"არაფერია მონაზვნობაზე უფრო გამორჩეული. მონაზვნობა განღმრთობას ნიშნავს, ორმხრივ - ხორციელ და სულიერ - სიწმინდეს, ღმერთთან თანაზიარობას. მონაზვნობა ადამიანში არსებული ღვთის სასუფევლის შეცნობა, შეგნება და აღმოჩენაა.
"ვინ არს ბრძენ და გულისხმაჰყოს ესე?" (ფსალმუნი 106:43), ვინ არის ჭეშმარიტად კეთილგონიერი და შეიცნო, რომ მონაზვნობაში ღვთის განსაკუთრებული მადლი - განღმრთობა და სიწმინდეა; სოფლის, საკუთარი ნების, თავისუფლების დატოვებით მოვიდა და შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას, გამუდმებული ძიებითა და ბრძოლით იპოვა იესო და ვნებათაგან განთავისუფლებული ვნებებზე გამეფდა", - ვკითხულობთ არქიმანდრიტ ეფრემ ფილოთეველის წიგნში "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ".
"ჩემო კურთხეულო შვილებო, - სწერს მამა ეფრემი მონაზვნებს, - გააცნობიერეთ უფლის მიერ მომადლებული ნიჭი - გახდეთ მისი ძის სასძლოები. ამიტომ განუზომელი სიმდაბლით მოდით, მიუძღვენით სული ტკბილ იესოს და გულწრფელი სიყვარულით აღუთქვით, რომ სიკვდილამდე მისი სიყვარულის ერთგულნი დარჩებით. გისურვებთ, სანთელივით დამდნარიყავით იესოს მსახურებაში და თქვენმა საქმემ სურნელოვანი საკმეველივით კეთილსურნელება ააფრქვიოს, რათა უფალმა მათი სულიერი სურნელება შეიგრძნოს.
ეს წმინდა თავის მიძღვნა ღვარძლიან ეშმაკს გააშმაგებს და თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბამს. მაგრამ თქვენ ნუ შეშინდებით, რადგან შემწედ საყვარელი იესო გეყოლებათ. გამხნევდით და ნუ გეშინიათ: უფალი უხილავი ხელით უხილავ მტრებს შემუსრავს.
ღვთისა და წინამძღვრების რკინისმიერი რწმენა და სრული მორჩილება გქონდეთ და ღვთის შეწევნა და მათი ლოცვა-კურთხევა სასწაულებრივად დაგიფარავთ.
დამწყებ მონაზონს:
თუკი ვინმე მონაზვნურ ცხოვრებაში გაირჯება, ყველაფრისთვის უხვ და მარადიულ სასყიდელს მიიღებს, თუმცა მშობლების, და-ძმებისა და სხვათა დამტოვებელთ ამქვეყნადაც ასწილად მოგვეგება. იესო ქრისტესმიერ კრებულს შეგვძენს, სადაც სიყვარული სულიერია, სიყვარულის მიზანი კი ჩვენს სულიერ წინსვლაში შეწევნაა; ხოლო ხორციელს მხოლოდ ფიზიკური და ამაო უყვარს. საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა, მაშინ როცა მონაზვნურ ყოფაში ეს ღმერთის მოპოვებაში გვეხმარება.
სულიერი შვილისადმი:
ყველაფერი შენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მხურვალედ ევედრე ღვთისმშობელს, წმინდა სურვილით აღგანთოს, რომ თავის უარყოფით ამაო სოფელი უარყო, უარი თქვა იმ სიზმარზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია, შეუდგე სიძეს - ქრისტეს, რომელიც საკუთარ თავს და ტკბილ სიყვარულს მოგანიჭებს და ღირსგყოფს, სასუფევლის მემკვიდრე გახდე. ევედრე მას, რომ წმინდა გადაწყვეტილება მოგმადლოს და როცა მას მიიღებ, პირჯვარი გამოისახე და იესოს მაცხოვნებელ ხმას გაჰყევი: "რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევდინ მე..."
მონაზვნობა განმარტოებაა, საკუთარ თავსა და ღმერთთან საუბარი, საკუთარი თავის უარყოფა და მთელი არსებით ღვთისთვის მინდობა, მორჩილებით და ღვთის სიყვარულით მიღება ყველაფრისა, რასაც მონასტრული ცხოვრება მოითხოვს. მონასტერში ადამიანი ღვთის უსაზღვრო სიყვარულს მიჰყავს. ერშივე უჩნდება სურვილი და ტრფიალება სპეტაკი მონაზვნური სამოსისა, იქაური მყუდრო და მშვიდი ცხოვრებისა. ვისაც ნაკლებად სწამს საიქიო მარადიული ცხოვრების, ჰგონია, მონასტერში ადამიანი ვისიმე ძალდატანებით მიდის. ადამიანი ერთ ოთახში რომ გამოკეტო, თუ ღვთის სიყვარული არა აქვს, იქ როგორ გაჩერდება? ის ყოველნაირად შეეცდება, თავი დააღწიოს არასასურველ გარემოს. ყველაფერი ღვთის ნებით, ღვთის ჩაგონებით ხდება. თუ ძალიან გინდა, ამ გზას დაადგე, წინ ვერავინ გადაგეღობება. ასევე, თუ არ გსურს მონასტრული ცხოვრება, ვერავინ დაგატანს ძალას.
ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ ზღვა ლიტერატურა არსებობს, მაგრამ თუ თავად არ გაუსინჯე გემო, ვერასოდეს შეიგრძნობ მის სიტკბოს.
სამთავისისა და გორის ეპისკოპოსის მეუფე ანდრიას (გვაზავას) კურთხევით სოფელ ატენში დაფუძნებულ დედათა მონასტერს ვესტუმრე.
მონასტრის წინამძღვართან დედა ნინოსთან (მაზანიშვილთან) შეხვედრას, ვინ იცის, რამდენ ხანს ველოდი...
მონასტერი შიგ სოფელში მდებარეობს. შენობაში, სადაც დედები ცხოვრობენ, წინათ ორბელიანების სასახლე ყოფილა. ის ორი საუკუნის წინათ აუგიათ. იქვე ღვთისმშობლის შობის პატარა ეკლესიაა (VIII-IXს.ს.), როგორც ჩანს, ორბელიანთა კარის ეკლესია. სასახლე კლდეზეა დაშენებული, კლდე კი ულამაზეს ხეობას გადაჰყურებს. შენობის აღდგენისას, მეუფის სურვილით, კლდის ფრაგმენტები შენარჩუნდა და ზოგ ოთახში საკმაოდ მკაფიოდაც კი ჩანს.
ეზოში საძირკველი უკვე ამოუყვანიათ. აქ ორსართულიანი სახლი აშენდება. პირველი სართული სტუმრების მისაღებად იქნება განკუთვნილი, მეორეზე კი სატრაპეზოს მოაწყობენ. განზრახული აქვთ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის აგებაც.
გარეთ ცივა, დედები შეშის ღუმელთან თბებიან.
მონასტრის წინამძღვარი, დედა ნინო, სასაუბროდ თავის სენაკში მიწვევს.
- მონაზვნობა ერისგან განდგომაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, ყველა ახლობელი მოიძულო და დაივიწყო. პირიქით, რამდენადაც შორს ვართ ფიზიკურად, იმდენად ახლოს ვართ სულიერად, რადგან განუწყვეტლივ ვლოცულობთ და ვახსენებთ მათ.
ვიდრე მონაზვნობის არსში გაერკვევა, ბევრს ჰგონია, თითქოს ყველაფრისგან მოწყვეტილი უნდა იყო. ასე არ არის, ჩვენ საოცრად ახლოს ვართ ერთან. დღეს ყველას სჭირდება უფალთან მისვლა. ეპოქამ და ცხოვრების არასწორმა წესმა ხალხი უფალს დააცილა, მაგრამ ღვთის წყალობით, დადგა დრო, ყველამ დაინახოს სწორი გზა. ამ გზას კი უფალთან მივყავართ. მონაზვნური ცხოვრება უფალთან მისასვლელი ერთ-ერთი ბილიკია.
რა თქმა უნდა, განმარტოებით ვცხოვრობთ, იმ გაგებით, რომ ერთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ ერისკაცებთან კონტაქტს მაინც არ ვწყვეტთ. ახლაც უამრავი სტუმარი გვყავს. აქ მათ საშუალება ეძლევათ, უფალს მიუახლოვდნენ, ილოცონ, სულიერად გაძლიერდნენ, მადლი წაიღონ. მონაზვნობა დღეს ერისა და უფლის დამაკავშირებელი ხიდია.
ბერმონაზვნური ცხოვრება ჩვენთან ახლაღა იკრებს ძალას, ამიტომ ბევრად ვართ დამოკიდებულნი ერზე, განსაკუთრებით - მატერიალურად. შეიძლება, ჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წინათ, როგორც დედებისა და მამების ცხოვრებაში წაგვიკითხავს, მაგრამ მთავარია, არის მცდელობა, სურვილი, უფალთან მივიდეთ.
- თავად თქვენ რამ გიბიძგათ, რომ მონაზვნური ცხოვრება დაგეწყოთ?
- მონასტერში მოსვლამდე სამი-ოთხი წელი დავდიოდი ეკლესიაში. იმ პერიოდში მოვილოცე წმინდა ნინოს საფლავი, დავითგარეჯა... მანამდე ბერ-მონაზვნები ახლოს არ მენახა... სულ სხვა სამყარო გადამეშალა თვალწინ, რაღაც უხილავი მადლი შემოვიდა ჩემში. ადამიანი მუდამ ძიებაშია. მეც ბავშვობიდანვე ვეძებდი რაღაც ამაღლებულს, წმინდას, მაგრამ ვერსად ვიპოვე, სიცარიელის გრძნობა მქონდა. იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ერთი შეხედვით ყველაფერი მქონდა, მაგრამ მთავარი მაკლდა. ბერ-მონაზვნების ცხოვრება ვიხილე თუ არა, მაშინვე დამებადა მონასტერში წასვლის სურვილი. რამდენიმე თვე გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი. მშობლებისგან, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა შემხვდა. უფალს შევთხოვე: მე უსუსურს გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია-მეთქი... როგორც ბავშვი, ისე ხელჩაკიდებული მიმიყვანა მონასტერში.
მონასტერმა შეავსო ის სიცარიელე... ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ მოწყენა ერთი დღით, ერთი წუთით არ მიგრძნია. სირთულეები არის, მაგრამ მონასტერში მაინც ყველაფერი მიხარია. ერში თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ გული სევდით მქონდა სავსე. ტაძარში რომ მივედი, ცოცხი ავიღე, ეკლესია დავგავე და ის მტვერი ჩავყლაპე, უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. მივხვდი, ჩემი ადგილი იქ იყო.
- ოდნავ მაინც არ გაგიჭირდათ ყველაფრის დათმობა?
- უფალმა ამდენი რამ დაითმინა ჩვენთვის, მე კი საკუთარი სულის ცხონებისთვის ვერ უნდა დავითმინო? ეს განსაცდელია, რომელსაც უფალი უშვებს ჩვენი სულიერი წრთობისთვის, იმისთვის, რომ გავიზარდოთ, სიმდაბლე ვისწავლოთ. ღვთისთვის სათნოა ადამიანის ასეთი ქცევა. ეს დიდ შრომას მოითხოვს. ტკივილიც დიდია. სამაგიეროდ, ღვთისგან დიდ ნუგეშს იღებ.
ჩემი სამონაზვნო ცხოვრება 10-11 წლის წინათ დაიწყო. სამი წლის განმავლობაში მონასტერში ისე ვცხოვრობდი, რომ არც მორჩილი მერქვა, არც შემოსილი ვიყავი. სწორედ იმხანად ჩამოყალიბების პროცესში გახლდათ გურჯაანის მონასტერი. მოულოდნელად შემოთვალა მეუფე აბრაამმა (გარმელიამ), ქეთევანი (მაშინ ასე მერქვა) აღდგომის ღამეს სამონაზვნედ უნდა ვაკურთხოთ და მოემზადოსო. ეს ძალიან დიდ წყალობად ჩავთვალე... მერე საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიაში მეუფე ანდრია მოვიდა და ნინოწმინდის მონასტერში გადამიყვანა. წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ გურჯაანში დამაბრუნეს. მეუფე ანდრია ჩემი სულიერი მოძღვარია. მასში ვხედავ მეგზურს, რომელიც უფალთან მიმიყვანს.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მონასტერში წინამძღვარს. როგორ წარმართავს ის მონასტრის წევრთა ცხოვრებას?
- წინამძღვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა, სულიერად გაზრდა ევალება, პასუხს აგებს ადამიანთა სწორ ცხოვრებაზე. გამუდმებით იმის შიში მაქვს, მე თვითონ რამდენი რამ არ ვიცი-მეთქი... ალბათ, მთელი ცხოვრება გამოცდაა, სწავლა. მომავალ თაობას რაღაც რომ მისცე, თვითონვე უნდა იცოდე; რომ იცოდე, უნდა შეიძინო, ამისთვის კი დროა საჭირო. ჩვენი ზრდა და მორჩილებისთვის, მონაზვნებისა თუ ახალმოსულებისთვის გამოცდილების გაზიარება ერთდროულად ხდება. ერთად ვიზრდებით, ერთად ვსწავლობთ სამონასტრო ცხოვრებას.
ადამიანის ბუნებას გააჩნია; თუ რბილი, მორჩილი და დამთმობია, მიუხედავად ასაკისა, მისი მონაზვნად ჩამოყალიბება ადვილია, ხოლო თუ ჯიუტია, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ძნელია მისი დამორჩილება. მეუფემ ასეთი ფუნქცია დაგვაკისრა: გულისსიტყვების გახსნა. მამაო კი მოდის ჩვენთან, წირვას ატარებს, წერილობითაც ვაბარებთ აღსარებას, მაგრამ ეს არ კმარა; წინამძღვარმა უნდა იცოდეს მონაზვნისა თუ მორჩილის სულში მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა მისი სულიერი განვითარება სწორად წარმართოს.
- როგორ უნდა აკონტროლოს მონაზონმა თავისი გულისთქმა?
- ყველა აზრი დაუფარავად უნდა მივიტანოთ ჩვენს სულიერ მოძღვრამდე. აღსარებისას ჩანს, საით იხრება ადამიანი - სულიერისკენ თუ ხორციელისკენ. ამაო აზრები განსაკუთრებით ლოცვის დროს მოდის, რათა ადამიანი უფალს დაშორდეს, ლოცვას მოსწყდეს მისი გონება. ჩვენი მიზანი კი განუწყვეტელი ლოცვაა. შეიძლება ტაძარში არ ვიდგეთ, მაგრამ გულში მუდამ ვლოცულობთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ამას რომ ამბობს ადამიანი, ცუდი აზრები აღარ მოდის.
- მონაზვნის შავი შესამოსელი შეხედვისთანავე კრძალვას ბადებს...
- ძალიან მომწონდა შემოსილი დედები, შავი ფერი კი ისეთი ლამაზი არასოდეს მომჩვენებია, როგორიც მონასტერში მოსვლის შემდეგ. მონაზვნის შესამოსელის მიმართ კრძალვა უნდა ჰქონდეს ადამიანს. მას დიდი სულიერი დატვირთვა აქვს. აღკვეცის დროს შესამოსელიც იკურთხება, ამიტომ მას განსაკუთრებულ ჭურჭელში რეცხავენ - არ შეიძლება, ყველაფერს შეეხოს, ახალნაკურთხი ტანსაცმლის ნარეცხი კი სუფთა ადგილას უნდა გადაიღვაროს. როცა ასეთი კრძალვაა შესამოსლის მიმართ, თავისთავად ცხადია, მისი მატარებლისადმი დამოკიდებულებაც ვერ იქნება ჩვეულებრივი.
- როგორია მონასტერში მონაზვნის ცხოვრება?
- მონაზვნის ცხოვრება აქ ძირითადად შრომითა და ლოცვით შემოიფარგლება. ლოცვა დილის 5 საათზე იწყება და 8 საათამდე გრძელდება. 10 საათზე ჟამნობა გვაქვს, ერთი საათის განმავლობაში ვლოცულობთ. ვატარებთ ღვთისმშობლის პარაკლისს. მერე ოთხამდე მწუხრი აღევლინება. საღამოს 8 საათზე სერობაა. შუალედში ვტრაპეზობთ, ვისვენებთ, მორჩილებას აღვასრულებთ, ვქარგავთ. მდუმარების დღეც გვაქვს გამოცხადებული. მონასტრის წევრების სულიერი მოძღვარი ჩვენი მეუფეა. მწირველი მღვდელია მამა დავითი.
მონასტერში 13 წევრი ცხოვრობს (ამჟამად ერთი საბერძნეთშია). მათგან ერთი სამონაზვნეა, დანარჩენები - მორჩილები. აქედან წასული ერთი მონაზონი თბილისში, ჩვენი მონასტრის მეტოქიონში ცხოვრობს.
- რა სულიერი ღვაწლი უნდა იტვირთოს მონაზონმა მონასტერში?
- ყველაზე დიდი სულიერი ღვაწლი ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანაა. ცხოვრება, საერთოდ, რთულია, მით უმეტეს, მონასტერში. აქ, სადაც ახლობლები, ოჯახის წევრები გვერდით არ გვყავს, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ. პავლე მოციქული წერს: "ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ისე აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო". ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაა უდიდესი სათნოება.
- ბერმონაზვნური ცხოვრება ხომ ყველა სიამოვნებაზე უარის თქმას გულისხმობს...
- მონასტერში ადამიანი ხორცის გასალაღებლად როდი მიდის... როცა ხორცი ჭკნება, სული ყვავის. თუ ხორცი არ მოვაუძლურეთ, სულიერად წინ ვერ წავიწევთ.
- ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ გიჭირთ?
- ბუნებრივია, სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვაგვარად აღზრდილი ადამიანებისთვის იოლი არ არის გვერდიგვერდ ცხოვრება, მაგრამ თუ ერთმანეთს არ მოვუთმინეთ და გავუგეთ, არაფერი გამოვა. პირველ რიგში სწორედ ამით გამოიხატება ღვთის სიყვარული. უფალი სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს. თუ ეს მოწოდება არ შევასრულეთ, უფალთან მისვლას როგორღა შევძლებთ? შეიძლება, გვიჭირს, მაგრამ მონაზვნობა ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაა, საკუთარ ვნებებთან ჭიდილი. მონასტერში ყველანი საკუთარი ცოდვების სატირლად ვართ მოსულნი.
- ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოიქცეს?
- პირველ რიგში, უნდა ილოცოს, რომ მცდარი არჩევანი არ გააკეთოს. შესთხოვოს უფალს, განუცხადოს ნება თვისი და მოძღვარსაც დაეკითხოს. ღმერთმა ინებოს, ყველას მისცემოდეს იმის ძალა, რა გზაზეც უფალი აყენებს. იოანე ოქროპირს აქვს ასეთი ლოცვა: "უფალო, მომეცი ძალა, რათა აღვასრულო ნება შენი". მონაზვნად რომ აღიკვეცება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ხორციელი კაცი მოკვდა და მის ადგილას სულიერი უნდა დაიბადოს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი