საერო და სასულიერო ცხოვრების კვალდაკვალ
- ზუსტად ათი წლის წინ, 2002 წლის 15 თებერვალს, ღვთის განგებით და შეგონებით, ღვთის სამსახურისთვის წმინდა მთას ეწვია 33 წლის ქართველი, ერისკაცობაში პაატა ჭეჟია, - ასე იწყებს საუბარს ბერის დედა, ქალბატონი ზოია, - პაატა ერთი ჩვეულებრივი ზუგდიდელი ბიჭი იყო, თუმცა მისი მრავალმხრივი ნიჭი და გამორჩეული სულიერება საცნაური ყველაფერში იყო. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა, ასევე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. მსახურობდა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გამგებლის თანაშემწედ. ფლობდა შვიდ უცხო ენას. იყო არაერთი საქმიანი წინადადების ავტორი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აშენებაზე ოცნებობდა და რეგიონის განვითარების საკუთარი გეგმაც ჰქონდა. ეს იყო 1996-1997 წლები, როცა ქვეყანას ეკონომიკურად განსაკუთრებით უჭირდა და სოციალური მდგომარეობაც დაძაბული იყო, მან პირველმა შეიმუშავა სამეგრელოს რეგიონში ბიზნესგეგმა და სურდა ამ საქმისათვის ხორცი შეესხა. უცხოელი ბიზნესმენების და ინვესტორების მოსაზიდად გადაწყვიტა გერმანიაში წასულიყო. ოჯახი ადრე შექმნა თანაკურსელ ინგა თუთბერიძესთან. ჯერ კიდევ სტუდენტებს შეეძინათ ორი შვილი: ბექა და დაჩი. სწავლის დამთავრების შემდეგ მეუღლემ სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა (53-ე საჯარო სკოლაში ასწავლის ისტორიას). საზღვარგარეთ ცოლ-შვილის წაყვანა მრავალი სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა, ამიტომ გერმანიაში მარტო გაემგზავრა. იქ სამი წელი დარჩა. სამშობლოსკენ მომავალი სალონიკში (საბერძნეთი) გემიდან ჩამოვიდა და ქალკედონის ნახევარკუნძულისკენ აიღო გეზი. სალონიკიდან 150 კილომეტრია ათონის მთამდე. ეს მანძილი მან 17 დღეში ფეხით, ტყე-ტყე, ბილიკ-ბილიკ იარა. როგორც მოგვიანებით იწერებოდა, ამ გზას ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ დაადგა; ღვთისმშობელმა აუწყა, ცოდვების მონანიება ათონის მთაზე მოუწევდა.
ასე ტანჯვით გამოვლილი გზის გვირგვინი საოცნებო ივერონის მონასტერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... როცა გაიგეს, ქართველი იყო, არ შეუშვეს. რამდენიმედღიანი შიმშილისა და ფეხით სიარულის შემდეგ, ღონემიხდილი, მონასტრიდან გამოსული, იქვე, შორიახლოს დავარდნილა და ატირებულა. ამ დროს ბერებით სავსე მანქანას გამოუვლია. მათთვის დახმარება უთხოვია. რუსი ბერები აღმოჩნდნენ წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრიდან და თავიანთ მონასტერში წაიყვანეს. წმინდა სავანეში როგორც შეაბიჯა ფეხი, ღვთისმშობლის ხატთან დაემხო... საოცარი სიმშვიდე დაუფლებია მის სულს... მიხვდა, შინ დაბრუნდა, ეს ადგილი ეძახდა, აქ უნდა დარჩენილიყო!
პაატა ჭეჟია ჯერ მორჩილი პეტრე გახდა. სამი წლის შემდეგ კი ბერად აღკვეცეს და ერმოლაოსი ეწოდა. წმინდა ათონის მთაზე საქართველოსთვის ქართველი ბერი ერმოლაოსი ლოცულობს.
ბერად აღკვეცის შემდეგ, მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, მამა ერმოლაოსს მორჩილება მონასტრის ბიბლიოთეკაში განუწესეს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელშეუხებელი წიგნების მოწესრიგება და მისი კატალოგიზაცია დაავალეს. ამ სამუშაოს შესრულების პერიოდში ბერი ერმოლაოსი შეხვდა ბევრ საინტერესო მასალას, გულმა ვერ მოუთმინა და მოინდომა ძველი ხელნაწერების გაცოცხლება. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო მასალა აღმოჩნდა უცნობი ბერძენი ბერების მიერ მე-19-20 სს-ში ათონის მთის მონასტერში მოღვაწე რუსი ბერების ცხოვრება. მამა ერმოლაოსი დაინტერესდა და რუსულ ენაზე თარგმნა ეს ხელნაწერები. წიგნი გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს და მისი ძალისხმევით 700-გვერდიანი წიგნი გამოიცა, რომელიც უკვე იყიდება რუსეთში საეკლესიო მაღაზიებსა და ეკლესიებში. მამა ერმოლაოსი ამჟამად მუშაობს ასევე ბერძნულ ხელნაწერებში მოძიებული ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების მოღვაწეობაზე და მის ქართულ ენაზე თარგმნას აპირებს. ამისთვის 2-3 წელი დასჭირდება, იმედი აქვს, ამ წიგნის გამოცემა ქართველებისთვის ძალიან საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდება.
მამა ერმოლაოსისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. როცა გაიგო, ერთმორწმუნე ერი ერთმანეთს ებრძოდა. თავის სულიერ მოძღვარს, მამა მაკარს (უკრაინელია) ლოცვა-კურთხევა სთხოვა და მონასტრიდან განდეგილად წავიდა. თვლიდა, რომ რუს ბერებთან ერთად ცხოვრება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ ბერი ერმოლაოსი ცალკე, განდეგილად ცხოვრობს თავის სენაკში. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, დედას მხოლოდ წერილობით ესაუბრება.
"ახარე, დედა, ჩემს შვილებს - ბექას და დაჩის, რომ მე, მათმა მამამ, მათთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად აღვიღე ჯვარი და შევუდექი გოლგოთას, რათა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვისათვის, რათა ჩემს შვილებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ.
ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ ამიერიდან მათთვის წმინდა ათონის მთაზე ილოცებს ცოდვილი ბერი ერმოლაოსი.
ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს - საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან ათონის წმინდა მთაზე ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია, ჯერჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აინთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინებისათვის მლოცველი. გილოცავ, დედა!"
***
"დედა, მინდა გაცნობო ერთი ფრიად სასიხარულო ამბავი, ათონის მთაზე კიდევ ერთი ქართველი აღიკვეცა ბერად გიორგობას, წმინდა ქილანდარის მონასტერში - ბერი ილარიონი, ერისკაცობაში გიორგი ლიპარტელიანი. ის უკვე ხუთი წელია ათონზეა, პროფესიით ექიმია და მონასტრის საძმოში დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს. აქვე ვასრულებ შენს თხოვნას, მოგაწოდო მაქსიმალურად სრული ინფორმაცია ათონზე მოღვაწე ქართველებზე;1. ბერდიაკვანი პეტრე (ნინიძე), 12 წელია მოღვაწეობს წმინდა ქსიროპოტამის მონასტერში. ბერად აღიკვეცა საქართველოში - ბეთანიაში, თბილისელია.
2. ბერი ილარიონი (ერისკაცობაში გიორგი ლიპარტელიანი), ხუთი წელია ათონზე მოღვაწეობს - წმინდა ქილანდარის (სერბების) მონასტერში. ბერად აღიკვეცა 2006 წლის 6 მაისს.
3. ბერი ნექტარიოსი (ერისკაცობაში მახარე გელაშვილი), ოთხი წელია ათონზე მოღვაწეობს - წმინდა ვათოპედის მონასტერში. ბერად 2005 წელს აღიკვეცა.
4. ბერი თეოდორე (ერისკაცობაში ლუკა მრელაშვილი), სამი წელია ათონზე მოღვაწეობს წმინდა ვათოპედის მონასტერში.
5. მამა ილარიონი (პავლე, გვარი არ ვიცი), მოღვაწეობს წმინდა გრიგორიატის მონასტერში.
6. ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), წმინდა პანტელეიმონის მონასტერში, ბერად აღიკვეცა სამი წლის მორჩილების შემდეგ, 2005 წელს. არის კიდევ 4 მორჩილი - აბელი, მიქაელი, საბა და პავლე, რომლებიც წელს უნდა აღიკვეცონ. დედა, ჩემი ინფორმაცია არ არის მთლად ამომწურავი, მაგრამ ეს არის სულ, რაც ჩემს ძმებზე ვიცი, მათგან მარტო მამა პეტრე და მამა ილარიონი მყავს თვალით ნანახი. სხვებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ყველანი ერთმანეთისთვის ვლოცულობთ, ყოველდღიურად ღმერთს და დედა ღვთისმშობელს ვევედრებით, რომ ერთი სავანის გუმბათქვეშ გაგვაერთიანოს ქართველები, რათა ქართული ლოცვა-წირვა აღევლინებოდეს ათონის წმინდა მთაზე.
მარად შენთვის მლოცველი შენი შვილი, ბერი ერმოლაოსი.
ათონი, საბერძნეთი. 2006 წ. 5.06"
***
მამა ერმოლაოსი წერილებს თავის ხორციელ შვილებსაც სწერს, ესაუბრება მათ ყველა თემაზე, ურჩევს, ღვთის სიყვარულის გზა აირჩიონ. ეს უფრო ქადაგებებია, ვიდრე უბრალოდ წერილები. მამა ერმოლაოსის საგულისხმო და მანუგეშებელ წერილებს ჩვენი ჟურნალის მკითხველი მომდევნო ნომრებში გაეცნობა. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ბერის დაწერილი ლოცვა.ლოცვა
ჰოი, ღმერთო, მამაო ჩემო და უფალო სიცოცხლისა ჩემისაო, სულიწმიდის ძალით განმინათლე გული, გონება და თვალი ჩემი. ღირსმყავ, ვიყო თანაზიარი შენთან. ჰოი, ქვეყნისათვის გამოგზავნილო მოწყალებავ და თანაგრძნობავ, ჰოი, არსებათა ნუგეშო, მაგემე შენი იმედის სიტკბო. დე, ვიყო ამ სოფლისადმი ბრმა, სულით კი განათებული და ვიყო ცხოვრებაში შენდამი სიყვარულით მთვრალი, რათა დავივიწყო ეს სოფელი და ყოველნი საქმენი მისნი. შენდამი სიყვარულის გამო მაჩუქე მე ჩემი სიცოცხლის სიძულვილი, რათა შევიქმნა მკვდარი ამა სოფლის ყოველთა სიამოვნებათა მიმართ და ძალით შენით, უფალო, დე, ჩაქრნენ ჩემს სხეულში მძვინვარე ვნებანი, დე, შენმა სიყვარულმა განმაშოროს ერისაგან და მასთან ურთიერთობისაგან. დახატე ჩემს გონებაში ერთიანი, უხილავი სახება შენი, რათა მისით დაითრგუნოს ყოველგვარი დროებითის და ხილულის ცრუტკბილი მოგონება. ჰოი, ქრისტევ, უფალო, სიცოცხლის წყაროვ, როცა შენს უდიადეს ნათებას ვესაუბრები, დე, ვიყო ჩემს გულში და გონებაში გამომწყვდეული. არ დამტოვო, რომ ერმა არ დამატყვევოს თავისი დამღუპველი ბაასით. ან თუ უკვე, შენი გულმოწყალების გამო, შეგიძლია ჩემი აურაცხელი ცოდვების მიტევება, წამიყვანე შენთან, დე, ვიყო თუნდაც უკანასკნელი შენს სასუფეველში, ოღონდ შენს სიდიადეს ვხედავდე, ოღონდ შენი სიყვარულის სრულყოფილებით დავტკბე, დე, უახლოეს შენში თავდავიწყებას მოჰყვეს გამოღვიძება შენს ზეციურ ქალაქში. თუმცა, არა ნება ჩემი, უფალო, ყოვლადსამართლიანო, დე, იყოს უწმიდესი ნება შენი, ოღონდ ამავსე შენი მაცოცხლებელი მადლით, რათა შევიძლო ბოლომდე შევსვა სასმელი ჩემი. ღირსმყავ ვიყო ფხიზლად და ყოველ დროს, უდიადეს სიმშვიდეში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვადიდო სახელი შენი. მაჩუქე, უფალო, შენდამი ქებით აღსავსე სიტყვა და განსაცდელის გადამტანი კეთილგონიერება. დათესე ჩემში თვინიერების ცოდნა და შენსკენ მიმართული განუხრელი მისწრაფება. აზრის მასუფთავებელი სიწმიდით განანათლე ჩემი გონება, რათა ლოცვის დროს შენს წინაშე ვითარცა უბიწო და სათნო მსხვერპლი ვიყო. განამტკიცე ჩემში ერთიანი ნებისყოფა, რომელიც ყოველ დროს შენსკენ იქნება მიმართული და განმიმტკიცე აზრი, რომელიც შენთვის განუწყვეტელი კვდომის დროს არ შესუსტდება თავის იმედში. მომმადლე, უფალო, რომ ჩემი პირიდან გამოსული უგრძნობი სიტყვებით კი არა, არამედ მიწაზე განრთხმულმა, ჩემი გულის სრული მორჩილებით და ჩემი გონების მონანიებით ვილოცო შენდამი. აანთე ჩემში შენი ლამპარი, მოათავსე ჩემში ის, რაც შენია, რათა მე დავივიწყო ჩემი, აღაგზნე ჩემში შენით აღტაცება, რათა მან დათრგუნოს ჩემი ბუნების ძალმომრეობა. დე, უდიადესი ძალა შენი ცოცხლობდეს ჩემში, რათა ჩემი სულის გრძნობები განმტკიცდნენ, რათა ჩემმა სულმა, დაფარულად, შენდამი აღავლინოს აღტაცებით აღსავსე სიმღერა. და უზესთაესი ანგელოზების "ალილუიასთან" ერთად, დე, ვადიდო შენი ყოფიერების ძალა და ვითარცა ზეცაში არის, ასევე ჩემს გულშიც ვატარო შენი ღვთაებრიობის სიწმიდე. და ყველა შენს წმიდანთან ერთად გამოვხატო უსაზღვრო მადლიერება შენი უდიადესი სახელის მიმართ და დაუღალავად გემსახურო შენ. დე, იყოს ნება, შენი ყოვლადწმიდაო სამებაო: მამაო, ძეო და სულო წმიდაო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ამ ლოცვაში დაშიფრულია ბერი ერმოლაოსის სული.
წმინდა ათონის მთა, საბერძნეთი. 2005 წელი. 25.05"
გაგრძელება შემდეგ ნომერში
გაგრძელება შემდეგ ნომერში