ბერი არც თავის მოქმედებათა პროგრამებს ადგენს და არც მისიონერული სამუშაოს ერისკაცულ პროექტებს. ის ყოველგვარი საკუთარი გეგმის გარეშე მიიწევს წინ. მოწყალე ღმერთი მას თავის საღმრთო გეგმაში ჩართავს და თუ საჭირო გახდება, მოციქულებრივი ღვაწლისთვის მოუწოდებს.
ღმერთი ბერებს არ სთხოვს, ერში გავიდნენ და ხალხი ხელში აყვანილი ატარონ; მას სურს, მონაზვნებმა ერს თავიანთი პიროვნული ღვაწლით გაუნათონ გზა და ამგვარად წარუძღვნენ საუკუნო სიცოცხლისკენ. არიან ბერები, რომლებიც ხალხს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მათ მთელი სამყარო შეეწეოდა.
ბერი სოფელს იმიტომ კი არ ტოვებს, რომ სძულს იგი, არამედ იმიტომ, რომ უყვარს. თუმცა მისგან მოშორებით ცხოვრობს, თავისი ლოცვით ეხმარება იმაში, რაშიც კაცობრივი შეწევნა შეუძლებელია და საჭიროა მხოლოდ საღმრთო ჩარევა. ამიტომაც ბერს განუწყვეტელი კავშირი უნდა ჰქონდეს ღმერთთან, სიგნალებს იღებდეს მისგან და ხალხს უფლისკენ სავალ გზას უჩვენებდეს.
ამას წინათ კალივაში ორი რომაელი კათოლიკე არქიტექტორი მესტუმრა. "რას უსხედან ეს ბერები აქ? - მკითხეს მათ, - რატომ არ მიდიან ერში საზოგადო მსახურებისთვის?" "განა შუქურები კლდეებზე არ უნდა იდგნენ? - კითხვაზე კითხვით მივუგე მე, - რას გვიბრძანებთ, ქალაქში გადავიტანოთ ქუჩის შუქნიშნებივით? შუქურას თავისი დანიშნულება აქვს, შუქნიშნებს - თავისი. ბერი ნათურა კი არ არის, გადასასვლელს რომ ანათებს, რათა ხალხმა არ წაიფორხილოს; ბერი შორეული შუქურაა, რომელიც თავისი ბრწყინვალებით ზღვებსა და ოკეანეებს სწვდება, რათა ხომალდებმა საიმედო გზით გასცურონ და დანიშნულების ადგილს - ღვთის სასუფეველს მიაღწიონ".
***
როცა ერისკაცი, თუნდაც ურწმუნო, მოვა მონასტერში და შეხვდება ნამდვილ ბერებს, თუ კეთილად არის განწყობილი, თავადაც მორწმუნე გახდება. მრავალმა უღმერთო მეცნიერმა, რომელიც მთაწმინდაზე მონასტრების დასათვალიერებლად მოვიდა, შეიცვალა ცხოვრების წესი. აქ ხალხი ხედავს ახალგაზრდებს, რომელთაც სოფელში არაფერი აკლდათ, მაგრამ დაუტევეს სიმდიდრე, თანამდებობა და ღვაწლის, ლოცვისა და მღვიძარების გზა აირჩიეს; ხედავს და კითხულობს: "რა არის ეს? თუ მართლა არსებობს ღმერთი, საიქიო და ჯოჯოხეთის სატანჯველი, მაშინ რატომ ვცხოვრობ ასე?" - და მას შემდეგ ნაკლებად სცოდავენ ან საერთოდ გამოსწორდებიან ხოლმე. ასეთია ბერის უხმო ქადაგების ძალა. მრავალნი ქადაგებენ, მაგრამ მცირედნი აღვიძებენ ხალხში რწმენას, რადგან მათი ცხოვრება მათსავე სიტყვებს არ შეესაბამება. ბერი ხმამაღლა არ წარმოთქვამს ქადაგებას; ის უხმოდ, თავისი ცხოვრებით ქადაგებს და ლოცვით ეხმარება მოყვასს. ეს სახარების ყველაზე სარწმუნო ქადაგებაა და სწორედ ეს სწყურია სოფელს, განსაკუთრებით - დღევანდელ დღეს.ჩვენი ვალია, ლოცვითა და პირადი მაგალითით შევეწიოთ ერისკაცთ და სულიერ აღორძინებაში დავეხმაროთ, თუმცა, ამასთანავე, თითოეული ნამდვილი მონაზონი სოფელს თავისი მოქმედებითაც ეხმარება, ეხმარება თავისი დამოკიდებულებით ამა თუ იმ პრობლემის მიმართ, იმ ორიოდე სიტყვით, რომელიმე მლოცველს რომ ეტყვის, რათა ცხოვრების აზრის შეცნობა გაუადვილოს ან გაამხნეოს.
არ ივარგებს, მონაზონი თვითონვე ცდილობდეს ერის ხალხთან ურთიერთობას, რადგან ერისკაცული მედიდურობა სულიერ კანონებს უპირისპირდება, ეს კი ჩვენ, მონაზვნებს, გვაწამებს.
ეცადეთ, შეძლებისამებრ, შეუმჩნეველნი დარჩეთ. არიან მონაზვნები, რომლებიც ცდილობენ, იარონ ტაძრის დღესასწაულებზე, ეწვიონ ერთმანეთს, გაიჩინონ სულიერი მეგობრები, მე კი, როცა იძულებული ვარ, სულიერი საქმეებისთვის სადმე წავიდე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საწამებლად მივყავდე ვინმეს.
***
გარდა საკუთარი სულისა, მონაზონი ყველა ცოცხლისა და ყველა გარდაცვლილისთვისაც ზრუნავს. ნამდვილი საღმრთო სიყვარული ბერისა ჩანს იმ ტკივილში, საკუთარი სულისა და მთელი სამყაროს გადარჩენისთვის რომ განიცდის. ღვთისადმი მიძღვნილი ბერის სული არა მარტო ნათესავს, არამედ თანამემამულეებსაც შეეწევა. ამიტომაც მცირე აზიაში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ - თითოეულ გვარს ერთი ბერი მაინც უნდა ჰყოლოდა მისთვის მლოცველი.ბერი უფალს სოფლის გადარჩენას ევედრება და ამასთან ერთად საკუთარი სულის ხსნისთვისაც ლოცულობს... როცა უფალი შეისმენს მის ვედრებას, ის სოფელსაც შეეწევა. თუმცა ბერი არასოდეს იტყვის: "მე გადავარჩინე სამყარო"; უფალმა იხსნა სოფელიო, ამბობს ის. ბერმა ისეთ სულიერ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს, რომ ამგვარად ლოცულობდეს: "ღმერთო ჩემო, მე ნუ შემიწყალებ, მე ნუ მომხედავ. იზრუნე ამა სოფლისთვის და შეიწყალე იგი". ბერი ასე იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ თვითონ არ სჭირდება ღვთის მოწყალება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს სოფელი.
- მამაო, სადამდე შეიძლება დაივიწყოს მონაზონმა თავი ერისკაცთა დახმარებისას?
- მანამდე, სანამ ხედავს, რომ ეს ხალხისთვის სასარგებლოა, მაგრამ თუ თავს სულმთლად ერისკაცთა სამსახურს მივუძღვნით, თვითონაც ერის ადამიანებად ვიქცევით. თუ ბერი, იმ მიზნით, რომ ერისკაცს დაეხმაროს, მონაზვნისთვის უჩვეულოდ იქცევა, მაშინ ის ვერავის ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანს.
არის შემთხვევები, როცა მონაზვნებში ერისკაცის სულს ხედავ, ერისკაცში კი მონაზვნისას. ასეთებს იმ ქვეყნად ქრისტე ეტყვის: "შენ გაიხადე ეგ სქემა, შენ კი ჩაიცვიო". თუ ერისკაცმა მონაზვნური ცხოვრება მოისურვა, იკურთხება ღვთისგან, ხოლო ერული ცხოვრების მოსურნე მონაზონი საუკუნო სატანჯველს მიეცემა.
მონასტრებს სულიერი დანიშნულება აქვთ. მათში არ უნდა იყოს ერისკაცული საწყისი; მხოლოდ სულიერი, რათა ადამიანთა სულები სამოთხისეული სიტკბოებით აღავსონ. თუ მონასტერი სულიერად ცხოვრობს, იცოდეთ - ის სოფელს აიძულებს, დაფიქრდეს. როცა მონასტერში ღვთის შიშია, კეთილმოკრძალება, არ არის ერისკაცული ლოგიკა და ვაჭრული სული, ის ერისკაცს გულს აუჩვილებს.
- სოფელს რომ დაეხმაროს, ასეთი სულიერად ფხიზელი ადამიანი ცოტაა!
- დიახ, საუბედუროდ, ასეთები ცოტანი არიან! მათ შემდეგ რაღა ეშველება სოფელს? იცით, რამდენს ვევედრები ღმერთს, რომ გამოაჩინოს ადამიანები, რომელთაც ნამდვილად ხელეწიფებათ სოფლის დახმარება? ამ საცოდავი ხალხისთვის ისიც საკმარისია, მცირედით მაინც შეგტკიოდეს მათზე გული და საკუთარი ქვენა მიზნებისთვის არ იყენებდე. სოფელში განუწყვეტელ ბრძოლებში არიან და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მოდიან მონასტერში, სადაც მათ სულიერად შეეწევიან და ისინიც, დაიმედებულნი, ძალებით აღსავსენი, ბრძოლას განაგრძობენ.
ამ მძიმე წლებში ხალხს ხორციელზე მეტად სულიერი საკვები სჭირდება, არა პური (თუმცა, სამწუხაროდ, მალე იმის საშუალებაც არ გვექნება, პურით მაინც დავეხმაროთ), არამედ სულიერი შეწევნა. ვეცადოთ, ლოცვით შევეწიოთ მთელ სამყაროს. მაგალითად, ვიზრუნოთ, რომ რომელიმე ოჯახი დანგრევას გადავარჩინოთ, რომელიმე დედას კი თავისი საბრალო შვილების სათანადოდ აღზრდაში დავეხმაროთ, ოდნავ მაინც შევაკავოთ ცოდვისგან ისინი, ვისაც მოკრძალება აქვს.
***
დროა, ჩვენი სულები დღესვე მოვამზადოთ, რადგან ხვალ თუ რამე სერიოზული მოხდება, არ ვიცი, სად მიგვიყვანს ეს. ნეტავ ღმერთი არ დაუშვებდეს იმ მძიმე დღეების დადგომას, მაგრამ თუ ის დღეები დადგება, მაშინ ერთი მიწისძვრა, ერთი ბიძგიც კი დაანგრევს მონასტრებს, რადგან ყველა ეცდება, თავი გადაირჩინოს, ყველა სხვადასხვა მხარეს გაიქცევა. ღმერთმა რომ არ დაგვტოვოს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჩვენს სულებში რაღაც აღმატებული, სულიერი უნდა სახლობდეს...რომ არ ვხედავდე ამ საშინელი დღეების მოახლოებას, გულთან ასე ახლოს არ მივიტანდი, მაგრამ ვხედავ, რომ მოდის დრო, როცა ძალიან გაგიჭირდებათ... მოდით, გამოვსწორდეთ, გამოვსწორდეთ, რათა საღმრთო შეწევნის მოთხოვნის უფლება გვქონდეს... თუ სულიერად იფხიზლებთ, მონასტერი ციხესიმაგრეს დაემსგავსება და თქვენი დახმარება შორს მისწვდება სოფელს. სხვაგვარად თვითონვე დაგჭირდებათ კაცთაგან შეწევნა და მფარველობა.
მონაზონმა სულიერად იმისთვის უნდა იცხოვროს, რომ მზად იყოს სირთულეების გადასალახად. უნდა მოემზადოს, რათა გაჭირვებამ ფრთები არ შეაკვეცოს, თორემ ბოლოს შეიძლება ქრისტეც კი უარყოს. დადგება დრო, როცა მდინარეები დაშრება და ყველას წყურვილი დატანჯავს. ჩვენ, მონაზვნებს, ამისა არ გვეშინია. დაე, დავიტანჯოთ! ჩვენ ხომ ასეთი გზა ავირჩიეთ. "იმას, რასაც ნებაყოფლობით არ ვაკეთებდი, - ვიტყვით მაშინ, - ახლა უნებურად მაინც შევასრულო, რათა მივხვდე, თუ რა არის ბერობა. გმადლობ, ღმერთო ჩემო, ამისთვის!" მაგრამ სოფელი, საცოდავი სოფელი! იქამდე მივიდნენ, რომ ისეთი ბომბები გამოიგონეს, რომლებიც ხალხს ხოცავს, შენობებს კი არ ანადგურებს. ქრისტემ თქვა, რომ ერთი კაცის სული მთელ სოფელს უდრის, მათ კი შენობა მთელ სოფელზე ძვირად უღირთ, ეს საშინელებაა!
- მამაო, ვგრძნობ საფრთხეს და მეშინია მომავლის.
- ეს შიში გვეხმარება, ქრისტეს ჩავებღაუჭოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს გულისთვის გმირობა მოგვიწევს. გამარჯვებისთვის არც ტყვიამფრქვევები და, მით უმეტეს, არც ატომური ბომბები არ გვჭირდება; დღეიდან ბრძოლა სულიერი იქნება. ჩვენ თვით ეშმაკთან მოგველის ორთაბრძოლა, მაგრამ მას, თუ თვითონვე არ მივცემთ ნებას, არავითარი ხელმწიფება არ აქვს ჩვენზე. რისი უნდა გვეშინოდეს? თუ მონაზვნურად ცხოვრობთ და ფხიზლად ხვდებით ეშმაკის ყოველ შემოტევას, მაშ, საღმრთო შეწევნის უფლებაც გაქვთ. ლოცვა და თავმდაბლობა, თანაგრძნობა და სიყვარული ხომ ნამდვილი სულიერი კაპიტალია... თუ მონასტერში არის ორი-სამი კაცი, რომელიც სხვის ტკივილზე ფიქრობს და ლოცულობს, ისინი სულიერ ციხესიმაგრედ იქცევიან და მტრის ყოველ ღონეს შებორკავენ.