ძველი აღთქმის დროს არსებობდა ორი სახის მსხვერპლშეწირვა - სისხლიანი და უსისხლო. სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დროს ხბოს, ცხვარს ან რომელიმე სხვა ცხოველს სწირავდნენ, დადგენილი იყო გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის შეწირვაც, მაგრამ თუკი ადამიანს სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის საშუალება არ ჰქონდა, შეეძლო შეეწირა უსისხლო მსხვერპლი - ზეთი, ფქვილი და საკმეველი.
ასევე იწირებოდა ზღვის წყალში მოზელილი უფუარი პურიც. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს მღვდელმსახური საკმეველს, ერთ მუჭა ფქვილთან და ზეთიანი პურის ნატეხებთან ერთად, სამსხვერპლო ყუთზე წვავდა. გარდა ამისა, ძველი აღთქმის მოძრავ ტაძარში, სხვა საღვთისმსახურო ნივთებთან ერთად, ფსიადები ანუ სასაკმევლეებიც გვხვდება. კრეტსაბმელის გვერდით კი იდგა მოოქრული საკურთხეველი - ულპობი ხის უძირო ყუთი საკმევლისთვის. ე.ი. საკმეველი ძველი აღთქმის დროსაც იკმეოდა. წმინდა მამათა განმარტებით, სასანთლე და საკურთხეველი საკმევლისთვის მოასწავებდა უფალ იესო ქრისტეს, "რომელიც იწოდა ნათლად სოფლისა..." რა დანიშნულება შეიძინა საკმეველმა ახალი აღთქმის ეკლესიაში, რისგან მზადდება საკმეველი, რა დანიშნულება აქვს სასაკმევლეს, როგორ უნდა მოვიქცეთ კმევის დროს? - ამ და სხვა საკითხებს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე განგვიმარტავს.
- საკმეველი არის სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან მიიღება. სხვათა შორის, საკმევლის ხე საქართველოშიც გვხვდება - საგარეჯოსა და ვაშლოვანში - ეს სახელწოდებაც, ხალხური გადმოცემით, სწორედ საკმევლის ხეებს უკავშირდება: ვაშლოვანში ყოფილა საკმევლის ხეების ნათელი ტყე. ეს ხე ძალიან ჰგავს ვაშლისას. შორიდან მნახველი საკმევლის ტყეს ვაშლის ბაღად აღიქვამდა, ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს ვაშლოვანი.
ქართული საკმეველი საოცარი კეთილსურნელებით გამოირჩევა. ქართული საკმევლის მცირე მარცვალიც კი სხვა ქვეყნებში დამზადებულ საკმეველზე ხანგრძლივად აკმევს და მისი სურნელიც გაცილებით დიდხანს რჩება ნაკმევ ადგილას.
- რა დანიშნულება აქვს საკმევლის კმევას?
- საკმეველს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა აქვს. ახალი აღთქმის თანახმად, ახალშობილი მაცხოვრისათვის მოგვთაგან მირთმეულ ძღვენს შორის ერთ-ერთი ხომ სწორედ გუნდრუკი ანუ საკმეველი იყო, რომელიც მას მიართვეს როგორც სულიერ მეფეს, ღმერთს. აქედან ჩანს, რომ საკმეველი საუკეთესო შესაწირია უფლის მიმართ, რომელსაც ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, რაც ნათლად ჩანს კმევის დაწყების წინ ღვთისმსახურის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან: "საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სულნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხევლისა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა წმიდისა".
კმევა სიმბოლურად უფლის მიმართ აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის გამომხატველია, სწორედ საკმეველივით მაღლდება ზეცისაკენ ჩვენი გულმხურვალე ლოცვა. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ აბელის მიერ შეწირული საკმეველის კვამლი ზეცისკენ ამაღლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღმერთმა მისი შესაწირი შეიწირა, კაენისა კი არა, რადგან მის მიერ შეწირული საკმევლის კვამლი მიწას განერთხა. აქედან ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა შემწირველის სიწმინდე და სულიერი სისუფთავე იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი შესაწირი - ლოცვა იქნება ეს, მარხვა, მატერიალური შესაწირი თუ სხვა - შეიწიროს, ე.ი. საკმევლის კვამლის მსგავსად აიჭრას ზეცად და უფლის საყდრამდე ამაღლდეს.
საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმინდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს. ხატების, წმინდა ტრაპეზისა და სხვა სიწმინდეების კმევა მათდამი მოკრძალებისა და თაყვანისცემის გამომხატველია, ამავდროულად, კმევის დროს სულიწმინდის მოქმედებასაც მიანიშნებს.
საკმეველს ბოროტი ძალების, ეშმაკების განსადევნადაც ვაკმევთ - ე.ი. კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისგან განიწმინდება, რადგან ბოროტი ძალებისთვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია.
- კმევის დროს საკმეველს საგანგებო ჭურჭელში ათავსებენ, რომელსაც საცეცხლური ეწოდება. რას გამოხატავს სიმბოლურად საცეცხლური ან სასაკმევლე?
- ბოლო დროს საცეცხლური ძირითადად ტაძრის ფორმისა მზადდება. იგი არის სიმბოლო წმინდა ეკლესიისა. საცეცხლური გაყოფილია ორ ნაწილად, რაც სიმბოლურად ერთ წმინდა, კათოლიკე ეკლესიას (დედამიწაზე "მებრძოლს", ზეცაში "მოზეიმეს") გამოხატავს.
სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საცეცხლურის ზარის ხმასაც - იგი სიმბოლოა ეკლესიის მიერ უფლისადმი აღვლენილი გალობისა.
- როგორ აღესრულება კმევა და რა სიმბოლური მინიშნება აქვს გაღვივებულ ნახშირზე საკმევლის მოთავსებას?
- კმევის დაწყების წინ ღვთისმსახური საცეცხლურში ათავსებს გაღვივებულ ნახშირს - იგი სიმბოლურად მადლით აღსავსე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გამოხატავს. გაღვივებულ ნაკვერჩხალზე - ნახშირზე იდება საკმეველი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმბოლოა მორწმუნე ადამიანის გულმხურვალე ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს თან რომ მიჰყვება ეკლესიაში - სინანული, მადლიერება, ვედრება, სიმდაბლე და სხვა. ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ჩვენს გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, ანუ საკმეველს, ვათავსებთ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე, ე.ი. ნახშირზე, და მიგვაქვს ეკლესიაში, რომელსაც საცეცხლური განასახიერებს. ის მორწმუნეთა გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, საკმევლის კვამლის მსგავსად, აღამაღლებს უფლის საყდრამდე და ზეციდან სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლი გადმოეფინება.
- როგორ უნდა მოვიქცეთ კმევის დროს?
- კმევის დროს მორწმუნენი იდრეკენ თავს, როგორც თავმდაბლად მიმღებელნი სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლისა. ამ დროს შესაძლოა გულში წარმოვთქვათ "იესოს ლოცვა".
- საღამოს მსახურების დროს, როდესაც ღვთისმსახური სიწმინდეების კმევას იწყებს, მორწმუნენი იმ მიმართულებით ბრუნდებიან, საიდანაც ხდება კმევა, ამიტომ საკურთხევლისკენ ზურგით შებრუნებაც უწევთ. რამდენად მართებულია საკურთხევლისკენ ზურგით დგომა?
- კმევის დროს, როდესაც ჯერი საკურთხევლისკენ ზურგით მიბრუნებაზე მიდგება, სასურველია, მხოლოდ ოდნავ შემოვბრუნდეთ იმ მიმართულებით, საითკენაც კმევა ხდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი