ეს სიტყვები პირველად ებრაელმა ხალხმა წარმოთქვა, როცა უფალი იერუსალიმში დიდებით შედიოდა. ეს დღე უდიდეს დღესასწაულად იქცა, ათორმეტთა რიცხვში შევიდა და საუკუნეებია, რაც ყოველ წელს აღნიშნავს ეკლესია. საქართველოში მას ბზობასაც უწოდებენ. სწორედ ბზობაზე გვესაუბრება წმინდათა ცხრათა ყრმათა კოლაელთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე (მამნიაშვილი).
- რას მოგვითხრობს სახარება ბზობის შესახებ?
- იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა - ბზობა - ოთხივე სახარებაშია აღწერილი. როგორც მახარებლები გვამცნობენ, მას შემდეგ, რაც იერუსალიმს მიუახლოვდა, უფალმა ორი მოწაფე მახლობელ დაბაში წარავლინა და უბრძანა, მისთვის კიცვი (სახედარი, რომელზეც ჯერ არავინ მჯდარიყო) მოეგვარათ (მას დაბაში დაბმულს ნახავდნენ). მოწაფეებმა შეასრულეს უფლის ბრძანება და კიცვი მოუყვანეს. შეჯდა მასზე მაცხოვარი და იერუსალიმში შევიდა. ხალხი აღტაცებით შეხვდა. გზაზე შესამოსელს უგებდნენ, ხელთ პალმის რტოები ეპყრათ და ღაღადებდნენ: "ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა". გალობდნენ ბავშვებიც. მწიგნობრები და მღვდელმთავრები ამის ხილვამ ძლიერ განარისხა, რის გამოც უფალმა მათ ფსალმუნის სიტყვები გაახსენა: "პირთა ყრმათა ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქება", - და უთხრა, რომ თუ ხალხი გაჩუმდებოდა, ქვები დაიწყებდნენ ღაღადისს. ამის შემდეგ უფალმა ისინი დატოვა და ბეთანიაში წავიდა.
- რატომ მაინცდამაინც კიცვი?
- საერთოდ, უფალი თავისი ყველა ნაბიჯით რაღაცას გვასწავლის. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც. იერუსალიმში სახედრით რომ შევიდა, ამით მან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება აღასრულა.
რატომ სახედრით? ძველ აღთქმაში, თუ მეფე მოწინააღმდეგისკენ ცხენზე ამხედრებული წავიდოდა, ეს ბრძოლის მომასწავებელი იყო, მაგრამ თუ სამშვიდობოდ მიდიოდა, ვირზე იჯდა ხოლმე. ასე რომ, ვირი სიმშვიდის სიმბოლო იყო. უფალი ამ ქვეყანაზე მშვიდობის მოსაფენად მოვიდა, რათა ჯოჯოხეთისაგან ვეხსენით და საუკუნო სასუფეველში დავემკვიდრებინეთ. ამიტომაც იჯდა ის კიცვზე. ამას გარდა, უფალმა თავისი საქციელით უდიდესი თავმდაბლობა გვიჩვენა. ამითაც ჩანს, რომ ის ამქვეყნიურ დიდებას არ ეძიებდა. კიცვი უხედნელი რომ იყო, ამასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. გახედნილი ვირი ებრაელი ხალხის სიმბოლოა, რომელთაც უნაგირი - სჯული - ჰქონდათ, გაუხედნავი კი წარმართებზე მიანიშნებდა, რომელთაც სჯული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული. ფაქტობრივად, ეს კიცვი წარმართების წინასახე იყო. ერთსაც დავურთავდი: როცა უფალს პალმის რტოებს უფენდნენ, მათზე იესო ქრისტე კი არა, ვირი აბიჯებდა. რა უგუნურება იქნებოდა, ვირს რომ ეფიქრა, ხალხი მე მხვდებაო დიდებით! არადა, სწორედ ასე ვიქცევით ჩვენ უმეტეს შემთხვევაში. როცა ვინმე გვაქებს, იმ ვირს ვემსგავსებით, რომელიც ვერ მიმხვდარა, რომ ის უფალს ატარებს და რომ სწორედ უფალს ეკუთვნის ეს ხოტბა.
- ხალხი მაცხოვარს დიდებით შეხვდა. იმავე ხალხმა ხუთი დღის შემდეგ იესო ქრისტეს საშინელი განაჩენი გამოუტანა და ჯვარცმისთვის გაიმეტა...
- მართალი ბრძანდებით. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, ამიტომაც განადიდებდნენ მაცხოვარს, მაგრამ მათ ის ამქვეყნიურ, მიწიერ მეუფედ მიიღეს. სწამდათ, რომ ის მათ წარმართებზე გააბატონებდა. უფალი კი ამქვეყნიურ მეფობასა და დიდებას არ ეძიებდა.
ქრისტე რომ მართლაც ის მესია იყო, რომელსაც ძველი აღთქმის მამები წინასწარმეტყველებდნენ, მრავალი ფაქტი მიუთითებს. მათ შორის ისიც, რომ იერუსალიმში იმ ოქროს ბჭიდან შევიდა, საიდანაც, საღვთო წერილის მიხედვით, მესია უნდა შებრძანებულიყო. იჯდა კიცვზე, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველებდა. იმის დასტურად, რომ მესია იყო, უფალს ხშირად მოჰყავდა წინასწარმეტყველთა სიტყვები. ასე მოიქცა მაშინაც, როცა მღვდელმთავრებს ბავშვთა გალობაზე დავითის ფსალმუნი გაახსენა. სიტყვებიც, თუ ხალხი გაჩუმდება, ღაღადებას ქვები დაიწყებენო, სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მასზე წინასწარმეტყველება ნებისმიერ შემთხვევაში აღსრულდებოდა.
- საქართველოში ამ დღესასწაულს ბზობას (ბაიაობას) ვუწოდებთ, თუმცა მაცხოვარს იერუსალიმში ბზით არ შეხვედრიან. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ბზას და როგორ უნდა მოვექცეთ მას?
- პალმის რტოებს, რომლებითაც იერუსალიმში იესო ქრისტეს შეეგებნენ, ებრაელები სხვადასხვა დღესასწაულზე იყენებდნენ. ამიტომაც დაუფინეს ისინი უფალს. მაგრამ რაკი საქართველოში ეს მცენარე არ ხარობს, ჩვენ ამ დღეს სიმბოლურად მარადმწვანე მცენარე ბზა გვიჭირავს ხოლმე. ამრიგად, ბზას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ტრადიციისამებრ, შეგვიძლია, ყოველ დღესასწაულზე ვიყიდოთ ის, მთელი წელი შევინახოთ, მომდევნო წელს კი ტაძარში მივიტანოთ, სადაც მას მსახურები დაწვავენ, მაგრამ მთავარი ამ ტრადიციის აღსრულება არ არის. მთავარია, ჩვენს გულში გავუმზადოთ უფალს ადგილი, იქ შევუშვათ დიდებით და სამუდამოდ დავამკვიდროთ.
- როდის დაწესდა ბზობა საუფლო დღესასწაულად?
- მიუხედავად მისი გაცილებით ადრინდელი წარმოშობისა, პირველი სწავლება მის შესახებ III ს-შია დაწერილი წმინდა მეთოდი პატრელის მიერ. ცნობილია, რომ IVს-ში ის უკვე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა. შემდეგ, VII საუკუნიდან, წმინდა ანდრია კრიტელმა, იოანე დამასკელმა, თეოდორე და ნიკიფორე სტუდიელებმა ამ დღესასწაულისთვის სპეციალური საგალობლებიც შექმნეს. მათ ეკლესიაში დღესაც გალობენ. ბზობა გარდამავალი დღესასწაულია და ყოველთვის აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დროს დიდი მარხვა დღესასწაულის აღსანიშნავად თევზით ხსნილდება.
- მამაო, რა უნდა გვასწავლოს ამ დღესასწაულმა?
- ყოველი მორწმუნე უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, თუ რა მოხდა ამ დღეს. უფალი თავისი ნებით შევიდა იერუსალიმში, თუმცა იცოდა, რომ იქ ჯვარცმა და დამცირება ელოდა. გახსოვთ ალბათ, რომ აბრაამს ღმერთმა უბრძანა, თავისი ერთადერთი ვაჟი, ისააკი მისთვის შეეწირა. აბრაამი უსიტყვოდ, ყველანაირი ეჭვის გარეშე შეუდგა უფლის ბრძანების შესრულებას. ასევე საოცრად მოიქცა ისააკიც - მან იცოდა, სად და რისთვის მიჰყავდა მამას, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს, ისე დაემორჩილა მის ნებას. ისააკი სწორედ მაცხოვრის წინასახე იყო. უფალს შეეძლო, მთელი სიცოცხლე პატივსა და ფუფუნებაში გაეტარებინა, - ის ამას იმსახურებდა, - მაგრამ ამქვეყნად ხორციელად მოსვლის პირველი დღიდანვე სხვაგვარად ცხოვრობდა - დიდებული ოქროს საწოლის ნაცვლად ბაგაში იშვა, სასახლის ნაცვლად - ღარიბ ოჯახში გაიზარდა, ამქვეყნიური დიდების მაგიერ ჯვარს ეცვა. ამაში ჩანს ის უდიდესი თავმდაბლობა და სიყვარული, რომელიც მაცხოვარს გააჩნდა. მან ყველაფერი დაითმინა, რათა ჩვენთვის სასუფევლის კარი გაეღო. იესო ქრისტემ თვითონ გაიარა ის გზა, რასაც ყოველი მორწმუნე უნდა გადიოდეს. მან თავისი საქციელით ყველაზე დიდი მაგალითი მოგვცა ღვთივსათნოდ ცხოვრებისა, თავისი უდიდესი თავმდაბლობითა და სიყვარულით ჩვენც, მის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ამ სათნოებათა აღსრულებისაკენ მოგვიწოდა.
ღმერთი ხომ სწორედ იმისთვის განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო!
მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
გვანცა გოგოლაძემ