მამა ანდრიამ თავისი ჩანაწერებიდან თითქოს საკუთარი სულის ამოძახილი დაგვიტოვა. ოჯახის წევრებმა მისი ნაფიქრალი სიცოცხლეშივე წიგნად აკინძეს და "სიკეთის საგალობელი" უწოდეს. რამდენიმე მათგანს თქვენც გაგაცნობთ.
დავბადებულვარ სვანეთში 1994 წლის 23 თებერვალს. იმ დროს ომი ახალი დამთავრებული იყო. ეს იყო ომი ერის ერთმანეთისგან დაშორების, გაცალკევებისა და საქართველოს ერთიანობის განადგურების ომი.
ამ ომში იბრძოდა ჩემი ბიძა - პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა. ახოვანი იყო, ამაყი, თავდაჯერებული, ებრძოდა უსამართლობას. სწორედ მასზე ითქმოდა: "სული მისი ღმერთს ემსახურება, სხეული კი მამულს იაცავსო".
1993 წლის 23 სექტემბერს, ბოლო შემოტევის დროს, სოხუმი უკვე აფხაზებს ეჭირათ. ნუგზარმა გასცა ბრძანება, რომ მისი მებრძოლები გამოსულიყვნენ წინა ხაზიდან, რადგან ხედავდა, რომ სასტიკსა და უთანასწორო ბრძოლაში ამაოდ იღვრებოდა მათი სისხლი. საქმეს გულით ვეღარ შველოდა ბიძაჩემი. თვითონ ჩამჯდარა ტანკში, გაურღვევია მტრის ხაზი, შევარდნილა მოწინააღმდეგეთა ბანაკში...
23 სექტემბრის შემდეგ გაქრა მისი კვალი, გაქრა, როგორც კაშკაშა მზის ბუდრუგუნა სხივების მიერ აწურული ჯანღი ქრება ხოლმე ცის წიაღში, დაიკარგა ბიძაჩემი, დაიკარგა ისე, როგორც შემოდგომის სურნელისაგან დამთვრალი ქარი. დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
მე კი ბიძის სახელი დამარქვეს მის პატივსაცემად. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, ღირსეული ადამიანის სახელი ღირსეულად ვატარო.
12 წელი გავიდა მას შემდეგ, ჩემი დაბადების დღე კი, სევდის მიუხედავად, მხიარულებით გამოირჩევა.
როცა მზე შეუმჩნევლად ამოვა და დნობას დაუწყებს თოვლს, შორეული ღიმილით მილოცავს დაბადების დღეს ორთქლით დამთვრალი ნაძვი, თბილად მელამუნება და მილოცავს სუსხიანი ზამთარი. ქარიც დაკოჟრილი ხელებით მესათუთება და ღიმილით გაჟღენთილი მზერით თვალს არ მაშორებს.
მუდამ მხიარულებაა ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი ოჯახი ბედნიერია, უდიდესი სევდის მიუხედავად. ისინი ჩემში ალბათ ბიძის სიცოცხლის გაგრძელებას ხედავენ.
მე-6 კლასი
ვინც მშობლიურ ენას ივიწყებს
ჩემთვის ქართული ენა არის უფალთან სასაუბრო, ღვთის საჩუქარი. იგი უკვდავებაა, სიცოცხლეა. მშობლიური ენა არის ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერის, სიმტკიცის საფუძველიც.ენას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ქართველი ვაზს, მიწას, მამულს და სარწმუნოებას უფრთხილდება.
ღვთივკურთხეულ ქართულ ენას ლაზარეს ეძახიან. იოანე-ზოსიმეს გაგებით: ქართული ენა ლაზარეა, ყველა ენათა შორის პირველია, მთავარი ენაა...
ვინც მშობლიურ ენას ივიწყებს, ძალიან საცოდავია, რადგანაც ის, ვინც დაივიწყებს ენას, დაივიწყებს ყველაზე ძვირფასს: მამულსა და სარწმუნოებას.
ყველას მოვალეობა არის, რომ გაუფრთხილდეს, არ დაივიწყოს თავისი მშობლიური ენა.
"საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!"
2005 წ.
ამპარტავანი ფიჭვის ხე
მოვიდა სუსხიანი ზამთარი და მოიტანა ქათქათა თოვლი. ფიფქებმა არემარე თეთრად გადაპენტა. ბურუსიანი ტყის ერთ-ერთი შვილი, ფიჭვი დგას და იკვეხნის:- მე ყველაზე ლამაზი ვარ, ზამთარ-ზაფხულ მწვანე წიწვები მამშვენებს, თქვენ კი შემოდგომა ფოთლებს გართმევთ, ხოლო ზამთარი ყინულის ლოლოებში გახვევთ, - დაცინვით ეუბნებოდა ამპარტავანი ფიჭვი ხეებს.
აი, მწუხრი დადგა. ნამგალა მთვარე ამოციაგდა და მინდორ-ველი თითბრისფრად შემოსა. შემდეგ ცისკრის ვარსკვლავი, მთიები, ამოკაშკაშდა თავის ძმობილ ვარსკვლავებთან ერთად და მათ ციმციმი დაიწყეს.
თავმომწონე ფიჭვი თვლემს და საშინელ სიზმარს ხედავს, თითქოს მას ძირში ჭრიან. ფიჭვმა თავის მეგობრებს მუდარა დაუწყო, - მიშველეთო. ხეები საშინელ საფიქრალში ჩაცვივდნენ და ჩურჩული დაიწყეს. იქვე წყარო ტაატით მინარნარებდა და სევდიან მელოდიას უკრავდა.
ამ დროს მზე ამობრწყინდა, მან თავისი სხივებით ღრუბელს ფთილა მოსწყვიტა და ფიჭვმა მოინანია, ამპარტავნება მიატოვა და თავის მეგობრებს შეურიგდა.
2004 წელი
დედა
"დედა!" - ამ სიტყვაში უდიდესი ღვთიური მადლი და საიდუმლოა ჩადებული. ქართველებისთვის დედა მხოლოდ მშობელი როდია. ქართველი მშობლიურ ენასაც დედაენას ეძახის, მთელ ქვეყანას - დედამიწას, მთავარ ქალაქს - დედაქალაქს, სახლის დიდ ბოძს - დედაბოძს, უმაგრეს ბურჯს - დედაბურჯს, მთავარ აზრს კი - დედააზრს. აი, რამდენად გამდიდრებულია მნიშვნელობა "დედისა".დედა ისეთი წმინდა არსებაა, როგორიც სათუთი ია. ის, რაც არ უნდა მრისხანე იყოს, შინაგანად კეთილი, ფაქიზი ადამიანი იქნება. ქართველი დედა სულგამზიანებული, კდემამოსილი და კეთილია. მისი სიფაქიზის მიუხედავად, იგი მამაცი გახლავთ. ჩემი აზრით, ქართველმა დედებმაც შეიტანეს უდიდესი წვლილი იმაში, რომ საქართველომ აქამდე მოაღწია. ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ესეოდა მტარვალი მტერი. ისინი მანდილოსნებსაც არ ინდობდნენ, რადგანაც ვერაგმა მოწინააღმდეგემ იცოდა, თუ ქართველ მანდილოსანს არ მოკლავდა, მაშინ ქართველი დედა გასაოცრად გმირ ჭაბუკს აღზრდიდა, რომელსაც შთააგონებდა სამშობლოს სიყვარულს, მის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლით დაცვას. ქართველი გმირი დედები წარბშეუხრელად სწირავდნენ თავიანთ შვილებს სამშობლოს.
დედის ხელები ხომ ხორცშესხმული სინაზეა. ჩვენ, ბავშვებს, უდარდელად გვძინავს ამ ხელებში. არაფერია დედის სიყვარულზე წმინდა და უანგრო!
ჩემი დედის გული მოკამკამე, მოლიცლიცე ზღვა არის სიყვარულისა და სიკეთისა.
2005 წელი
დედის ჩანაწერები
ეს იმ დროს არის დაწერილი, როცა მამა ანდრია ლოგინს იყო მიჯაჭვული და დედა ყოველდღიურად ჩანაწერებს აკეთებდა. "ძალიან ხშირად ხდებოდა ცუდად. კიდევ რით უძლებდა, არ ვიცი. ნამდვილადFღვთის წყალობით. არ ვიცი, რას ელოდება უფალი და როდის გაიყვანს. რაღაც ხდება, მაგრამ, აბა, ჩვენ, ცოდვილმა მოკვდავებმა, რა ვიცით. ეს მხოლოდ უფალმა იცის. რა დამრჩენია, ველოდები, როდის რა მოხდება. ზოგჯერ ძალიან ძლიერად ვარ, ღვთის წყალობით. მახსენდება, ბერის დედა რომ ვარ და არ მეკადრება, ასე იოლად დავნებდე, ჩემი დატანჯული შვილი მაძლიერებს კიდევ. დღეს ფეხები უფრო შეშუპებული აქვს, ვიდრე გუშინ. ლაპარაკიც უფრო უჭირს. მამა შალვას (შენგელია) მივწერე, - ცუდად არის-მეთქი. მოვიდა. მადლობა უფალს! ძალიან უჭირს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ღვთის წყალობით ეზიარა. მამა შალვა შეწუხებული უყურებდა, თამარი ტიროდა. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ჯვარს აკოცა, ხელში რომ აქვს ჩაბღაუჭებული ბოლო იმედად, თავის დასაღწევად და მერე ხელზეც აკოცა. აბა, შენ იცი, გაძლიერდი, უფალს ნუ სთხოვ მალე გაყვანას. მან უკეთ იცის, როდის... შენ უბრალოდ იფიქრე მასზეო. უგალობეს საგალობლები და წავიდნენ. ჩაწყნარდა და ჩაეძინა...
***
ეჰ, დედა, რა ძნელი ყოფილა ცხონება, რა ძნელი. როგორი იოლიც არის ცოდვაში ჩავარდნა, ისე ძნელია ცხონება. შეიძლება ერთმა ნაბიჯმა დაგღუპოს, ან პირიქით, გაცხონოს. ძალიან, ძალიან ძნელია ცხონება. აუცილებლად უნდა გქონდეს სინანული. უსინანულოდ ვერავინ ცხონდება. მადლობა, ღმერთო, ასეთ დღეში რომ ჩავვარდი და მოვინანიე ყველაფერი. გთხოვ, უფალო, გემუდარები, მაცხოვნე ცოდვილი ბერი ანდრია, გემუდარები, მაცხოვნე, - ლოცვებს ბუტბუტებს ჩუმად, დაუღალავად. მთხოვს, - დედა, გეხვეწები, - შესთხოვე უფალს, მშვიდად გამიყვანოს, ძალიან ნუ მეტკინება და ნუ შემეშინდება. დედა, ილოცე ამაზე, გეხვეწები! თვითონ სთხოვს უფალს, ან აღმადგინე, როგორც ლაზარე, ან წამიყვანე შენთან, გემუდარები, მეტი არ შემიძლია, ჩემი სული ძალიან დაიღალა, უკვე სულსაც სტკივა, უფალო. ხომ ვინანიებ გულწრფელად და მადლობა, რომ შევძელი ბერობა. მე ხომ ყველაფერზე უარი ვთქვი, უფალო, მთელი ჩემი სიცოცხლე შენ მოგიძღვენი, უფალო. თუმცა, მე რა ვქენი... ეს შენი წყალობით და შეწევნითაა, აბა, მე მარტო რას შევძლებდი. ახლა შემეწიე, გემუდარები, მშვიდად გამიყვანე შენთან, მაცხოვნე, გეხვეწებიო. მე ცრემლები წამომივიდა. მითხრა, ნუ ტირიო. თვითონაც წამოუვიდა ცრემლები და ისევ ცუდად გახდა. უცებ დავწყნარდი, მივატოვე ტირილი. ახლა სძინავს. ლოცვები წავიკითხოთ, სულ მწყურია, დედა, ლოცვებიო.***
დღეს მამა შალვას ანგელოზის დღეა. დავურეკოთ და მივულოცოთ, გაუხარდება. ვკითხე, პატრიარქი თუ ნახეთ-მეთქი. კიო. გადავეცი წიგნი, სკვნილი და სურათიო. ძალიან მოეწონდა და გაუხარდაო. ასე მითხრა, წაიყვანეთ მონასტერშიო. გადასხმებს ვუკეთებთ და ვერ წავიყვანთ-მეთქი. მაშინ მონასტერში გაუკეთეთ ყველაფერიო. უწმინდესს ვუთხარი, ვერ ვეკარებით, ყველაფერი სტკივა-მეთქი. ძალიან შეწუხდა და მითხრა, - არავინ იცის, ვინ როდის გარდაიცვლება, ეს მხოლოდ უფალმა იცისო, შეიძლება მამა ანდრიაზე ადრე ჩვენ გარდავიცვალოთო. ღმერთმა დაგვიფაროს და ყველა მშვიდობით იყოს, პატრიარქი ჯერ და მერე ყველა, რა თქმა უნდა, ჩემს შვილთან ერთად. ტელეფონზე ბევრი ვერ ველაპარაკე, როცა ჩამოვალ, მერე მეტს მოგიყვებითო. მამა ანდრიას ძალიან გაუხარდა, თვალები გაუბრწყინდა. მამა შალვამ მითხრა, უწმინდესს ვთხოვე მამა ანდრიას მოხსენიება, თავად მამა ანდრიამ მთხოვაო. პატრიარქმა - აუცილებლად მოვიხსენიებო. თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა სიხარულით და ჩაიბუტბუტა. უფალს მადლობდა ყველაფრისთვის. მერე მითხრა, - ხომ ხედავ, დე, ერთხელ მომიხსენია პატრიარქმა და როგორ შემეწია. დე, რა ბედნიერებააო. ვუთხარი, აწი სულ მოგიხსენიებს. შენი წიგნი, სურათი და სკვნილი გადასცა მამა შალვამ-მეთქი. ხო, დე, რამდენჯერაც ნახავს, მაშინვე გავახსენდებიო. ძალიან უხარია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! ***
როგორც კი ტკივილი უნელდებოდა, სიმღერას იწყებდა - "ჰერი, ჰერი, ჰერი, ჰერი, სიმსივნეა ჩემი მტერიო" და ჩვენს გამხნევებას ცდილობდა. ძლიერი ტკივილებისას მადლობდა უფალს: "ბედნიერი ვარ, სიმსივნე რომ მაქვს, უფალს ვახსოვარ, თანაც კარგ დროს, ღამის 2 საათზე მეღვიძება ტკივილებით, უფალს და ღვთისმშობელს მადლობა გულიანად რომ შევწიროო". Lლოცულობს, უხმობს მამა ექვთიმეს (მაჩაბელი-ხუციშვილი), - მოდი, მიშველე, მოსპოს შენმა ლახვარმა წარმონაქმნებიო, გამინელოს ხორციელი ტკივილებიო. ცრემლებით ლოცულობდა: "უფალო, შეწევნას შენ გთხოვ და ბოროტი უფრო ძლიერად მიტევს და უფრო მეტად მტკენს. მე შეწევნას მხოლოდ შენ და დედა ღვთისმშობელს გთხოვთ, უფალო, შემიწყალე". მამა ანდრიას დედამ, ქალბატონმა მილედი (თინათინ) ჩხვიმიანმა ბევრი რამ გაიხსენა. ბევრი კიდევ გასახსენებელი აქვს.
- ტაძარში ერთად მივედით, ერთად ჩავაბარეთ აღსარება, ერთად ვეზიარეთ, ერთი მოძღვარი გვყავდა, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ნიკოლოზი. მამა ანდრიას ქართულის მასწავლებლის მოძღვარი იყო მამა ნიკოლოზი და მან გვირჩია მივსულიყავით მის მოძღვართან. მაიკომ მიგვიყვანა ასევე ინგილსურის მასწავლებელთან - მარინა გიორგობიანთან.
ძალიან ფრთხილი და ფხიზელი დედა ვიყავი, წელიწადში ორჯერ ვუტარებდი გამოკვლევებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამეგო.
ნუგზარ მილორავა მშობლებთან ერთად
სკვნილებს ქსოვდა, ონკოლოგიურ საავადმყოფოში დღესაც წევს პატარა პაატა და იმან ასწავლა. ყოველ დილას, სკვნილი რომ უნდა მოექსოვა, სიხარულით ახელთა თვალს. მეც მასწავლა ქსოვა, თან ლოცვას მაკითხებდა, მერე სკვნილებს ვქსოვდით. ვინც მის სანახავად მოდიოდა, სკვნილებს ჩუქნიდა და ყველას დიდი მორიდებით სთხოვდა, ერთ ბურთულაზე მომიხსენიეთო.
ლოცულობდა ხმამაღლა. ერთ დღეს ძალიან გულით სთხოვა უფალს შენდობა, რომ მისგან ბოძებული ტალანტი მეტად არ გაამრავლა. ძალიან აწუხებდა განკითხვის ცოდვა და მეც მიშლიდა სხვების განკითხვას. მეუბნებოდა, - დე, ნურავის განიკითხავო. ძალიან ეცოდებოდა ადამიანები, - არ იციან, რა არის ცოდვაო. ყველასთვის ლოცულობდა, ძალიან პატარა ლოცულობდა მსოფლიოსთვის.
***
ბერობის სურვილი მარინა მასწავლებელმა აღმოუჩინა. ერთ დღესაც მარინა მასწავლებელმა დამიბარა და მითხრა, - ქალბატონო მილედი, თქვენს შვილს ბერობა სურსო. ღვთისმსახური რომ გახდებოდა, ეს ნამდვილად იცოდა. სულ ძიებაში იყო. საკუთარი ცოდვების განცდა ჰქონდა. ბერობის სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ მამისგან არ ჰქონდა კურთხევა. როდესაც მამა თეოდორე გიგნაძე მოვიდა მამა ანდრიას სანახავად, შეეკითხა,- როგორ აღიკვეცეო. უპასუხა, - მამაო, სასწაულებრივად აღვიკვეცეო. როგორ, ამიხსენიო? სულ ვლოცულობდი და უფალს ვთხოვდი, - მინდა ბერობა და თუ შენთვის სათნოა, ბერობის ღირსი გამხადე-მეთქი. ნიშანი როგორი იყოო, - ჰკითხა მამა თეოდორემ. მამაჩემმა მომცა კურთხევაო.როცა მამამისმა კურთხევა მისცა, იმ დღესვე მოვიდა მამა შალვა საზიარებლად. მამა ანდრიამ მამა შალვას უთხრა, მე ვარ მზად, მე მინდა ბერად აღკვეცა. მადლობა ღმერთს, მაქვს ორივე მშობლის კურთხევა, მოძღვრის კურთხევა და ნათლიის კურთხევაო. მამა შალვას ჰქონდა მეუფე იაკობის, მეუფე შიოს კურთხევა. მეუფე იაკობი შევიდა უწმინდესთან და ორივე მეუფემ და უწმინდესმა მისცეს კურთხევა ბერად აღკვეცაზე. უწმინდესისთვის უთქვამთ, მორჩილება არ გაუვლიაო. ამაზე მეტი მორჩილება რა გინდათ, ლოგინში წევსო. მორჩილად კურთხევის შემდეგ ოთახიდან აღარ გამოსულა. ბერად აღკვეცა მამა შალვამ შეასრულა. აღკვეცას ჩემთან ერთად ესწრებოდა მამამისი, მარინა მასწავლებელი და ხატმწერი ვლადიმერი, მისი სულიერი ძმა. ძალიან უყვარდა ვლადიმერი.
***
მამა ანდრიას სულთან ძალიან ახლოს იყო მამა ანდრია (ყურაშვილი) და მასაც მამა ანდრია დაარქვეს. როცა აღიკვეცა ბერად, ვკითხეთ, - რაი არს სახელი შენი? გვიპასუხა, - ცოდვილი ბერი ანდრია. მე და ჩემს მეუღლეს გვითხრა, - თქვენთვის მოვკვდი და დღეიდან ღვთისმსახური ვარო. ბევრი მამა მოდიოდა და აზიარებდა მამა ანდრიას. ხშირად მოდიოდნენ მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბენიამინი, არქიმანდრიტი ისააკი, მამა საბა ქუთაისიდან.მე ის მაწუხებს, რომ მამა ანდრია ხორციელად არ არის ჩემს გვერდით, თორემ სულიერად სულ ჩემთანაა. მარტყოფის მონასტერში რომ დაასაფლავებდნენ, ეს წინასწარ იცოდა. ჩემი სული უფალს ეკუთვნის, სხეული კი მარტყოფის მონასტერსო, - მეუბნებოდა. როგორც კი გარდავიცვლები, მაშინვე დაიწყე ფსალმუნების კითხვა, შექმენი ჯგუფები, რათა ბევრმა მომიხსენიოს და თქვენი ლოცვებით შემეწიოთო. მადლობა ღმერთს, ორმოცი დღის შემდეგ თუ დავიმკვიდრე ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ, მერე რამდენს ვილოცებ, იციო? ანდრია პირველწოდებულის ხატი მისმა სულიერმა ძმამ, ვლადიმერმა დაწერა და მოუბრძანა. მეორე ხატიც დავაწერინეთ სხვა ხატმწერს. მერე ეს ხატები გავამრავლეთ, მის სურათებსაც ვჩუქნიდი მნახველებს. თვითონ მთხოვა, - დედა სურათებს და ხატებს უკან დავაწეროთ, უფალმა შეგვიწყალოს და დაგვიფაროს, მომიხსენიეთ ცოდვილი ბერი ანდრია.
მამა შალვამ მოგვცა კურთხევა, რომ მამა ანდრიას ოთახის კარზე გაგვეკეთებინა წარწერა - "უფალო, შეგვიწყალენ" სამჯერ თქვით და ისე შემოდითო.
***
მამა ანდრია 28 ივლისს გარდაიცვალა. 25 ივლისს არქიმადრიტ ისააკს აღსარება ჩააბარა და ეზიარა. უკვე ძალიან მძიმედ იყო და ამას თავადაც გრძნობდა. მამა შალვამ და მამა ვარახიელმა გასვლის ლოცვები წაუკითხეს. მამა შალვას უმძიმდა და ბოლომდე ვერ წაუკითხა გასვლის ლოცვები. მერე მამა ვარახიელმა გააგრძელა. მამა ანდრიაც მშვიდად ისმენდა ამ ლოცვებს. ძალიან უყვარდა მამუკა ექიმი (ჩუთლაშვილი). როცა ცუდად ხდებოდა, მისი იმედი ჰქონდა. ძალიან მძიმედ რომ გახდა, შემოვიდა მამუკა ექიმი, უთხრა, - აქ დადექი და არაფერი გამიკეთოო. მამა ანდრიამ იცოდა, იმ დღეს რომ გავიდოდა წუთისოფლიდან. ბოლოს მითხრა, - დედა აღსარება უნდა ჩაგაბაროო. აღსარების შემდეგ მთხოვა ტელეფონით დავკავშირებოდი მის პირველ მოძღვარს, მამა ნიკოლოზს. მამა ნიკოლოზმა უპასუხა, - მე შეგინდე, შვილო, ყველა ცოდვა, უფალმა შეგინდოს. ახლავე წაგიკითხავ შენდობის ლოცვას და კიდევ სხვა ლოცვებსო. სხვა ლოცვებში გასვლის ლოცვას გულისხმობდა. მამა ანდრია აქნევდა თავს და ეუბნებოდა, მადლობა, მამა ნიკოლოზო. მამა შალვასთან დაკავშირებაც მთხოვა. მამა შალვამ გაამხნევა, - მამა ანდრია, ხომ მომიხსენიებ, უფლის წინაშე რომ წარდგებიო. გახარებულმა უპასუხა, - აბა, რას ვიზამ, მამა შალვაო. ძალიან წვალობდა მამა ანდრია, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა. მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში მამა შალვა შემოვიდა შვიდ ბერთან ერთად. შემოადგნენ ირგვლივ. შვიდივე ლომისის წმინდა გიორგის მამები იყო. მამა ანდრია, უფლის წინაშე რომ წარდგები, ხომ მოგვიხსენიებო, - უთხრეს მამებმა. მე მთხოვა, - როგორც კი გარდავიცვლები, დაიჩოქე, ღვთისმშობელს ხელებაწეულმა მადლობა გადაუხადე, წუთისოფლიდან რომ გამიყვანაო. გარდაცვალებამდე მთხოვა, ბერად აღკვეცის ჯვარი მომეციო. გარდაცვალების შემდეგაც ჯვარი ხელიდან არ გაუშვია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მამა ანდრიას სურდა...
ძალიან დიდი მადლობა უფალს, რომ ასეთი შვილი მაჩუქა. ის ხომ უფლის შექმნილი იყო. მეუბნებოდა ხოლმე, - დედა, ბერი შვიდ თაობას აცხოვნებსო. 17 წელიწადში ძალიან ბევრი სიყვარული დაგვანახა. ამბობდა ხოლმე, თუ ერთი ადამიანი მაინც ღვთის გზისკენ შემოვაბრუნე და დავაყენე, მადლობა ღმერთსო.
ბერი ანდრიას ხსოვნას
- მთელ ჩემს სულიერ სამყაროს ხედავდა და მეუბნებოდა: "მე შენ გიცნობ". წამში დავინახე ჩემი შინაგანი სამყარო და შიშის, სირცხვილის, სიყვარულის, იმედის, თანაგრძნობის ერთად აფორიაქებულმა გრძნობებმა უფრო დამაახლოვა მამა ანდრიასთან და ცოტა არ იყოს, ცრემლიც მომერია, რომელიც არც მამა ანდრიას მზერას გამოჰპარვია, - იხსენებს მამა ანდრიას მისი ახლობელი დავით (ვაჟა) ძოწენიძე, - მან სინათლე შემოიტანა ჩემში და დარწმუნებული ვარ, მრავალი ადამიანის გულებში. მან ჩემი გულის სასანთლეზე ღვთისადმი შეწირული სიყვარულის სანთელი დაანთო. მას არ დანანებია არაფერი მიწიერი, არც სილამაზე, არც სიყმაწვილე. მისი უმთავრესი მიზანი იყო ღმერთთან ყოფნა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს მიწიერ ტანჯვაში გამოწრთობილი, ჩვენი სიყვარულით დამაშვრალი, წმინდა სამების მადიდებელი, დედა ღვთისმშობლის მფარველობის იმედით აღვსილი ბერი ანდრიას სული.
მამა ანდრია - მარადიული გაზაფხული
- საოცარი ბიჭი იყო, ყველაზე მეტად სამყარო იზიდავდა თავისი დიდებულებით, - იხსენებს მამა ანდრიას პედაგოგი მაია ციხისელი, - ღვთის შემოქმედების წვდომას ცდილობდა. გაკვირვება და გაოცება რომ ცოდნად გადაექცეოდა, თვალები სიხარულით აენთებოდა (ოჰ, როგორ მენატრება ახლა ის შუქი!). ჩვენი გაკვეთილები უსასრულობამდე გრძელდებოდა, ერთმანეთთან განშორება არ გვინდოდა, ვყვებოდით, ვკითხულობდით, ვწერდით და ასე დაიბადა ჯერ "დილა", "გარიჟრაჟი", "მზე და ცისარტყელა", "ამპარტავანი ფიჭვის ხე", "მე და მონატრება", "სული ნამგალსა ჰგავს"... მაშინ ყველას უკვირდა პატარა ბავშვის ასეთი სიღრმისეული წვდომა, რაც გულწრფელობით იყო ნაკარნახევი. საოცარი იყო კვირა დღე ტაძარში. ჩუმად იდგა ღვთისმშობლის ხატის წინ, კუთხეში. მახსოვს, სულ ვეძებდი დედამისთან ერთად, ვერც კი შეამჩნევდით, რომ იდგა.
წმინდანთა ცხოვრება ისე იზიდავდა, თანაუგრძნობდა, ესმოდა მათი, უხაროდა, თან სტკიოდა მათი წამება, მათი ღვაწლი. ბედნიერი იყო, რომ მათ შეძლეს უფალთან მიახლოება.
ვიდრე ავადმყოფობის ამბავს გავიგებდი, საოცარი მქადაგებელი გახდა. დაუჯერებელია. თითქოს ეჩქარებოდა უფალთან შეხვედრა. რა არის იმაზე მეტი ბედნიერება, უფალი შენს გვერდით რომ გაივლისო, - ამბობდა ხოლმე. ახლა იქ, უფლის სავანეში განისვენებს მისი ლამაზი სული. მახარებს, რომ ის ბედნიერია, იმ წმინდანთა გვერდითაა, რომელთა შეხვედრასაც ნატრობდა.
იმ ქვეყნად შეხვედრის იმედით ვცხოვრობ, არა მარტო მე, არამედ ყველა მისი მეგობარი.
ნოემბრის იმ სუსხიან დღეს, როცა პირველად მოვიდა ჩემთან, ჩემს სახლში მარადიული გაზაფხული მობრძანდა.
ნათლია - ქეთევან ბურჯალიანი:
- ჩვენი ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივი. ის იყო განსაკუთრებული, ამაღლებული და დიდი სიყვარულით სავსე. მამა ანდრია ძალიან თავმდაბალი იყო. ჩემზე ბევრად, ბევრად მეტი იცოდა უფალზე და ყველაზე დიდი მორწმუნე გახლდათ.
მამა ანდრიას სევდიან და ანთებულ თვალებში ვხედავდი უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ადამიანების მიმართ. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ბერად აღიკვეცებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ის იყო სასწაული და განსხვავებული თავისი კაცთმოყვარეობით და სიყვარულით. მას, როგორც უდიდეს ადამიანს, აღვიქვამდი და პატივს მივაგებდი. მადლობელი ვარ უფლისა, რომ მერგო წყალობა, მისი ნათლია ვყოფილიყავი.
მარტყოფის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა შალვა (შენგელია):
- მამა ანდრიასთან ერთი წლის ურთიერთობა მაკავშირებდა. მივდიოდი მასთან, აღსარებას მაბარებდა, ეზიარებოდა. უკვე მძიმედ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მომწონდა მისი სიმამაცე. ტკივილებს გაბედულად, ვაჟკაცურად იტანდა. ვეუბნებოდი, - ბერად აღკვეცის შემდეგ მოგემატება სულიერი ძალები, უფრო გაძლიერდები-მეთქი, ბერი მოწამეა და მისი ეს მდგომარეობაა მოწამეობა, ბერობის საფეხურებს გადიხარ-მეთქი. უხაროდა, ამას რომ ვეუბნებოდი. ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება არ სურდა - ცოდვა არისო. ძალიან მოწიწებით იყო ყველაფრის მიმართ. ღვთის მოშიშიც იყო. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ შემეწია და ჩემი ხელით აღიკვეცა მამა ანდრია. დღემდე მიხარია, ბერად რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. მადლობელი ვარ ღვთის და მამა ანდრიასი. მამა ანდრიამ იცოდა, რომ ღმერთთან მიდიოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, ელოცა და მხნედ ყოფილიყო, ასეთი ტანჯვით და წამებით ღმერთთან მივიდოდა. თითქოს სიკვდილის არ ეშინოდა, სიხარულით ისიც მითხრა, წმინდა ანტონ მარტომყოფელის საფლავის გვერდით დავიკრძალებიო. მჯერა, მამა ანდრიას სული ნათელში განისვენებს.