ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე
თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას საღვთისმეტყველო კუთხით გავიაზრებთ, მეტად მჭიდრო კავშირს აღმოვაჩენთ ბერმონაზვნური ცხოვრების აღორძინებასა და საქართველოს ძლიერებას შორის.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქას, საქართველოს გამთლიანებას საფუძველი წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობამ ჩაუყარა.ჩვენი თაობის ხალხისთვის ბერმონაზვნობა უცხო ხილი იყო. მის შესახებ მეტად არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობდა. მადლობა უფალს, რომ კვლავ მომრავლდნენ ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს მიუძღვნეს, ზრუნავენ საკუთარი და მოყვასის ცხონებისთვის, ლოცვით შეეწევიან ახლობლებს, სამშობლოს და სრულიად საქრისტიანოს.
"კარიბჭის" სტუმარია შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
- ბერმონაზვნობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე, მსგავსად ზეციურ ანგელოზთა.
ღმერთს კაცობრიობის განვითარება სხვაგვარად ჰქონდა ჩაფიქრებული, სხვანაირად უნდა წარმართულიყო ჩვენი ცხოვრება, მაგრამ სანამ ადამიანი სრულყოფილებას მიაღწევდა, მანამდე მოხდა ცდუნება. თავისუფალი ნება, რომელიც უფლისაგან გვქონდა მოცემული, არასწორად გამოვიყენეთ.
სამოთხიდან გამოძევების შემდეგ კაცობრიობამ დაიწყო გამრავლება და ცოდვებიც გამრავლდა. გაჩნდა სიძვა, მრუშობა, ტყუილი, კაცის კვლა... ცხოვრება უკან-უკან წავიდა. ჩვენმა წინაპრებმა, წმინდა მამებმა, ბევრი რამ ნახეს, გამოსცადეს და მათ შორის უკეთესი გამოარჩიეს. ეს არის მართლმადიდებლური სარწუნოება.
ბერმონაზვნობა ღვთის დაშვებით შეიქმნა. მონასტერი სიმბოლურად ცათა სასუფეველია, იმ გაგებით, რომ იქ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ცხოვრებაა, ლოცვაა, მარხვა, დაძლევა იმ სისუსტეებისა, რაც უამრავი გვაქვს ადამიანებს.
- არაეკლესიურ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ ბერად შედგომა ეგოისტობაა, ადამიანი გაურბის წუთისოფელს, როცა შეუძლია, ქვეყანას, მოყვასს რამით გამოადგეს. რას ეტყვით ასეთ ხალხს, რამდენად დიდია ბერმონაზვნობის როლი ქვეყნის აღმშენებლობაში?
- ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ ეკლესია-მონასტრები ძლიერი იქნება, ერიც აუცილებლად გაძლიერდება. ბერისა და მონაზვნის ლოცვისას მადლი ზეციდან უხილავად გარდამოედინება მიწაზე და ერის ადამიანს ეფინება. მისი უწმინდესობაც სულ იმას ამბობს, რომ ბერი და ერი განუყოფელია. ბერმონაზვნური ცხოვრება იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ კაცობრიობა გადარჩეს. სადაც ეკლესია-მონასტრები არ არის, ის ქვეყანა და ის ხალხი განწირულია, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ხსნა და გადარჩენა.
- რა მოეთხოვება ადამიანს, რომელიც მოკვდა ამ სოფლისთვის, რას ეფუძნება ბერმონაზვნობა?
- ბერმონაზვნობა ამქვეყნიური, ამაო ცხოვრებიდან გასვლაა. ბერ-მონაზონს დაცული აქვს თვალი, ქმედება, საქმიანობა, გონება. მართალია, ბოლომდე არა, - შეიძლება, გონებითაც სცოდოს, სიტყვითაც და საქმითაც, - მაგრამ მონასტერში მეტი პირობაა იმისათვის, რომ ბერ-მონაზონმა უკეთესად აკეთოს თავისი საქმე, მარხვა იქნება ეს, ლოცვა, აღსარება-ზიარება თუ ფიზიკური შრომა.
ბერ-მონაზონს მონასტერში მოეთხოვება მორჩილება, თავმდაბლობა, სულიერი ცხოვრება, მოთმინება. პავლე მოციქული ბრძანებს, ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო... ჩვენ ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რათა ნებისმიერი განსაცდელი თუ დაბრკოლება გადავლახოთ.
ბერმონაზვნობა დაფუძნებულია იმ მაგალითზე, რომელიც წმიდა მამებმა დაგვიტოვეს. ისინი ცდილობდნენ, მეტი დრო ჰქონოდათ უფალთან ურთიერთობისათვის.
- რა განსხვავებაა ერისკაცის მორჩილებასა და ბერის მორჩილებას შორის?
- ბერობა არის უმაღლესი მოქალაქეობა მიწიერი ყოფისა, სახე ანგელოზებრივი ცხოვრებისა. ანგელოზი კი, რომელიც ზეცაში იმყოფება და ჩვენი მფარველიცაა ქვეყანასა ზედა, უფლისაგან მიცემულ ლოცვა-კურთხევას მეყსეულად ასრულებს, უფალს ემორჩილება.
მორჩილება იმას ნიშნავს, ღმრთის ნება აღასრულო, ამის სანაცვლოდ კი უფლისგან მადლსა და წყალობას მიიღებ და სულიერად გაიზრდები. სხვაგვარად ეს მადლი შენთან ვერ მოვა და დაღუპვის გზას დაადგები.
მორჩილების მაგალითი სულიერ შვილებს წინამძღვარმა უნდა უჩვენოს. მონასტრის წინამძღვარი თავისი სულიერი მოძღვრის ან ეპარქიის მღვდელმთავრის მორჩილებაში უნდა იყოს. მე თუ ურჩობა გამოვავლინე, რასაკვირველია, ჩემი სულიერი შვილებიც ურჩობას ისწავლიან და... ხომ გაგიგონიათ - აირია მონასტერიო.
შეიძლება, მორჩილებისათვის 5, 10, 40 წელი იწვალო და მერეღა მიაღწიო. ღირს და ღმერთშემოსილ მამებს უდაბნოში მოღვაწეობის ათეულობით წელი სჭირდებოდათ, რათა სულიწმინდის მადლი შეემოსათ. მორჩილების მადლით მიიღო სვიმეონ მესვეტემაც ღირსისა და ღმერთშემოსილი მამის წოდება. როცა სვეტიდან ვერ ჩამოიყვანეს, მამები შეეცადნენ გამოეძიათ, იყო თუ არა ეს ქმედება ღვთისაგან. მღვდელმთავარმა კაცი გაგზავნა და თავისთან დაიბარა. ეს იმას ნიშნავდა, სვეტიდან ჩამოდიო. ამგვარად შეამოწმა მღვდელმთავარმა სვიმეონ მესვეტის მორჩილება. წმინდანი დაემორჩილა უპირატესს - ჩამოსვლა დააპირა. ასეთი მორჩილების გამო ის სვეტზე დატოვეს. სვიმეონ მესვეტის ნაბიჯი მორჩილებითა და ლოცვა-კურთხევის მადლით იყო გამართლებული. თვითნებობით ადამიანი ასეთ სულიერ სიმაღლეს ვერ მიაღწევს.
წმინდა მამა შიო მღვიმელს მღვიმეში ჩასვლა რომ უნდოდა, წავიდა თავის სულიერ მოძღვართან - იოანე ზედაზნელთან და მისგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა. წმინდა მამამ თვითონ კი მისცა კურთხევა, მაგრამ კათოლიკოს ევლავიოსთანაც გაგზავნა - თუ ისიც გაკურთხებს, მერეღა ჩადიო, რადგან იოანე ზედაზნელისთვის სულიერი მამა კათოლიკოსი იყო.
უფალიც გვემორჩილება ხოლმე. რომ შევთხოვთ რამეს და შეგვისრულებს, განა ეს მორჩილება არ არის? ჩვენ კი ქედმაღალნი ვართ, არ გვიყვარს მორჩილება.
- რას ნიშნავს მონასტერში მცხოვრები ადამიანისთვის სულიერი მოძღვარი?
- ძალიან ბევრს. წმინდა მამა ანტონი დიდი ბრძანებს, რომ ხორციელ მამაზე უპირატესი სულიერი მამაა. სულიერი მოძღვარი ადამიანს უშუალოდ აკავშირებს ქრისტესთან. იგი პასუხისმგებელია ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს მიმართ გაცემულ ნებისმიერ ლოცა-კურთხევაზე, ჩვენზე მლოცველია.
- მორჩილებასთან ერთად ბერ-მონაზონს თავმდაბლობა და უპოვარებაც მოეთხოვება...
- კვლავ წმინდა ანტონის სიტყვებს მოვიხმობ: თავმდაბლობა და მორჩილება არის ორი ფრთა, რომლებიც ადამიანს ცათა სასუფევლამდე აამაღლებს. როგორც ფრთამოტეხილი ფრინველი ვერ იფრენს ცალი ფრთით, ისევე ვერ მიაღწევს სასუფეველს ადამიანი ერთ-ერთი ამ თვისების გარეშე.
უფალი მოგვიწოდებს, მას მივბაძოთ - "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა..." უფალი თავმდაბალია. თუ თავმდაბლობა არ ექნა ადამიანს, არც მორჩილება ექნება და თუ მორჩილება არ ექნა, არ ექნება არც თავმდაბლობა. ამპარტავნება ეშმაკისაგან არის, თავმდაბლობა - ღვთისაგან. ანტონი დიდმა იხილა, რომ მთელი დედამიწა ეშმაკის მახეებით იყო სავსე, შეძრწუნდა და ცრემლი წამოუვიდა. "ვინ გადარჩება, უფალო?" - "მდაბალი, ანტონი, მდაბალი გულითა!" სიმდაბლე არის ნაყოფი ქრისტე ღმერთისა, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება.
უპოვარება მორჩილებისა და თავმდაბლობისაკენ გვიკვალავს გზას. მონასტერში არაფერი გაქვს შენი; როგორც მაცხოვარს მხოლოდ საკუთარი კვართი და სამოსელი ებარა, ისე აბარია ბერს თავისი შესამოსელი, დანარჩენი ყველაფერი მონასტრისაა, ღვთისა, ეკლესიისა, ხალხისაა. ამ ყოველივეს წინამძღვარი აკონტროლებს, მან უკეთესად იცის, ვის რა სჭირდება.
უპოვარება ძალიან დიდი ჯილდოა. ბერი, რომელიც უპოვარებისაკენ მიდის, ბედნიერია, რადგანაც მას არ აწუხებს ამქვეყნიურობა; კიდევაც რომ აწუხებდეს, ეწინააღმდეგება. ხოლო ბერი, რომელიც დღედაღამ იმაზე ფიქრობს, სად იშოვოს ფული, რა ჭამოს, რა დალიოს და რა აკეთოს, ჩემი აზრით, მხოლოდ შემოსილი ბერია. წმინდა იობ მრავალვნებულის ცხოვრება გავიხსენოთ; ეშმაკმა წაართვა აურაცხელი სიმდიდრე, ქონება, პირუტყვი, შვილებიც კი, თავადაც რა სენი არ შეეყარა... მაგრამ რომ ჰკითხეს, ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ადიდებო ღმერთს? - კამათი კი არ დაუწყია, ორიოდე სიტყვით აუხსნა ყველაფერი: შიშველი დავიბადე, არაფერი მომიტანია ამქვეყნად და აქედანაც შიშველი წავალ, ვერაფერს წავიღებო. ჭეშმარიტი გონებით მოაზროვნე ადამიანი თავის სულს ცხონებისაკენ მართავს, უპოვარებას კი ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ეკლესიაში ახალმისულების უმეტესობას, როდესაც მათ უშურველად ეძლევათ სულიწმინდის მადლი, მონაზვნური ცხოვრების სურვილი უჩნდებათ. რამდენი ხნის მომწიფებული უნდა იყოს ეს სურვილი, რა გამოცდას უნდა გაუძლოს მან, რომ ადამიანი არ შეცდეს?
- ამას ასე ვერ ვიტყვით. მონასტერში კაცი ღვთის მოწოდებით მიდის. გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც ადამიანი საერთოდ არ იყო სარწმუნოებაში, მაგრამ შინაგანად ეძებდა მას, იხილა მონასტერი და აღარც გამოსულა იქიდან...
შეიძლება გეგონოს, რომ ბერობა გინდა, წახვიდე მონასტერში და ვერ გაძლო, ვერ შეეგუო ცხოვრების წესს...
- ზოგჯერ ყოფით დაღლილი ადამიანი ხსნას მონაზვნობაში ეძიებს, ზოგს მავანის ჯიბრზე სურს ბერობა, ზოგი ამა სოფელზეა გაბრაზებული და მის უარსაყოფად მიდის მონასტერში. რა უნდა იყოს ამის ჭეშმარიტი მოტივი?
- მონასტერში რომ იცხოვრო, ღმერთი უნდა გიყვარდეს, იქ სულის საცხოვნებლად უნდა წახვიდე. ეს გრძნობა იმდენად ღრმა და ძლიერი უნდა იყოს შენში, რომ ყველაფერს გადააჭარბოს.
- ამბობენ, რომ შეიძლება ადამიანი მორჩილიც იყოს, თავმდაბალიც, მაგრამ მონაზვნური სულისკვეთება არ ჰქონდეს. რას გულისხმობს ეს?
- ეს ცალკე ნიჭია, რომელიც ასე ადვილად, ორიოდე სიტყვით არ აიხსნება. ამ ნიჭს უფალი თვითონ გამოაჩენს ხოლმე. ვისაც უფალი მოუწოდებს, მას ეს ნიჭიც აღმოაჩნდება.
- ზოგჯერ სასულიერო პირები აძლევენ ბიძგს ასეთ არჩევანს, მორწმუნისთვის კი მოძღვრის რჩევას დიდი ძალა აქვს. მართებს თუ არა სიფრთხილე მოძღვარს, რათა კურთხევამ იძულების სახე არ მიიღოს?
- ადამიანი რამდენიმე გზით მიდის მონასტერში. ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ძლიერი გზაა, როცა ამაზე მოძღვარი გაკურთხებს. ის შენი სულის ექიმია - ხედავს შენს სულს, იცის, რა უჭირს მას და საჭიროების შემთხვევაში გამოუწერს წამალს, რასაც მონასტრული ცხოვრება ჰქვია - უბრალოდ, შემოგთავაზებს, ხომ არ წახვიდოდი ცოტა ხანს, ხომ არ გამოსცდიდი საკუთარ თავს მონასტერშიო.
სხვათა შორის, ერის სამღვდელოება - თეთრი სამღვდელოება - ძალიან გვიდგას გვერდით. მძიმეა მათი ტვირთი... დიდი სიყვარულით მინდა მოვიხსენიო თითოეული მათგანი. ფაქტობრივად, ერთნი ვართ, უბრალოდ, ჩვენ ოდნავ განსხვავებულად ვცხოვრობთ.
- თუ ადამიანმა მონასტერში ცხოვრება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ არ ძალუძს ამ ჯვრის ტვირთვა, შეუძლია ერში დაბრუნება?
- ბერობის უარყოფა აღარ შეიძლება - ეს ღვთისთვის მიცემული აღთქმის დარღვევა იქნება. მორჩილების კაბაც იმისთვის არის დაწესებული, რომ თუ მონასტერში სულიერად ცხოვრება გაგიჭირდა, შეგიძლია განიმოსო და ერში დაბრუნდე. ამიტომაც, ვფიქრობ, მონასტერში 3-4 წელი მაინც არის საჭირო, რათა მორჩილი გამოიცადოს, რამდენად შეძლებს მონასტერში ცხოვრებას და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი ბერად აღკვეცა.
- აუცილებელია თუ არა ბერობის მოსურნე ადამიანისთვის მშობლების კურთხევა? ზოგი მათი ნების წინააღმდეგ მიდის მონასტერში. დასაშვებია თუ არა ასეთი რამ?
- ვფიქრობ, მშობელი არ უნდა უშლიდეს ახალგაზრდას მონასტერში წასვლას. ნახოს მონასტერი; თუ ვერ შეძლო ამ ტვირთის ზიდვა, რომც ეხვეწოს წინამძღვარს, ის მაინც არ მიიღებს, ხოლო თუ მოწოდებულია ამისკენ, როგორც არ უნდა ეცადოს მშობელი, ვერ დააკავებს. ღვთის კურთხევა და ძალა ყველაფერზე დიდია.
ბევრჯერ მქონია შემთხვევა, გაღიზიანებული მშობელი მოსულა, დამიმშვიდებია, დამიწყნარებია და მითქვამს, თუ ღვთის ნებაა, თუ ღვთისაგან არის გამორჩეული, ვერც თქვენ, ვერც მე და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაწყობთ, ხოლო თუ ღვთისაგან არ არის მოწოდებული, რაც არ უნდა მოინდომოს, ვერ შეძლებს, დაბრუნდება და დაწყნარდება-მეთქი. ასეთი შემთხვევები გვქონია, ბევრი მოსულა, მაგრამ ბევრიც წასულა.
- ის უფრო დიდი მადლი ხომ არ არის, აცადოს მშობლებს, ვიდრე გადაწყვეტილებას შეიცვლიან?
- მშობლის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს, მაგრამ როცა ღვთისკენ მიდის ადამიანი, მის შეჩერებას მამისა და დედის ძალისხმევა არ ეყოფა; აქ მათ პირისპირ უფლის ძალაა.
- ჩვენს სინამდვილეში ვხვდებით შემთხვევებს, როცა ოჯახის პატრონი ადგება სამონაზვნო გზას. ზოგჯერ ეს მეუღლის სურვილის გაუთვალისწინებლად ხდება, მეუღლისა, რომელთანაც უფალმა ის ერთსულ და ერთხორცად აკურთხა.
- მეუღლის სურვილის გაუთვალისწინებლად არავის ვურჩევ ამ გზაზე შედგომას. როცა ჯვარი გაქვს დაწერილი და წმინდად და პატიოსნად ცხოვრობ, ოჯახია შენი ეკლესია. ოჯახი უნდა მარხულობდეს, აღმსარებელი, მაზიარებელი იყოს, ბავშვებს თავიდანვე უნდა შეაყვაროს ეკლესია, ღმერთი, მოძღვარი, მოყვასი, სიყვარული უნდა ასწავლოს, - ეს ნაკლები ჯვარი კი არ არის! ვფიქრობ, ის უფრო ახირებული საქციელია, ქმარ-შვილი ან ცოლ-შვილი მიატოვო და მონასტერში წახვიდე. ჯერ ჩვენ ვეცდებით, ასეთი ადამიანი მონასტერში არ მივიღოთ და მერე ვერც თვითონ გაძლებს აქ. თუ იმ ჯვრის ტვირთვა არ შეუძლია, რასაც ოჯახი ჰქვია, უფრო დიდ ჯვარს როგორ იტვირთავს?
- ძველად იყო შემთხვევები, როცა უკვე გამრავლებული და ფეხზე დაყენებული ოჯახის მშობლები ცალ-ცალკე მიდიოდნენ მამათა და დედათა მონასტერში. ალბათ, დღეს ასეთი რამ არ ხდება, რაკიღა ჩვენში სარწმუნოებრივი ცხოვრება ჯერ კიდევ ახალი გამოღვიძებულია...
- ასეთი მაგალითი ბევრი გვაქვს. უფალი ადამიანისგან ყველაფერს ერთდროულად კი არ ითხოვს... ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ტრადიციაც აღდგება.
- ძირითადად რა სირთულეებს ხვდება კაცი, როდესაც ბერობას გადაწყვეტს და შემდგომ - როდესაც უკვე შეუდგება ამ გზას?
- ეშმაკი სხვადასხვა ხრიკს აღძრავს, ყველაფერს იღონებს, რომ ადამიანი მონასტერში არ გაუშვას.
- უმთავრესად რა განსაცდელი, რა ბრძოლები ელის ადამიანს მონასტერში?
- ყველანაირი - იქ მყოფთა ხასიათები, საკუთარი ხასიათი, საკუთარი ვნებები... ყველაზე რთული და აუცილებელი საკუთარ თავთან ბრძოლაა. შეიძლება, გარედანაც ბევრი განსაცდელი მოვიდეს, მაგრამ თუ ღმერთთან ვიქნებით, მისი შემწეობით ამ ყველაფერს გადავლახავთ, თუ არადა, ვერაფერსაც ვერ გავუმკლავდებით.
- ლოცვის გარდა რას საქმიანობენ მონასტერში, რამდენად მძიმედ შრომობენ ფიზიკურად? ამას იმიტომ გეკითხებით, ზოგს ჰგონია, მონასტერში დასასვენებლად მიდიანო.
- მონასტერში ადამიანი ნამდვილად ვერ დაისვენებს. იქ ყოველ საათს რაღაც უნდა აკეთო. დილით 4 საათზე ვლოცულობთ და ნაშუაღამევის 3 საათზე რომ ადგები, მგონი, დიდი ვერაფერი დასვენებაა... ამის შემდეგ - ხელსაქმე, ფიზიკური შრომა... ერთი საქმიანობა ცვლის მეორეს. თუმცა აქ მაშინ ხარ კარგად, როცა სულიერ და ფიზიკურ ჯაფას ეწევი. ახლა მონასტერში ხატწერის სკოლის გაკეთება გვინდა. მინანქარი უკვე გვაქვს, იქსოვება სკვნილები, ცვილისაგან კელაპტრებს ვასხამთ, ფუტკრებს ვუვლით, ვკერავთ... თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა საქმე აქვს. ვუვლით ჩვენს ბაღ-ბოსტნებს, მოგვყავს საკვები, მცირედი, მაგრამ მაინც; პურს თვითონ ვაცხობთ; ჩვენზეა მთელი მონასტრის მოვლა-პატრონობა, ამდენი ადამიანის მიღება, პასუხის გაცემა, გასტუმრება... აქეთ - კანონები, დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, პარაკლისი... დღე-ღამეში კი სულ 24 საათია. თუმცა, ვფიქრობ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება შესრულდეს.
- რამდენად შეზღუდულია ბერი ერისკაცებთან ურთიერთობისას?
- ვცდილობთ, უქმადმეტყველებაში არ ჩავცვივდეთ და საკუთარ სულიერ ზრდაში ხელი არ შეგვეშალოს. ისე კი, თუ საჭიროა, 5 წუთი იქნება თუ ნახევარი საათი, ერისკაცს შეიძლება დაუთმო. თუმცა ეს იშვიათად ხდება. ძირითადად მომლოცველები ამოდიან, მოილოცავენ, დახვდება მესტუმრე, გააცნობს ჩვენი მონასტრის ისტორიას თუ სულიერ ცხოვრებას და წაბრძანდებიან ისევ. ამით ყველა ბერი არ არის დაკავებული, ეს მორჩილება ორ ან სამ ადამიანს აქვს, თუმცა ისინიც იცვლებიან ხოლმე, რომ არ გადაიღალონ. ვცდილობთ, ერთბაშად ბევრი სტუმარი არ მივიღოთ - უნდათ თუ არა, მაინც შემოაქვთ ერისკაცთათვის ჩვეული საქციელი, თუმცა ბევრი დიდი მოწიწებითა და კრძალვით მოდის მონასტერში. სტუმარი ჩვეულებრივი ტიპიკონით ცხოვრობს, ოღონდ მის შესაძლებლობებს განკარგავს წინამძღვარი. მან იცის, რომ ის იმდენს ვერ შეძლებს, რასაც კაბით შემოსილი მორჩილი ან ბერი, ამიტომ შეძლებისამებრ დაასაქმებს. თუ შეატყო, რომ ის, პირიქით, ხელს უშლის მონასტერს, ერთი-ორჯერ გააფრთხილებს, თუ არც ამან უშველა, საერთოდ გაუშვებს.
- ახლოვდება მარხვა. რა განსაკუთრებული ცვლილებები ხდება ამ დროს მონასტრის ტიპიკონში?
- ეს ყოველივე წეს-განგებაში წერია. არის სალოცავი წიგნი, ჟამნი, პარაკლიტონი, სადღესასწაულო მარხვანი, ფსალმუნთ გალობა, სახარება, სამოციქულო, საიდანაც მითითებულია საკითხავები. მარხვებში, განსაკუთრებით - დიდმარხვისას, ისინი იზრდება. მარხვამდე რამდენიმე დღით ადრე ვამზადებთ ტიპიკონს, ყოველდღე, ლოცვამდე 1 საათით ადრე, გადავხედავთ ხოლმე საკითხავებს... ვემზადებით მატერიალურადაც - ვცდილობთ, საზრდო თუ სხვა აუცილებელი რამ იმდენი მოვიმარაგოთ, რომ მარხვაში მონასტრიდან გასვლა არ დაგვჭირდეს.
- შესაძლებელია თუ არა, ადამიანი ერშიც ცხოვრობდეს მონაზვნურად?
- ერში ბერულ ცხოვრებას არ გვთხოვს უფალი, ერში ერისკაცივით უნდა იცხოვრო, მონასტერში - მონაზვნურად. ერთ ადამიანზე მითხრეს - მართალია, მონასტერში არ იმყოფება, მაგრამ ბერულად ცხოვრობსო. არ არის ეს სწორი გამონათქვამი; შესაძლოა, ერში თავშეკავებულად, შედარებით წმინდად ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ ბერობის მადლი მასზე არ არის გადასული.
- რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს და მათ, ვინც გულში ფარულად ატარებს ბერმონაზვნური ცხოვრების სურვილს?
- ასეთ ადამიანს, თუ იგი ღვთისაგან არის მოწოდებული, აუცილებლად დაუდგება ჟამი. რასაკვირველია, ბერობის ან მონაზვნობის ღირსი რომ გახდეს, ღვთის ნება და კაცის ნება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
ყველა მკითხველს და მთელ ქართველ ერს ვუსურვებ ეკლესიურ ცხოვრებას. მარტო სანთლის ანთება არ არის ეკლესიურობა, ეკლესიურობა ეკლესიის მოთხოვნათა შესრულებაა. ზოგს ეშინია - მოძღვრები მკაცრები არიანო... წესითა და კანონით, საკუთარი თავის მიმართ უფრო მკაცრნი უნდა ვიყოთ, თქვენს მიმართ კი ლმობიერები, უნდა შეგაყვაროთ ეკლესია, ღმერთი, ქრისტიანული ცხოვრება. თუ ამას ვერ ვახერხებთ, შენდობას ვითხოვთ.
მართლმადიდებლობა სიყვარულის, ქრისტეს სარწმუნოებაა. კაცმაც რაღაც უნდა გააკეთოს ღვთის სიყვარულის გამო, პირველ რიგში - საკუთარი თავისთვის. ვაჟკაცობა ხომ რაღაცის დათმენაა. რატომ გვიყვარს წმინდა გიორგი? ის ხომ არ შებრძოლებია დიოკლეტიანეს პირდაპირი გაგებით; მან ქრისტეს სიყვარულისთვის დაითმინა წამება, დაუმტკიცა ბოროტ ძალებს, რომ ღმერთი უძლეველია და ადამიანიც უძლეველია, თუ მასთან იქნება.
არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის დიდი ბერობა. ჩვენმა პატრიარქმა დამანახა და შემაყვარა ბერული ცხოვრება და ალბათ არამარტო მე.
დიდი სიყვარულით გლოცავთ, მრავალ ქრისტიანულ დღესასწაულს დაესწარით. ყველას გისურვებთ ეკლესიურ ცხოვრებას, იხარეთ, მოშენდით, მომრავლდით და გაძლიერდით, ამინ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი