმინდაა. სიწმინდის დაცვას ქრისტიანებს უპირველესად მონაზონთა ღვაწლი და მაგალითი გვასწავლის აი, რას წერს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მონაზონი ბერი იოსებ ვათოპედელი: "რწმენა ყველა ჩვენს ნაკლულევანებას აღავსებს, რადგანაც უფალმა აღგვითქვა: "არა დაგიტევნეთ თქვენ ობლად". ყველა სათნოება ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთმანეთზეა დამოკიდებული. რწმენა საქმის გარეშე და საქმე რწმენის გარეშე მკვდარია. განყენებული რწმენა უსიცოცხლოა, თანახმად უფლის სიტყვებისა: "არა ყოველმან, რომელმან მრქვას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა". რა სარგებელს მოუტანს ადამიანს მარტოოდენ რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს?! განა დემონებს არ სწამთ მისი არსებობის?
სიწმინდეთა თაყვანისცემა
უფლის მცნებათა და დოგმატების მკაცრად და წმინდად დაცვით ჩვენ სიწმინდეთა თაყვანისცემას ვისწავლით, რამეთუ სულიწმიდის გმობაა, როდესაც ადამიანს არ სწამს ღვთაებრივი სასწაულებისა. ისმის კითხვა, რატომ არ სწამს ამისი ადამიანს? იმიტომ, რომ არ უნდა დაიჯეროს, არ უნდა შეიყვაროს უფალი და ის გამოვლინებები, რომლებიც ღვთაებრივ სასწაულებს ახასიათებს. როდესაც იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდის, ამას ყველა ხედავს - მორწმუნეც და ურწმუნოც, მაგრამ მათთვის, ვისაც არ სწამს ქრისტესი, ეს მოვლენა სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის - დიდებულება და რწმენაში განმტკიცება. პავლე მოციქული ხომ ბრძანებს, რომ ჯვარი წარმართათვის სიცოფე არსო. ამიტომ შევიყვაროთ ღმერთკაცი ისე, რომ მისი სიყვარული ვაქციოთ უპირველეს დომინანტად ჩვენს გულში და სწორედაც ეს სიყვარული გაგვამარჯვებინებს დემონებზე და შეგვიყვანს ცათა სასუფეველში, მაგრამ ახსოვდეს ყველა ქრისტიანს, რომ სასუფეველი ცათა იიძულებისო, ბრძანა მაცხოვარმა. იძულება ეს არის საკუთარი თავის უარყოფა და ღვთაებრივი ნების მორჩილება. ტკბილია ეს, როდესაც ამას ადამიანი აღასრულებს და ამ სიტკბოს იმდენად შევიყვარებთ, რომ მის გარეშე ცხოვრებაც აღარ მოგინდება. აბა, როგორ შეუდგნენ ქრისტეს წმინდანები, როგორ ეწამენ მოწამენნი ქრისტესთვის? რომ არ ჰქონოდათ დიდი სიყვარული, ეს არ მოხდებოდა. ჩვენი წარსული ისტორია ხომ მოწამეთა ცხოვრებაა. წმინდა ილია მართალი ბრძანებს, რომ: "საქართველოს ისტორიიდან, რომ ამოვიღოთ ქრისტიანობა ერთი დიდი შავი ლაქა დარჩებაო". ამიტომაც ტრადიციების დაცვა სწორედ სიწმინდეთა დაცვისაკენ მიგვითითებს და განგვამტკიცებს. ბერი იოსები ბრძანებდა: "მამანო და ძმანნო, ვლოცულობ, ღმერთს ვთხოვ და ამის აღსრულებას ვიმედოვნებ უტკბილესი მაცხოვრის, ქრისტეს მადლით, რომ ამ გველმა სატანამ ვერ ჰპოვოს ადგილი ჩვენში, ვერ ჰპოვოს ვერც თანაგრძნობა და ვერც ყურადღება. ჩვენ ხომ ყველანი ცხადად ვგრძნობთ და განვიცდით, რომ ვცხოვრობთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენთვის "მომკვდარისა და აღდგომილისთვის" - უფლისთვის და, მაშასადამე, იგი იღვწის ჩვენთვის - გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ".
როდესაც ქრისტიანი უკეთურ აზრებს ებრძვის და განაგდებს მისი გონებიდან, ის სიწმინდეთა დამცველია. სწორედ იმ სიწმინდისა, რომელსაც ადამიანის სული ჰქვია. როდესაც ვიღვწით გონების განწმენდისათვის, ამ დროს ჩვენ ზეციურ სიწმინდეს ვიმეცნებთ, რატომ უნდა ვერიდოთ სხვა ადამიანის განკითხვას? იმიტომ, რომ ამ დროს საკუთარ აზრებში ეშმაკის აზრებს შევურევთ და ქრისტეს განვეშორებით. არც ერთი წამი არ უნდა ვიყოთ უფლის ხსოვნის გარეშე.
ხშირი ზიარება ქრისტიანისათვის უმთავრესი საზრუნავია. როდესაც ყოველ კვირას ვეზიარებით, განსაკუთრებულად მობილიზებულნი ვართ მთელი კვირის განმავლობაში, რომ სიწმინდეს მივეახლოთ და ვგიებდეთ ქრისტეში. ზოგნი იტყვიან, რომ ხშირი ზიარება არ შეიძლებაო, მაგრამ ასეთ აზროვნებას ნუ შევიწყნარებთ, რამეთუ ძღვენი, რომელიც ლიტურგიაზე შეიწირება ადამიანისათვის, შეიწირება - ყოველთა და ყოვლისათვის. ზიარება მოწყალებაა ადამიანზე და ამიტომაც მისი ღირსნი არასოდეს ვიქნებით. ის, როგორც ღვთის უდიდესი ძღვენი მოწყალებისა, ისე უნდა მივიღოთ. უწმინდესი ხშირად თავის ქადაგებებში ბრძანებს ამის შესახებ, რომ მრევლი მოძღვრებმა ხშირად ვაზიაროთ და არ მოვაკლოთ იმ დიდ სიწმინდეს, რომელიც ღვთისაგან ენიჭება ადამიანს. სიწმინდეთა დაცვა სწორედაც რომ ჩვენი სწორი მართლმადიდებლური აზროვნებიდან იწყება. ამას ესაჭიროება სწავლა თეოლოგიისა და ღრმა წვდომა, რომ შევიმეცნოთ ჩვენი დედა ეკლესიის დიდი მამების მოძღვრება და სულიერი სწავლება. წმინდაა და უბიწო სიყვარული მოყვასისა და ღმერთისა, მისი დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია ღვთის წინაშე.
უფალი ეუბნება პეტრეს: "და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მოგცნე შენ კლიტენი სასუფევლისაი; და რომელი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რომელი განჰხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა (მათ. 16,18,19) და თავის აღდგომის შემდგომ კვლავ უცხადებს - "დამსწყსენ ცხოვარნი ჩემნი". ამრიგად, მაცხოვარმა ერთ საფუძველზე დაამკვიდრა ეკლესია". ერთობის სულის დაცვა ეკლესიაში არის უმთავრესი სიწმინდე. დაე. ყოველი იღვწოდეს ამისათვის, რათა ერთობით აღვიარებდეთ უფალს.
სიწმინდის დაცვა და აღმსარებლობაა, როდესაც ადამიანი მორჩილებს ეკლესიას. თანამედროვე ლიბერალები სწორედაც ამას აყვედრიან ღმერთკაცის ეკლესიას, რომ ადამიანისაგან სიწმინდის დაცვას მოითხოვს. ბერი იოსები ბრძანებდა: - მორჩილება, როგორც უფლის ამქვეყნიური ცხოვრების ზედმიწევნითი მიბაძვაა, ჩვენი მისდამი სიყვარულის დადასტურებაც არის. მე მამისადმი მორჩილი ვარ და "რომელსა აქუნდენ მცნებანი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე", ამბობს უფალი. ჩვენს ცხოვრებაში თუ კი ვინმე გადაწყვეტს, იყოს მორჩილი, ამით იგი განახორციელებს სიმდაბლის სათნოებას. მორჩილების აღსრულებით ვიცავთ სიყვარულის მცნებას, სულიწმიდა კი ამ ძირითად სათნოებაზე განისვენებს. ამრიგად, მადლის შეძენის უტყუარი საშუალებაა - გავხდეთ ჭეშმარიტად მორჩილნი, ისეთი, როგორიც იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ყოვლადსახიერი მამის მიმართ". ეს შეგონება უდიდეს ძალას მატებს ადამიანს. წმინდა მამებმა სულიერი სიმტკიცის ძიებაში განლიეს ეს მიწიერი ცხოვრება და დაგვიტოვეს უდიდესი გამოცდილება ეკლესიაში, როგორც დედაენა, სახელმძღვანელო. ამით უნდა ავიდგათ ფეხი და ვისწავლოთ სიწმინდის დაცვა და უფალთან ურთიერთობა.
ვნების გამომწვევი მიზეზები - აი, რას უნდა ერიდებოდეს ქრისტიანი, თავდაჭერილობა ერთ-ერთი სათნოებაა და ბრძოლის მეთოდი ვნების ეშმაკის საწინააღმდეგოდ. მისი სწავლა შეიძლება პარაქტიკული უნარით და შინაგანი ლოცვისაკენ სწრაფვით. იესოს ლოცვა არის ძალა, მათრახი ვნებისა და განმამტკიცებელი იმ სულიერი ძალებისა, რომელიც ამ დიდებულ ლოცვას ახლავს. ისიქასტნი და განდეგილი მამები ბრძანებენ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ლოცვა არ არისო; ეს ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს და იღვწოდეს, რათა შეიძინოს და დაიმარხოს ეს წმინდა ლოცვა, რომელიც საზოგადო ლოცვის ხერხემალიც არის. წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის, რომ ეს ლოცვა დამწყებმაც უნდა ილოცოს, რათა ღმერთზე ფიქრს მიეჩვიოს.
იერუსალიმში, ჯვრის მონასტრის შესასვლელში, ასეთი წარწერაა: "დექით მტკიცედ და შეურყევლად". უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.